вторник, 28 мая 2013 г.

იყო კარგი მოქალაქე – რას ნიშნავს ეს?



CRRC გამოკითხვის, „კავკასიის ბარომეტრის“ შედეგების თანახმად, საქართველოში კარგი მოქალაქის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს თვისებად ტრადიციების დაცვას თვლიან  – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 89%. 87% თვლის, რომ კარგი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში; 85% – დაეხმაროს თავისზე გაჭირვებულებს; იგივე რაოდენობის რესპონდენტთა აზრით, კარგი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაემორჩილოს კანონებს. 64% ეთანხმება აზრს, რომ კარგი მოქალაქე უნდა იყოს მოხალისე, ანუ შეასრულოს საზოგადოებისთვის საჭირო საქმე ანაზღაურების გარეშე; 55%  – იყოს კრიტიკული მთავრობის მიმართ; და 35% – ყოველთვის მხარი დაუჭიროს მთავრობას.
ეს შეფასებები საკმაოდ სტაბილურია ბოლო სამი წლის მანძლზე; თუმცა, შეინიშნება განსხვავებები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის (იხ. დიაგრამა). კერძოდ, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები დაახლოებით ერთნაირად აფასებენ იმის მნიშვნელობას, რომ მოქალაქეები უნდა იყვნენ კრიტიკულები მთავრობის მიმართ; 2012 წელს საქართველოში კიდევ უფრო შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. რადიკალურად განსხვავებული სურათია აზერბაიჯანში, სადაც მხოლოდ 14% თვლის, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მნიშნველოვანია.
„კავკასიის ბარომეტრი“ არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ყოველწლიური გამოკითხვა, რომელიც ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2012 წლის გამოკითხვა ჩატარდა ოქტომბრის ბოლოს–ნოემბრის დასაწყისში. საქართველოში გამოიკითხა 2502 რესპონდენტი ქვეყნის ყველა რეგიონში. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მოსახლეობისთვის. შედეგები შეწონილია. ცენტრის კვლევების შედეგები ხელმისაწვდომია საიტზე www.crrc.ge/oda.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий