среда, 6 января 2016 г.

დავით თინიკაშვილი “…და მაინც: როდის იშვა ქრისტე?”


“25 დეკემბრის” წარმოშობის ვერსიები
ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იესოს დაბადების თარიღის შესახებ. უფრო მეტიც, არა მხოლოდ თვე და რიცხვი, არამედ წლის სეზონიც კი არ არის მითითებული. ლუკას სახარებაში ნახსენები მწყემსები, რომლებიც ცხვრის ფარას „მინდვრად ღამით დარაჯობდნენ“ (ლკ. 2:8), შეიძლება ირიბად იმაზე მიანიშნებდეს, რომ ეს იყო გაზაფხულის სეზონი და არა დეკემბრის თვე. მკვლევარს ზოგადად სიფრთხილე მართებს ქრისტეს შობის დროის განსაზღვრისას. თეოლოგიური თვალსაზრისით, სახარებაში მოთხრობილ ამბებს უფრო თეოლოგიურ-სიმბოლური შინაარსი შეიძლება ჰქონდეს.
არც პირველ-მეორე საუკუნეების ისტორიული (არაბიბლიური) ცნობები არსებობს, სადაც ნახსენები იქნებოდა, რომ მორწმუნეები იესოს შობას რომელიმე დღეს აღნიშნავდნენ. ისეთი ძველი საეკლესიო მწერლები, როგორებიც იყვნენ ირინეოს ლიონელი (130-200 წწ.), ტერტულიანე (160-225 წწ.) და ორიგენე (185-251 წწ.) წარმართულ პრაქტიკად მიიჩნევდნენ რომის იმპერიაში გავრცელებულ დღესასწაულობებს, რომლებიც დაბადების წლისთავის აღნიშნვნასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ეს გარემოება შეიძლება ჩაითვალოს მინიშნებად იმაზე, რომ ქრისტეს შობას არ აღნიშნავდნენ ძველი ქრისტიანები (უფრო მეტად გავრცელებული იყო იესოს ნათლობის დღის აღნიშვნა).
სხვა ძველი საეკლესიო მწერლის, კლიმენტი ალექსანდრიელის თანახმად, გარკვეული დროის შემდეგ, სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფები იესოს შობის დროსთან დაკავშირებით სხვადასხვა თარიღს (მაგ., 28 აგვისტოს, 20 მაისს, 21 მარტს, 21 აპრილს, 15 აპრილს) ასახელებდნენ. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს კლიმენტი არსად ახსენებს 25 დეკემბერს (იხ. მისი „სტრომატები“ 1.21.145).
როგორც ჩანს, ადრეულ ეკლესიაში დიდი გაურკვევლობა სუფევდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ მეოთხე საუკუნისთვის იკვეთება ორი კონკრეტული თარიღი, რომლებმაც ფართო აღიარება ჰპოვა ქრისტიანთა შორის. ეს იყო 25 დეკემბერი რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში და 6 იანვარი აღმოსავლეთში (განსაკუთრებით ეგვიპტესა და მცირე აზიაში). სხვათა შორის, სომხური ეკლესია სწორედ 6 იანვარს აღნიშნავს შობას (და არა 7 იანვარს).
მაგრამ როგორ და რატომ დადგინდა საბოლოოდ ქრისტეს შობა სწორედ დეკემბრის თვეში? ამასთან დაკავშირებით არსებობს ორგვარი ახსნა.
პირველის მიხედვით ქრისტეს შობის თარიღი შეგნებულად დაამთხვიეს წარმართულ დღესასწაულს. რომაელები სატურნალიის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 17-დან 23 დეკემბრის შუალედში, რომელიც იყო რომაული ღვთაების – სატურნის საპატივცემულოდ მიძღვნილი ზეიმი. ამავე პერიოდში ჰქონდათ საკუთარი დღესასწაულები ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ბარბაროსებსაც. 274 წელს რომის იმპერატორმა ავრელიუსმა 25 დეკემბერს დაუმარცხებელი მზის (Sol Invictus) შობის დღესასწაული დააწესა. ვინაიდან სწორედ ამ დროიდან იწყებდა დღე მატებას, რომაელები თვლიდნენ, რომ მზე ამარცხებდა ზამთრის სიბნელეს, რომელსაც ზეიმით აღნიშნავდნენ.
ძველ ქრისტიანებს კი შეეძლოთ 25 დეკემბრის ამ ფესტივალისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. ქრისტიანულ ჰიმნოგრაფიაში ქრისტე ხშირად იწოდება სიმართლის მზედ… ამრიგად, 25 დეკემბერს სიმართლის მზის დღესასწაული ნელ-ნელა ანაცვლებდა წამართულ დღესასწაულს.
როგორც ჩანს, ძველმა ქრისტიანებმა შეგნებულად აირჩიეს ეს თარიღი (25 დეკემბერი), რათა წარმართული დღესასწაული ქრისტიანულით ჩაენაცვლებინათ. ქრისტიანობისთვის პროზელიტიზმის ასეთი მეთოდი არ იყო უცხო (ადრეულ ეკლესიაში სიტყვა „პროზელიტიზმს“ არ გააჩნდა უარყოფითი მნიშვნელობა). ამის დასადასტურებლად ეკლესიის ისტორიაში წიაღსვლების გვერდის ავლით მხოლოდ ერთ მარტივ მაგალითზე მითითებაც შეიძლებოდა: საქართველოში ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანების გამოცხობის ტრადიცია ქვეყანაში ქრისტიანობის შემოსვლამდე არსებულ წარმართულ დღესასწაულს უკავშირდება, როდესაც ხალხი „ხორცისგულიან და ყველისგულიან კვერებს ამზადებდა. მაგრამ თანდათან, ქრისტიანობის ზეგავლენით, დაყარდა რწმენა-წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ბარბარობას მარხვაა და მარხვის გატეხვა ცოდვაა…“ (ვერა ბარდაველიძე. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. თბ., 2006). ქრისტიან მისიონერებს კარგად ესმოდათ, რომ ხალხში ფესვგადგმული ადათ-წესების ტრანსფორმაცია (ქრისტიანიზირება) უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნებოდა, ვიდრე მათი სრული აღმოფხვრა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. ამრიგად, ქრისტეს შობის თარიღად 25 დეკემბრის დაწესებას, ასე ვთქვათ, „პედაგოგიური“ მიზანდასახულობა ჰქონდა.
მეორე ახსნის მიხედვით, ნისანის თვის 14 რიცხვი (ებრაული კალენდრით), რომელიც იოანეს სახარების მიხედვით იესოს ჯვარცმის დღეა, რომაული კალენდრით 25 მარტის ეკვივალენტია. ებრაელთა შორის გავრცელებული იყო შეხედულება, რომელიც შემდეგ ქრისტიანებმაც იმემკვიდრეს, რომ ღვთის რჩეული ადამიანების – ისრაელის წინასწარმეტყველების დაბადების (ან ჩასახვის) და გარდაცვალების დღე ერთიდაიგივე უნდა ყოფილიყო. ამგვარი სიმბოლური კავშირის შესახებ წარმოდგენა ცნობილი იყო ავგუსტინესთვისაც (იხ. ავგუსტინეს ტრაქტატი სამების შესახებ). ამიტომ მიიჩნეოდა, რომ სწორედ ანგელოზის მიერ მარიამის ხარების დღე ზუსტად 25 მარტი იყო. 25 მარტიდან 25 დეკემბრამდე კი 9 თვეა. მაგრამ აქ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა: რატომ უნდა ემშობიარა მარიამს ზუსტად 9 თვეში და არა რამდენიმე დღით ან კვირით ადრე? ასე რომ, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს პირობით თარიღთან – 25 დეკემბერი, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ქრისტეს შობის რეალურ, კონკრეტულ დღედ. სხვა სიტყვებით, ამ თეორიის მიხედვითაც 25 დეკემბერს სავსებით კონვენციური ხასიათი აქვს.
კალენდარული რეფორმების შესახებ
აქ არ შევუდგები კალენდართან დაკავშირებული ასტრონომიული დეტალების განხილვასა და ტექნიკურ სიღრმეებში შესვლას. ამ საკითხზე ბოლო ხანს გამოჩნდა საკმაოდ კომპეტენტური ქართულენოვანი პუბლიკაციებიც, როგორც წმინდად ასტრონომიული, ისე თეოლოგიური ხასიათის. მკითხველისთვის ზოგადი წარმოდგენის შექმნისთვის ძალიან მოკლედ და მარტივად აღვნიშნავ, რომ ე.წ. იულიუსის კალენდარი შემუშავებულ იქნა რომის იმპერატორ იულიუს კეისრის ასტრონომის, სოზიგენეს მიერ ძვ. წ. 45 წელს. ამ კალენდრის მიხედვით წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღითა და 6 საათით განისაზღვრებოდა. როდესაც ყოველ მეოთხე წელს ამ ზედმეტი 6 საათისგან მთელი ერთი დღე „იქმნებოდა“, რომელსაც იმავე მეოთხე წელს უმატებდნენ, რომელიც ნაკიანად (366 დღე) ითვლებოდა.
შემდეგ ქრისტიანულმა ეკლესიამ 325 წლის ნიკეის საეკლესიო კრებაზე სწორედ იულიუსის კალენდრის გამოყენება დააწესა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ეკლესიას არ შეუსწორებია ამ კალენდრის ცდომილება. პროფესორი ზურაბ კიკნაძე: „ნიკეის კრების გადაწყვეტილებით, პასექის დღესასწაული დაწესდა გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი პირველი სავსემთვარობის მომდევნო კვირას. მაგრამ ჟამთა მსვლელობაში, იულიუსის კალენდრის უზუსტობის შედეგად დაგროვილი ცდომილების გამო, გაზაფხულის ბუნიობამ ადრეულ (წინა) რიცხვებზე გადაინაცვლა. ეს კი ვეღარ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ აღდგომის დღე ნიკეის საეკლესიო კრების გადაწყვეტილების თანახმად ყოფილიყო ათვლილი“.
ამიტომ, სწორედ იმის გამო, რომ ნიკეაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო, რომის პაპმა გრიგორიუს XIII-მ 1582 წელს კალენდრის ჩასწორება განიზრახა და განახორციელა კიდეც. კვლავ ასტრონომიულ დეტალებში რომ არ შევიდეთ, მოკლედ აღვნიშნოთ, რომ პაპის ასტრონომებმა ძველი კალენდრის 11 წთ და 14 წმ-იანი ცდომლიება დაიყვანეს მხოლოდ 26 წმ-მდე. ასეთი სქემის მიხედვით კი საკმაოდ დიდი დროა საჭირო, რომ 26 წამით დაგროვდეს ერთი დღე. პარალელურად ძველ კალენდარს მოაკლეს ის 10 დღეც, რომლებიც ზედმეტი დაგროვდა. ამრიგად, ახალი სტილი, რომელიც დღეს გრიგორიანულ კალენდრად იწოდება (რეალურად კი ის ჩასწორებული იულიანური კალენდარია) გაცილებით უფრო ზუსტია. შესაბამისად, ისეთ ასტრონომიული მოვლენებს, როგორიცაა, სავსე მთვარე ან დღეღამსწორობის დადგომის მომენტი, მაქსიმალური სიზუსტითაა გათვალისწინებული „გრიგორიანულ“ კალენდარში.
კალენდრის რეფორმის შესახებ საუბრისას ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ 1923 წელს კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა კონფერენციამ თავისი ინიციატივითა და ძალისხმევით დახვეწა იულიუსის კალენდრის ზემოთნახსენები ცდომილებანი. ტექნიკური შესწორებები დიდად არ განსხვავდებოდა 1582 წელს რომის პაპის ორგანიზებით განხორციელებული შესწორებებისაგან. ცდომილება დაყვანილ იქნა 2.2 წმ-მდე წელიწადში, რაც საკმაოდ ზუსტი მიახლოებაა. ასეთი სქემის მიხედვით გაზაფხულის ბუნიობა ერთიდაიგივე დღეს დაიმზირება დაახლოებით 40 000 წლის განმავლობაში.
მართლმადიდებლურ წიაღში განხორციელებული ამ კალენდარული რეფორმისას ასევე ამოიღეს ზედმეტი დღეები, მაგრამ 1923 წლისთვის ძველი იულიანური კალენდარი შეიცავდა არა 10 არამედ უკვე 13 ზედმეტ დღეს. აქვე საინტერესო კიდევ ის გახლავთ, რომ, როგორც თეოლოგიის დოქტორი ვლ. ხულაპი წერს, თუ ძველ სტილზე მყოფი ეკლესიები არ დაიწყებენ ჩასწორებული იულიანური კალენდრის გამოყენებას, მაშინ „უახლოეს მნიშვნელოვან პრაქტიკულ პრობლემას… ადგილი ექნება 2100 წლის 1-ლ მარტს, რომელიც იულიუსის კალენდრის მიხედვით იქნება ნაკიანი, ხოლო ”სამოქალაქო” (ანუ გრიგორიანული, დ.თ.) კალენდრით კი – არა. ამგვარად, კალენდრებს შორის განსხვავება გაიზრდება 1 დღით და გახდება 14. შესაბამისად, ამ თარიღის მერე ყველა ჩვენი დღესასწაული ”გადაიწევს” 1 დღით წინ, ანუ ქრიტეშობის დღესასწაულს ვიზეიმებთ 8 იანვარს“.
გრიგორიანული (ანუ ახალი სტილის) კალენდარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შემოიღეს 1923 წლის 2 ოქტომბერს. მაგრამ ვინაიდან ამას მრევლში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა, რუსეთის პატრიარქმა იმავე წლის 26 ოქტომბერს გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ეკლესიაში ახალი სტილის „საყოველთაო და აუცილებელი“ გამოყენება დროებით უნდა გადადებულიყო. ასე რომ ახალი სტილი რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ 24 დღის განმავლობაში მოქმედებდა.
უცნაურია, მაგრამ იგივე მოხდა საქართველოშიც. სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს 1923 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებაში საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ ვკითხულობთ: „შემოღებულ იქმნეს ამა წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წ. ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალის სტილით. გამოეცხადოს საკათალიკოსო საბჭოს მადლობა პროფესორ დიდებულიძეს და ბენაშვილს პასქალიონის შედგენისათვის ახალის სტილის კალენდრის თანახმად“.
სამწუხაროდ, 1928 წელს ეკლესიის იერარქია იძულებული გახდა კვლავ ძველ სტილზე გადასულიყო, რადგან მრევლის ნაწილმა მძაფრი პროტესტის გამოხატვა იწყო ამ სიახლის მიმართ. ისინი რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ინოვაცია საბჭოთა ხელისუფლების ზეწოლით ხორციელდებოდა და ანტიეკლესიურ მოვლენას წარმოადგენდა. მაგრამ ქართულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ძველ სტილზე დაბრუნების მიზეზად მორწმუნეთა „შეუგნებლობა და მოუმზადებლობა” დაასახელა.
გაორ(სამ)მაგებული შობის სოციალური ასპექტი
ამრიგად, შეუძლებელია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ქრისტე იშვა ამა თუ იმ კონკრეტულ დღეს. სწორედ ამიტომ გაუგებარი რჩება შემდეგი: მაშ, რატომ იწვევს ეს საკითხი ამდენ დაპირისპირებას და რატომ ამტკიცებს კატეგორიულად თითოეული მხარე, რომ სწორედ იმ დღეს იშვა ქრისტე, რომელ დღესაც მისი რელიგიური თემი აღნიშნავს ამ დღესასწაულს? (აქ უკვე აღარაფერს ვამბობ, იულიანური კალენდრის სიზუსტის თაობაზე გამოთქმული დაჟინებული შეხედულებების შესახებ).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სომხური სამოციქულო ეკლესია, მათ შორის ქართველი სომეხი გრიგორიანელებიც, შობის დღესასწაულს ექვს იანვარს აღნიშნავს. ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ოჯახის ერთი წევრი სომეხი გრიგორიანელია, მეორე კათოლიკე და მესამე მართლმადიდებელი. ძნელი არ არის იმის მიხვედრა თუ როგორი მოუხერხებელი და არასასიამოვნო ვითარება შეიძლება შეიქმნეს ასეთ ოჯახში ყოველი შობის მოახლოებისას.
ამგვარ ვითარებაში ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები:
(1) თუ სამივე მათგანი პრაქტიკოსი მორწმუნეა (სამრევლო ენაზე: ეკლესიურები არიან) და საკუთარი რწმენის მხურვალე დამცველ-მიმდევარნი, მაშინ ასეთ ოჯახში სამგზის უნდა აღინიშნოს შობის დღესასწაული, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი (ერთხელ მოლხენა-ქეიფს სამჯერ არ ჯობია?), მაგრამ თუ სერიოზულობას შევინარჩუნებთ, საკითხის ამგვარი გადაჭრა, თავისუფლად შეიძლება შევაფასოთ, როგორც უგუნურება. აქ ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ „გასამმაგებული“ დღესასწაულის ასევე გასამმაგებულად გაზრდილ ხარჯებს ოჯახის ბიუჯეტისთვის. საქმე მენტალურ პრობლემას უფრო ეხება, ვიდრე ფინანსებს… გარდა ამისა, ოჯახის წევრებს შორის რელიგიური შეფერილობის მქონე ურთიერთ დაპირისპირება გარდაუვალია. თუნდაც მხოლოდ ამ ვითარების
გათვალისწინებით, განა ეკლესია ყველანაირად არ უნდა ცდილობდეს არ აღმოჩნდეს ამგვარი კონფლიქტის წარმომშობი თუნდაც ირიბი მიზეზი? მით უმეტეს, როცა ამ მიზეზის აღმოფხვრა ძალიან მარტივად და უმტკივნეულოდ შეიძლება!
(2) მაგრამ თუ სამივე მათგანი მოახერხებს და შეთანხმდება საკუთარი რელიგიური თემის მიერ დაწესებული შობის თარიღის ჩანაცვლებაზე საერთო თარიღით (ვთქვათ 25 დეკემბრით), მაშინ ისინი გარკვეულწილად ეკლესიისგან დაშორებულად ჩათვლიან საკუთარ თავს, რადგან დაარღვიეს ის, რის აღსრულებასაც მკაცრად ითხოვდა მათი ეკლესია.
აქ ანალოგიური შეკითხვა ჩნდება: რატომ არ უნდა იყოს ეკლესიის პრიორიტეტი იმ მიზეზების თავიდან „მოშორება“, რომელიც ადამიანებში არა მხოლოდ ურთიერთქიშპობის, არამედ მათი ეკლესიისგან გაუცხოების საფუძველიც ხდება? მით უმეტეს, რომ, როგორც ზემოთ გაკვრით აღვნიშნეთ, „კალენდარული მიზეზის“ გაუვნებელყოფა არავითარ სირთულეებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული: მართლმადიდებლური სამყაროს უმეტესი ნაწილი (15 ეკლესიიდან 11) სწორედ ახალი სტილით – 25 დეკმებრს აღნიშნავს ქრისტეს შობას… აქ „წამხედურობა“ არაფერ შუაშია („ყველა ასე აკეთებს“), რადგან თუკი ნიკეის კრებაზე დადგენილ შობის თარიღს – ანუ იმ ნამდვილ 25 დეკემბერს – მაქსიმალურად გვინდა მივუახლოვდეთ, მაშინ ამ საქმეში სწორედ ახალი სტილი, გრიგორიანული კალენდარი დაგვეხმარება, როგორც მეცნიერულად (ასტრონომიულად) უფრო ზუსტი ხელსაწყო.
ახალ სტილზე გადასვლისთვის არც რელიგიურ-თეოლოგიური თვალსაზრისით არსებობს რაიმე დაბრკოლება, რადგან კალენდარი არ არის რწმენის ობიექტი, რომელიც სამარადისოდ შეუცვლელი და ხელშეუხებელი უნდა იყოს. ის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც პერიოდულად „შეკეთება“ სჭირდება. საბედნიეროდ, ამას კარგად აცნობიერებდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ეკლესიაში.
წერილს სიამოვნებით დავამთავრებდი სწორედ ამ საკითხზე გამოქვეყნებული ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მემორანდუმის შემდეგი სიტყვებით: „განა ზოგიერთმა მართლმადიდებელმა დედამიწის მზის გარშემო შემოვლისათვის საჭირო დროის დასადგენად იმ კალენდრის გამოყენება უნდა მოითხოვოს, რომელიც ეფუძნება ჩვ.წ.აღ.-მდე 45 წ. შეფასებას?“ (“შესწორებული იულიუსის” კალენდარი. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მემორანდუმი  orthodoxtheology.ge

წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий