მუსიკის ორიენტირი არის ღვთის შემეცნება, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს მუსიკის გზით ღვთის შეცნობის პოტენციური შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობები კონკრეტულად მჟღავნდებოდა ძველი საბერძნეთის მუსიკალურ-თეორიულ და მუსიკალურ-ფილოსოფიურ სისტემებში. ამ სისტემათა შექმნა მხოლოდ ძველბერძნული კულტურის დამსახურება არ არის, რომლის ფესვები უფრო ღრმად, უძველეს დროში მიდის, ხოლო ფუნდამენტად ძველი აღმოსავლური ცივილიზაციის მუსიკალური პრაქტიკა და მუსიკალური შეხედულებები გვევლინება. ბერძენმა ფილოსოფოსებმა კი ამ ფუნდამენტზე აღმართეს უზარმაზარი შენობა მუსიკის შესახებ ანტიკური ხანის სწავლებისა, რომელიც აერთიანებს უძველესი მსოფლიოს მუსიკალური აზროვნების ყოველგვარ მიღწევას.
პითაგორელთა სწავლების მიხედვით, კოსმიურ იერარქიაში Musica mundana-ს (სამყაროს მუსიკა) მოსდევს Musica humana. ანუ კაცობრიობის მუსიკა, რადგან ადამიანური არსებობისათვისაც დამახასიათებელია ჰარმონია, რომელიც ურთიერთ-საპირისპირო სასიცოცხლო ძალთა წონასწორობას ასახავს. ჰარმონია არის სიჯანსაღე, სნეულება კი დისჰარმონიაა, კეთილხმოვანების (კონსონანტუ-რობის) დაკარგვა. აქედან მომდინარეობს მუსიკის უპრეცედენტო მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისათვის პითაგორას სწავლებაში. იამბლიხი გვამცნობს: „პითაგორამ დააწესა აღზრდა მუსიკის საშულაებით, საიდანაც ხდება ადამიანური ზნე-ჩვეულებების (ხასიათის) და ვნებების მკურნალობა და სულიერ უნართა ჰარმონიის აღდგენა.“ (14, 128-129). ამგვარად, მუსიკის მესამე სახეობა - ინსტრუმენტული მუსიკა, ან Musica instrumentalis, არის მხოლოდ სახება და მსგავსება უმაღლესი მუსიკისა. Musica mundana. და თუმცა ღვთიური სიწმინდე რიცხვისა ვერ ჰპოვებს სრულ განსხეულებას მიწიერ სმენად მუსიკაში, მაინც ინსტრუმენტის ხმას შეუძლია ჰარმონიულ მდგომარეობაში მოიყვანოს სული, რომელიც თავის მხრივ, მზადაა აითვისოს ზეციური ჰარმონია, ვინაიდან მსგავსი ზემოქმედებს მსგავსზე და მსგავსითვე შეიძლება იყოს ზემოქმედებული.
ადამიანის სულზე მუსიკის ამგვარი ზეგავლენის აღიარებიდან გამომდინა-რეობს დასკვნა, რომ სტრუქტურულად განსხვავებული მელოდიები სხვადასხვა ეთიკურ ზეგავლენას ახდენენ ცნობიერებაზე. ამ ვითარებამ, რომელიც წარმოადგენს მუსიკის განვითარების შემდგომ ისტორიულ ეტაპს, მიიღო სახელწოდება ეთოსის შესახებ სწავლებისა. პირველად ამ სწავლების შესახებ ბერძნებმა შეიტყვეს ათენელი დამონისაგან, რომელიც გახლდათ პერიკლესა და სოკრატეს მუსიკის მასწავლებელი. სრული განვითარება და სისტემურობა მუსიკის შესახებ სწავლებამ პლატონის ქმნილებებში ჰპოვა.
განსხვავებული მუსიკალური სტრუქტურები სხვადასხვა ზეგავლენას ახდენენ ადამიანის სულზე, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ სტრუქტურებს შორის აღმოჩნდეს მეტად შესაფერისი, ნაკლებად შესაფერისი ან სულაც შეუფერებელი აღზრდისათვის. მუსიკალურ სტრუქტურათა სარგებელისა და ზიანის გარჩევა თუ შეცნობა წარმოადგენს ეთოსის შესახებ სწავლების არსს.
კილოთაგან ბერძნებში უფრო ამაღლებულად, მამაცურად და ზნეობრივად სრულყოფილად ითვლებოდა დორიული კილო. აღსანიშნავია კლიმენტი ალექსანდრიელის მოწმობა, რომელიც გვამცნობს, რომ „ებრაელებში ბატონობს დორიული კილო“. ფრიგიულ კილოს ბერძნები თვლიდნენ აღმგზნებად და ომისთვის გამოსადეგად, ლიდიურს - ქალაქურ, მომადუნებელ და შესასუსტებელად და ამიტომაც თავისუფალი ადამიანის აღზრდისათვის გამოუსადეგარად. შესაბამისად, ყველა სხვა კილოთაგან თითეულს მიეწერებოდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ეთიკური შინაარსი და ზემოქმედება. ეთიკურ შეფასებას ექვემდებარებოდა არა მხოლოდ კილოები და რიტმები, არამედ ინსტრუმენტებიც. როცა პითაგორა ხმარობდა ლირას, „ფლეიტას თვლიდა რაღაც თავაშვებულ, მედიდურ და თავისუფალი ადამიანისათვის არასაკადრისი ჟღერადობის მქონედ“. პლატონი ზნეობის განმრყვნელ ინსტრუმენტად თვლიდა ავლოსს. საერთოდ კი პლატონი, აწარმოებდა რა სწავლებას ეთოსის შესახებ უფრო თანმიმდევრულად და მკაცრად, დასაშვებად მიიჩნევდა, თავის იდეალურ სახელმწიფოში, მხოლოდ ორი კილოს ხმარება: დორიულისა - მშვიდობიანობისას, ფრიგიულის - ომიანობის დროს. აქედან გამომდინარეობს დასკვნა ცოცხალ მუსიკალურ პრაქტიკაზე მკაცრი სულიერი კონტროლის აუცილებლობის შესახებ (9, 79-420).
ანტიკური სამყაროს ცოცხალმა მუსიკალურმა პრაქტიკამ ვერ შეძლო ამ სულიერ მოთხოვნილებათა სიმაღლეზე შეჩერებულიყო. სიამოვნებისა და მძაფრი განცდების წყურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა სულიერ სრულყოფილებისაკენ სწრაფვაზე და გაარღვია რა ყოველგვარი კანონიკური საზღვარი, მუსიკალური ხელოვნება გადავიდა თავისი არსებობის შემდგომ სტადიაში - ესთეტიკურ სტადიაში. ამიერიდან მუსიკის მიზნად იქცა არა უმაღლეს ჰარმონიასთან შერწყმა, არა მამაცი მოქალაქის აღზრდა, არამედ რაღაც განსაკუთრებული სიამოვნების განცდა, რომელიც ესთეთიკურ სიამოვნებად იწოდებოდა. არისტოტელეს სიტყვებით მუსიკა არის „ჩვენი თავისუფალი დროის შევსება“ და ის ემსახურება „თავისუფლად შობილი ადამიანების ინტელექტუალურ გართობას“ (Аристотель. Политика. VII 5).
ქრისტიანული გალობის ჩამოყალიბების პროცესი ურთულესი ისტორიული პროცესია, რომლის არსის მდგომარეობა სხვადასხვა ელინურ, იუდეველთა, სირიულ, კოპტურ, ქართულ და სხვათა ეროვნულ-მელოდიური საწყისების გაერთიანებაშია, ასევე მთელი ამ სხვადასხვაგვარი მიწიერი გალობის ზეციური გალობის ერთიან და ჭეშმარიტ სახედ გარდაქმნაა. „ახალ ბგერით სფეროში ერთბაშად გავრცელდა, და როგორც ფლუიდმა აავსო ტექსტები კოლორატურული არაბესკებით, დამრიგებლური და სტროფიკული მელოდიებით, რომლებიც გამოიყვნენ პნევმონიური მელოსიდან. ამგვარად მუსიკა გადაიქცა სულის სიმბოლოდ, რომელიც მოეფინა მხოლოდ მორწმუნეებს და გაანათლა ყოველი მათგანი, ამასთან მისი არსის ერთიანობა ამით არ დარღვეულა“, - წერს XX ს-ის I ნახევრის ცნობილი მკვლევარი საეკლესიო გალობისა - ჰენრიხ ბესსელერი (4, 95). ამ ზეციური გალობის დანაწევრება უკვე არ ეფუძნება საცეკვაო, ანტიკური მუსიკის სხეულის რაოდენობრივ რიტმიკას, არამედ წარმოადგენს ახალი ტიპის თავისუფალ რიტმულ წყობას.
ამ სისტემის არსებობის ისტორია შეიძლება დაიყოს ორ პერიოდად: პირველი - მოციქულებიდან წმინდა კონსტანტინე დიდის მოღვაწეობამდე, მეორე - წმინდა კონსტანტინე დიდის ეპოქიდან ღმერთშემოსილ იოანე დამასკელისა და VII საეკლესიო კრებამდე. პირველი პერიოდი დიდად განსხვავდება თვითონ არაერთგვაროვანი მელოდიური ტრადიციებისაგან და ცალკეული ეკლესიების მიერ მათი პრაქტიკაში საკმაოდ თავისუფალი გამოყენებისაგან.
პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ღვთისმსახურება მჭიდრო კავშირში იყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურებასთან, რომელიც იერუსალიმის ტაძარში სრულდებოდა. მოციქულები და პირველი ქრისტიანები, ერთის მხრივ, მუდამ ტაძარში იყვნენ, „ადიდებდნენ და აკურთხებდნენ უფალს“, მეორეს მხრივ კი, საკუთრივ ქრისტიანულ შეკრებებს სახლებში აწყობდნენ. ამ შეკრებებს რომ გალობა ახლდათ, მოწმობს როგორც წმინდა მოციქულ იაკობის ეიპისტოლე, ისე წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვები, სადაც იგი გვირჩევს „ფსალმუნებით, სასულიერო სიმღერებით, გულით ვუგალობდით ღმერთს“ (იაკობი 5: 13; ეფესელთა 5:19). ამგვარად, იერუსალიმის ტაძრის საგალობო პრაქტიკა ორი კომპონენტისაგან შედეგებოდა: ძველი აღთქმის საეკლესიო გალობისა და ხალხური, ანუ თვით ქრისტიანულ შეკრებებზე შესრულებული გალობისაგან. სწორედ ამ მეორე კომპონენტმა იწყო აქტიური განვითარება ახლად ჩამოყალიბებული ქრისტიანული ტაძრების პრაქტიკაში.
იმის შესახებ, რომ ამ შეკრებებზე გალობას ჰქონდა თავისი განსაკუთრებული დამოუკიდებელი ხასიათი, მოწმობს ფილონ ალექსანდრიელი, ძვ. წ. I და ახ. წ. I სს. იუდეველი მწერალი, რომელიც პირველი ქრისტიანების შესახებ გვამცნობს შემდეგს: „ისინი მხოლოდ ჭვრეტას კი არ სწავლობენ, არამედ ადგენენ საგალობლებსა და ჰიმნებს ღვთის სადიდებლად, სხვადასხვა ზომითა და ჰანგით, რომელთაც მაშინვე შესაფერის რიტმს შეუწყობენ“ (13, 52). ამგვარი საგალობლებისა და ჰიმნების შედგენა და მათი შესრულება ატარებდა თავისუფალ და, შესაძლებელია ითქვას, იმპროვიზებულ ხასიათსაც კი.
„ხელების დაბანვითა და ლამპრების ანთებით, - წერს ტერტულიანე, - თითოეულს გამოიხმობდა შუაგულში, რათა შეესრულებინა ღვთისსადიდებელი გალობა საკუთარაი შესაძლებლობებიდან გამომდინარე წმინდა წერილის ან საკუთარი გონების კარნახით“ (Тертулиан. Апология. 4,3). აქ ჯერ კიდევ არ არსებობს არც სპეციალური წერილები ღვთისმსახურების გალობისა, არც სპეციალურად გაწვრთნილი და მომზადებული მგალობლები, ხოლო რადგან პირველი ქრისტიანები ძირითადად დაბალი სოციალური ფენიდან იყვნენ, მათი სიმღერაც ადვილად გასაგები უნდა ყოფილიყო. ფილონ ალექსანდრიელი ამ გალობას ასეთნაირად აღწერს: „ფსალმუნი იწყება ერთი ზომიერი და კეთილხმოვანი გალობით, დანარჩენები კი ჩუმად უგდებენ ყურს და მხოლოდ ბოლო ტაეპში უერთებენ თავიანთ ხმებს“ (13, 53). ამ აღწერილობაში ადვილად იცნობა გალობის იპოფონიური პრინციპი, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მგალობლები ხმას უწყობენ ერთ ყველაზე გამოცდილ მგალობელს, იმეორებენ რა მთელ მელოდიურ სტროფს, ან მხოლოდ მის დაბოლოებას, ან კიდევ ერთ რომელიმე ფრაზას (მაგალითად: „ალილუია“, „რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი“ და ა.შ.)
თანამედროვე ღვთისმსახურების პრაქტიკაში იპოფონიური გალობის კვალი შეინიშნება მისამღერების შესრულებისას „რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“ ქრისტეშობის დღესასწაულზე და „დიდება მაღალიანზე“ დიდი შაბათის მსახურებაზე და აღდგომის დღესასწაულზე „ქრისტე აღსდგა“-ს ტროპარის გამეორებაც შეიძლება ჩაითვალოს იპოფონიური გალობის მაგალითებად.
იპოფონიურ გალობასთან ერთად ადრეული ქრისტიანული ეკლესია ფართოდ იყენებდა ანტიფონურ გალობასაც, რომელსაც ასევე ღრმად გაედგა ფესვები ძველი აღთქმისეულ გალობის ტრადიციაში. პლინიუს უმცროსის წერილში ტრაიანეს მიმართ ნათქვამია, რომ „ზოგიერთ დღეებში ქრისტიანები იკრიბებიან მზის ამოსვლამდე და მონაცვლეობით (ე.ი. ანტიფონურად) უძღვნიან ღმერთს სახოტბო ჰიმნებს“ (Плиний Младший. Письмо X,97). ეს წერილი, რომელიც შექმნილია 111-112 წწ., დროის მიხედვით ემთხვევა წმინდა მამის ეგნატე ღმერთშემოსილის (49-107 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობის ჟამს და ირიბად ადასტურებს ისტორიკოს სოკრატეს ცნობას იმის შესახებ, რომ სწორედ ამ მოციქულმა შემოიღო ანტიფონური გალობა ანტიოქიის ეკლესიაში და აქედან, როგორც ძირითადი წყაროდან, იგი გავრცელდა მთელს ქრისტიანულ ეკლესიაში (11, 102). მაგრამ, ეს ცნობა ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ წმიდა მამა ეგნატე ღმერთშემოსილის (ახ.წ. 75 წ.) ანტიოქიის ეპისკოპოსობამდე ანტიფონური გალობა, უკვე კარგად ცნობილია ქრისტიანებისათვის, არ იხმარებოდა მხოლოდ იმის შედეგად რომ, ქრისტიანული ღვთისმახურება სრულდებოდა დიდი საიდუმლოთი, დაფარულად და შესაძლოა მოკრძალებით, მაშინ როდესაც ანტიფონური გალობა მოითხოვს გარკვეულ ზეიმურობას და ამაღლებულ განწყობილებას.
იპოფონური და ანტიფონური პრინციპების გარდა ძველი ქრისტიანული ეკლესია იცნობდა ასევე სიმფონიურ (ანუ შეწყობით) პრინციპის გალობას. სწორედ ასე განისაზღვრა წმინდა მოციქულების მიერ სამგზის ეგალობათ უფლის ლოცვა „მამაო ჩვენო“ და იქნებ სწორედ ეს პრინციპი ასხამს ყველაზე მეტად ხორცს მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის გალობის მისწრაფებას, გამოხატულს სიტყვებით: „ერთითა პირითა და ერთითა გულითა“ (2,65). ძველი ქრისტიანული გალობის სამივე პრინციპი - იპოფონიური, ანტიფონიური და სიმფონიური, როგორც ყველაზე მეტად კეთილხმოვანი, ახლაც ჟღერს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბრწყინვალე შვიდეულში საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით. ეს წარმოადგენს დასტურს იმისა, რომ ის, რაც ღირებულია არ შეიძლება იქნეს ამოღებული მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილებიდან და რომ ყველაფერი სულიერი მნიშვნელობის მქონე სამუდამოდ რჩება მის მეხსიერებაში.
ადრექრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკა გალობის პრინციპების გარდა განასხვავებდა საგალობელთა ცალკეულ ტიპებსაც. წმინდა გრიგოლი ნოსელი წერს: „ფსალმუნი არის მელოდია, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტს მოითხოვს; გალობა არის ადამიანის ბაგეებიდან მომდინარე ჰანგი, რომლის დროსაც ჟღერს დანაწევრებული სიტყვები. ჰიმნი არის ღვთის კურთხევა ჩვენთვის ბოძებული კეთილდღეობისათვის“ (6, 111). ამ სიტყვებში არა მხოლოდ გალობის რაღაც კლასიფიკაციაა მოცემული, არამედ იკვეთება იერარქიაც, რომელიც უფრო მკაფიოდ ყალიბდება წმ. იოანე ოქროპირის მიერ: „ფსალმუნებში თავმოყრილია ყველაფერი ადამიანური, ჰიმნებში კი არაფერია ადამიანისეული. ამიტომაც თავიდან ბავშვს ასწავლე ფსალმუნება, ხოლო ამის შემდეგ კი იგალობოს ჰიმნები, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ღვთაებრივია. ზეციური ძალები ჰიმნებს გალობენ და არა ფსალმუნებს“ (7, 112). ეს სიტყვები მოწმობს სწრაფვას კარგად განვითარებული და მოფიქრებული ღვთისმსახურების სტრუქტურების შექმნისაკენ, რომელსაც თან ახლავს მკაცრად განსაზღვრული მელოდია, მაგრამ ამ მისწრაფების რეალიზება ვერ იქნებოდა მიღწეული მოცემულ ისტორიულ ეტაპზე, რომელზეც საფუძველი მხოლოდ ძირითად მელოდიურ სისტემებს ეყრებოდა.
შეცდომა იქნებოდა, რომ ახალაღთქმისეული გალობა გაგვეგო, როგორც მექანიკური შეკრების, სხვადასხვა პრინციპებისა და გალობის სახეების გაერთიანების პროცესი, როგორც უკვე არსებული ტრადიციების უბრალო ექსპლუატაცია, რადგან გალობის ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა მკაცრ გადარჩევას და განხილვას მელოდიური საშუალებებისა, რომელიც ხორციელდებოდა მათი ახალი ქრისტიანული ცხოვრების პოზიციის მაღალ სულიერ-ესთეტიკურ ბუნებასთან გულმოდგინე განხილვის საფუძველზე. „გულისამაჩუყებელი ჰანგები და მტირალა რიტმები - ეს კარიული მუსიკის მუზის ცბიერი ხრიკები - რყვნიან ზნეობას, შეუმჩნევლად თავიანთი ვერაგული ხელოვნებით, ჩაითრევენ რა სულს კოსმოსის თარეშსა და პარპაშში (სახალხო სეირნობა [ქეიფი] სიმღერით)“ (Климент. Строматы. 5,3) - წერს კლიმენტი ალექსანდრიელი, ერთერთი პირველი მოძღვარი ეკლესიისა, რომელმაც დაიწყო დაწვრილებით გალობისა და ცხოვრების ურთიერთზემოქმედების საკითხის განხილვა. სწორედ მისგან იღებს სათავეს წმინდა მამათა სწავლება საღვთისმსახურო გალობის შესახებ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: სწორი გალობა მართალი ცხოვრების შედეგია, ხოლო მართალი ცხოვრება სწორი გალობის წინაპირობაა. ამგვარად, იქმნება ვითარება, რომლის მიხედვითაც მართალი ცხოვრება უკვე არის გალობა. წმინდა მამა გრიგოლ ნოსელი ამგვარად ხსნის ამ მოსაზრებას: „უფალი გიბრძანებს, რომ შენი ცხოვრება იყოს ფსალმუნი, რომელიც შედგენილი იქნებოდა არა მიწიერი ბგერებისაგან (ბგერებად ნაგულისხმებია აზრები), არამედ მაღლით, ზეციური სიმაღლიდან მიიღებდა თავის წმინდა და მკაფიო ჟღერადობას. ამ ფსალმუნის იგავური არსის მსმენელები არიან ისინი, ვისაც შენ აძლევ ღირსეულად ცხოვრების მაგალითს“ (6, 112).
გალობის ამგვარი გაგება წარმოშობს სწავლებას ადამიანზე, როგორც სული წმინდის მიერ გამართულ ინსტრუმენტზე. „მაშ ვიქცეთ ფლეიტად, ვიქცეთ კიფარად სული წმინდისა, ჩვენც მოვამზადოთ თავი მისთვის როგორც აწყობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. დაე შეეხოს იგი ჩვენს სულებს პლექტორად“ - წერს წმინდა იოანე ოქროპირი (7, 115). ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები, «ღაწვები, ენა და ხორხი - ჰგვანან სიმებს, რომელთაც პლეკტორის საშუალებით აწყობენ. ტუჩები ისევე მოძრაობენ, როგორც თითები ფლეიტაზე“ - წერს გრიგოლი ნოსელი (5, 112). ამ მუსიკალურ ანთროპოლოგიას ავითარებს წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი. მისი მტკიცებით: „ფსალტერიონი“ (ღმერთისადმი აღსავლენი ჰიმნების ასაჟღერებელი ინსტრუმენტი) სხეულის წყობაა, ხოლო თვით ფსალმუნი არის გონებას დაქვემდებარებული სხეულის მოძრაობა” (5, 389-391).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შესაძლებელია პრაქტიკული დასკვნის გაკეთება: „მუსიკა სხვა არაფერია, თუ არა უფრო მაღალი ცხოვრების სტილისაკენ სწრაფვა. მისი მიზანია მოუწოდოს კეთილისმყოფელთ არ დაუშვან თავიანთ ქმედებებში არამუსიკალური ქმედებები, რაც არღვევს ჟღერადობას და აფრთხილებს არ დაუშვან სიმების ზედმეტად დაჭიმვა, რათა ამან არ გამოიწვიოს სიმების გაწყვეტა. არ არის საჭირო სიმების ზედმეტად მოშვებაც, ვინაიდან ის დაკარგავს სასურველ ჟღერადობას მსგავსად სულისა, რომელიც ზედმეტი მოდუნებისაგან ყრუვდება.
საერთოდ, მუსიკის წესების მიხედვით, სიმები ხან დაჭიმულ მდგომარეობაშია და ხანაც პირიქით. ამ ფაქტორის გათვალისწინებით აუცილებელია გვახსოვდეს, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ცხოვრების მელოდია და სწორი რიტმი და თავიდან ავიცილოთ როგორც ზედმეტი დაჭიმულობა, აგრეთვე ზედმეტი მოდუნება” (6, 112-113). გრიგოლი ნოსელის ამ სიტყვებს მთავარი ადგილი უჭირავს მუსიკალური ანთროპოლოგიის რელიგურ ინტერპრეტაციაში, ვინაიდან, ისინი აღწერენ ანტიკური ეთოსის შესახებ სწავლებიდან გარდასახვის, განწმენდისა და განვითარების პროცესს და იმავდროულად წარმოაჩენენ გალობის ახალ, ქრისტიანულ საფუძვლებს.
ამრიგად, თავისი ისტორიული განვითარების პირველი პერიოდის ბოლოსათვის ქრისტიანული ეკლესიის საღვთისმსახურო გალობა უკვე მრავალმხრივ მოვლენას წარმოადგენდა და მოიცავდა, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა პრინციპების მქონე გალობის დიფერენცირებულ პრაქტიკასა და გალობის სხვადასხვა ტიპებს; აგრეთვე მასში უკვე შეინიშნებოდა ამ პრინციპების მმართველი სისტემის ჩანასახები რაც ახდენდა მათ ერთ სტრუქტურასა და საეკლესიო წესდებაში მოქცევას; და ბოლოს, საღვთისმსახურო გალობის კონცეფცია, რომელიც ადამიანს სულიწმინდის ინსტრუმენტად მოიაზრებდა, აქედან მომდინარეობდა „მუსიკალური ანთროპოლოგია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გალობის მთელი სირთულე და მრავალმხრივობა ჯერ კიდევ ერთგვარად განუვითარებელ, პოტენციურ მდგომარეობაში იყო, ვინაიდან პერმანენ-ტული დევნა და ქრისტიანთა კატაკომბური, ნახევრადუკანონო მდგომარეობა აფერხებდა მისი სრული განვითარების საშუალებას. თუმცა ამ მოვლენის ერთგვა-რი „გაუხსნელობა“ არ გვაძლევს უფლებას უარვყოთ მისი არსებობა. ვინაიდან, როგორც თესლში, სადაც მცენარის მთელი ფორმაა ჩადებული, ასევე ამ „გაუხსნელ“ მდგომარეობაში იყო ჩადებული პირველი სამი საუკუნის ქრისტიანული გალობის დიდებული ფესვები. საჭირო იყო მხოლოდ სათანადო პირობები ზრდის დასაჩქარებლად და სწორედ კონკრეტულმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა საღვთისმსახურო გალობის პირველი დაფარული პერიოდის დასასრული და მეორე მშვიდობიანი განვითარების პერიოდის დასაწყისი.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
1. ახალი აღთქმა, სტოქჰოლმის გამოცემა 1989.
2. Апостольские постановления. Constitutiones Apostolorum./Ред. Funk F.//2 тома. Русск. пер. Paderborn. 1905.
3. Аристотель. Политика. VII 5, 1340 b 5. Москва: изд. Наука, 1999.
4. Бесселер Г. «Музыка средневековья и Возрождения», Москва, 1931.
5. Василий Великий. О святом духе. /Ред. Pruche B.//SC 17 (1947). Русск. пер.: //Творения. Москва, 1993.
6. Григорий Нисский. О паломничествах. Письмо 2 //PG 44.999-1108. Русск. пер. 1999
7. Иоанн Златоуст. Похвалная беседа о св. мучениках Ювентине и Максимине.//PG 50.571-578. Русск. пер.: Москва. 1993.
8. Климент Александрийский. Строматы. Москва: Учебно-информационный экуменический центр ап. Павла. 2002.
9. Платон. Государство. Русск. пер. Егунова А.Н.//Собрание сочинений. В четырех томах. Москва: Мысль, 1994. Т. 3.
10. Плиний Младший. Письма. epistulae. Москва: Наука. 1984.
11. Сократ Схоластик. Церковная история//PG 67.29-872. Русск. пер.: Моква: РОССПЭН, 1996.
12. Тертулиан. сочинения: Апология, К жене, О душе, О женском убранстве, О зрелищах, О молитве, О посте, О воскресении плоти, Об идолопоклонстве, Против Гермогена. Москва: Прогресс. 1994.
13. Филон Александрийский. О жизни созерцательной. De vita contemplative / пер. О. Левинской. Москва: Иерусалим. 1994.
14. Ямблих. Собрания Пифагореиских учении. 10 книг. Жизнь Пифагора. 1 книга. Москва. 1993.
რეზიუმე
ქრისტიანული და ანტიკური მუსიკის ანთროპოლოგიისთვის
მღვდელი ლევან მათეშვილი
ღვთის შემეცნების პოტენციური შესაძლებლობები მუსიკისა, დაკავშირებული მისტიკურ ჰარმონიულ კათარზისსა და ეთოსის შესახებ სწავლებასთან, რეალიზებული იქნენ ახალ აღთქმისეულ ღვთისმსახურების გალობაში და გარდაქმნილი სახით მის შემადგენელ ნაწილად იქცნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გალობის მთელი სირთულე და მრავალმხრივობა ჯერ კიდევ ერთგვარად განუვითარებელ, პოტენციურ მდგომარეობაში იყო, ვინაიდან პერმანენტული დევნა და ქრისტიანთა კატაკომბური, ნახევრადუკანონო მდგომარეობა აფერხებდა მისი სრული განვითარების საშუალებას. თუმცა ამ მოვლენის ერთგვარი „გაუხსნელობა“ არ გვაძლევს უფლებას უარვყოთ მისი არსებობა. ვინაიდან, როგორც თესლში, სადაც მცენარის მთელი ფორმაა ჩადებული, ასევე ამ „გაუხსნელ“ მდგომარეობაში იყო ჩადებული პირველი სამი საუკუნის ქრისტიანული გალობის დიდებული ფესვები. საჭირო იყო მხოლოდ სათანადო პირობები ზრდის დასაჩქარებლად და სწორედ კონკრეტულმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა საღვთისმსახურო გალობის პირველი დაფარული პერიოდის დასასრული და მეორე მშვიდობიანი განვითარების პერიოდის დასაწყისი.
SUMMARY
ON CHRISTIAN ANTHROPOLOGY AND ANTIQUE MUSIC
PRIEST LEVAN MATESHVILI
Potential possibilities of music in knowledge of God connected with mystical harmonious catharzis and the doctrine about ethos, have been realized in the chant of the New Testament Divine service and became its component in a changed way (with some changes).
It is necessary to notice that all the complexity of chant was not developed yet, on account of conditions of permanent persecution of Christians and their catacomb, not legal position and that an obstacle for its full development. However ?not opened” condition of this phenomena does not give us the ground to believe that it was not. As in a seed in which all form of a plant is hidden so great roots of Christian chant of the first three centuries were hidden in this "not opened" condition. It needed some particular conditions for its development. And when the time came for such conditions it lead to an and of the first hidden period of Christian chant and to the beginning of the second, peaceful period of its development.
Комментариев нет:
Отправить комментарий