суббота, 17 августа 2013 г.

რელატივიზმი?




                                                                                     

  უმბერტო ეკო


იმდენად მედიის გაუთლელობის ბრალი არ უნდა იყოს, რამდენადაც იმისა, რომ ადამიანები ლაპარაკისას მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გააშუქებს ამას მედია, მაგრამ ნამდვილად იქმნება შტაბეჭდილება, რომ დღეს გარკვეული დებატები (იმ ადამიანებს შორისაც, რომელთათვისაც ფილოსოფია უცხო ხილი არაა) …ლამის კომბლის ცემით მიმდინარეობს, იმდენადაა მოკლებული ყოველგვარ დახვეწილობას და დელიკატურ ტერმინებსაც სასროლ ქვებად იყენებს. ნიშანდობლივი მაგალითია დებატები, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთი მხრივ, ე. წ. ეკლესიურები, რომლებიც საერო აზროვნებას ,,რელატივიზმში” ადანაშაულებენ, მეორე მხრივ კი, საერო აზროვნების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც თავის მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით "ფუნდამენტალიზმზე” ლაპარაკობს.

რას ნიშნავს ,,რელატივიზმი” ფილოსოფიაში? იმას, რომ სამყაროს ჩვენეული წარმოდგენები ვერ ამოწურავს მის მრავალფეროვნებას, არამედ ყოველთვის რჩება მის პერსპექტიულ ხედვებად, რომელთაგან თითოეული შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს? - ადრეც იყვნენ და ახლაც არიან ამ თეზისის გამზიარებელი ქრისტიანი ფილოსოფოსები.
იმას, რომ ეს წარმოდგენები ფასდება არა ჭეშმარიტების, არამედ ისტორიულ-კულტურული მოთხოვნილებების თვალსაზრისიდან? - ამას ,,პრაგმატიზმის” საკუთარ ვერსიაში ამტკიცებს ისეთი ფილოსოფოსი, როგორიცაა რორტი.
იმას, რომ რასაც კი შევიმეცნებთ რელატიურია იმდენად, რამდენადაც მას სუბიექტი შეიმეცნებს? - ესეც თქვენ ბებერი და კეთილი კანტი.
იმას, რომ ყოველი მტკიცება ჭეშმარიტია მხოლოდ მოცემული პარადიგმის ფარგლებში? - ამას უკვე "ჰოლიზმი”  ქვია.
იმას, რომ ეთიკური ღირებულებები განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში? - ამის აღმოჩენა XVII საუკუნეში დაიწყეს.
იმას, რომ არ არსებობს ფაქტები, არამედ მხოლოდ ინტერპრეტაციები? - ამას ნიცშე ამბობდა.
იქნებ გულისხმობენ იმ იდეას, რომ თუ არ არის ღმერთი, მაშინ ყველაფერი დაშვებულია? - ეს კი დოსტოევსკის  ნიჰილიზმია.
იქნებ გულისხმობენ ფარდობითობის თეორიას? - თუ ღმერთი გწამთ, ხუმრობას მოვეშვათ.
მაგრამ ცხადია, რომ თუ ვინმე კანტიანური აზრით რელატივისტია, მაშინ არაა დოსტოევსკის მსგავსად (ღმერთისა და მოვალეობისა კეთილ კანტს სჯეროდა). ნიცშეანურ რელატივიზმს არაფერი ესაქმება კულტურული ანთროპოლოგიის რელატივიზმთან, რადგან პირველს ფაქტებისა არ სჯერა, მეორე კი მათ ეჭვქვეშ არ აყენებს. ქუაინის ყაიდაზე აწყობილი ჰოლიზმი მტკიცედ ემყარება ჯანსაღ ემპირიზმს, რომელიც ენდობა გარემოდან მიღებულ სტიმულებს. და ა. შ.
ერთი სიტყვით, როგორც ეტყობა, ტერმინი ,,რელატივიზმი” ხშირად მიუთითებს თანამედროვე აზროვნების ერთმანეთის საწინააღმდეგო ფორმებზე. ხანდახან ის მოაზროვნეები მიიჩნევიან რელატივისტებად, რომლებიც ღრმა რეალიზმს ემყარებიან, ხოლო სიტყვა ,,რელატივიზმი” ისეთი სიფიცხით წარმოითქმება, როგორც XIX საუკუნის იეზუიტები ლაპარაკობდნენ ,,კანტიანური საწამლავის” შესახებ.
მაგრამ თუ ეს ყველაფერი რელატივიზმია, მაშინ მხოლოდ ორი ფილოსოფია ახერხებს ამ ბრალდებისგან თავის სრულად არიდებას და ეს არის რადიკალური ნეოთომიზმი და შემეცნების თეორია ლენინის ,,მატერიალიზმისა და ემპირიოკრიტიციზმის” მიხედვით.
უცნაური ალიანსია.
ჟურნალი ,,l'espreso“ 2005 წლის ივლისი
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий