I.შესავალი და პრობლემის დასმა
რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების, როგორც აკადემიური დისციპლინის ვერცნობა, არცნობა თუ „უნებლიე“ ვერგაგება არამხოლოდ საქართველოშია საგრძნობი, არამედ ჩვეული მოვლენაა დასავლეთშიც. ასე მოჩანს მაგ. რელიგიის ამერიკელი სპეციალისტის ავტობიოგრაფული მონახაზიდან – „უცნობი დისციპლინა“, რომელშიაც ავტორი გვიყვება თუ როგორ შეალია ლამის მთელი სიცოცხლე გარშემომყოფთათვის იმის ახსნას თუ რას ნიშნავს რელიგიის კვლევა და რატომაა იგი ამ მეცნიერული ძალისხმევით დაინტერესებული?!1.
პირველი საორიენტაციო მითითება, რაც დაბნეულ მკითხველს თუ შემკითხველს რელიგიის მეცნიერების გაგებისაკენ მიმავალ გზაზე დასადგომად გამოადგება, ისაა, რომ რელიგიის მეცნიერება არაა რელიგიის თეორიული სფერო ანუ თეოლოგია.
– უი! რატომ? არამცდაარამც!? რელიგიის მეცნიერება არაა თეოლოგია?!
– დიახ, არაა, Die Religionswissenschaft ist nicht die Theologie – როგორც წესი, ამ წინადადებით იწყება ხოლმე რელიგიის მეცნიერების, როგორც აკადემიური საგნის იდენტიტეტის დამდგენი წერილობითი თუ აუდიო-ტექსტი2. ჩვენ ღმერთს ანუ თეოს კი არ ვიკვლევთ, არამედ რელიგიოს, ამიტომ ეს თეო-ლოგია კი არა, რელიგიო-ლოგიაა. რელიგიო(ლათინური ძირით Religio) კულტურის ნაწილი და ადამიანური შემოქმედების ნაყოფია, მერე რა თუ რელიგიების დიდი უმეტესობა თავის მიღმიერ დასაბამზე გვიყვება?…religio it is cultus deorum (ციცერონი).
რელიგიის კვლევა(ანალიზი, რეფლექსია…) რელიგიური რწმენის პროდუქტი კი არაა, არამედ რელიგიის მიმართ აღმოცენებული შემეცნებითი ინტერესის შედეგია. ეს ინტერესი, – თუ მართლა ინტერესია, – მკვლევარის პიროვნული რელიგიური თუ არელიგიური ხედვებისგან ავტონომიურია. ერთია რწმენა თუ არრწმენა, მეორე კიდევ – კვლევა და რეფლექსია…
ერთმა მიუნხენელმა სტუდენტმა შექმნა ბლოგი, რომელზეც ის სხვათაშორის თავის ნამდვილ თუ მოგონილ ბებიდას თუ პაპიდას, ერნას, მუდმივად უხნის, რა არის რელიგიის მეცნიერება, გერმ. Religionswissenschaft, – Großtante Erna Fragt, – ერნას კითხვები არ ელევა. გერმანიაში თეოლოგია კონფესიურად გაყოფილია, ამიტომ პირველი, რასაც ერნა კითხულობს:
– „ეგ კათოლიკურია თუ ევანგელური?“ მირიამი უხსნის:
-„ჩვენ შევისწავლით არა კონკრეტულად ერთ, არამედ ზოგადად რელიგიას“. პაპიდა თუ ბებიდა ერნა ისევ კითხულობს:
-„მერედა, მაგით რას აპირებ?“. აი გერმანული პრაგმატიზმი: მღვდელუკა(Pfarrerin) უნდა გამოხვიდეო?
მირიამის მოთმინება და ჰერმენევტიკული ენერგია უშრეტია:
-„რელიგიის მეცნიერება ინტერდისციპლინარულად და კულტუროლოგიურად მომუშავე დისციპლინაა, რომელიც რელიგიურ ტრადიციებს, წარმოდგენებს და საქციელის ნიმუშებს იკვლევს3“. იყოს დედანიც, ცოტა სრულად, რას შეგვიჭამს?
„Religionswissenschaft ist eine interdisziplinär und kulturwissenschaftlich arbeitende Disziplin, die religiöse Traditionen, Vorstellungen und Handlungsmuster erforscht. Neben den bekannten Religionen gehören auch die Entstehung und Entwicklung von ‘Weltbildern’ und Orientierungsmustern zu ihrem Gegenstand. Um deren Rolle in Geschichte und Kultur bestimmen zu können, verbindet die Religionswissenschaft Spezialwissen über Religionen mit einer Bandbreite methodischer Perspektiven auf ihren Gegenstand“.
ევროპაში მეცნიერული ერები ცხოვრობენ. ინგლისელ მამიდას მიუთითებ, აკრეფს Depatrment of Religious Studies4 და თუ მართლა აინტერესებს, დაუყვება ისრით ათეულობით უნივერსიტეტის გვერდებს, ტეხასამადე და ტეხასის უნივერსიტეტამდე იმოგზაურებს მინიმუმ; გერმანელ დეიდას ეტყვი, რომ აკრიფოს Institut für Religionswissenschaft5 და ამოუგდებს მინიმუმ 30 გერმანულენოვან უნივერსიტეტს; ფრანგ მეზობელსაც გადაამისამართებ, ეტყვი, რა რომ აი სორბონაში მთელი ფაკულტეტია Science Religieuse, რელიგიის კვლევისათვის, მოწოდებული, École Pratique des Hautes Études, V Section6 და ა.შ.
მაგრამ აი ქართველ მამიდას ან თუნდაც მამიდისქმარ პროფესორს, ვისთვისაც ეს სფერო შემთხვევით ცოდნის გარეთ დარჩა, რა უნდა მოუხერხო კაცმა? სად გადაამისართებ?
რელიგიის მეცნიერების „ახსნა“ ორმაგად რთულია საქართველოში, რადგან აქ ჯერჯერობით ხომ საუნივერსიტეტო თეოლოგიაც ჩანასახშია. არამხოლოდ არასაუნივერსიტეტო სფეროს ანუ ჯერ ნათესავ-მეგობრებს უნდა აუხსნა ნათლად, რის სპეციალისტად წარმოადგენ თავს(ისინი ბოლოსდაბოლოს სიტყვაზეც გიჯერებენ კაცს!), არამედ აკადემიურ სფეროსაც ხომ დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცე? რას, როგორ და რატომ იკვლევ? რა გინდა? ხომ არ „უბერავ?“ „მერე ეგ საქართველოს რაში ჭირდება?“ „სადაა სახელმძღვანელო?“ „რას იტყვის სამღვდელოება? ხომ არ გაგვიბრაზდებიან?“…
ამ ბოლო შიშნაჭამ შეკითხვაზე კი უსათუოდ უნდა ვუპასუხო:
– სამღვდელოება, ეკლესია და პატრიარქი, ასე რომ გიყვართ, საერთოდ არაფერ შუაშია, ესაა მეცნიერება, რელიგიის რეფლექსირება, ისინი რელიგიის პრაქტიკოსებია. მათი „მართლმადიდებლობა“ ბოლოსდაბოლოს რელიგიის ზღვაში ერთი წვეთია და ამიტომ მგონი არც კი ღირს მათკენ გახედვა.
აზრის მსგავსი დაბოლოება მაინცდამაინც არ მოსწონთ, ვაითუ რაიმე ბუნტს ვაწყობდე ტაბუიზირებული ფენის წინააღმდეგ?
თითქოს რაღაც გაირკვა, არა?
მაგრამ პროფესორი ოთარი, – ვისაც უცებ გაახსენდა, რომ პროფესორია და ლოგიკური კითხვები უნდა დასვას, – არ ცხრება და უცებ გრძლად მეკითხება:
–„თუ რელიგიის კვლევა ანუ როგორც ქართულმა სიტყვათხმარებამ მოირგო, „რელიგიათმცოდნეობა“ საერთოდ დამოუკიდებელი საუნივერსიტეტო სპეციალობაა, მაშინ რატომ არსად ჩანს საქართველოში შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა, კათედრა, ინსტიტუტი თუ დეპარტამენტი? სადაა, ვის აქვს „რელიგიათმცოდნის“ დიპლომი, მსგავსად ფილოსოფოსის, ფიზიკოსის ან სოციოლოგის დიპლომებისა? „რელიგიათმცოდნეობა“ არც განათლების სამინისტროს სპეციალობების და ქვესპეციალობების ჩამონათვალში მოჩანს…“
მე პროფესორ ოთარის წინაშე ჯერჯერობით ფარ-ხმალს ვყრი, რატომ არაა საქართველოში ის, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროშია? რავი მე! იმიტომ, რომ პოსტსაბჭოური ქვეყანა ვართ, იმიტომ, რომ… ათასი პასუხია, კარგად უნდა დავფიქრდე. იმიტომ, რომ არ იციან ეს რაა, იმიტომ, რომ აქ მეცნიერულ საგნებს შორის საზღვრები მორღვეულია, იქნებ რელიგიის ფილოსოფია ჰგონიათ? რადგან ეს უკანასკნელი ქვესპეციალობების ჩამონათვალში შეუტანიათ…იმიტომ, რომ თვალსაწიერი არ ყოფნით, იმიტომ, რომ რელიგიის მეცნიერული შესწავლა განმანათლებლობის პირმშოა7. და არა მხოლოდ: ასევე რენესანსისაც(იხ. ამერიკელი Jonathan Zittel Smith, Relating Religion), განმანათლებლობის წინააღმდეგ მიმართული რომანტიკული კრიტიკისაც(იხ. გერმანელი Hans G. Kippenberg, Religionswissenschaft und Kulturkritik) და ზოგადად მთელი ევროპული განვითარებისაც. და როგორ გინდა მთელი ეს განვითარება ამ ბარბაროსულ-რომანტიკულ კავკასიაში გადმოიტანო? უფრო უპრიანი ხომ არ იქნება სხვა სპეციალობებიც მოვშალოთ უნივერსიტეტებში, რაკიღა ზოგადად ყველა ისინი ევროპული განვითარების შედეგია?
ჩვენ შევეცდებით, რამდენადმე მაინც გავფანტოთ ეს საყოველთაო წინაუკმობა, ბურუსი და ამ მცდელობას დავიწყებთ დაეჭვებით: შეესაბამება კი „რელიგიათმცოდნეობა“ რელიგიის კვლევის დასავლურ, მეცნიერულად ორგანიზებულ საუნივერსიტეტო საგანს?
II. მოკლე დეფინიცია – რას ნიშნავს „რელიგიის აკადემიური მეცნიერება“?
მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, 2014
მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, 2014
რელიგიის კვლევა, რაც დასავლური უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ ან კულტუროლოგიურ ფაკულეტეტებზე კათედრების თუ დეპარტამენტების სახით XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისისათვის „რელიგიის მეცნიერების“ სახელით ინსტიტუიზირდა, ემყარება რელიგიის და რელიგიების კვლევის არარელიგიურ, ნეიტრალურ, შედარებით-სისტემატურ, ემპირიულ-დესკრიპტიულ და მულტიდისციპლინარულ მეთოდებსა და მეთოდოლოგიებს8. ეს საგანი შედგება 2 განუყოფელი, ისტორიული და სისტემატური ნაწილისაგან.
საგნის თანამედროვე მასშტაბურობის საჩვენებლად, საკმარისია აღინიშნოს, რომ რელიგიის მეცნიერება, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა, გერმანულად Studiengang, – მგონი ზემოთაც ვთქვი, მაგრამ სიამოვნებით გავიმეორებ, – დაახლ. 30 გერმანულენოვან უნივერსიტეტშია წარმოდგენილი9; უახლესი ინფორმაციით, ერთად აღებული, ამ სპეციალობის ბაკალავრის დონეზე დაუფლება 75 არაერთგვაროვან შესაძლებლობას მოიცავს10, ხოლო რაც შეეხება მასტერის ხარისხის მიღებას, საამისოდ გერმანული უნივერსიტეტები 125 შესაძლებლობას გვთავაზობენ11.
რელიგიის კვლევის დიაპაზონიც ასევე თვალუწვდენელია, ასე, მაგ. ამჟამად შვიდ შვეიცარულ უნივერსიტეტში სამივე ძირითად ევროპულ ენაზე 60-ზე მეტი სადოქტორო და 10-ზე მეტი ჰაბილიტაცია მზადდება12.
ამ მეცნიერული დარგის აღმნიშვნელი ისეთი იდენტური სახელწოდებები, როგორიცაა, Science of Religion, Religious Studies, Academic Study of Religion, Comparative Religion,Religionswissenschaft, Religionsphänomenologie, Science des Religions, Science Religieuse, Scienza della Religione, 宗教学, Religionistika, და სხვა უამრავი, ასახავენ საგნის ჩამოყალიბების, შიდასკოლების განვითარების ისტორიას, მეცნიერული თეორიის მრავალფეროვნებას, და ბოლოს, აკადემიურ გეოგრაფიასაც: ინგლისი, აშშ, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, იაპონია, დასასრულ, ჩეხეთიც…საგნის მინიატურულ აკადემიურ ისტორიას მოგითხრობდით უკვე13.
უნდა გავიმეოროთ: ყველაზე მოკლე გზა „რელიგიის კვლევების“ რაობის გასაგებად არის ერთი ციდა, მაგრამ უზუსტესი უარყოფა: რელიგიის კვლევა არაა თეოლოგია და მისი, როგორც ახალი მეცნიერული პარადიგმის სათავეში დგას გერმანელ-ინგლისელი ფილოლოგ-კომპარატისტი Friedrich Max Müller(1823-1900)14. მას ღრმად სჯეროდა ახალი მეცნიერების დიდი მომავლისა და საზოგადოებრივი რელევანტურობისა:
„The Science of Religion may be the last of the Sciences, which man is destined to elaborate; but when it is elaborated, it will change the aspect of the world, and give life to Cristianity itlesf“.
* * *
„რელიგიის კვლევა“ ტერმინოლოგიურად ჩვენთანაც პლურალიზმის გზას დაადგა, რამდენადაც ერთმხრივ, ინერციით კვლავ ტრადირებს რუსულ-საბჭოური კალკი „რელიგიათმცოდნეობა“, „რელიგიათმცოდნეობითი“ და მსგავსი გაზედსართავება; მეორესმხრივ, ფიგურირებს ასევე „რელიგიის ისტორია“, რაც ალბათ სადღეისოდ ყველაზე რეალური კონცეფციაა; მესამესმხრივ, იშვიათად, მაგრამ მაინც გაისმის „რელიგიის მეცნიერება15“, ხოლო მეოთხესმხრივ, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია „რელიგიოლოგია“, როგორც რელიგიის დასავლური კვლევების ანუ სადღეისოდ ყველაზე უფრო მიღებული ტერმინოლოგიით, Religious Studies – ის ბადალი და ექვივალენტური ცნება. ეს ბოლო კონცეფცია თუ პარადიგმა რელიგიოლოგიისა შესაძლებელია არც თუ ისე უპერსპექტივო გამოდგეს, რამდენადაც „სოციოლოგია“(ყოფილი „საზოგადოებათმცოდნეობა“), „ეთნოლოგია“, „ფსიქოლოგია“, „ტიბეტოლოგია“, „ხეთოლოგია“ უკვე ქართული აკადემიური რეალობის…აკადემიური რეალობის თუ ვერა, ლექსიკოლოგიის ნამდვილ სამკაულებად ხომ მაინც გადაიქცნენ ?!
ჰოდა, ახლა „რელიგიოლოგიის“ ჯერია. და იქნებ რელიგიოლოგიის სპეციალობისაც?!
III.დასკვნა
ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარი საქართველოს წინაშე წარმოშობილი არაერთი პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სოციალური გამოწვევის ფონზე ამ საგნის აკადემიურად გამართული ეტაბლირება უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ამოცანად გვესახება. საქართველომ ამმხრივ მეტად აღარ უნდა დააგვიანოს, რადგან თანამედროვე მსოფლიოში, სადაც რელიგია მთელი თავისი ამბივალენტურობით ისევ დაბრუნდა (Back of Religion), რელიგიის რეფლექსიაც(ანალიზი, კვლევა) გაფართოვდა და დასავლურ სამეცნიერო წრეებში ამის საჭიროება განსაკუთრებულადაა არამხოლოდ ხაზგასმული, არამედ რეალიზირებულიც.
ამრიგად, გარდა შემეცნებითი, წმინდა საგანმანათლებლო ინტერესების დაკმაყოფილებისა, რელიგიის მეცნიერებას, როგორც სახელმწიფოებრივი მოდერნიზაციის, ინტეგრაციის, მიგრაციის პროცესის ხელშემწყობ და დამარეგულირებელ ფაქტორს, სათანადო პრაქტიკული საჭიროების ფუნქციაც ენიჭება; საქართველოსთვის რელიგიის აკადემიურად ორგანიზებული, საუნივერსიტეტო კვლევის დაწყება, ფართო და დასავლური გაგებით, პროფესიონალი „რელიგიათმცოდნის“ ანუ „რელიგიოლოგის“ სპეციალობის დაფუძნება და ამ სპეციალობით დაინტერესებული სტუდენტების მომზადება სადღეისო, გადაუდებელ ამოცანად მოჩანს. ეს ამოცანა უნდა გადაწყდეს დასავლური სტანდარტების შესაბამისად და სწორედ ამ საქმეს ემსახურება ეს სტატიაც, ისევე, როგორც ჩვენი წინამდებარე ბლოგი მთლიანობაში, საჯარო მოხსენებები და რაც მთავარია, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩვენი ამჟამინდელი სამაგისტრო კურსი: „თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის ასპექტები და პრობლემატიკა“… ამგვარ მცდელობათა სია თანდათან უფრო გაიზრდება!
Комментариев нет:
Отправить комментарий