вторник, 28 мая 2013 г.

რელიგიური განათლება ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ



გამოხმაურება სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშზე
საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის გამოქვეყნებამ ერთხელ კიდევ შეახსენა ქართულ საზოგადოებას, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს რელიგიური შეუწყნარებლობა, როგორც სოციალური განწყობა, რომელიც ხშირად კონკრეტულ დაპირისპირებებში ვლინდება. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რელიგიური ნიშნით ძალადობამ წინა წლებთან შედარებით იკლო, ქსენოფობიური დამოკიდებულება და რელიგიური შეუწყნარებლობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. მისი მოგვარების საშუალებად, სახალხო დამცველის ოფისი, სამართალდამცავი ორგანოების გააქტიურებას ასახელებს. შესაბამისად, აქცენტის გადატანა ხდება სახელმწიფოს მხრიდან ძალისმიერი ინსტრუმენტების გაძლიერებაზე, ხოლო განათლების როლი მთლიანად უგულვებელყოფილია. ანგარიშის იმ ნაწილშიც კი, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ გარკვეული რეკომენდაციებია განსაზღვრული, რელიგიური განათლება ნახსენები საერთოდ არ არის.
ამ გამოხმაურების მიზანია შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში რელიგიური განათლების როლის წინ წამოწევა და საკითხის ასე დასმა: რა უფრო პირველადი, რელევანტური და ეფექტურია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვისას - ამ უფლების დარღვევის მკაცრი კრიმინალიზაცია და სანქცირება, თუ მისი, როგორც ფასეულობის გაცნობიერებისა და აღიარების ხელშეწყობა? სისხლის სამართლებრივი თუ საგანმანათლებლო მიდგომა? ცხადია, ეს მსჯელობა არ უნდა იქნას ისე გაგებული, თითქოს ერთი ამ ორთაგანი გამორიცხავს მეორეს. ის, რაც ამ დილემაში მოცემულ ორ მიდგომასთან მიმართებით უნდა დადგინდეს, პირველადობა და ეფექტურობაა, ანუ რომელია უფრო შედეგიანი და, შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვანი მექანიზმი რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დამკვიდრებისთვის.
ანგარიშში რელიგიური ურთიერთობებისა და უფლებების განხორციელების მხრივ ქვეყანაში არსებული პრობლემები 2012 წელს სოფ. ნიგვზიანსა და სოფ. წინწყაროში მომხდარი ინციდენტების აღწერითა და მათი შეფასებითაა წარმოდგენილი. თავად ანგარიშის ტონი და აქცენტები ძირითადი პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფოს მონაწილეობის წილისა და ფორმის კრიტიკისკენაა მიმართული, დაპირისპირების საფუძვლებსა და არსზე მსჯელობას კი გვერდი აქვს ავლილი. ტექსტში მრავლადაა შემდეგი შინაარსის ფრაზები: სამართალდამცველების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია“; „[სამართალმდამცველებმა] ვერ უზრუნველყვეს მლოცველთათვის გადასაადგილებლად დერეფნის გაკეთება და აღნიშნული ფაქტების ადგილზე აღკვეთა“; „სამართალდამცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების არაადეკვატური რეაგირება“ და ა.შ.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ჯგუფებს შორის დაპირისპირებისა და ძალადობის, როგორც სოციალური მოვლენის, აღმომფხვრისთვის საკმარისი საშუალება არ არის და მხოლოდ შეკავების ეფექტი აქვს, ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი საქართველოში რელიგიური ურთიერთობების ისტორიას დავაკვირდებით. ე.წ. „გლდანის ეპარქიის“ მიმართ გატარებული სისხლის სამართლებრივი ღონისძიებები, სიმკაცრისა და პრინციპული მიდგომების მიუხედავად, ძნელად თუ შეფასდება, როგორც დაპირისპირებულ რელიგიური ჯგუფებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ხელშეწყობა. არ უნდა უარვყოთ, რომ ე.წ. „გლდანის ეპარქიის“ სასულიერო და საერო პირების მიმართ გატარებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა რეალურად აღმოფხვრა ამ რელიგიური ჯგუფის მხრიდან ძალადობა, როგორც პრაქტიკა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამით  შეუწყნარებლობა, არ შემცირებულა. შესაბამისად, მიღწეული შედეგი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სასურველი, რადგან ლიბერალური დემოკრატიის საზოგადოების მიზანს უნდა წარმოადგენდეს რელიგიურ ჯგუფებს შორის ტოლერანტული და სოლიდარული დამოკიდებულების დამკვიდრება და არა დროებითი, სასჯელის შიშზე დამყარებული, თავშეკავება, რომელიც შესაძლებლობის მოლოდინში მყოფი, არა თუ იცლება ძალადობისა და დაპირისპირების სულისკვეთებისგან, არამედ, „ბრძოლისთვის“ მზადყოფნის პასიურ მდგომარეობაშია გადასული.
ამგვარად, რელიგიური შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის გააზრება, როგორც მხოლოდ კრიმინალისა და არა როგორც რთული სოციალური მოვლენისა, რომელიც მთელ რიგ მენტალურ და შემეცნებით შრეებს მოიცავს, მართებული ვერ იქნება, რადგან ნებისმიერი დანაშაული ყოველთვის არის გარე შედეგი, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი შინაგანი არსისა. შესაბამისად, სახელმწიფო ადეკვატური უნდა იყოს რელიგიური ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ, რაც თავისთავად გულისხმობს ადეკვატურობას სამართალდამრღვევთა პასუხისმგებლობის ნაწილშიც, მაგრამ პრობლემები რელიგიურ ურთიერთობებში არ უნდა იქნას დაყვანილი მხოლოდ დანაშაულამდე და სასჯელამდე.
ხოლო რაც შეეხება, სახელმწიფოს რეალურ პოზიტიურ ვალდებულებებს რელიგიის თავისუფლების დამკვიდრების უზრუნველყოფაში, ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება, უდავოდ არის განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და მეგობრული დამოკიდებულების დამყარება და განვითარება. ამ მიზნის მიღწევის საშუალებას კი, უპირველეს ყოვლისა, განათლება წარმოადგენს.
განათლებას მრავალფეროვან საზოგადოებაში ურთიერთაღიარებაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტად აცხადებს გაეროსკონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ (Convention against Discrimination in Education 1960/1962):
„განათლების მიზანი იქნება ადამიანის პიროვნების სრულად განვითარება და ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის გაძლიერება; ის ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას, ტოლეტანტობას და მეგობრობას ერებს შორის, ასევე რასობრივ ან რელიგიურ ჯგუფებს შორის...“ (მე-5 მუხლი 1-ლი ნაწილი).
რელიგიური განათლება ქსენოფობიისა და რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველ ქმედით და აუცილებელ საშუალებად აღიარებულიაევროპის საბჭოს 1720-ე რეკომენდაციით - განათლება და რელიგია (Education and Religion. 2005). ამ რეკომენდაციით ევროპის საბჭო ადგენს რელიგიური განათლების მნიშვნელობას სტერეოტიპების, რელიგიათა შორის ურთიერთგაუგებრობის, ფანატიზმის აღმოფხვრისა და ტოლერანტული შეგნების ჩამოყალიბებაში, ამასთან, მკაფიოდ უსვამს ხაზს რელიგიური განათლების აუცილებლობას დემოკრატიული მოქალაქეობის განხორციელებაში:
            რელიგიების კარგი ზოგადი ცოდნა და ტოლერანტული შეგნება, როგორც ამის შედეგი, აუცილებელია დემოკრატიული მოქალაქეობის განსახორციელებლად.“ (1-ლი პარაგრაფი);
            „განათლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს უცოდინრობის, სტერეოტიპებისა და რელიგიათა შორის ურთიერთგაუგებრობის წინააღმდეგ საბრძოლველად.“ (მე-6 პარაგრაფი);
            „ბავშვებისთვის მთავარ რელიგიათა ისტორიისა და ფილოსოფიის შეზღუდული და ობიექტური და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ღირებულებათა პატივისცემით სწავლება, ეფექტური იქნება ფანატიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. (მე-7 პარაგრაფი).
შესაბამისად, თანმიმდევრული და სისტემური რელიგიური განათლება ჯანსაღი ურთიერთობების რაგვარობის, ლიბერალური დემოკრატიის საზოგადოებაში მათი არსებობის აუცილებლობისა და მათი დამყარების გზების ცოდნის წყაროა. რელიგიისა და რწმენის ფენომენში გარკვევა შედეგად იძლევა არა მხოლოდ ტოლერანტული და სოლიდარული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას, არამედ ამგვარი ურთიერთობების ერთადერთობაშიც არწმუნებს მხარეებს. აქედან გამომდინარე, განათლებული ადამიანი მხოლოდ ურთიერთობის უნარს კი არ ფლობს, არამედ ამ ურთიერთობის აუცილებლობასაც განიცდის.
უშუალოდ ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ევროპაში თანადროულად არსებობს რელიგიური განათლების ფორმების მთელი სპექტრი, მინიმალური ზოგადი განათლებიდან დაწყებული, ვიწრო კონფესიური განათლებით დამთავრებული და ეს მთიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამდენად, ამ სფეროში არ არსებობს საყოველთაო და უნივერსალური სისტემა, რომელიც ადეკვატური იქნებოდა ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის. ამის საწინააღმდეგოდ დაცულია მრავალფეროვნება და ინდივიდუალურობა, როგორც საერთოევროპული ღირებულება.
ჩვენს შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ წლები, რომელიც ევროპამ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გაცნობიერებასა და ცხოვრებაში დამკვიდრებას მოანდომა, საქართველომ, სხვა სახელმწიფოებთან ერთად საბჭოთა იმპერიის მკაცრი რეჟიმის ქვეშ გაატარა. შესაბამისად, ევროპა, ჩვენგან განსხვავებით, ამ ღირებულებებს არა მარტო იზიარებს, არამედ არსობრივად იაზრებს კიდეც. ეს იყო პროცესი, რომელიც საქართველოს გარეშე შედგა და შედეგი, რომლის წინაშეც საქართველო ერთბაშად აღმოჩნდა. შედეგის გაანალიზება კი იმ სუბიექტისთვის, რომელსაც პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, თავისთავად მოითხოვს გარკვეულ დროს, რომლის ათვლაც საქართველოსთან მიმართებით სულ მცირე 90-იანი წლებიდან უნდა დაიწყოს. ეს დაახლოებით ნახევარ საუკუნოვანი ჩამორჩენაა, რომლის სათანადოდ გაანალიზებაც და დაძლევის გზების შემუშავება აუცილებელია.
გამომდინარე აქედან, საქართველოში აუცილებელია არსებობდეს სათანადო რელიგიური განათლება საჯარო სკოლებში; ეს განათლება უნდა იყოს სავალდებულო, სათანადო ხანგრძლივობის და მოიცავდეს რელიგიების ისტორიულ, კულტუროლოგიურ და ფილოსოფიურ ასპექტებს; განსაკუთრებული ყურადღება და დრო უნდა დაეთმოს იმ რელიგიებს, რომელიც აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში; ამასთან, რელიგიათმცოდნეობის კურსი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ადამიანის რელიგიური უფლებების აპოლოგიას, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფენომენის გაცნობიერებას და ა.შ.
საბოლოოდ, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში რელიგიური თანხმობის დასამკვიდრებლად, რელიგიური განათლება გაცილებით უფრო ქმედითი და ამასთან, აუცილებელი ინსტრუმენტია, ვიდრე მხოლოდ შეუწყნარებლობასა და ქსენოფობიაში ბრალდებული პირებისა და ჯგუფების მკაცრი დასჯა. მათგან პირველი გრძლევადიან, შემწყნარებლურ და სოლიდარულ ურთიერთობებს ამკვიდრებს, მეორე კი - მხოლოდ მოკლევადიანი შეკავების ეფექტს იძლევა.  

წყარო http://liberali.ge
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий