четверг, 11 июля 2013 г.

პატრიარქი მუსლიმან და ქრისტიანი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა



სრულიად საქართველოს კატოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ილია მეორე საპატრიარქოში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმან და ქრისტიანი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა.  საუბრის მთავარ თემას ბოლო პერიოდში სამთაწყაროში განვითარებული მოვლენები და ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის მიერ მუსლიმებისთვის პარასკევის ტრადიციულ ლოცვაში ხელის შეშლა წარმოადგენდა.
პატრიარქის განცხადებით, „არავის აქვს უფლება, ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს ლოცვასა და რელიგიური მსახურების აღსრულებაში  ხელი შეუშალოს“. ამასთან, პატრიარქმა სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმანებს მოუწოდა, „თუ რაიმე სახის შეზღუდვა ექნებათ, თბილისში ჩამოვიდნენ და ლოცვა მუსლიმანური წესით საპატრიარქოში აღავლინონ“.
„მე გავიგე, რომ რაღაც უთანხმოება არის. სინამდვილეში ამ უთანხმოების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ზოგიერთს სურდა, რომ უთანხმოება ყოფილიყო და სპეციალურად აღვივებდა ამ ყველაფერს. მე გაზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, სადაც ჩვენი უახლოესი ნათესავები მუსლიმანი ქისტები იყვნენ. დედაჩემი და მამაჩემი ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცათ, ჩვენ კი მეორე ოთახში ხატების წინ ვლოცულობდით. ასეთ ოჯახში ვარ მე გაზრდილი და ჩემთვის ორივე მხარე სულიერი შვილები არიან. აქედან გამომდინარე, არასოდეს დავუშვებ, რომ რომელიმე მხარე დაიჩაგროს. ასე რომ, ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ, ჩემთან მოხვიდეთ და ილოცოთ. ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი, ამიტომ არავინ ერთმანეთი არ უნდა გაიმეტოს, პირიქით, უნდა დაეხმაროთ ერთმანეთს. პროვოკატორებს არ უნდა მოვუსმინოთ და კონფლიქტი ხელოვნურად არ უნდა შევქმნათ,“– განაცხადა ილია მეორემ.
როგორც ერთ-ერთმა სამთაწყაროელმა, მუსლიმმა სულიკო ცინცაძემ განაცხადა, მათსა და მართლმადიდებლებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა.
“ჩვენ 32 წელია, რაც სამთაწყაროში ჩამოგვასახლეს და ვმეგობრობთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახებთან. საუბარი, თითქოს ჩვენს შორის დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამას, სავარაუდოდ, პროვოკატორ ადამიანთა ნაწილი აკეთებდა”, – აღნიშნა ცინცაძემ.
მისივე განცხადებით, ქრისტიან და მუსლიმ ხალხს შორის წლების განმავლობაში არსებობს ურთიერთსიყვარული. “ჩვენს შორის დაბრკოლება არ ყოფილა და ჩვენ ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ ვუშლით”, – აღნიშნა სულიკო ცინცაძემ.
მართლმადიდებელი ქრისტიანის, თემო ჯაიანის განცხადებით კი, სამთაწყაროში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობაა. “მუსლიმებს არავინ უკრძალავს ლოცვას, პირიქით, როდესაც მათი დღესასწაულებია, გვეპატიჟებიან და ჩვენც ვეპატიჟებით ქრისტიანულ დღესასწაულებზე და არავითარი დაპირისპირება არ არსებობს”, – აღნიშნა თემო ჯაიანმა.
შეგახსენებთ, უკვე მერამდენე კვირაა სოფელ სამთაწყაროში მუსლიმებს და ადგილობრივებს შორის კონფლიქტური ვითარება არ ცხრება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий