“კულტურა” ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.
ტერმინი “კულტურა” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ცულტურა, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად ედო ზმნა ცოლერე. ამ უკანასკნელს მრავალი მნიშვნელობა გააჩნდა: დასახლება, კულტივირება, მფარველობა, თაყვანისცემა და სხვ. ზოგიერთი მათგანი შემდგომში დამოუკიდებელ ტერმინებად ჩამოყალიბდა, მაგალითად, “დასახლება” _ ცოლონუს – კოლონია, “თაყვანისცემა” _ ცულტუს – კულტი. ლათინურ ენაში ცულტურა , ძირითადად, მიწის დამუშავების მნიშვნელობით იხმარებოდა, თუმცა უკვე კლასიკურ ლათინურში გვხვდება მისი გამოყენება აღზრდის, გონების სრულყოფის, გონებრივი შრომის მნიშვნელობითაც.
ანტიკურ ეპოქაში ჩამოყალიბდა წარმოდგენა გარემომცველი სამყაროს ორ სფეროზე: ბუნება – ნატურა – ანუ ის, რაც შეიქმნა და ვითარდება ადამიანისაგან დამოუკიდებლად, და კულტურა – მეორე ბუნება, რომელიც შექმნილი ან გარდაქმნილია ადამიანის მიერ.
თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი “კულტურა” XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სემუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.
შევეხებით იმ ძირითად მნიშვნელობებს, რომლითაც “კულტურა” გამოიყენება თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში.
ამერიკელი სოციოლოგების ა.კრიობერისა და კ.კლაკჰონის მიერ 1952 წ. ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან 1919 წლამდე კულტურის ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული (პირველი, როგორც ითვლება, ცნობილ ინგლისელ მეცნიერს ე.ბ.ტაილორს ეკუთვნის); 1920-დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი ინტერპრეტაციები. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ზოგიერთი ნაკლი მაინც ჰქონდა: ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს.
დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურის ფენომენის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია: ისტორიული, ლოკალურ-ისტორიული სტრუქტურული, სტრუქტურულ-ფუნქციური, სისტემური (ფ.ბოასი, კ.ლევი-სტროსი, ბ.მალინოვსკი, ა.რადკლიფ-ბრაუნი, ლ.უაიტი) და სხვ.
კულტურის ფენომენი სხვადასხვა მეცნიერების შესწავლის ობიექტია. თვით ცნების უნივერსალურობა და ყოვლისმომცველობა საშუალებას იძლევა, განვიხილოთ იგი მრავალ ასპექტში: როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო; სოციალური ინსტიტუტი; პიროვნების განვითარების დონის მახასიათებელი; საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა; სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი; თვითდეტერმინაციის ფენომენი და ა.შ. ამდენად, სრულიად ბუნებრივია განსაზღვრებათა ზემოთ ნახსენები სიმრავლეც.
ფართო აზრით, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის “ახალ სამყაროს” და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ასეთი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.
ა.კრიობერმა და კ.კლაკჰონმა ზემოთ დასახელებულ ნაშრომში სცადეს კულტურის განსაზღვრებათა კლასიფიცირება და ეს დეფინიციები 6 ძირითად ჯგუფად დაჰყვეს. მივყვეთ ამ სქემას, შევეხოთ ზოგიერთ განსაზღვრებას, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში.
კულტურის ცნების დეფინიციები შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:
1. აღწერილობითი ხასიათის განსაზღვრებანი. ამ ტიპის განსაზღვრებათა ფუძემდებლად ითვლება ე.ტაილორი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კულტურის პირველი, დღეისათვის ქრესტომათიულად ქცეული მეცნიერული დეფინიციის ავტორად მიიჩნევა: “კულტურა ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით, შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებებისა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევისაგან, რომლებიც შეძენილია ადამიანის როგორც საზოგადოების წევრის მიერ”. როგორც ვხედავთ, ტაილორი არა მხოლოდ ჩამოთვლის კულტურის შემადგენელ ელემენტებს, არამედ ხაზს უსვამს მის არაბიოლოგიურ, სოციალურ ბუნებას. ამ თვალსაზრისით, ტაილორის ტრადიციას სხვა ტიპის განსაზღვრებათა მომხრეებიც აგრძელებენ, რასაც ქვემოთ შევეხებით.
2. ისტორიული განსაზღვრებანი, რომლებშიც აქცენტირებულია სოციალური მემკვიდრეობითობა, განვითარება, ტრადიცია. ცნობილი ლინგვისტის ე.სეპირის განმარტებით, კულტურა არის “მოღვაწეობის ხერხებისა და რწმენა-წარმოდგენათა კომპლექსი, რომელიც მიღებულია სოციალური მემკვიდრეობის გზით და რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ქსოვილს”. ანთროპოლოგ ე.ჰიობელის განსაზღვრებით, “კულტურა არის ინტეგრირებული სისტემა ქცევის შესწავლილი მოდელებისა, რომლებიც დამახასიათებელია საზოგადოების წევრთათვის და რომლებიც არ წარმოადგენენ ბიოლოგიური მემკვიდრეობის შედეგს”.
3. ნორმატიული განსაზღვრებანი, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: ა) დამყარებული ცხოვრების წესის კრიტერიუმზე. მაგალითად, ანთროპოლოგ კ.უისლერის განმარტებით, “ცხოვრების წესი, რომელსაც მისდევს მოცემული თემი თუ ტომი, არის მისი კულტურა… ეს არის სტანდარტიზებულ რწმენა-წარმოდგენათა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომელსაც მისდევს თემი”.
თავად ა.კრიობერი და კ.კლაკჰონი აღნიშნავდნენ, რომ “კულტურის საფუძველია სქემატიზებული და ეტალონური აღქმის, რეაგირების წესი, რომლებიც იქმნება და გადაეცემა, უმთავრესად, სიმბოლოების დახმარებით… კულტურის ძირითად ბირთვს შეადგენს ტრადიციული (ე.ი. ისტორიულად შერჩეული და გადაცემული)…იდეები და, უწინარესად, ამ იდეებთან დაკავშირებული ფასეულობანი”. აქვე საინტერესო იქნება ფილოსოფოს კ.მანჰაიმის თვალსაზრისის გახსენება, რომლის თანახმად, არსებობს “არა ერთი კოლექტიური გამოცდილება, ერთი განსაზღვრული მიმართულებით, არამედ სამყარო შეიმეცნება სხვადასხვაგვარად; აზროვნების რამდენიმე ერთდროულად არსებული (თუმცა, ფასეულობათა წარმოშობის თვალსაზრისით, არა ერთნაირი), ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია იბრძვის “საერთო სამყაროს” საკუთარი ხედვის დამკვიდრებისათვის, რომელიც მას გამოცდილებით გააჩნია”. ბ) განსაზღვრებანი, ორიენტირებული იდეალებსა და ფასეულობებზე. “კულტურა – ესაა ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფის მატერიალური და სოციალური ფასეულობანი (ინსტიტუტები, ზნე-ჩვეულებანი, ქცევითი რეაქციები), მიუხედავად იმისა, ველურებზეა საუბარი თუ ცივილიზებულ ადამიანებზე”, _ წერდა სოციოლოგი უ.თომასი. “კულტურა, ანუ ადამიანთათვის საერთო იდეები და სტანდარტები, არის ის, რაც ჭეშმარიტად აკავშირებს მათ ერთმანეთთან”.
ამერიკელი სოციოლოგი ნ.სმელზერი კულტურას განსაზღვრავს როგორც რწმენათა, ფასეულობათა და გამომსახველობით საშუალებათა ერთობლიობას, რომლებიც საერთოა რაღაც ჯგუფისათვის და ემსახურება ამ ჯგუფის წევრთა გამოცდილების მოწესრიგებასა და ქცევის რეგულირებას. კულტურის ძირითად ელემენტებად გვევლინება ცნებები (კონცეპტები), რომელთაც შეიცავს ენა, აგრეთვე ურთიერთობანი, კავშირები, ფასეულობები, რომელთა მიხედვით ადამიანები აყალიბებენ საკუთარ მიზნებსა და წესებს, განსაზღვრავენ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ამრიგად, აქ კულტურა გაგებულია როგორც ფასეულობათა, ქცევის ნორმათა და სტანდარტთა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ადამიანთა ურთიერთობებს ერთმანეთთან, საზოგადოებასა და ბუნებასთან.
თანამედროვე ინგლისელი სოციოლოგი ა.გიდენსი აგრეთვე მიიჩნევს, რომ კულტურა მოიცავს ცალკეული ჯგუფების შექმნილ ფასეულობებს, ნორმებს, რომელთაც ისინი იცავენ, და მათ მიერ წარმოებულ მატერიალურ საგნებს. ფასეულობათა როლში გამოდის აბსტრაქტული იდეალები, ნორმები კი, რომლებიც განსაზღვრავენ ნებადართულსა და აკრძალულს, წარმოადგენენ პრინციპებს ან წესებს, რომლებიც ადამიანებმა უნდა დაიცვან ცხოვრების მანძილზე.
4. ფსიქოლოგიური განსაზღვრებანი, თავის მხრივ, დაყოფილი ოთხ ჯგუფად:
ა) აქცენტი კეთდება გარემოსთან ადაპტაციაზე. “სასიცოცხლო პირობებთან შეგუების საშუალებათა ერთობლიობა არის კულტურა. ეს საშუალებანი ყალიბდება ვარირების, სელექციისა და მემკვიდრეობით გადაცემის გზით”, _ აღნიშნავდნენ სოციოლოგები უ.სამნერი და ა.კელერი.
ბ) აქცენტირებულია შესწავლის, სწავლების პროცესი. “კულტურა არის სოციოლოგიური აღნიშვნა შესწავლილი ქცევისა, რომელიც არ ეძლევა ადამიანს დაბადებიდან, არ არის ჩადებული ჩანასახოვან უჯრედებში, როგორც კრაზანებთან ან ჭიანჭველებთან, არამედ ათვისებული უნდა იქნას ყოველი ახალი თაობის მიერ, უფროსთაგან შესწავლის გზით”, _ წერდა რ.ბენედიქტი.
გ) ყურადღება ექცევა ჩვევათა ჩამოყალიბებას. “კულტურა – ეს არის ქცევის ჩვეული ფორმები, რომლებიც საერთოა ჯგუფის, ერთობის ან საზოგადოებისათვის. იგი შედგება მატერიალური და არამატერიალური ელემენტებისაგან” (სოციოლოგი კ.იანგი). ლ.გუმილიოვის სიტყვით, “კულტურა არის ქცევისა და მსოფლმხედველობის სტერეოტიპი”. ცნობილმა ინგლისელმა ისტორიკოსმა თ.კარლაილმა კულტურას “ჩვევათა გარსი” უწოდა. ამ “გარსის” ანუ ჩვევათა სისტემის გარეშე არ არსებობს არც ერთი საზოგადოება. როცა “გარსი”, დედამიწის ქერქის მსგავსად, იბზარება, ამოხეთქავს ქაოსის, ნგრევისა და ზნეობრივი დაცემის ტალღა. გაივლის არეულობისა და ბრძოლის მრავალი წელი, ვიდრე ეს ქაოსი ახალ წესრიგად ჩამოყალიბდება და წარმოიქმნება ახალი “ჩვევათა გარსი”.
დ) “წმინდა ფსიქოლოგიური” განსაზღვრებანი. ფსიქოანალიტიკოს გ.როხაიმის განმარტებით, “კულტურად მივიჩნევთ ერთობლიობას ყველა სუბლიმაციისა, შედეგიანი რეაქციისა და ყოველივე იმისა, რაც თრგუნავს იმპულსებს ან ქმნის მათი გაუკუღმართებული რეალიზაციის შესაძლებლობას”.
5. სტრუქტურული განსაზღვრებანი, რომელთა ავტორებისათვის ამოსავალია კულტურის სტრუქტურული ორგანიზაცია. მაგალითად, ანთროპოლოგ რ.ლინტონის განმარტებით, “კულტურები, საბოლოოდ, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების წევრთა ორგანიზებული, განმეორებადი რეაქციები… ეს არის შესწავლილი ქცევისა და ქცევის შედეგების ერთობლიობა, რომლის კომპონენტები მემკვიდრეობით გადაეცემა. კოგნიტური ანთროპოლოგიის სკოლის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კულტურა შედგება ფსიქოლოგიური სტრუქტურებისაგან, რომელთა მეშვეობით ინდივიდები ან ინდივიდთა ჯგუფები განსაზღვრავენ თავიანთ ქცევას. ამ სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის უ.გუდინაფის სიტყვით, “საზოგადოების კულტურა შედგება იმისაგან, რაც საჭიროა ვიცოდეთ და საჭიროა გვწამდეს, რათა ჩვენი ქცევა მისაღები იყოს საზოგადოების სხვა წევრებისათვის… კულტურა ადამიანთა გონებასა და გულშია.
6. გენეტიკური განსაზღვრებანი, დამყარებული მისი წარმოშობის ფაქტორზე. ეს განსაზღვრებებიც ოთხ ჯგუფად იყოფა:
ა) კულტურა განიხილება როგორც შედეგი ან არტეფაქტი. კულტურა, “სიტყვის ყველაზე ფართო აზრით, აღნიშნავს ერთობლიობას ყოველივე იმისა, რაც შექმნილი ან მოდიფიცირებულია ორი ან მეტი ინდივიდის ცნობიერი ან არაცნობიერი საქმიანობით, ინდივიდებისა, რომლებიც ურთიერთქმედებენ ან ზემოქმედებენ ერთმანეთის ქცევაზე”, _ წერდა სოციოლოგი პ.სოროკინი.
ბ) აქცენტი კეთდება იდეებზე. სოციოლოგ ჰ.ბეკერის მიხედვით, “კულტურა – ეს არის შედარებით მუდმივი არამატერიალური შინაარსი, რომელიც საზოგადოებაში განზოგადების პროცესის მეშვეობით გადაეცემა”.
გ) აქცენტირებულია სიმბოლოთა როლი. ამ მხრივ ფრიად საინტერესო და ფართოდ ცნობილი განსაზღვრება ეკუთვნის ლ.უაიტს: “კულტურას ვუწოდებთ ერთობლიობას საგნებისა და მოვლენებისა, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანთა სახეობისთვის დამახასიათებელ მენტალურ უნართან – სიმბოლიზაციის უნართან. უფრო ზუსტად, კულტურა შედგება მატერიალური საგნების, მოქმედებების, რწმენა-წარმოდგენებისა და ურთიერთობებისაგან, რომლებიც ფუნქციონირებენ სიმბოლურ კონტექსტში. იგი წარმოადგენს რთულ ექსტრასომატურ მექანიზმს, რომელსაც ადამიანი იყენებს გადარჩენისა და არსებობისათვის ბრძოლაში”.
დ) კულტურა განისაზღვრება როგორც არაკულტურიდან წარმოშობილი ფენომენი. “იმას, რაც განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან, ვუწოდებთ კულტურას”, – წერდა ვ.ოსტვალდი.
თავად კ.კლაკჰონი ნაშრომში “სარკე ადამიანისათვის” კულტურის ათზე მეტ განსაზღვრებას იძლევა: “ხალხის ცხოვრების განზოგადებული წესი”; “სოციალური მემკვიდრეობა, რომელსაც ინდივიდი იღებს თავისი ჯგუფისაგან”; “აზრთა, გრძნობათა და რწმენა-წარმოდგენათა სახე”; “ქცევის აბსტრაქცია”; “ადამიანთა ჯგუფის ქცევის ანთროპოლოგთა მიერ შექმნილი ვერსია”; “კოლექტიური ცოდნის საგანძური”; “განმეორებად პრობლემებში ორიენტაციის სტანდარტული ნაკრები”; “შესწავლადი ქცევა”; “მექანიზმი ქცევის ნორმატიული რეგულირებისათვის”; “გარემოსა და სხვა ადამიანებთან შეგუების ხერხების ერთობლიობა”; “ნალექი, რომელსაც ტოვებს ისტორია”; “რუკა, მატრიცა”.
როგორც ვხედავთ, ა.კრიობერმა და კ.კლაკჰონმა სცადეს, გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, დაეჯგუფებინათ კულტურის დეფინიციები. ჩვენის მხრივ, მათ მიერ მოტანილ მაგალითებს ზოგი შედარებით ახალი დეფინიცია დავუმატეთ. მიღებული სურათი ფრიად საინტერესოა, მაგრამ, ცხადია, არსებულ დეფინიციებს სრულად არ მოიცავს. სქემის მიღმა რჩება კულტურის უამრავი საინტერესო განსაზღვრება. გარდა ამისა, კლასიფიკაციაში მოხვედრილი დეფინიციები რიგ შემთხვევებში ერთმანეთს გადაფარავენ, მაგალითებად კი ყველაზე მკაფიოდ ფორმულირებული განსაზღვრებებია შერჩეული.
დასასრულ, არ გვინდა გვერდი ავუაროთ კულტურის კიდევ რამდენიმე განსაზღვრებას.
ო.შპენგლერმა კულტურა ცოცხალ ორგანიზმთან გააიგივა, რომელიც სულიერი ცხოვრების იდუმალი ჭაობიდან იბადება და ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელ ყველა საფეხურს გადის: ბავშვობას, სიმწიფეს, სიბერესა და სიკვდილს. კულტურათა დასახასიათებლად მან შემოიტანა ბიოლოგიაში გამოყენებული “ჰაბიტუსის” ცნება, რომელიც აღნიშნავს მცენარის დამახასიათებელ გარეგნულ მახასიათებლებს, განვითარების მსვლელობასა და ტემპს, სიცოცხლის ხანგრძლიობას, რის წყალობითაც იგი, თავისი თითოეული ნაწილით, განვითარების ყოველ საფეხურზე განსხვავდება მცენარეთა სხვა სახეობებისაგან. შპენგლერის აზრით, ეს ცნება შეიძლება გამოყენებულ იქნას დიდ სოციალურ ორგანიზმებთან მიმართებაშიც; ამრიგად, შესაძლებელია ლაპარაკი ინდური, ეგვიპტური, ანტიკური, დასავლეთევროპული და სხვა კულტურების ჰაბიტუსზე. იგი აისახება ცალკეული ადამიანების ქცევასა და აზროვნებაში, თავდაჭერასა და მსოფლმხედველობაში. კულტურის არსებობის მანძილზე იგი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ხელოვნება, მეცნიერება, ადმინისტრაციული და პოლიტიკური სისტემის არჩევა, სამართალი, ურთიერთობისა და ქცევის ნორმები და სხვ. თითოეული კულტურა თავისი მასალით ქმნის საკუთარ ფორმას, იდეას, გრძნობებსა და საკუთარ აღსასრულს. როგორც ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი თავიანთი ფორმითა და სახით გამოავლენენ მცენარის სახეს, ასევე რელიგიური, მეცნიერული, ფილოსოფიური, სამეურნეო სისტემები გამოხატავენ კულტურის სახეს. როგორც მცენარე, კულტურაც მთელი სიცოცხლე მიჯაჭვულია იმ ნიადაგს, საიდანაც აღმოცენდა.
ამერიკელმა ანთროპოლოგმა კ.გირცმა სცადა გადაესინჯა კულტურის ცნების ადრინდელი ინტერპრეტაციები და ჩამოაყალიბა კულტურის სემიოტიკური კონცეფცია. გაიზიარა რა მაქს ვებერის თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ადამიანი ცხოველია, რომელიც გარშემორტყმულია აზრთა მის მიერვე მოქსოვილი ბადით, გირცმა ამ ბადედ სწორედ კულტურა მიიჩნია. მისი აზრით, თუ ადამიანის ქცევა განხილული იქნება როგორც სიმბოლური ქმედება, რომლითაც რაღაც აღინიშნება, მაშინ აზრს დაკარგავს ანთროპოლოგთა უსასრულო კამათი კულტურის სუბიექტურობისა თუ ობიექტურობის, აგრეთვე იმის შესახებ, კულტურა პატერნირებული ქცევაა, სულიერი მდგომარეობა, თუ ერთიცა და მეორეც. გირცი თვლის, რომ კულტურა – ესაა შექმნილი და შექმნის პროცესში მყოფი ნიშნების (სიმბოლოების) ურთიერთმოქმედ სისტემათა ერთობლიობა. კულტურა შედგება საზოგადოების მიერ დადგენილ მნიშვნელობათა სტრუქტურებისაგან, რომელთა მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ გაგზავნონ და მიიღონ საიდუმლო სიგნალები, აღიქვან შეურაცხყოფა და უპასუხონ მას.
შეიძლება დავასახელოთ კიდევ მრავალი საინტერესო და ორიგინალური დეფინიცია, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ნათელია, რომ კულტურის ცნების ნებისმიერი განსაზღვრება მოიცავს ამ ფენომენის ერთ ან რამდენიმე მხარეს, ავტორის ინტერესისა და კვლევის ობიექტიდან გამომდინარე. ყოვლისმომცველობისა და ამომწურაობის პრეტენზია კი ვერც ერთს ვერ ექნება. კვლევის პროცესში ვსარგებლობთ ე.წ. სამუშაო განსაზღვრებებით, რომლებიც შეესაბამება ჩვენი კონკრეტული მუშაობის მიზანს.
კულტურის ცნების გვერდით, კულტუროლოგიაში ფართოდ გამოიყენება ცივილიზაციის ცნება. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში აღინიშნება, დღეს ცივილიზაცია დომინირებად კულტურულ-ისტორიულ კატეგორიად იქცა. ყურადღება ხალხებიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში თავსდება. იზრდება ინტერესი ლოკალური ცივილიზაციებისადმი, რომელთა ურთიერთობა არსებით გავლენას ახდენს მსოფლიო ისტორიულ პროცესზე. ცივილიზაციის ფენომენისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია როგორც წმინდა აკადემიური, ასევე პრაქტიკული ინტერესით.
შევეცადოთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ცივილიზაციის ცნების დამკვიდრების ისტორია.
“ცივილიზაცია” ლათინურიდან მომდინარეობს: ცივის, ცივილიტას აღნიშნავდა სამოქალაქოს, სამოქალაქო საზოგადოებას.
XVIII საუკუნეში ტერმინი “ცივილიზაცია” დამკვიდრდა ისტორიული განვითარების გარკვეული სტადიის აღსანიშნავად. ხშირად მისი პირველი გამოყენების თარიღად სახელდება 1752 წელი, როცა იგი გვხვდება ფრანგი ფილოსოფოსისა და სახელმწიფო მოღვაწის ჟ.ტიურგოს მიერ სორბონაში წარმოთქმულ სიტყვაში, მაგრამ ლ.ფევრი, რომელმაც “ცივილიზაციის” ცნების დამკვიდრების ისტორიის შესწავლას ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური ნაშრომი მიუძღვნა, თვლიდა, რომ ტერმინს იყენებდა არა თავად ჟ.ტიურგო, არამედ მისი გვიანდელი გამომცემლები, კერძოდ, დიუპონ დე ნემური.
1766 წელს სიტყვა “ცივილიზაცია” გვხვდება გზებისა და ხიდების ინჟინრის ბულანჟეს ნაშრომში “წარსული, წარმოდგენილი ზნე-ჩვეულებებით”, რომელიც ამსტერდამში გამოვიდა მალე მისი გარდაცვალების (1759 წ.) შემდეგ. მართალია, დასახელებულ ნაშრომში ეს ტერმინი ერთადერთხელაა გამოყენებული, მაგრამ მას ახლავს საინტერესო განმარტება: “როცა ველური ხალხი ცივილიზებული ხდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ ცივილიზაციის აქტი დასრულებულად მას შემდეგ, რაც ხალხს მიეცა მკაფიო და შეუვალი კანონები: საჭიროა, რომ იგი განიხილავდეს ამ კანონებს, როგორც განვითარებად ცივილიზაციას”, _ წერდა ბულანჟე. მის “თანაავტორად” მიიჩნევა ბარონი დე ჰოლბახი, რომელმაც გადაამუშავა ბულანჟეს ნაშრომი და რომელიც სიტყვა “ცივილიზაციას” იყენებს თავის თხზულებაშიც “საზოგადოების სისტემა”. ამგვარად, დასახელებული ტერმინის სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანას უკავშირებენ ბულანჟესა და ჰოლბახის სახელებს.
1765-1775 წლებს შორის ტერმინი “ცივილიზაცია” თანდათანობით მკვიდრდება. 1768 წელს იგი გამოყენებული აქვს მარკიზ დე მირაბოს ტრაქტატში “კანონთა მეგობარი”. როგორც ლ. ფევრი აღნიშნავდა, “რევოლუციის მოახლოებასთან ერთად სიტყვა “ცივილიზაცია” გამარჯვებას ზეიმობს”. 1798 წ. იგი პირველად შეიტანეს “აკადემიის ლექსიკონში”, რომელიც მანამდე ამ სიტყვას არ სცნობდა.
საინტერესოა, რომ საფრანგეთშიც და ინგლისშიც, რომლებიც დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ტერმინ “ცივილიზაციის” დამამკვიდრებლის პატივს, ზმნა “ცივილისერ” – “ტო ცივილიზე” და ზმნიზედა “ცივილისé” – “ცივილიზედ” შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
იმ დროს, როცა წარმოიშვა ტერმინი “ცივილიზაცია”, ადამიანთა საზოგადოების ისტორიის შემეცნება იმ საფეხურზე იდგა, რომელიც აყალიბებდა წარმოდგენას ერთიან და ერთგვაროვან საკაცობრიო ცივილიზაციაზე, და არა რელატივისტურ თვალსაზრისს ეთნიკურ ან ისტორიულად არსებულ ცივილიზაციებზე. მის საფუძვლად და სათავედ ცხადდებოდა დაგროვილი გამოცდილება, მიწის საკუთრება, ადამიანის მიჯაჭვა მიწაზე, ვაჭრობა, სიმდიდრის დაგროვება ან რომელიმე სხვა ფაქტორი, პირველ რიგში – ადამიანის გონების სრულყოფა. ცივილიზაციის მახასიათებლებსა და სათავეებზე კამათობდნენ, ხანდახან – ცხარედაც, მაგრამ შეხედულება ცივილიზაციაზე, როგორც საერთო-საკაცობრიო ფენომენსა და კაცობრიობის საერთო მომავალზე, ეჭვს არ იწვევდა.
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ა.ფერგიუსონმა (1723-1816) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად.
თავდაპირველად ცივილიზაციის ცნება გამოიყენებოდა საზოგადოების პროგრესული განვითარების თეორიის ფარგლებში, “ველურობისა” და ბარბაროსობის” მომდევნო საფეხურის აღსანიშნავად. ფრანგი განმანათლებლები თვლიდნენ, რომ ცივილიზაცია წარმოადგენს სოციალურ წყობას, რომელიც ემყარება გონისა და სამართლიანობის საწყისებს.
შარლ ფურიემ კაცობრიობის ისტორია 7 საფეხურად დაჰყო: 1) ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა: ადამიანები თავისუფალნი და თანასწორნი იყვნენ, საკვები უხვად ჰქონდათ, ცხოვრობდნენ ჯგუფებად, არ იცნობდნენ მონოგამიას. 2) ველურობის საფეხური: მოსახლეობის რიცხვი იზრდება. მას თავს ატყდება წინა საფეხურისათვის უცნობი უბედურებანი. 3) პატრიარქატი: ძლიერები ბატონობენ სუსტებზე, მამაკაცები _ ქალებზე. გაჩნდა კერძო საკუთრება. 4) ბარბაროსობა: ჩნდება ცივილიზაციის ჩანასახები, პირველ რიგში ხელოსნობა და ვაჭრობა. 5) ცივილიზაცია: პირადი ინტერესი უპირისპირდება საზოგადოებრივს, ქრება სამართლიანობის გრძნობა. თუმცა ცივილიზაციას დადებითი მომენტებიც აქვს: სტიმულს აძლევს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, იზრდება შრომის ნაყოფიერება. 6) გარანტიზმი. 7) სოციენტიზმი, რომლის ფარგლებში მიიღწევა კაცობრიობის ბედნიერება და ჰარმონია.
ფურიე თვლიდა, რომ ცივილიზაციური წყობის სამეურნეო წესრიგი საზოგადოებრივი უბედურებაა, ღმერთის მიერ ადამიანთა მოდგმის დასასჯელად მოვლენილი. ბატონობს სიღატაკე, ტყუილი, ომი _ ყველასი ყველას წინააღმდეგ. პირადი და საზოგადოებრივი ინტერესი შეურიგებელ წინააღმდეგობაშია. მაგრამ ცივილიზაციას დროებითი, წარმავალი ხასიათი აქვს. კაცობრიობის ისტორიისათვის იგი ისეთივე ავადმყოფობაა, როგორც ყრმისათვის კბილების ამოჭრა. როგორც ადამიანის ორგანიზმი, ცივილიზაციური წყობაც თავის განვითარებაში გადის ოთხ ფაზას: ბავშვობის, სიჭაბუკის, სიმწიფის, მოხუცებულობის.
ტ.ჰ.ბოკლი, რომელმაც დაწერა “ინგლისის ცივილიზაციის ისტორია”, მიიჩნევდა, რომ ცივილიზაციის ჩამოყალიბების და განვითარების წყაროა ცოდნის პროგრესი: “გონებრივი ფაქტორი ისტორიის მეფეა”. ბოკლი ასახელებდა ოთხ ფაქტორს, რომლებიც განმსაზღვრელ ზეგავლენას ახდენენ კაცობრიობის ისტორიაზე: კლიმატს, საკვებს, ნიადაგს და “საერთო სახის ბუნებას”, ანუ ბუნებრივ წესრიგს. მისი აზრით, ცივილზაციის საფუძველია ადამიანთა მიერ შექმნილი სიმდიდრე. “მის გარეშე არ იქნება არც სურვილი, არც დრო იმ ცოდნის გამოყენებისა, რომელზეც დამოკიდებულია ცივილიზაციის წარმატება”. სანამ არ არსებობდა სიმდიდრე, ადამიანი მთლიანად დამოკიდებული იყო ბუნებაზე, ნიადაგსა და კლიმატზე. მაგრამ ბუნების ძალები შეზღუდულია, ადამიანის ძალები კი – ამოუწურავი. კლიმატით განპირობებულმა ენერგიამ უზრუნველყო ევროპელი ხალხებისათვის ცივილიზაციის შექმნისა და განვითარების უნარი. ცივილიზაცია ბოკლს ესმოდა, როგორც ხელოვნების შექმნის, ქალაქების მშენებლობის, სკოლების, ბიბლიოთეკების შექმნის უნარი. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ სიმდიდრის შექმნის შემდეგ. ხალხები, რომელთაც არ გააჩნდათ სიმდიდრე, ვერ გახდნენ ცივილიზებული.
რაც შეეხება ცივილიზაციათა მსგავსებასა და განსხვავებას, ბოკლი წერდა, რომ “ბუნების საერთო სახე” მოქმედებს წარმოსახვასა და გონებაზე. ერთ ვითარებაში ბუნება ჯაბნის ადამიანს, მეორეში _ ადამიანი ბუნებას. პირველ შემთხვევაში დომინირებს ბუნების სტიქიური მოვლენების ზემოქმედებით აღძრული წარმოსახვა, რაც დამახასიათებელი იყო ძველი ცივილიზაციებისათვის. მეორე შემთხვევაში ჭარბობს გონება. ბოკლის აზრით, ევროპაში უპირატესი ტენდენცია იყო ადამიანისადმი ბუნების დაქვემდებარება, ევროპის მიღმა _ ადამიანის დაქვემდებარება ბუნებისადმი.
საზოგადოების განვითარების სტიმულს ბოკლი ხედავდა არა რელიგიებში, რომლებიც იცვლებიან და ქრებიან, არამედ “გონებით ჭეშმარიტებებში”. “ბარბაროსობიდან ცივილიზაციაზე გადასვლას, _ წერდა იგი, _ ევროპა უნდა უმადლოდეს მხოლოდ თავის გონებრივ მოღვაწეობას. მხოლოდ გენიოსთა აღმოჩენებია მუდმივი… შეიცავენ რა ახალი ცხოვრების ჩანასახებს, ისინი მიედინებიან მუდმივი, ამოუწურავი ნაკადის სახით და რამდენიმე საუკუნის შემდეგ შეიძლება უფრო დიდი ძალა გამოამჟღავნონ, ვიდრე აღმოჩენის მომენტში”.
მოგვიანებით გაჩნდა ტერმინ “ცივილიზაციის” მრავლობითი რიცხვი. ამას საფუძვლად დაედო უზარმაზარი მასალის დაგროვება ე.წ. “მოგზაურობათა ეპოქაში”. ნათელი გახდა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურათა მრავალფეროვნება დედამიწის სხვადასხვა რეგიონში.
XIX საუკუნის დასაწყისში ისტორიის მონისტური ინტერპრეტაცია პლურალისტურმა შეცვალა. ლ.ფევრის თანახმად, სიტყვა “ცივილიზაცია” პირველად მრავლობით რიცხვში 1819 წელს იქნა გამოყენებული, რაც ცივილიზაციური წყობის მრავალფეროვნების აღიარების დასაწყისი იყო. “მოგზაურობათა ეპოქაში” დაგროვილმა მასალამ ცხადყო კულტურათა და ცივილიზაციათა მრავალსახეობა მსოფლიოში, აგრეთვე მათი განვითარების სასრულობა. ლ.ფევრის მოხდენილი ნათქვამით, “ადამიანებმა, რომლებმაც გამოიარეს რევოლუცია და იმპერია, გაიგეს ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ მათ წინაპრებს; მათ გაიგეს, თანაც არა წიგნებიდან, რომ ცივილიზაცია შეიძლება მოკვდეს.” მოგვიანებით ჟ.ა. დე გობინო წერდა: “ცივილიზაციათა დაცემა – ყველაზე უცნაური და, ამავე დროს, იდუმალებით მოცული რამაა ისტორიულ ფენომენთაგან”.
მოგზაურთა, ლინგვისტთა, მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით, ცნება “ცივილიზაციის” შინაარსი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. რესტავრაციის ეპოქაში დაიწყო ცივილიზაციის მეტ-ნაკლებად მწყობრი თეორიების ჩამოყალიბება. ცივილიზაციის “ეთნოგრაფიული” კონცეფციის თანახმად, რომელიც ტ.ჟუფრუას ეკუთვნოდა, ყველა ხალხს თავისი ცივილიზაცია გააჩნია.
ნაშრომში “ევროპის ცივილიზაციის ისტორია” (1829) ფ.გიზომ სცადა, გადაეჭრა წინააღმდეგობა კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეასა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის მრავალფეროვნებას შორის. მან საფუძველი ჩაუყარა ცივილიზაციის ეთნოისტორიულ კონცეფციას, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, არსებობენ ლოკალური ცივილიზაციები, მეორე მხრივ კი არსებობს ცივილიზაცია როგორც კაცობრიობის საერთო პროგრესი: არსებობს ხალხთა ოჯახები, მაგრამ ყველა მათგანი მოქცეულია “ცივილიზაციის ხის ჩრდილქვეშ, რომელიც დროთა განმავლობაში თავისი ფოთლებით შემოსავს მთელ დედამიწას”. “დარწმუნებული ვარ, რომ კაცობრიობას საერთო ბედი აქვს და ცივილიზაციის საერთო ისტორია უთუოდ უნდა დაიწეროს, _ წერდა იგი, _ განვითარების, პროგრესის იდეა სიტყვა “ცივილიზაციის” ძირითადი შინაარსია”. არსებობენ ცივილიზაციები, და ისინი შესწავლილ უნდა იქნან, მაგრამ მათ ზემოთ არის კიდევ ცივილიზაცია და მისი მოძრაობა, უწყვეტი პროგრესი.
გიზოსვე ეკუთვნის ფრიად მნიშვნელოვანი დებულება იმის შესახებ, რომ ცივილიზაცია ისეთივე მოვლენაა, როგორც სხვა ისტორიული მოვლენები, და მიუხედავად იმისა, რომ იგი ძნელად აღსაქმელია, ძნელად ექვემდებარება აღწერას, თვალისათვის მიუწვდომელია, იგი რეალურად არსებობს და შესწავლადია. ცივილიზაცია ისტორიულ მოვლენათა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც შეუძლებელია გამოვრიცხოთ ისტორიიდან ისე, რომ არ დავამახინჯოთ ეს უკანასკნელი.
ზემოთ დასახელებული წინააღმდეგობის დაძლევის შემდგომი ცდები ევროპულ ისტორიულ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში ისტორიის სწორხაზობრივი პროგრესული განვითარების იდეის გაბატონებით აღინიშნა. მის თანახმად, კაცობრიობის ისტორია უნივერსალურ, საყოველთაო კანონზომიერებათა მიხედვით ვითარდება, ცალკეული ქვეყნებისა თუ ხალხების ისტორია კი მხოლოდ ამ კანონზომიერებათა გამოვლინების კერძო შემთხვევებია. მსოფლიო ისტორია – ესაა თანამიმდევრული გადასვლა ერთი საფეხურიდან მეორე, უფრო მაღალ საფეხურზე. ხალხები და ქვეყნები პროგრესის ამ გზაზე სხვადასხვა ტემპით მოძრაობენ.
აღნიშნულ თვალსაზრისს ემყარებოდა ისტორიის ევროპოცენტრისტული ხედვა. მისსავე საფუძველზე ჩამოყალიბდა თვალსაზრისი “ისტორიულ” და “არაისტორიულ” ხალხებზე, ზნეობის განვითარების სამი საფეხურის (ოჯახი, სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო) ჰეგელისეული კონცეფცია, კონტის აზროვნების განვითარების სამი საფეხურის (თეოლოგიური, მეტაფიზიკური, პოზიტიური) კანონი.
ლ.ჰ.მორგანმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “ძველი საზოგადოება” (1877) ერთმანეთისაგან განასხვავა პრიმიტიული და ცივილიზებული საზოგადოებები. მათგან პირველი ემყარება საერთო წარმომავლობისა და ნათესაობის პრინციპებს, მეორისათვის კი დამახასიათებელია საწარმოო ძალების განვითარება, შრომის ფუნქციური დანაწილება, მიწაზე კერძო საკუთრების გაჩენა, სიმდიდრის კონცენტრაცია, საზოგადოების კლასებად დაყოფა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
ლ.ჰ.მორგანის თეორიამ დიდი გავლენა იქონია კ.მარქსისა და ფ.ენგელსის შეხედულებებზე. ისტორიის მკაცრმა მატერიალისტურმა ხედვამ ისინი ფორმაციული თეორიის შექმნამდე მიიყვანა, რომლისთვისაც ცივილიზაცია “კლასობრივი საზოგადოების” ერთ-ერთ, თანაც არა პირველხარისხოვან მახასიათებლად იქცა.
“მატერიალისტური მონიზმის” დაძლევასა და მორგანისეული მრავალფაქტორული მიდგომისაკენ მიბრუნებას შეეცადა ინგლისელი არქეოლოგი ვირ გორდონ ჩაილდი (1892-1957), რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა “ნეოლითური რევოლუციის” ეპოქას: მიწათმოქმედების განვითარებას თან სდევდა სასოფლო თემების ჩამოყალიბება და “ურბანისტული რევოლუცია”, ანუ ქალაქების ზრდა და ახალი სოციალური წესრიგის ჩამოყალიბება. ჩაილდის კონცეფციის თანახმად, ქალაქი ცივილიზაციური პროცესის სიმბოლო და შედეგია, რომლის როლი და მნიშვნელობა განისაზღვრება პროფესიული და სოციალური დიფერენციაციის სტიმულირებით. ჩაილდმა ჩამოაყალიბა ცივილიზაციის მახასიათებელთა შემდეგი ჩამონათვალი: ქალაქებისა და დამწერლობის წარმოშობა, მეურნეობის განვითარების გარკვეული დონე, საგადასახადო სისტემის მეშვეობით სახელმწიფოს ხელში ცენტრალიზებული სიმდიდრე, სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობათა განვითარება, მეცნიერებისა (არითმეტიკა, ასტრონომია) და ხელოვნების განვითარება.
ცივილიზაციის დაახლოებით იგივე კრიტერიუმებს ასახელებს ფ.არმილასი “სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ენციკლოპედიაში.
უ.ადამსის განმარტებით, ცივილიზაციას ქმნის საზოგადოების განვითარების დონე, რომლისთვისაც დამახასიათებელია განვითარებული ტექნოლოგიის არსებობა, სამეურნეო სპეციალიზაცია, ფუფუნების საგნების არსებობა, შორეული ვაჭრობა, ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვა, სოციალური სტრატიფიკაცია, ქალაქები ან მსხვილი ადმინისტრაციული ცენტრები, განვითარებული სამართლებრივი ინსტიტუტები, მუდმივი არმია, სამხედრო უწყებანი, შეიარაღების სპეციალიზაცია, მმართველობის სახელმწიფოებრივი ფორმა, ოლიმპიური ან მონოთეისტური ტიპის რელიგია, კოდიფიცირებული ისტორია, მონუმენტური არქიტექტურა და ხელოვნება.
რ.რედფილდი, ცენტრალურ ამერიკაში წარმოებული კულტურანთროპოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე, ერთმანეთს უპირისპირებდა “სახალხო” და “სამოქალაქო” საზოგადოებებს. პირველისათვის დამახასიათებელია სოციალური ერთგვაროვნება, ძლიერი ჯგუფური სოლიდარობა, კულტურის სინკრეტიზმი და იზოლირებულობა, “ხალხური სიბრძნე”, წერილობითი ტრადიციის არარსებობა. რედფილდის აზრით, სწორედ ქალაქს უკავშირდება ცხოვრების ცივილიზაციური მოწყობა, რომელიც მოიცავს კომუნიკაციისა და ინტეგრაციის ახალ სისტემებს, დამყარებულს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, დამწერლობასა და რელიგიაზე. სწორედ ქალაქებში ყალიბდება “მაღალი” კულტურა, რომელიც მოიცავს განცალკევებულ კომპონენტებს: ცოდნას, სოციალურ მოძღვრებებს, ფილოსოფიასა და ესთეტიკას. ამ კომპონენტების მატარებლად იქცევა განათლებული ელიტა, რომელიც თავისუფალია მატერიალურ წარმოებაში უშუალო მონაწილეობისაგან.
ევოლუციურ-მატერიალისტური მიდგომის ფარგლებში თავსდება ე.ჰანთინგტონის თვალსაზრისიც, რომელიც ჩამოყალიბებულია 1945 წ. იელის უნივერსიტეტში გამოცემულ წიგნში “ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალები”. ცივილიზაციის ზუსტი განსაზღვრა ძნელია, _ აღნიშნავდა იგი, _ ისევე როგორც ბარბაროსობიდან ცივილიზაციაზე გადასვლის ზუსტი დროის დადგენა. ასეთი განსაზღვრა არც არის აუცილებელი. შეიძლება ითქვას, რომ ცივილიზაცია იწყება იქ, სადაც ხდება გადასვლა სოფლის მეურნეობაზე, მკვიდრ ცხოვრებაზე, მყარდება მმართველობის გარკვეული ფორმა და ჩნდება დამწერლობა. ძირითად ფაქტორებად, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოების ცივილიზაციურ განვითარებას, ე.ჰანთინგტონი მიიჩნევდა გეოგრაფიულ, კლიმატურ, ბიოლოგიურ, დემოგრაფიულ (ჭარბი მოსახლეობა აფერხებს სიმდიდრის ზრდას), დიეტურ (მომთაბარე ხალხების მწირი რაციონი აბრკოლებს მათ სოციალურ ევოლუციას) ფაქტორებს.
ამრიგად, კულტურული მატერიალიზმის წარმომადგენელთა მიერ ცივილიზაციის მთავარ მახასიათებლებად მიჩნეულია მეურნეობის მწარმოებლური ხასიათი, ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა და დონის ფუნქციური დანაწევრება, გარკვეული სისტემური ორგანიზებულობა. ეს ნიშნები განიხილება “პრიმიტიული” საზოგადოების საპირისპიროდ, რომელიც “ბუნებრივ” მდგომარეობაში იმყოფება. ცივილიზაციის ნიშნების ჩამონათვალი (მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის განვითარება, ქალაქები, ვაჭრობა, კერძო საკუთრება, მონუმენტური ხუროთმოძღვრება, განვითარებული რელიგია, დამწერლობა დ სხვ.) ფრიად ვრცელი და ეკლექტურია, ნაკლებად ჩანს მათი ურთიერთმიმართება. სწორედ ამან მისცა საბაბი პ.სოროკინსა და კულტურული მატერიალიზმის სხვა კრიტიკოსებს, ცივილიზაციის კრიტერიუმთა ამ ჩამონათვლისათვის ირონიულად ეწოდებინათ “სამრეცხაოში ჩასაბარებელი თეთრეულის ნუსხა”.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით ყალიბდება ცივილიზაციის რაობის რადიკალურად განსხვავებული გაგება, რომლის თანახმად, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის მრავალფეროვნება ადასტურებს ცივილიზაციის ფორმათა მრავალგვარობას; არ არსებობს საერთო საკაცობრიო ცივილიზაცია, როგორც განვითარების უმაღლესი საფეხური, რომელსაც კაცობრიობის ერთმა ნაწილმა მიაღწია, მეორე კი მისკენ მიემართება. კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილი განვითარების სხვადასხვა გზას გადის და არავითარი საერთო, საყოველთაო ხაზი აქ არ არსებობს. საფუძველი ჩაეყარა ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიებს, რომელთა წარმომადგენლები არ იზიარებენ კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეას. ეს თეორიები წარმოადგენდა სავსებით ლოგიკურ რეაქციას ევოლუციონიზმსა და ევროპოცენტრიზმზე, თუმცა ამ უკანასკნელთ, ცხადია, არსებობა არ შეუწყვეტიათ; შემდგომში ევოლუციონიზმისა და, განსაკუთრებით, ნეოევოლუციონიზმის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო არგუმენტით სცადეს თავიანთი თვალსაზრისის განმტკიცება, ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიების თანამედროვე ვერსიები კი მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის სახით ჩამოყალიბდა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც სცადა მოეცა ლოკალურ ცივილიზაციათა მწყობრი თეორია, გახლდათ რუსი მეცნიერი ნ.დანილევსკი. იგი“ცივილიზაციის” მნიშვნელობით იყენებდა “კულტურულ-ისტორიული ტიპის” ცნებას. ნაშრომში “რუსეთი და ევროპა” (1871) მან უარყო უსასრულო პროგრესის იდეა და განაცხადა, რომ კულტურულ-ისტორიული ტიპი (ცივილიზაცია), ისევე როგორც ყველა ბიოლოგიური ორგანიზმი, გადის განვითარების განსაზღვრულ სტადიებს – ზრდას, დასუსტებასა და კვდომას. ცივილიზაცია _ ესაა შედარებით ხანმოკლე პერიოდი, “ხარჯვის პერიოდი”, რომლის დროს ხალხები გამოდიან ხანგრძლივი ეთნოგრაფიული მდგომარეობიდან და ხარჯავენ ყველაფერ იმას, რაც “ეთნოგრაფიული ხანის” მანძილზე დაგროვდა. საერთო-საკაცობრიო ცივილიზაცია არასოდეს არსებულა და არც იარსებებს. იგი სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული ცივილიზაციების ერთობლიობა.
ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიის ფარგლებში ჩამოყალიბდა გერმანელი მეცნიერის ო.შპენგლერის კონცეფცია. იგი თვლიდა, რომ არ არსებობს არავითარი ერთიანი მსოფლიო ისტორია, ამ ისტორიას ქმნის რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კულტურის სურათი, რომელთაგან თითოეულს თავისი ბედი აქვს. კულტურის განვითარების ზედა ზღვარს წარმოადგენს ცივილიზაცია, რომელიც წერტილს უსვამს კულტურის არსებობას და რომელიც დგება მაშინ, როცა კულტურა ამოწურავს განვითარების ყველა შინაგან შესაძლებლობას, როცა მასში განხორციელებული სული – აპოლონური, მაგიური თუ ფაუსტური – მთლიანად გამოავლენს თავის თავს ხალხთა, ენათა, რწმენა-წარმოდგენათა, ხელოვნებათა, სახელმწიფოთა, მეცნიერებათა სახით.
ლოკალური ცივილიზაციების თეორიის კულმინაციად მიჩნეულია ინგლისელი ისტორიკოსის ა.ჯ.ტოინბის 30-წლიანი შრომის შედეგი – მრავალტომიანი “ისტორიის კვლევა”. იგი თვლიდა, რომ ცივილიზაცია – ეს არის დროსა და სივრცეში განსაზღვრული კულტურულ-ისტორიული სისტემა, რომელიც ხასიათდება სულიერი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრების შედარებითი ერთგვაროვნებით და რომელიც წარმოადგენს ურიცხვი ინდივიდისა და მრავალი თაობის ქმნილებას.
ცივილიზაციური პრობლემატიკის დამუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა “ანალების” ფრანგულმა სკოლამ, რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან ლ.ფევრი, მ.ბლოკი, ფ.ბროდელი და სხვ. ისინი თვლიდნენ, რომ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ფსიქოლოგიური ქვესისტემების ერთობლიობა ქმნის მთლიან სისტემას, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ცივილიზაცია.
ლ.ფევრის აზრით, ცივილიზაცია – ესაა “მატერიალური და სულიერი, ინტელექტუალური და რელიგიური ძალების ტოლქმედი, რომელიც დროის მოცემულ მონაკვეთში, მოცემულ ქვეყანაში ზემოქმედებს ადამიანთა ცნობიერებაზე”. მსოფლაღქმის ხასიათი, ცხოვრების სტილი, კულტურის ენა და სხვ. დამოკიდებული არ არის სოციალურ ჯგუფებსა და ინდივიდებზე; ისინი “მოცემულია” ცივილიზაციის მიერ და განისაზღვრება ეპოქით. ცივილიზაციის საზღვრები შეიძლება კვეთდეს ხალხებს და ინდივიდებზეც კი გადიოდეს.
ფ.ბროდელთან ცივილიზაცია წარმოგვიდგება როგორც რაღაც სივრცე, “კულტურულ-გეოგრაფიული ზონა” (განსაზღვრული გეოგრაფიითა და დემოგრაფიით), გარკვეული სახით მოწესრიგებული კულტურის ელემენტებით, რომელთაც ახასიათებთ მდგრადობა სივრცესა და დროში. ასეთ “ზონას” გააჩნია თავისი ცენტრი-ბირთვი, საზღვრები და განაპირა მხარეები. მასში შედის მრავალი საზოგადოება და სოციალური ჯგუფი, ამიტომ ცივილიზაციის შესწავლისას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მცირე კულტურულ არეალებს, აღნიშნავდა მეცნიერი.
რუსული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის პ.სოროკინის აზრით, სოციოკულტურულ მოვლენათა უკიდეგანო ოკეანეში არსებობს მსხვილი კულტურული სისტემები, რომელთაც სხვაგვარად კულტურული ზესისტემები ან ცივილიზაციები ეწოდება. ისინი ფუნქციონირებენ როგორც რეალური მთლიანობა, არ ემთხვევიან სახელმწიფოს, ერს ან ნებისმიერ სხვა რომელიმე სოციალურ ჯგუფს. ჩვეულებრივ, ეს კულტურული ერთობები გადაფარავენ ეროვნულ, პოლიტიკურ ან რელიგიურ საზღვრებს. ისინი წარმოადგენენ არა მრავალფეროვან მოვლენათა კონგლომერატს, რომლებიც თანაარსებობენ, მაგრამ არაფრით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ მთლიანობას, ინდივიდუალობას, რომლის შემადგენელი ნაწილები გამსჭვალული არიან ერთი ფუძემდებლური პრინციპით და გამოხატავენ ერთ, ძირითად ფასეულობას. საზოგადოების განვითარების პროცესში ყალიბდება შემეცნებითი, რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური, სამართლებრივი და სხვ. სისტემები, რომელთაც ახასიათებთ უმაღლესი რანგის სისტემად გაერთიანების ტენდენცია. “ამის შედეგად ყალიბდება კულტურული ზესისტემები, რომელთაგან თითოეულს გააჩნია დამახასიათებელი მენტალიტეტი, ჭეშმარიტებისა და ცოდნის საკუთარი სისტემა, საკუთარი ფილოსოფია და მსოფლმხედველობა, რელიგია, წარმოდგენა სამართლიანობაზე, მხატვრული სიტყვიერებისა და ხელოვნების საკუთარი ფორმები, ქცევის კოდექსი, საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ორგანიზაცია, და ბოლოს, პიროვნების საკუთარი ტიპი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მენტალიტეტითა და ქცევით”.
ცივილიზაციის რაობის თავისებური გაგება და მსოფლიოს ორიგინალური ცივილიზაციური ხედვა შემოგვთავაზა ამერიკელმა კულტუროლოგმა ფ.ბეგბიმ. ცივილიზაციას იგი განმარტავდა როგორც ქალაქებთან დაკავშირებულ კულტურას. ცივილიზაციის ძირითად მსაზღვრელებად ფ.ბეგბიმ იდეათა და ფასეულობათა სისტემა მიიჩნია და ამის საფუძველზე რვა ცივილიზაცია გამოჰყო: ეგვიპტური, ბაბილონური, ჩინური, ინდური, კლასიკური (რომელშიც სუბკულტურების სახით შედის ბერძნული და რომაული), პერუს (ინკების), ცენტრალურამერიკული (მოიცავს აცტეკების, მაიასა და ტოლტეკების სუბკულტურებს) და დასავლეთევროპული. აქედან ექვსი ცივილიზაცია ქმნის სამ “ტყუპ ცივილიზაციას”, რომლებიც თანაარსებობენ დროსა და სივრცეში: ეგვიპტური და ბაბილონური, ჩინური და ინდური, პერუსა და ცენტრალურამერიკული. სხვა ცივილიზაციები წარმოიშობა ერთიმეორის მიყოლებით, ქრონოლოგიური თანამიმდევრობით. გარდა ამისა, ბეგბი გამოყოფს კიდევ ერთ ცივილიზაციას (კულტურას) _ ახლოაღმოსავლურს, რომელიც ჩამოყალიბდა თავის დროზე კლასიკური ცივილიზაციების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე და მათი ძლიერი გავლენა განიცადა. ამ ცივილიზაციას მიაკუთვნებს ბეგბი ბიზანტიას, მუსლიმურ აღმოსავლეთს, სომხეთს, აგრეთვე სახელმწიფოებრიობის არმქონე ეთნორელიგიურ ჯგუფებს _ ებრაელებს, კოპტებს, ფარსებს, მარონიტებს, ნესტორიანელებს. მისი აზრით, ახლოაღმოსავლურმა ცივილიზაციამ დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის კულტურებზე.
ცივილიზაციის კიდევ ერთი განსაზღვრება, რომელიც ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიის ფარგლებში თავსდება, შემოთავაზებულია რუსი მკვლევარის ი.ვ.იაკოვეცის მიერ: ლოკალურ ცივილიზაციაში იგულისხმება მსოფლიო ცივილიზაციური სივრცის ნაწილი, რომელიც მოიცავს ხალხთა ჯგუფებს (ეთნოსებს, სახელმწიფოებს), განსხვავებულს სულიერი (კულტურული, ეთიკური, რელიგიური) ფასეულობებით, ისტორიული ბედით, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესებით. თითოეულ ცივილიზაციას გააჩნია საკუთარი ცენტრი-ბირთვი, რომელიც ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს მოცემული ცივილიზაციის ნიშნებსა და თავისებურებებს; პერიფერია, რომელიც პერიოდულად ფართოვდება და ვიწროვდება და რომელიც, შეიძლება, მეზობელი (მომიჯნავე) ცივილიზაციის ნიშნებს ატარებდეს, და მეზობელ ცივილიზაციებთან მომიჯნავე ტერიტორიები.
დღეისათვის ცივილიზაციის უამრავი განსაზღვრება არსებობს. მათგან ზოგიერთში ცივილიზაციის კომპონენტთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ მოიცავს მთელ სოციალურ რეალობას, რის გამო ძნელია “ცივილიზაცია” განასხვაო “საზოგადოებისაგან”. ფრანგი მკვლევრები გ.მიშო და ე.მარკი გვთავაზობენ, ერთმანეთისაგან განვასხვაოთ, ერთის მხრივ, საზოგადოება, როგორც “ერთმანეთთან ხანგრძლივი ურთიერთობით დაკავშირებულ ინდივიდთა ანსამბლი”, მეორეს მხრივ კი ცივილიზაცია, როგორც მათი მოღვაწეობის შედეგი, რომელშიც კულტურა გვევლინება ცხოვრების სტილად, შემოქმედების ფორმად, რომლის მეშვეობით საზოგადოება თავის თავს გამოხატავს.
ამერიკელი სოციოლოგი დ.უილკინსონი უარყოფს ცივილიზაციის მთავარ კრიტერიუმად კულტურული ჰომოგენურობის აღიარებას. იგი თვლის, რომ ცივილიზაცია არ წარმოადგენს ერთგვაროვან კულტურაზე დამყარებულ სოციუმს; კულტურული თვალსაზრისით, იგი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. უილკინსონი ცივილიზაციას განიხილავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც გააჩნია ერთიანი დროითი და სივრცითი არეალი და რომელიც თავს იყრის საქალაქო ცენტრების ირგვლივ.
ცივილიზაციას განმარტავენ როგორც სოციოკულტურულ ერთობას, რომელსაც თვისებრივი სპეციფიკა გააჩნია; როგორც ერთიან კონკრეტულ-ისტორიულ წარმონაქმნს, რომელიც გამოირჩევა ბუნებასთან თავისი დამოკიდებულების ხასიათითა და თვითმყოფადი კულტურის შინაგანი თავისებურებებით.
ცივილიზაცია განისაზღვრება აგრეთვე როგორც სოციალური და კულტურული სუპერსისტემა, რომელიც არ ემთხვევა არც ერს, არც სახელმწიფოს, არც რომელიმე სოციალურ ჯგუფს; იგი სცილდება გეოგრაფიულ და რასობრივ საზღვრებს. ამავე დროს, ცივილიზაცია განსაზღვრავს ყველა წვრილი სოციალური წარმონაქმნის ხასიათს და წარმოადგენს ჭეშმარიტ მთლიანობას სოციალურ და კულტურულ ფენომენთა ოკეანეში. ცივილიზაციურ მახასიათებლებად მიჩნეულია დროისა და სივრცის აღქმა; სამყაროს ხედვა და მასში ადამიანის ადგილის განსაზღვრა; ბუნების აღქმა და მასზე ზემოქმედების (მისი შემეცნების) ხერხები _ მაგიური, რაციონალური, ტექნიკური თუ სხვ.; ინდივიდისა და კოლექტივის ურთიერთმიმართება; დამოკიდებულება შრომისადმი; დამოკიდებულება სამართლის, როგორც სოციალურ ურთიერთობათა რეგულატორისადმი; ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურის ურთიერთმიმართება; დამოკიდებულება სიკვდილისადმი; რელიგიურობის ფორმები; ისტორიის აღქმა და მისი მიმართულების გააზრება (პროგრესი, წრებრუნვა, რეგრესი); დამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს, თაობებს, საერთოდ, სოციალური მთელის სხვადასხვა ჯგუფებს შორის და სხვ.
დღეს საუბარი შეიძლება ცივილიზაციის ცნების სამ ძირითად ინტერპრეტაციაზე:
1) ლოკალურ-ისტორიული (ნ.დანილევსკი, ო.შპენგლერი, ა.ტოინბი, ს.ჰანთინგტონი და სხვ.). დასახელებული მკვლევრები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება.
2) ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ, წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს; ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურს; აგრარულ, ინდუსტრიულსა და პოსტინდუსტრიულ ცივილიზაციებს და სხვ. გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “შუბის ცივილიზაცია”, “მშვილდ-ისრის ცივილიზაცია” და ა.შ.
3) მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, ლოკალურ ცივილიზაციათა ურთიერთობის გარკვეულ საფეხურზე ჩნდება მსოფლიო ისტორიის ფენომენი. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში თავსდება ცივილიზაციის გაგება როგორც კაცობრიობის ისტორიული განვითარების საფეხურისა, რომელიც მოსდევს ველურობისა და ბარბაროსობის საფეხურებს (ლ.ჰ.მორგანი, ფ.ენგელსი); საკაცობრიო ცივილიზაციის სამი ტალღის (აგრარული, ინდუსტრიული და ინფორმაციული) კონცეფცია (უ.როსტოუ, დ.ბელი, ო.ტოფლერი); აგრეთვე კაცობრიობის ისტორიული განვითარების სქემები, შემუშავებული კ.იასპერსისა და შ.იტოს მიერ.
ცივილიზაციის განსაზღვრის სირთულე რამდენიმე მომენტითაა განპირობებული. ჯერ ერთი, რთულია თავად ცივილიზაციის შემადგენლობა. თითოეულ მათგანში მიმდინარეობს დაძაბული შინაგანი ბრძოლა ბუნებრივი და ადამიანური რესურსებისათვის, ჰეგემონიისათვის იდეოლოგიისა და რელიგიის სფეროში. ამასთან, ამ ბრძოლაში ცალკეული ჯგუფები თუ კოალიციები ეძებენ გარეშე მხარდაჭერას ცივილიზაციელ თანამოძმეთა წინააღმდეგ. ამის მაგალითს იძლევა XX საუკუნის არაბულ-მუსლიმური ცივილიზაციის ისტორია.
გარდა ამისა, ცივილიზაციას შინაგანი დინამიკურობა ახასიათებს. ძველი თავისებურებანი ქრება, ჩნდება ახალი. თავს იჩენს გარედან მოსული და შინაგანი იმპულსების, რაციონალიზმისა და ტრადიციონალიზმის ურთიერთქმედების რთული პროცესი. იცვლება ცივილიზაციათა საზღვრები. ისიც უნდა ითქვას, რომ ოიკუმენა არ იყოფა ცივილიზაციებად ნაშთის გარეშე. იგი მოიცავს ცივილიზაციის მიღმა, ცივილიზაციათაშორის და ცივილიზაციათა თანხვედრის არეალებსაც.
კულტურის ცნების განსაზღვრებათა კლასიფიკაცია
( ალფრედ კრიობერისა და კლაიდ კლაკფონის სქემა )
( ალფრედ კრიობერისა და კლაიდ კლაკფონის სქემა )
აღწერილობითი განსაზღვრებანი:
ჩამოთვლილია კულტურის შემადგენელი ელემენტები, სტრუქტურული ერთეულები.
მაგალითი: კულტურა ის მთლიანობაა, რომელიც მოიცავს ცოდნას, რწმენა-წარმოდგენებს, ხელოვნებას, მორალს, წეს-ჩვეულებებსა და უნარებს, რომელიც შეიძინა ადამიანმა, როგორც საზოგადოების წევრმა (ე.ბ. ტაილორი).
ისტორიული განსაზღვრებანი:
ხაზგასმულია კულტურის მემკვიდრეობითობა, დროში განვითარება.
მაგალითი: კულტურა არის “მოღვაწეობის ხერხებისა და რწმენა-წარმოდგენათა კომპლექსი, რომელიც მიღებულია სოციალური მემკვიდრეობის გზით და რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ქსოვილს”.
ნორმატიული განსაზღვრებანი:
ა) ძირითადი კრიტერიუმია ცხოვრების წესი.
მაგალითი: “ცხოვრების წესი, რომელსაც მისდევს მოცემული თემი თუ ტომი, არის მისი კულტურა…” (კ. უისლერი).
ბ) აქცენტირებულია ფასეულობები, იდეალები.
მაგალითი: კულტურა მოიცავს ცალკეული ჯგუფების შექმნილ ფასეულობებს, ნორმებს, რომელთაც ისინი იცავენ, და მათ მიერ წარმოებულ მატერიალურ საგნებს. ფასეულობათა როლში გამოდის აბსტრაქტული იდეალები, ნორმები კი, რომლებიც განსაზღვრავენ ნებადართულსა და აკრძალულს, წარმოადგენენ პრინციპებს ან წესებს, რომლებიც ადამიანებმა უნდა დაიცვან ცხოვრების მანძილზე (ა. გიდენსი).
კულტურა – ფასეულობათა, ქცევის ნორმათა და სტანდარტთა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ადამიანთა ურთიერთობებს ერთმანეთთან, საზოგადოებასა და ბუნებასთან (ნ. სმელზერი).
ფსიქოლოგიური განსაზღვრებანი:
ა) აქცენტი კეთდება გარემოსთან ადაპტაციაზე.
მაგალითი: სასიცოცხლო პირობებთან შეგუების საშუალებათა ერთობლიობა არის კულტურა. ეს საშუალებანი ყალიბდება სელექციისა და მემკვიდრეობით გადაცემის გზით (უ.სამნერი და ა.კელერი).
ბ) აქცენტირებულია შესწავლის, სწავლების პროცესი.
მაგალითი: კულტურა არის სოციოლოგიური აღნიშვნა შესწავლილი ქცევისა, რომელიც არ ეძლევა ადამიანს დაბადებიდან, არ არის ჩადებული ჩანასახოვან უჯრედებში, როგორც კრაზანებთან ან ჭიანჭველებთან, არამედ ათვისებული უნდა იქნას ყოველი ახალი თაობის მიერ, უფროსთაგან შესწავლის გზით (რ.ბენედიქტი).
გ) აქცენტირებულია ჩვევათა ჩამოყალიბება.
მაგალითი: კულტურა – ეს არის ქცევის ჩვეული ფორმები, რომლებიც საერთოა ჯგუფის, ერთობის ან საზოგადოებისათვის. იგი შედგება მატერიალური და არამატერიალური ელემენტებისაგან (კ.იანგი).
კულტურა არის ქცევისა და მსოფლმხედველობის სტერეოტიპი (ლევ გუმილიოვი).
კულტურა “ჩვევათა გარსია” ამ “გარსის” ანუ ჩვევათა სისტემის გარეშე არ არსებობს არც ერთი საზოგადოება. როცა “გარსი”, დედამიწის ქერქის მსგავსად, იბზარება, ამოხეთქავს ქაოსის, ნგრევისა და ზნეობრივი დაცემის ტალღა. გაივლის არეულობისა და ბრძოლის მრავალი წელი, ვიდრე ეს ქაოსი ახალ წესრიგად ჩამოყალიბდება და წარმოიქმნება ახალი “ჩვევათა გარსი” (თ. კარლაილი).
დ) “წმინდა ფსიქოლოგიური” განსაზღვრებანი.
მაგალითი: კულტურად მივიჩნევთ ერთობლიობას ყველა სუბლიმაციისა, შედეგიანი რეაქციისა და ყოველივე იმისა, რაც თრგუნავს იმპულსებს ან ქმნის მათი გაუკუღმართებული რეალიზაციის შესაძლებლობას (გ. როხაიმი).
სტრუქტურული განსაზღვრებანი:
ამოსავალია კულტურის სტრუქტურული ორგანიზაცია.
მაგალითი: კულტურა შედგება ფსიქოლოგიური სტრუქტურებისაგან, რომელთა მეშვეობით ინდივიდები ან ინდივიდთა ჯგუფები განსაზღვრავენ თავიანთ ქცევას. საზოგადოების კულტურა შედგება იმისაგან, რაც საჭიროა ვიცოდეთ და საჭიროა გვწამდეს, რათა ჩვენი ქცევა მისაღები იყოს საზოგადოების სხვა წევრებისათვის… კულტურა ადამიანთა გონებასა და გულშია. (უ.გუდინაფი)
გენეტიკური განსაზღვრებანი
დამყარებულია კულტურის წარმოშობის ფაქტორზე.
ა) კულტურა განიხილება როგორც შედეგი ან არტეფაქტი.
მაგალითი: კულტურა აღნიშნავს ერთობლიობას ყოველივე იმისა, რაც შექმნილი ან მოდიფიცირებულია ორი ან მეტი ინდივიდის ცნობიერი ან არაცნობიერი საქმიანობით, ინდივიდებისა, რომლებიც ურთიერთქმედებენ ან ზემოქმედებენ ერთმანეთის ქცევაზე (პ.სოროკინი).
ბ) აქცენტი კეთდება იდეებზე.
მაგალითი: კულტურა – ეს არის შედარებით მუდმივი არამატერიალური შინაარსი, რომელიც საზოგადოებაში განზოგადების პროცესის მეშვეობით გადაეცემა (ჰ.ბეკერი).
გ) აქცენტირებულია სიმბოლოთა როლი.
მაგალითი: “კულტურას ვუწოდებთ ერთობლიობას საგნებისა და მოვლენებისა, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანთა სახეობისთვის დამახასიათებელ მენტალურ უნართან – სიმბოლიზაციის უნართან. უფრო ზუსტად, კულტურა შედგება მატერიალური საგნების, მოქმედებების, რწმენა-წარმოდგენებისა და ურთიერთობებისაგან, რომლებიც ფუნქციონირებენ სიმბოლურ კონტექსტში. იგი წარმოადგენს რთულ ექსტრასომატურ მექანიზმს, რომელსაც ადამიანი იყენებს გადარჩენისა და არსებობისათვის ბრძოლაში”.
დ) კულტურა როგორც არაკულტურიდან წარმოშობილი ფენომენი.
მაგალითი: “იმას, რაც განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან, ვუწოდებთ კულტურას” (ვ.ოსტვალდი).
კ. კლაკჰონი, “სარკე ადამიანისათვის”:
“ხალხის ცხოვრების განზოგადებული წესი”;
“სოციალური მემკვიდრეობა, რომელსაც ინდივიდი იღებს თავისი ჯგუფისაგან”;
“აზრთა, გრძნობათა და რწმენა-წარმოდგენათა სახე”;
“ქცევის აბსტრაქცია”;
“ადამიანთა ჯგუფის ქცევის ანთროპოლოგთა მიერ შექმნილი ვერსია”;
“კოლექტიური ცოდნის საგანძური”;
“განმეორებად პრობლემებში ორიენტაციის ხერხების სტანდარტული ნაკრები”;
“შესწავლადი ქცევა”;
“მექანიზმი ქცევის ნორმატიული რეგულირებისათვის”;
“გარემოსა და სხვა ადამიანებთან შეგუების ხერხების ერთობლიობა”;
“ნალექი, რომელსაც ტოვებს ისტორია”;
“რუკა, მატრიცა”.
რატომ არ აქვთ ცხოველებს არც კულტურა არც ისტორია?
ისტორია არის ცვლილებათა რიგი, რომელსაც განიცდიან სახეობები, რჩებიან რა ბიოლოგიურად უცვლელი. ადამიანთა საზოგადოებების მიერ უძველესი დროიდან განცდილი ცვლილებები, თანამედროვე საზომით, ძალიან ნელი იყო, რაც არქეოლოგებს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი ეპოქები დაუკავშირონ კულტურული ცხოვრების ტექნოლოგიურ, მატერიალურ საფუძვლებში მომხდარ ცვლილებებს. დღეს ცვლილებები ბევრად რთული და მრავალმხრივია, მოიცავს არა მხოლოდ ტექნოლოგიებს და მატერიალურ კულტურას, არამედ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სფეროებსაც.
ადამიანთა საზოგადოების ისტორიის უამრავი ვერსიაა დაწერილი,მაგრამ არავინ წერს შიმპანზეების ან რომელიმე სხვა ცხოველის ისტორიას. ეს იმიტომ, რომ ცხოველებს არ განუცდიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები ბიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილურად არესბობის პერიოდში. მაგალითად, შიმპანზეებში უცვლელია საბაზისო სოციალური პრაქტიკა: მდედრები ტოვებენ მშობლირ ჯგუფებს ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ 5 მლნ წლის წინ; შიმპანზეს ბუდე ისეთივეა, როგორიც იყო წარსულში და ა.შ.
მართალია, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორი იყო შიმპანზეს ბუდე ადრე, ან როგორ ტოვებდა იგი მშობლიურ ჯგუფს, როგორ იკვებებოდა, მაგრამ, სულ მცირე, ორი არგუმენტი მიუთითებს ცვლილებების არარსებობაზე: 1) ასიოდე წლის მანძილზე, რაც შიმპანზეებს სწავლობენ, ისტორიული მნიშვნელობის რაიმე ცვლილება არ მომხდარა, 2) უმნიშვნელო განსხვავებები არსებობს შიმპანზეთა ცალკეულ ჯგუფებს შორის: ერთი ჯგუფი მიირთმევს თხილის ერთ სახეობას, მეორე – სხვას; ერთი ამტვრევს მას ჯოხის გამოყენებით, მეორე – ხიდან ძირს ჩამოგდებით.
ამავე დროს, ისტორია არ არის ადამიანის გონების ავტომატური პროდუქტი, არც კულტურის გარდაუვალი თანმხლები. ჯგუფს, რომლის წევრებს აქვთ ადამიანის გონება და, აქედან გამომდინარე, კულტურა, შეიძლება, არ ჰქონდეთ ისტორია. იმისათვის, რომ ისტორია ჰქონდეს, ეს ჯგუფი უნდა ზემოქმედებდეს სამყაროზე მისი შეცვლის მიზნით და ამ პროცესში თავადაც იცვლებოდეს. მაგალითად, მუდმივი საცხოვრებლის აგებამ, რაც წინ უძღოდა მრავალ ცვლილებას, არსებითი გავლენა იქონია ოჯახსა და სოციალური ურთიერთობების სხვა ასპექტებზე.
მრავალ ავტორს არა ანთროპოლოგთა სფეროდან, მათ შორის, ფსიქოლოგებს და ბიოლოგებს, კულტურის ცნება ბუნდოვნად მიაჩნიათ და სვამენ კითხვას: “აქვთ ცხოველებს კულტურა?” კითხვას _ “რა არის კულტურა?” _ ისინი ანაცვლებენ კითხვით: “როგორ გადაეცემა ცხოველის ქცევა”? თუკი “ტრადიცია” თაობებს გადაეცემა “სათანადო სოციალური მექანიზმით”, შესაძლოა, ქცევაც კულტურის მოვლენად მივიჩნიოთ. ეს არ არის ერთი ან ორი ავტორის აზრი, არამედ გაზიარებულია არაანთროპოლოგების მიერ, რომლებსაც აინტერესებთ “ცხიველთა კულტურის” პრობლემა. კულტურის ამ არაადეკვატურ დეფინიციაზე დაყრდნობით, ასკვნიან, რომ “ენის გარდა, რომელიც კულტურისაგან განუყოფელია და ჭეშმარიტად უნიკალური, კულტურა ცხოველთა ქცევისაგან მხოლოდ ხარისხობრივად განსხვავდება”.
მაგრამ ენა არ არის ადამიანებისა და შიმპანზეების ერთადერთი განმასხვავებელი; ადამიანი არ არის შიმპანზე ენის დამატებით. თუ რომელიმე ბიოლოგი შიმპანზეების სპეციალისტია, მეორე კი – ჭიანჭველების, ხომ არ აჯობებდა, რომ მათ შედარებები ამ არსებებით შემოეფარგლათ?
ინფორმაციის სოციალური გადაცემა (ტრანსმისია)
ინფორმაციისა და უნარების გადაცემა თაობათა შორის ყველა ცოცხალ არსებასთან დაკავშირებული პრობლემაა. სოციალური ინფორმაციის გადაცემის უპირველესი ერთეულები წყვილადია: მშობელი_შვილი, უფროსი და-ძმა_უმცროსი და-ძმა, ნიმუში/მოდელი_დამწყები. მიზანმიმართულებიდან გამომდინარე, განარჩევენ ინფორმაციის სოციალური ტრანსმისიის სამ საფეხურს: ყველაზე დაბალ საფეხურზე ინფორმაცია გადაეცემა არამიზანმიმართულად. მაგალითად, ვირთხა ხშირად ჭამს იმ მაგარ საკვებს, რომლის სუნი დედის რძეს უკავშირდება. აქ ინფორმაცია არ არის გადაცემული მიზანდასახულად. შუა საფეხურზე დამწყები/ინფორმაციის მიმღები მოქმედებს მიზანმიმართულად, მაგრამ მოდელი არ არის მიზანში ჩართული. ეს ცნობილია იმიტაციის ან ობსერვაციული (დაკვირვებითი) დასწავლის სახელით. მაგალითად, მაიმუნი ან ბავშვი აკვირდება უფროსს (მოდელს) და ითვისებს ახალ ტექნოლოგიას, მაგრამ მოდელის ქცევა ინდიფერენტულია ინფორმაციის მიმღების ყოფნა-არყოფნის მიმართ. უმაღლეს საფეხურზე მოდელიცა და მიმღებიც მოქმედებენ მიზანმიმართულად. უკანასკნელი ესწრაფვის ინფორმაციის მიღებას, პირველი კი ცდილობს მის გადაცემას. როგორც იმიტაციის შემთხვევაში, ინფორმაციის მიმღები აკვირდება მოდელს, მაგრამ ეს უკანასკნელიც აკვირდება მიმღების ქცევას და უსწორებს, თუ ის ვერ ახერხებს სტანდარტის შესაბამისად მოქმედებას. სოციალური ტრანსმისიის ეს ყველაზე ეფექტური ფორმა არის პედაგოგიკა და, როგორც ბიოლოგიური ნოვაცია, იგი მხოლოდ ადამიანებში გვხვდება.
სოციალური ტრანსმისიის ყველაზე მარტივი ფორმების ძირეული მექანიზმია შესაბამისი პირობების არსებობა და კონტაქტის გზით დასწავლა. ეს პრომოტიულიმექანიზმი ვირთხებშიც კი დატურდება.
ინფორმაციის სოციალური ტრანსმისიის მეორე დონეა დაკვირვების გზით შესწავლა. ორი მაიმუნის (მათგან ერთი მოდელია, მეორე – დამკვირვებელი) ხელთაა ორი ღილაკი, რომელთაგან ერთით შეიძლება საკვების მიღება, მეორე კი უკავშირდება ელექტროშოკს. მოდელი შოკის თავიდან აცილებას სწავლობს პირადი გამოცდილებით, ღილაკების გამოცდით, დამკვირვებელი კი იოლად იცილებს თავიდან შოკის საფრთხეს მოდელის ქცევასა და გამოცდილებაზე დაკვირვებით.
ასეთი დასწავლის უმარტივესი ფორმები დაფიქსირებულია რვაფეხებშიც კი. მაგრამ იგი შეიძლება გაცილებით რთულიც იყოს და ცხოველისაგან მოითხოვდეს არა მხოლოდ იმის დასწავლას, თუ როგორ გამოიყენოს ობიექტი, არამედ იმისაც, თუ როგორ შეარჩიოს იგი.
სიტყვა “იმიტაცია” ფართოდ გამოიყენება ამთვისებლის მიერ მოდელის მოქმედების კოპირების აღსანიშნავად. გავრცელებული გამოთქმის _ მაიმუნივით ბაძავს _ საპირისპიროდ, იმიტაციის უნარი მაიმუნებში (პრიმატებშიც კი) შეზღუდულია. ცხოველებს შორის იმიტაციის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა მიმკრია ფრინველებში.
ადამიანის ნაშიერი დაბადებიდანვე იმიტაციის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა. 15 კვირის ასაკში იგი ახდენს არა მხოლოდ ერთ აქტს, არამედ აქტების რიგს/თანმიმდევრობას, და თანაც არა მარტო მომენტალურად, არამედ საგრძნობი დროითი შუალედის შემდეგაც.
როგორც ფიქრობენ, პრიმატებში იმიტაცია არ ასრულებს რაიმე როლს ინფორმაციის გადაცემაში, ადამიანებში კი მისი როლი გადამწყვეტია.
პედაგოგიკა: მხოლოდ ადამიანებში
პედაგოგიკა განსხვავდება იმიტაციისაგან იმით, რომ აქ მოდელი აკვირდება ინფორმაციის მიმღებს, აფასებს და ერევა მის ქცევაში. ამგვარად, პედაგოგიკა მოიცავს დაკვირვებას, შეფასებას და ჩარევას.
კატას მოჰყავს თაგვი კნუტებთან, რომლებმაც შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტი წარმატებით უნდა შეძლონ თაგვზე ნადირობა. არის თუ არა ეს პედაგოგიკა? _ არა, რადგან კატა არ ამჟღავნებს დაინტერესებას შედეგით. თუ კნუტი ვერ ახერხებს ნადირობას თაგვზე, ხომ არ მისცემს მას მშობელი “დამატებით” თაგვს, რათა იგი თავის და-ძმებს დაეწიოს?
მეცნიერებს არა აქვთ მონაცემები იმის შესახებ, რომ ცხოველები აფასებენ შვილების ქცევას და ცდილობენ “წვრთნის” მოწესრიგებას. აღწერილია შემთხვევა, როცა შინაურმა კატამ დაიჭირა კნუტის მიერ გაშვებული თაგვი და დაუბრუნა მას, მაგრამ ეს იყო რეაქცია თაგვზე და არა კნუტზე, პედაგოგიკაში კი კატა კნუტს წვრთნის, და არა თაგვს.
მშობლების აქტივობას არა-პრიმატებში განასხვავებს კიდევ ერთი გარემოება: წვრთნა შემოფარგლულია, ძირითადად, აქტივობის ერთი სფეროთი – საკვების მოპოვებით, ადამიანური პედაგოგიკა კი მრავალ სფეროს მოიცავს. მასთან ყველაზე ახლოს პრიმატები დგანან.
გონიერების თეორიები და გამოცდილების გაზიარება
ეფექტური სწავლებისათვის საჭიროა, ერთმა მხარემ იცოდეს, რას ხედავს, რა იცის, რა სურს და რას ესწრაფვის მეორე მხარე. ცდის მიხედვით აღწერილია შემთხვევები, როცა შიმპანზეები ამჟღავნებენ რაღაც მსგავსს, მაგრამ არა ველურ ბუნებაში, არამედ მხოლოდ ტყვეობაში.
ენისა და პედაგოგიკის ურთიერთმიმართების თაობაზე შეიძლება ითქვას, რომ ამა თუ იმ სახეობას ან ორივე აქვს, ან არც ერთი.
პედაგოგიკას განასხვავებს კიდევ ორი თავისებურება: მოდულარობა და ინდივიდუალური თავისებურებანი. პედაგოგიკა ორგვარ როლს ასრულებს კულტურაში: არა მხოლოდ არსებული ჩვევების გადაცემა, არამედ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ინდივიდების მიღწევათა შენარჩუნება და გადცემაც.
კულტურა და რწმენა
როგორც ზემოთ აღინიშნა, არაანთროპოლოგები ლაპარაკობენ “ცხოველთა კულტურაზე” და ყურადღებას არ აქცევენ კულტურის შინაარსს.
რწმენა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელია სხვა ცოცხალი არსებებისაგან. იგი ორი სახით არსებობს: სუსტი და ძლიერი. პირველი ჩნდება მაშინ, როცა ინდივიდი კითხვას სვამს მის მიერ აღქმულის რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. მაგ., ნამდვილად ვხედავ გველს? ეს ნამდვილად წითელი წერტილია თუ მხოლოდ მზის ანარეკლი? ჩვეულებრივ, აღქმა განაპირობებს მოქმედებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ქმედება შეზღუდულია ეჭვით. მეორე _ ძლიერი _ რწმენა რელიგიური რწმენის სახით გამოვლინდება. იგი მხოლოდ ადამიანთა სახეობაში გვხვდება. როგორ გაჩნდა სამყარო? რა იწვევს ავადმყოფობას? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხს ეძებს რელიგიური რწმენა.
ექსპერიმენტი ადამიანის და ცხოველის ცნობიერებაზე
Комментариев нет:
Отправить комментарий