четверг, 9 июля 2015 г.

სტალინის საბედისწერო შეცდომა




ავტორი ლაშა ოთხმეზური
21.06.2015




1938 წელს სტალინი ასრულებს ისეთი ტერორისტულ-დიქტატორული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის ინსტიტუტები, მათ შორის სამხედრო უწყებები, მოკლებული იქნებიან თუნდაც მინიმალურ დარგობრივ ავტონომიას. ამ სისტემის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის იქნება, რომ ბელადის ხელში აღმოჩნდება არა მხოლოდ პოლიტიკური და ოპერატიული მართვის აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, არამედ ყოველდღიური, რუტინული ადმინისტრირების ფუნქციებიც. მხოლოდ შიშსა და ტერორზე დაფუძნებული ასეთი სისტემის პირობებში, დიქტატორის ნებისმიერი შეცდომა, თავისი კატასტროფული შედეგებით, ქვეყნისათვის საბედისწერო მნიშვნელობას იძენს. სტალინის საბედისწერო შეცდომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია 1941 წლის 22 ივნისს.


1941 წლის 22 ივნისამდე სტალინი ყველას არწმუნებს, რომ ჰიტლერი ვერ გაბედავს ომის ორ ფრონტზე გაშლას. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის სადაზვერვო სამსახურები საბჭოთა კავშირის საზღვართან ვერმახტის დივიზიების უწყვეტ კონცენტრაციას აფიქსირებდა და ამის შესახებ ბელადს გამუდმებით აწვდიდა ინფორმაციას, სტალინი „დანაშაულებრივად“ გამოაცხადებს ვერსიას ჰიტლერის მხრიდან შესაძლო თავდასხმაზე და სამხედროებს ამაზე ფიქრსაც კი აუკრძალავს. იმისათვის, რომ სტალინის ეს მონუმენტალური შეცდომა შევაფასოთ, გავაანალიზოთ, რას ემყარებოდა ბელადის ვარაუდი. იოსებ ჯუღაშვილის მსოფლმხედველობა და ჰიტლერის მისეული შეფასება ხუთ „კოგნიტიურ ბოძს“ ეფუძნებოდა:

1. შეუძლებელია, ჰიტლერმა ორ ფრონტზე იბრძოლოს. სანამ დიდი ბრიტანეთი იბრძვის, საბჭოთა კავშირს შეუძლია, მშვიდად იყოს.

პირველი მსოფლიო ომი გერმანიამ ხომ იმიტომ წააგო, რომ ორ ფრონტზე იბრძოდა? ასეთ შეცდომას მეორედ ის აღარ დაუშვებს. ამიტომ სტალინი ვერ ხედავს ჰიტლერის მხრიდან „ბარბაროსას“ გეგმის განხორციელების საშუალებას მანამ, სანამ ფიურერი დასავლეთში არ დაასრულებს ომს („ბარბაროსას“ გეგმის არსებობა სტალინმა 1940 წლის მიწურულს შეიტყო, ანუ თვით გერმანიის გენერალიტეტის უდიდეს ნაწილზე ბევრად უფრო ადრე). აქ სტალინი უშვებს ბანალურ შეცდომას: ჰიტლერი ბრიტანეთის წინააღმდეგ საომრად იყენებდა მხოლოდ თავის საზღვაო და საჰაერო ფლოტებს, ხოლო სახმელეთო ჯარების უდიდესი ნაწილი, რომლის კონცენტრაციას საბჭოთა კავშირის საზღვრებთან აკეთებდა, თავისუფალი რჩებოდა.

2. ერთადერთი საფრთხე, რომელიც საბჭოთა კავშირს ემუქრება, კაპიტალისტური ქვეყნების საერთო ფრონტია.

მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიაში ჩაკეტილი სტალინი ვერ ხედავს იმ ფუნდამენტურ განსხვავებებს, რომლებიც არსებობს ლიბერალურ დემოკრატიებსა და ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიას შორის. სტალინი რჩება სამოქალაქო ომის სქემაში, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ანტანტის ქვეყნების ინტერვენციის (1918-1921 წწ.) ერთ-ერთი ინიციატორი ჩერჩილი იყო. 1941 წელს სტალინი ფიქრობს, რომ, როგორც 1918 წელს, მისი მთავარი მტერი ბერლინი კი არა, ლონდონ-ბერლინის შესაძლო ალიანსია, და ჰიტლერის აგრესიული გეგმების შესახებ ჩერჩილის ნებისმიერ გაფრთხილებას სტალინი ბრიტანეთის დეზინფორმაციად აფასებს. 1941 წლის 10 მაისს ჰიტლერთან ყველაზე დაახლოებული პირის, რუდოლფ ჰესის გადაფრენა ლონდონში კიდევ უფრო აძლიერებს სტალინის პანიკურ შიშს ბრიტანეთ-გერმანიის შესაძლო გარიგების წინაშე და აძლევს მორიგ საბაბს, ბერლინისადმი კიდევ მეტ პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურ დათმობაზე წავიდეს.


3. როგორც ჭეშმარიტი მარქსისტი და ლენინელი, სტალინი დარწმუნებულია, რომ ბერლინში მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ფრაქციებს შორის: გენერალიტეტი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის მომხრეა, ხოლო ჰიტლერი „მშვიდობის პარტიის“ მეთაურია.

თავისი ამ შეფასებით სტალინი რჩება ჩვეულებრივ ბოლშევიკურ კონსტრუქციაში, რომლის მიხედვითაც მესამე რაიხის სათავეში, როგორც ნებისმიერ სხვა კაპიტალისტურ ქვეყანაში, მიმდინარეობს ბრძოლა პოლიტიკოსებსა და მათ მიერ ცუდად კონტროლირებად სამხედროებს შორის. მართალია, გერმანიაში არსებობდა დიპლომატებისა და გადამდგარი გენერლების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ საბჭოთა კავშირისთვის ომის გამოცხადებას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმზე მათ არავითარი ზემოქმედება არ შეეძლოთ. სხვათა შორის, ეს პოლიტიკური უძლურება უბიძგებს გრაფ შულენბურგს (მოსკოვში გერმანიის ელჩსა და საბჭოთა კავშირთან ომის მოწინააღმდეგეს), დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგას: 1941 წლის 5 მაისს, მოსკოვში, გერმანიაში საბჭოთა ელჩ ვლადიმერ დეკანოზოვთან შეხვედრისას გააფრთხილოს თავისი საბჭოთა კოლეგა ჰიტლერის აგრესიული გეგმების შესახებ.

4. სტალინის აზრით, საბჭოთა საზღვრებთან დივიზიების კონცენტრირებით ჰიტლერი მხოლოდ ძალის დემონსტრირებას ახდენდა, რათა მოსკოვი მორიგ დათმობებზე დაეყოლიებინა.

ამგვარად გერმანია ახერხებს სტალინის დეზინფორმირებას. დეზინფორმაციის მიხედვით, საუბარია კონცესიებზე, რომელთა თანახმადაც მოსკოვმა ბერლინს უნდა დაუთმოს ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა და უკრაინა. სტალინი ისევ რჩება პირველი მსოფლიო ომის სქემაში, ვინაიდან 1918 წლის მარტს ბრესტ-ლიტოვსკში გაფორმებული საზავო შეთანხმება სხვა არაფერია, თუ არა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის გადაქცევა გერმანიის სატელიტებად.

5. ბოლო შეცდომა: მიუხედავად იმისა, რომ 1933 წლის დასაწყისში ჰიტლერის Mein Kampf-ი რუსულად ითარგმნა და მოსკოვში გამოიცა ბოლშევიკების ვიწრო წრისათვის, სტალინი-იდეოლოგი ვერ ხვდება, რომ საქმე აქვს ჰიტლერ-იდეოლოგთან.

სტალინის აზრით, ჰიტლერი იყო ბისმარკის ტიპის რაციონალური პოლიტიკოსი, რომლისთვისაც საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებას აზრი არჰქონდა, ვინაიდან კრემლი თვითონ ამარაგებდა ბერლინს ყველა იმ სტრატეგიული პროდუქტით, გერმანიას რომ სჭირდებოდა. და მართლაც, 1941 წლის იანვრიდან მოყოლებული, სტალინი ჰიტლერის წინაშე დათმობების პოლიტიკაში ისე შორს წავიდა, რომ თვით 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების შემოქმედი, ნევილ ჩემბერლენიც კი დაჩრდილა: დაწყებული მესამე რაიხისთვის მარცვლეულისა თუ სხვა სტრატეგიული პროდუქტების დიდი რაოდენობით მიწოდებით, დამთავრებული თვალების დახუჭვით ლუფტვაფესა და ვერმახტის მიერ სადაზვერვო მიზნებით საბჭოთა კავშირის საზღვრის სისტემატურ დარღვევაზე. სტალინი დარწმუნებულია, რომ წითელი არმიის მობილიზაციამ გერმანიის თავდასხმა შეიძლება გამოიწვიოს (ის ისევ პირველი მსოფლიო ომის სქემით ოპერირებს, როცა ცარისტული არმიის მობილიზაციის შედეგად გერმანიამ მას ომი გამოუცხადა), ამიტომ ბელადი თავის სამხედროებს აუკრძალავს წითელი არმიის მობილიზაციას. სტალინის ასეთი სიჯიუტის შედეგად, 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირს მძიმე დღე უთენდება: არმია ნახევრად მობილიზებულია, ხოლო ფორტიფიკაციების სასაზღვრო ზოლი, ე.წ. „მოლოტოვის ხაზი“ – მხოლოდ სანახევროდ აშენებული.

ეს შეცდომა იოსებ ჯუღაშვილს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა: მიუხედავად წითელი არმიის წინაშე ვერმახტის უდიდესი ტაქტიკური თუ ორგანიზაციული უპირატესობისა, ძირითადად, სწორედ სტალინის ამ შეცდომით აიხსნება ვერმახტის მიერ 1941 წლის ზაფხულში იმ უზარმაზარი ტერიტორიის დაპყრობა, რომლის განთავისუფლებაც წითელმა არმიამ მხოლოდ სამწლიანი სისხლიანი ბრძოლების შედეგად მოახერხა. 1942 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ჰიტლერის მიერ დაშვებული მრავალი შეცდომიდან, თავისი მასშტაბით, ვერც ერთი ვერ გაუტოლდება სტალინის ამ შეცდომას. ფიურერის უფრო დიდი შეცდომა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომი დაწყება იყო...

Tags: ისტორია,სტალინი,მეორე მსოფლიო ომი,ჰიტლერი,1941 წლის 22 ივნისი


წყარო: რადიო თავისუფლება



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий