суббота, 22 июня 2013 г.

ფილოსოფია და მსოფლმხედველობა





”ფორმათა კონსტრუქციების გონითი ველი”, თემო ჯაფარიძე




“ფილოსოფია და მსოფლმხედველობა”

ფილოსოფია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს არის სულიერი კულტურის დამოუკიდებელი დარგი, რომელიც აერთიანებს ცოდნას სამყაროზე, ადამიანზე, ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობაზე. ფილოსოფიის დანიშნულებაა იკვლიოს პირველსაწყისი, არსებითი თავისებურებები, სამყაროსეული წესრიგის საფუძვლები, იპოვოს ჭეშმარიტი საზრისი პროცესებისა, რომელთაც სამყაროში, სოციუმში, კულტურასა და ადამიანში აქვს ადგილი. ფილოსოფია მოწოდებულია გახსნას ყოფიერების ბნელი, გამოუცნობი ლაბირინთები.



ფილოსოფიური მსოფლმხედველობა დასაბამს იღებს მითოლოგიიდან და რელიგიიდან
ფილოსოფია იკვლევს იმ რეალობას, რომელიც მხედველობის მიღმა რჩება კონკრეტულ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დისციპლინებს. ის ასრულებს სამყაროს სურათის მთლიანობაში წარმოსახვის მძიმე სამუშაოს. ფილოსოფია ღრმად და საფუძვლიანად გაიაზრებს კერძო მეცნიერებების მონაცემებს და მოწოდებულია იყოს ადამიანის ორიენტირი სამყაროში. იგი ენათესავება უმაღლეს სიბრძნეს, რომლის ფუნქცია მარტო ყველაფრის ცოდნა კი არ არის, არამედ მოწოდებულია გაიგოს, შეიმეცნოს ის, რაც მთავარი და არსებითია, რომელიც ეხება პირველსაწყისს, მსოფლიო წესრიგს, რომლის არსის წვდომის გარეშე შეუძლებელია გააზრებული და ღირსეული არსებობა. ადამიანს ბევრი რამ აცდუნებს – ფული, სიმდიდრე, ძალაუფლება, დიდება და ა. შ. ფილოსოფია მოწოდებულია გამოარჩიოს უნივერსალური, საყოველთაო მნიშვნელობის ღირებულებები – ჭეშმარიტება, სიკეთე, სილამაზე, სამართლიანობა, სიყვარული და სხვა.
სოკრატეს (ძვ. წ 469 – 399) თანახმად ფილოსოფია არის არა სიბრძნე, არამედ სიბრძნის სიყვარული და მისი ძიება, წყურვილი სიბრძნისა, ჭეშმარიტების დაუფლებისა, ვინაიდან თავად სიბრძნეს მხოლოდ ღმერთები ფლობენ. ღმერთი შეიძლება იყოს ბრძენი, ადამიანს კი მისი სიყვარული შეუძლია. ამიტომაც ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს ღმერთისაკენ ანუ სიბრძნის დაუფლებისაკენ.

ყველა დროის ფილოსოფია თავისი ეპოქის უმნიშვნელოვანესი პრობლემებით იყო დაინტერესებული. ამდენად, ფილოსოფიური კვლევა თვითმიზანს არასოდეს წარმოადგენდა.
ფილოსოფიის საგნის სხვადასხვა გაგება არსებობს, ზოგი თვლის, რომ ფილოსოფიის საგანია სამყაროს ჭვრეტა; მეორენი თვლიან, რომ ფილოსოფიის საქმეა მეცნიერების ლოგიკური ანალიზი; ხოლო მესამენი – ფილოსოფიის საგნად ადამიანისა და მისი ცხოვრების საზრისის ძიებას აღიარებენ. ჩვენ რომელს ავირჩევთ, ეს ჩვენს მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული.

ყველა დროის ფილოსოფიაში მიუხედავად ამ მრავალგვარობისა, მაინც არსებობს საერთო მომენტი, რომელიც მეტნაკლებად საერთოა ყოველი ფილოსოფიური სისტემისათვის. ეს არის ის, რომ თითოეულს მხედველობაში აქვს სამყარო, როგორც მთელი. ფილოსოფიას შეუძლია კვლევის ობიექტად აქციოს სინამდვილის ნებისმიერი კონკრეტული სახე (მაგალითად, ბუნება, ადამიანი და ა. შ.), მაგრამ იმ პირობით, თუ მათ განიხილავს სამყაროსთან, როგორც მთელთან, მიმართებაში. მიუხედავად განსხვავებული პრობლემებით დაინტერესებისა, ფილოსოფიაში ერთი მთავარი საკითხი ყოველთვის იდგა. ეს არის ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობა.

სიბრძნის სიყვარული ძველბერძნულ ფილოსოფიაში, ძირითადად, ასეთი ურთიერთობის გარკვევას ნიშნავდა. ამიტომ სიბრძნეს და საერთოდ ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანთა ყოფიერებისა და ცხოვრების გააზრებაში. სოკრატე სიბრძნის მნიშვნელობის გარკვევის მიზნით, სვამს კითხვას: ვის უნდა ეწოდოს ბრძენი? აქამდე ბრძენი ეწოდებოდა მცოდნეს, მეცნიერს, მაგრამ სოკრატეს მიხედვით ცოდნა და სიბრძნე ერთმანეთს არ ემთხვევა. სიბრძნე და მისი ძიება ემსახურება ჭეშმარიტებისა და სიკეთის დადგენას, ხოლო ჭეშმარიტებისა და სიკეთის დადგენა ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. თუ ჩვენ შევადარებთ ერთმანეთს ღმერთს, ადამიანს და ცხოველს აღმოვაჩენთ, რომ ღმერთი შემეცნების პროცესით არ არის შეზღუდული, რადგან იგი მთელ სიბრძნეს ფლობს. არც ცხოველია შეზღუდული ცოდნით, რადგან ის ინსტინქტებით მდიდარია, რაც გარემოში წონასწორობის შესანარჩუნებლად სჭირდება. ერთადერთი არსება დედამიწაზე არის ადამიანი, რომელიც შეზღუდულია ცოდნის, შემეცნების აუცილებლობით, რათა იარსებოს და შეინარჩუნოს წონასწორობა ბუნებასთან. ადამიანს ცხოველთან შედარებით ღარიბი ინსტინქტები აქვს; ცოდნით ღმერთს ემსგავსება, მაგრამ არ უტოლდება მას. ადამიანი შუა რგოლია მათ შორის, ვინც უფრო დიდია, ვიდრე ადამიანური და ვინც უფრო კნინია, ვიდრე ადამიანური. ჩვენს ქვევით წარმავლობაა, ჩვენს ზევით კი ჭეშმარიტება და მარადიულობა.

ცხოველი ადამიანს ინსტინქტებით სჯობს. ამის ნათელი დადასტურებაა ფუტკარი, რომელიც ფიჭას ისეთი სიზუსტით აშენებს, რომ ნებისმიერ არქიტექტორს გააწბილებს. ფრინველები მიფრინავენ თბილ ქვეყნებში და ბრუნდებიან ისე, რომ არც კომპასი სჭირდებათ და არც გეოგრაფიული რუკა. ცხოველები ადამიანებზე გაცილებით ადრე შეიგრძნობენ მიწისძვრის მოახლოებას, ახლობლის გარდაცვალებას და სხვა. მაგრამ ადამიანში არის ის, რაც მას ცხოველზე მაღლა აყენებს. ეს არის აზროვნების, განსჯისა და გონების უნარი. აქედან კი დასკვნა: თუ ადამიანს არა აქვს განვითარებული აზროვნების, განსჯისა და გონების უნარები, იგი ცხოველზე დაბალ საფეხურზე დადის. არჩევანი ადამიანზეა. მან უნდა აირჩიოს: ან იაროს წინ ღმერთისაკენ, ანუ უმაღლესი სიკეთისა და უმაღლესი მშვენიერებისაკენ, ან დაეცეს ცხოველის დონეზე. უდავოა, ადამიანი უნდა ირჩევდეს ღმერთისკენ სწრაფვას, რადგან “ადამიანად ყოფნა ნიშნავს იყო იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანია და თუ ადამიანი იმაზე მეტი არაა, ვიდრე ადამიანი, მაშინ იგი ნაკლებია, ვიდრე ადამიანი” (აბრაჰამ ჰეშელი).

გონების თვალი გადავავლოთ ამ უკიდეგანო მრავალფეროვან სამყაროს, სადაც ორ ერთნაირ ფოთოლსაც კი ვერ იპოვის კაცი. უწვრილესი ერთუჯრედიანი არსებანი და გიგანტურ ვარსკვლავთა ჯგუფი, ცათაზიდული მთები და უსივრცო ოკეანეები, ბუნებისა და ცხოვრების სასწაულები. შეუძლებელია ადამიანს არ გაუჩნდეს კითხვა: რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე?! საიდან წარმოიშვა? ვინ არის შემოქმედი? ან თუ არის, რატომ და რისთვის შექმნა? სწორედ აქედან იწყება პირველი გაკვირვება, პირველი გაოცება, აქ ისმება პირველი კითხვა – რატომ? ე. ი. იწყება კრიტიკული აზროვნება. ასე დაიწყო ფილოსოფიური აზრის ისტორია ძველ საბერძნეთში დაახლოებით ძვ. წ. VI საუკუნეში და დაგვიტოვა მდიდარი მემკვიდრეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ევროპულ აზროვნებასა და დაიმკვიდრა კლასიკური ფილოსოფიის სახელი.

ფილოსოფიური შეხედულებები ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ძვ. წ. III ათასწლეულში ჩაისახა. უძველესი ცნობები ინდური ფილოსოფიური აზროვნების შესახებ მოცემულია ვედურ (სანსკრ. “ვედა” – ცოდნა) ლიტერატურაში, განსაკუთრებით “რიგვედაში”, რომელიც რელიგიური საგალობლების კრებულს წარმოადგენს და, მკვლევართა ვარაუდით, ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში შეიქმნა; გარკვეული ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ჩამოყალიბებულია `უპანიშადებში~ (სანსკრ. “უპანიშად” – მოძღვრის გვერდით ჯდომა), რომლის შექმნა დაახლოებით ძვ. წ. VIII – VII სს. იწყება. “რიგვედასა” და “უპანაშადებში” გამოყენებულია ისეთი რთული კატეგორიები, როგორიცაა “ყოფიერება”, “არაყოფიერება” და სხვა. ამ მოძღვრებებს, რასაკვირველია, რელიგიურ – იდეალისტური ხასიათი ჰქონდა.

ჩინეთის ფილოსოფიური აზრის ისტორიას ძვ წ. I ათასწლეულის დამდეგიდან ითვლიან. ცხადია, ამ შემთხვევაშიც მხედველობაშია ცალკეული ფილოსოფიური ელემენტები, რომლებიც რელიგიურ მოძღვრებაში იყო მოცემული. მაგალითად, ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII – VII სს. გამოთქმული იყო მოსაზრებანი სამყაროს შემადგენელი ხუთი ელემენტის (წყალი, ცეცხლი, ლითონი, ხე, მიწა) შესახებ; ბუნებაში არსებული მოძრაობისა და ცვალებადობის ასახსნელად დაშვებული იყო ურთიერთდაპირისპირებული ძალების არსებობა. უფრო გვიან (ძვ. წ. VI ს.) ჩამოყალიბდა კონფუციანელობა, რომელიც არსებითად ეთიკურ – პოლიტიკურ მოძღვრებას წარმოადგენს.
ფილოსოფიური იდეები გვხვდება ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების მითოლოგიაშიც. მაგალითად, მითში ღმერთი მარდუკის შესახებ, რომელიც ძველი ბაბილონის სახელმწიფოს აყვავების პერიოდს მიეკუთვნება, ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა ღმერთმა მარდუკმა სამყარო წყლისაგან და სხვა. ასევე ჰესიოდეს მითოლოგიურ თხზულებაში “თეოგონია” სამყაროს პირველსაწყისად მიჩნეულია ქაოსი, საიდანაც კოსმოსი წარმოიშვა და სხვა.. ცხოვრება მოცემულ შესაძლებლობათა შორის არჩევნის გაკეთებაა, რომელიც ხორციელდება ღირებულებათა და იდეალების საფუძველზე. რომელს მიანიჭებს უპირატესობას, რას დაისახავს ადამიანი მიზნად, ეს მის მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული.

ადამიანი დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისა და ევოლუციის ბუნებრივი და კანონზომიერი შედეგია. იგი ბუნებაში არსებობს, მაგრამ მთლიანად მასზე არ არის მიჯაჭვული. იგი ქმნის სრულიად ახალ სამყაროს კულტურის სახით. აშენებს საზოგადოებას მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ამყარებს პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ზნეობრივ, რელიგიურ ურთიერთობებს, ეწევა სულიერ მოღვაწეობას, რომლის შედეგად იქმნება მითოლოგია, რელიგია, ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოვნება და სხვა. ე.ი. ადამიანი ქმნის გონით სამყაროს, რაც უცხოა ნებისმიერი სხვა არსებისათვის.ფრიდრიხ ნიცშე (1844 –1900 წწ.) წერდა: “ადამიანი არის ხიდი და არა მიზანი… ადამიანი არის რაღაც, რაც უნდა გადაილახოს”. ე.ი. ადამიანად ყოფნა გულისხმობს ზრდას, ცვალებადობას, განვითარებას. ეს კი შეუძლებელია ნათელი ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის გარეშე. ადამიანი ირჩევს, რაღაც მოსწონს, რაღაც არ მოსწონს, რაღაცას კეთილად ან ბოროტად თვლის, იბრძვის, უყვარს ან გულგრილია და ა. შ. ის, რისთვისაც ადამიანი თავს გასწირავს, რისიც მას სწამს, არის მისი ცხოვრების საზრისი. ის, თუ რას მიიჩნევს ადამიანი თავისი ცხოვრების საზრისად, დამოკიდებულია მის მსოფლმხედველობაზე.
მსოფლმხედველობა არის ადამიანის თვითცნობიერებისა და თვითრეფლექსიის ფორმა, შეხედულებათა და ღირებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ცხოვრების საზრისის გარკვევა. მსოფლმხედველობას აქვს რთული სტრუქტურა, რომლის შემადგენელი ელემენტებია: ა)შეხედულებები და წარმოდგენები სამყაროზე, როგორც მთელზე. იგი აძლევს ცოდნას ადამიანს საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. ბ) ღირებულებები და იდეალები, რომლებიც ადგენენ იმ ძირითად მიზანს, რასაც ადამიანი უნდა ემსახუროს და რის განსახორციელებლადაც უნდა იბრძოლოს.

მსოფლმხედველობა ორ ძირითად ელემენტს შეიცავს: ცოდნას (საყაროს სურათს) და იდეალს. თუმცა მისთვის მთავარი ცოდნის მოცემა არ არის. ცოდნა მისთვის საშუალებაა იდეალის განსაზღვრისათვის. მსოფლმხედველობის მიზანი ადამიანის ცხოვრების საზრისის გარკვევაა. მან პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს:
1) რა არის სამყარო? 2) რა არის ადამიანი? ანუ ვინ ვარ მე? 3) როგორია ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი? 4) რა უნდა გავაკეთო? და რისი იმედი შეიძლება მქონდეს მე?მსოფლმხედველობა ადამიანის ცხოვრების მასწავლებელი, მისი გზამკვლევია. იგი ადამიანს აძლევს ღირებულებით ორიენტაციას – რა აკეთოს, რისთვის იბრძოლოს, რას ემსახუროს. გარდა ამისა, ადამიანს აინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა სულის უკვდავება, საიქიო ცხოვრება, თავისუფლების პრობლემა და უამრავი სხვა რამ. ეს ისეთი საკითხებია, იმანუელ კანტის (1724 –1804 წწ.) სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მოცილება ადამიანს არ ძალუძს, რადგან ისინი მისთვის თვით გონებას მოუხვევია თავს, მაგრამ არც გადამჭრელი პასუხის გაცემა შეუძლია, ვინაიდან ისინი აღემატებიან ადამიანის გონების ყველა უნარს. რადგან კითხვები არასოდეს ამოიწურება, მაშასადამე, “ვერც გადაჭრის და ვერც აიცილებს!”– მაშ რა საჭიროა იგი? იმანუელ კანტისათვის მეცნიერული ცოდნის არსებობა ფაქტია, რადგანაც არსებობს მათემატიკა და ფიზიკა,
 ამგვარი ცოდნის შესაძლებლობის უარყოფა ე. ი. სკეპტიციზმი – ხელოვნური და სწავლული უვიცობაა. ფილოსოფიის ვალია ახსნას ამ ცოდნის შესაძლებლობის პირობები. იმანუელ კანტს ჰქონდა ერთი პრინციპი, რომელიც არისტოტელედან აიღო. ეს პრინციპია: “ღმერთი და ბუნება ტყუილად არაფერს ქმნის, ე. ი. თუ რაიმე არსებობს, მას აქვს საკმაო საფუძველი”. რატომ არის ასე? – აინტერესებს კანტს, ვერც გადაჭრის და ვერც აიცილებს. რატომ? იმიტომ, რომ საინტერესოა. კანტი საჭიროდ თვლიდა შეეზღუდა თეორიული შემეცნების სფერო, საერთოდ მოაზრებადი გაეთიშა ორად – თავისთავადი ნივთების სფეროდ და მოვლენების სფეროდ. მოვლენების სფერო ეს არის – ნივთები ჩვენთვის, ე. ი. იმანენტური სფერო, რომელზეც მეცნიერება შენდება, ე. ი. ფიზიკის სფერო და თავისთავადი ნივთების სფერო, ანუ ფიზიკის იქით არსებული მეტაფიზიკური, ანუ ტრანსცენდენტური სფერო, რომელზეც მეცნიერება არ შენდება. ეს არის რწმენისა და მსოფლმხედველობის სფერო.განასხვავებენ თეორიულ და არათეორიულ მსოფლმხედველობას. მითოსი და რელიგია არათეორიული მსოფლმხედველობაა, ფილოსოფია კი – თეორიული. არსებობს მსოფლმხედველობის სამი ძირითადი სახე:1) მითოსი, როგორც მსოფლმხედველობა.2) რელიგია, როგორც მსოფლმხედველობა. 3) ფილოსოფია, როგორც მსოფლმხედველობა.

მითოსი წარმოსახვის ძალას და ნათქვამის ავტორიტეტს ემყარება და ასე ახდენს სამყაროს ერთიანობის შესახებ აზრის დაფუძნებას. რელიგია რწმენას ემყარება და ამ გზით მიდის სამყაროს ერთიანობამდე. ფილოსოფია კი არის დასაბუთებული მსოფლმხედველობის მოცემის ცდა. იგი ცნებებისა და კატეგორიების გამოყენებით აყალიბებს მსოფლმხედველობას და ასე ახდენს სამყაროს ერთიანობის დაფუძნებას. იქ, სადაც იწყება ფილოსოფია, იწყება კრიტიკული აზროვნება, ისმება კითხვა – რატომ?
ნათქვამიდან გამომდინარე, მსოფლმხედველობებისათვის საერთოა – სამყაროს ერთიანობის გაგება. ისინი ამას სხვადასხვა მეთოდებითა და ხერხებით აღწევენ. როგორც უკვე ვთქვით, ფილოსოფია არის თეორიული მსოფლმხედველობის მოცემის ცდა, რომელიც მოიაზრებს სამყაროს მთლიანობაში, არკვევს ადამიანის ყოფიერების საზრისს.
რამ გამოიწვია მითოსური აზროვნების სვლა ფილოსოფიური აზროვნებისაკენ? – ცხოვრების ამაღლებამ ცნობიერებამდე. ემპირიული ანუ ცდისეული მასალის აყვანამ ცნობიერებამდე და შეფასების სურვილმა. ეს რთული სამუშაოა, რომელიც კაცობრიობამ შეასრულა ცხოვრების ხედვის განვითარებაში. აქედან ერთი დასკვნა გამოდის: მსოფლმხედველობების განვითარება განპირობებულია სამყაროს სურათის მდგრადობის მოთხოვნილებით. ბლეზ პასკალის აზრით, “ახლა კი დაე, ადამიანი კვლავ მიუბრუნდეს საკუთარ თავს და შეადაროს თავისი არსება ყოველივე არსებულს. დაე, შეიცნოს, რარიგ დაკარგულია და მივიწყებული სამყაროს ამ მიყრუებულ კუთხეში. ადამიანი მოქცეულია ორ – არარაობისა და უსასრულობის უფსკრულს შორის და მაინც სვამს კითხვას – რა არის ადამიანი? – არარაობა უსასრულობასთან შედარებით და ყველაფერი არარაობასთან შედარებით. ანუ რაღაც საშუალო ყველაფერსა და არაფერს შორის. მას არ შეუძლია არცერთი უკიდურესობის შეცნობა, საგანთა დასაბამი და დასასრული მისთვის სამუდამოდ დაფარულია იდუმალების განუჭვრეტელი უკუნით. ის ერთნაირად უმწეოა შეიცნოს, როგორც არარაობა, რომლისგანაც იშვა, ისე უსასრულობა, რომელშიც არის დანთქმული. ადამიანი ეძებს მყარ საყრდენს, რომელსაც იგი მიენდობა, მაგრამ ვერ პოულობს, რამეთუ ირგვლივ არაფერია ურყევი. ასეთია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და მაინც სრულიად არაბუნებრივად ეჩვენება ის ჩვენს გრძნობებს. ჩვენ ხარბად მიველტვით მკვიდრ სამყოფელს, გვსურს ფეხქვეშ ვგრძნობდეთ მყარ ნიადაგს, რათა ცათაზიდული გოდოლი აღვმართოდ ზედ, მაგრამ საძირკველი ირღვევა.
მე არ ვიცი, რაა სამყარო, არ ვიცი, რაა ჩემი სხეული, ჩემი გრძნობა, ჩემი სული და ჩემი არსების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რასაც ვამბობ, რომელიც ცდილობს აზრით მიწვდეს და შეიცნოს ყველაფერი, შეიცნოს თავისი თავიც, მაგრამ უკეთ როდი იცნობს საკუთარ თავს, ვიდრე სხვა დანარჩენს. მე ვხედავ სამყაროს საშინელ სივრცეს, რომელშიც ვარ ჩაკეტილი. მე ვგრძნობ, რომ მიჯაჭვული ვარ ამ უვრცესი სამყაროს მხოლოდ ერთ კუნჭულს, მაგრამ არ ვიცი, რად მხვდა წილად ეს კუთხე და არა რომელიმე სხვა ადგილი, ან რად მებოძა სასიცოცხლოდ ერთი მსწრაფლ წარმავალი წამი მარადისობის სწორედ ამ და არა რომელიმე სხვა წერტილში. მარადისობისა, რომელიც წინ უსწრებს ჩემს დასაბამს და რომელიც მოსდევს ჩემს დასასრულს.


მე ვერაფერს ვხედავ ჩემს ირგვლივ უსასრულობის გარდა, რომელშიც ატომივით ვარ ჩაკარგული. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ჩრდილია, რომელიც მხოლოდ წამით ევლინება უსასრულობას, რათა ამ წამის წახდომისთანავე უკვალოდ გაქრეს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე მოვკვდები, მაგრამ ყველაზე ნაკლებ ვიცნობ სწორედ ამ სიკვდილს, რომელსაც ვერ გავექცევი და ვერ ავიცილებ”!
მითოლოგიას, რელიგიას, ფილოსოფიას აქვს პრეტენზია იყოს მდგრადი, გავლენიანი, იყოს საყოველთაოდ აღიარებული, მაგრამ იცვლება დრო, იცვლება ადამიანის მსოფლგაგებაც. მარტინ ჰაიდეგერის (1889 –1976 წწ.) აზრით, შეუძლებელია მუდამ ერთი და იმავე იდეალის მიმართულებით მოძრაობა. მაგალითად იყო პერიოდი, როცა ევროპული საზოგადოების ცხოვრებაში წინა პლანზე წამოვიდა ცოდნის იდეალი, მაგრამ მუდამ ასე არ იყო და არც მუდამ ასე იქნება. იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით მწვავედ დადგა ეკონომიკური პრობლემა და მისმა გადაჭრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მოიპოვა. იყო ისეთი პერიოდიც, როცა სექსუალურმა ლტოლვამ ცივილიზებული ადამიანის ცხოვრების წარმართველ ფაქტორთა შორის ლამის ყველაზე მეტი ძალით იჩინა თავი. ახლა, ფიქრობს ჰაიდეგერი, ცივილიზებული კაცობრიობის ცხოვრებაში ყველაზე მეტ როლს ფრიდრიხ ნიცშეს მიერ ნაწინასწარმეტყველები ძალაუფლების იდეალი თამაშობს. კაცობრიობა ამ იდეალის მეოხებით დღეს კატასტროფის წინაშე დგას და თუ კი საბოლოო დაღუპვა არ უწერია, მომავალში უთუოდ დააღწევს მას თავს. ნათქვამიდან გამომდინარე, ადამიანი შეძლებისდაგვარად სრული სახით ყოფნას მიესწრაფვის. ამისათვის კი ყოფნის სისტემის გაგებას ცდილობს, სწორედ ამიტომაც იქცა ადამიანისათვის აუცილებლობად ფილოსოფიური აზროვნება, რომელიც არსებითად განსხვავდება მეცნიერული, მითოლოგიური, რელიგიური აზროვნებისაგან.
“ფილოსოფია” – ია ბერიძე, გურამ თავართქილაძე, თამარ ფანცულაია
თავართქილაძის ეკონომიკურ ურთიერთობათა და სამართლის უნივერსიტეტი
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი. 2009
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბეჭდური არქივი
წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий