კალკუტა ინდოეთის დედაქალაქი არაა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ის ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია; იმასაც ამბობენ, რომ მისი ათმილიონიანი მოსახლეობიდან ერთი მილიონი ტროტუარის მოქალაქეა, - ანუ ისინი, ვინც ქუჩაში იბადება და ქუჩაში კვდება...
კალკუტის ერთ-ერთ უღატაკეს უბანში, რომელსაც Lower Circular Road ეწოდება, მისგითის მახლობლად, ვიწრო ჩიხში, ერთ კარს აწერია - დედა ტერეზა, - სახელი, რომელიც დღეს პრესისა და ტელევიზიის დამსახურებით უთვალავი ადამიანისთვისაა ცნობილი. სწორედ აქაა მოთავსებული სიყვარულის მისიონერთა ცენტრი, - დედათა მონასტერი, სადაც ყოველი დღე ქალაქის გაღვიძებამდე ლოცვითა და წმიდა ზიარების მიღებით იწყება. დაახლოებით 7 საათისათვის ამ სახლის ბინადარნი ქუჩებში გამოდიან, რათა ემსახურონ ღატაკთა შორის ყველაზე ღატაკთ, უპატრონოთა შორის ყველაზე უპატრონოთ, - სამონაზვნო წესის მიღებისას მათ ამგვარი აღთქმა აქვთ დადებული.
სიყვარულის მისიონერთა ორდენის ფუძემდებელი დედა ტერეზა დღევანდელი მაკედონიის დედაქალაქში, სკოპიეში, ალბანურ ოჯახში დაიბადა 1910 წლის 27 აგვისტოს. წარმატებული სამშენებლო ფირმის მეპატრონის ქალიშვილს მაშინ აგნეს გონქსა ბეიაქსიუ ერქვა. როგორც თავად აცხადებს, მან ჯერ კიდევ თორმეტი წლისამ შეიცნო, რომ მოწოდებული იყო ღატაკთა სამსახურად და გიმნაზიის დამთავრებისთანავე შორეულ ქვეყანაში მისიონერად გამგზავრება გადაწყვიტა. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა ლორეტას ორდენის დებს ირლანდიაში, რომლებიც, სხვათა შორის, კალკუტაშიც მოღვაწეობდნენ. 1928 წელს იგი გაემგზავრა ინდოეთში და კალკუტის ერთ კათოლიკურ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლობას შეუდგა. მალე იგი ამ სასწავლებლის დირექტორი გახდა. სკოლაში ძირითადად მდიდარი მშობლების შვილები სწავლობდნენ, მაგრამ მისი კედლების მიღმა ჭუჭყისა და ავადმყოფობის საუფლო იწყებოდა, ხშირად მომწავლელი სუნი შენობაშიც კი აღწევდა. დედა ტერეზა ხშირად გადიოდა ქუჩაში ავადმყოფების საპატრონოდ, რაშიც მას ხანდახან მისი მოწაფეებიც ეხმარებოდნენ. მაგრამ როცა იგი შესანიშნავად მოწყობილ და გაკრიალებულ მონასტერში ბრუნდებოდა, მისი სიტყვებით, მას სინდისი ქენჯნიდა და გრძნობდა, რომ ღმერთი მისგან მეტს მოითხოვდა.
ერთ ღამით, 1946 წლის სექტემბერში, როცა იგი მატარებლით მიემგზავრებოდა, მან საკუთარ თავში მოწოდების ხმა იგრძნო, რომელიც მოუხმობდა, ყველაფერი მიეტოვებინა და უპატრონოთა საპატრონოდ იესოს გაჰყოლოდა. ამის შემდეგ მან რომის პაპს, პიუს XII-ს, მიმართა, ნება დაერთო მისთვის, ლორეტას დედათა სამონაზვნო ორდენიდან გასულიყო, რათა სრულიად მარტოს თავისი ახალი საქმე წამოეწყო, თავისი მოწოდება აღესრულებინა. რამდენიმე დღის შემდეგ მან კალკუტაში ერთი ქოხი დაიქირავა, სადაც ღატაკ ბავშვებს ასწავლიდა და ავადმყოფებს უვლიდა. თავიდან ყველაფერი ისე მძიმე და უიმედო ჩანდა, რომ ხშირად იგი სასოწარკვეთილების ზღვარზე იდგა. როგორც თავად იხსენებს, მან არც კი იცის, შეძლებდა თუ არა იგი ბოლომდე გაძლებას, პირველი დები რომ არ გამოჩენილიყვნენ, რომლებიც თანდათანობით მოდიოდნენ და მის გვერდით დგებოდნენ. სასიხარულო და მოულოდნელი იყო, რომ პირველები მისი ყოფილი მოწაფეები აღმოჩნდნენ, რომლებიც თავიანთი მასწავლებლის მაგალითს მოჰყვებოდნენ. მათ მოაკითხეს ქარიზმით აღბეჭდილ მომცრო ტანის ქალს, რომელსაც ისინი მთელ თავიანთ მონაგარს აბარებდნენ, მისგან კი სანაცვლოდ იღებდნენ სამ ცალ ლურჯზოლებიან თეთრ სარის, სანდლების ერთ წყვილს, ჭილოფსა და ჯვარს. მაგრამ ამ მკაცრად შეზღუდულმა ყოფითმა სიდუხჭირემაც ვერ შეაშინა მისი მიმდევრები, რომლებიც უკვე სხვადასხვა კუთხეებიდან და მხარეებიდან აკითხავდნენ მას.
ამ დროს ინდოეთი დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და ფართოდ ისმოდა მაჰატმა განდჰის მშვიდი, მაგრამ შთაგონებული და შთამაგონებელი ხმა. ინდოელთა განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი, პირველ ყოვლისა, რელიგიური მოღვაწე იყო და პოლიტიკური ბრძოლა მისთვის ღმერთისაკენ სვლის, ღმერთთან მიახლოების გზა იყო. მას მიაჩნდა, რომ ერს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ზნეობრივად გამოაწრთობდა, აღზრდიდა და სულიერად აამაღლებდა. მაგრამ პოლიტიკა და მორალი ამჯერადაც ვერ შეერწყა ერთმანეთს, პოლიტიკა და მორალი ამჯერადაც ერთმანეთს შეეჯახა. დამოუკიდებლობის მოპოვებას და ბრიტანელთა ბატონობისაგან განთავისუფლებას მოჰყვა ეროვნულ-ეთნიკური შეჯახებები, ურთიერთჟლეტა, მილიონობით დახოცილი, დასახიჩრებული, აყრილი, გაძევებული ადამიანი. დამოუკიდებელი ინდოეთის ისტორიის ერთ-ერთი პირველი ფურცელია თანამოძმის მიერ 80 წელს მიღწეული განდჰის მკვლელობა... ამ დღეებში დედა ტერეზა ტანჯულთა და მიუსაფართა, დევნილთა და ლტოლვილთა შორისაა, - იგი მათი ტანჯვის შემსუბუქებას, მათი ტკივილების დაამებას, მომაკვდავთა მოვლა-პატრონობას ცდილობს.
1950 წელს, მოღვაწეობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, რომიდან სასურველი ცნობა მოდის: პაპმა დაამტკიცა ახალი კონგრეგაცია - სიყვარულის მისიონერები და მას სათავეში დედა ტერეზა ჩაუყენა. წმ. ბენედიქტესა და წმ. დომინიკეს, წმ. ფრანჩესკო ასიზელისა და წმ. ეგნატე ლოიოლას, წმ. ტერეზა ავილელისა და წმ. ჯოვანი ბოსკოს მსგავსად, დედა ტერეზა კათოლიკურ სამყაროს კიდევ ერთ ორდენს შეჰმატებს, მოღვაწეობის კიდევ ერთ მიმართულებას მიანიშნებს. საბერო-სამონაზვნო ცხოვრება დასავლურ ქრისტიანობაში, როგორც ცნობილია, სხვადასხვა ორდენებში ხორციელდება, ყოველი მათგანი განსაკუთრებული მისიითა და დანიშნულებითაა აღჭურვილი. ამით ეკლესია განსხვავებული სულიერი მისწრაფებების მოღვაწეებს საქმიანობის შესაბამის სფეროსა და სივრცეს მოუნიშნავს და ყოველ მათგანს საშუალებას აძლევს, საკუთარი მონაცემებისა და მოწოდების მიხედვით გამონახოს შესაფერისი ადგილი: ბენედიქტელები ცივილიზატორულ საქმეს უდგნენ სათავეში და, ლოცვისა და მწიგნობრობის გარდა, ფიზიკურ შრომასაც არ ერიდებიან, ფრანცისკელები რადიკალური უპოვრობის პრინციპს ამკვიდრებენ, სალეზიელები საფრთხეში ჩაცვენილ ახალგაზრდებს ჰპატრონობენ, კარმელიტები მჭვრეტელობით ცხოვრებას მისდევენ, დომინიკელები საღმრთისმეტყველო მეცნიერებას ემსახურებიან, იეზუიტები - განათლებასა და ქრისტიანულ მისიას. თავად დედა ტერეზა ასე განსაზღვრავს თავისი ორდენის არსს: „ხალხის თვალში, მართალია, საზოგადოებრივ საქმიანობას ვეწევით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მჭვრეტელობითი ორდენი გვაქვს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფლის შუაგულში ვცხოვრობთ, უშუალოდ ვეხებით ქრისტეს სხეულს. 24 საათის განმავლობაში მისი შემსწრენი ვართ. ჩვენ მისიონერები ვართ, რომელთაც მიზნად გვაქვს ქრისტეს სიყვარული შევიტანოთ დღევანდელ სამყაროში“. ამ სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას მაშინ შევიცნობთ, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს, რომ ყოველი მშიერი, მწყურვალი, უსახლკარო და პატიმარი თავად ღმერთია და რომ მათი სამსახურით ადამიანი ღმერთს ემსახურება. დედა ტერეზასა და მის დებს სჯერათ, რომ ყოველ ტანჯულთან შეხება ქრისტესთან მისტიკური შეხვედრაა.
უბედურებასა და გაჭირვებას კალკუტაში მრავალგვარი სახე აქვს, მონაზვნები ქუჩებში პოულობენ მომაკვდავებსა და დამშეულებს, სანაგვე ყუთებიდან ამოჰყავთ მიტოვებული ძუძუთა ბავშვები, პატრონობენ უძლურებსა და ღატაკებს. „ჩვენთვის მთავარია ცალკეული ადამიანი“, - ამბობს დედა ტერეზა და ეს სიტყვები, სადაც კიდევ ერთხელაა გაცხადებული ქრისტიანული მოძღვრების ღრმა არსი, არცთუ ჩვეულად ისმის საუკუნეში, როცა რასების, კლასების, ეროვნებების, მასობრივი საზოგადოების საწნახელში პიროვნება უმთავრესად დავიწყებული და გათელილია. თეთრ სარიში ჩაცმული ჩია მონაზონი კი იმეორებს: „ყველაზე მძიმე უბედურება არის არა შიმშილი და ჭლექი, არამედ განცდა იმისა, რომ ადამიანი ზედმეტია და მას არავითარი ფასი არა აქვს“. სწორედ ამიტომ სიღატაკე და მიუსაფრობა მას მეტად ფართოდ ესმის, ამიტომ კონგრეგაციის განყოფილებები მოთავსებულია არა მარტო ვენესუელაში, ეთიოპიაში, პერუში, მექსიკაში, არამედ ლონდონში, ნიუ-იორკსა და პარიზშიც. „არ არსებობს დედამიწაზე ადგილი, სადაც არ არსებობდეს სიღატაკე და უსამართლობა“, - ამბობს სიყვარულის მისიონერთა ხელმძღვანელი.
დედა ტერეზას საოცარი პიროვნული მიმზიდველობისა და მისი უძლიერესი შთამაგონებელი ძალის შესახებ ბევრი რამ დაწერილა და ამაში დარწმუნება თბილისელებმაც შეძლეს, როცა იგი 1989 წელს ჩვენს დედაქალაქს ეწვია. ერთი მხრივ, იგი არის უმაგალითოდ პრაქტიკული და შეუპოვარი ქალი, რომელიც ორივე ფეხით მყარად დგას მიწაზე და, მეორე მხრივ, ესაა მისტიკოსი, რომელიც, სადაც უნდა იყოს და რასაც უნდა აკეთებდეს, ყველგან და ყველაფერში ეძებს ღმერთს, ეძებს განუწყვეტელ კავშირს ქრისტესთან. მას ჰყოფნის სითამამე განაცხადოს ის, რაც უმრავლესობისათვის დღეს მიუღებელია, შეუძლია თქვას, რომ ,,სამყაროს სიმშვიდეს ახლა ემუქრება უდანაშაულო დაუბადებელი ბავშვის ყვირილი, ხოლო ხალხი, რომელიც აბორტის ლეგალიზაციას მოახდენს, ყველაზე ღატაკი ხალხია”. ამასთანავე, ცნობილია მისი ამოუწურავი სიხალისე და მახვილგონიერება, - როცა ერთ ამერიკელ ჟურნალისტს დაუნახავს, თუ როგორ წმენდდა იგი მყრალ, დაჩირქებულ ჭრილობებს, მას ასე უთქვამს: „მილიონი დოლარიც რომ მომცენ, ამას ვერ გავაკეთებო”, დედა ტერეზას კი მისთვის ჩვეული ღიმილით უპასუხია: „მილიონი დოლარისათვის ამას არც მე გავაკეთებდიო“.
დღესაც 85 წლის მისიონერი განუწყვეტლად მოგვიწოდებს: „მოდით, გავაკეთოთ რამე კარგი ღმრთისათვის!“ მომავალი თაობები, ალბათ, იტყვიან, რომ ამ ქალმა არაერთი სირცხვილი მოსწმინდა XX საუკუნეს, მომავალში ეკლესია, ალბათ, ამ ქალს წმიდანად შერაცხავს. ამ მომცრო ტანის მონაზვნის ცხოვრებისეული მაგალითი კი უფრო ძლიერია, ვიდრე პრეზიდენტები ან პარლამენტები, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სისტემები.
ნოემბერი, 1995
II
რამდენიმე დღის წინ, 5 სექტემბერს, გარდაიცვალა დედა ტერეზა, მოწყალების ორდენის ფუძემდებელი, თითქმის ჩამთავრებული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ქრისტიანი მოღვაწე. დედა ტერეზას მემკვიდრეობა და გაკვეთილები ქრისტიანული სამყაროს, ქრისტიანული ეკლესიის მარადიულ და წარუვალ ფასეულობებს შეერწყა და თავად ადასტურებს მათს მარადიულობას, წარუვალობასა და დაუსრულებელ სიახლეს, მაგრამ ძნელია გაბედულების პოვნა და იმის თქმა, რომ დედა ტერეზა ჩვენი საუკუნის ადამიანისათვის მაგალითად იქცა, - იმ მაგალითად, რომლის მიბაძვა, მიდევნება, განმეორება შესაძლებლად და ადვილად მისაღწევად ეჩვენება ადამიანს, - დედა ტერეზა უფრო ჰორიზონტია, რომელიც შორს, მაგრამ აშკარად და თვალხილულად ციმციმებს, იმგვარი სულიერი ჰორიზონტი და სულიერი საზომი, რომელიც ერთ წამსაც არ მისცემს გონიერ თუ სულიერ ადამიანს თვითდამშვიდების, თვითკმაყოფილების საშუალებას.
რა თქმა უნდა, როგორც ჭემშარიტი ქრისტიანი, დედა ტერეზაც განიცდიდა სხვადასხვა ჯურის ქრისტესმოძულეთა ზიზღს, შურს, გაგულისებას, დაუფარავ გაღიზიანებას. თუნდაც იმიტომ, რომ მისი გაცისკროვნებული ცხოვრების გვერდით განსაკუთრებით ძნელი ხდება საკუთარი ცხოვრების სტილის, - ანგარებით, შურისძიებითა და მოხვეჭის სურვილით აღსავსე მიზანსწრაფვათა მორალური გამართლება... დღევანდელ მომხმარებლურ საზოგადოებაში, სადაც მიზანი მოპოვებაა და არა გაცემა, დედა ტერეზა თავისი ქმედებითა და ცხოვრებით აშკარად მიანიშნებდა, რომ არსებობს სხვა ფასეულობებიც, - თანამედროვე ადამიანისთვის ძნელი, თითქმის შეუძლებელი, თითქმის მიუღწეველი, - ცხოვრების ორიენტირება იმგვარად, რომ მთავარი ხდება არა მიიღო, არამედ გასცე, არა მოიმსახურო, არამედ მოემსახურო, არა მოიპოვო, არამედ გაიღო მსხვერპლი.
„დუმილის ნაყოფია ლოცვა, ლოცვის ნაყოფია რწმენა, რწმენის ნაყოფია სიყვარული, სიყვარულის ნაყოფია სამსახური, სამსახურის ნაყოფია მშვიდობა“, - ამბობდა თეთრ სარიში ჩაცმული ეს ჩია ქალი, რომლის სახელი, ალბათ, სულ მალე აღიბეჭდება დიდ ქრისტიან წმიდანთა შორის.
სექტემბერი, 1997
Комментариев нет:
Отправить комментарий