понедельник, 17 июня 2013 г.

შოთა ნიშნიანიძე – ბიოგრაფია


შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. გაიზარდა პლეხანოვზე. დედა _ ქსენია დარისპანის ასული შალამბერიძე, მამა _ გიორგი ნიშნიანიძე.
ბაბუა _ ბიჭია ნიშნიანიძე ქუთაისში საკმაოდ მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ბებია ფეიქრისშვილის ქალი გახლდათ. სამი შვილი ჰყავდათ: კონსატანტინე, თამარი და გიორგი. კონსტანტინე მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, 1937წ. დახვრიტეს. გიორგიმაც, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამხედრო სამსახური აირჩია.
შოთას მშობლებმა ერთმანეთი გრიგოლ მამაგეიშვილის ოჯახში გაიცნეს და მალე დაქორწინდნენ. ეს იყო შოთას გამზრდელი დეიდის ოჯახი.
5 წლისა იყო როცა გარდაეცვალა მამა. მოულოდნელად დაქვრივებულ დედას სამი ერთმანეთზე მიყოლებული ბიჭი დარჩა. შოთა, ოთარი და გიორგი. ოთარ ნიშნიანიძე შემდგომში სტომატოლოგი გახლდათ, გიორგი კი – ინგლისურის სპეციალისტი.
ოჯახი ტელმანის (ახლანდელი ცაბაძის) ქუჩაზე ცხოვრობდა ერთ ოთახში. სახლს ეზო არ ჰქონდა და სამი ბავშვის გაზრდა ძალიან ჭირდა. ამიტომ ბინა გადაცვალეს გოგებაშვილის ქუჩაზე, ისევ ერთ ოთახიანში, მაგრამ ეზოიან სახლში. დედას რაიმე პროფესია არ ჰქონდა და ნემსსა და ძაფს მოჰკიდა ხელი. ჩითის უბრალო კაბებს უკერავდა მეზობლებს ძალიან იაფად, ამისთვისაც მადლს წირავდა უფალს, პურის ფულს რომ შოულობდა. მერე და მერე ხელი გაიწაფა, მამაკაცის კიტელების კერვა დაიწყო და ცოტა სული მოითქვეს. შვილების გაზრდასა და საოჯახო საქმეებში უფროსი და ეხმარებოდა. ვერა დეიდას განსაკუთრებით უყვარდა შოთა, რომელისც ასეთივე სიყვარულით პასუხობდა დეიდას.
9 წლის შოთა ვერა დეიდამ იშვილა და თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად ნაკაშიძის ქუჩაზე. დეიდა მამაგეიშვილზე იყო გათხოვილი. მეცხრე კლასამდე ნიშნიანიძე იყო შოთა. მერე კი ბიძამ თავის გვარზე გადაიყვანა. საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში ყველა ნიშნიანიძედ იცნობდა. ლექსებზეც ნიშნიანიძის გვარს აწერდა და ამ გვარით აქვეყნებდა.
ბიძას რომ გული არ დასწყდომოდა სახლის კარზე ორივე გვარი ეწერა ნიშნიანიძე _ მამაგეიშვილი.
მეოთხე კლასამდე ფრიადოსანი იყო შოთა, მერე თანდათან უკლო სწავლას და სიცელქეს უმატა.
შოთა ვაჟთა 37-ე სკოლაში სწავლობდა. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტსაც ეტანებოდა. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. დიდხანს იყო მისი სურათი სკოლის სპორტულ კუთხეში. ერთხანს ჭიდაობაზე დაჰყავდა ბიძას, ფალავნობის დიდ მოტრფიალე შალვა შალამბერიძეს, რომელიც ცას წვდებოდა სიხარულით, დიდ წარმატებებს რომ უწინასწარმეტყველებდნენ შოთას. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს შოთამ მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.
მეთერთმეტე კლასში შოთას უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ ხანას შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა შოთა. ბატონ იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და “ახალგაზრდა კომუნისტში” გაოუქვეყნებია.
1947 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩარიცხვით ადვილად ჩაირიცხა, მაგრამ ასევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. მოკლედ, მეორედ ჩაირიცხა შოთა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1956 წ. შოთა და ნაზი კილასონია გახდნენ ახალგაზრდა ფესტივალის ლაურეატები.
1958 წელს შოთა მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა, რომელიც დაამთავრა 1960 წელს.  1964 წელს შოთამ დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა ,,მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში – მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1977-82 წლებში – ალმანახ ,,საუნჯის” მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში – ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ ,,საუნჯეს”.
შ. ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული ,,მე და შენ”გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუტანეს.
ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაქტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.
შ. ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში
„ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით  და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.“
შოთა ნიშნიანიძე

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий