воскресенье, 3 мая 2015 г.

ქრისტე - უნივერსალური ადამიანი


გეორგიოს მანძარიდისი
თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის პროფესორი


ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი და უნივერსალური ადამიანი, ყოველივეს საზომია ყველა ადამიანისთვის.  იგი მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი, ზედროული და მარადიული საზომია. იგია ჭეშმარიტი საზომი, რომლის მიერაც შეგვიძლია განვსაზღვროთ და გავიაზროთ საკუთარი სულიერი მიზნები და ამოცანები. ადამიანის უნივერსალურობა მისი კათოლიკურობის გამოხატულებაა, რაც არის კიდეც მისი სტატუსი, როგორც ჭეშმარიტი ყოფიერების, ქრისტეს ხატისა.  დღეს კი, ამის საპირისპიროდ, უნივერსალურობა გლობალური გაერთიანების იმ დამანგრეველი პროცესის თანამდევად აღიქმება, რომელიც ადამიანის პიროვნულობას სპობს  და მის თავისუფლებას ზღუდავს. 



გლობალიზაციის დაჩქარებული კურსის მდინარებისას ყურადღება ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრეს, არსებით ნიშანზე მახვილდება: მის უნივერსალურობაზე. ქრისტეს უნივერსალურობა იკვეთება არა იმიტომ, რომ იგი გლობალიზაციის პროცესთანაა დაკავშირებული, არამედ იმტომ, რომ იმ იმედგაცრუების ანტიდოტია, წამალია, რასაც თვით გლობალიზაცია წარმოშობს, საბოლოოდ.

უნივერსალურობა და გლობალიზაცია ორი, ფორმალურად დაკავშირებული ტერმინია, მაგრამ, არსებითად, სინამდვილეში დიამეტრიულიად საპირისპირო მნიშვნელობები აქვთ. პირველი ფიზიკურ ერთიანობასა და პიროვნულ სისრულეს აღნიშნავს, როცა უკანასკნელი - რეპრესიულ გაერთიანებას, სტანდარტიზაციას გულისხმობს. უნივერსალურობა ინდივიდუალურ იდენტურობას ეფუძნება და სამართლანადაც აქვს ის აღიარება, რასაც იმსახურებს კიდეც, ხოლო გლობალიზაცია - შლის, სპობს ინდივიდუალურ იდენტურობას და ცალკეულ ინდივიდებს, პიროვნებებს უფორმო მასად აქცევს.

როცა ვამბობთ, რომ ქრისტე უნივერსალური ფიგურაა, ვგულისხმობთ იმას, რომ იგი თვითონ ფლობს მთელ მსოფლიოს. ქრისტე მთელ ადამიანურ ბუნებას მოიცავს, მისი მთელი ბუნებითი მახასიათებლებითა და თვისებებით. ეს ჭეშმარიტება განსაკუთრებითაა აღნიშნული და ხაზგასმული ეკლესიის დოქტრინალურ სწავლებებში.

თანამედროვე სეკულარიზებული ადამიანი და, ალბათ, ქრისტიანთა საშუალო რაოდენობა, იმ დოქტრინებზე კამათობს და დავობს, რომლებიც ქრისტეს ადამიანურ ბუნებას უკავშირდება, რამდენად გადაჭარბებულად და უნცაურადაც არ უნდა ჩანდეს. რა მნიშვნელობა აქვს, ქრისტეს ჰქონდა სრულყოფილი ადამიანური ბუნება თუ არა? საკმარისია თუ არა, რომ იგი არის ღმერთკაცი (თეანთროპი), რომელიც ქვექნიერების გადასარჩენად მოვიდა? 

რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივი როდია.  მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის სრული შესწავლა ამ მოკლე სტატიაში შეუძლებელია, ვეცდები უნივერსალურობის პერსპექტივით მივუდგე მას და მივუახლოვდე.

თუ ქრისტეს არ აქვს სრულყოფილი ადამიანური ბუნება, როგორც სხვადასხვა ერეტიკოსები ამტკიცებდნენ ხოლმე, თუ მას არ გააჩნია ადამიანური სული, ადამიანური გონება-ცნობიერება, ადამიანური ენერგია და ადამიანური ნებელობა, როგორც თავისი ჰიპოსტასის ნაწილი, მაშინ იგი ნამდვილი ადამიანი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ვერც უნივერსალური ადამიანი.

ძველ ბერძნულ სამყაროში ადამიანს მიკროკოსმოსად აღიქვამდნენ. ქრისტიანობაში, როგორც არ უნდა იყოს, მას გაცილებით მაღალი სტატუსი აქვს მინიჭებული. ადამიანს ხედავდნენ, როგორც "დიდ კოსმოსს მცირეში"[1]. ქრისტეში ეს ადამიანური დიდება გამოცხადდა, ისევე, როგორც ჭეშმარიტება და ინდივიდუალურობის დიდებულება ვლინდება ქრისტეში.

ქრისტეს პიროვნებაში მთელი ქმნილება იყრის თავს და ახლდება. როგორც "ახალმა ადამმა", ქრისტემ საკუთარ თავზე იტვირთა "ყველა თაობის ადამი" (მთელი კაცობრიობა).  თუმცა მას არ გაუმიჯნავს საკუთარი თავი მისგან: უსასრულო სიყვარულიდან გამომდინარე, იგი იტანჯა ადამიანისთვის, შესწირა თავი მისთვის და, იძულებითი სიკვდილით, იგი სიცოცხლეში შევიდა. ის არ გარიდებია სიკვდილს, არამედ დაამარცხა იგი თავისი ღვთაებრივობით ისე, რომ ადამიანს შესძლებოდა მის აღდგომასთან ზიარება.

ამ გზით, ქრისტემ ადამიანური არსებობის ყველა ეტაპი გაიარა. ცხოვრობდა, მოკვდა და ჩავიდა ჯოჯოხეთში, შეხვდა ადამის ყველა შთამომავალს.  ქრისტეს აღდგომა იყო არა უბრალოდ ინდივიდუალური მოვლენა, არამედ ადამიანური ბუნების აღდგომა, როგორც მთლიანობისა. ცნობილია, მართლმადიდებლურ ტრადიციაში ქრისტეს აღდგომა ხატებზე ჯოჯოხეთის წყვდიადითა და იესოს მიერ ადამისა და ევას აღდგინების სცენით გამოისახება. და ხატის წარწერა არის არა "აღდგომა ქრისტესი", არამედ მხოლოდ "აღდგომა", სხვა სიტყვებით, აღდგომა ყველა ადამიანისა, მთელი ადამიანურობისა.

ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანის ხსნაზე, მაგრამ ყოველთვის ნათელი როდია მისი მნიშვნელობა. ადამიანის ხსნა და გადარჩენა, ფაქტობრივად, მისი მთლიანობის, ერთიანობის აღდგენას ნიშნავს.  და ეს აღდგენა ორ დონეზე ხდება: ინდივიდუალური პიროვნებისა და ადამიანური ბუნების დონეზე. თუ ადამიანის მთლიანობა არ აღდგება ადამიანური ბუნების ერთიანობის დონეზე, მისი მთლიანობის აღდგენა, როგორც პიროვნებისა ვერ მოხდება.  ქრისტე იმიტომაა ადამიანის მხსნელი, რომ მან გამოისყიდა ადამიანური ბუნება, თუ მას, რა თქმა უნდა, თავის ღვთაებრივ ჰიპოსტასში აღვიქვამთ. იგი თვითონ გახდა უნივერსალური ფიგურა და ყველა ადამიანს უბოძა საშუალება, გაიზიაროს მისი უნივერსალურობა. თუმცა, ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში არასოდეს მოქმედებს ცალმხრივად. ადამიანის გადარჩენა, როგორც პიროვნებისა, ადამიანისაგანვე საკუთარი სურვილით თანამშრომლობას მოითხოვს. თავისი ისტორიული არსებობით, ქრისტე არ მიჯნავს საკუთარ თავს დროსა და სივრცისგან, არამედ კვლავ რჩება სამყაროში და მის მორწმუნეთა ეკლესიაში. ეკლესია კი, რომელიც მისი სხეულია, კათოლიკურია და უნივერსალური. იგი მთელ კაცობრიობას მოიცავს.


ეკლესიის ყველა წევრს, როგორც ქრისტეს სხეულის წევრს, შეუძლია ქრისტეში ახალ ადამიანად გარდაიქმნას. საღვთო მადლის საშუალებით, იგი მოხმობილია, შეუდგეს ქრისტეს და იტვირთოს მთელი კაცობრიობის პასუხისმგებლობა თავის ჰიპოსტასში, თავის პიროვნებაში. როგორც წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი აღნიშნავს, "ჩვენ, მორწმუნეთ, გვმართებს, ყველა ადამიანს ისე ვუხმობდეთ, როგორც ერთს, და ვიაზრებდეთ იმას, რომ თითოეულ მათგანში ბინადრობს ქრისტე"[2].

თანამედროვე ასკეტებიც ამასვე ამბობენ: "გაჰყვე ქრისტეს, ნიშნავს, გახსნა საკუთარი თავი თვით ქრისტეს სინდისით, რომელიც, საკუთრივ, მთელ კაცობრიობას ტვირთულობს, რადგან ისაა მთლიანი ხე თითოეული, კონკრეტული ფოთოლით. თუ ჩვენ ამ სინდისს შევიძენთ, ყველა ადამიანისთვის ვილოცებთ ისე, როგორც ჩვენთვის ვლოცულობთ" [3]. და ეს ლოცვა იქცევა უნივერსალურობის საშუალებად.

ყოფიერების ჭეშმარიტება ინდივიდუალურობაში მდგომარეობს და არა რაღაც უპიროვნო თუ პიროვნებას გაცდენილ პრინციპში. ინდივიდუალური და პიროვნებათშორისი  ურთიერთობებისგან გამოყოფილი, ყოველივე უმყოფობისკენ მიედინება და "ჭეშმარიტ არარსებობაში"[4] იძირება . ადამიანის კათოლიკურობა, ისევე როგორც მისი გარეგანი გამოხატულება, - უნივერსალურობა, - არსებითად თვისებობს ქრისტეს პიროვნებაში, რომელიც არსებობის სისრულის მფლობელია. როგორც ქრისტეს პიროვნებაშია არსების სრულყოფილება, ასევე ყველა ადამიანშიც, ვინც ქრისტეს ხატია, მადლითა და ღვთაებრივი ანარეკლის მეშვეობით, არსებობს უნივერსალურობა.


უნივერსალურობის მიზანი, როგორც ადამიანის კათოლიკურობისა და  სრულყოფილების შედეგი, არსებითი ქრისტოლოგიური განზრახვაა. ასე ვთქვათ, თვით ქრისტეს დაპირებაა. და მხოლოდ ესაა ჩვენთვის ბუნებრივი, რადგან ქრისტე ადამიანის წინასახეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ადამიანური ბუნება თავისი აგებულებით ქრისტეს უკავშირდება. ამდენად, ბუნებრივია, რომ უნდა ეძებდეს კიდეც მას. ადამიანის გონება, ნება და მეხსიერება  თავისი ღირსების სრულ საზომს ქრისტეში აღწევს. ქრისტე, - აღნიშნავს წმ. ნიკოლოზ კაბასილა, - პირველი და ერთადერთი გამოვლინება იყო ჭეშმარიტი და სრულყოფილი ადამიანისა, როგორც თავისი ხასიათით, სულითა და ცხოვრებით, ისევე ყველაფრით [5].

ასეთი ქრისტოლოგიური მიზნები არა მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როცა ადამიანი ქრისტეს პოულობს, არამედ მაშინაც, როცა ვერ პოულობს მას.  ქრისტოლოგიური მიზანი შეიძლება ვერ განხორციელდეს როგორც სიბრძნის ძიებაში,  ისე ბედნიერების, თავისუფლების, სიყვარულის ძიებაში, უნივერსალურობის, უკვდავების ან რაიმე სხვა სახის ძიებაში, რაც კი ადამიანს უნდა და მოსწონს.  თუკი თავს არ დაიზიანებენ გულის გატეხვითა და რწმენის დაკარგვით, მათი ყოველგვარი მიზანი ქრისტეს საზომით გამოიცდება. ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი და უნივერსალური ადამიანი, ყოველივეს საზომია ყველა ადამიანისათვის. იგია უკანასკნელი საზომი, მთელი მსოფლიოსათვის უნივერსალური და მუდმივი. იგია ჭეშმარიტი საზომი, რომლითაც უნდა განვსაზღვროთ, განვიხილოთ ჩვენი სულიერი მიზნები, ამოცანები. მიზანი, რაც ძლიერ დამახასიათებელია თანამედროვე ადამიანისათვის და ამავდროულად საფრთხესაც უქმნის მას, არის მიზანი უნივერსალურობისა. დღეს საერთო საჭიროებები, საერთო საფრთხეები და იმედები უფრო მეტი ძალით ახლოებს ადამიანებს ერთმანეთთად, ვიდრე წარსულის სხვა რომელიმე დროში.  ეს ფენომენი მსოფლიოსა და გლობალიზაციის პროცესის ძლიერი ზეწოლის ქვეშ განაგრძობს არსებობას. თუმცა, იგივე ფენომენი, ქრისტეს საზომით გაზომილი, მოუწოდებს ადამიანებს, იცხოვრონ და ხელიც შეუწყონ უნივერსალურობის ამ გამომსყიდველ, მხსნელ სახეს და კიდევ უფრო გააძლიერონ იგი.

პრობლმა მუდმივად დგას ადამიანის წინაშე, თუ როგორ მიაღწიოს ინდივიდუალურობას და შეანარჩუნოს იგი მშვიდობიანობასა და ერთიან მსოფლიოში: როგორ მოუმზადოს სამყოფელი ყველა ადამიანს თავიანთ გულში და როგორ ხარობდნენ ისინი სხვებთან ერთად. ქრისტე აცხადებს პრობლემის გადაჭრის ხერხს. თუმცა, ჩვეულებად იქცა, ადამიანივე ქმნის ცხოვრების არეულობას და კარგავს კიდეც მას, რადგან არ ახდენს იმ ძალის რეალიზებას, რომელიც დამალულია თვით მასში.

წყარო
 
შეგიძლიათ მასალის / სტატიის გადაყვანა და ჩამოტვირთვა PDF ფორმატში
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий