среда, 3 апреля 2013 г.

ქრისტიანული აზროვნება და კომუნიზმის დასასრული რუსეთში



წინამდებარე ტექსტში, შევეცდები გადმოვცე უილიამ ვან დენ ბერკენის ნაშრომში: „Christian thinking and the end of communism in Russia", წარმოდგენილი შეხედულებები და რეზიუმე მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსი ინტელექტუალების მიერ შექმნილი კულტურულ-რევოლუციური ტექსტებისა: „ვეხი" (გზამკვლევი) და „იზ გლუბინი" (სიღრმიდან, ღრმითამო). თავდაპირველად შევხებით კრებულ „ვეხი" და მასში შემავალ ძირითად ოთხ სტატიას; შემდეგ ვისაუბრებთ კრებულ „სიღრმიდან" და კონკრეტულად იმ სტატიებზე, რომლებიც უილიმ ბერკენის აზრით საკმარისია ნაშრომის სულისკვეთების წარმოსაჩენად.

ამ ტექსტში არაა წარმოჩენილი თავის მხრივ „ვეხის ჯგუფში" შემავალი წევრების რელიგიური და მორალური შეხედულებების ანალიზი და კრიტიკა, რომელიც დღევანდელი დღისათვის არც არის მაინცა და მაინც აქტუალური. ქვემოთ უბრალოდ წარმოდგენილია მოკლე მონახაზი რუსი ინტელექტუალების მიერ სოციალიზმის ეპოქის დასაწყისშივე განჭვრეტილი საზოგადოების დეგრადირება და პოლიტიკური კრახი.

1. ვეხი (Vekhi) - ახდენილი წინასწარმეტყველება

კომუნიზმსა და ლიბერალიზმს შორის სოციალურ ბრძოლაში მორალური გამარჯვებულები არიან სწორედ ისინი, ვინც შუაგულ 1917-იან წლებში უკვე აღნიშნა ადამიანისა და საზოგადოების კომუნისტურ იდეის ეკონომიკური არაპრაქტიკულობა და ფატალური ეთიკური შედეგები. მათი კრიტიკა მომდინარეობდა არა მოვლენებიდან განზე მდგომი ადამიანის პოზიციიდან, არამედ მათი მხრიდან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული მოვლენების განვითარებაში და ღრმად იყვნენ განმსჭვალულნი სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით.
ესაა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც 1909 წელს დაბეჭდეს მრავალგზის განხილული სოციალიზმის კრიტიკა წიგნში: ვეხი (გზამკვლევი). ხოლო 1918 წელს, ოქტომბრის რევოლუციიდან ნახევარ წელიწადში, როგორც ვეხის გაგრძელება, შექმნეს ნაშრომი სახელწოდებით იზ გლუბინი (სიღრმიდან). ეს იყო რუსეთში კომუნიზმის პირველი ინტელექტუალური კრიტიკა. ის საუბრობდა კომუნიზმის ეკონომიკურ და ეთიკურ უუნარობაზე და ასევე გვთავაზობდა საზოგადოების მოწყობის ალტერნატიულ სახეს, დაფუძნებულს ქრისტიანულ-ადამიანურ ღირებულებებსა და ტრადიციულ სამოქალაქო ღირსებაზე.

ამ მოაზროვნეებს ხშირად მოიხსენიებენ ვეხის ჯგუფად. ესენი არიან: ნიკოლაი ბერდიაიევი, სემიონ ფრანკი, სერგეი ბულგაკოვი, პიოტრ სტრუვიე და ასევე ბოგდან კისტიაკოვსკი, ალექსანდრ იზგოიევი და მიხაილ გერშენზონი.

წიგნი ვეხი მხარს უჭერს ისეთ ღირებულებებს როგორიცაა ფილოსოფიისა და მეცნიერების დეიდეოლოგიზაცია, უნივერსალური ეთიკური და რელიგიური ნორმები, ხელოვნების ავტონომიურობა და კანონის უზენაესობის აუცილებლობა. ეს ყოველივ თავისი შინაარსიდან გამომდინარე ეს წიგნი, საბჭოთა კავშირის პერიოდში, გლასნოსამდე არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ გორბაჩოვის დროინდელ საბჭოთა კავშირში იქნა ხელახლა აღმოჩენილი.

1.1. სოციალიზმის კრიტიკა და საზოგადოების მოწყობის ალტერნატიული ხედვა
ვეხის ავტორებისათვის პირველადია „ეთიკა, როგორც თითოეული ინდივიდის მოვალეობა თვით-სრულყოფისათვის. ინდივიდუალური სინდისი და პასუხისმგებლობის გრძნობა უპირატესია ვიდრე სტრუქტურული ცვლილებები საზოგადოებაში."[1]
ვეხი არ გვაწვდის წვრილმან საეკლესიო მესიჯს ან დოქტრინას, არამედ ზოგად ქრისტიანულ ცხოვრების წესს, რელიგიურ პერსონალიზმს. ამ წიგნში შემავალი თითქმის ყველა ავტორი საუბრობს წმინდად რელიგიურ-ფილოსოფიური, ქრისტიანულ-ეთიკური ბექგრაუნდიდან.
ვეხის სულისკვეთების დასანახად შეიძლება გამოვყოთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი: ბერდიაიევი, კისტიაკოვსკი, ბულგაკოვი, ფრანკი და ვისაუბროთ მათ სტატიებზე თანმიმდევრულად.

1.1.1. „სოციალისტური და კულტურული ინტელექტუალიზმი"
ბერდიაიევი ფილოსოფიურ საკითხს ამუშავებს და ის ეხება სიმართლის ცნებას რევოლუციური ინტელიგენციის აზროვნებაში, რომელთა კლუბური სული და სექტანტური ინტელექტუალიზმი აუცხოებს ამ ინტელიგენციას ჩვეულებრივი ხალხისაგან და რუსეთის რეალური ინტელექტუალებისაგან, კულტურული ინტელიგენციისაგან. ეს უკანასკნელნი ძალიან ზედაპირულად უდგენბიან ფილოსოფიას და უარყოფენ მეცნიერების ავტონომიას, რადგან სოციალისტური და პოპულისტური იდეალებიდან გამომდინარე ფილოსოფიასა და მეცნიერებას განიხილავენ როგორც პოლიტიკურ უტილიტარულ შედეგებზე დაქვემდებარებულსა და ზოგადად იმორალურს (მორალურად ნეიტრალურს). ინტელექტუალური კრეატიულობა და წმინდა ესთეტიური ცნობიერება უგულვებელყოფილ იქნა თანასწორობისა და ეგალიტარული განაწილების სოციალური იდეალების სასარგებლოდ. თუმცა ქონების თანაბარ გადანაწილების ეს აკვიატება არა მხოლოდ ინტელექტს ზღუდავს, არამედ წმინდად ეკონომიკურადაც კონტრპროდუქტიულია.

რაც შეეხება მარქსიზმს, ბერდიაიევის აზრით, კლასობრივ ჭრილში მსჯელობისას კლასობრივი-ცნობიერების წარმოდგენა წინააღმდეგობაში მოდის მის ბრძოლასთან უნივერსალური სამართლიანობისათვის. კლასობრივი ცნობიერება ორად ჰყოფს აზრს პროლეტარულ და ბურჟუაზიულ ბანაკად, მარჯვენად და მარცხენად, სასარგებლოდ და ზიანის მომტანად. ამით ის ჩიხად აქცევს ზოგადსაკაცობრიო/მსოფლიო, ანუ უნივერსალური სტანდარტებისაკენ მიმავალ გზას. მეცნიერული პოზიტივიზმი როგორც ასეთი არაა შეუთავსებადი მეტაფიზიკურ და თუნდაც რელიგიურ მოსაზრებებთან, რადგან ორივე მათგანს (მეცნიერულ პოიტივიზმს და მეტაფიზიკა/რელიგიას) აქვს საკუთარი კვლევის არეალი და ცოდნა. მარქსის ეკონომიკურ პოზიტივიზმს ასევე აქვს არსებობის უფლებს როგორც მეცნიერულს, თუმცა, ბერდიაევის აზრით, რუსი მიმდევრების მიერ მისი დოგმატური ინტერპრეტაციების გამო მარქსიზმმა დაკარგა მეცნიერული სტატუსი. მეცნიერული პოზიტივიზმი რუსეთში გაიგივებულია ათეიზმთან და ამგვარად გარდაიქმნა რელიგიად, რომელიც დაცულია თითქმის „კათოლიკ-მსგავსი" ფანატიზმით.[2]

ბერდიაიევი ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური განთავისუფლებაა საჭირო, არამედ განთავისუფლება პოლიტიკიდანაც: აზროვნების განთავისუფლება პოლიტიკის მონობისაგან. იგი სტატიის ბოლოს „მე"-ს„ჩვენ"-ით ცვლის: „ჩვენ გარეგანი რეპრესიისაგან მხოლოდ მაშინ განვთავისუფლდებით, თუკი გავანთავისუფლებთ ჩვენს თავს შინაგანი მონობისაგან, რაცაა ... საკუთარი დანაშაულის გაცნობიერება ... ჩვენივე თავები მივიჩნიოთ პასუხისმგებლად იმის ნაცვლად, რომ გადავაბრალოთ ყველაფერი გარეგან სტრუქტურებს."[3]

1.1.2. სამართლის კულტურის უქონლობა
ისევე როგორც ბერდიაევი აკეთებს აქცენტს რუსულ „ინტელიგენციაში" ფილოსოფიური კულტურის უქონლობაზე, ასევე კისტიაკოვსკი საუბრობს სამართლის კულტურის უკმარობაზე და ასკვნის, რომ რუსეთი არის ევროპული ცივილიზაციის მიღმა. კისტიაკოვსკი აკრიტიკებს სოციალ დემოკრატებს მათი ლიდერების - პლეხანოვისა და ლენინის მიერ გამოყენებული სამართლის რელატივისტური გაგებების დამოწმებით. სამართლის სტანდარტების უქონლობა კომპენსირებულია უაღრესად უხვი საკანონმდებლო აქტებით, წესებით და ინსტრუქციებით. ხოლო, ეს ტიპიურია პოლიციური სახელმწიფოსთვის. ბოლშევიკების ჟინი რეგულაციისა და ბიუროკრატიისა არაფრით განსხვავდება ცარისტული სახელმწიფოსგან. მთელი გარეგანი დისციპლინა გამოხატავს შინაგანი დისციპლინის უკმარობას.

კისტიაკოვსკიც ბერდიაიევის მსგავსად მოგვიწოდებს, რომ არ გავექცეთ პასუხისმგებლობის გრძნობას და ამბობს, რომ ჩვენ ვერ გადავაბრალებთ პოლიტიკურ გარემოებას ყველაფერს, რომ გვყავს ასეთი ცუდი მოსამართლეები, ჩვენც დამნაშავენი ვართ.[4] საერთო პასუხისმგებლობა და პერსონალური ბრალეულობის განცდა არის ვეხის ორი მნიშვნელოვანი ელემენტი და მოწოდება რუსეთის სულიერი ცივილიზაციისათვის.

1.1.3. ჰეროიკული თვით-გაღმერთება და ცოდვილობის სინანული
სერგი ბულგაკოვი საუბრობს რევოლუციასა და რელიგიას შორის ურთიერთობაზე. ის აანალიზებს გარეგან მსგავსებებსა და შინაარსობრივ განსხვავებებს რევოლუციურ და ქრისტიანული ფილოსოფიის ცხოვრების წესს შორის. მიუხედავად რელიგიისადმი მკვეთრი ზურგშექცევისა, რუსი რევოლუციონერის სულიერ ნიღაბსა და რელიგიურ მენტალიტეტს აქვს საერთო საფუძველი: ესქატოლოგიური პირდაპირობა, დოქტრინალური პურიტანიზმი და მკაცრი ეთიკა თავისი ასკეტური მიდრეკილებით. ბულგაკოვი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ რუსეთში რევოლუციონერის იდეოლოგია ნაწილობრივ ფორმულირებული იყო საეკლესიო ბექგრაუნდის მქონე ხალხით: ექს-სემინარისტელები, როგორებიც არიან ჩერნიშევსკი და დობროლუბოვი.

ბულგაკოვი ასევე საუბრობს თვით-გაღმერთებაზე, რომელიც აყალიბებს ეს რევოლუციონერის ქცევას. მას მიაჩნია, რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობს იდეით იხსნას მამული და გაანთავისუფლოს კაცობრიობა, იგი ვერ კმაყოფილდება პრაქტიკული მინიმუმით და იბრძვის ჰეროიკული მაქსიმუმისათვის. მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური მოწამეობისათვის. ხდება საკუთარი იდეოლოგიური თვით-ჰიპნოზისა და პოლიტიკური ფანატიზმის მსხვერპლი. ამავე დროს, მისი საკუთარი პარტიის პროგრამის უცოდველობის ფაქტობრივად რელიგიური რწმენა უპირისპირდება მეცნიერულ ხასიათს. ასევე ერთმანეთს ეჯახება რევოლუციონერის ბრძოლა კაცობრიობის ახალი საზოგადოებრივი სულისათვის და მისი საკუთარი ელიტის წარმომადგენლის პოზიცია: მისი ჰეროიკული თვით-თაყვანისცემა აყენებს მას საკუთარი თანამემამულის მაღლა. დემოკრატია, რომელსაც ის უმიზნებს, სინამდვილეში არის არისტოკრატიის ახალი ფორმა.
პირადი არასრულყოფილების ქრისტიანული იდეა უკავშირდება ცოდვის შეგრძნებას, ესაა მომდევნო კონცეპტი, რომელიც „ინტელიგენციამ" უგულებელყო.

ბულგაკოვისათვის ქრისტიანულ ცხოვრების წესსა და რევოლუციონერის ჰეროიზმს შორის ურთიერთდაუკავშირებელ უფსკრულს წარმოადგენს სახარების მოწოდება ადამიანისათვის, რომ მოინანიოს და ჰქონდეს სინანული საკუთარი ცოდვებისათვის - იმისათვის, რომ ხელახლა დაიბადოს. ეს ახალი ადამიანი არ არის გამიზნული ახალი პოლიტიკური პროგრამისათვის, ის არის საწყისი ინდივიდუალური პიროვნული თვითისა. მხოლოდ ამ ახლადდაბადებულებს ძალუძთ საჭირო პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და რელიგიის განახლება რუსეთში.

1.1.4. არაფრის მომცემი სიკეთის ქმნა და დიადი გეგმა კაცობრიობის განთავისუფლებისა
ფრანკის ცენტრალური კრიტიკა რუსული რევოლუციური ინტელიგენციისა შეეხება მეცნიერების, ესთეტიკისა და ფილოსოფიის მორალურ მიდგომას, ერთის მხრივ, და ამ სფეროში ობიექტური ღირებულებების უგულვებელყოფას, მეორეს მხრივ. ფრანკს მიაჩნია, რომ თუკი ინტელიგენციას შეიძლება ვუწოდოთ რელიგიური, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეითავსეს რელიგიის ნეგატიური მახასიათებლები: შეუწყნარებლობა და ფანატიზმი.

სოციალიზმის კრიტიკის ერთი პრინციპული წერტილი შეიძლება შევნიშნოთ ფრანკის, ბულგაკოვის, ბერდიაიევის და სტრუვის ნაწერებში: რწმენა ისტორიის ბედნიერი დასასრულისა. ფრანკი ამას მეტაფიზიკურ ოპტიმიზმს უწოდებს, რაც ლოგიკურად ამოვარდნილია მატერიალისტური მსოფლმხედველობის ჰარმონიიდან: არ არსებობს არანაირი ფილოსოფიური უეჭველობა. ფრანკი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ისტორიის საბოლოო მიზანზე კონცენტრირება, კაცობრიობის უნივერსალური ბედნიერება, ნიშნავს, რომ სოციალისტები ვერანაირ აზრს ვერ ხედავენ მცირეოდენ ქველმოქმედებაში. ქველმოქმედება ხომ ყოვლად მიზერული და უაზრო ქმედებაა კაცობრიობის განთავისუფლების დიად გეგმასთან შედარებით.

2. „ვეხი"-ს იდეების გაგრძელება და კომუნისტური რევოლუციის კვლავ კრიტიკა
სტრუვმა, ბერდიაევმა, ბულგაკოვმა, ფრანკმა და შვიდმა თანამოაზრემ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება კომუნისტური რევოლუციის სავარაუდო შედეგების მიმართ ნაშრომში „სიღრმიდან" (იზ გლუბინი), რომელიც დაიბეჭდა 1918 წელს. როდესაც 1921 წელს დაიწყეს ამ წიგნის გამოცემა კომუნისტი ავტორიტეტბის მიერ ამ ნაშრომის დიდი ნაწილი კონფისკირებულ იქნა და მხოლოდ დასავლეთში ემიგრირების შემდეგ, კეძოდ, 1967 წელს შეძლეს ამ წიგნის გამოცემა. ზემოთხსენებული ოთხი ავტორის გარდა, ამ ნაშრომის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს ასევე: ა. ასკოლდოვმა, ვ. ივანოვმა, ა. იზგოიევმა,ს. კოტლიარევსკიმ, ვ. მურავიოვმა, პ. ნოვგოროდსევმა და ი. პოკროვსკიმ.
უნდა გამოვყოთ 6 ქვეთავი, რომელიც შეეხება ადამიანის სოციალისტურ გაგებას და საზოგადოებას: 1. ადამიანის ილუზორული სახე; 2. სამართლის ეგალიტარული კონცეფცია; 3. გონების უტოპიური დამოკიდებულება; 4. კანონის კრიტერიუმის უარყოფა; 5. რელიგიის უკუგდება; 6 პატრიოტიზმის უკუგდება. მივყვეთ თანმიმდევრულად.

2.1. ადამიანის ილუზორული სახე
რუსულმა სოციალიზმმა წაშალა დასავლური სოციალიზმის ბევრი პოზიტიური ელემენტი, როგორიცაა, მაგალითად: დამოუკიდებელი სავაჭრო გაერთიანებები და მუშათა კოოპერაციები, პარტიის შიგნით საქმიანობის მრავალფეროვნება საგამომცემლო ფირმებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან მიმართებაში და საპარლამენტო და სოციალური საკანონმდებლო გამოცდილება, რაცაა მაგალითად გერმანელ სოციალ დემოკრატების მონაპოვარი. რუსთა ზიზღმა ბურჟუაზიული სოციალიზმის მიმართ მიიყვანა ისინი ეგალიტარული საზოგადოების შექმნამნის იდეამდე. ამას შედეგად მოჰყვა განათლების, მეცნიერებისა და ნიჭიერების ხარისხის მკვეთრი დაცემა და რელიგიამ შეწყვიტა კულტურულ ბაზისად ფუნქციონირება. იზგოიევი ამბობს, რომ რევოლუციური სოციალიზმის ეს დარტყმა უკვე განჭვრეტილი იყო დოსტოევსკის მიერ რომანში „ეშმაკნი" (ბესი). „სოციალიზმმა დაიყვანა ადამიანები ცხოველთა ჯოგის ან ბრბოს დონეზე, რომელნიც ნადავლისათვის მგლებივით იბრძვიან. სოციალიზმმა ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირა მათი ბურჟუებად და პროლეტარებად დაყოფით და ადამიანთა დასმენის ინსტიტუციონალიზებით."[5] რელიგიისაგან განთავისუფლებულმა, სოციალისტმა ადამიანმა იმის მაგივრად, რომ შეებიჯებინა აზრის, თავისუფლებისა და თანასწორობის სივრცეში, პირიქით, მორალური თვალთახედვით, ის დაუბრუნდა გამოქვაბულის ხანას.

2.2. სამართლის ეგალიტარული კონცეფცია
სერგე კოტლიარევსკი საუბრობს რევოლუციურ რუსეთში სოციალიზმის იდეალისტური პათოსის შესახებ, მის მორალისტიურ ასპექტზე, ან როგორც იგი უწოდებს, „მამორალიზებელი რაციონალიზმზე". რუსულმა ლიტერატურამ წარმოაჩინა მამორალიზებელი ინტელექტუალი ე.წ. „გადამეტებული ადამიანი", რომელიც ცხოვრობს საკუთარ საოცნებო ქვეყანაში და დაკარგული აქვს რეალობასთან კავშირი. ის მარად ამუშავებს არშემდგარი საზოგადოების განცდას, მაგრამ არ ძალუძს შეიმუშაოს რაიმე კონკრეტული სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ დანაშაულის გრძნობის მსოფლიოს პოპულისტ-სოციალისტური იდეიდან ამოიზარდა ის, რაც არის ფესვგამდგარი წარმოსახვაში და არა რეალობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მსოფლიოს ამ ხედვისა არის სამართლის ეგალიტარული მიმართულება - ესაა სამართლის ძიება თითოეულის და ყველას ერთად არა ამაღლებით, არამედ ჩამოქვეითებით. მაგალითისათვის კოტლიარევსკის მოჰყავს პოპულისტების სამიწათმოქმედო პროგრამა: ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი მიწის ნაკვეთი. ეს რომ პრაქტიკაში ამოქმედებულიყო, შედეგად მივიღებდით სრულიად სახალხო სიღარიბეს (რაც განხორციელდა კიდეც კოლექტივიზაციის პერიოდსი - ზ.ვ.). კოტლიარევსკი აღნიშნავს, რომ ეს იყო რუსეთის პროგრესის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება. მან წარმოშვა ფერმერებს შორის შური. იმის მაგივრად, რომ ვიღაც მაინც ყოფილიყო მდიდარი, ყველა უნდა ყოფილიყო ღარიბი. ეს არის არა მხოლოდ იდეოლოგიური პრინციპი, არამედ რაღაც რაც აფერხებს რუსულ ნაციონალურ ხასიათს.

2.3. უტოპიური დამოკიდებულება
საზოგადოების უტოპიური ხედვა გულისხმობს როგორც ისტორიის ასევე ტრანსცენდენტალური რელიგიის ნგრევას და ეს ადამიანს ტოვებს სიცარიელეში. უტოპიანიზმი ცდილობს შეავსოს ეს სიცარიელე ე.წ. ისტორიული საჭიროების პოსტულირებით, მიუხედავად ამ პოსტულატის თვით-წინააღმდეგობრიობისა. ნოვგოროდცევი სრულიად აცნობიერებს არსებული სტრუქტურების კრიტიკული ინტელექტუალური დაკითხვის აუცილებლობას, რადგან ესაა პროგრესის წინაპირობა. მაგრამ ის არ უნდა შეეცადოს ჩაანაცვლოს ორგანული სოციალური კანონები აბსტრაქტული მოთხოვნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს ინოვატურ ძალას და შეიძენს დეზინტეგრაციის ეფექტს, რაც დაანგრევს კავშირს ისტორიას, კულტურასა და რელიგიას შორის. გზა სოციალიზმისაკენ, რომელმაც რუსეთი კატასტროფამდე მიიყვანა, იყო შერჩეული საუკეთესო სურვილებით, თუმცა, ამბობს ნოვგოროდცევი, ეს არის სწორედ ის რაც უტოპიურ აზრს მოაქვს: კეთილი ზრახვები, რომელსაც ცუდ შედეგამდე მივყავართ.

2.4. კანონის კრიტერიუმის უარყოფა
პოკროვსკის მიერ განხილული საკითხი შეეხება რუსეთში დიქტატორულიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის სირთულეს. მისი თქმით, ეს სირთულე მომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთმა არ განავითარა რაიმე პოლიტიკური ტრადიცია კონსტიტუციური ხაზით. სწორედ ამ მიზეზით, 1917 წლის რევოლუციამ ქვეყანა გადაისროლა ერთი დიქტატურიდან მეორეში, პროლეტარიულმა დიქტატურამ ჩაანაცვლა ცარისტული. პოკროვსკი ამბობს, რომ საპარლამენტო სახელმწიფოზე გადასვლა მოითხოვს ხელისუფლების სრულიად განსხვავებული კონცეფტის დამუშავებას. მონარქიის დროს ხელისუფლება დაფუძნებული იყო ირაციონალურ იდეებზე და კანონები იქმნებოდა უფრო მეტად ფსიქოლოგიური ეფექტისათვის ვიდრე იურიდიული სათნოებისათის. საპარლამენტო სახელმწიფოში ხელისუფლება განთავისუფლებულია მისტიკისგან და რაციონალური საფუძველი აქვს ჩაყრილი კრიტიკულ სულს (esprit critique), რაც თავის მხრივ იკვებება საზოგადოებრივი და იურიადიული ცნობიერებით. ასეთი ცნობიერება კი ჯერ კიდევ განსავითარებელია რუსეთში. ინტელიგენცია, რომელმაც ბიძგი უნდა მისცემს ამგვარ განვითარებას, არასოდეს ყოფილა ღრმად დაინტერესებული კანონის საკითხებში. ისინი მხარს უჭერდნენ აბსტრაქტულ ეთიკურ კონცეფტებს, რომელთაც საეჭვოა რომ მოეტანათ ლეგალური სისტემის საჭიროება. პოკროვსკი საუბრობს ლეგალური წყობის აუცილებლობაზე, რომელიც მოაგვარებს არა მარტო სოციალურ კონფლიქტებს, არამედ ის უზრუნველყოფს საზოგადოებაში ინდივიდუალურ სულიერ და ფიზიკურ კეთილდღეობას. ყველას არ აქვს ერთნაირი შეხედულება მორალზე და ეთიკაზე და აქედან გამომდინარე არ გვაქვს სამართლიანობის გარანტი. ამიტომ ლეგალური სისტემა უბრალოდ პრაქტიკული აუცილებლობაა კონფლიქტების დასაძლევად.


2.5. რელიგიის უკუგდება
ამ ნაშრომის ავტორების უმეტესობა ეხება რელიგიის თემას, თუმცა მხოლოდ ასკოლდოვი და მურავიოვი ირჩევენ მას, როგორც ცენტრალურ თემას. მურავიოვი ვერ გასცდა ტრადიციულ სლავოფილურ ბანალურობას და კიდევ ერთხელ გაკიცხა დასავლეთის გავლენა, თუმცა ასკოლდოვი გვთავაზობს ორიგინალურ რელიგიურ ანალიზს. იგი იკვლევს რუსული რევოლუციის რელიგიურ მნიშვნელობას. ასკკოლდოვი ხედავს პოზიტივს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნაში, რაც რევოლუციის შედეგად მოხდა. მას მიაჩნია, რომ ამ „საზოგადოების ორგანული ერთობის" რღვევა, არის გარდაუვალი სენი რაც საზოგადოებამ უნდა დაძლიოს, იმისათვის რომ მსაზე ამაღლდეს. ასკოლდოვის აზრით, რუსეთში ამ პროცესის კატასტროფულობა გამოიწვია უძლურებამ თავი გაერთმიათ რევოლუციისათვის. ეს უძლურება კი თავის მხრივ გამოწვეული იყო რუსეთში ჰუმანისტური კულტურის არარსებობით, რაც ასკოლდოვის განმარტებით მოიცავს მეცნიერებას, ეთიკას, ხელოვნებას, საზოგადოებრივ ცნობიერებას და ტექნოლოგიას რაც რელიგიისგან დამოუკიდებლად არსებობს; ის რაც ადამიანს ცხოველისგან ანსხვავებს.

2.6 პატრიოტიზმი
„სიღმიდან"-ის ავტორები გულმოდგინედ იცავენ კიდევ ერთ საზოგადოებრივ ღირსებას და ესაა სამშობლოს სიყვარული ანუ პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი არის მეტადრე ამბივალენტური კონცეფტი, რომელიც ძალიან უხეშად არის დაყვანილი ნაციონალიზმამდე. პატრიოტიზმი ნაშრომში „სიღრმიდან" არის რომანტიკული რუსოფილური თვით-ცნობიერება. ის არაა აგრესიული და არაფერი აქვს საერთო ეთნიკურ განსაკუთრებულობასთან. „ვეხისა" და „სიღრმიდანის" პატრიოტიზმი არ უნდა გავიგოთ მხოლოდ ავტორთა სლავოფილური ბექგრაუნდით. ის ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული მათ კრიტიკასთან სოციალიზმის ორ ასპექტთან მიმართებაში: საზოგადოების ანტაგონიუსტური ხედვა და პროლეტარიული ინტერნაციონალიზმის იდეა.

რუსული კომუნიზმის ანტი-ისტორიული მისწრაფება გაგრძელდა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგაც. 1920 წლის დასასრულს მოხდა გადანაცვლება გაბღენძილი პატრიოტიზმისაკენ. ეს არ იყო რუსული პატრიოტიზმი, არამედ „საბჭოთა პატრიოტიზმი", ნაციონალიზმის იმპერიალისტური ფორმა, რაც განზე აგდებდა რუსულ რელიგიურ და სულიერ ღირებულებებს, რასაც „სიღრმიდანის" ავტორები ასე განადიდებდნენ....
***

დასკვნა

"ვეხი" და "სიღრმიდან" არის ის ორი ნაშრომი, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა მეოცე საუკუნის რუსეთში ეთიკური, რელიგიური და სამართლებრივი ღირებულებების უკმარისობა, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა "ვეხის ჯგუფის" წევრთა დევნა და მათი პუბლიკაციების ლიკვიდაცია, რომელნიც ხელს უშლიდნენ "ჰეროიკული თვით-განდიდებით" შეპყრობილ კომუნისტ იდეალებს "დიადი გეგმის" განხორციელებაში და სწორედ ამიტომაც მათი ნაშრომების გამოქვეყნება მხოლოდ დასავლეთში ემიგრირების შემდეგ გახდა შესაძლებელი. წარმოაჩინა ეგალიტარულ სახელმწიფოში განათლების, მეცნიერებისა, ნიჭიერების ხარისხის მკვეთრი დაცემა და ეკონომიკური განვითარების შეუძლებლობა. კაცობრიობის უნივერსალური ბედნიერების შექმნის ილუზიით შეპყრობილი სოციალისტების მიერ საზოგადოების ბურჟუებად და პროლეტარებად დაყოფით ცარისტული დიქტატურა ჩაანაცვლა პროლეტარიულმა, რის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზსაც წარმოადგენდა ის, რომ რუსეთმა არ განავითარა პოლიტიკური ტრადიცია კონსტიტუციური ხაზით. თუმცა ეს ყოველივე ხომ წვრილმანია "ისტორიის ბედნიერ დასასრულთან" და "კაცობრიობის განთავისუფლების დიად გეგმასთან" შედარებით.
[1] William van den Bercken; Christian thinking and the end of communism in Russia; 1. Vekhi, the first confrontation of christian thinkers and socialism in Russia; The origin of Vekhi p.17
[2] William van den Bercken; Christian thinking and the end of communism in Russia; 1. Vekhi, the first confrontation of christian thinkers and socialism in Russia; Philosophic culture p. 20
[3] William van den Bercken; Christian thinking and the end of communism in Russia; 1. Vekhi, the first confrontation of christian thinkers and socialism in Russia; Philosophic culture p. 20

[4] William van den Bercken; Christian thinking and the end of communism in Russia; 1. Vekhi, the first confrontation of christian thinkers and socialism in Russia; Sense of justice p. 21
[5] William van den Bercken; Christian thinking and the end of communism in Russia; 2. A prophetic critique of the communist revolution; The illusory concept of man p.32

წყარო


კომუნიზმი როგორც ოპიუმი →
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий