воскресенье, 3 мая 2015 г.

ეკლესიურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები



იღუმენი პეტრე მენშერინოვი

ქალაქის გარეუბნებში ან მის გარეთ ღვთისმსახურებას თუ არ დასწრებიხართ, წარმოიდგინეთ, პატარა ზომის ეკლესია დილის წირვა და გულმოდგინედ მომლოცველი მრევლი. სახარების კითხვისას კარები იღება და ტაძარში ორბავშვიანი დედა შემოდის:
ერთი სამიოდ წლის თუ იქნება, მეორე – ჩვილი. უფროსი ცოტა ხნით ჩერდება დედის გვერდით, მერე ხალხში გაძვრება და ტაძარში სიარულს იწყებს. ატყობს, რომ არავის სცხელა მისთვის და ისიც თავისთვის დაბაკუნობს, თან თავის ბავშვურ ენაზე საკუთარ თავს ელაპარაკება. უმცროსი დედას ჰყავს ატატებული, მაგრამ მოუსვენრობა მასაც ეტყობა, ტიტინს წამოყვირება ენაცვლება, შიგადაშიგ წამოიტირებს. დედიკო რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ დააწყნაროს და რა თქმა უნდა, უშედეგოდ. სხვა სიტუაციაში უწყინარი ბავშვური ტირილი აქ აშკარა დისკომფორტს ქმნის: მრევლის გულისყური ლოცვისკენ აღარაა მიპყრობილი. როგორც იქნა ვიღაც ბედავს შენიშვნის მიცემას. პასუხად, მკაცრად მოკუმული ტუჩები და მკვახე ტონი: “ეს როგორ? ქრისტემ თქვა ნუ დაუშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლასო და თქვენ ტაძრიდან მაგდებთ ბავშვებიანად?“ საყოველთაო დაძაბულობა. ღვთისმსახურება თავის ნამდვილ აზრს კარგავს…
ლიტურგია
შემდეგი სურათი კი უთუოდ ყველას გეცნობათ: საკურთხევლიდან ბარძიმს გამოაბრძანებენ. ორი ქალი, სავარაუდოდ, დედა და ბებია, აღრიალებულ გოგონას ექაჩებიან. ,,არ მინდა“ იკლაკნება პატარა და ხელ-ფეხს მთელი ძალით იქნევს. დედა ხელებს უგრეხს, ბებია თავს უფიქსირებს და ენამოჩლექით ეუბნება: ,,ნუ ტირი,გენაცვალე, ახლა ბიძია კაკას მოგცემს“. ბიძია (მღვდელი) საოცარ მოხერხებულობას იჩენს და მესამე თუ მეოთხე ცდის შედეგად კოვზს გოგონას პირში ათავსებს. ქალებს სახე ებადრებათ: აზიარეს! პატარა კი ისევ ჭირვეულობს, ისევ ყვირის და იბრძვის….
… უკვე წამოზრდილი ბავშვები. ღვთისმსახურება დიდ ტაძარში ტარდება. აქ ასპარეზი მეტია და გულმოდგინედ მლოცველ დედებს რომ ხელი არა შეუშალონ, ჯგუფად მოგროვილი ბავშვები ეკვდერში ჟრიამულობენ. მათი ჟივილ-ხივილი ხანდახან მგალობელთა ხმასაც კი ახშობს, მედავითნეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ბავშვების დაშოშმინებას ვერც ღვთისმსახურები ახერხებენ. შენიშვნის პასუხად ბავშვი წუთით ჩერდება, თითქოს გონს მოეგოო, მაგრამ, მხოლოდ წუთით….
აი მოზარდის კვირა დღეც. დედა უთენია ანჯღრევს გიორგის: ,,ადექი შვილო,დროა უკვე. დღეს ხომ წირვაზე ხარ წასასვლელი, მერე კი-საკვირაო სკოლაში. ბიჭი იშმუშნება, თვალს ახელს და კვნესის: ,, დეე .. არ წავალ რააა.. იცი სკოლაში როგორ ვიღლები მთელი კვირა—„ დედას მზერა უმკაცრდება და ტონიც უფრო კატეგორიულია: ,,გიორგი! ახლავე ადექი! წირვის გაცდენა როგორ შეიძლება! თან დღეს სკოლაშიც გამოგკითხავენ!“ საბრალო ბიჭი ლამის ატირდეს, მაგრამ იცის, რომ ვერაფერს შეცვლის და უკვე ვხედავთ, როგორ მიჰყვება თავჩაქინდრული ბიჭი ზამთრის ბინდბუნდში მტკიცე ნაბიჯებით მიმავალ დედას, ფეხები უკან რჩება და თავში სრულიად არა ბავშვური ფიქრი უტრიალებს: ,,ღმერთო რა დავაშავე?“
აი ტაძარიც. აღსარება. დედა თავის დაწერილ ქაღალდს აჩეჩებს ხელში რომელზეც ჩამოწერილია ,,გიორგის ცოდვები“ და მოძღვრისაკენ უბიძგებს. მოძღვარი ნაწერს გამოართმევს, თვალს გადაავლებს, აღსარებას იბარებს და დაღლილი მზერით გაჰყურებს რიგში ჩამდგარ ასამდე აღსარების მსურველს… ღვთის მსახურებაზე გიორგი კედელზე ოდნავ მიყრდნობილი თვლემს, საკვირაო სკოლაშიც გვარიანად ყვინთავს და ორიანს იღებს, რადგან არ იცის, თუ როგორ არის შერწყმული მაცხოვარში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება ერთდროულად. სახლში დაბრუნებულს დედისგან მორიგი გაკიცხვა ელის ორიანისთვის, მას კი მათემატიკა არ მოუმზადებია, ხვალ საკონტროლო აქვს სკოლაში. ,,როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?“
ბოლოს და ბოლოს ,, ეს ყველაფერი“ მართლაც მთავრდება. მთავრდება, რადგან ბავშვები იზრდებიან. გუშინდელი ონავარი ბიჭები უკვე შეღერებულან გოგონებიც დაქალდნენ. ჩვენი გიორგიც დაკაცდა. დედამისი წესით კმაყოფილი უნდა იყოს შვილით, ალბათ, ამაყობს კიდეც. რატომაც არა? მას ხომ შვილისათვის არაფერი დაუკლია? მოდით მოვუსმინოთ დაქალების საუბარს: ,,არაფერი მესმის… ბიჭს ვეღარ ვცნობ… პატარა ისეთი საყვარელი იყო: ლოცვებს კითხულობდა, ეკლესიაში ყოველთვის დადიოდა…ახლა კი.. ახლა ეწევა, სახლში გვიანობამდე არ ბრუნდება, უხეშობს და უხამსობს, მკრეხელობს კიდეც. წარმოგიდგენია,მინდა, დაველაპარაკო, რაღაც ვუთხრა, ის კი: კმარა! თავი მომაბეზრე, მაგ შენი ეკლესიით! მე იქ აღარასოდეს წავალ!“ და ცრემლები… დედის თვალზე მომდგარი ცრემლები…
ალბათ, ასეთი სურათი ბევრისთვისაა ნაცნობი. მაინც რა არის ამ ყოველივეს მიზეზი? ჩვენ ხომ მხოლოდ კეთილშობილური ზრახვები გვამოძრავებს:ყველანაირად ვცდილობთ გავაეკლესიუროთ ჩვენი შვილები, ვასწავლოთ მათ …ისინი კი? ისინი კი იზრდებიან და უარყოფენ ეკლესიას. რატომ ხდება, რომ ჩვენი ძალისხმევა საწინააღმდეგო შედეგს იძლევა? ჩემი აზრით, ბავშვთა რელიგიურად (ეკლესიურად) აღზრდის საქმეში ორ ძირითად შეცდომასთან გვაქვს საქმე. პირველი ეს არის შინაგანი რელიგიური განვითარების შეცვლა გარეგნულით. მეორე კი გახლავთ რელიგიური აღზრდის გადაბარება ოჯახიდან ეკლესიაზე.
დიახაც ბრძანებს უფალი:,,გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მათ ნაირებისაა ცათა სასუფეველი“(მათ19,14) მაგრამ რას ნიშნავს ქრისტეს ეს სიტყვები? ნუთუ, მხოლოდ იმას, ხელი არ შევუშალოთ ბავშვებს ღვთისმსახურების დასწრებაში (და იქ უდიერად მოქცევაში?) აქ აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდება, როცა ქრისტიანულ ცხოვრებას მხოლოდ ღვთისმსახურებაში მონაწილეობასთან აიგივებს. ასე ძველ აღთქმაში ხდებოდა: ქვეყნად მხოლოდ ერთი ტაძარი არსებობდა და მაშინდელი ტაძრის წევრთათვის უპირობო რელიგიურ მოვალეობას წარმოადგენდა ტაძარში ყოველდღიური სიარული. ახალ აღთქმაში კი გაცხადდა რაღაც სრულიად სხვა, განსხვავებული მიდგომა.
,,დგება ჟამი, როცა არც მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას…მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემელთ ეძებს თავისთვის .ღმერთი არის სული და მის თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.(იოან,4,21-24)
ერთობლივი საეკლესიო ლოცვა, უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანის სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ მთლიანად ვერ მოიცავს მას, მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილია. დიახაც, აუცილებელი, მაგრამ – არა უმთავრესი. უმთავრესი კი -,,თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით“ უშუალოდ ადამიანის გულში უნდა ხდებოდეს, სწორედ ეს გახლავთ სულიერი ცხოვრების მიზანი. ყოველივე დარჩენილი კი ამ მიზნის მისაღწევ საშუალებად განიხილება. ასეთი გახლავთ ქრისტიანულ ფასეულობათა იერარქია. ის იერარქია, რომლისგან გადაცდომას, გნებავთ, გადახრას (სწორედ ასეთად აღიქმება ღვთისმსახურების გარდაქმნა საშულებიდან მიზნად) უცილობლად მივყავართ სულიერი საზრდოს დაკარგვამდე. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რიგ მიზეზთა (როგორც ისტორიულ, ასევე ზნეობრივი) გამო, დღევანდელმა ღვთისმსახურებამ გარკვეულწილად დაკარგა ის პირვანდელი მნიშვნელობა, რომელიც მინიჭებული ჰქონდა სწორედ ტაძარში აღვლენილ ლოცვას. მავანთათვის დღევანდელი ღვთის მსახურება უფრო გადარჩენის ერთგვარ ,,ინდივიდუალურ“ საშუალებას წარმოადგენს. მრავალნი ტაძარში მხოლოდ თავისთვის მიდიან, გვერდზე მდგომთ ვერ ცნობენ, არაფერი უწყიან იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც ლოცვას აღავლენენ და ზიარებასაც საკუთარ მადლმოსილებად უფრო მიიჩნევენ, ვიდრე მაცხოვარს სხეულსა და სისხლთან განუყოფლად დაკავშირებულ ქრისტიანულ საიდუმლოებათაგან უმნიშვნელოვანესს. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ტაძარში შემთხვევით შემოსულ ადამიანთაგან თუ უბრალოდ ,,უცხოთაგან ‘’ ხმამაღლა მოლაპარაკეთა, თუ მოჩურჩულეთაგან ,,განცალკევების“ მიზნით მიმართული ჩვენი იძულებითი ქმედებანი ხშირად ღვთისმსახურებისა და უშუალოდ ლოცვის თანმდევი პროცესი გახდა.
დავუბრუნდეთ სათქმელს: ადამიანის სულიერების და რელიგიური ცხოვრების დაყვანა მხოლოდ ,,ტაძარში სიარულზე“ არათუ უმართებულოა, ბავშვებთან მიმართებაში შეუძლებელიც გახლავთ. მშობლებში ეგზომ გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბავშვის მიერ უფლის შეცნობა მხოლოდ ტაძარში შეიძლება, სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. ბავშვისა და ზრდასრული ადამიანის რელიგიური აღქმის უნარი არსებითად განსხვავებულია. უფალი შემთხვევით არაფერს ამცნობს მოწაფეთ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებათ თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“.(მათ 18,3) რა თქმა უნდა, უფლის ეს მცნება (შეგონება) ,,პრიმიტიული“ ქცევისკენ კი არ მოგვიწოდებს, არამედ როგორც პავლე მოციქული ამბობს : ,,ძმანო! ბავშვები გონებით მხოლოდ ბოროტისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი სრულწლოვანნი“(1კორ.14,20) ეს კი ნიშნავს, რომ უფალთან მიმართებაში სწორედაც რომ ბავშვებს სჯობია ვემსგავსოთ.
ბავშვებს ძალუძთ აღიქვან ცოცხალი ღმერთი უშუალოდ, ისინი ყველგან გრძნობენ უფალს: მათ გარემომცველ მშვენიერსა და გასაოცარ სამყაროში, ბავშვური, ყოველწუთიერი ცხოვრებისეული სიხარულის წვრილმანებში და ა.შ. ყველაზე უკეთ კი ბავშვი ღმერთს შეიგრძნობს იმ სიკეთისა და სიყვარულის ატმოსფეროში, რომელიც გარს აკრავს მას. მთავარ სათქმელსაც მივუახლოვდით, რომლის ჩამოყალიბება საკმაოდ უბრალოდ ყველასათვის გასაგებად შეიძლება: ასეთი ატმოსფერო უნდა იყოს ოჯახში. მშობლებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და ბავშვები, ოჯახში მშვიდობა უნდა სუფევდეს. სწორედ ამრიგად შეიძლება პატარებისათვის უფლის შესაცნობად სასურველი პირობების შექმნა და არამც და არამც ისეთი მუქარანარევი შეგონებებით, როგორიც უმეტეს შემთხვევაში არცთუ მშვიდობიანად ჟღერს: ,,იცოდე, ღმერთი დაგსჯის!“. შეიძლება, ყოველივე ზემოთქმული საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებად სჩანდეს, რომელშიც, ერთი შეხედვით, ახალი არაფერია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მთავარი: აღნიშნული სასურველი მიზანი მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ცხოვრებისეული მაგალითით, რამეთუ ასევე საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება გახლავთ: ბავშვები, შეიძლება იშვიათად გვიჯერებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ყოველთვის საუცხოოდ გვბაძავენ. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყმაწვილები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ აღიქვან მაცხოვარი, როგორც მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის სათავე იმ შემთხვევაში, თუ მათი მშობლებისათვის იქნება უფლის სახელი ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ფასეული, რომელიც არასგზის აღიქმება მხოლოდ ტაძარში სიარულის აუცილებლობად, მშრალი და უსარგებლო წესების, თუ კანონების ერთობლიობად, რომელთა აღსრულებისას პრიორიტეტი გარეგნულ მხარეს ენიჭება.
რამდენად შეესაბამება ეს ყოველივე თანამედროვე ოჯახებში არსებულ რეალობას? აქ ხომ ჩხუბი, სკანდალი, კინკლაობა და უპატივცემულობა არცთუ იშვიათი მოვლენაა. შედეგად კი – სრული შეუსაბამობა ქრისტიანულ აღმსარებლობასა და ყოველდღიურობას შორის. ამასთან, მშობლებს უმეტეს შემთხვევაში გათვიცნობიერებული აქვთ ეს ყოველივე, მაგრამ როგორც წესი, ვითარების შესაცვლელად აღარც ძალა აქვთ და არც სურვილი, სურვილი იმისა, რომ მათივე ოჯახური ურთიერთობა დაფუძნებული იყოს ჭეშმარიტად ქრისტიანულ ზნეობრიობაზე, სურვილი იმისა, რომ ოჯახი თავად ჩამოყალიბდეს ერთგვარ საშინაო ტაძრად. მიზეზი კი ისევ და ისევ სულიერებისადმი ფორმალურ, გარეგნულ, გნებავთ მწიგნობრულსა და სქემატურ მიდგომაშია. ასეთ პირობებში, რაღა თქმა უნდა, სავსებით ლოგიკურად ჩანს რელიგიური აღზრდის ეკლესიისათვის გადაცემა-გადაბარების სურვილი და რადგანაც თავად ეკლესიაც ფორმალურად, თითქმის მაგიურადაც აღიქმება, ეკლესიურობაც უპირატესად გარეგნული ხდება: ღვთისმსახურებაზე დასწრება, საკვირაო სკოლები და მათი მნიშვნელობის უარყოფა, ბუნებრივია, არც მიფიქრია. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს! რელიგიური აღზრდის ქვაკუთხედი უნდა იყოს უშუალოდ ოჯახის წევრთა სურვილი, რომ საკუთარი ძალებით, საკუთარი ძალისხმევით მიაღწიოს იმას, რომ ღმერთი უბრალოდ, განყენებულად არსებული ერთვარი დოქტრინა კი არა, ნამდვილი ცოცხალი ღმერთი იყოს. სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ოჯახის წევრთა მიზანმიმართული და გააზრებული ქმედებანი. ეს უნდა იყოს ჭეშმარიტად საშინაო ტაძრის შექმნაზე ორიენტირებული ზნეობრივი შრომა და რაღა თქმა უნდა, ვერავითარი გარეგნული ეკლესიურობით ,,გაჭყეპვა“ სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს.
ბუნებრივია, ბავშვებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით მათ ფსიქოლოგიურ თავისებურებებსაც. თანამედროვე მართლმადიდებელი მშობლების უმრავლესობა მოწიფულ ასაკში გახდა ეკლესიური (მავანი წიგნით, მავანი ტაძრებისა მონასტრების მონახულებით, მავანიც უბრალოდ საკუთარი ცხოვრებისა და ყოფიერების ,,ზრდასრული“ გააზრებით და ა.შ.). ამრიგად, საკუთრივ ჩვენ ეკლესიური ბავშვების გამოცდილებაც ნაკლებად გაგვაჩნია და ჩვენი პირმშოების გაეკლესიურების პროცესში მორიგ შეცდომას ვუშვებთ, როცა ესოდენ ფაქიზ საქმეში ჩვენი პირადული, ე.წ. ,,ზრდასრული“ მიდგომით ვხელმძღვანელობთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ბავშვები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, მათ შორის, სულიერ სამყაროსაც. მოძრაობა და თამაში, გნებავთ მოუსვენრობაც ბავშვის სტიქია გახლავთ. ბავშვს უჭირს ხანგრძლივი დროით ყურადღების დაძაბვა და ერთ ადგილას გაუნძრევლად დგომა. ამიტომ ტაძარში აღსრულებულ ღვთისმსახურებასთან განსხვავებული ურთიერთობა აქვთ: ისინი საწყისი 5-10 წუთის განმავლობაში წრფელად შეჰხარიან ტაძრის სილამაზესა და მის ზემოქმედების უნარს, შემდგომი ყურადღების დაძაბვა კი უბრალოდ უძნელდებათ, ამიტომ უნებლიედ იწყებენ გასართობის ძებნას. ხშირად გვავიწყდება, რომ არათუ ბავშვებს, ბევრ მოზრდილსაც უჭირს იმის გაგება, რაც ტაძარში ხდება. ბავშვს ვერ მოვთხოვთ იმას, რომ ღვთისმსახურებას და მის სიღრმისეულ აზრს ინტელექტუალურად ჩაწვდეს, ხოლო უშუალო აღქმისათვის მას ხსენებული მცირე დროც სავსებით ჰყოფნის.
იგივე შეიძლება ითქვას სახლის ლოცვაზეც. ბევრი მშობელი ჯიუტად მოითხოვს საკუთარი პირმშოსაგან რთული რელიგიური ტექსტებისა და ლოცვების სწავლა -დაზუთხვას. ასეთი მშობელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ბავშვებმა არათუ იციან და უყვართ ლოცვა, მიდრეკილნიც არიან ლოცვისადმი. ერთი ეგაა, ლოცვაც ბავშვურად, ხანმოკლე დროის განმავლობაში შეუძლიათ. უმჯობესია, ბავშვის გულისხმევა იქითკენ მივმართოთ, რომ ამ მოკლე დროში იგი სწორედაც რომ ლოცულობდეს და თავისი სუფთა, ბავშვური გული უფლისაკენ ჰქონდეს მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელთ შეგვრჩება ხატების წინა მექანიკურად მოლაპარაკე არსება, რომელიც იმავდროულად საკუთარი ცხვირის ჩიჩქნითაც დაკავდეს, სანამ დედიკო საათნახევრიან დაუჯდომელს ჩაამთავრებს.
მაშ ასე, როგორ მივაჩვიოთ ბავშვები ეკლესიურობას?
უპირველეს ყოვლისა, დაე, ბავშვები ბავშვებადვე დარჩნენ. ნუ ეცდებით მათ გადაქცევას პატარა ბერებად ან მონაზვნებად. დაე, ირბინონ, ითამაშონ, იხმაურონ, იჩხუბონ კიდეც (რაღა თქმა უნდა, არა ტაძარში); დაე, გაერთონ, ისწავლონ, შეიცნონ სამყარო და ა.შ. მეორეს მხრივ, აუცილებელია, ძალზე გულდასმით და მოზომილად შევურჩიოთ პატარას გარეგნული ეკლესიურობის დონე, უმჯობესია – ოდნავ ნაკლები, ვინემ ,,ძალუძს“. ყურადღება კი იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ ბავშვში სწორად აღვძრათ ნამდვილი, ცოცხალი ღმერთისადმი სიყვარული, რიდი და მოწიწება. უნდა მივაღწიოთ, რომ ტაძარი ბავშვებისათვის ნამდვილი დღესასწაული იყოს. გნებავთ – ჯილდო, მაგრამ არანაირად – სავალდებულო რუტინა. ყოვლად დაუშვებელია, ბავშვის ცნობიერებაში ტაძარში წასვლა რაიმე სახის სასჯელს უკავშირდებოდეს. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვის მხრიდან უღირსი საქციელი და ამ საქციელის შესაბამისი სასჯელი (თუკი მიზანშეწონილად ჩავთვლით) ტაძარში წაუსვლელობას დავუკავშიროთ. სხვათაშორის, არცთუ შორეულ წარსულში სწორედ ასე იქცეოდნენ ჩვენი მართლმადიდებელი წინაპრები.
დეკანოზი ვლადიმირ ვორობიოვი, იხსენებდა რა საკუთარ ბავშვობას, ყვებოდა, რომ დედას ძალზე იშვიათად მიჰყვებოდნენ ტაძარში – მხოლოდ ზიარებაზე. გართობისა და აქეთ-იქით ყურების ნებას დედა ბავშვებს არასოდეს რთავდა. ზიარების შემდგომ ბავშვები რამდენიმე წუთს კრძალვით ჩერდებოდნენ ტაძარში და სახლში ბრუნდებოდნენ. და ეს ყოველივე, როგორც მამა ვლადიმირი აღნიშნავს, მათთვის ნამდვილი დღესასწაულიც იყო და საუკეთესო საჩუქარიც. აი, ჭეშმარიტად მოწიწებაზე დაფუძნებული ეკლესიური გამოცდილება. ჩვენს დროში კი ყველაფერი სხვაგვარად ხდება. დღეს ხშირად გაიგონებთ მსგავს სუბარს: ბიჭი უნდა ვაზიარო, თორემ ძალიან თავს გავიდა…. შედეგიც კანონზომიერია: მოზარდი კარგავს მოწიწებასა და მოკრძალებას, მოგვიანებით ეკლესიასაც ჩამოშორდება.
როგორღაც მომიწია ათიოდე წლის ბიჭთან საუბარი (ბავშვი კარგი ეკლესიური ოჯახიდან იყო), რომლის დროსაც ასეთი შეკითხვა დავუსვი: მითხარი, როგორ აღიქვამ ქრისტეს? თუ შეიგრძნობ მას შენს გვერდით, როგორც, ვთქვათ შეიგრძნობდი, შენი საუკეთესო მეგობარი რომ იყოს? პასუხად ბიჭმა მხრები აიჩეჩა, მან უბრალოდ ვერ გაიგო, რას ვეკითხებოდი.
რა თქმა უნდა, რელიგიური გრძნობა სხვადასხვა ადამიანებში, მათ შორის ბავშვებშიც, სხვადასხვა ინტენსივობისაა, მაგრამ რელიგიურ აღზრდაში ძალა და სიხშირე მთავარი როდია. გადამწყვეტი არის რელიგიური გრძნობის ორიენტაცია ცოცხალი ქრისტესადმი. რაც შეეხება გარეგნულს, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში მთელი ოჯახი მონაწილეობდეს. თუ ბავშვი მიგვყავს საზიარებლად, უმჯობესია დედ-მამაც მზად იყოს და მთელი ოჯახი ეზიაროს. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როცა ზიარებას ისეთ რეგულარულ პროცედურად აქცევენ ხოლმე, როგორც შეიძლება იყოს პოლიკლინიკაში ვიზიტი და აბების გადაყლაპვა. ამასთან მშობლები საკმაოდ გულგრილნი არიან სხვა საეკლესიო საიდუმლოებების მიმართაც.
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულის გათავალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვის სულიერი და ეკლესიური აღზრდა წარიმართოს ძალდაუტანებლად, ბუნებრივად. ისევე ბუნებრივად, როგორიც თავად ცხოვრებაც გახლავთ. საამისოდ საჭიროა, რომ ის ოჯახი, რომელშიც ბავშვი იზრდება თავად ცხოვრობდეს ასეთი ცხოვრების წესით.
ბავშვის ჰარმონიულად განვითარებისათვის ასევე აუცილებელია კულტურული აღზრდა და სოციალური ადაპტაცია. არსებობს ერთგვარი ფსევდოზნეობრივი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბავშვები უნდა აღიზარდონ უკიდურესად ეკლესიურ გარემოში, რათა დაცულნი იქნან ამა ქვეყნის ე.წ. გამხრწნელი ზემოქმედებისაგან. ამ მოსაზრების თანახმად, ე.წ. მაღალი წრის კულტურა ბავშვისათვის სრულიად ზედმეტი და მავნებელიც კია, რადგან თურმე იგი აშორებს მოზარდს ყოველივე ეკლესიურისაგან. კაცობრიობისა და კერძოდ, ცივილიზაციის მიღწევები ლამის სატანიზმადაა შერაცხული, რადგან ემსახურებიან ანტიქრისტეს მოსვლას და ა.შ. ამასთან დაკავშირებით მოზარდს უკრძალავენ არაეკლესიურ თანატოლებთან ურთიერთობას (,,გარყვნიან“), ახლოს არ აკარებენ კომპიუტერს (,,ზომბირების“ შიშით) და სხვა. შედეგად კი, ბავშვები მოუმზადებელნი ხვდებიან იმ ცხოვრებას, რომლისგანაც აქამდე მაქსიმალურად იზოლირებულნი იყვნენ და რომელსაც, რათა თქმა უნდა, ვერსად გაექცევიან. კულტურულად და ინტელექტუალურად განუვითარებელი მოზარდი, როგორც წესი, ძნელად ან საერთოდ ვერ პოულობს საკუთარ ადგილს სოციუმში, რასაც ბუნებრივია, მოყვება იმედგაცრუება, გაბოროტება და ხშირ შემთხვევაში, ეკლესიის დადანაშაულება აღნიშნულ წარუმატებლობაში. ეკლესია კი აქ არაფერ შუაშია. პავლე მოციქული გავიხსენოთ: ,,ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ (1 თესალ. 5,21) ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები“ (1 კორ. 6,12).
ზემოთნახსენები ამქვეყნიური ხრწნადი ზემოქმედება, რაღა თქმა უნდა, რეალურად არსებობს. მაგრამ უმჯობესია, კი არ გავექცეთ, არამედ წინ აღვუდგეთ მას. და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ სულიერების დონეზე, არამედ კულტურულ და სოციალურ დონეზეც. ამისათვის კი მოზარდებს შესაბამისი ,,ცოდნა“ უნდა გააჩნდეთ: უნდა ვეცადოთ ბავშვებს ჩამოვუყალიბოთ მხატვრული გემოვნება, მივაჩვიოთ კლასიკურ ხელოვნებას, ლიტერატურას, მუსიკას, განუვითაროთ საკუთარი შემოქმედებითი მონაცემები. მაშინ მოზარდი შეძლებს დღევანდელ აგრესიულად არაესთეტიკურ გარემოში გამეფებულ მასობრივ ფსევდოკულტურას თავისი ,,საპირწონე“ დაუპირისპიროს. სხვათაშორის, კულტურა ეკლესიის განუყოფელი ნაწილია. სათანადო კულტურული აღზრდის გარეშე საეკლესიო ღვთისმსახურების, ეკლესიის ისტორიის, დამწერლობისა და ხელოვნების ჯეროვნად შეფასება შეუძლებელია. კულტურა ეკლესიის მტერი კი არა, უპირველესი მოკავშირეა. საერთო ევროპული და საკუთრივ ჩვენი ქვეყნის კულტურა თავისი არსით სწორედ ქრისტიანული მოვლენაა. ყოველივე ზემოთქმულის ბავშვის გონებამდე მართებული სახით მიტანა მშობლის მოვალეობაა. ისევ ოჯახს მივადექით. რა ქნას ბავშვმა, თუკი მშობლების მუსიკალური განვითარება უგემოვნო სიმღერებზე გადის, ლიტერატურის მიმართ დამოკიდებულება ყვითელი პრესის ფურცლებსაც არ სცილდება და მშობელთა ინტელექტუალური განვითარების მოთხოვნილებაც უხარისხო ტელეგადაცემების ყურებით კმაყოფილდება, არსებობს მეორე უკიდურესობაც, როცა ოჯახში მხოლოდ უკიდურესად ,,მართმადიდებლურს“ კითხულობენ, უსმენენ და უყურებენ, ხოლო ყოველივე დანარჩენს გაურბიან და უგულვებელყოფენ. მიიღებს კი ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვი სათანადო კულტურულ აღზრდას? ყოველივე ზემოთქმული ბავშვთა შემდგომ სოციალურ ადაპტაციასაც ეხება. მომავალ, არცთუ მთლად ქრისტიანულ სამყაროში შესაბიჯებლად ბავშვები ისე უნდა შევამზადოთ, რომ შეძლონ, იყვნენ ,,მარილი მიწისა“ (მათ. 5,13), წესიერებასთან, ვაჟკაცობასთან და აქტიურობასთან ერთად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, იყვნენ განათლებულნი, განვითარებულნი და რაც მთავარია შეეძლოთ არა მხოლოდ ეკლესიურობის დონეზე (რაც უცხო გახლავთ თანამედროვე უმრავლესობისათვის), არამედ ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიტუაციაში წინ აღუდგნენ ცოდვასა და ბოროტებას და ,,ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენ ზეციურ მამას“ (მათ. 5,16). ეს ყოველივე ოჯახიდან უნდა მოდიოდეს. ამისათვის კი თავად მშობლებს უნდა ესმოდეთ და ხელეწიფებოდეთ ყოველივე, მშობლები უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემნი წესიერებისა და საღად აზროვნებისა, მათი აქტიური ქრისტიანული პოზიცია არ უნდა შემოიფარგლებოდეს ამერიკის ლანძღვით. სამზარეულოში და ყველაფერში საყოველთაო მსოფლიო შეთქმულების ძებნით – რაშიც ბევრი ადამიანი ლამის მართმადიდებლობის ერთადერთ არსს ხედავს.
მოდით, შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული. როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები? უპირველეს ყოვლისა ისინი უნდა გვიყვარდეს. მათ აუცილებლად უნდა ვუთმობდეთ საკმარის დროს – თუნდაც ძალიან დეფიციტურს. ჩვენ თავად უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს ყველაფერში: ჩვენ თავად უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებისაგან და მათაც ვასწავლოთ ცხოვრებაც და ვისწავლოთ კულტურაც, არ ჩავიკარგოთ ყოველდღიურ ყოფიერებაში. ვისწავლოთ და ვასწავლოთ ყოველთვის და ყველაფერში ქრისტიანებად დარჩენა. ვეცადოთ აღვიქვათ ეკლესიურობა სრული არსით, ყოვლისმომცველად. ვიყოთ გულახდილნი, პატიოსანნი და საღად მოაზროვნენი. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ჩვენი შვილების პატივისცემა და ნდობა, მხოლოდ ასე შევუქმნით ხსენებულ სიყვარულის, სიმშვიდის, ურთიერთნდობისა და თავისუფლების ატმოსფეროს, რომლის გარეშეც არანაირი სულიერება არ არსებობს. თუ ჩვენი შვილები, ერთი შეხედვით, გარეგნულად ეკლესიურად აღზრდილნი და ნასწავლნი უსიყვარულოდ იზრდებიან, თავს მიტოვებულად გრძნობენ, არ გააჩნიათ საკუთარი თავის რწმენა, თუ ვერ შეძლეს საკუთარი ადამიანური პოტენციალის გახსნა, მაშინ იმის ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში ისინი ეკლესიასაც მლიქვნელობად აღიქვამენ და ვერ შესძლებენ ნამდვილ ქრისტიანებად ჩამოყალიბებას, ძალზე დიდია.
და ბოლოს, აუცილებელია ჩვენს შვილებზე პასუხისმგებლობა ბოლომდე გავიაზროთ დედა-ეკლესიისა და დედა-სამშობლოს წინაშე. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ ჩვენი შვილები ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ თავადვე ვართ. ჩვენი შვილების აღზრდა საკუთარი თავით, საკუთარი ოჯახით უნდა დავიწყოთ და არამც და არამც არ ვეცადოთ ჩვენი პირადი მოვალეობების ეკლესიისათვის გადაბარებას იმ იმედით, რომ ეკლესიის მადლი ,,ავტომატურად“ იმოქმედებს. ეკლესიას მაგიასთან არაფერი აქვს საერთო და მასში ავტომატური არაფერია. გვახსოვდეს, რომ მადლმოსილება ყოველთვის ადამიანის ზნეობრივი გულისხმიერების შესაბამისია.
დასასრულს ერთ ისტორიას კიდევ მოგიყვებით. ამას წინათ ნაცნობებმა 15 წლის ვაჟიშვილი მომიყვანეს და მთხოვეს, დავლაპარაკებოდი მას, ეგებ როგორმე გონს მომეყვანა ,,სრულებით ხელიდან წასული“ ბიჭი. დალაპარაკებამ შედეგი გამოიღო (როგორც ჩანს, ბიჭმა იგრძნო, რომ მშობლებთან ,,შეკრული“ არ ვიყავი) და ჩემს შეკითხვაზე, თუ რამ აიძულა ეკლესიური ცხოვრების წესის მიტოვება, ბიჭმა გულახდილად მიპასუხა: ნამდვილი ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო….
დიახ, ეკლესიური ცხოვრება იმ ოჯახში ნამდვილი არ ყოფილა. ეკლესიური ცხოვრება იყო, მაგრამ ქრისტე არ ყოფილა და როგორც ნებისმიერმა მოზარდმა, ბიჭმაც მთელი სიცხადით შეიგრძნო ეს სიცარიელე, შეიგრძნო და აღსდგა მის წინააღმდეგ.
უნებლიედ გავიფიქრე: იქნებ ყოველთვის არც იმსახურებდნენ ჩვენი შვილები გაკიცხვას? იქნებ ხანდახან ჩვენც გვესწავლა მათგან რაიმე?…..
იღუმენი პეტრე მენშერინოვი



faith



შეგიძლიათ მასალის გადაყვანა და ჩამოტვირთვა PDF ფორმატში
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий