ამ წერილის დასაწერად სხვადასხვა რწმენისა და აღმსარებლობის მქონე, ან სულაც ათეისტი ადამიანების განცხადებებმა, აზრებმა თუ შეხედულებებმა აღმძრა, რომლებთან საუბრებშიც საერთო საკითხები გამოიკვეთა. ამ მცირე წერილში, სწორედ, ამ საკითხებზე პასუხის ნათელყოფას შევეცდები.
ეს საკითხებია:
- ბიბლიაში არსებული შეუსაბამობები და შეცდომები.
- აქედან გამომდინარე, მწერალთაგან (რომლებიც ღვთისგან შთაგონებულებად ითვლებიან) გამოვლენილი მეცნიერული უცოდინრობა.
- ასეთი ვითარებისას რა გვაძლევს სარწმუნოების "ჭეშმარიტების" გარანტიას, სხვა სიტყვებით, მისაღებია თუ არა ბიბლიის სიტყვა?
პირველად, მართებულად მიმაჩნია აქამდე შექმნილი არასწორი წარმოდგენების ცხადყოფით დავიწყო. ამიტომ, აქვე განვაცხადებ, რომ როცა საუბარი ქრისტიანულ სარწმუნოებას ეხება, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ბიბლია მის ერთადერთ წყაროს არ წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, არც არავითარი წყაროა. ვინაიდან მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი (საუბარი მაქვს "ახალ აღთქმაზე") თავად ქრისტიანულმა სარწმუნოებამ შექმნა. კიდევ უფრო შეიძლება შორს წასვლა და იმის თქმა, რომ ბიბლიის პირველი ნაწილიც, ე.ი. "ძველი აღთქმა" საეკლესიო (ოღონდ არა "ახალი აღთქმისეული" გაგებით) შემოქმედებაა. არ ვაპირებ ღრმა საღვთისმეტყველო საუბარს, რადგან ამის არც განსაკუთრებული შესაძლებლობა მაქვს და, ბუნებრივია, მცირე წერილის ფარგლებსაც გავცდები. ყოველი შემთხვევისთვის, ვარკვევთ, რომ ბიბლია სარწმუნოების ნაყოფია და, არავითარ შემთხვევაში, სარწმუნოება ბიბლიისა. ვინაიდან, ბიბლიის ერთადერთი წყარო არის ის სარწმუნოება, რომელშიც ღმერთი და ადამიანი ერთად შემოქმედებს და მოიაზრება.
მეორედ, აღვნიშნავ, ხშირად ხდება, რომ მოწონებას იმსახურებს სახარების წმინდა მორალური, მისი სწავლა-მოძღვრების მაღალი ეთიკური მოცემულობა. მაგრამ მაფერხებელი ხდება მისი, - როგორც უწოდებენ, - შეუსაბამობები და შეცდომები. და ეს მაშინ, როცა მორწმუნე აღმსარებლისთვის ბიბლიის ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა თაყვანისცემასა და პატივისცემას იმსახურებს. ამით მივადექი კიდევ ერთ არასწორ წარმოდგენას, რომლის მიხედვით: თითქოს, მორწმუნე ადამიანისთვის ბიბლიის ყოველი სიტყვა და ფრაზა, ყოველი ასონიშანი სათაყვანო და საპატივცემულოა. რა ქმნის ასეთ წარმოდგენებს? ცხადია, უბრალო გაუგებრობა, არასწორი გაგება და, - თვითკრიტიკასაც მივმართავ, - ჩვენი არამკაფიოობა.
ქრისტიანები ხშირად ვამბობთ, რომ ბიბლია - ეს ღვითსმეტყველებაა. ამ პატარა წინადადებამ, რომელიც ჩვენი გაგებით უდავოდ სიმართლეა, წერილის ძირითად ადრესატებში წარმოშვა შეხედულება, რომლის მიხედვითაც, მასში დაუშვებელია ხარვეზები, შეუსაბამობები და რაიმე სახის ლაფსუსი, თუნდაც მაშინ, როცა ის არასულიერ საგნებზე საუბრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ის არ იმსახურებს აღიარებას. საბოლოოდ, ასეთ ბრალდებასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე, რომ თეისტებს არ სურთ იმის დანახვა, რაც მეცნიერების, ცივილიზაციის წინსვლისა და ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე საყოველთაოდ ცხადად იკვეთება აღმოჩენების სახით. რადგან ეს, აგრეთვე საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენით, საფრთხეს უქმნის მათ მსოფლმხედველობასა და შეხედულებებს, რასაც ერთ, ცნობილ და უცნაურ სიტყვად - რწმენად - სახელდებენ. მინდა ვთქვა, რომ გონიერი თეისტი არათუ აღიარებს, დიდი სიხარულითაც კი ეგებება სამეცნიერო აღმოჩენებს. რადგან იაშვიათია, რაიმემ ასე თვალნათლივ წარმოაჩინოს ღვთის იმ ქმნილების სიდიადე, ადამიანი რომ ჰქვია, თუ არა მისმა მიღწევებმა. ანუ, ვამბობ იმას, რომ როგორც თითქმის ყველგან და ყოველთვის, ისე თეისტებსა თუ ათეისტებს შორისაც ვხვდებით არაადეკვატურ, შეუსაბამო ცოდნას, ან, სხვა სიტყვებით, შესაბამისი ცოდნის უქონელ, მაგრამ გულწრფელ ადამიანებს. მაშ, ზედაპირული ხედვით, დგება პრობლემა, ჩვენ წინაშე იკვეთება ბიბლიის სიცრუე და არაღვთიურობა, რაც სერიოზულ საფრთხეს უნდა უქმნიდეს საზოგადოების მხრიდან მისი აღიარების საკითხსს.
თუ აქამდე შევეცადე თვალნათლივ წარმომეჩინა გაუგებრობები, ახლა ვეცდები დავუსვა კითხვის ნიშანი ამერთ, მთლიან პრობლემას და, რასაკვირველია, აქ მოცემულ თითოეულ საკითხს თანმიმდევრულად.
ზემოთ სიტყვა ღვთისმეტყველება ვახსენე ბიბლიასთან მიმართებაში და ისევ გაუგებრობები რომ არ წარმოვშვა, ამიტომ ამ ცნების შინაარსის სამზეოზე გამოტანა აუცილებლად მიმაჩნია. ვინაიდან ბევრისთვის ის "ღმერთის საუბართან" იგივდება. თუ ამას არ გავარკვევთ, გაუგებრობებსაც ვერ მოვშორდებით.
სავსებით ცხადია, რომ თეისტებისთვის ბიბლია არის ღვთისმეტყველება. ეს გულისხმობს იმას, რომ მასში არის საუბარი ღმერთის შესახებ, გარკვეული, მკაფიო გაგება და მოძღვრება ღმერთის შესახებ. ამაში გათვალისწინებულია მისი ყოფიერებისა და პიროვნების, მისი ნების, თვისებების და, ზოგადად, არსის რაგვარობის შესახებ საუბარი, განცხადებულია ღვთის ჩანაფიქრი და მიზანი, რასაც საეკლესიო ენაზეგანგებას ვუწოდებთ. ღვთისმეტყველება მეცნიერების, როგორც ადამიანის მიერ რომელიმე კონკრეტული მიმართულებით შემეცნებისა და გააზრებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი სფერო და საგანია, რომლის მიზანი ღმერთთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევა-შემეცნება და პირად ცხოვრებაში მათთვის მნიშვნელობის მინიჭებაა, რომლებიც მეტნაკლებად ჩამოვთვალე ზემოთ. იმასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე თეისტები, რომ ბიბლიაში ღმერთი საუბრობს, რომ ბიბლიით ღმერთი გვესაუბრება. მაგრამ გავიმეორებ, რომ ღვთისმეტყველება არ ნიშნავს ღმერთის საუბარს, ერთგვარ ლექციებს ღვთისგან ამა თუ იმ საგანზე, რომლებზე საუბრის მოსმენაც ასე ძალიან გვსურს ღმერთისგან. მე მხედველობაში მაქვს ხილულ სამყაროსა და ცოცხალ ორგანიზმებზე საუბარი: ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის და, საერთოდ, მატერიალური სამყაროს ფიზიკური აგებულების შესახებ. მაშ, ღვთისმეტყველება - ეს არის სწავლა-მოძღვრება და საუბარი ღმერთის შესახებ. აქ, ცხადია, თეისტების აზრით ღმერთზე საუბარში იგულისხმება ის, რასაც თავად ღმერთი უცხადებს ადამიანს. იმის საუბარი ღმერთზე, რასაც თავად ღმერთისგან ვიგებთ. მეტი დეტალურობისთვის ასე შეიძლება გამოვთქვათ: ბიბლიაში ღმერთი საუბრობს, თვითონ ბიბლია კი ღმერთზე საუბრობს; ესე იგი ღვთისმეტყველებს. ასე უნდა გვესმოდეს ღვთისმეტყველების მნიშვნელობა.
როგორც ქრისტიანს, იმედი მაქვს ბიბლიის კითხვა ყოველი ქრისტიანი მორწმუნისთვის აღმაფრთოვანებელია. ალბათ, არამორწმუნე ადამიანებიც არაერთხელ მოუხიბლავს. ბუნებრივია, მე ჩემს თავს თეისტების რიცხვს მივაკუთვნებ და ბიბლიის კითხვაც, ცხადია, აღმაფრთოვანებს. მაგრამ არასოდეს გამჩენია სურვილი თაყვანი მეცა მისი ყოველი სიტყვისა თუ ფრაზისთვის. შეიძლება კი გონიერ ადამიანს ის საგინებელი და უშვერი სიტყვები ან წინადადებები მოეწონოს, რასაც წავაწყდებით ხოლმე ბიბლიაში? მაგალითისთვის, სულაც არ მაქვს სურვილი სიტყვა: მეძავი ან მრუში, მკვლელი, უწმინდური ან გარყვნილი, ღვთის და ადამიანის მოძულე, შურიანი და კიდევ სხვა მრავალი, ხშირად უარესიც კი სათაყვანოდ ჩავთვალო და მოვიწონო. ეს ოდნავ ხუმრობით. ისე, აქ მოშურნე მორწმუნე წამოიძახებდა: თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთსო. მაგრამ, რადგან წერილს ჩემ გარდა არავინ წერს და მე არც დიდი მოშურნეობით გამოვირჩევი, დალაგებულად და დინჯად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბიბლიაში მოხსენებული ყოველი ფრაზა თუ სიტყვა თაყვანისცემას არც იმსახურებს და არც მოითხოვს ამას. ჩავურთავ, მით უმეტეს მაშინ, როცა ის, უბრალოდ, ჩვენთვის საინტერესო მატერიალურ სამყაროზე საუბრობს.
დროის ცვლასთან ერთად იცვლება და მდიდრდება ადამიანის ცოდნაც მატარიალურ სამყაროზე. ეს წერილი ბიბლიას ეხება და, ამიტომ, აუცილებლად უნდა ავხსნა მატერიალური სამყაროსადმი მისი კომპეტენციის საკითხი. ერთი მხრივ, თეისტები ვამბობთ, რომ ბიბლია უშეცდომოა და, მეორე მხრივ, იმასაც ვამბობთ, რომ მასში შეცდომებია. ერთი შეხედვით, ეს პარადოქსი ასე აიხსნება: როცა იგი ღმერთზე და სულიერ საგნებზე საუბრობს ყოველგვარი შეცდომა, ხარვეზი და შეუსაბამობა გამორიცხულია. უშეცდომობაზე საუბრისას არ ვგულისხმობ ადამიანურ ტრადიციებს, ზნე-ჩვეულებებსა და წარმოდგენებს ღმერთის შესახებ; იმას, თუ როგორ აღიქვამდა ადამიანი ამა თუ იმ ეპოქაში ღმერთს და როგორ ხსნიდა სამყაროულ, ისტორიულ ხდომილებებს ღმერთთან მიმართებაში, რასაც ასევე შევხვდებით ბიბლიაში. ასე, იგი მართალია თავის სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. თუმცა მასში ერთიან აზრსა და სტრუქტურას ძნელად თუ ამოვიცნობთ, რაც, გარკვეული გაუგებრობებიდან გამომდინარე, დაყოფების საფუძველი ხდება ხოლმე. ამ მიზეზის გამო, ქრისტიანების ტრადიციული აზრითა და რჩევით, უმჯობესია და სასურველი, ბიბლიის გააზრება სასაფუძვლე ცოდნითა თუ გამოცდილებით მოხერხდეს. ამაში არ მოვიაზრებ რაღაც დაფარული ცოდნის რაიმე "გასაღებებს". ქრისტიანობაში ითვლება, რომ მის გასაგებად საუკეთესო დამხმარე ისაა, ვისაც ბიბლიის დაწერაში გარკვეული წილი აქვს. ესაა წმინდა სული, რომელზეც მე ვსაუბრობ და მხოლოდ ამ გაგებით შემიძლია ვუწოდო მას "გასაღები". არა როგორც დაფარული ცოდნის ამოსაკითხი რამ საშვალება, არამედ როგორც თვალისჩინი, სრულიად ღია მოცემულობის საუკეთესო აღმქმელი. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვილ ბავშვს თავიდან უჭირს საგნების ამოცნობა და მხედველობის კონცენტრაცია, დანდათანობით კი სწავლობს როდის და საით უნდა მიმართოს მზერა. ამგვარადვე, ყოველივე ჩვენგანი ბიბლიის სამყაროში ოდესღაც ნამდვილად შედის და ყველაზე მეტად მაშინაა მნიშვნელოვანი ყურადღების მიპყრობა უმთავარესსა და ერთადერთზე, ღვთაებრივ უწყებაზე. ამდენად, ქრისტიანული ეკლესია და, აქედან გამომდინარე, გონიერი თეისტი ვერ ეთანხმება იმ აზრს, რომ ბიბლიაში შეცდომები და ლაფსუსები არასულიერი, მატერიალური საგნებისა და მთლიანად სამყაროს შესახებ გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი განცხადებით ბიბლია ღვთივშთაგონებულია, ამაში არ იგულისხმება, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა შეუმცდარი, ყოველგვარი შეცდომისაგან თავისუფალი იყოს. მას უშუალოდ ადამიანები (ასე ადვილად რომ მოსდით შეცდომები) წერდენ, საუკუნეების განმავლობაში კი გადამწერთა ხელში გადადიოდა. როცა მისი მწერლები ამა თუ იმ გამიზნულ საკითხზე საუბრობდნენ, ბუნებრივია, საუბარში სამყაროსეულ, მატერიალურ საკითხებზეც უხდებოდათ სიტყვის თქმა. უნდა შეგვეძლოს გარჩევა, რომ ღვთივშთაგონება მათ არა თუ ფიზიკურ სამყაროზე სასაუბროდ, არამედ ისევ ღმერთზე, სულიერ სიმართლეებსა და საწყისებზე სასაუბროდ მიენიჭათ. აქაც, ტრადიციული ეკლესის გაგებით, ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურია და იმაზე ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი სისავსეა მთლიანად. არაერთხელ აღნიშნულა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი, რასაც ბიბლია ჩვენს სამყაროზე აცხადებს და ხაზს უსვამს არის ის, რომ იგი ოდესღაც შეიქმნა, მას მიეცა დასაწყისი; რომ მას ჰყავს გონიერი შემოქმედი, რომელიც ქმნის მას გააზრებულად და მასში დებს მიზანს. ბიბლია თავისი პირველი წიგნის პირველსავე გვერდებზე სწორედ ამას უცხადებს ადამიანს და, ამდენად, ეს საყურადღებო და უმნიშვნელოვანესია. სხვა შემთხვევაში, რასაკვირველია, ბიბლიის მწერლები იმ ცოდნას ემყარებიან და ავლენენ, რაც თავიანთ დროში გააჩნდათ. ეს არა მარტო ბიბლიას ეხება, არამედ ეკლესიის ისტორიის განმავლობაში დაწერილ არაერთ საღვთისმეტყველო ნაშრომს. მაგალითისთვის, შემიძლია გავიხსენო იოანე დამასკელის “ზედმიწევნით გადმოცემა”, ბასილი დიდის, ეფრემ სირიელის, გრიგორი ნისელის (რომლის საუბრებიც ჩვენთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სამყაროს შექმნაზე მის ნააზრევსა და “დიდი აფეთქების” მოდელს შორის მსგავსებები იკვეთება) და სხვათა მიერ გადმოცემული “შესაქმის” წიგნის განმარტებები.
“როცა ვამბობთ, რომ ვინმე ღვთივშთაგონებულია, არ ვგულისხმობთ, რომ მან შეუმცდარი ცოდნა შეიძინა სამყაროსთან დაკავშირებით და მისი ყოველი სამეცნიერო დეტალი უწყის. არ ვგულისხმობთ, რომ უცდომელობას მიაღწია ყველა საკითხთან მიმართებაში. ის შეუმცდარია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ შეუქმნელ, მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებას ვუწოდებთ. ღვთივთაგონებული ადამიანი შეუმცდარი ფილოსოფოსი და მეცნიერი როდი გამხდარა, არამედ შეუმცდარი ღვთისმეტყველი, "თეოლოგი" - ის, ვინც საუბრობს ღმერთზე. მას შეუძლია უშეცდომოდ ისაუბროს ღმერთზე, მაგრამ სამყაროს სტრუქტურასა და საიდუმლოებას უშეცდომოდ ვერ წარმოაჩენს. ის კარგად იცნობს ქმნილებათა მიზეზებს, მაგრამ არა სკუთრივ ქმნილებათა შედგენილობას, არსსა და აგებულებას” (იოანე რომანიდისი). ამდენად, ვარკვევთ, რომ ღვთივშთაგონება მათ ადამანისთვის სულიერი ჭეშმარიტების გასაცხადებლად, მეტაფიზიკურ საგნებზე სასაუბროდ მიიღეს.
ფიზიკურ სამყაროზე საუბრისას, ვგონებ, კარგი და თვალსაჩინო მაგალითი იქნება საღვთომითოსური ადამისა და ევას სამოთხეში ყოფის გახსენება. რას ეუბნება მათ ღმერთი და როგორ მცნებას სთავაზობს? ვფიქრობ, სწორად მახსოვს, რომ იმის შესახებ აუწყებს, თუ რა არის საჭირო ღმერთთან ურთიერთობისთვის და როგორ უნდა ეურთიერთონ მას. ე.ი. ღმერთი ადამიანს მეტაფიზიკურ რეალობაზე ესაუბრება, მისი უმთავრესი მიზანი ეს ურთიერთობაა. მაგრამ როცა საქმე ხილულ სამყაროსთან ადამიანის მიმართებას ეხება, ის ამცნებს: ღმერთად დამიდგენიხარ ამ სამყაროში, ეუფლე მას. ყოველივე შენია, იზრუნე მასზე. მასზე ზრუნვა, ჩემი აზრით, იმას გულისხმობს, რომ გაიგო მისი რაობა და პრობლემები. პრობლემები კი, განსაკუთრებით, ადამიანის დაცემის შემდეგ, რადგან, ვამბობთ, რომ ადამიანის ყოფა აისახება მის გარემოზეც. ვთვლი, რომ ეს ზრუნვა იგივე მეცნიერებაა, მოწოდება მეცნიერებისკენ. მეტი თვალსაჩინოებისთვის აქვე კიდევ გავიხსენებ, რა ხასიათისაა ღმერთის საუბარი, საერთოდ, რაზე საუბრობს ღმერთი და რომ ბიბლია ამას ხაზგასმით ამბობს. თითქმის ყველა წინასწარმეტყველის ყოველი საუბარი ასეთი სიტყვებით იწყება (რასაც ხაზგასმად აღვიქვამ): “ამას ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ. მომეცი მე, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ. თუკი მიხვდები, რომ შორს ხარ ჩემგან და მოინანიებ, მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; მატყლის ფითილასავით ვაქციო. ნისლივითა და ღრუბელივით წარვხოცავ შენს ცოდვებსა და უსჯულოებას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე. მინდა გაიგო, რომ მე ვარ სიცოცხლე და ჩემით იცოცხლებ საუკუნოდ. ეს იქნება შენი მოდგმის კურთხევა”.* ღმერთს არ უთქვამს: შეხედე, ეს ხეა; აი, მცენარეები. მათ აქვთ ფესვები, ღერო, ფოთლები და ნაყოფი. ღერო სხვადასხვა გარსისგან შედგება. აი, ნახე, თითოეული ქმნილება უმცირესი უჯრედებისგან შედგება. იცოდე, მცენარე რომ გაზარდო ასე და ასე მოიქეცი, წყალი უსხი და მისთ. თუმცა გვიბიძგა და მოგვიწოდა, რომ ამ ყოველივეს გაგება ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რასაც დღემდე, ასე თუ ისე, მაინც წარმატებულად ვახორციელებთ. ამ უბრალო სიცხადის გამოა, რომ ბიბლია არ აპირებს ვინმეს გეოგრაფია, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია და მედიცინა ასწავლოს ან სხვა სამეცნიერო ინფორმაციებს აზიაროს. გავიმეორებ, რომ ხსენებულ საგნებთან შეეხებისას, ცხადია, იგი დამწერთა შეზღუდულ ცოდნას ეფუძნება, რომელიც იმ პერიოდისათვის ჰქონდათ ადამიანებს. სწორედ ამავე მიზეზით არ დაწერილა ის პოლიტიკური განსაზღვრებების დასადგენად ან გადმოსაცემად, არც იმისთვის, რომ მასში ჰუმანისტური, ფილოსოფიური მსჯელობები ამოგვეკითხა. ტრადიციული გაგებით, თუკი მკითხველი სულიერად მიუახლოვდება ბიბლიას, მაშინ ის თავის სულიერ კურთხევებს ავლენს. შევნიშნავ, რომ არა იმდენად ინტელექტუალურ, რამდენადაც სულიერ ასპექტში, რადგან ესაა მისი ერთადერთი კომპეტენცია. აქვე მცირედს დავამატებ ე.წ. კრეაციონისტებზე. მიმაჩნია, რომ მათ თავის დროზე (XIX-XX სს.) ისეთ ვითარებაში მოუწიათ ამ პრობლემებში ჩაბმა, როცა მეცნიერების ღვაწლით სამყარო იმ დროს წარმოუდგენელ და შესანიშნავ აღმოჩენებს გაეცნო. ბუნებრივი იყო, ამ ყველაფერს კარგი გააზრება სჭირდებოდა, რაც დროის უმოკლეს ვადაში ნაყოფიერად ვერ მოხერხდა და სხვა გზით წარიმართა დისკუსიები ამა თუ იმ საკითხზე, რომლის ალოგიკურ და არამეცნიერულ დასკვნით შედეგებსაც დღემდე ვხვდებით კრეაციონისტ მკვლევართა ამა თუ იმ საზოგადოებებში.
კაცობრიობის კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ხასიათის ლიტერატურა იქმნებოდა. ანტიკური ხანიდან გვაქვს შემორჩენილი ლიტერატურული ნაწარმოებები. მაგალითად, ჰომეროსის ორი ცნობილი თხზულება, შუამდინარული გილგამეშის ეპოსი და ინდური ათჰარვავედა. მათში, თქმაც ხომ ზედმეტია, რომ მატერიალურ საკითხებთან მიმართებაში ის ცოდნაა ნაჩვენები და გატარებული, რაც იმავე დროში არსებობდა. მაგ. ყველაზე მარტივი, კოსმოლოგიის მაგალითი, იმ დროინდელი წარმოდგენა სამყაროს აგებულებაზე. რომ ვარსკვლავები მხოლოდ ბრწყინვალე წერტილები, მარგალიტები თუ კრისტალებია და რომ ცა ერთი დიდი კარავია და სხვ. მაგრამ, რადგან მომდევნო საუკუნეებში უკვე გავარკვიეთ, რომ ეს ასე არაა, სრულიად არ აკნინებს ამ თხზულებათა ღირსებას. რადგან ხვდები, რომ ჰომეროსს სულაც არ ჰქონდა მიზნად, შენ, მკითხველი კოსმოლოგი გამხდარიყავი, ან გცოდნოდა მთვარეზე როგორი კრატერებია. როცა ნაწარმოებს წერს, იგი ცდილობს გასიამოვნოს ცხოვრებით, გასწავლოს ადამიანური ცხოვრება, რომ სანამ ცოცხალი ხარ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც ბიბლია ამბობს, არაფერია ისე საყვარელი ღმერთისთვის, როცა ადამიანი სიბრძნით ცხოვრობს. და ეს, დამეთანხმებით, ყოველი გონიერი ადამიანისთვის სასურველია.
მაშ ასე, იმ ბოლო კითხვის საპასუხოდ, მისაღებია თუ არა ბიბლიის სიტყვა, დასკვნის გამოტანა, ცხადია, თქვენზეა მონდობილი. უკანასკნელ, მადლობა მინდა გითხრათ, რომ გაეცანით წერილს.
ავტორი: აკაკი ჯოხაძე
წყარო
მსგავსი თემები :
რა არა რის ბიბლია
Комментариев нет:
Отправить комментарий