შტრიხ კოდების შესახებ
ავტორი: ზაზა ოსმანოვი
ჩვენს ბლოგზე რამდენიმე ხნის წინ დაიდო ზურაბ ჯაშის სტატია „ბოლო ჟამი“ მართლ-მადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში, სადაც ავტორმა შეძლებისდაგვარად დაწვრილებით განიხილა ეს საკითხი ორი სხვადასხვა, ფაქტობრივად ერთმანეთთან დაპირისპირებული, კუთხით. იქ ზედმიწევნით კარგადაა მიმოხილული ბოლო ჟამთან დაკავშირებული სტერეოტიპები, რომლებიც ასე მომრავლდა უკანასკნელ ხანს და შეიძლება ითქვას, სერიოზული ზიანის მომტანი იქნება მორწმუნე საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ზ. ჯაში განიხილავს ისეთ ფსევდოაპოკალიფტური აპოკრიფების თანამედროვე ნიმუშებს, როგორიცაა ანტიქრისტეს მეფობის მისაღებად მზადების აშკარა ნიშნები: არჩევნებზე მისასვლელად ამომრჩეველთა მარკირება, ელექტრონული პირადობის მოწმობები, სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენური აქტივობა დ.ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ ავტორი გვთავაზობს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ესქატოლოგიის შესახებ და ასკვნის, რომ იმ მძიმე და ნამდვილად სავალალო მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა ეკლესიის ტრადიციასთან ჭეშმარიტი დაბრუნება და განათლების დონის ამაღლებაა.
წინამდებარე სტატიაში ჩვენ გვსურს ვისაუბროთ კიდევ ერთი ასეთი სტერეოტიპის შესახებ. კერძოდ, საკითხი ეხება ე.წ. შტრიხ კოდებს [1] (იხ. მარცხენა ნახატი), რომლის თაობაზე არაერთი მითქმა–მოთქმის პოვნა შეიძლება თანამედროვე საეკლესიო პუბლიცისტიკის არენაზე. ამ მხრივ არც ინტერნეტია გამონაკლისი, სადაც სხვადასხვა საიტებზე ადამიანი შეხვდება აპოკალიფსისადმი მიძღვნილ უამრავ სტატიას, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს არა საკითხთან დაკავშირებული საეკლესიო ტრადიციის გარკვევა, არამეტ მეტწილად ამ თემაზე შექმნილი ჰოლივუდური ბლოქბასტერების მსგავსად ერთგვარი კიჩის შექმნა. მაგალითად ერთერთ ქართულ ინტერნეტ საიტზე, სახელწოდებით „აპოკალიფსისი“, ვკითხულობთ: „ნუთუ მართლმადიდებლურ ქვეყნებამდეც მოაღწია ამ ამერიკულმა გამოგონებამ ანუ, უნივერსალურმა კოდმა, რომელსაც საფუძვლად უდევს რიცხვი 666, ნუთუ ამ შტრიხ კოდში შენიღბული რიცხვის ქვეშ უნდა დაისვას ჩემი ხელმოწერა?! გონებაში გაცოცხლდა წმ. მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები აპოკალიპსისიდან: „და იქმს იმას, რომ ყველა, მცირე თუ დიდი, მდიდარი თუ ღატაკი, თავისუფალი თუ მონა, ყველა აღბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი, ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება, გამოთვალოს მხეცის ნიშნები, ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა და რიცხვი მისი ექვსას სამოცდა ექვსი (გამოცხ. 13:16-18)““, რასაც მოსდევს ამ სიტყვების ავტორის ერთგვარი დასკვნაც: „ასეთია ეს შტრიხ-კოდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სად ზის იგი სამედიცინო-სადაზღვეო პოლისზე თუ პასპორტში“ [2].
ისტორიულ კონტექსტში აღნიშნული საკითხი წინა საუკუნის 70–ან წლებში წამოწიეს არა მართლმადიდებლებმა, არამეტ ადვენტისტებმა და სწორედ მათ ეკუთვნით შტრიხ კოდში აპოკალიფტური მხეცის ნიშნის „აღმოჩენა“ [3]. მართლმადიდებლურ სამყაროში პირველი რეაქცია ამ მოვლენებზე ჰქონდა საბერძნეთის ეკლესიას, ხოლო მომდევნო პერიოდში აღნიშნული პრობლემა გადავიდა უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია სინოდის სხდომების ჩატარებაც და შესაბამისი განჩინებებიც, სადაც აღნიშნული იყო, რომ წმინდა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს [3]. აღნიშნული საკითხის საღვთისმეტყველო რაკურსში განხილვა გვხვდება თანამედროვეობის ცნობილი ქრისტიანი პუბლიცისტის დიაკვან ანდრეი კურაევის წიგნში „Сегодня ли дают “печать антихриста“?, Русская Православная Церековь об ИНН“ [4].
წინამდებარე სტატიის მიზანს წარმოადგენს შტრიხ კოდების წმინდა მათემატიკურ–გეომეტრიულ ჭრილში განხილვა და ჩვენება, რომ ის აჟიოტაჟი, რაც მის გარშემოა ატეხილი არანაირ რეალურ საფუძველს არ ემყარება. პირველ რიგში შევეხოთ თავად პრობლემას და გავერკვეთ მის არსში. ცნობილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია EAN ნებისმიერ ნაწარმს ანიჭებს სპეციალურ საიდენტიფიკაციო შტრიხ კოდს, რომელიც, როგორც ირწმუნებიან ჩვენს მიერ ნახსენები ჯგუფები, შეიცავს აპოკალიფსში ნახსენები მხეცის რიცხვს, სამ ექვსიანს – 666. მათი ლოგიკა შემდეგია: ისინი შტრიხ კოდზე ციფრებით წარმოდგენილ მიმდევრობაში 6–ის შესაბამის ადგილას ხედავენ ორ ხაზს (იხ. მარჯვენა ნახატი), შემდეგ ასეთივე ორ შავ ხაზს ისინი პოულობენ შტრიხ კოდის სამ სხვადასხვა ადგილზე (კერძოდ კი კიდეებში და შუაში) და ასკვნიან რომ ნაწარმის საიდენტიფიკაციო შტრიხ კოდი შეიცავს რიცხვს 666, ანუ მხეცის ნიშანს.
პირველ რიგში გავერკვეთ, როგორი სისტემით არის შექმნილი შტრიხ კოდი. ის წარმოადგენს თეთრი და შავი ზოლების მონაცვლეობას, რომელსაც კითხულობს სპეციალური ლაზერული სკანერი ზოლების პერპენდიკულარულად. ამ დროს ლაზერის სხივი ან ირეკლება უკან წამკითხავ მოწყობილობაში (თეთრ ზოლზე სხივის დაცემისას) ან შთაინთქმება (შავ ზოლზე სხივის დაცემისას). შთანთქმას უთანადებენ ციფრს – 1, ხოლო არეკვლას, ციფრს – 0 და შემოჰყავთ გარკვეული წესი ამ ციფრების კომბინაციების ცნობილ ციფრებთან თანადობისა. მაგალითად ციფრს 0 შტრიხ კოდების ენაზე შეესაბამება სამი ასეთი კომბინაცია: 0001101, მისი ე.წ. ნეგატივი (ყველა 1–ის 0–ით შეცვლის და 0–ის 1–ით შეცვლის გზით მიღებული კომბინაცია): 1110010 და 0100111. მსგავსადვე დანარჩენ ციფრებსაც ჰყავთ ანალოგები: 1–0011001, 2–0010011, 3–0111101, 4–0100011, 5–0110001, 6–0101111, 7–0111011, 8–0110111, 9–000101, მათი შესაბამისი ნეგატივი გამოსახულებები და ნეგატივის მარჯვნიდან მარცხვნივ წაკითხვის შედეგად მიღებული გამოსახულებები. თუ კარგად დავაკვირდებით შტრიხ კოდს, შევამჩნევთ, რომ ის სპეციალური გამყოფი ზოლების (სხვა ზოლებთან შედარებით უფრო წაგრძელებული ორი მუქი ზოლი) მეშვეობით იყოფა ორ ნაწილად – პირობითად მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად. ციფრს 4, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეესაბამება კომბინაცია 1011100, თუ ის ჩაწერილია მარჯვენა ნაწილში, და კომბინაცია 0100011, ან მისი შებრუნებული გამოსახულება – 1100010, თუ ჩაწერილია შტრიხ კოდის მარცხენა ნახევარში. ასე მაგალითად როგორც ვხედავთ მარცხენა ნახატზე, შტრიხ კოდის მარჯვენა ნახევარში წერია ციფრი – 4 და მის ზემოთ შესაბამისი შავი და თეთრი ზოლების უკვე ნახსენები კომბინაციაა გამოსახული – 1011100.
სამი გამყოფი ნიშანი, რომელსაც მხეცის ნიშნის მაძიებლები 6–თან ასოცირებულად წარმოგვიდგენენ შტრიხ კოდის სისტემაში კოდირებულია შემდეგნაირად: სასაზღვრო, ანუ პირველი და მესამე განყოფი ნიშანი მოიცემა კოდით: 101 (შავი–თეთრი–შავი), ხოლო შუა გამყოფი ნიშანი – კოდით: 010101 (თეთრი–შავი–თეთრი–შავი–თეთრი–შავი). აქედან ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ არის კოდირებული რიცხვი 6, ეს გამყოფი ნიშნები ერთნაირი არაა, კერძოდ კი შუა განსხვავდება ორი სასაზღვროსგან.
რაც შეეხება რიცხვს 6, როგორც ვხედავთ ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში, მისი კოდირება შემდეგია: თუ ის ჩაწერილია შტრიხ კოდის მარცხენა ნაწილში ის მოიცემა კოდით 0101111, და მისი შებრუნებული გამოსახულებით – 1111010, ხოლო თუ წერია მარჯვენა ნახევარში – გვაქვს კოდი 1010000. აქედან ჩანს კიდევ ერთი საინტერესო თვისება, რომ თუნდაც რომ სამი ექვსიანი ეწეროს, მათი კოდირება სხვადასხვაგვარია შტრიხ კოდის სხვადასხვა ნახევარში. მარტივად რომ ვთქვათ, მარჯვენა ნახევარში ჩაწერილი 6 არ არის იდენტური მარცხენა ნახევარში ჩაწერილი კოდის და თავად მარცხენა ნახევარში ჩაწერილი კოდების გამოსახულებებიც სხვადასხვაგვარია.
ახლა დავუბრუნდეთ უშუალოდ იმ ლოგიკას, რასაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ აღნიშნულ შტრიხ კოდებში ნამდვილად არის მხეცის ნიშანი. მათი თეორიის თანახმად, შტრიხ კოდზე ეძებენ ჩანაწერს 6, ამ ჩანაწერის ზემოთ აღმოაჩენენ ორ მუქ ხაზს (იხ. მეორე სურათი), ანალოგიურ ორ მუქ ხაზს პოულობენ ორი სასაზღვრო და ერთი გამყოფი ხაზების სახით და ასკვნიან რომ ამ გამყოფი ხაზებით მოცემულია სამი ექვსიანი – ორი კიდეებზე და ერთი შუაში. რა შეიძლება ითქვას ასეთი ლოგიკის შემხედვარე? მხოლოდ ერთი, რომ საქმე გვაქვს თავად შტრიხ კოდების სისტემის სრულ არცოდნასთან. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნათელ და მუქ ზოლებს კითხულობს სპეციალური სკანერი, რომლისთვისაც გამყოფი ნისნები არ წარმოადგენს სამ იდენტურ სტრუქტურას. უფრო მეტიც, ამ სამიდან (ორი ცალი – 110101 და ერთი ცალი – 101) არცერთი არ ემთხვევა 6–ის შესაბამის არცერთ კოდირებას: 0101111, 1010000, 0000101. მათი შეცდომა მარტივია, იმ ნიშანს, რომელსაც ისინი 6–ს უსაბამებენ (ორი მუქი ზოლი და მათ შორის სიცარიელე), სინამდვილეში შეესაბამება მხოლოდ შუა გამყოფი ნიშანი.
კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება, თუნდაც სამი ცალი ექვსიანი ყოფილიყო შტრიხ კოდში, განა ეს ნიშნავს, რომ საქმე მართლაც 666–თან გვაქვს? მაგალითისთვის ავიღოთ მარცხენა სურათზე გამოსახული შტრიხ კოდი. დავუშვათ, რომ ჩვენს მიერ ნახსენები ჯგუფი მართალია, მაშინ მათი (არასწორი) ლოგიკით გამოვიდოდა, რომ წერია შემდეგი რიცხვი: 603600062914526 და მართლაც დიდი წარმოსახვაა საჭირო, რომ ეს რიცხვი წაიკითხო ასე: 666.
ოდნავ შორს წავიდეთ და ახლა თავად იმ ტექსტს მივმართოთ, რომლის არასწორი წაკითხვითაც იწყება ეს ისტერია. ვგულისხმობთ იოანეს გამოცხადების ძალიან ცნობილ პასაჟს: „აქაა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება, გამოთვალოს მხეცის ნიშნები, ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა და რიცხვი მისი ექვსას სამოცდა ექვსი (გამოცხ. 13:18)“. ამ საკითხის ანალიზისას მამა ანდრეი კურაევი, მოჰყავს რა მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ა. ჩ. კოზარჟევსკის ციტატა მისი მონოგრაფიიდან [5] აღნიშნავს: „გავიხსენოთ, რომ საკუთრივ ციფრებს წმინდა წერილი არ შეიცავს. არის ასოები: cxz (ხი–ქსი–ძეტა). საეკლესიო სლავურზე თარგმანი იძლევა ასოებს ხერ–ქსი–ზელო. არაბული ციფრებით დაწერილი რიცხვი 666 შედგება ერთნაირი კომპონენტებისგან (ექვსიანებისგან). მაგრამ ასე არ არის წმინდა წერილის ბერძნულ ორიგინალში. აქ ყველა ციფრი, რომელიც შედის ამ რიცხვში იწერება სხვადასხვაგვარად“ (თარგმანი ზ.ო.) [4]. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ აქცენტი სამი ცალი 6–ის გამეორებაზე, თავად ორიგინალის კონტექსტში არაზუსტი და არაკორექტულია.
დაბოლოს მივიღეთ შემდეგი სურათი: ა) შტრიხ კოდებს კითხულობს სპეციალური სკანერი და ის არაა განკუთვნილი ადამიანისთვის წასაკითხად; ბ) ის, რაც ადამიანის წასაკითხია, ხშირად არც კი შეიცავს სამ ექვსიანს; გ) რომც შეგვხვდეს ასეთი, მათი შესაბამისობა გამყოფ ხაზებთან არასწორია; დ) თუნდაც, რომ დავუშვათ, რომ გამყოფი ხაზები ანალოგიურია ექვსიანების, მაინც მივიღებთ რიცხვს, რომელიც არანაირად არ უდრის 666–ს და ე) თავად აუთენტური ახალაღთქმისეული ტექსტიც კი არ შეიცავს 666–ს, ანუ სამ განმეორებად სიმბოლოს .
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩანს, რომ მხეცის ნიშნის მაძიებელთა იდეოლოგია თითიდან გამოწოვილია და შეიცავს უამრავ უზუსტობას და ელემენტარულ არცოდნას იმ საკითხისა, რასაც ასე გულმოდგინედ „იკვლევენ“ ჩვენი ოპონენტები.
ლიტერატურა და კომენტარები
1. ლაზერული სკანერის მიერ ოპტიკურად წაკითხვადი ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს იმ ნაწარმის მონაცემებს, რომელზეც ის არის მიკრული და რომელსაც ანიჭებს საერთაშორისო ასოციაცია EAN.
2. http://www.apocalypse.ge/ante_axlos_ars_karta_zeda.html
3. Одни ищут спасения, другие – великих потрясений. Доклад архимандрита Тихона (Шевкунова), наместника Московского сретенского монастыря. VII Пленум Синодальной Богословской комиссии Русской Православной Церкви, Московская Духовная Академия 19-20 февраля 2001 г. http://www.pravoslavie.ru/sobytia/sbk-inn/tihon.htm
4. Диакон Андрей Кураев, „Сегодня ли дают „печать антихриста“?, Русская Православная Церековь об ИНН“, Православная библиотека „Троицкое слово“
5. Козаржевский А. Ч. Источниковедческие проблемы раннехристианской литературы. М., 1985, с. 87
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий