воскресенье, 11 августа 2013 г.

ეგზარხოსთა “ზრუნვა” ქართულ ეკლესიაზე





ნიკოლოზ დურნოვო “ქართული ეკლესიის ბედი”, ნაწყვეტი, 1907წ.


“რუსეთის სინოდმა აუწერელი ვნებისა და ბოროტების მეტი არაფერი მისცა ქართულ ეკლესიას. მისთვის ეს ეკლესია ნამდვილი ბარბაროსული ქვეყანის ეკლესია იყო. სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონები და დადგენილებანი, რომელნიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა, დასწვეს აუარებელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც დარჩა პეტერბურგში წაიღეს და ბოლოს ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს. (ერთი ცნობით ეს დოკუმენტები მოგვიანებით ლენინმა დააბრუნა, მაგრამ გზაში ეშელონს, “შემთხვევით” ხანძარი


გაუჩნდა და გადაიბუგა). გაანადგურეს მრავალი ძველი მონასტერი და ქართული საეკლესიო მამულებიც ხაზინას გადასცეს. გარყვნილი ეგზარხოსი ფეოფილაქტი (საუბარია რუსეთის “წმინდა” სინოდის მიერ მოვლინებულ მიტროპოლიტზე)პირდაპირ ახრჩობდა ქართველებს და იქამდის მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავსაც, მაგრამ ღმერთმა აღარ დააცალა და იქვე საფლავთან ამოართვა სული. ეგზარხოსმა ევგენი ბაჟენოვმა, მონასტრები და ეკლესიები დაქურდა, ისიდორემ ქართულ ეკლესიებს მამულები წაართვა, ეგზარხოსმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც მეტად გახრწნილი, თავაშვებული და ქალისმოყვარე იყო გაყიდა ქართველ კათალიკოსთა უძვირფასესი სამოსელი, ხატებსა და სამოსლებს ძვირფასი თვლები ჩამოხსნა და მონაწილეობა მიიღო გელათის მონასთრის სამოსლების დატაცებაში.
ეგზარხოსმა ევსევიმ, რამდენიმე ასი ათასი მანეთი იშოვა. მისი ეგზარხოსობის დროს კი ქართულ ეკლესიას 2 მილიონი მანეთის ნივთები დაეკარგა. ეგზარხოსი პავლე, კაცი ფიცხელი, გადარეული და მხეცის მსგავსი, რომელმაც ბესარაბიაში მართლმადიდებლობა დააქცია, ამავე საშვილიშვილო მოღვაწეობისთვის საქართველოში გადმოიყვანეს. რათქმა უნდა მან ივერიის ეკლესიაშიც ჩვეული არეულობა შემოიტანა. კიშინიოვიდან მას დეკანოზი ჩუდეცკიც გამოაყოლეს სემინარიის რექტორად, რომლის მეუღლესთან ეგზარხოსს სამარცხვინო კავშირი ჰქონდა. რექტორი ტფილისში ქართველმა სემინარიის ნამოწაფარმა, პირადი ანგარიშის გამო მოჰკლა და მისი ანდერძის აგებაზე ეგზარხოსმა მთელი ქართველი ერი დასწყევლა, რის გამოც თავადაზნაურთა წინამძღოლმა, დიმიტრი ყიფიანმა 1887 წლის 8 ივნისს ეგზარხოსს წერილი მისწერა და შეუთვალა, რომ ბოდიში მოეხადა ქართველი ერის წინაშე. მაგრამ საქმე სხვანაირად დატრიალდა, დონდუკოვ-კორსაკოვმა ეგზარხოსის თხოვნით, ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლა. მალე ყიფიანი პეტერბურგში გაიწვიეს საქმის გამოსაკვლევად, მაგრამ იგი მოკლეს იმ სასტუმროში, რომელშიც ცხოვრობდა, მოსყიდული მკვლელი ვერ იპოვნეს.
1870 წლამდე გელათის მონასტერს აუარებელი სიმდიდრე ჰქონდა. იმ დროს გელათში ინახებოდა: უძველესი, XI-ე საუკუნის ქართული სახარება ოქროს ყდით, იშვიათი საუცხოო ტიხრული მინანქრით. ეს სახარება ეგზარხოსის ნებართვით წაიღო ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა, რომელმაც ოქრო ჩამოხსნა და სანაცვლოდ ვერცხლის ყდა გააკეთებინა. ეხლა წინანდელი ოქროს ყდა ინახება პეტერბურგის სტროგანოვის მუზეუმში, რომელსაც იგი გრაფმა პანინმა გადასცა. ამ ყდაში ინგლისელები იძლეოდნენ 1 მილიონ მანეთს. ამავე ეკლესიაში ინახებოდა იმერეთის კათალიკოსთა საპატრიარქო სამოსელი, რომელიც სტამბოლის აღებამდის იყო გაკეთებული და ძალიან ძვირი ღირდა. ამ სამოსლიდან გადაადნეს 8 გირვანქა ოქრო, ხოლო მარგალიტებიდან და ფირუზებიდან, ქალებს სამკერდულები გაუკეთეს.
გელათის მონასტერი გაძარცვეს პანინმა და ლევაშოვმა ეგზარხოსის ნებართვით. ამავე ხანებში ამავე ეგზარხოსის ნებართვით სიონის უძვირფასეს ტაძრიდან დაიკარგა აუარებელი სიმდიდრე: ოქრო, რამდენიმე ფუთი მარგალიტი, ფირუზი და სხვა ძვირფასი ქვა. ასეთივე დღე დააყენეს მცხეთისა, ალავერდისა, ბოდბისა, ნინოწმინდისა, იოვანე ნათლისმცემლისა, ჯუმათისა, შემოქმედისა და სხვა მონასტრებს და ტაძრებს. რამდენიმე წლის წინად სიონის ტაძრიდან გრაფმა ბობრინსკიმ ეგზარხოსის ნებართვით მრავალი ძველი ხელნაწერი წაიღო, გელათის მონასტრიდან დაიკარგა საპატრიარქო თვალმარგალიტით შემკული მიტრა, რომელსაც ამშვენებდა მეფე ვახტანგის გვირგვინის ბრილიანტის ჯვარი.
პავლეს დროს მეტეხის ტაძრიდან დაიკარგა ხუთი ათას თუმნად ღირებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც წინათ სამკლიტურში ინახებოდა. 1891 წ. ეს ხატი ამავე ეკლესიის სახურავ ქვეშ იპოვნეს, მაგრამ ზედ აღარაფერი ჰქონდა. ამავე ეგზარხოსის დროს სიონის ტაძრიდან დაიკარგა ძვირფასი ნინოწმინდის ღვთისმშობლის ხატი. პალადიმ ერთ სომეხ მხატვარს ნება დართო საქართველოს მონასტრებიდან მრავალი ხატი წაეღო და გაეყიდა.
ამ ჟამად ქართულ საეგზარხოსოზე იხარჯება 809000 მანეთი. აქედან 200000 მანეთი იხარჯება ბერძენ და რუს სამღვდელოებაზე და “ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებაზე” (ეს იყო დანგრეული ქართული ეკლესიის, რუსული ეკლესიით ჩანაცვლებისთვის მოღვაწე ორგანიზაცია, რომელმაც რათქმა უნდა ნაყოფიერად იმუშავა.) მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ის არის, თუ რამდენი სახალხო ქონება წაიღო რუსეთის მთავრობამ საქართველოდან…. (აქ მოდის გრძელი ნუსხა, რომელსაც გამოვტოვებ).
ამრიგად რუსეთის მთავრობამ ქართველ ერს 150 მილიონი მანეთი წაართვა. მერე იცით რას ნიშნავს ერთი მუჭა ხალხისთვის 150 მილიონი მანეთი? ამ აუარებელი ქონებით, სულ ცოტა წელიწადში 15 მილიონი მანეთი წმინდა შემოსავალი ექნებოდა.
საყურადღებო ის არის რომ სომხებს 1905წ. მთავრობამ უკანვე დაუბრუნა საეკლესიო მამულები, საქართველოს საეკლესიო მამულების შემოსავალი კი, რომელიც წელიწადში 10 მილიონ მანეთს უდრის, დღესაც ხაზინას მიაქვს და ამ ფულიდან ქართულ ეკლესიაზე 3-4% ი იხარჯება….
… ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, რომელნიც ზემო ქართლის გულს შეადგენენ, ქართველებისთვის სამუდამოდ დაიკარგნენ, სომხებმა კი იქაურობა გაავსეს. მრავალი მონასტრები და ეკლესია, უძველესი სიმდიდრე ქართველი ერისა, აუარებელი მინგრეულ მონგრეული სოფელი და სამშობლო შოთა რუსთაველისა, სულ უფასოდ და მუქთად შერჩათ ოსმალეთიდან გადმოსულ სომხებს…
….რუსეთის მთავრობამ ქართველებს დასახლება და მიწის შეძენა აუკრძალა სოხუმის ოლქში, სადაც ქართველ მეფეებს რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში სასახლეები ჰქონდათ და სადაცმე 17 საუკუნემდე არსებობდა სახაზინო იმერეთის კათალიკოსთა კათედრა…
ივერიის ეკლესიის საქმეებში ერეოდა არა მარტო რუსეთის სასულიერო კოლეგია (სინოდი) , არამედ კავკასიის სამოსწ. ოლქის მზრუნველი იანოვსკი და ზავადსკიც ხშირად ეჩხირებოდნენ. იანოვსკი წუხდა რომ საქართველოში ოთხი ქართველი ეპისკოპოსია, ეს ხომ მთავრობის მიზნისთვის ძლიერ საშიშიაო. მათი აზრით ეპისკოპოსებს არ უნდა სცოდნოდათ ის ენა რომელზეც საწმყსო ლაპარაკობდა (რათა დაჩქარებულიყო ღვთისმსახურების სლავურ ენაზე გადასვლა). 1811 წლიდან დაობლებულ ივერიის ეკლესიას სათავეში ედგა კაცი, რომელსაც ქართული ენის არაფერი ესმოდა.
საქართველოს ეგზარხოსი ნიკონი თავის სამწყსოს ვერ ეჩვენება შიშით, მას შემდეგ რაც თბილისში ჩამოვიდა, გარეთ იშვიათად გამოდის და თუ გამოვა ყაზახების თანხლებით. სტატს სეკრეტარის ამხანაგი ზვენიგოროდსკი, რომლის კოლექციას ეხლა 1 200000 მანეთად ჰყიდიან მემკვიდრენი, პალადის წერილით დადიოდა ქართულ ეკლესიებში და უვიცი ბერებისგან ძვირფას ნივთებს ყიდულობდა. ევსევის დროს ხახულის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მოციქულ ლუკას მიერ იყო დაწერილი, ჩამოხსნეს 4 უშველებელი და 7 პატარა ლალი. ეს ძვირფასი თვლები ერთ დროს ეკუთვნოდა თამარ მეფეს და თითო ლალს საკუთარი სახელი ჰქონდა: “ობოლა”, “კედელა” და “მედეგა”. ყველა ქართველმა იცის ისტორიული ლეგენდა ამის შესახებ, თუ როგორ და რა მიზნით შესწირა თამარ მეფემ ეს ძვირფასი ქვები გელათის მონასტერს და ვის ჩაუვარდა ხელში შემდეგ ეს ძვირფასი ისტორიული ნაშთი.
ეგზარხოს ევსევის შიშით, ერთმა ქართველმა არქიმანდრიტმა უძველესი ქართული ხელნაწერები მიწაში ჩაფლა და დაალპო. აუარებელი სიმდიდრე გაიტანა ბარონ დე ბაიმ. დაწვას ისევ სჯობია რომ ეს სიმდიდრე საზღვარგარეთის მუზეუმებში ეწყოს, ეგზარხოსი პავლე კი ამ სიმდიდრესა და ძველ ნაშთებს კიშინიოვშიაც სწვავდა და ტფილისშიაც.
1895 წელს სინოდალურმა კანტორამ აფხაზეთში ქართული წირვა ლოცვა და სწავლა აკრძალა, თუმცა იქ 40 000 ქართველი და მხოლოდ 3 420 რუსი ცხოვრობდა. 1906 წელს ეპისკოპოსმა კირიონმა დაიბრუნა ეს უფლება, მაგრამ კოვნოში ვიკარის ადგილი მისცეს და საქართველოდან გაისტუმრეს.
…გაბრიელს, ამ იშვიათ, მართლმადიდებელი ეკლესიის განათლებულ მწყემსთავარს და უაღრესად წმინდა ცხოვრების კაცს სდევნიდა რუსი ეგზარხოსი ევსევი, კაცი მეძავი, რომელიც საქართველოდან 1877 წელს გააძევეს. აი რას წერდა მას 1875 წელს ეპისკოპოსი გაბრიელი: “იმის მაგივრად რომ ყურადღება მიაქციოთ ჩემ თხოვნას, თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ, ჩემი წერილი ჩემი გულის ტკივილის გასაორკეცებლად გამოიყენეთ. რადგან წამკიდეთ მეზობელ (გურიის) ეპისკოპოსს, რომელთანაც მუდამ მეგობრული დამოკიდებულება მქონდა. აგერ უკვე 15 წელიწადია რაც თქვენი მაღალ ყოვლად უსამღდელოესობა მდევნით მე და ყოველი შემთხვევით სარგებლობთ რამე მაწყენინოთ, ან ცუდი სიტყვა მომახვედროთ. არ არის ისეთი ცილისწამება და ჭორი, რაც თქვენ არ მიგეღოთ და არ გერწმუნოთ ჩემს შესახებ. ყოველივე ამას მე ვითმენ, არ ვჩივი, გარნა მხოლოდ თქვენთან, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი თქვენი გულის მორბილება. ღმერთი იყოს მსაჯული ჩვენ შორის.”
ბოლო დროს როგორც ვიცით, საქართველოს სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველების და მათი თანაშემწეების ადგილებზე მხოლოდ რუსებს ნიშნავენ. ისინი კი ქართველების შეურაცხყოფაზე და შევიწროებაზე აშენებენ თავიანთ კარიერას და მერე საუკეთესო ადგილებს შოულობენ რუსეთში. ამ გეგმას ადგია ახლანდელი რუსი ეგზარხოსი კირნიკონიც.
…. ქართველებზე უფრო უბედური ერი ქვეყანაზე არ მოიძებნება… ამნაირად არავინაა ივერიის ეკლესიის ქომაგი, პატრიოტი სულაც არ არის ის რუსი, ვინც უცხო ერის ძალმომრეობაზე და შევიწროვებაზე თავიანთ პირადობის განსადიდებელ გზას კაფავს და ჩინ-ორდენებით გულ-მკერდს იმშვენებს. ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ერთ წამსაც არ უნდა ავიწყდებოდეს მოციქულის მცნება, რომ ქრისტეს ეკლესიაში არაა არც ურიაობა, არც წარმართობა, რომ სიყვარულზე უდიდესი ქვეყანაზე არაფერია. ეს ღვთაებრივი ბრძანება, რომ დავიწყებული არ ქონდეთ საქართველოს რუსიფიკატორებს, მუდამ რომ ახსოვდეთ მეფური აღთქმა ეკატერინე მეორისა, პავლე და ალექსანდრე პირველისა ქართველი ერის შესახებ, ქართველების ერთგულებაში ეჭვის შემოტანასაც ადგილი არ ექნებოდა. ჩვენმა საერო და სასულიერო ბიუროკრატიამ ამ მრავალტანჯული ერისადმი სიყვარული სიძულვილად შეცვალა, უფლება- უკანონობად და ზალმომრეობად, სიმართლე- შეწუხებად და შევიწროებად.”



ავტორის შესახებ
ნ.ნ. დურნოვო - ცნობილი რუსი ისტორიკოსი და ფილოლოგი, მრავალი ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მისი გვარი ტოლსტოების ერთ-ერთი განშტოებაა. რევოლუციის შემდეგ იგი აქტიურად აგრძელებდა მუშაობას და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტადაც იქნა არჩეული. გარდაიცვალა საბჭოთა ხელისუფლების ტყვეობაში, 1937 წელს.

ხშირად გვეკითხებიან, ვინ არის ეს დურნოვო, რომ ასე თავგამოდებით, იცავს საქართველოს ეკლესიასო? მართლაც, დურნოვოს გაბედული კილო, იშვიათი გულწრფელობა და ჩვენი საეკლესიო ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა ყველას აკვირვებს.
შეგნებულ ქართველთა წარმოდგენილებაში დურნოვო საქართველოს ეკლესიის მედგარ დარაჯათ ისახება. რუს მწერალთა შორის ასეთი მაგალითი არა თუ იშვიათი - ერთადერთი შემთხვევაა. მრავალ შეკითხვათა საპასუხოთ ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ, ვინ არის დურნოვო და როგორ უნდა ვუყურებდეთ მის მოქმედებას.
საუკეთესო იდეალი კაცობრიობის არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებისადმი მისწრაფება ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა. ჭეშმარიტების ძიებაში საუკეთესო ადამიანები უმაღლეს სიამოვნებას ჰპოვებენ. ადამიანის მაღალი დანიშნულებაა პირველ ყოვლისა, ჭეშმარიტებას ემსახუროს და შემდეგ სხვა საგნებს. აი ასეთი ადამიანის მოწოდება და, თუ ცხოვრებაში დავინახეთ ისეთი მაგალითი, რომ ადამიანი მართლაც ჭეშმარიტებას ყველაფერზე მაღლა აყენებს და ყოველ თავის საყვარელ და კერძოთ სათაყვანო ინტერესებს ივიწყებს და ჭეშმარიტებას ანაცვლებს, ეს გვახარებს, ეს გვიამება და რაღაც იმადს გვისახავს, რომ ადამიანი გამოდის, და ის შესაფერ სიმაღლეს გვეჩვენება.
ერთი ასეთი მაგალითი სწორეთ ბ-ნი ნ. დურნოვო არის. მისი პიროვნება და მისი პოზიცია საქართველოს ეკლესიის საკითხში მართლაც საყურადღებოა, სწორეთ თითით საჩვენებელია.
ნ. დურნოვო არის საფუძვლიანი მცოდნე ღვთის მეტყველებისა, განსაკუთრებით საეკლესიო ისტორიისა და კანონმდებლობისა, როგორც კანონისტი დურნოვო ავტორიტეტია არა მარტო რუსეთში - მთელ მართმადიდებელ ეკლესიაში. დურნოვო გულწრფელი პატრიოტია, მიმართულებით მემარჯვენე. კერძო ცხოვრებაში იშვიათი ქველ-მოქმედი, გულკეთილი მოქალაქე და თავგამოდებული დამცველი სიმართლის ყოველ სფეროში. აღსანიშნავია მისი უანგარო მოღვაწეობა მწერლობაში.
მემარჯვენე მიმართულების პირებზე ჩვენ ისეთი წარმოდგენა გვაქვს შედგენილი, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში სამშობლოს ინტერესებს განსაკუთრებით იცავენ და აქ ხშირად ვიწრო პატრიოტულ გრძნობას იჩენენ, რომელიც სტუქსავს მათში ისეთ მაღალ პრინციპებს, როგორიცაა ჭეშმარიტების სამსახური და სამართლიანობა. ამ პირთა შორის იშვიათ გამონაკლისს შეადგენს ნ.დორნოვო. ის ძველ რეჟიმის დროსაც თამამად და გუწრფელად აღიარებდა ჭეშმარიტებას. რუსეთის საეკლესიო მთავრობას მუდამ ამხილებდა უწესო და უსამართლო მოქმედებაში. დღესაც დურნოვო გადაჭრით მოითხოვს კანონიურის წესით აღიარებულ იქნეს საქართველოს ეკლესიის ტერიტურიული ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესიას დაუბრუნოს თავისი ქონება: საყდრები, მონასტრები, მამულები, ნივთები და სხვა. ამას მოითხოვს დურნოვო და ჩვენში ბევრი გაკვირვებით გვეკითხება, რა ალაპარაკებს ამნაირათო? ამას ალაპარაკებს მეცნიერის მოვალეობა, ჭეშმარიტების სიყვარული, სიმართლის პატივისვემა და ამაზე დამყარებული სამართლიანობა. მართალია ბ-ნი დურნოვო მემარჯვენე რუსია, მაგრამ ის ჯერ სამართლიანი ადამიანია, ჯერ მიუდგომელი მეცნიერია, ჭეშმარიტების უანგარო მოსამსახურეა და შემდეგ მემარჯვენე პატრიოტია. აი ასეთი უნდა იყოს ადამიანი და მაშინ აღარ იქნება ბოროტება ქვეყანაზე.
დურნოვოსთანა კაცები ცოტაა ქვეყანაზე და მეტადრე რუსეთში.
მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანის ხმა სახელმწიფო ცხოვრების მეთაურებს არ ესმით და ამის გამო ისეთ შეცდომებს სჩადიან, რომლის გასწორება შემდეგ საძნელო ხდება, და მთელი საუკუნის განმავლობაში ხალხი იტანჯება ხოლმე.
ძველი მთავრიბის სიმრავლე იქამდე მივიდა, რომ დურნოვოსთანა გულწრფელი და უანგარო მეცნიერის აზრს გვერდს უვლიდა და ბიწიერებით და დამნაშავობით ცნობილი ადამიანების, როგორიც იყვნენ ვოსტორგოვიდა ძმანი მისნი, აზრებით ხელმძღვანელობდა.
აი სწორედ ასეთმა სიბრმავემ ძველი მთავრობა დამხობის დღემდე მიიყვანა.
რა გზას დაადგება ახალი მთავრობა, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, ძველი მთავრობის კვალზე რომ არ ივლის, ეს უკვე ცხადია, მაგრამ სახიფათო შეცდომიდან რომ თავი განითავისუფლოს, ამის იმედი ჯერ არა გვაქვს. ჩვენი ეკლესიის საკითხის გარშემო ახალ მთავრობას დიდი რყევა ემჩნევა და ვაი თუ ბოროტ გამზრახველთა მოქმედებამ ახალი მთავრობაც შეაცდინოს.
ერთად ერთი გზა საქართველპოს ეკლესიის საკითხის სწორედ გადასაწყვეტი არის დურნოვოს მოთხოვნილების აღსრულება.

ტრიფონ ჯაფარიძე 

„ჩვენი ქვეყანა“, 1917 წ. #54, 15/6. გვ. 1-2


ვრცლად




-  
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий