воскресенье, 14 апреля 2013 г.

ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე




ავტორი: დეკანოზი ლევან მათეშვილი

ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე – თითქოსდა როგორი შეუთავსებელი სიტყვათა წყობაა, თითქმის აბსურდული, მაგრამ ამ აზრის მიღმა, სამწუხაროდ, ის რეალობა იმალება, რასაც ქრისტიანობის საბურველ ქვეშ გახვეული ფსევდოქრისტიანობა და ფსევდორელიგიურობა ქვია მთელი თავისი ფართო სპექტრალური სახესხვაობებით. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, როცა ფსევდოქრისტიანობა ეკლესიურ ცხოვრებაშიც შემოდის. ეს ის თემაა, რომელზეც ყველაზე ნაკლებად უყვართ საუბარი, რადგან მტკივნეულ საკითხებს ეხება და ჩვენ გვეხება.
ქრისტიანობას განსაზღვრული ფასეულობათა იერარქია გააჩნია, სადაც მთავარია თვითონ ქრისტე, მისი საღმრთო პიროვნება. ის არის “ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული” (გამოც. 1,8); ის არის “გზა და ჭეშმარიტება და აღდგომა” (ინ. 14,6; 11,25), მორწმუნისთვის ქრისტე ყველაფერია. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი ქრისტესთან შეერთებაა, მისით და მასთან ცხოვრებაა, მასშია გადარჩენა და მშვიდობა, ბედნიერება და უკვდავება. ღმერთმა სწორედ ამ მიზნით დააფუძნა დედამიწაზე ეკლესია, რომელშიც სულიწმინდის საიდუმლოებებით მორწმუნე სული უერთდება ქრისტეს. ეკლესია არაა მხოლოდ ინდივიდუალური განწმენდის საშუალება. ქრისტეში ცხოვრებით ადამიანი ნამდვილ სისავსეს იძენს. ეკლესიისთვის არ არის არსებითი, კაცი ამ სოფელში მკვიდრობს, თუ უკვე იმ ქვეყანას, რადგან ეკლესიაში არ არის სიკვდილი, რადგან ეკლესია არსით ქრისტეს სხეულია. აქედან გამომდინარეობს ქრისტოცენტრულობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ეკლესიაში ყველაფერი იესო ქრისტემდე უნდა მიდიოდეს.
ქრისტეს ეკლესიამ ორიათასწლოვანი არსებობის მანძილზე დააგროვა უმდიდრესი განძი (სულიერი, კულტურული, სოციალური და ა.შ.) ყოფიერების ყველა სფეროში. მისი მიზანი იყო ადამიანის იესო ქრისტესთან მიახლოება. თუკი, მიზეზთა გამო, გარეგნულ ეკლესიურ ფორმებს აღვიქვამთ ფასეულად და მათში ქრისტეს არ ვგულისხმობთ, ვცდებით, რადგან მთავარს ვცვლით მეორეხარისხოვნით, არსებითს – ფორმალურით, რადგან ქრისტეს გარეშე, თვით ეკლესიაშიც კი, ყველაფერი უაზროა.
სიტყვა “სინერგია”, რომელსაც ჩვენი პატრიარქი ხშირად ხმარობს, ნიშნავს ღვთისა და ადამიანის თანაშემოქმედებას. ეკლესიაში დავანებული ღვთის მადლი არასდროს მოქმედებს ნაძალადევად, თვითნებურად. ღმერთი ყოველთვის პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას (იმიტომ, რომ თვითონ შექნა ამგვარად ადამიანისავე სიყვარულით) და მისგან ელოდება გააზრებულ და სავსებით თავისუფალ გულის რელიგიურ მოძრაობას. რელიგიური ცხოვრების ეს პრინციპი ყოველმხრივ დაცულია. ეკლესიაში ყველაფერი ქრისტიანის გააზრებულ, პასუხისმგებლურ ცხოვრებაზეა გაანგარიშებული, აქ არაფერია ფორმალური, “ბრმა” და არაფერი აღესრულება “თავისით”, თითქოსდა ადამიანის ნებელობის “გვერდის ავლით”.
ეკლესიური ცხოვრების ეს პრინციპები არსებობს არა “საფილოსოფოსოდ”, არამედ რეალური ცხოვრებისთვის. ქრისტესთან შესაერთებლად აუცილებელია ზნეობრივი შრომა – რადგან ადამისგან დაცემული ბუნება გვერგო, ღვთის მცნებათა დასაცავად საჭიროა დიდი ძალისხმევა და საკუთარი თავის იძულება. მხოლოდ ამგვარად შეითვისებს ადამიანი ქრისტეს მადლს. ბევრს ასეთი ქრისტიანობა არ მოსწონს, საკმაოდ დისკომფორტულია მისთვის. ჰგონიათ, რაკი ეკლესიაში ფიზიკურად შევიდნენ, დიდი საქმე გააკეთეს და თვით ღმერთია დავალებული მათ წინაშე. ეს არის ფენომენი, რომელსაც საკუთარი თავის სარწმუნოება, გნებავთ, საკუთარი რელიგია ჰქვია. სარწმუნოების საკუთარ თავზე მორგება თვითმიზანია და არა ის, რაც იესო ქრისტემ და მოციქულებმა იქადაგეს. ეს არ არის ქრისტიანობა. არადა, სწორედ, ამგვარი ფორმებია შემოსული და ფესვგადგმული ქართულ რეალობაში, დაწყებული შავი გაგების ქრისტიანობით, დამთავრებული უპასუხისმგებლო “სიყვარულის” სახელით სრული ანარქიულობით. ეკლესიაში მოსული ადამიანი საკუთარ სტერეოტიპებს არ ტოვებს ტაძრის ზღურბლთან და ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებს საკუთარი შეხედულებებით ქრისტეზე. ეს კიდევ გამოსწორებადი ფენომენი იქნებოდა, რომ ამგვარ ადამიანებს სწორედ მოტივირებული სასულიერო პირი დახვედროდათ, მაშინ მათ იესო ქრისტესთან შეხვედრის შანსი მიეცემოდათ, მაგრამ როცა საკუთარი სტერეოტიპებით აღსავსე ადამიანს ტაძარში ხვდება მღვდელი, რომლის მიზანი, მისი საქმეებიდან გამომდინარე, ის კი არ არის, რომ მრევლი ღმერთამდე მიიყვანოს, არამედ მისი ძალისხმევა მიმართულია, რომ ადამიანები მის პირად მორჩილებამდე დაიყვანოს, მაშინ ის ეკლესიაში მოსულებს ქრისტოცენტრულობას კი არ სთავაზობს, არამედ საკუთარ ეგოცენტრულობას ახვევს თავს, რაც სავალალო შედეგებს იწვევს: მოძღვრის გაკერპებას, მის უცდომელობას, მისდამი უსიტყვო მონობას და ა. შ. სადაც ქრისტე არ არის. ქრისტე თავის მიმდევრებს თავისუფლებას სთავაზობს, ისინი კი ზომბირებას, სადაც ქრისტეა იქ სიყვარულია, მათთან კი ყველგან მტრები და სიძულვილია, სადაც ქრისტეა იქ მართლმადიდებლობაა, რომლის საშუალებითაც ქრისტეს მიმდევრებს ცათა სასუფეველი აქვთ აღთქმული, ხოლო ისინი კი მართლმადიდებლობას იცავენ! მართლმადიდებლურად კი არ ცხოვრობენ, არამედ იცავენ, რადგან “დაცვა” უფრო ეადვილებათ, ვიდრე ქრისტეს მცნებების დაცვა. ჭეშმარიტებას დაცვა არ სჭირდება – აქეთ დაგიცავს, არამედ აღსრულება უნდა. ჭეშმარიტება გვეუბნება: “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ” (მათ. 11,28). ისინი კი უფალს ეუბნებიან –შენ დაისვენე და ჩვენ დაგიცავთ და განგისვენებთო, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლები, “რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილადმეტყველებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი”(რომ.16,18). რამეთუ სიყვარულს ასწავლიან სიყვარულის გარეშე, ქრისტეს ქადაგებენ ქრისტეს გარეშე, “და იყვნენ კაცნი თავისმოყვარე, ვერცხლისმოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ. . . მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, და უმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინაგამცემელ, გულისთქმის მოყვარე, ვიდრე ღვთისმოყვარე, აქუნდეს ხატი ღმრთისმსახურებაი და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ” (2ტიმ. 3,2-5). ხოლო როდესაც ქრისტეს ძალი და მადლი უარიყოფება ამის ერთ-ერთი ნიშანია ეკლესიურ წიაღში ქრისტეს სახელით და მართლმადიდებლობის დაცვის საბაბით რაღაც ჯგუფების, კავშირების წარმოქმნა, თითქოსდა ენაკლოვანებათ ქრისტეს მორწმუნეთა კავშირი – რასაც ეკლესია ჰქვია. ამის შედეგად, ამგვარ ეკლესიურ წიაღში ყალიბდება ცნობიერება და მასთან მიბმული ტერმინოლოგიაც “ჩვენ”, “ჩვენიანები” და “სხვები”, ვიმეორებ, ერთ ქრისტეს ეკლესიაში მიმდინარეობს დაყოფა “ჩვენიანებად” და “სხვისიანებად” და ყველას კარგად მოეხსენება ქრისტეს ეკლესიას ვინ ყოფს! _ ღმერთი კი აერთიანებს, ამასვე ამბობს წმ. პავლე მოციქული: “რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ “მე პავლესი ვარ” და სხვაი იტყოდის “ მე აპოლოისი ვარ”, არა ხორციელვეღა ხართა?“ (1კორ. 3,4). სამწუხაროდ, მოციქულთა თავი არ არის შესმენილი, სამაგიეროდ, მართლმადიდებლობის დამცველი ქარიზმატული მამების ქადაგებები ქრისტეს სახელით ჯადოსნურ მოქმედებას ახდენს მრევლზე, რომელსაც ჰგონია, რომ სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ამგვარ ცხოვრებას კი …სხვა ბევრ თვისებასთან ერთად ახასიათებს ორმაგი რწმენა, ორმაგი სტანდარტი: ქრისტიანობა ქრისტოცენტრიზმის გარეშე და მაგიზმი – ქრისტიანობა სინერგიისა და ზნეობრივი შრომის, ძალისხმევის გარეშე.
დღეს რწმენის დუალიზმი მარტო ჭიაკოკონაზე ხტუნაობით, მკითხავებთან სიარულით თუ მართლმადიდებლობის მტრებთან ბრძოლით არ გამოიხატება, არამედ მას ჩვენი რელიგიიდან გაჰყავს ქრისტე და მის ადგილას დაცემული სამყაროს რეალიებს აყენებს. ამ შეხედულებათა სისტემის მიზანია არა თვით უფალი და მასში ცხოვრება, არამედ მისგან ამქვეყნიურ სიკეთეთა მიღება, ღმერთი და მისი მცნებები კი არავის აინტერესებს. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში თვით ეკლესიური ფორმები კარგავენ სისავსეს და ნახევრად წარმართულად იქცევიან. მაგალითად, აღდგომას, იმის მაგივრად, რომ ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე – ბედნიერებაზე, სიკვდილზე, “ვზრუნავთ” იმაზე, თუ სად ვიყიდოთ კარგი პასქა, რითი შევღებოთ კვერცხები… ანუ მთავარს ვანაცვლებთ მეორეხარისხოვნით და ვრჩებით ღვთის მოწყალების იმედად – ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევის გარეშე, ჯადოსნური ჯოხის აქნევით; მაგრამ გვავიწყდება, რომ ეკლესიაში მაგები და ჯადოქრები არ არიან.
თუკი მაგიზმი ეკლესიაში აღწევს, ის ქრისტიანის შინაგან წყობას ძირეულად ცვლის, ამახინჯებს, რყვნის და ადამიანი, ფაქტობრივად, ქრისტიანი აღარც არის, თუმცა შეიძლება გარეგნულად ეკლესიური იყოს.
ეკლესიაში მაგიზმი, უპირველესად, აუკუღმართებს ადამიანის და ღმერთის დამოკიდებულებას, ფიქრს ღმერთზე. ღმერთი წარმოგვიდგება არა მოსიყვარულე მამად, არამედ აბსტრაქტულ პრინციპად, რომელიც აღგვიძრავს არა შვილობრივ სიყვარულს, არამედ ხელქვეითის შიშს იდუმალი უფროსისადმი. ადამიანსა და ღმერთს შორის შეუძლებელი ხდება პირადი ურთიერთობები – არადა სწორედ ესაა ჩვენი რელიგიის არსი. სამაგიეროდ, ფორმალური, იურიდიული ურთიერთობები აღმოცენდება. ღვთივსათნო ქმედებანი ზნეობრივი სფეროდან გადადის მხოლოდ განსაზღვრული წესების შესრულებაზე. მაგიური აზროვნების საფუძველი მარტოოდენ რიტუალი, მისი სწორად და დროულად აღსრულებაა, სხვა მხრივ ადამიანი ღვთის მოვალე არ არის. გავიხსენოთ თუნდაც ილია მართლის ლუარსაბ თათქარიძე. ის გარეგნულად “შესაშური” ქრისტიანი იყო, თანაც ღმერთს იქით ედავებოდა: “რა დავაშავე, ღმერთო, წელიწადში ერთხელ ვეზიარები, შესაწირსაც ვწირავ და შვილს მაინც არ მაძლევო”. ასე რომ, ეკლესია ზოგიერთისთვის მართლმადიდებლური თეთრი მაგიის ორგანიზაციაა (აკი “მართლმადიდებელი” ლუარსაბიც არ ამბობდა უარს მკითხავების დახმარებაზე!).
ადამიანი ქრისტესთან ზოგჯერ იოლად და კომფორტულად ვერ გრძნობს თავს (არადა რა პარადოქსია!). უფალი გვეუბნება: “შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაი” (მარკ. 12,30), რაც, როგორც ვთქვით, მოითხოვს ზნეობრივ ძალისხმევას, ღვთისადმი საკუთარი გულის მიძღვნას. ზოგისთვის ეს მოუხერხებელია ანდა არ სცალიათ ამგვარი რამეებისთვის. გაცილებით ადვილია სანთლის დანთება (გარეთ ნაყიდი შედარებით იაფი სანთელი თუ შეხვდათ, ხომ კარგი, ზოგი კი პირიქით, ღმერთთან საქმის “ჩაწყობას” ძვირადღირებული სანთლებით ცდილობს და ა.შ.) იმ იმედით, რომ იგი საჭირო მაგიურ შედეგს თავისთავად გამოიღებს და ყველაფერი აუსრულდებათ, რაც ღმერთს სთხოვეს ან მოსთხოვეს კიდეც! ეს უფრო იოლია, ვიდრე საკუთარ ცხოვრებაში გარკვევა, გაანალიზება და, რაც მთავარია, მისი სახარებისეულ პრინციპებზე აგება. აქედან გამომდინარეობს სასწაულთა ძიება, მისნობა მეორედ მოსვლაზე, იაფფასიანი აპოკალიპტიკა, უნათლავ ჩვილების ხვედრის ძიება, “ბიზანტიური” გალობა და სხვა. სწორედ ამგვარ მოვლენებზე ამბობს წმინდა პავლე მოციქული: “ამქვეყნიურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვართე” (I ტიმ. 4,7), რადგან ყველაფერი ეს პროფანაციაა, გარეგნულია – შინაგანის გარეშე, ქრისტიანობაა – ქრისტეს გარეშე, ეკლესიური ცხოვრებაა – სულიერი შრომის გარეშე. ეს არის წუთისოფლის მიერ შემოთავაზებული ყველაზე დიდი საცდური, რადგან ის ჩვენს გულებზე გადის ჩვენი სულების დასაღუპად.




წყარო




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий