დილი შარლ
ბიზანტიის იმპერიის ისტორია
ფრანგულიდან თარგმნა
ბაჩანა ბრეგვაძემ
გამომცემლობა «ნეკერი»
1998
«ეს ძველი ისტორია, ჩვენს დროში საკმაოდ ცუდად ცნობილი და, ცოტა არ იყოს, დავიწყებული, საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, არამც და არამც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მკვდარ ისტორიად. მისი გავლენის კვალი დღესაც ატყვია იდეურ მიმდინარეობებსა თუ პოლიტიკურ გეგმებს, და იმ ხალხებისათვის, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს იგი, თავის წიაღში კვლავაც ინახავს მომავლის დვრიტას და თესლს. სწორედ ამიტომ, ბიზანტიური კულტურა ორმხრივი თვალსაზრისით იმსახურებს ჩვენს ყურადღებას: ჩვენთვის თანაბრად საინტერესოა ისიც, რაც იყო ეს კულტურა თავისთავად, და ისიც, რაც მას შეაქვს ჩვენი დროის ისტორიაში», - ამ სიტყვებით ამთავრებს ცნობილი ფრანგი მეცნიერი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი შარლ მიშელ დილი (1859-1944) თავის «ბიზანტიის იმპერიის ისტორიას». ამ პატარა წიგნში (ისევე, როგორც თავის მრავალრიცხოვან შრომებსა თუ გამოკვლევებში) დიდი ისტორიკოსი მხატვრული სიტყვის ჭეშმარიტ ოსტატადაც გვევლინება, ისტორიულ მოვლენათა არსში ღრმად წვდომისა და თხრობის ესეისტური სტილის წყალობით, მოკლედ, მაგრამ ძალზე საინტერესოდ რომ გადმოგვცემს ბიზანტიის ისტორიის საკვანძო მომენტებს.
თავი პირველი
იმპერიის სატახტო ქალაქის გადატანა კონსტანტინოპოლში
და აღმოსავლეთ რომის იმპერიის დასაბამი
(330 - 518)
პირველი. იმპერიის სატახტო ქალაქის გადატანა კონსტანტინოპოლში და ახალი იმპერიის თავისებურება. - მეორე. ბარბაროსთა შემოსევა. - მესამე. რელიგიური კრიზისი. - მეოთხე. აღმოსავლეთ რომის იმპერია მეხუთე საუკუნის დასასრულსა და მეექვსე საუკუნის დამდეგს.
იმპერიის სატახტო ქალაქის გადატანა კონსტანტინოპოლში
და ახალი იმპერიის თავისებურება
330 წლის 11 მაისს, ბოსფორის პირას, კონსტანტინემ საზეიმოდ გამოაცხადა კონსტანტინოპოლი თავის ახალ დედაქალაქად. რა იყო იმის მიზეზი, რომ იმპერატორმა მიატოვა ძველი რომი და აღმოსავლეთში გადაიტანა მონარქიის რეზიდენცია? ჯერ ერთი, კონსტანტინეს ნაკლებად უყვარდა ცეზართა წარმართული და მეამბოხე ქალაქი და, ეგეც არ იყოს, არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნდა, რომ თავისი არახელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო რომი ვეღარ აკმაყოფილებდა იმპერიის ახალ საჭიროებებს. სახელმწიფოს დუნაის მხრიდან - გოთების, აზიიდან კი სპარსელების შემოსევა ემუქრებოდა. ილირიის მამაცი და ქედუხრელი მოსახლეობა წარმატებით შეიძლებოდა გამოეყენებინათ იმპერიის დასაცავად, მაგრამ რომი მეტისმეტად შორს იყო საიმისოდ, რომ მოეხერხებინა ამნაირი დაცვის ორგანიზება. ასეა თუ ისე, იმ დღეს, როცა კონსტანტინემ დააარსა «ახალი რომი», დასაბამი მიეცა ბიზანტიის იმპერიას.
ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, რაც იმპერიის ახალ დედაქალაქს მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიური ხასიათის უპირატესობას ანიჭებდა, კონსტანტინოპოლი ის ბუნებრივი ცენტრი გახლდათ, რომლის გარშემოც შეიძლებოდა შემოკრებილიყო აღმოსავლური სამყარო. დასაბამითვე ელინისტური კულტურისა და, უწინარეს ყოვლისა, ქრისტიანიზმის ნიშნით აღბეჭდილი ახალი დედაქალაქი ძირფესვიანად განსხვავდებოდა ძველისაგან და საკმაოდ ნათელი სიმბოლურობით განასახიერებდა აღმოსავლური სამყაროს ახლებურ მიზნებს და მისწრაფებებს. მეორეს მხრივ, რომის იმპერიაში დიდი ხანია ყალიბდებოდა მონარქიის ახალი კონცეფცია. მეოთხე საუკუნის დამდეგს, ახლო აღმოსავლეთის ზეგავლენით გარდაქმნა უკვე დამთავრდა. კონსტანტინემ სცადა საიმპერატორო ძალაუფლება აბსოლუტურ ძალაუფლებად ექცია ღვთიური სამართლის თანახმად. ეს ძალაუფლება მან სამეუფო სამოსის მთელი ბრწყინვალებით - დიადემითა და პორფირით, ეტიკეტის მთელი პომპეზურობით, სამეფო კარისა და სასახლის მთელი ფუფუნებით შემოსა. ამ ქვეყნად უფლის ნაცვლად რომ მიაჩნდა თავი, ხოლო თავის გონებას უზენაესი გონიერების განსახიერებად თვლიდა, კონსტანტინე ცდილობდა ყოველმხრივ ხაზი გაესვა მბრძანებლის საკრალური ბუნებისათვის, მთელი დანარჩენი კაცობრიობისაგან განეცალკევებინა და არნახული ზარ-ზეიმის წყალობით უჩვეულოდ აღეზევებინა იგი; მოკლედ, ზეციური მეუფების ხატად სახავდა მიწიერ მეუფებას.
ზუსტად ასევე, იმპერიის პრესტიჟისა და ძალმოსილების განსამტკიცებლად, კონსტანტინეს სურდა, რომ მონარქია ადმინისტრაციული, მკაცრად ჰიერარქიზირებული და ადვილად სამართავი თუ საზედამხედველო მონარქია ყოფილიყო, სადაც მთელი ძალაუფლება იმპერატორის ხელში იქნებოდა მოქცეული. და ბოლოს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, ეკლესიისათვის ნაირგვარი უპირატესობისა თუ პრივილეგიის მინიჭების, მწვალებლობისაგან მისი დაცვისა და ყველა ცალკეულ შემთხვევაში მისდამი მზრუნველობისა თუ მფარველობის წყალობით, კონსტანტინემ სრულიად უჩვეულო მნიშვნელობა მიანიჭა საიმპერატორო ძალაუფლებას. მბრძანებელი გამუდმებით ესწრებოდა სამღვდელოების სხდომებს და ეპისკოპოსებს შორის ისე იჯდა, «როგორც ერთ-ერთი მათგანი», დოგმებისა და დისციპლინის განმამტკიცებლად და უფლის მიერ მოვლენილ მცველად მოჰქონდა თავი, პირადად ერეოდა ეკლესიის საშინაო საქმეებში, თავად აწესებდა საეკლესიო კანონებს და ერთპიროვნულად წყვეტდა სამართალს, უშუალოდ ახდენდა საეკლესიო ცხოვრების ორგანიზებას და თვითონვე მართავდა მას, თავისი ნება-სურვილით იწვევდა საეკლესიო კრებებს, რომლებსაც პირადად თავმჯდომარეობდა და საკუთარი კარნახით აწესებდა რწმენის სიმბოლოებს, რისი წყალობითაც კონსტანტინე, ხოლო უფრო გვიან - მისი მემკვიდრეები, მართლმადიდებლებიცა და არიოზის მწვალებლობის მიმდევრებიც, ერთი და იმავე პრინციპის თანახმად აწესრიგებდნენ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. ეს გახლდათ ის, რასაც შემდეგ ცეზაროპაპიზმი ეწოდა, - იმპერატორის დესპოტური ძალაუფლების ზეგავლენა ეკლესიაზე, და აღმოსავლური სამღვდელოება, ცუდმედიდი და პატივმოყვარე, მოქნილი და მორჩილი, უდრტვინველად აღიარებდა ამ ტირანიას.
ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს უყრიდა აღმოსავლური მონარქიებისათვის ნიშნეულ ძალაუფლების კონცეფციას. ამიტომ, თუმცა რომის იმპერიამ მთელი ერთი საუკუნე - 476 წლამდე კიდევ იარსება; თუმცა რომაული ტრადიციები თვით აღმოსავლეთშიაც კი ინარჩუნებდნენ ქმედითობას და ცხოველმყოფელობას, - იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი მაინც კონსტანტინეს გარშემო გაერთიანდა და გარკვეულწილად თავისი განკერძოებულობის შეცნობაც შესძლო. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, იმპერიის მოჩვენებითი და ფორმალური მთლიანობის მიუხედავად, მისი ორი ნახევარი არაერთხელ გაუყვია სხვადასხვა იმპერატორის ძალაუფლებას, და როცა 395 წელს გარდაიცვალა თეოდოსი დიდი, რომელმაც თავის ორ ვაჟს - არკადიუსსა და ჰონორიუსს ორად გაყოფილი იმპერია უანდერძა, - ეს გაყოფა, რაც დიდი ხანია მზადდებოდა, ამიერიდან დაკანონდა და საბოლოოც გამოდგა. ასე დაედო დასაბამი აღმოსავლეთ რომის იმპერიას.
ბარბაროსთა შემოსევა
ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, 330-518 წლებში, ორმა მძიმე კრიზისმა შეარყია ეს იმპერია და საბოლოდ ჩამოაყალიბა მისი საკუთარი სახე. პირველი კრიზისი ბარბაროსთა შემოსევა გახლდათ.
მესამე საუკუნიდან მოყოლებული, დუნაისა და რაინის საზღვრებიდან რომის იმპერიაში ერთიმეორის მიყოლებით იჭრებოდნენ გერმანელი ბარბაროსები: ზოგი - პატარ-პატარა ჯგუფებად, როგორც ჯარისკაცები, ხოლო იქ მხვნელ-მთესველებად მკვიდრდებოდნენ; ზოგსაც იმპერიის მკვიდრთა უსაფრთხო ყოფა და კეთილდღეობა იზიდავდა; ამიტომაც მთელი ტომები დედაბუდიანად აიყრებოდნენ და დაჟინებით ითხოვდნენ მიწა-წყალს, რასაც უყოყმანოდ უთმობდნენ იმპერიის ხელისუფალნი. ხალხთა დიდმა გადასახლებამ, რაც საერთოდ არ წყდებოდა ესოდენ მერყევსა და არამყარ გერმანულ სამყაროში, კიდევ უფრო გაამძაფრა ბარბაროსთა მოზღვავება და, ბოლოს, უაღრესად საშიში გახადა იგი. ბარბაროსთა მძლავრობის შედეგად მეხუთე საუკუნეში დაემხო დასავლეთ რომის იმპერია და თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ბიზანტია არანაკლებ დაზარალდებოდა ამ საზარელი ძალადობისგან, ვიდრე რომი.
376 წელს ჰუნების მიერ ოტებული ვესტგოთები იმპერიას მოაწყდნენ თავშესაფრისა და მიწა-წყლის სათხოვნად. ორასი ათასი გოთი დუნაის სამხრეთით, მიზიაში დასახლდა. ისინი სულ მალე აჯანყდნენ. იმპერატორი ვალენტი, რომელმაც მათი დაშოშმინება სცადა, ბრძოლის ველზე დაეცა ანდრინოპოლისთან (378 წ.). ამბოხებულთა ასალაგმავად საჭირო შეიქმნა თეოდოსის მთელი სიმარჯვე და გერგილიანობა. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ (395 წ.) საფრთხემ ხელახლა იჩინა თავი. ვესტგოთების მეფე ალარიხი მაკედონიისაკენ დაიძრა; დაარბია თესალია, ცენტრალური საბერძნეთი და პელოპონესში შეიჭრა. იმის გამო, რომ ბიზანტიელთა ლაშქარი დასავლეთში იმყოფებოდა, უნიათო არკადიუსმა (395-408 წ.) ვერ შესძლო ალარიხის შეჩერება. როდესაც იმპერიის საშველად დასავლეთიდან გამოხმობილი სტილიხონი არკადიაში, ფოლოასთან, გარს შემოერტყა გოთებს (396 წ.), იმპერატორი მათ მხედართმთავარს შეუთანხმდა და უმჯობესად მიიჩნია გაქცევის საშუალება მიეცა მტრისთვის. აქედან მოყოლებული, რამდენიმე წლის მანძილზე, ვესტგოთები ყოვლის შემძლეებად ითვლებოდნენ აღმოსავლეთ იმპერიაში. როცა მოეპრიანებოდათ, მაშინ ამხობდნენ არკადიუსის მინისტრებს, თავიანთ ნებას თავს ახვევდნენ იმპერატორს, განუკითხავად პარპაშებდნენ დედაქალაქში და თავიანთი ამბოხებებით ამტუტებდნენ იმპერიას. მაგრამ ალარიხის პატივმოყრეობა სულ უფრო დაუოკებელი ხდებოდა და დასავლეთის დასალაშქრავად აქეზებდა მას. 402 წელს ვესტგოთების მეფე იტალიაში შეიჭრა, სადაც კვლავ გამოჩნდა 410 წელს და რომი აიღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვესტგოთები საბოლოოდ დამკვიდრდნენ გალიასა და ესპანეთში, საფრთხე, წალეკვას რომ უქადდა აღმოსავლეთ იმპერიას, თავიდან აცილებულ იქნა.
ოცდაათი წლის შემდეგ სცენაზე გამოჩნდნენ ჰუნები. ატილამ, დონიდან პანონიამდე გადაჭიმული ვრცელი იმპერიის დამაარსებელმა, 441 წელს დუნაი გადმოლახა, ვიმინაციუმი, სინგიდუნუმი, სირმიუმი, ნისუსი აიღო და კონსტანტინოპოლს დაემუქრა. დაუძლურებული იმპერია იძულებული შეიქნა ხარკი ეძლია მისთვის. მიუხედავად ამისა, 447 წელს ჰუნები კვლავ გამოჩნდნენ დუნაის სამხრეთით. ხელახლა დაიწყო მოლაპარაკება. თუმცა საფრთხე კვლავინდებურად დიდი იყო; კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ იმპერიას აღსასრულის დღემ უწია. მაგრამ 450 წელს იმპერატორმა მარკიანემ დიდი შეუპოვრობა გამოიჩინა და ხარკის მიცემაზე უარი თქვა. ბედმა ამჯერადაც აღმოსავლეთ იმპერიას გაუღიმა. ატილამ დასავლეთისაკენ მიმართა თავისი იარაღი, იქიდან კი დამარცხებული და დასუსტებული დაბრუნდა. ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია და მის მიერ დაარსებული იმპერიაც დაიშალა (453 წ.).
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ოსტგოთებმაც გაილაშქრეს იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც იძულებული შეიქნა თავის სამსახურში მიეღო მომხდურნი, ადგილ-მამული ებოძებინა მათთვის (462 წ.) და წყალობით აევსო მათი სარდლები. აი, რატომაა, რომ 474 წელს ისინი უკვე იმპერიის საშინაო საქმეებში ერევიან. ასე მაგალითად, იმპერატორ ლეონის (457-474 წ.) სიკვდილის შემდეგ ზენონმა თეოდორიხის შემწეობით სძლია მეტოქე, რომელიც ტახტს ეცილებოდა. მას მერე ბარბაროსები უფრო მომთხოვნი გახდნენ, ვიდრე ოდესმე. იმპერიის მცდელობას, შუღლი ჩამოეგდო მათ ბელადებს შორის (479 წ.) არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. თეოდორიხმა მოაოხრა მაკედონია და თესალონიკეს დაემუქრა. თავგასული სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვდა; 484 წელს კონსულის ტიტული მიიღო და კონსტანტინოპოლს დაემუქრა. მაგრამ იტალიის დალაშქვრის სურვილმა ისიც დასავლეთისაკენ გაიტყუა, სადაც 476 წელს დაემხო რომის იმპერია: შორსმჭვრეტელმა ზენონმა წინადადება მისცა ხელახლა დაეპყრო იგი. ასე რომ, საფრთხე ამჯერადაც თავიდან აცილებულ იქნა.
ამრიგად, ბარბაროსები საზღვრების გასწვრივ შემოესივნენ იმპერიას და მხოლოდ გზადაგზა დაარბიეს იგი. ახალი რომი გადარჩა და, ძველი რომის დაცემის შემდეგ ერთგვარად განდიდებული, კიდევ უფრო დაუახლოვდა აღმოსავლეთს.
რელიგიური კრიზისი
მეორე განსაცდელი რელიგიური კრიზისი გახლდათ.
დღეს საკმაოდ ძნელია გვესმოდეს ის მნიშვნელობა, რაც მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში ჰქონდა დიდ მწვალებლობებს - არიანობას, ნესტორიანობას, მონოფიზიტობას, ესოდენ მძლავრად რომ შეარყიეს აღმოსავლური ეკლესიაც და იმპერიაც. მათ ხშირად განიხილავენ როგორც თეოლოგების უბრალო დავას, თეოლოგებისა, გააფთრებით რომ ეპაექრებოდნენ ერთმანეთს უკიდურესად ნატიფი და უაზრო ფორმულების გამო. მაგრამ მათი ჭეშმარიტი აზრი და მნიშვნელობა სულ სხვანაირი იყო. ეს პაექრობები არცთუ იშვიათად ავლენდნენ პოლიტიკური ინტერესების ურთიერთჭიდილს, რამაც ესოდენ ღრმა კვალი დატოვა ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში. ეგეც არ იყოს, მათ უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ აღმოსავლეთში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის გასარკვევად და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის დასადგენად. ყოველივე ამის გამო ისინი გულმოდგინე შესწავლის ღირსნი არიან.
ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (325 წ.) დაჰგმო არიანობა და იესო ქრისტე მამა ღმერთის ერთარსად გამოაცხადა. მაგრამ არიოზის მიმდევრები ვერ შეაკრთო ანათემამ, და მეოთხე საუკუნე აღსავსე იყო მძაფრი ბრძოლით მართლმადიდებლობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, ბრძოლით, რომელშიაც თვით იმპერატორებიც კი მონაწილეობდნენ. არიანობა, რომელმაც კონსტანციუსთან ერთად გაიმარჯვა რავენის საეკლესიო კრებაზე (359 წ.), შემუსრულ იქნა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (381 წ.) თეოდოსის მიერ. აქედან მოყოლებული, თავს იჩენს კონტრასტი დახვეწილი დიალექტიკის მოტრფიალე ბერძნულ სულსა და ლათინური დასავლეთის ნათელ გენიას შორის; თანაც, უფრო მკაფიოდ იკვეთება მბრძანებლის ნების მონა-მორჩილი აღმოსავლური ეპისკოპატისა და მტკიცე, ამაყი და ქედუხრელი რომაელი მღვდელმთავრების ურთიერთდაპირისპირებულობა. მეხუთე საუკუნეში ამტყდარმა დავამ ქრისტეს ორი ბუნების - ადამიანურისა და ღვთაებრივის ერთიანობის თაობაზე უფრო მკვეთრად წარმოაჩინა ეს განსხვავება და მით უფრო მეტად ააღელვა იმპერია, რომ რელიგიურ დავას უშუალოდ შეერწყა პოლიტიკა.
და მართლაც, იმ დროს, როცა პაპები, ლეონ დიდიდან (440-462 წ.) მოყოლებული, თავიანთ მონარქიას აარსებდნენ დასავლეთში, ალექსანდრიის აღმოსავლელი პატრიარქები, უწინარეს ყოვლისა, კირილე (422-444 წ.) და დიოსკორე (444-451 წ.) ცდილობდნენ ალექსანდრიაში დაემკვიდრებინათ პაპის ტახტი. ეგეც არ იყოს, ამ აშლილობის შედეგად, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავინდებურად იჩინა თავი ძველმა ნაციონალურმა შუღლმა და ოდნავ მინავლულმა სეპარატისტულმა ტენდენციებმა. ამრიგად, რელიგიურ კონფლიქტს მჭიდროდ გადაესკვნა პოლიტიკური მიზნები და ინტერესები.
მთელი ოცი წლის მანძილზე, 428 წლამდე, იმპერიას თავისი დის პულხერიას მეურვეობით მართავდა თეოდოსი მეორე (408-450 წ.), პატარა ბალღივით ხატვაში, ხელნაწერების დასურათებასა და გადაწერაში რომ ატარებდა მთელ დროს, რისთვისაც «კალიგრაფი» შეარქვეს მეტსახელად. მაგრამ თუ მისი ხსოვნა მაინც შემორჩა ისტორიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანა, კონსტანტინოპოლისთვის ციხე-სიმაგრეების მტკიცე გალავანი შემოევლოთ გარშემო, რომელიც საუკუნეების მანძილზე იცავდა დედაქალაქს, და იმიტომაც, რომ მისი განკარგულებით ერთ კრებულად გააერთიანეს კონსტანტინეს დროს გამოქვეყნებული საიმპერიო კანონები, კრებულად, რომელსაც «თეოდოსის კოდექსი» ეწოდა. მაგრამ საეკლესიო დავაში იმპერატორი სრულიად უმწეო და უნიათო გამოდგა.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი ამტკიცებდა, ქრისტეში ერთმანეთისაგან უნდა ვასხვავებდეთ ორ ბუნებას - ღვთაებრივს და ადამიანურს და მაცხოვარი მხოლოდ და მხოლოდ კაცი იყო, რომელიც ღმერთი გახდაო. ამიტომაც, ნესტორის აზრით, დაუშვებელი იყო მარიამისათვის «თეოტოკოს» (ღვთისმშობელი) გვეწოდებინა. კირილე ალექსანდრიელმა დაუყოვნებლივ ისარგებლა ამ გარემოებით დედაქალაქელი ეპისკოპოსის დასაკნინებლად: პაპის მხარდაჭერით, ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრებას (431 წ.) დიდი ზარ-ზეიმით დააგმობინა ნესტორიანობა და აღმოსავლური ეკლესიის ერთპიროვნულ მბრძანებლად იქცა, ასე რომ, თავის ნებას თავს ახვევდა თვით იმპერატორს. როცა ევტიხემ, რამდენიმე წლის შემდეგ, უკიდურესობამდე განავითარა კირილეს მოძღვრება, რის შედეგადაც ქრისტეს ადამიანური ბუნება თითქოს მთლიანად გაითქვიფა და განზავდა მისსავ ღვთაებრივ ბუნებაში (ეს მონოფიზიტობა გახლდათ), - მან კვლავ ჰპოვა ალექსანდრიელი პატრიარქის დიოსკორეს მხარდაჭერა, და კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ «ეფესური რბევის» სახელით ცნობილმა საეკლესიო კრებამ (449 წ.) თითქოს საბოლოოდ განაპირობა ალექსანდრიული ეკლესიის ტრიუმფი.
ამ მზარდ პატივმოყვარულ მისწრაფებებს წინ აღუდგნენ თანაბრად შეშფოთებული იმპერია და პაპიზმი. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (451 წ.) ლეონ დიდის ფორმულის შესაბამისად დაადგინა ქრისტეს ორბუნებოვნების მართლმადიდებლური დოქტრინა და, იმავდროულად, განაპირობა ალექსანდრიელთა ზმანების კრახი და სახელმწიფოს ტრიუმფი, სახელმწიფოსი, რომელიც წარმართავდა კრების მსვლელობას და უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე, ამკვიდრებდა თავის ზეგავლენას აღმოსავლურ ეკლესიაზე.
მაგრამ დაგმობილ მონოფიზიტებს ქედი არ მოუხრიათ განაჩენის წინაშე; დიდი ხნის მანძილზე ისინი კვლავ აარსებდნენ ეგვიპტესა და სირიაში სეპარატისტული ტენდენციების მქონე ეკლესიებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მონარქიის მთლიანობასა და ერთიანობას. მეტიც, რომი, დოგმის საფუძველზე თავისი გამარჯვების მიუხედავად, იძულებული იყო შერიგებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის აღზევებას, რომელიც იმპერატორის მფარველობის წყალობით აღმოსავლეთის ნამდვილი პაპი გახდა. ეს სერიოზული კონფლიქტების სათავედ იქცა. დასავლურ სამყაროში ყოვლისმძლე პაპიზმის პირისპირ, რომელიც იმპერატორის ძალაუფლებისაგან განთავისუფლებას ცდილობდა, აღმოსავლური ეკლესია თანდათანობით ემსგავსებოდა მბრძანებლის ნებას დაქვემდებარებულ სახელმწიფოებრივ ეკლესიას. იმის გამო, რომ მის წიაღში ბერძნულ ენაზე სრულდებოდა ღვთისმსახურება, დასავლური თეოლოგიის საპირისპიროდ - მისი მისტიური ტენდენციებისა და, ბოლოს, რომის მიმართ მისი ოდინდელი მტრობის გამოისობით, აღმოსავლური ეკლესია სულ უფრო და უფრო მეტად მიელტვოდა დამოუკიდებლობას. ყოველივე ამის შედეგად, აღმოსავლეთ რომის იმპერია თანდათანობით იძენდა თავის საკუთარ იერს. სწორედ აღმოსავლეთში იწვევდნენ დიდ საეკლესიო კრებებს; სწორედ აღმოსავლეთში იღებდა დასაბამს თითქმის ყველა დიდი მწვალებლობა; და ბოლოს, აღმოსავლური ეკლესია, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი დიდი თეოლოგებით: ბასილი დიდით, გრიგოლ ნისელით, გრიგოლ ნაზიანზელითა თუ იოანე ოქროპირით, და ეჭვიც არ ეპარებოდა დასავლური ეკლესიის წინაშე თავის ინტელექტუალურ უპირატესობაში, სულ უფრო მეტად იხრებოდა იმისკენ, რომ საბოლოოდ ჩამოშორებოდა რომს.
აღმოსავლეთ რომის იმპერია მეხუთე საუკუნის დასასრულსა
და მეექვსე საუკუნის დამდეგს
ამრიგად, იმპერატორების - ზენონისა (471-491 წ.) და ანასტასის (491-518 წ.) დროისათვის ყალიბდება წარმოდგენა პირწმინდად აღმოსავლურ იმპერიაზე.
476 წელს დაემხო დასავლეთ რომის იმპერია, რის შემდეგაც ბიზანტია რომის ერთადერთ იმპერიად რჩება. და თუმცა ეს ტიტული კვლავინდებურად დიდ პრესტიჟს უნარჩუნებდა მას ბარბაროსი მბრძანებლების თვალში, რომლებმაც თავიანთი სამეფოები დააარსეს გალიაში, ესპანეთში, აფრიკასა თუ იტალიაში; თუმცა ის საქვეყნოდ აცხადებდა თავისი მბრძანებლობის უფლებას მათზე, მაგრამ, მისი სამფლობელოების მიხედვით, ეს იმპერია მაინც აღმოსავლური იყო.
ის მოიცავდა ბალკანეთის მთელ ნახევარკუნძულს, მისი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის გამოკლებით, მცირე აზიას სომხეთის მთებამდე, სირიას ევფრატის მარცხენა სანაპირომდე, ეგვიპტესა და კირენაიკას. ეს ქვეყნები იყოფოდნენ 64 პროვინციად, ანუ ეპარქიად, რომლებიც პრეტორიის ორი პრეფექტურის შემადგენლობაში შედიოდნენ: აღმოსავლეთისა (თრაკიის, აზიის, პონტოს, აღმოსავლეთისა და ეგვიპტის დიოცეზები) და ილირიისა (მაკედონიის დიოცეზა). მართალია, იმპერიის მართვა-გამგებლობა კვლავინდებურად რომაული ყაიდის მიხედვით იყო ორგანიზებული და სამოქალაქო და სამხედრო ფუნქციების გამიჯვნაზე დაფუძნებული, მაგრამ იმპერატორის ძალაუფლება აქ სულ უფრო და უფრო აბსოლუტური ხდებოდა, აღმოსავლური მონარქიების მსგავსად; ხოლო 450 წლიდან მოყოლებული, კურთხევის ცერემონიალმა წმიდა მირონცხებისა და ღვთიური კეთილმოწყალების ხიბლიც შესძინა მას.
იმპერატორ ანასტასის მცდელობამ უზრუნველყო აღმოსავლეთ იმპერიის საზღვრების დაცვა, განამტკიცა მისი ფინანსური მდგომარეობა და მოაწესრიგა მმართველობის სისტემა. პოლიტიკური ალღო მბრძანებლებს კარნახობდა მიეღწიათ იმპერიის მორალური ერთიანობისათვის და, თუნდაც რომთან განხეთქილების ფასად, შემოერიგებინათ განდგომილი მონოფიზიტები. ეს იყო 482 წელს ზენონის მიერ გამოქვეყნებული ერთობის ედიქტის (ჰენოტიკონ) საგანი. ამ ედიქტს უშუალო შედეგად მოჰყვა განხეთქილება რომსა და ბიზანტიას შორის. ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში (484-518 წ.) პაპები და იმპერატორები, უპირატესად - ანასტასი, მტკიცე და თავგადაკლული მონოფიზიტი, გააფთრებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ არეულობის დროს აღმოსავლეთ რომის იმპერია საბოლოოდ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ორგანიზმად.
და ბოლოს, იმპერიის კულტურა სულ უფრო და უფრო მეტად იძენდა აღმოსავლურ ელფერს. თვით რომის ბატონობის ეპოქაშიც კი ელინიზმი კვლავინდებურად ინარჩუნებდა თავის ქმედითობასა და ცხოველმყოფელობას მთელ ბერძნულ აღმოსავლეთში. დიდებული და მდიდარი ქალაქები - ალექსანდრია, ანტიოქია, ეფესო - იშვიათი ინტელექტუალური და მხატვრული კულტურის ცენტრებად გვევლინებოდნენ. მათი ზემოქმედების შედეგად, ეგვიპტეში, სირიასა და მცირე აზიაში დასაბამი მიეცა პირწმინდად კლასიკური ბერძნული ტრადიციებით განწონილ ცივილიზაციას. კონსტანტინოპოლი, თავისი დამაარსებლის ნება-სურვილით ბერძნული სამყაროს შედევრებით გამდიდრებული და ამის წყალობით განსაცვიფრებელ მუზეუმად ქცეული, არანაკლებ მტკიცედ იცავდა და ინახავდა ელინურ სიძველეთა ხსოვნას. მეორეს მხრივ, აღმოსავლურმა სამყარომ, სპარსეთთან მეზობლობის შედეგად, გამოიღვიძა და შეიცნო თავისი ძველისძველი ტრადიციები. ეგვიპტეში, სირიაში, მესოპოტამიაში, მცირე აზიასა თუ სომხეთში ხელახლა იჩენდა თავს ძველთუძველესი ტრადიციული საწყისები და აღმოსავლური სული კვლავინდებურად ზემოქმედებას ახდენდა ოდესღაც ელინიზირებულ ქვეყნებზე. წარმართული საბერძნეთისადმი სიძულვილის გამო ქრისტიანობა ხელს უწყობდა ნაციონალურ ტენდენციებს და ამ მოქიშპე ტრადიციების ურთიერთშერწყმის შედეგად მთელს აღმოსავლურ სამყაროს თანდათანობით მოიცავდა ძლევამოსილი და ნაყოფიერი სულიერი მოღვაწეობა. მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში სირიას, ეგვიპტესა და ანატოლიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ იმპერიისათვის, როგორც ეკონომიური, ისე ინტელექტუალური და შემოქმედებითი თვალსაზრისითაც. ქრისტიანული ხელოვნება იქ ნელ-ნელა, ნაირგვარი მცდელობისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების გზით ვითარდებოდა; ეს იყო დიადი აპოგეა, რომელიც მეექვსე საუკუნის შედევრებით დაგვირგვინდა. ამიერიდან ბიზანტიური ხელოვნება, არსებითად, აღმოსავლურ ხელოვნებად გვევლინება. მაგრამ თუ პროვინციებში ამნაირად იღვიძებდნენ ძველისძველი ლოკალური ტრადიციები და სეპარატისტული სულისკვეთება, კონსტანტინოპოლიც ასევე იუწყებოდა თავის მომავალ როლს, რისთვისაც კრებდა, აჯგუფებდა და ერთმანეთს უხამებდა სხვადასხვა კულტურათა ელემენტებს და ცდილობდა ურთიერთმოქიშპე ტენდენციების, ნაირგვარი მხატვრული ხერხების, საშუალებებისა თუ მეთოდების შერწყმა-შეერთებას, რის შედეგადაც უნდა შობილიყო თვითმყოფი ბიზანტიური კულტურა.
ასე მთავრდებოდა ევოლუცია, რომელიც აღმოსავლეთისაკენ უბიძგებდა ბიზანტიას. კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ სულ მალე ხორცს შეისხამდა პირწმინდად აღმოსავლური იმპერიის იდეალი, თავისი დესპოტური მმართველობით, მოქნილი ადმინისტრაციითა და მტკიცედ დაცული საზღვრებით; იმპერიისა, რომელიც ხელს აიღებდა დასავლეთის მიმართ თავის პოლიტიკურ პრეტენზიებზე, რათა საკუთარი თავისთვის მიეხედა, უყოყმანოდ დათანხმდებოდა რომთან განხეთქილებას, ოღონდ კი აღმოსავლეთში რელიგიური ერთობისათვის მიეღწია და სახელმწიფოს მეურვეობით დაეფუძნებინა პაპიზმისაგან თითქმის სრულიად დამოუკიდებელი ეკლესია. საუბედუროდ, მეხუთე საუკუნის დამლევსა და მეექვსეს დამდეგს იმპერია საშინელი კრიზისით იყო მოცული, რაც ხელს უშლიდა ამ ოცნების განხორციელებას.
502 წლიდან აღმოსავლეთში კვლავ განაახლეს ბრძოლა სპარსელებმა. ევროპაში, დუნაის სამხრეთით, დაიწყო სლავებისა და ხუნძების შემოსევა. შინააშლილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. დედაქალაქს აშფოთებდა ცირკის პარტიების - მწვანეებისა და ლურჯების მეტოქეობა. ომით გაჩანაგებული, ხარკის სიმძიმით წელში გაწყვეტილი და უკმაყოფილო პროვინციები ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რათა იმპერიისათვის თავიანთი მოთხოვნები წაეყენებინათ. ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა აკლდა. ძლიერი მართლმადიდებლური ოპოზიცია, რომელიც თავისი პოლიტიკის განხორციელებისათვის იბრძოდა, პატივმოყვარე ავანტურისტებს ნაირ-ნაირ საბაბს სთავაზობდა ასამბოხებლად. განსაკუთრებით საშიში იყო ვიტალიანეს ამბოხება (514 წ.). და ბოლოს, რომაული ტრადიციის უჭკნობი ხსოვნა, გამუდმებით რომ ასაზრდოებდა რომაული სამყაროს - «რომანიის» აუცილებელი ერთიანობის იდეას, დასავლეთისაკენ მიაქცევდა პოლიტიკურ აზრს.
ამ არამყარი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად საჭირო იყო ძლიერი ხელი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და მკაცრად მიზანდასახული პოლიტიკა. ამნაირი პოლიტიკის განმახორციელებლად იმპერიას იუსტინიანე მოევლინა.
თავი მეორე
იუსტინიანეს მმართველობა და ბიზანტიის იმპერია
მეექვსე საუკუნეში
(518 - 610)
პირველი. იუსტინიანეს დინასტიის დასაბამი. - მეორე. იუსტინიანეს ხასიათი, მისი პოლიტიკა და გარემოცვა. - მესამე. იუსტინიანეს საგარეო პოლიტიკა. - მეოთხე. იუსტინიანეს შინა მმართველობა. - მეხუთე. ბიზანტიური ცივილიზაცია მეექვსე საუკუნეში. - მეექვსე. იუსტინიანეს საქმის იავარყოფა (565 - 610 წ.)
იუსტინიანეს დინასტიის დასაბამი
518 წელს, ანასტასის სიკვდილის შემდეგ, საკმაოდ ბნელმა ინტრიგამ ტახტზე აიყვანა გვარდიის მეთაური იუსტინე. ეს იყო მაკედონელი გლეხი, ორმოცდაათი წლის წინათ ბედის საძებნელად ჩამოსული კონსტანტინოპოლში, მხნე და მამაცი, მაგრამ სრულიად უვიცი და უბირი მეომარი, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უნდა ემართა სახელმწიფო. ამიტომაც ამ აღზევებულ მდაბიორს, რომელმაც დაახლოებით სამოცდაათი წლის ასაკში დასაბამი დაუდო ახალ დინასტიას, ძალიან გაუჭირდებოდა მისთვის მინდობილი მოვალეობისათვის თავის გართმევა, გვერდით რომ არ ჰყოლოდა სანდო მრჩეველი: ეს იყო მისი ძმისწული იუსტინიანე.
იუსტინესავით მაკედონიის მკვიდრი, - რომანტიკული ტრადიცია, რომელიც მას სლავად მიიჩნევს, გაცილებით უფრო გვიანდელია და არავითარი ისტორიული ღირებულება არა აქვს, - იუსტინიანე ჯერ კიდევ პირტიტველა ჭაბუკი იყო, როცა ბიძამისის მიწვევით ჩავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც პირწმინდად რომაული და ქრისტიანული აღზრდა მიიღო. საქმეში ნაცადს, გამჭრიახი გონებისა და ჩამოყალიბებული ხასიათის პატრონს ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ ახალი მბრძანებლის მრჩეველი გამხდარიყო. და მართლაც, 518-დან 527 წლამდე, ის, იუსტინეს სახელით, ფაქტიურად მართავდა იმპერიას ერთპიროვნული მმართველობის მოლოდინში, მმართველობისა, რომელიც 527-დან 565 წლამდე გაგრძელდა. ამრიგად, იუსტინიანე თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე განაგებდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის ბედ-იღბალს. მან ღრმა კვალი დააჩნია თავის ეპოქას, რომელსაც მისი მბრძანებლური იერის ბეჭედი აზის, რადგანაც საკმარისი იყო მარტოოდენ იმისი ნება, რათა შეეწყვიტა ბუნებრივი ევოლუცია, აღმოსავლეთისაკენ რომ უბიძგებდა იმპერიას.
მისი ზეგავლენით, იუსტინეს მმართველობის დასაწყისშივე თავი იჩინა ახალმა პოლიტიკურმა ორიენტაციამ. კონსტანტინოპოლის მბრძანებლის უპირველეს საზრუნავად რომთან შერიგება და განხეთქილებისათვის ბოლოს მოღება იქცა. იმ მიზნით, რომ დასავლეთს დაზავებოდა და პაპისთვის თავისი ორთოდოქსული გულმოდგინება დაედასტურებინა, იუსტინიანე მთელი სამი წლის მანძილზე (518 - 521 წ.) გააფთრებით სდევნიდა მონოფიზიტებს აღმოსავლეთში. რომთან დაახლოებამ განამტკიცა ახალი დინასტია. ეგეც არ იყოს, იუსტინიანემ, თავისი შორსმჭვრეტელობის წყალობით, შესძლო რეჟიმის ურყევობის უზრუნველყოფა. მან გზიდან ჩამოიცილა ვიტალიანე, თავისი ყველაზე მრისხანე მეტოქე. მაგრამ იუსტინიანეს განსაკუთრებული პოპულარობა მოუხვეჭა მისმა სიუხვემ და ფუფუნების სიყვარულმა. ამიერიდან მან უფრო მეტზედაც დაიწყო ოცნება: იუსტინიანეს კარგად ესმოდა, რა დიდი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა მისი შემდგომი პატივმოყვარული მიზნებისათვის პაპობასთან კავშირს; ამიტომ, როცა 525 წელს კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა პაპი იოანე, პირველი რომაელი მღვდელთმთავარი, რომელიც ახალ რომს ეწვია, - ის დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს დედაქალაქში. იუსტინიანე გრძნობდა, რარიგ მოსწონდათ ამნაირი ქცევა რომში, რასაც გარდუვალად უნდა გამოეწვია კონსტანტინოპოლის ღვთისმოსავი იმპერატორების შედარება აფრიკისა თუ აზიის ბარბაროსსა და არიანული ერესის მიმდევარ მეფეებთან. აი, ამნაირი მიზნების განხორციელებას მიელტვოდა იუსტინიანე, როცა 527 წელს, იუსტინეს სიკვდილის შემდეგ, ბიზანტიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა.
იუსტინიანეს ხასიათი, მისი პოლიტიკა და გარემოცვა
იუსტინიანე ნაკლებად ჰგავს თავის წინამორბედებს, - მეხუთე საუკუნის მბრძანებლებს. ამ აღზევებულ მდაბიორს, კეისართა ტახტზე დაბრძანებულს, უნდოდა რომის იმპერატორი გამხდარიყო, და მართლაც, ის იყო რომის უკანასკნელი დიდი იმპერატორი. მაგრამ მისი ჭეშმარიტი გულმოდგინებისა და შრომისმოყვარეობის მიუხედავად, - ერთ-ერთი კარისკაცი ამბობდა მასზე: «იმპერატორი, რომელსაც არასოდეს არ სძინავს», - მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ზრუნავდა წესრიგზე და გულწრფელად ცდილობდა მოქნილი მმართველობა დაემყარებინა, - მისი პირქუში და იჭვნეული დესპოტიზმის, მისი მიამიტური პატივმოყვარეობის, მშფოთვარე მოღვაწეობისა და, არცთუ იშვიათად, მისი სუსტი და უნიათო ნების გამო, იუსტინიანე მაინც სავსებით ჩვეულებრივი და მერყევი ბუნების მბრძანებელი იქნებოდა, მძლავრი გონების პატრონი რომ არ ყოფილიყო. ეს მაკედონელი გლეხი ორი დიდი იდეის ღირსეული წარმომადგენელი გახლდათ: იმპერიისა და ქრისტიანობის იდეისა, და სწორედ იმიტომ, რომ ამ ორი იდეის განსახორციელებლად იღვწოდა, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში.
რომის გარდასული სიდიადის ხსოვნით გულსავსე იუსტინიანე ოცნებობდა ოდინდელი სახით აღედგინა იმპერია, განუხრელად დაეცვა ურყევი უფლებები, რასაც ბიზანტია კვლავინდებურად ინარჩუნებდა დასავლეთის ბარბაროსული სამეფოების მიმართ და აეღორძინებინა რომაული სამყაროს ერთიანობა. კეისართა მემკვიდრეს სურდა მათსავით ცოცხალი კანონი, აბსოლუტური ძალაუფლების ხორცშესხმული განსახიერება და, იმავდროულად, უზადო კანონმდებელი და სახელმწიფოებრივი წესრიგისათვის დაუცხრომლად მზრუნველი რეფორმატორი ყოფილიყო. და ბოლოს, საიმპერატორო ძალაუფლებით თავმომწონე ცდილობდა მთელი ბრწყინვალებითა და დიდებულებით, თავისი ნაგებობების სიდიადით, სასახლის კარის ფუფუნებითა და, ცოტა არ იყოს, ბალღური პატივმოყვარეობით შეემკო საკუთარი ძალმორჭმულება; პატივმოყვარეობით, რის შედეგადაც იგი თავის სახელს («იუსტინიანესი») უწოდებდა მის მიერ აგებულ ციხე-სიმაგრეებს, მისი მცდელობით აღდგენილ ქალაქებსა და მის მიერვე დაარსებულ მაგისტრატურებს. მას სურდა უჭკნობი დიდებით შეემოსა თავისი მეუფება და ეიძულებინა ყველა ქვეშევრდომი, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, უსაზღვროდ ბედნიერად ეგრძნოთ თავი იმის გამო, რომ მისი თანამედროვენი იყვნენ. იმპერატორი უფრო მეტზედაც ოცნებობდა. ღვთის რჩეულად, ამ ქვეყნად მის წარმომადგენლად და მის ნაცლად რომ მოჰქონდა თავი, იუსტინიანე თავის უშუალო მოვალეობად თვლიდა განუხრელად დაეცვა მართლმადიდებლობა მის მიერ წარმოებული ომებით, რომელთა რელიგიური ხასიათიც უეჭველია, თავდაუზოგავი ძალისხმევით, რომლითაც ის ცდილობდა მთელი დედამიწის ზურგზე გაევრცელებინა მართლმადიდებლური სარწმუნოება, თუ ყველა იმ საშუალებით, რომლებითაც ის მართავდა ეკლესიას და ებრძოდა მწვალებლობას. ამ დიადი და პატივმოყვარული ოცნების განხორციელებას შესწირა მან მთელი სიცოცხლე, და ბედმა გაუღიმა, რომ თანამდგომებად გამოუჩნდნენ ისეთი ჭკვიანი მინისტრები, როგორიც იყვნენ ტრიბონიანე და პრეტორიის პრეფექტი იოანე კაპადოკიელი, ისეთი მამაცი მხედართმთავრები, როგორიც იყვნენ ველისარიონი და ნარსესი, უწინარეს ყოვლისა კი, უებრო მრჩეველი «უღირსეულესი და ღვთივბოძებული მეუღლის» სახით, ვისაც იგი სიყვარულით უწოდებდა თავის «უნაზეს ხიბლს»: ეს იყო დედოფალი თეოდორა.
იუსტინიანესი არ იყოს, წარმომავლობით თეოდორაც მდაბიორი გახლდათ. საიპოდრომე დათვების დარაჯის ქალი პოპულარული მსახიობი იყო, და თუ პროკოფი კესარიელის «საიდუმლო ისტორიის» ჭორებს ვენდობით, თანამედროვეთა აღშფოთებას იწვევდა თავისი ბობოქარი ცხოვრებითა და მითქმა-მოთქმის საგნად ქცეული თავისი უჩვეულო ავანტურებით, უწინარეს ყოვლისა კი იმით, რომ იუსტინიანეს გულის მონადირება შესძლო, ცოლად შეართვევინა თავი და მასთან ერთად ავიდა ტახტზე.
ეჭვს გარეშეა, რომ ვიდრე ცოცხალი იყო, - თეოდორა 548 წელს გარდაიცვალა, - ის უდიდეს ზეგავლენას ახდენდა იმპერატორზე და უფრო სრული თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მისივე თანაბარი უფლებამოსილებით მართავდა სახელმწიფოს. ეს იმიტომ, რომ თავისი მანკიერების მიუხედავად, - თეოდორას სული ელეოდა ფულზე, ხარბად მიელტვოდა ძალაუფლებას და ტახტის შესანარჩუნებლად არცთუ იშვიათად მიმართავდა ცბიერებას, მზაკვრობას, სისასტიკეს და დაუნდობელი იყო მტრების მიმართ, - ეს პატივმოყვარე ქალი საუცხოო თვისებებით იყო შემკული: ენერგიით, სიმტკიცით, ძლიერი ნებისყოფით, ფრთხილი და ნათელი პოლიტიკური გონებით, და, შესაძლოა, ბევრ რამეს უფრო მართებულადაც კი ჭვრეტდა, ვიდრე მისი უავგუსტოესი მეუღლე. თუ იუსტინიანე ოცნებობდა ხელახლა დაუფლებოდა დასავლეთს და პაპობასთან კავშირის მეოხებით აღედგინა რომის იმპერია, წარმომავლობით აღმოსავლელი თეოდორას მზერა აღმოსავლეთისაკენ იყო მიპყრობილი, რადგანაც უფრო ზუსტად ითვალისწინებდა რეალობას და უკეთ გრძნობდა დროის მოთხოვნებს. დედოფალს სურდა ბოლო მოეღო აღმოსავლეთში ატეხილი რელიგიური დავისათვის, რაც დიდ ზიანს აყენებდა იმპერიის სიმშვიდეს და ძალმოსილებას, სხვადასხვაგვარი დათმობისა და შემწყნარებლური პოლიტიკის წყალობით შემოერიგებინა სირიისა და ეგვიპტის განდგომილი მცხოვრებნი და, თუნდაც რომთან განხეთქილების ფასად, განემტკიცებინა აღმოსავლეთ იმპერიის ერთიანობა. კაცმა შეიძლება იკითხოს: უკეთ ხომ არ აღუდგებოდა წინ სპარსელებისა და არაბების მძლავრობას ის იმპერია, რომელზედაც ოცნებობდა თეოდორა, - უფრო კომპაქტური, უფრო ერთგვაროვანი და უფრო ძლიერი? ასეა თუ ისე, ყველაფერს ეტყობოდა დედოფლის მტკიცე ხელი - ადმინისტრაციასაც, დიპლომატიასაც, რელიგიურ პოლიტიკასაც. რავენის წმიდა ვიტალიუსის მოზაიკებს შორის, რომლებიც ამკობენ აბსიდას, თეოდორას პორტრეტი, მისი სამეუფო სიდიადის მთელი ბრწყინვალებით, როგორც ტოლი - ტოლს, დღემდე უმშვენებს მხარს იუსტინიანეს გამოსახულებას.
იუსტინიანეს საგარეო პოლიტიკა
იუსტინიანეს ტახტზე ასვლისას იმპერიას ჯერ კიდევ ვერ დაეღწია თავი მძიმე კრიზისისაგან, რომელმაც მეხუთე საუკუნის დამლევს მოიცვა იგი. იუსტინეს მეფობის უკანასკნელ თვეებში, კავკასიაში, სომხეთსა თუ სირიის საზღვრებზე იმპერიის პოლიტიკით უკმაყოფილო სპარსელებმა ხელახლა დაიწყეს ომი, ასე რომ, ბიზანტიელთა ლაშქრის უკეთესი ნაწილი აღმოსავლეთს მიჯაჭვული აღმოჩნდა. ქვეყნის შიგნით, მწვანეებისა და ლურჯების ბრძოლა ძალზე საშიში პოლიტიკური დაძაბულობის წყაროდ რჩებოდა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ხელისუფლების სავალალო კორუფცია, საყოველთაო აღშფოთებას რომ იწვევდა ხალხში. იუსტინიანეს გადაუდებელი ამოცანა იყო თავი დაეღწია ამ სიძნელეებისათვის, რომლებიც ხელს უშლიდნენ დასავლეთის მიმართ მისი პატივმოყვარული ზრახვების განხორციელებას. იმპერატორი ვერ ხედავდა, ან არ უნდოდა დაენახა, რაოდენ დიდი იყო საფრთხე, იმპერიას რომ ემუქრებოდა აღმოსავლეთიდან; ამიტომაც, არა ერთი და ორი დათმობის ფასად, 532 წელს დაუზავდა «დიდ მეფეს», რამაც საშუალება მისცა თავისუფლად გამოეყენებინა თავისი ლაშქარი. მეორეს მხრივ, მან სისხლში ჩაახშო შინააშლილობა, როცა იმავე 532 წლის იანვარში, მრისხანე ამბოხების შედეგად, რომელსაც მეამბოხეთა საომარი ყიჟინის მიხედვით «ნიკა» ეწოდა, კონსტანტინოპოლში მთელი კვირის მანძილზე საშინელი ხანძარი მძვინვარებდა და მდინარეებად დიოდა სისხლი. ამ ამბოხებისას, როცა კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ტახტის დამხობას ბევრი აღარაფერი უკლდა, იუსტინიანემ, უწინარეს ყოვლისა, თეოდორას ქედუხრელობისა და ველისარიონის ენერგიის წყალობით შეინარჩუნა ძალაუფლება. მაგრამ, ასეა თუ ისე, ამბოხების უმაგალითო სისასტიკით ჩახშობას, რის შემდეგაც ჰიპოდრომზე ოცდაათი ათასი გვამი დარჩა, უშუალო შედეგად მოჰყვა დედაქალაქში მდგომარეობის საკმაოდ დიდი ხნით განმტკიცება, ხოლო იმპერატორის ძალაუფლება უფრო აბსოლუტური გახდა, ვიდრე ოდესმე. 532 წელს იუსტინიანეს ხელ-ფეხი გაეხსნა.
იმპერიის აღდგენა დასავლეთში. - დასავლეთის მდგომარეობა ხელს უწყობდა იმპერატორის გეგმების განხორციელებას. როგორც აფრიკაში, ისე იტალიაშიაც, ბარბაროს მწვალებელთა უღელქვეშ მგმინავი მოსახლეობა დიდი ხანია მოითხოვდა იმპერატორის ძალაუფლების აღდგენას. იმპერიის პრესტიჟი ჯერ კიდევ იმდენად დიდი იყო, რომ თვით ვანდალები და ოსტგოთებიც კი აღიარებდნენ ბიზანტიის პრეტენზიების კანონიერებას. ამიტომაც იყო, რომ ამ ბარბაროსულ სამეფოებს, მათი სწრაფი დაქვეითების შედეგად, აღარ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ შეტევაზე გადმოსულ იუსტინიანეს ლაშქარს, ხოლო ურთიერთუთანხმოება ხელს უშლიდათ იმაში, რომ გაერთიანებულიყვნენ საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. 531 წელს, როცა გელიმერის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ბიზანტიის დიპლომატიას საბაბი მისცა აფრიკის საქმეებში ჩარეულიყო, იუსტინიანე, თავისი ძლევამოსილი ლაშქრის მრისხანე სამხედრო ძალაზე დაყრდნობით, დაუყოვნებლივ შეეცადა ერთი დარტყმით გაეთავისუფლებინა აფრიკის მართლმადიდებლური მოსახლეობა «არიანული ტყვეობისაგან». 533 წელს ველისარიონმა ხომალდებზე დასხა ათი ათასი ქვეითისა და ხუთი თუ ექვსი ათასი მხედრისაგან შემდგარი ლაშქარი და კონსტანტინოპოლიდან საომრად გაემართა. ელვისებური ბრძოლა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. დეციმუმსა და ტრიკამარუმთან დამარცხებული, უკუქცევისას პაპუას მთაზე გამაგრებული და ბიზანტიელების მიერ გარშემორტყმული გელიმერი იძულებული შეიქნა იარაღი დაეყარა და მტერს დანებებოდა (534 წ.). ორიოდე თვის განმავლობაში ცხენოსანთა რამდენიმე ათასეულმა - რადგან სწორედ მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი, - ყოველგვარი მოლოდინის საპირისპიროდ გაანადგურა გენზერიხის სამეფო. ძლევამოსილ ველისარიონს ტრიუმფი მოუწყვეს კონსტანტინოპოლში. და თუმცა თხუთმეტი წელი (534 - 548 წ.) კიდევ დასჭირდა ბერბერებისა და იმპერიის მიერ დაქირავებულ ჯარისკაცთა ამბოხების ჩახშობას, იუსტინიანეს მაინც შეეძლო ეამაყა აფრიკის უმეტესი ნაწილის დაპყრობით და ქედმაღლურად მიეთვისებინა ვანდალიისა და აფრიკის იმპერატორის ტიტული.
იტალიელი ოსტგოთები არც კი განძრეულან ვანდალთა სამეფოს განადგურებისას. მალე მათი ჯერიც დადგა. 534 წელს დიდი თეოდორიხის ასული ამალასუნტა მისმა მეუღლემ თეოდატემ მოკლა, რამაც იუსტინიანეს საბაბი მისცა ისტგოთთა სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო. მაგრამ ამჯერად ომი გაცილებით უფრო ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი გამოდგა. მართალია, ველისარიონმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია: სიცილია (535 წ.), ნეაპოლი, შემდეგ კი რომიც აიღო, სადაც მთელი წლის მანძილზე (537 წლის მარტიდან 538 წლის მარტამდე) ალყაში ჰყავდა გამომწყვდეული ოსტგოთების ახალი მეფე ვიტიგესი, ბოლოს, რავენაც დაიმორჩილა (540 წ.) და დატყვევებული ვიტიგესი კონსტანტინოპოლში მიჰგვარა იმპერატორს, - მაგრამ გოთებმა, გამჭრიახი და ენერგიული ტოტილას წინამძღოლობით, ხელახლა მოიცეს ძალი. საკმაოდ მცირერიცხოვანი ლაშქრით იტალიაში წარგზავნილი ველისარიონი დამარცხდა (544 - 548 წ.), და საჭირო შეიქნა ნარსესის ენერგია, რათა ბიზანტიელებს ტაგანასთან მუსრი გაევლოთ ოსტგოთებისათვის (552 წ.), ბარბაროსთა ნაშთები გაენადგურებინათ კამპანიაში (553 წ.) და ლევტარისისა და ბუტილინუსის ფრანკი ურდოებისაგან გაეთავისუფლებინათ ნახევარკუნძული (554 წ.). იტალიის ხელახლა დაპყრობას მთელი ოცი წელი დასჭირდა. იუსტინიანემ, მისთვის ჩვეული ოპტიმიზმით, კვლავ ძალიან მალე ირწმუნა საბოლოო გამარჯვება და შესაძლოა, სწორედ ამიტომ, დროულად არ მიმართა გადამჭრელ ზომებს, რათა ერთი დარტყმით გაენადგურებინა გოთების სამხედრო ძალა. იმპერატორის გავლენისათვის იტალიის დამორჩილება ხომ მეტისმეტად მცირერიცხოვანი ლაშქრით - ოცდახუთი თუ ოცდაათი ათასი მეომრით სცადეს, რის შედეგადაც ომი უსაშველოდ გაჭიანურდა.
იუსტინიანემ ასევე ისარგებლა ესპანეთში შექმნილი მდგომარეობით, რათა ვესტგოთთა სამეფოს დინასტიურ შუღლში ჩარეულიყო (554 წ.) და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაუფლებოდა.
ამ ძლევამოსილი ომების შედეგად იუსტინიანეს შეეძლო ეამაყა იმით, რომ თავისი ოცნების განხორციელება შესძლო. მისი ჯიუტი პატივმოყვარეობის წყალობით, დალმაცია, იტალია, მთელი აღმოსავლეთ აფრიკა, ესპანეთის სამხრეთი, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ აუზის კუნძულები - სიცილია, კორსიკა, სარდინია, ბალეარის კუნძულები კვლავ რომის ერთიანი იმპერიის ნაწილად იქცა. მონარქიის ტერიტორია თითქმის ერთიორად გაიზარდა. სეუტის აღების შემდეგ იმპერატორის ძალაუფლება თვით ჰერკულესის სვეტებამდე გავრცელდა. თუ სანაპირო ზოლს გამოვრიცხავთ, რომელსაც ვესტგოთები - ესპანეთში, ხოლო სეპტიმანები და ფრანკები პროვანსში ინარჩუნებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ხმელთაშუა ზღვა კვლავ რომის ტბად იქცა. რა თქმა უნდა, არც აფრიკა და არც იტალია თავიანთი უწინდელი ვრცეულობით არ შესულან იმპერიის შემადგენლობაში; ეგეც არ იყოს, ხანგრძლივი ომების შედეგად ისინი უკვე გამოფიტულნი და გაპარტახებულნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებულ გამარჯვებათა წყალობით, იმპერიის პრესტიჟი განუზომლად ამაღლდა, და იუსტინიანეს არ დაუშურებია არაფერი თავისი წარმატებების განსამტკიცებლად. აფრიკა და იტალია უწინდებურად პრეტორიის ორ პრეფექტურას ქმნიდნენ, და იმპერატორი ცდილობდა, იმპერიაზე ძველებური წარმოდგენა ჩაენერგა მოსახლეობისათვის. აღდგენითი სამუშაოების წყალობით, ქვეყანა ოდნავ მაინც იშუშებდა ომით მიყენებულ ჭრილობებს. თავდაცვის ორგანიზაცია - დიდი სამხედრო შენაერთების შექმნა, სასაზღვრო ხაზების დაწესება, რომლებსაც საგანგებო დანიშნულების რაზმები - «მონაპირენი» იცავდნენ, და საზღვრების გასწვრივ მძლავრი ციხე-სიმაგრეების აგება უზრუნველყოფდა ქვეყნის უსაფრთხოებას. იუსტინიანეს შეეძლო ეამაყა იმით, რომ დასავლეთში აღადგინა ის სრული მშვიდობიანობა და «სრულყოფილი წესრიგი», რაც მას ჭეშმარიტად ცივილიზებული სახელმწიფოს ნიშნად მიაჩნდა.
აღმოსავლეთის ომები. - ამ ხანგრძლივმა ომებმა და თავდაცვითმა ღონისძიებებმა გამოფიტეს იმპერია და აღმოსავლეთს ჩამოაშორეს მისი ყურადღება; აღმოსავლეთმა კი სასტიკად იძია შური.
სპარსეთთან პირველი ომი (527 - 532 წ.) მხოლოდ წინასწარ მაუწყებელი იყო იმ საფრთხისა, იმპერიას რომ ემუქრებოდა. რაკი მოპირისპირე მხარეთაგან ვერცერთი ვერ ბედავდა ღრმად შეტოპვას, ომის შედეგი გაურკვეველი დარჩა. ველისარიონმა გაიმარჯვა დარასთან (530 წ.), მაგრამ დამარცხდა კალინიკუმთან გამართულ ბრძოლაში (531 წ.), ასე რომ, ორივე მხარე იძულებული შეიქნა დროებით მაინც დაედო ზავი. მაგრამ სპარსეთის ახალი მეფე ხოსრო ანუშირვანი (531 - 579 წ.), ენერგიული და პატივმოყვარე მბრძანებელი, იმათ რიცხვს როდი ეკუთვნოდა, ვინც შეიძლება ამნაირ შედეგს დასჯერებოდა. რაკი ხედავდა, რომ ბიზანტიის ყურადღება, უწინარეს ყოვლისა, დასავლეთისაკენ იყო მიმართული და მისი მეტოქის უპირველესი საზრუნავი მსოფლიო ბატონობის მოპოვება გახლდათ, რასაც იუსტინიანე არცა მალავდა, - სპარსეთის მეფე 540 წელს სირიისაკენ დაიძრა და ანტიოქია მოაოხრა; 541 წელს ის შეიჭრა ლაზების ქვეყანაში და პეტრა აიღო; 542 წელს დააქცია კამაგენა; 543 წელს სომხეთში დაამარცხა ბერძნები; 544 წელს კი მესოპოტამია დაარბია. თვით ველისარიონმაც ვერ შესძლო მისი დამარცხება. ბიზანტია იძულებული შეიქნა დაზავება ეთხოვა (545 წ.), რაც შემდეგ არაერთხელ განმეორდა და, ბოლოს, 562 წელს ორმოცდაათი წლით დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც იუსტინიანე ვალდებულებას კისრულობდა ხარკი ეძლია «დიდი მეფისთვის» და ხელი აეღო ყოველგვარ მცდელობაზე, სპარსეთის ტერიტორიაზე ექადაგა ქრისტიანობა. მართალია, ყოველივე ამის ფასად მან შეინარჩუნა ლაზების ქვეყანა, ძველი კოლხეთი, მაგრამ ამ ხანგრძლივი და დამანგრეველი ომის შედეგად საფრთხე, რომელიც იმპერიას ემუქრებოდა ნაკლებ საშიში როდი გახდა.
ამავე დროს, ევროპაში, დუნაისპირა საზღვრები ვეღარ უძლებდა ბარბაროსების მოწოლას. 540 წელს ჰუნები ცეცხლითა და მახვილით შეიჭრნენ თრაკიაში, ილირიაში, საბერძნეთში, კორინთოს ისთმოსამდე, და ლამის კონსტანტინოპოლს მიადგნენ; 547 და 551 წელს სლავებმა დაარბიეს ილირია, ხოლო 552 წელს თესალონიკეს დაემუქრნენ; 559 წელს ჰუნები კვლავ გამოჩნდნენ კონსტანტინოპოლის მისადგომებთან და ხანში შესული ველისარიონის სიმამაცემ რის ვაივაგლახით იხსნა დედაქალაქი. ბარბაროსთა სხვა ტომებთან ერთად არენაზე გამოჩნდნენ თავგასული ხუნძებიც, მუქარით რომ მოიწევდნენ იმპერიაზე. რა თქმა უნდა, არცერთ ამ შემოსევას არ დაუმყარებია უცხოთესლთა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ბატონობა ბიზანტიაში, მაგრამ ბალკანეთის ნახევარკუნძული მაინც საშინლად გაპარტახებულ იქნა. იმპერიას აღმოსავლეთში ძალიან ძვირად უჯდებოდა იუსტინიანეს მიერ დასავლეთში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებები.
თავდაცვითი ღონისძიებები და დიპლომატია. - მიუხედავად ამისა, იუსტინიანე ცდილობდა უზრუნველეყო ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხოება როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთშიც. დიდი სამხედრო შენაერთების ორგანიზებითა და ყველა საზღვარზე საბრძოლო მიჯნების (ლიმიტეს) დაწესებით, რომლებსაც საგანგებო დანიშნულების რაზმები (ლიმიტანეი) დარაჯობდნენ, მან ბარბაროსთა თვალწინ აღადგიინა ის, რასაც უწინ «იმპერიის საფარს» (პრაეტენტურა იმპერიი) უწოდებდნენ. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, იმპერატორი ცდილობდა საზღვრების გასწვრივ აღემართა ციხე-სიმაგრეები, რომლებიც კონტროლს უწევდნენ ყველა უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პუნქტს და მრავალკეც ბარიერს ქმნიდნენ მომხდურთა გზაზე. მათ მიღმა მდებარე მთელი ტერიტორია, მეტი უსაფრთხოებისათვის, მკვიდრად ნაშენი კოშკებით იყო მოფენილი. ბევრ ადგილას დღესაც შეხვდებით ამ დიდებული კოშკების ნანგრევებს, კოშკებისა, ასობით რომ აღმართულიყვნენ იმპერიის ყველა პროვინციაში. ისინი არიან უტყუარი მოწმენი იმ გრანდიოზული ძალისხმევისა, რისი წყალობითაც, იუსტინიანემ, პროკოფი კესარიელის სიტყვებით რომ ვთქვათ, «იხსნა იმპერია».
და ბოლოს, საომარ მოქმედებათა კვალდაკვალ, ბიზანტიის დიპლომატია ცდილობდა მთელ გარე სამყაროში განემტკიცებინა იმპერიის პრესტიჟი და უზრუნველეყო მისი გავლენა. წყალობისა თუ ფულის მარჯვე განაწილებითა და იმპერიის მტრებს შორის განხეთქილების ჩამოგდების უებრო უნარის მეოხებით დიპლომატია ბიზანტიას უქვემდებარებდა მონარქიის მეზობლად მოთარეშე ბარბაროსებს და უვნებელყოფდა მათი შემოსევის საფრთხეს. ქრისტიანობის გავრცელების გზით, ის ბიზანტიის გავლენის სფეროს უმორჩილებდა ბარბაროსთა ტომებს. მისიონერთა მოღვაწეობა, რომლებმაც შავი ზღვიდან აბისინიის ზეგანსა და საჰარის ოაზისებამდე განავრცეს ქრისტიანობა, შუა საუკუნეების ბიზანტიური პოლიტიკის ერთ-ერთ უარსებითეს მომენტად გვევლინება.
ამრიგად, იმპერიამ შექმნა ვასალთა კლიენტურა; მათ რიცხვში შედიოდნენ სირიელი და იემენელი არაბები, ჩრდილო აფრიკელი ბერბერები, სომხეთის მოსაზღვრე ლაზები და ჭანები, ჰერულები, გეპიდები, ლომბარდები, დუნაისპირელი ჰუნი და შორეული გალიის ფრანკი მბრძანებლები, გალიისა, რომლის ეკლესიებშიც რომაელთა იმპერატორის მზეგრძელობას შესთხოვდნენ ღმერთს. კონსტანტინოპოლი, სადაც იუსტინიანე საზეიმო შეხვედრებს უწყობდა ბარბაროსთა მბრძანებლებს, მსოფლიოს დედაქალაქი გეგონებოდათ. და თუმცა მხცოვანმა იმპერატორმა თავისი მმართველობის ბოლო წლებში მართლაც დაუშვა სამხედრო უწყებათა დეზორგანიზება და გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭა გამაჩანაგებელი დიპლომატიის პრაქტიკას, დიპლომატიისა, რომელიც ფულს ურიგებდა ბარბაროსებს და სახიფათოდ აღაგზნებდა მათ ანგარებას, - ერთი რამ მაინც უეჭველია: ვიდრე იმპერია საკმაოდ ძლიერი იყო და შეეძლო თავი დაეცვა, მისი დიპლომატია, რომელსაც სამხედრო ძალა უმაგრებდა ზურგს, თანამედროვეთა თვალში კეთილგონიერების, დახვეწილობისა და გამჭრიახობის ჭეშმარიტ სასწაულად ჩანდა. მიუხედავად იმ აურაცხელი მსხვერპლისა, რადაც დაუჯდა იმპერიას იუსტინიანეს უსაზღვრო პატივმოყვარეობა, თვით მისი მგმობელნიც კი აღიარებდნენ, რომ «დიდსულოვანი იმპერატორის ბუნებრივი მისწრაფება იყო იმპერიის საზღვრების განვრცობა და მისი განდიდება» (პროკოფი კესარიელი).
მეოთხე
იუსტინიანეს შინა მმართველობა
საშინაო მმართველობამ არანაკლებ შეაჭირვა იუსტინიანე, ვიდრე ტერიტორიის დაცვამ. მისი ყურადღება მიპყრობილი იყო ადმინისტრაციული რეფორმის მიმართ. მწვავე რელიგიური კრიზისი დაჟინებით მოითხოვდა მის ჩარევას.
საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეფორმა. - იმპერიაში არ ცხრებოდა არეულობა. ადმინისტრაცია მექრთამე და სინდისგარეცხილი იყო; პროვინციებში სიღატაკე და უწესრიგობა სუფევდა; სამართალწარმოება, კანონთა უვარგისობის გამო, თავიდან ვერ იცილებდა თვითნებობასა და მიკერძოებას. ამნაირი მდგომარეობის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი ის იყო, რომ გადასახადები ძალზე არათანაბრად შემოდიოდა ხაზინაში. იუსტინიანეს მეტისმეტად უყვარდა წესრიგი, ხარბად ესწრაფოდა მმართველობის ცენტრალიზაციას და დაუცხრომლად ზრუნავდა საზოგადო სიკეთისათვის; ამიტომ, ცხადია, ვერ შეურიგდებოდა საქმის ამნაირ ვითარებას. ეგეც არ იყოს, თავისი დიადი მიზანდასახულობისათვის მას გამუდმებით სჭირდებოდა ფული.
ამრიგად, იმპერატორმა ორმაგ რეფორმას მიმართა. იმპერიისათვის «მტკიცე და ურყევი კანონების» შესაქმნელად მან თავის მინისტრს ტრიბონიანეს დიდი საკანონმდებლო შრომა მიანდო. 528 წელს კოდექსის რეფორმისათვის შექმნილმა კომისიამ შეკრიბა და კლასიფიკაციის მიხედვით დააჯგუფა უმთავრესი საიმპერიო დადგენილებანი, რაც გამოექვეყნებინათ ჰადრიანეს შემდეგ. ეს გახლდათ «იუსტინიანეს კოდექსი», რომელიც პირველად 529 წელს, ხოლო შემდეგ 534 წელს გამოიცა. მას მოჰყვა «დიგესტები» თუ «პანდექტები», რომლებშიაც 530 წელს შექმნილმა ახალმა კომისიამ თავი მოუყარა მეორე-მესამე საუკუნეების დიდ იურისტთა შრომებიდან ამოკრეფილ ფრაგმენტებს. ასე შეიქმნა «ინსტიტუციები» (533 წ.), უზარმაზარი შრომა, სტუდენტთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელშიაც შეჯამებული იყო ახალი სამართლის საფუძვლები. და ბოლოს, იუსტინიანეს მიერ 534-565 წლებში გამოქვეყნებული განკარგულებების კრებულმა შეავსო ჩორპუს ჯურის ცივილის სახელწოდებით ცნობილი დიადი ძეგლი.
იუსტინიანე ისე ამაყობდა ამ დიდი საკანონმდებლო ქმნილებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ აუკრძალა ყველას, ხელი ეხლოთ, ან რაიმე კომენტარები დაერთოთ და, ამრიგად, შეეცვალათ იგი, ხოლო კონსტანტინოპოლის, ბეირუთისა და რომის ახლად რეორგანიზებულ სამართლის სკოლებში იურიდიული განათლების ურყევ საფუძვლად აქცია თავისი კოდექსი. და მართლაც, მიუხედავად ზოგიერთი ნაკლისა და ნაჩქარეობისა, რაც გამეორებებისა და შინაგანი წინააღმდეგობების მიზეზი გახდა, მიუხედავად რომაული სამართლის უმშვენიერესი ძეგლების კოდექსში უხეიროდ დამოწმებული ფრაგმენტებისა, - ეს იყო ჭეშმარიტად დიადი ქმნილება, რომელმაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა კაცობრიობის წინსვლის საქმეში. თუ იუსტინიანეს სამართალმა დააფუძნა იმპერატორის აბსოლუტური ძალაუფლება, მანვე შემოინახა და, უფრო გვიან, შუა საუკუნეების სამყაროში ააღორძინა სახელმწიფოს იდეა და სოციალური ორგანიზაციის საწყისები. ეგეც არ იყოს, იუსტინიანეს კოდექსმა ახალი ქრისტიანული სული შთაბერა წარმართული რომის მკაცრ სამართალს და, ამრიგად, კანონში ჩართო საყოველთაო სამართლიანობის, ზნეობრიობისა და ადამიანურობისათვის ზრუნვა, რაც უცნობი იყო მანამდე.
ადმინისტრაციისა და სასამართლოს გარდაქმნის მიზნით, იუსტინიანემ 535 წელს გამოაქვეყნა ორი მნიშვნელოვანი განკარგულება, ახალ მოვალეობებს რომ აკისრებდნენ მოხელეებს და უმწიკვლო პატიოსნებას მოითხოვდნენ მათგან ქვეყნის მართვისას. იმავდროულად, იმპერატორმა გააუქმა თანამდებობების გაყიდვა, გაზარდა ხელფასი, დახურა უსარგებლო დაწესებულებები და წესრიგის განსამტკიცებლად ზოგიერთ პროვინციაში გააერთიანა სამხედრო და სამოქალაქო ძალაუფლება. ეს იყო რეფორმის დასაწყისი, რომელსაც თავისი შედეგების მიხედვით დიდმნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იმპერიის ადმინისტრაციულ ისტორიაში. იუსტინიანემ გარდაქმნა დედაქალაქის სასამართლო ადმინისტრაცია და პოლიცია; მთელ იმპერიაში ის ახორციელებდა ფართო მასშტაბის საზოგადოებრივ სამუშაოებს; მისი ბრძანებით გაჰყავდათ გზები, აგებდნენ ხიდებს, აკვედუკებს, აბანოებს, თეატრებს, ეკლესიებს და არნახული ფუფუნებით ამკობდნენ და აღადგენდნენ 532 წლის ამბოხებით ნაწილობრივ დანგრეულ კონსტანტინოპოლს. დასასრულ, სწორი ეკონომიური პოლიტიკის წყალობით, იუსტინიანემ მიაღწია იმას, რომ იმპერიაში ფართო გასაქანი მიეცა მრეწველობას და ვაჭრობას;1 იმპერატორი, თავისი ჩვეულებისამებრ, იკვეხნიდა, «ჩემი დიდებული ღვაწლით ხელახლა ავაყვავე სახელმწიფოო». მაგრამ სინამდვილეში, იმპერატორის კეთილი ზრახვის მიუხედავად, ადმინისტრაციული რეფორმა ჩაფლავდა. უზარმაზარმა ხარჯებმა და, აქედან გამომდინარე, ფულის მუდმივმა ნაკლებობამ განაპირობა უსასტიკესი სახაზინო ტირანიის დამყარება, რამაც გამოფიტა იმპერია და სიღატაკის პირას მიიყვანა იგი. დიდმა რეფორმატორულმა ძალისხმევამ საბოლოოდ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ 541 წელს, ეკონომიური მოსაზრებით, გაუქმებულ იქნა კონსულატი.
რელიგიური პოლიტიკა. - დანარჩენი იმპერატორებისა არ იყოს, რომლებიც კონსტანტინეს შემდეგ ავიდნენ ტახტზე, იუსტინიანეც აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებში, როგორც სახელმწიფო ინტერესების გულისთვის, ისე საღვთისმეტყველო პაექრობისადმი თავისი სიყვარულის გამო. უკეთ რომ წარმოეჩინა თავისი საღვთისმოსაო გულმოდგინება, იმპერატორი დაუნდობლად სდევნიდა მწვალებლებს. 529 წელს მან ბრძანა დაეხურათ ათენის უნივერსიტეტი, სადაც ფარულად ჯერ კიდევ რჩებოდა რამდენიმე წარმართი მასწავლებელი, და ღვთის რისხვად მოევლინა განდგომილებს. ეგეც არ იყოს, ის მარჯვედ მართავდა ეკლესიას, როგორც მბრძანებელი, და მფარველობისა და წყალობის სანაცვლოდ, რასაც არასოდეს აკლებდა მას, საკუთარ ნებას დესპოტური სიტლანქით ახვევდა თავზე და თავის თავსაც აშკარად უწოდებდა «იმპერატორსა და მღვდელს». მიუხედავად ამისა, არაერთხელ ჩავარდნილა გასაჭირში და არც ის სცოდნია, თუ რა გზას დასდგომოდა. იმისათვის, რომ დასავლეთში წარმატებისათვის მიეღწია, აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა უკვე ჩამოყალიბებული კავშირი პაპიზმთან, ხოლო აღმოსავლეთში პოლიტიკური და მორალური ერთიანობის აღსადგენად უნდა დაენდო მრავალრიცხოვანი მონოფიზიტები, რომელთა გავლენაც ძალზე დიდი იყო ეგვიპტეში, სირიაში, მესოპოტამიასა და სომხეთში. იმპერატორმა ხშირად არც კი იცოდა, რა გადაწყვეტილება მიეღო, ან ვისთვის დაეჭირა მხარი: რომისთვის, რომელიც განდგომილთა დასჯას მოითხოვდა, თუ თეოდორასათვის, რომელიც ურჩევდა, კვლავ დაბრუნებოდა ერთიანობის ზენონისა და ანასტასისეულ პოლიტიკას, და მისი მერყევი ნება ცდილობდა, ყოველგვარ წინააღმდეგობათა მიუხედავად, მყარი ნიადაგი მოეპოვებინა ურთიერთგაგებისათვის და ამ წინააღმდეგობათა შერიგების საშუალებისთვისაც მიეკვლია. თანდათანობით, რომის საამებლად, მან ნება დართო კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებას (536 წ.), შეეჩვენებინა განდგომილნი, დევნა დაუწყო მათ (537 - 538 წ.) და თავს დაესხა ეგვიპტეს, განდგომილთა ამ მძლავრ ციტადელს; თეოდორას საამებლად კი თავიანთი ეკლესიის აღდგენის საშუალება მისცა მონოფიზიტებს (543 წ.) და შეეცადა, კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე (553 წ.) არაპირდაპირ მაინც დაეგმობინებინა პაპისათვის ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებანი. ოც წელზე მეტი ხნის მანძილზე (543 - 565 წ.), მთელ იმპერიას აღელვებდა და დასავლეთის ეკლესიაში განხეთქილებას უწყობდა ხელს ეგრეთწოდებული «სამი თავის საქმე», თუმცა მას არც აღმოსავლეთისათვის მოუტანია სიმშვიდე. იუსტინიანეს სიშმაგემ და მძვინვარებამ, რაც მისი მტრების წინააღმდეგ იყო მიმართული (იმპერატორის ყველაზე სახელგანთქმული მსხვერპლი გახლდათ პაპი ვიგილიუსი), არავითარი სასარგებლო შედეგი არ გამოიღო. ერთიანობისა და სჯულშემწყნარებლობის პოლიტიკა, რასაც იმპერატორს ურჩევდა თეოდორა, უეჭველად წინდახედული და გონივრული იყო. იუსტინიანეს უმტკიცობამ და მოდავე მხარეთა შორის გამუდმებულმა რყევამ, მისი კეთილი ზრახვის მიუხედავად, მხოლოდ ეგვიპტისა და სირიის სეპარატისტული ტენდენციების ზრდა და იმპერიის მიმართ მათი ნაციონალური მძულვარების გამძაფრება გამოიწვია.
ბიზანტიური ცივილიზაცია მეექვსე საუკუნეში
ბიზანტიური ხელოვნების ისტორიაში იუსტინიანეს მმართველობა მთელი ეპოქის აღმნიშვნელია. ნიჭიერი მწერლები და ისტორიკოსები, როგორც მაგალითად, პროკოფი და აგათია, იოანე ეფესელი თუ ევაგრე, პავლე სილენციარიუსისნაირი პოეტები და ლეონტი ბიზანტიელის სადარი ღვთისმეტყველები ბრწყინვალედ აგრძელებდნენ კლასიკური ბერძნული ლიტერატურის ტრადიციებს, და სწორედ მეექვსე საუკუნის გარიჟრაჟზე რომანოზ ტკბილმომღერალმა - «მელოდიების მეფემ» შექმნა რელიგიური პოეზია, ბიზანტიური სულის ყველაზე მშვენიერი და შესაძლოა, ყველაზე ორიგინალური გამოვლინება. კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი გახლდათ სახვით ხელოვნებათა ბრწყინვალება. ამ დროს კონსტანტინოპოლში დასრულდა თანდათანობითი ევოლუცია, ორი საუკუნის მანძილზე რომ მზადდებოდა აღმოსავლეთის ადგილობრივ სკოლებში. და რაკი იუსტინიანეს უყვარდა აღმშენებლობითი საქმიანობა და ახერხებდა კიდეც სახელგანთქმული ოსტატები მოეძებნა თავის მიზანდასახულობათა განსახორციელებლად, ოსტატები, რომლებსაც ამოუწურავ სახსრებს სთავაზობდა და არც საჭირო მასალას აკლებდა, ამიტომაც მეექვსე საუკუნის ძეგლები - განსწავლულობის, სითამამისა და დიდებულების ეს ჭეშმარიტი სასწაულნი - თავიანთი სრულყოფილებით ბიზანტიური ხელოვნების მწვერვალებად გვევლინებიან.
ხელოვნება არასოდეს არ ყოფილა უფრო მრავალფეროვანი, უფრო ნაყოფიერი და უფრო თავისუფალი; მეექვსე საუკუნეში ჩვენ ვხედავთ ყველა არქიტექტურულ სტილსა თუ პრინციპს, ნაგებობათა ყოველნაირ ტიპს - რავენის წმიდა აპოლინარიუსისა თუ სალონიკის წმიდა დიმიტრის ბაზილიკებს; წმიდა სერგის, კონსტანტინოპოლის ბაკხუსისა თუ რავენის წმიდა ვიტალიუსის ეკლესიებს, რომელთა გეგმაც მრავალკუთხედსა ქმნის; ჯვრის ფორმის მქონე ნაგებობებს, რომლებიც ხუთი გუმბათით გვირგვინდება, როგორიცაა, მაგალითად, წმიდა მოციქულთა ეკლესია; წმიდა სოფიოს ტაძრის ტიპის არქიტექტურულ ნაგებობებს, ტაძრისა, რომელიც 532-537 წლებში იქნა აგებული და რომლის ავტორებადაც ანთიმოზ ტრალელი და ისიდორე მილეტელი გვევლინებიან; თავისი ორიგინალური გეგმის, მსუბუქი, თამამი და ზუსტად გათვლილი სტრუქტურის, წონასწორობის მახვილგონივრულად მიკვლეული კომბინაციებისა და ნაწილთა ჰარმონიული ურთიერთშერწყმის წყალობით ეს ტაძარი დღემდე ბიზანტიური ხელოვნების სწორუპოვარ შედევრად რჩება. მარჯვედ შერჩეული მრავალფეროვანი მარმარილო, ნატიფად ნაძერწი სკულპტურები, ცისფერსა თუ ოქროსფერ ფონზე მოციაგე მოზაიკური სამკაულები თვით დღესაც კი უებრო ბრწყინვალებით წარმოგვიჩენს ამ ნაგებობათა ინტერიერს, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მოციქულთა ეკლესიაში მოზაიკა ჩამოშლილია, ხოლო წმიდა სოფიოს ტაძარში ოდნავ თუღა შეიმჩნევა თურქული მოხატულობის ქვეშ. პარენცოსა თუ რავენის ეკლესიების, ისევე როგორც სალონიკის წმიდა დიმიტრის ეკლესიის განსაცვიფრებელ სამკაულთა დღემდე შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩვენ შეიძლება გარკვეული წარმოდგენა მაინც შეგვექმნას მათ ოდინდელ სინატიფეზე. ყველაფერი - საიუველირო ნაწარმი, ქსოვილები, სპილოს ძვლის ნაკეთობანი, ხელნაწერები - ჩვენ გვივლენს იმნაირ სიუხვეს და ფუფუნებას, თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას თუ საზეიმო სიდიადეს, რითაც აღბეჭდილია ახალი სტილის დაბადება. აღმოსვლეთისა და ანტიკური ტრადიციების ერთობლივი ზემოქმედებით, იუსტინიანეს ეპოქის ბიზანტიურმა ხელოვნებამ თავის ოქროს ხანაში შედგა ფეხი.
იუსტინიანეს საქმის იავარყოფა (565 - 610 წ.)
თუ მთლიანად განვიხილავთ იუსტინიანეს მმართველობას, შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ მან შესძლო მოკლე ხანში დაებრუნებინა იმპერიისათვის მისი ოდინდელი სიდიადე. და მაინც, იბადება კითხვა: ხომ არ იყო ეს სიდიადე უფრო მოჩვენებითი, ვიდრე რეალური, და იმპერატორის დიდმა დაპყრობითმა ომებმაც, რომლებმაც შეაჩერეს აღმოსავლეთ იმპერიის ბუნებრივი განვითარება და ერთი კაცის უსაზღვრო პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად დაწრიტეს მისი ძლიერება, მეტი ბოროტება ხომ არ მოუტანა ქვეყანას, ვიდრე სიკეთე? იუსტინიანეს ყველა წამოწყებაში გამუდმებით შეინიშნებოდა განსაცვიფრებელი არათანაზომადობა დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებებს შორის. ფულის ნაკლებობა ის უკურნებელი სენი გახლდათ, რომელიც ერთავად ღრღნიდა და განუხორციელებელს ხდიდა ყველაზე ბრწყინვალე მიზანდასახულობებსა და თავისთავად სანაქებო ზრახვებს. ამიტომაც იყო, რომ სულ უფრო მეტად მძაფრდებოდა სახაზინო ტირანია, რამაც ბოლოს თავის უკიდურეს ზღვარს მიაღწია, და რაკი ხანში შესული იუსტინიანე თავისი მმართველობის უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო ხშირად ანდობდა ბედისწერის ჟინიან თამაშს ქვეყნის საჭესა თუ სადავეს, ამიტომ, როცა ოთხმოცდაშვიდი წლის იმპერატორი გარდაიცვალა (565 წელს), მონარქიის მდგომარეობა მართლაც რომ სავალალო იყო, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო თვალსაზრისითაც. იმპერიის ყველა საზღვარს საშინელი საფრთხე ემუქრებოდა; ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ძალაუფლება აშკარად უმწეო და უილაჯო იყო: პროვინციებში - ფეოდალური საკუთრების უჩვეულო ზრდის შედეგად, დედაქალაქში კი - მწვანეებისა და ლურჯების გაუთავებელი ქიშპობის გამო. ყველგან არნახული სიღატაკე სუფევდა და თანმედროვენი გაოგნებულნი ეკითხებოდნენ თავიანთ თავს, სად გაქრა რომაელთა სიმდიდრეო. პოლიტიკის შეცვლა გარდუვალი გახდა, მაგრამ ეს ძალზე რთული და სახიფათო საქმე იყო. მისი აღსრულება ბედმა იუსტინიანეს მემკვიდრეებს - განსვენებული იმპერატორის ძმისწულს იუსტინე მეორეს (565 - 578 წ.), ტიბერიუსსა (578 - 582 წ.) და მავრიკიოსს (582 - 602 წ.) არგუნა წილად.
მათ მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს ახალ პოლიტიკას. იუსტინიანეს მემკვიდრეებმა ზურგი აქციეს დასავლეთს, სადაც ლანგობარდების შემოსევამ (568 წ.) იტალიის ნახევარი დააკარგვინა იმპერიას, და, აფრიკისა და რავენის ეკზარქატების დაარსების გზით, საკმაოდ მტკიცე დაცვის ორგანიზებას დასჯერდნენ, რამაც საშუალება მისცა სამივეს, აღმოსავლეთისათვის მიეპყროთ ყურადღება და უფრო შეურიგებელი პოზიცია დაეკავებინათ იმპერიის მტრების მიმართ. მათ მიერ განხორციელებული არმიის სარეორგანიზაციო ღონისძიებების შედეგად, სპარსეთთან ომი, რომელიც 572 წელს განახლდა და 591 წლამდე გაგრძელდა, იმპერიისათვის ხელსაყრელი ზავით დასრულდა, რომლის ძალითაც სპარსეთმა ბიზანტიას დაუთმო მისი კუთვნილი სომხეთი.
ევროპაში კი, მიუხედავად იმისა, რომ ხუნძებმა და სლავებმა საშინლად დაარბიეს ბალკანეთის ნახევარკუნძული, ხელთ იგდეს დუნაის პირას აღმართული ციხე-სიმაგრეები, გარს შემოერტყნენ თესალონიკეს, კონსტანტინოპოლს დაემუქრნენ (591 წ.) და დიდი ხნითაც კი დამკვიდრდნენ ნახევარკუნძულზე, - რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვების შედეგად ბრძოლის ველი საზღვარს მიღმა იქნა გადატანილი და ბიზანტიის ლაშქარმა თვით ტისას მიაღწია (601 წ.).
საუბედუროდ, შინაგანმა კრიზისმა ყველაფერი წყალში ჩაყარა. იუსტინიანე უკიდურესი სიმკაცრით ახორციელებდა აბსოლუტური ძალაუფლების პოლიტიკას; მისი სიკვდილის შემდეგ არისტოკრატიამ ხელახლა წამოყო თავი, პროვინციებში გაძლიერდა სეპარატისტული ტენდენციები, გამწვავდა ცირკის პარტიების შუღლი, და რაკი ხელისუფლებას არ შეეძლო ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება, უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ადმინისტრაციული ქაოსი და სამხედრო ამბოხებანი. რელიგიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამძაფრა საყოველთაო მღელვარება. ხანმოკლე მცდელობის შემდეგ, რაც მიზნად ისახავდა სჯულშემწყნარებლობითი პოლიტიკის განხორციელებას, კვლავ დაიწყო მწვალებლების სასტიკი დევნა. მართალია, მავრიკიოსმა ბოლო მოუღო მათ დევნას და შევიწროებას, მაგრამ კონფლიქტმა, რომელმაც თავი იჩინა მსოფლიო მღვდელთმთავრის ტიტულზე მეოცნებე კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და პაპ გრიგოლ დიდს შორის, უკიდურესად გაამწვავა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ოდინდელი მტრობა. თავისი უდაო ღირსებების მიუხედავად, მავრიკიოსი, მისი მკაცრი ეკონომიური პოლიტიკის გამო, ძალზე არაპოპულარული იყო ხალხში. პოლიტიკური ძალაუფლების შესუსტებამ ხელი შეუწყო სამხედრო გადატრიალების წარმატებით დაგვირგვინებას, რამაც ტახტზე აიყვანა ფოკა (602 წ.).
ახალ მბრძანებელს, ტლუსა და უბირ ჯარისკაცს, მხოლოდ ტერორის მეშვეობით თუ შეეძლო ძალაუფლების შენარჩუნება (602 - 610 წ.), რითაც საბოლოოდ გააპარტახა მონარქია. ხოსრო მეორემ, რომელმაც გადაწყვიტა შური ეძია მავრიკიოსის გამო, ომი განაახლა; სპარსელებმა დაიპყრეს მესოპოტამია, სირია და მცირე აზია. 608 წელს ისინი უკვე ქალკედონში, კონსტანტინოპოლის კარიბჭესთან იყვნენ. ქვეყნის შიგნით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ამბოხებები, შეთქმულებები და შინააშლილობანი. მთელი იმპერია მოუთმენლად მოელოდა მხსნელს. ის აფრიკიდან მოვიდა. 610 წელს კართაგენის ეკზარქოსის ვაჟმა ირაკლიმ დაამხო ფოკა და ახალი დინასტია დაარსა. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არეულობის შედეგ ბიზანტიას კვლავ მოევლინა ლიდერი, რომელსაც შეეძლო მტკიცე ხელით წარემართა მისი ბედ-იღბალი. მაგრამ ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე ბიზანტია მაინც თანდათან უბრუნდებოდა აღმოსავლეთს. იმპერიის აღმოსავლურ ყაიდაზე გარდაქმნა, რაც დროებით შეწყვიტა იუსტინიანეს ხანგრძლივმა მმართველობამ, ახლა უკვე სასწრაფოდ უნდა დამთავრებულიყო.
თავი მესამე
ირაკლის დინასტია. არაბთა შემოსევის საფრთხე
და იმპერიის გარდაქმნა მეშვიდე საუკუნეში
(610 - 717)
პირველი. იმპერიის აღდგენა ირაკლის მიერ. - მეორე. არაბთა შემოსევის საფრთხე. - მესამე. რელიგიური პოლიტიკა და დასავლეთი. - მეოთხე. იმპერიის გარდაქმნა მეშვიდე საუკუნეში. - მეხუთე. ირაკლის დინასტიის დასასრული და იმპერიის დეკადანსი (685 - 717 წ.).
ბიზანტიის ისტორიაში მეშვიდე საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე პირქუში პერიოდია. ესაა მძიმე კრიზისის ეპოქა, ის გადამწყვეტი მომენტი, როცა თვით იმპერიის არსებობა სათუო ხდება. გამოფიტულსა და ძალადაწრეტილ იმპერიას გარედან საშინელი საფრთხე ემუქრება, ჯერ - სპარსელების, ხოლო შემდეგ - კიდევ უფრო საშინელი - არაბების მხრივ. შიგნით სრულდება ძირეული გარდაქმნა, რომელიც ახალ იერს ანიჭებს ბიზანტიის საზოგადოებას და სახელმწიფოს. მანამდე, ყველაფრის მიუხედავად, მონარქია კვლავ რჩებოდა რომის მსოფლიო იმპერიად. ლათინური სახელმწიფოს ოფიციალური ენა იყო და რომაული ტრადიცია უცვლელად ინარჩუნებდა ჯერ კიდევ რომში ფორმირებულ წოდებებსა თუ თანამდებობებს. მერვე საუკუნის დამდეგს კი, პირიქით, ყალიბდება პირწმინდად ბიზანტიური იმპერია, რომლის მთელი ძალმოსილება კონსტანტინოპოლის ირგვლივაა კონცენტრირებული, ხოლო მისი არსი სულ უფრო და უფრო აღმოსავლური ხდება.
იმპერიის აღდგენა ირაკლის მიერ
იმ დროისათვის, როცა ირაკლი (610 - 641 წ.) ტახტზე ავიდა, იმპერიის მდგომარეობა თითქმის უიმედო ჩანდა. სპარსელები ყოველ წელიწადს ახალ-ახალ წარმატებებს აღწევდნენ: 612 წელს მათ აიღეს ანტიოქია, აპამეა და კესარია; 614 წელს - დამასკო; 615 წელს ისინი იერუსალიმში შეიჭრნენ, საიდანაც კტესიფონში გადაიტანეს წმიდა ჯვარი და ყველაზე უფრო სახელგანთქმული ქრისტიანული რელიქვიები; 617 წელს მათ დაიპყრეს ეგვიპტე და აზიაში ქალკედონს მიაღწიეს. იმავდროულად, კონსტანტინოპოლის კარიბჭესთან გამოჩნდნენ ხუნძები (619 წ.). ლანგობარდებმა დაიპყრეს იტალიის ზოგიერთი ოლქი და იმპერიამ საბოლოოდ დაკარგა თავისი სამფლობელოები ესპანეთში. ამდენი უბედურებით დათრგუნვილი და სასომიხდილი ირაკლი ერთხანს იმასაც კი ფიქრობდა, რომ კონსტანტინოპოლი მიეტოვებინა და აფრიკაში გადაეტანა სახელმწიფოს დედაქალაქი. მაგრამ პატრიარქმა სერგიუსმა, ამ მტკიცე და ენერგიულმა კაცმა, ვისი გავლენაც აშკარად ატყვია ირაკლის მთელ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ბოლოს მაინც შესძლო იმპერატორის გამხნევება; ასე რომ, მეტისმეტად მგრძნობიარე და ნერვიულმა ირაკლიმ, ვის სულშიაც ბობოქარ აღტყინებას ანაზდეულად ენაცვლებოდა სასოწარკვეთა, გულმხურვალე რწმენით აღსავსემ და დაუოკებელი სურვილით ანთებულმა, შური ეძია სპარსელებზე მათ მიერ შებღალული და შეგინებული ქრისტიანობის გამო, ამასთანავე მხნე მეომარმა და გამჭრიახმა მხედართმთავარმა, კვლავინდებურად მოიცა ძალი. პატრიარქმა საეკლესიო საგანძური გადასცა მას. ირაკლიმ განსაცვიფრებელი გულმოდგინებით ხელახლა შექმნა არმია. 622 წელს ის უკვე მზად იყო სალაშქროდ.
ექვსი წლის მანძილზე იმპერატორს აღარ ახსოვდა აღარაფერი; არც იმ მრისხანე იერიშისთვის მიუქცევია დიდი ყურადღება, კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ ერთობლივად რომ წამოიწყეს სპარსელებმა და ხუნძებმა (626 წ.); ის მტრის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანში (623 წ.) და სპარსეთის სომხეთში (625 წ.) ებრძოდა «დიდი მეფის» ლაშქარს; გაიმარჯვა ნინევიასთან (627 წ.), კტესიფონის გალავანთან (628 წ.) და ლეგენდის გმირად იქცა, როგორც პირველი ჯვაროსანი. ხოსრო მეორეს სიკვდილმა (628 წ.) და ამის შემდეგ დაწყებულმა აჯანყებამ აიძულა სპარსელები მათთვის დამამცირებელ ზავს დათანხმებოდნენ, რომლის ძალითაც ისინი ხელს იღებდნენ მათ მიერ დაპყრობილ მთელ ტერიტორიაზე და, უწინარეს ყოვლისა, უკანვე აბრუნებდნენ წმიდა ჯვარს, რომელიც ირაკლიმ დიდი ზარ-ზეიმით ჩაიტანა იერუსალიმს (629 წ.).
ამ შთამბეჭდავი გამარჯვებების შემდეგ ირაკლიმ სცადა თავისი რელიგიური პოლიტიკის მეშვეობით შინაგანი ერთიანობა დაებრუნებინა იმპერიისათვის. სირიელი და ეგვიპტელი მონოფიზიტების მოსამხრობად, ის პატრიარქ სერგიუსსა და კვიროს ალექსანდრიელთან ერთად შეუდგა შემრიგებლური ფორმულის შემუშავებას, რასაც მართლმადიდებლობის წიაღში უნდა დაებრუნებინა განდგომილნი. აქედან იღებს დასაბამს მონოთელიტური მოძღვრება, რომელსაც იმპერატორი განსაზღვრავს სარწმუნოების გადმოცემისას, რაც ცნობილია «ეკთესისის» (638 წ.) სახელწოდებით. ამ გზით ის ცდილობდა რომის ეკლესიასთან შეერიგებინა მონოფიზიტები.
ამ ძალისხმევის შედეგად იმპერიის ერთობა კვლავ აღდგენილი ჩანდა: მისი პრესტიჟი ხელახლა განმტკიცდა აღმოსავლეთში და, ქრისტეს სჯულზე სერბებისა და ხორვატების მოქცევის შედეგად, მისი გავლენაც კვლავინდებურად გავრცელდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით.
მაგრამ ეს გარეგნული ბრწყინვალება ცუდად მალავდა შინაგან სიმწირეს. ფინანსური მდგომარეობა სავალალო იყო; სეპარატისტული ტენდენციები, რამაც ასე შეუწყო ხელი სპარსელთა წარმატებას, კვლავინდებურად მძლავრობდა პროვინციებში.
არაბების შემოსევამ რამდენიმე წელიწადში გააქარწყლა იმპერატორის გამარჯვებათა ყველა შედეგი, ხოლო მისი რელიგიური პოლიტიკა, იმავდროულად, ხანგრძლივი უთანხმოებისა და მწვავე კონფლიქტების სათავედ იქცა.
არაბთა შემოსევის საფრთხე
მეშვიდე საუკუნის დასაწყისი დიდი მოვლენით - ისლამის დაბადებით აღინიშნა. ოცი წლის განმავლობაში, უჩვეულო ექსპანსიის შედეგად, ახალმა რელიგიამ აღმოსავლური სამყაროს უზარმაზარი ნაწილი მოიცვა და სპარსეთისა და ბიზანტიის ხარჯზე ოქსუსის ნაპირებიდან დიდი სირტისის სანაპირომდე გავრცელდა.
634 წელს ხალიფა ომარის ლაშქარი სირიაში შეიჭრა. ბიზანტიელთა არმიამ მარცხი იწვნია აგნადაინთან (634წ.); დამასკო არაბებმა იგდეს ხელთ (635 წ.); იარმუკის დანგრევამ (636 წ.) აიძულა ირაკლი სამუდამოდ გამოსთხოვებოდა სირიას. ეგეც არ იყოს, ბერძნების მოძულე მოსახლეობა სასწრაფოდ გადადიოდა გამარჯვებულის მხარეზე. იერუსალიმი 637 წელს დანებდა არაბებს, ანტიოქია - 638 წელს. შემდეგ მესოპოტამიისა (639 წ.) და ეგვიპტის ჯერი დადგა, რომელიც ამირმა ორ წელიწადში (640 - 642 წ.) დაიპყრო, ისე, რომ დიდ წინააღმდეგობას არ შეხვედრია. ხანდაზმული და დასნეულებული ირაკლი სასოწარკვეთილი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრის კონსტანტი მეორის მმართველობისას (642 - 668 წ.) ბედი კვლავ არაბებს უღიმოდა. კირენაიკა და ტრიპოლიტანია მათ ხელში გადავიდა (642 - 643 წ.); 647 წელს არაბებმა პირველად დალაშქრეს ჩრდილო აფრიკა; მათ დაარბიეს მცირე აზია (651 წ.) და დაიპყრეს სომხეთი (653 წ.); ბოლოს, სამხედრო ფლოტი შექმნეს და აღმოსავლეთის ზღვებზე ბიზანტიელთა ჰეგემონიას დაემუქრნენ. არაბებმა დაიმორჩილეს კიპროსი (649 წ.), დაარბიეს როდოსი (654 წ.) და ლიკიის ნაპირებთან სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელთა ესკადრები, რომლებსაც თავად იმპერატორი სარდლობდა (655 წ.). საფრთხე თვით კონსტანტინოპოლს დაემუქრა და კონსტანტი მეორე, რომელიც აღმოსავლეთს უკვე დაკარგულად თვლიდა, იძულებული იყო დასავლეთში გაეტარებინა სიცოცხლის უკანასკნელი წლები (663 - 668 წ.).
ამან საქმე შეუმსუბუქა ომეიად ხალიფებს, რომლებიც 660 წლიდან განაგებდნენ დამასკოს. აქედან მოყოლებული, არაბები ყოველწლიურად თავს ესხმოდნენ და აოხრებდნენ მცირე აზიას. 668 წელს მუსულმანებმა ქალკედონს მიაღწიეს. იმავდროულად, მათ განაახლეს დასავლეთზე თავდასხმა, ჩრდილო აფრიკაში გამაგრდნენ, სადაც დააარსეს კაირუვანი (669 წ.) და სიცილიას დაემუქრნენ. ბოლოს, მთელი ძალების დაძაბვით შეეცადნენ იერიში მიეტანათ კონსტანტინოპოლზე. მაგრამ ახალი იმპერატორი კონსტანტინე მეოთხე (668 - 685 წ.) ენერგიული მბრძანებელი იყო. მთელი ხუთი წლის განმავლობაში (673 - 678 წ.) არაბები ზღვის მხრიდანაც და ხმელეთიდანაც გარს ადგნენ კონსტანტინოპოლს, მაგრამ აღებით კი ვერ აიღეს.
ბიზანტიელთა ფლოტმა, რომელსაც ახლად გამოგონებულმა ბერძნულმა ცეცხლმა გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა, უკუაქცია მუსულმანთა ესკადრები და სილეუმის ტალღებში გამანადგურებელი დარტყმა აგემა მათ. ხმელეთზე კი ხალიფას ლაშქარმა ასეთივე მარცხი იწვნია აზიაში. მოავია იძულებული შეიქნა ზავი ეთხოვა (678 წ.). ისლამის პირველი შემოტევა მოგერიებულ იქნა. კონსტანტინე მეოთხეს შეეძლო ეამაყა თავისი საქმით. იმპერიის პრესტიჟი კვლავ ისეთნაირად ამაღლდა, რომ ბიზანტიის ყველა მეტოქე იძულებული გახდა ქედი მოეხარა მის წინაშე, «და დიდმა სიმშვიდემ - ამბობს ქრონისტი თეოფანე, - დაისადგურა აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც».
რელიგიური პოლიტიკა და დასავლეთი
იმპერატორმა იმავდროულად აღადგინა მშვიდობა ეკლესიაშიც.
ირაკლის რელიგიურ პოლიტიკას მძიმე შედეგი მოჰყვა. მონოთელიზმმა აფრიკასა და იტალიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც მოწმობდა კართაგენისა (646 წ.) და რავენის (650 წ.) ეკზარქოსების ამბოხება იმპერატორის წინააღმდეგ, იტალიის მოსახლეობის მტრული განწყობილება, რაც დღითი-დღე სულ უფრო მეტად მძაფრდებოდა, და რომის პაპების შეურიგებელი ოპოზიცია. მღელვარების დასაშოშმინებლად კონსტანტი მეორემ ამაოდ გამოაქვეყნა ედიქტი, ეგრეთწოდებული «ტიპოსი» (648 წ.); ამაოდ ბრძანა, დაეპატიმრებინათ და მსჯავრი დაედოთ პაპ მარტინუს პირველისათვის (635 წ.), ამაოდ ეწვია დასავლეთს. მართალია, რომი იძულებული შეიქნა ქედი მოედრიკა, მაგრამ ყოველივე ამან საშუალება მისცა ლანგობარდებს, რამდენიმე ოლქი კიდევ ჩაეგდოთ ხელში. კონსტანტინე მეოთხე მიხვდა, რომ აუცილებელი იყო ახალი პოლიტიკა. ეგვიპტისა და სირიის დაკარგვა ამიერიდან სრულიად ფუჭს ხდიდა მონოფიზიტების შემორიგების მცდელობას; რელიგიური თანხმობის აღდგენა და რომთან კავშირი კი იმპერატორს იმედს აძლევდა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთებდა იმპერიას იმას, რაც ჯერ კიდევ რჩებოდა იტალიაში, და საიმისოდაც მოიცლიდა, რომ სამხედრო საქმისა და პოლიტიკისათვის მიეძღვნა თავი.
ამიტომაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680 - 681 წ.), რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიური ერთობის აღდგენას, პაპიზმთან სრული თანხმობით დაჰგმო მონოთელიტური ერესი და დაამკვიდრა მართლმადიდებლობა.
ეს დიდი წარმატება იყო. 685 წლისათვის , როცა გარდაიცვალა კონსტანტინე მეოთხე, კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ იმპერიამ თავი დააღწია კრიზისს. რა თქმა უნდა, ამ კრიზისიდან ის ძალზე დაპატარავებული და დაკნინებული გამოვიდა, ხოლო მის ეკონომიურ ძლიერებას ძირი ჰქონდა გამოთხრილი ეგვიპტის დაკარგვის შედეგად, რომლის მარცვლეულიც იმპერიისათვის ერთ-ერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენდა. არანაკლებ სავალალო იყო სირიის დაკარგვა, რომლის მრავალდარგოვანი მეწარმეობა იმპერიის სიმდიდრის ერთ-ერთი ძირთადი წყარო გახლდათ, ისევე როგორც ალექსანდრიის, ღაზის, ბეირუთისა და ანტიოქიის ნავსადგურების, გაცხოველებულ სავაჭრო ურთიერთობათა ამ უმნიშვნელოვანესი ცენტრების გარეშე დარჩენა. ეგეც არ იყოს, ჰორიზონტი ახალმა საავდრო ღრუბელმა ჩამოაბნელა: 679 წელს ბულგარელებმა დუნაი გადმოლახეს და მდინარის სანაპირო ზოლსა და ბალკანეთს შორის დასახლდნენ. მაგრამ საერთოდ, იმპერიამ შესძლო წინ აღდგომოდა ისლამის გააფთრებულ იერიშს; ტერიტორიის დაცვა შესაძლო გახდა დიდი ადმინისტრაციული რეფორმის წყალობით, და იმპერია, უფრო მჭიდროდ შეკრული, უფრო ერთგვაროვანი, აღმოსავლური სეპარატიზმის საფრთხისაგან თავდახსნილი და დასავლეთის მკვდარი ტვირთისაგან თავისუფალი (698 წელს მან დაკარგა აფრიკა, ისევე როგორც უფრო ადრე - ესპანეთი და იტალიის ნახევარი) ჯერ კიდევ მძლავრ და სიცოცხლისუნარიან ორგანიზმად ჩანდა, რომელსაც შეეძლო ეარსება ახალი, პირწმინდად აღმოსავლური სახით, რაც მან მეშვიდე საუკუნის განმავლობაში შეიძინა.
იმპერიის გარდაქმნა მეშვიდე საუკუნეში
და მართლაც, იმპერიაში ძირეული ცვლილებები მოხდა.
უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ეთნოგრაფიული სახეცვლილებანი. გაპარტახებულსა და გაუკაცურებულ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თანდათანობით მკვიდრდებოდნენ ახალი ტომები. ირაკლი იძულებული იყო საცხოვრისი მიეცა სერბებისა და ხორვატებისათვის, იმ პირობით, რომ მათ ქრისტიანობა მიეღოთ და იმპერიის ვასალები გამხდარიყვნენ. სლავებმა სხვა მხარეებშიაც შეაღწიეს. მიზიაში, მაკედონიაში და თვით თესალონიკის საზღვრებამდე შეიქმნა სლავებით დასახლებული მთელი ოლქები, რომლებიც მათ თავიანთი დამარბეველი თარეშის შედეგად დაიმკვიდრეს. სლავები სახლობდნენ თესალიაში, ცენტრალურ საბერძნეთში - თვით პელოპონესამდე და არქიპელაგის კუნძულებზე. მართალია, გადაჭარბებული იქნებოდა, ფალმერაიერივით გველაპარაკა ამ ოლქების სრულ სლავიზაციაზე, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ მრავალრიცხოვანი უცხო ტომები შეერივნენ ბერძნულ მოსახლეობას, და ამ დამპყრობლებმა არაერთი თავსამტვრევი გაუჩინეს მეშვიდე საუკუნის იმპერატორებს, რომლებიც დიდი გაჭირვებით ახერხებდნენ მათ დამორჩილებას და ასიმილირებას. გარდა ამისა, ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მასიურად დასახლდნენ ბულგარელები, რომლებიც იქ მათზე ადრე დამკვიდრებულ სლავებთან მეზობლობის წყალობით თვითონაც გასლავდნენ და საკმაოდ მძლავრი სახელმწიფო შექმნეს. ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა იმპერიას, მაგრამ რასების ამ შერევას ერთი უპირატესობაც ჰქონდა: ახალი სისხლის მოზღვავებამ გააახალგაზრდავა იმპერია.
დაახლოებით იმავე დროს დასრულდა უაღრესად მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული გარდაქმნებიც.
იუსტინიანეს მეფობიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ ძველი რომიდან მომდინარე მმართველობის სისტემამ ზოგიერთ პროვინციაში საგრძნობი ცვლილება განიცადა იმის შედეგად, რომ ერთ ხელში გაერთიანდა სამხედრო და სამოქალაქო ძალაუფლება. იუსტინიანეს შემდეგ, საზღვრების უკეთ დაცვის მიზნით, ამნაირი პრაქტიკა საყოველთაო გახდა. მეექვსე საუკუნის დამლევს მავრიკიოსმა სწორედ ამიტომ შექმნა აფრიკისა და რავენის ეკზარქატები: პირველი - ბერბერების, ხოლო მეორე - ლანგობარდების წინააღმდეგ საბრძოლველად. და ბოლოს, მეშვიდე საუკუნეში ასეთსავე ზომებს მიმართეს აღმოსავლეთშიც, რათა თავიდან აეცილებინათ არაბებისა და ბულგარელების შემოსევა. ირაკლიმ და მისმა მემკვიდრეებმა დაადგინეს ოლქები, რომლებსაც «თემები» ეწოდებოდათ. თავდაპირველად ეს სიტყვა სამხედრო შენაერთს აღნიშნავდა, შემდეგ კი იმ ტერიტორიას მიესადაგა, სადაც ეს შენაერთი იდგა. ამ ოლქებში სამხედრო ძალაუფლება მინდობილი ჰქონდა მხედართმთავარს, «სტრატეგს», ვის ხელშიაც იყო სამოქალაქო ძალაუფლებაც, მაგრამ ეს უკანასკნელი დაქვემდებარებულად ითვლებოდა სამხედრო ძალაუფლების მიმართ. ასე შეიქმნა თემები: აზიაში - არმენიაკოსთა, ანატოლიაკოსთა და ოპსიკიონისა, ევროპაში კი - თრაკიისა. ზუსტად ასევე იყო ორგანიზებული ზღვისპირა ოლქები და კუნძულები; ისინი «საზღვაო თემებსა» ქმნიდნენ. რომაული ეპოქისაგან განსხვავებით, როცა ქვეყანა «ეპარქიებად» იყო დაყოფილი, მეშვიდე საუკუნის დამლევს ის შვიდი თუ რვა საკმაოდ ვრცელი «თემისაგან» შედგებოდა. მერვე საუკუნის იმპერატორების მიერ გავრცობილმა და გასრულებულმა თემების სისტემამ თვით იმპერიის დასასრულამდე იარსება. სამხედრო თვალსაზრისით ის აღნიშნავს ევოლუციას, რაც ნიშნეულია შუა საუკუნეების ყველა სახელმწიფოსთვის.
მაგრამ მეშვიდე საუკუნის ყველაზე არსებითი ნიშანი იმპერიის ელინიზაცია გახლდათ. სწორედ ირაკლის მმართველობისას, 627 წელს, საიმპერიო ოქმში ძველი რომაული ტიტულის ნაცვლად პირველად გვხვდება ბერძნული სახელწოდება - «ღვთივსარწმუნო ბასილევსი», რომელიც ამიერიდან მიეკუთვნება ბიზანტიის ყველა იმპერატორს. ბერძნული ენა სახელმწიფოს ოფიციალური ენა ხდება. ჯერ კიდევ იუსტინიანემ, რომელიც ლათინურს იმპერიის «ნაციონალურ ენად» თვლიდა, კეთილ ინება და, ხალხისთვის გასაგები რომ გაეხადა, «ყველასათვის მისაწვდომ ბერძნულ ენაზე» გამოაქვეყნა თავისი უწყებების მეტი ნაწილი. მეშვიდე საუკუნეში ყველა საიმპერიო განკარგულება, ისევე როგორც მთავრობის დადგენილებანი, ბერძნულ ენაზე ქვეყნდება. ადმინისტრაციულ ლექსიკონში ძველი ლათინური ტიტულები ქრება, ან ელინიზირდება და მათ ახალი სახელწოდებები ცვლის - «ლოგოთეტები», «ეპარქები», «სტრატეგები», «დრუნგარიები». არმიაში, სადაც აზიური და სომხური ელემენტები ჭარბობენ, ბრძანებების გაცემა ბერძნულ ენაზე ხდება. მართალია, ბიზანტიის იმპერია თავისი არსებობის უკანასკნელ დღემდე «რომის იმპერიად» იწოდება, მაგრამ სიტყვა «?????????» «ბერძნების» აღმნიშვნელად იხმარება. და ბოლოს, მეხუთე-მეექვსე საუკუნეების მწერლობის დახვეწილი და, ცოტა არ იყოს, ხელოვნური ენის ნაცვლად, რომელიც კლასიკური ლიტერატურის ტრადიციებს აგრძელებს, თანდათანობით მკვიდრდება ბერძნული ხალხური ენა, რომელიც იმპერიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სამეტყველო ენად იქცევა.
იმპერიის ელინიზაციის კვალდაკვალ, სულ უფრო მკაფიო ხდება რელიგიური ტვიფარი, რომლითაც, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ეკლესიის დღითი-დღე მზარდი გავლენის შედეგად, ყოველთვის აღბეჭდილი იყო იგი. რელიგიური საკითხები არსებით როლს თამაშობენ სახელმწიფოში. ირაკლის ომები, იმავდროულად, ჯვაროსნულ ლაშქრობებად გვევლინებიან, საღვთისმეტყველო პრობლემები თეოლოგებზე ნაკლებ როდი აღელვებს იმპერატორებს. ამიერიდან მართლმადიდებლობა ბიზანტიაში უშუალოდ ერწყმის ხალხურობას. ეგეც არ იყოს, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც არაბების მიერ ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების დაპყრობის შემდეგ ბიზანტიის ეკლესიის ერთადერთი მეთაური ხდება, უდიდეს ავტორიტეტს იძენს და ხშირად გადამწყვეტ ზემოქმედებას ახდენს მთავრობაზე. მონაზვნობის განვითარება, მონასტრების სიმრავლე და სიმდიდრე, მონაზვნების გავლენა მორწმუნეთა სულებზე, საყოველთაო პატივისცემა, რომლითაც ისინი არიან გარემოსილნი და მონასტრების კუთვნილი წმიდა ხატების თაყვანისცემა არანაკლები მნიშვნელობის ფაქტებად გვევლინებიან.
მეექვსე საუკუნის დამლევს წარმართობა და მასთან ერთად ანტიკური სულიც ქრება. მეშვიდე საუკუნის დამდეგიდან ბიზანტიური ლიტერატურა პირწმინდად რელიგიურსა და ხალხურ ხასიათს იძენს. ინტელექტუალური და მხატვრული თვალსაზრისით ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მწირი პერიოდია ბიზანტიის ისტორიაში. მაგრამ სწორედ ამის წყალობით, ბერძნული ენა, რომელიც ყოველთვის საეკლესიო ენა იყო აღმოსავლეთში, საბოლოოდ იპყრობს იმპერიას. კონსტანტინოპოლის პატრიარქების პატივმოყვარეობა, რაც ასე აღიზიანებდა თავმომწონე რომაელებს, იმპერატორების რელიგიური პოლიტიკა, რომელიც პაპების წინააღმდეგ იყო მიმართული და შეურაცხყოფდა მათ ღირსებას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანდათან მზარდი უთანხმოება და ურთიერთმტრობა, - ყოველივე ეს აღრმავებდა ორი სამყაროს გათიშულობას და აღმოსავლეთისაკენ უბიძგებდა ბიზანტიის იმპერიას. ამ დროიდან მონარქია იძენს ორ მძლავრ საყრდენს, რომლებიც განაპირობებენ მის არსებობას და საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავენ მის სპეციფიკურ ხასიათს: ეს ორი საყრდენია ელინიზმი და მართლმადიდებლობა.
ირაკლის დინასტიის დასასრული და იმპერიის დეკადანსი (685 - 717 წ.)
საკმარისი იყო მტკიცე და ძლიერი ხელი, რომ უზრუნველეყო ამნაირად გარდაქმნილი იმპერიის კეთილდღეობა. საუბედუროდ, იუსტინიანე მეორის (685 - 695 წ.) წინდაუხედაობამ და თავქარიანობამ მამამისის მოღვაწეობის ყველა შედეგი წყალს მისცა და ქარს გაატანა. კვლავ დაიწყო ომი ბულგარელებსა (689 წ.) და სლავებთან; განახლდა იმპერიისათვის საბედისწერო ბრძოლა არაბებთანაც (692 წ.). მეორეს მხრივ, რელიგიური პოლიტიკა რომთან განხეთქილებისა და იტალიის აჯანყების მიზეზი გახდა. 695 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ირაკლის დინასტია დაემხო და დაიწყო ოცწლიანი ანარქიის პერიოდი (695 - 717 წ.), რომლის განმავლობაშიც ექვსმა იმპერატორმა შეცვალა ერთმანეთი იმპერიის ტახტზე. ამ შინააშლილობების შედეგად ბიზანტიის აფრიკა სამუდამოდ გადავიდა მუსულმანების ხელში (693 - 698 წ.). აღმოსავლეთში, ტიბერიუს მესამე-ის (698 - 705 წ.) მცდელობისა და დროებითი წარმატების მიუხედავად, არაბებმა დაარბიეს მცირე აზია და ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყებულ სომხეთსა (703 წ.) და კილიკიაში (711 წ.) შეიჭრნენ, ხელთ იგდეს ამასია (712 წ.) და პისიდიის ანტიოქია (713 წ.), მოაოხრეს გალატია (714 წ.), გარს შემოეწყვნენ ამორეას (716 წ.) და პერგამოსი აიღეს. იმავდროულად, ბულგარელები, რომელთა ხანმა - ტრეველმა 705 წელს ხელახლა აიყვანა ტახტზე იუსტინიანე მეორე, იმპერიაში შეიჭრნენ (708 წ.) და კონსტანტინოპოლის კარიბჭეს მიაღწიეს (712 წ.). იმპერიის მდგომარეობა კრიტიკული გახდა.
საქმე არც ქვეყნის შიგნით იყო უკეთ. იმდროინდელ საზოგადოებაში შეინიშნება საშინელი ინტელექტუალური და მორალური დეგრადაცია. სამოქალაქო ომის პერიოდში ყველაფერი ველურობის, გულმხეცობის, გამცემლობის სულმა მოიცვა. გამუდმებული შინააშლილობანი, აღვირახსნილი პატივმოყვარეობა, ამბოხებების ალში გახვეული ქვეყანა იტალიიდან ხერსონესამდე, - ყოველივე ეს მოწმობდა, რომ აღარც ერთგულება დარჩა სადმე და აღარც ლოიალობა. ფართო გასაქანი ეძლევა ცრუმორწმუნოებას: წმიდა ნაწილების თაყვანისცემა, ხატების სასწაულთმოქმედი ძალის, ყოველივე უჩვეულოსა და ზებუნებრივის მიამიტური რწმენა; საკმარისია გავიხსენოთ, რა როლი მიეწერებოდა ღვთისმშობელს კონსტანტინოპოლის გარემოცვისას (626 წ.), ან წმიდა დიმიტრის - თესალონიკის დაცვისას. ამ დროს ყველა სულს ეუფლება ფატალისტური განწყობილება. ყველაფერი, რაც საერო თუ სასულიერო პირთა ზნეობაზე ვიცით, გამაოგნებელ დემორალიზაციას მოწმობს. საყოველთაო აშლილობის კიდევ ერთი მიზეზი იყო ბერ-მონაზონთა ზეგავლენა და ის უჩვეულო ვნებათაღელვა, რასაც ისინი აღვივებდნენ ხალხში. ყოველივე ეს სავსებით სამართლიან აღშფოთებას იწვევდა ქვეყნის მოჭირნახულეთა სულში.
იმპერია მხსნელსა და მეოხს ელოდა. ეს როლი ლეონ ისავრიელს ხვდა წილად. 717 წელს, როცა ანატოლიაკოსთა და არმენიაკოსთა სტრატეგები ერთობლივად აღიძრნენ თეოდოსი მესამე-ის წინააღმდეგ, რომელიც იმპერატორად გამოაცხადეს ოპსიკიონის მოლაშქრეებმა, და კონსტანტინოპოლისაკენ დაიძრნენ, ყველამ - სენატმა და ხალხმა, პატრიარქმა და ჯარისკაცებმა - მხარი დაუჭირა ლეონს. ისავრიელთა დინასტიას, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება, სასწრაფოდ უნდა აღედგინა წესრიგი, უზრუნველეყო იმპერიის უსაფრთხოება და წარმატებით დაეგვირგვინებინა მისი რეორგანიზაცია.
თავი მეოთხე
ისავრიელი იმპერატორები და ხატთმბრძოლობა
(717 - 867)
პირველი. იმპერიის აღდგენა ორი პირველი ისავრიელი იმპერატორის მმართველობისას (717 - 775 წ.). მეორე. - ხატთმბრძოლობა (726 - 780 წ.). მესამე. - ირინე და ხატთთაყვანისმცემლობის აღდგენა (780 - 802 წ.). მეოთხე. - ხატთმბრძოლობის მეორე პერიოდი (802 - 842 წ.). მეხუთე. - საგარეო პოლიტიკა და იმპერიის აღდგენა.
იმპერიის აღდგენა ორი პირველი ისავრიელი იმპერატორის მმართველობისას (717 - 775 წ.)
ახალი იმპერატორი ლეონ მესამე (717 - 740 წ.) მრავალი ღირსებით შემკული კაცი იყო: დიდებული მხედართმთავარი, წარმატებით რომ იცავდა მუსულმანებისგან აზიას; გამჭრიახი დიპლომატი და საუცხოო ორგანიზატორი, მოკლედ, ყველა იმ თვისების მფლობელი, რაც აუცილებელია სახელმწიფო მოღვაწისათვის. მისი ვაჟი კონსტანტინე მეხუთე (740 - 775 წ.), რომელიც მამამ დროულად დაისვა თანამოსაყდრედ, მტრების ავყიობისა და ცილისწამების, მათი მუდმივი დაცინვის მიუხედავად, რის გამოც «კოპრონიმი» («ნეხვი») და «კაბალინოსი» («მეჯინიბე») შეერქვა მეტსახელად, - ლეონ მესამე-სავით ღირსეული მბრძანებელი იყო: ჭკვიანი და ენერგიული, დიდი მხედართმთავარი და დიდებული ორგანიზატორი; მართალია, ამასთანავე, მამაზე უფრო პატივმოყვარე, ფიცხი, სასტიკი და გულისთქმის ამყოლი გახლდათ, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ მამაც და შვილიც ჭეშმარიტად დიდი იმპერატორები იყვნენ, რომელთა ხსოვნაც დიდხანს ცოცხლობდა ხალხისა და არმიის გულში. თვით მათი მტრებიც კი სათანადო პატივს მიაგებდნენ მამა-შვილს. ნიკეის საეკლესიო კრების მამები, სასტიკად რომ გმობდნენ ლეონ მესამისა და კონსტანტინე V-ის რელიგიურ პოლიტიკას, იმავდროულად, ქებას ასხამდნენ მათ სიმამაცეს, მამა-შვილის მიერ მოპოვებულ გამარჯვებებს, მათ მიერ ქვეშევრდომთა საკეთილდღეოდ დასახულ ღინისძიებებს, მათ კანონებსა და სამოქალაქო დაწესებულებებს, მოკლედ, ყველაფერს, რისი წყალობითაც მომადლიერებული ჰყავდათ ხალხი. და მართლაც, ორივე პირველი ისავრიელი იმპერიის დიდებული რეფორმატორი იყო.
საგარეო პოლიტიკა. - ლეონ მესამე-ის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე თვესაც არ გაევლო, რომ კონსტანტინოპოლის მისადგომებთან არაბები გამოჩნდნენ და ზღვიდან და ხმელეთიდან შეუტიეს დედაქალაქს. თვით უმკაცრესმა ზამთარმაც კი ვერ შეაჩერა მათი შეტევა. მაგრამ რამდენიმე საზღვაო ბრძოლის შემდეგ მუსულმანთა ფლოტი დამარცხდა; დამშეულმა და ქანცგაწყვეტილმა არმიამაც სასტიკი მარცხი იწვნია. ერთი წლის ამაო მცდელობის შემდეგ (717 წლის აგვისტო - 718 წლის აგვისტო) არაბებმა ალყა მოხსნეს. ლეონ მესამე-ისათვის ეს იყო მმართველობის სახელოვანი დასაწყისი, არაბებისათვის კი - უდიდესი უბედურება. ამ მოვლენას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე თხუთმეტი წლის შემდეგ (732 წ.) შარლ მარტელის მიერ პუატიეს ხეობაში მოპოვებულ გამარჯვებას. არაბთა მძლავრობას დროებით მაინც მოეღო ბოლო და ღვთისმოსავ ბიზანტიელებს შეეძლოთ ეამაყათ იმით, რომ უფალი ღმერთი და ღვთისმშობელი მფარველობას არ აკლებდნენ ქრისტიანულ იმპერიას და მის დედაქალაქს.
მაგრამ ამ დამარცხების მიუხედავად არაბები მაინც ძალზე საშიშნი იყვნენ. რამდენიმე წელიწადში მოითქვეს სული, კვლავ განაახლეს შეტევა და თითქმის ყოველ წელს აოხრებდენ მცირე აზიას. მაგრამ სასტიკი მარცხი, ორმა იმპერატორმა აკროინოსთან რომ აგემა არაბებს (739 წ.) მკაცრი გაკვეთილი აღმოჩნდა მათთვის. ამით ისარგებლა კონსტანტინე V-მ, რათა თვითონ დასხმოდა თავს სირიას (745 წ.), უკან დაებრუნებინა კიპროსი (746 წ.) და ევფრატსა და სომხეთამდე მისულიყო თავისი ლაშქრით (751 წ.). ბიზანტიელთა წარმატებას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი არაბთა იმპერიაში დაწყებულმა შინააშლილობამ და ხელისუფლების სათავეში აბასიდების მოსვლამ (750 წ.), რის შედეგადაც ხალიფატის დედაქალაქი მახლობელი დამასკოდან შორეულ ბაღდადში იქნა გადატანილი. კონსტანტინე მეხუთის მთელი მმართველობის მანძილზე ომს ყოველთვის ბიზანტიელები იგებდნენ. უფრო გვიან (778 წ.) მისი ვაჟი ლეონ მეოთხე ასი ათასიანი ლაშქრით შეიჭრა სირიაში და მცირე აზიიდან გააძევა მუსულმანები (779 წ.). არაბთა შემოსევის საფრთხე, ესოდენ საშიში მეშვიდე საუკუნეში, უკვე აღარ ემუქრებოდა იმპერიას.
კონსტანტინე მეხუთე იმავდროულად ცდილობდა ბულგარელების შემოსევაც აეცილებინა თავიდან. 755 წელს იმპერატორი შეტევაზე გადავიდა და მარჩელაისა (759 წ.) და ანქიალოსთან (762 წ.) ისეთი სასტიკი მარცხი აგემა ბულგარელებს, რომ შეძრწუნებულმა ბარბაროსებმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედეს და იძულებულნი შეიქნენ ზავი ეთხოვათ (764 წ.). მეორე ომი, რომელიც 772 წელს დაიწყო და კონსტანტინე მეხუთის მმართველობის დასასრულამდე გაგრძელდა, არანაკლებ ძლევამოსილი იყო. მართალია, იმპერატორმა ვერ შესძლო ბულგარელთა სახელმწიფოს განადგურება, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე აღედგინა ბიზანტიური საჭურვლის პრესტიჟი. გარდა ამისა, მან ჩაახშო სლავების აჯანყება თრაკიასა და მაკედონიაში (758 წ.) და, იუსტინიანე მეორის მაგალითისამებრ, რამდენიმე სლავურ ტომს საცხოვრისად მიუჩინა ოპსიკიონის თემი მცირე აზიაში (762 წ.).
საშინაო რეფორმა. - ამრიგად, იმპერიის მიმართ პატივისცემას რომ უნერგავდა მტრებს, ორი პირველი ისავრიელი იმპერატორი იმავდროულად ცდილობდა ქვეყნის შიგნითაც აღედგინა ოდინდელი ძლიერება. ეს იყო საშვილიშვილო საქმე, ქვეყნის ადმინისტრაციული, ეკონომიური და სოციალური რეფორმაცია.
იმპერიის საზღვრების დასაცავად ლეონ მესამე და მისი ვაჟი ყველგან ნერგავდნენ თემების რეჟიმს: მეშვიდე საუკუნის ვრცელ ადმინისტრაციულ ერთეულებს გაცილებით უფრო მრავალრიცხოვან და ნაკლები ფართობის მქონე ოლქებად ჰყოფდნენ, რომელთა დაცვაც უფრო ადვილად შეიძლებოდა. ეგეც არ იყოს, ამ სისტემას პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარა უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან საგრძნობლად ასუსტებდა ძალაუფლებას, რასაც ვრცელი ტერიტორიების ფლობა ხელში უგდებდა მათ მმართველებს, და ამცირებდა აქედან გამომდინარე ამბოხებათა საფრთხეს. თუ სამხედრო კანონი მიზნად ისახავდა არმიაში დისციპლინის განმტკიცებას, - გულმოდგინე და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი ფინანსური ადმინისტრაცია სახსრებით ამარაგებდა ხაზინას. სამიწათმოქმედო კანონი ცდილობდა შეეზღუდა ვრცელი მამულების განვითარება, გაკოტრებისაგან ეხსნა ნაკლებად შეძლებული მესაკუთრენი და არსებობის უფრო ასატანი პირობები შეექმნა გლეხობისათვის. საზღვაო კანონი ხელს უწყობდა ზღვისიქითა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. მაგრამ ყველაზე უფრო ქმედითი იყო დიდი საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც აღინიშნა სამოქალაქო კოდექსის - ეგრეთწოდებული «ეკლოგის» გამოქვეყნებით (739 წ.), და რომელმაც საგრძნობლად გააუმჯობესა მართლმსაჯულება, რადგანაც, გაცილებით მეტი სიცხადით, სრულიად ახალი, ადამიანურობისა და თანასწორობის ჭეშმარიტად ქრისტიანული სული შეიტანა სასამართლო პრაქტიკაში. ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ ორმა პირველმა ისავრიელმა მდიდარ და აყვავებულ ქვეყნად აქცია ბიზანტია, მიუხედავად შავი ჭირის მძვინვარებისა, რომელმაც 747 წელს მუსრი გაავლო იმპერიის მოსახლეობას, და ხატთმბრძოლობით გამოწვეული მღელვარებისა.
ხატთმბრძოლობა (726 - 780 წ.)
იმპერიის აღორძინების საქმე ბოლომდე რომ მიეყვანათ, ლეონ მესამე და კონსტანტინე მეხუთე შეეცადნენ განეხორციელებინათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური რეფორმა. მათ აკრძალეს წმიდა ხატები და დევნა დაუწყეს მათ დამცველ ბერ-მონაზვნებს; ასე რომ, მათ მიერ წამოწყებული ხატთსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად «ხატთმბრძოლების» სახელით შევიდნენ ისტორიაში.
რატომღაც ხშირად არასწორად ესმით ისავრიელ იმპერატორთა რელიგიური რეფორმის მნიშვნელობა და მიზანი. მიზეზი, რამაც ამნაირი პოლიტიკა განაპირობა, ერთსა და იმავე დროს, რელიგიურიც იყო და პოლიტიკურიც. მერვე საუკუნის დამდეგს მრავალი ღვთისმოსავის სულს შეურაცხყოფდა მეტისმეტი ცრუმორწმუნეობა, ის უჩვეულო მნიშვნელობა, რაც ხატების თაყვანისცემას ენიჭებოდა ბიზანტიელთა ცხოვრებაში, მათი სასწაულთმოქმედი თვისებების რწმენა და მათთან ყოველგვარი ადამიანური ქცევის, ყოველგვარი ინტერესის დაკავშირება. მრავალი კეთილშობილი კაცის აღშფოთებას იწვევდა ის ბოროტება, რასაც ამ გზით აყენებდნენ სარწმუნოებას.
ხატებისადმი მტრული დამოკიდებულება განსაკუთრებით ძლიერი იყო აზიაში; ლეონ მესამე, წარმომავლობით აზიელი, მთლიანად იზიარებდა ამ გრძნობას. არც ის და არც მისი ვაჟი არ ყოფილან, როგორც ფიქრობენ ხოლმე, თავისუფლად მოაზროვნენი, რაციონალისტები, რეფორმაციისა თუ რევოლუციის წინამორბედნი; ისინი თავიანთი დროის შვილები იყვნენ, ღვთისმოსავნი, მორწმუნენი, ასე განსაჯეთ, თეოლოგიურად განათლებულნიც და გულწრფელად ზრუნავდნენ რელიგიურ რეფორმაზე, რისთვისაც საჭიროდ თვლიდნენ მთლიანად გაეწმინდათ სარწმუნოება ყოველივე იმისაგან, რაც კერპთთაყვანისმცემლობად ეჩვენებოდათ. მაგრამ, იმავდროულად, ისინი იყვნენ სახელმწიფო მოღვაწენი, რომელთა უპირველსი საზრუნავიც გახლდათ იმპერიის სიმშვიდე და კეთილდღეობა. მონასტრების ურიცხვი სიმრავლე და მათი განუწყვეტლივ მზარდი სიმდიდრე კი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ სახელმწიფოს. იმის შედეგად, რომ სამონასტრო საკუთრება გადასახადებისაგან თავისუფალი იყო, ხაზინას შემოსავალი აკლდებოდა. მონასტრებში ბერად აღკვეცილთა სიმრავლე მუშახელს ართმევდა მიწათმოქმედებას, არმიას - ჯარისკაცებს, საზოგადოებრივ დაწესებულებებს კი - მოხელეებს. მაგრამ გნსაკუთრებით საშიში მღელვარების წყარო იყო მორწმუნეთა სულზე ბერ-მონაზვნების ზეგავლენა და აქედან გამომდინარე - მათი ძალმოსილება. სწორედ ამნაირი ვითარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ისავრიელები, მეტადრე კონსტანტინე მეხუთე. ხატების აკრძალვით ისინი ცდილობდნენ შეესუსტებინათ ბერ-მონაზონთა გავლენა, რომელთათვისაც ხატების კულტი ყველაზე მძლავრი საშუალება იყო მორწმუნეთა სულზე ზემოქმედების მოსახდენად. რაღა თქმა უნდა, ასეთნაირად დაწყებული ბრძოლის გზით ისავრიელმა იმპერატორებმა დასაბამი დაუდეს შინააშლილობათა ხანგრძლივ ერას. ისიც ცხადია, რომ ამ კონფლიქტს პოლიტიკის სფეროში ძალზე სერიოზული შედეგები მოჰყვა. მაგრამ ვისაც სურს მართებულად შეაფასოს ხატთმბრძოლ იმპერატორთა საქციელი, არ უნდა დაივიწყოს, რომ მას უყოყმანოდ დაუჭირა მხარი როგორც უზენაესმა სამღვდელოებამ, რომელიც შურის თვალით უყურებდა ბერ-მონაზონთა გავლენას, ისე არმიამაც, რომელიც უმეტესწილად აზიელებისაგან შედგებოდა; მათ მხარდაჭერა ჰპოვეს არა მარტო ოფიციალურ სამყაროში, არამედ ხალხშიც, და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მათ საქმეს არც საფუძველი აკლდა და არც სიდიადე.
726 წელს ლეონ მესამე-მ გამოაქვეყნა პირველი ედიქტი ხატების წინააღმდეგ, რომლითაც ის, როგორც ჩანს, ხატების შემუსვრას კი არ ბრძანებდა, არამედ მხოლოდ იმას, რომ უფრო მაღლა დაეკიდათ და, ამრიგად, ბრბოის თაყვანისცემისათვის გაერიდებინათ ისინი. ამ ღონისძიებამ საშინელი აღშფოთება გამოიწვია: კონსტანტინოპოლში გააფთრებული შეტაკებანი მოხდა, საბერძნეთში აჯანყებამ იფეთქა, თუმცა ჯანყი მალე ჩაახშეს (727 წ.), მთელი იტალია ედიქტის წინააღმდეგ აღდგა; პაპი გრიგოლ მეორე იმით შემოიფარგლა, რომ მკაცრი პროტესტი გამოთქვა იკონოკლასტური (ხატთმბრძოლური) ერესის წინააღმდეგ; მისმა მემკვიდრემ გრიგოლ მესამემ უფრო თამამი პოლიტიკის გატარება დაიწყო და არა მარტო შეაჩვენა ხატების წინააღმდეგ მებრძოლნი (731 წ.), არამედ ერთხანს ისიც კი სცადა, რომ იმპერატორთან საბრძოლველად მიემხრო ლანგობარდები. სირიაში იოანე დამასკელი წყევლა-კრულვით იკლებდა ლეონ მესამე-ს. თუმცა ედიქტს, როგორც ჩანს, ძალზე ზომიერად ახორციელებდნენ: ხატების დამცველთ არ განუცდიათ სისტემატური დევნა. მართალია, პატრიარქ გერმანოზს ხარისხი აჰყარეს და რეფორმის მომხრით შეცვალეს (729 წ.), ხოლო საეკლესიო სკოლების წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს მიმართეს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საბერძნეთის აჯანყების ჩახშობისას მაინცდამაინც დიდი სიმკაცრე არ გამოუჩენიათ.
და მაინც ბრძოლას, ფატალური გარდუვალობით, გაცილებით უფრო მწვავე ხასიათი უნდა მიეღო. იმ კონფლიქტში, სადაც, არსებითად ერთმანეთს შეეჯახნენ იმპერატორის ავტორიტეტი რელიგიის საკითხებში და ეკლესიის სწრაფვა სახელმწიფოს მეურვეობისაგან განთავისუფლებისაკენ, მალე იჩინა თავი პრინციპულმა უთანხმოებამ. ეგეც არ იყოს, კონსტანტინე მეხუთემ, რომელიც მამამისზე უფრო მეტად იყო დაინტერესებული თეოლოგიური საკითხებით, ბრძოლაში თავისი პირადი მოსაზრებებიც ჩართო და არა მარტო ხატების, არამედ ღვთისმშობლისა და წმიდანთა კულტის წინააღმდეგ გაილაშქრა, და რაკი გაცილებით უფრო ფიცხი ხასიათის პატრონიც იყო, ამიტომ უფრო ფანატიკური სიშმაგითა და სისასტიკით წარმართავდა ბრძოლას.
როცა ათწლიანი დიდებისა და მორჭმულების შემდეგ კონსტანტინე მეხუთე საბოლოოდ დამკვიდრდა ტახტზე, რომელიც ერთხანს ლამის შეარყია არტავაზის აჯანყებამ (740 - 742 წ.), მან ჰიერიაში მოიწვია საეკლესიო კრება (753 წ.), რომელმაც დიდი ზარ-ზეიმით დაგმო ხატები. ამიერიდან იმპერატორს შეეძლო დაესაჯა მოპირისპირენი არა მარტო მისდამი ურჩობის, არამედ უფლის წინააღმდეგ ამბოხების გამოც. თუმცა თავდაპირველად იმედს არ კარგავდა, რომ შესძლებდა დაერწმუნებინა მოწინააღმდეგენი.
მხოლოდ 765 წელს დაიწყო ნამდვილი დევნა. ხატები დაამსხვრიეს, მონასტრები დახურეს ან სეკულარიზაცია უყვეს, ყაზარმებად თუ სასტუმროებად აქციეს, სამონასტრო საკუთრება ჩამოართვეს, ბერ-მონაზვნები შეიპყრეს და დილეგში ჩაყარეს, ბევრი მათგანი აწამეს და გადაასახლეს; ზოგიერთი, როგორც მაგალითად, წმიდა სტეფანე უმცროსი, სიკვდილით იქნა დასჯილი; ზოგიც, ჰიპოდრომზე თავშეყრილი ხალხის სასეიროდ სამარცხვინო ბოძზე გააკრეს. პატრიარქი კონსტანტინე ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს (767 წ.). ხუთი წლის მანძილზე მთელს იმპერიაში მძვინვარებდა დევნა, შესაძლოა, ნაკლებ სასტიკი, ვიდრე ამას იმპერატორის მოწინააღმდეგენი გვიხატავენ, - სასიკვდილო განაჩენი იშვიათად თუ გამოჰქონდათ, - მაგრამ მდევნელნი მაინც დაუნდობელნი იყვნენ. «კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, - წერს ერთი თანამედროვე, - რომ მთავრობამ გადაწყვიტა მთლიანად ამოეძირკვა მონაზვნობა». ბერები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მდევნელთ; წარბშეუხრელად იტანდნენ ტანჯვას «სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისათვის». თუმცა ბევრმა ქედი მოიხარა, ბევრიც გაიქცა, უმეტესწილად - იტალიაში, ასე რომ, ერთი თანამედროვის გაზვიადებული თქმისა არ იყოს, «გეგონებოდათ, მთელს იმპერიაში აღარ დარჩა აღარცერთი ბერ-მონაზონი».
რასაკვირველია, ეს ბრძოლა უმაგალითო სიშმაგის, მძვინვარების, უკიდურესი სისასტიკის სათავედ იქცა და იმპერიაში არნახული შინააშლილობა გამოიწვია. ეგეც არ იყოს, მას ძალზე მძიმე შედეგი მოჰყვა. უკვე ლეონ მესამე-ის მცდელობამ, პაპების ოპოზიციის დასათრგუნად რომის გავლენას რომ ჩამოაცილა კალაბრია, სიცილია, კრეტა, ილირია და კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაუქვემდებარა ისინი, უკიდურესად გაამწვავა პაპების უკმაყოფილება და იტალიელთა გულისწყრომა.
751 წელს, როცა ლანგობარდებმა შემუსრეს რავენის ეკზარქატი, პაპმა სტეფანე მეორემ უყოყმანოდ აქცია ზურგი ერეტიკულ იმპერიას, რომელსაც ნახევარკუნძულის დაცვა აღარ შეეძლო, და ფრანკებისაკენ იბრუნა პირი, რათა მათთვის ეთხოვა ნაკლებ სამძიმო და გაცილებით უფრო ქმედითი დახმარება. და მართლაც, ძლევამოსილი პიპინისაგან მიიღო ოდესღაც ბიზანტიის კუთვნილი ტერიტორიები, რომლებიც ამიერიდან პაპების საერო სამფლობელოდ იქცნენ (754 წ.).
ეს იყო განხეთქილება რომსა და იმპერიას შორის. კონსტანტინე მეხუთეს არაფერი დაუშურებია პაპის დასასჯელად, ვინც მას მხოლოდ და მხოლოდ მოღალატე ქვეშევრდომად მიაჩნდა, უკანონოდ რომ მიითვისა ის, რაც მის ბატონებს ეკუთვნოდა. მაგრამ მის ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია. 774 წელს კარლოს დიდი კვლავ შეიჭრა ნახევარკუნძულზე და საზეიმო ვითარებაში დაუმტკიცა პაპს პიპინის საჩუქარი. ბიზანტიამ იტალიაში შეინარჩუნა მხოლოდ ვენეცია და რამდენიმე ქალაქი ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ამის შედეგად საგრძნობლად დაკნინებული იმპერია კიდევ უფრო აღმოსავლეთით მიჭუჭკული აღმოჩნდა. ეგეც არ იყოს, ეს განხეთქილება სამერმისოდ ძალზე სახიფათო და სერიოზული გართულებების მიზეზი გახდა.
ირინე და ხატთთაყვანისმცემლობის აღდგენა (780 - 802 წ)
პირველ ისავრიელთა რელიგიურმა პოლიტიკამ განხეთქილების, უკმაყოფილებისა და შინააშლილობის საშიში თესლი დათესა, რამაც კონსტანტინე მეხუთის სიკვდილისთანავე იჩინა თავი.
თავისი ხანმოკლე მმართველობის მანძილზე ლეონ მეოთხე (775 - 780 წ.) წინამორბედთა ტრადიციებს აგრძელებდა, მაგრამ სულ მალე მისმა ქვრივმა ირინემ, რომელიც მცირეწლოვანი კონსტანტინე მეექვსის მეურვედ იქნა დანიშნული, თავისი პატივმოყვარული ზრახვებისათვის უფრო სასარგებლოდ მიიჩნია მართლმადიდებლობას დაყრდნობოდა და ხატთთაყვანისმცემლობა აღედგინა. რაკიღა თავისი შთანაფიქრის ხორცშესხმის მეტი აღარაფერი ახსოვდა, სრულიად აიღო ხელი მუსულმანებთან ბრძოლაზე, რომლებიც 782 წელს კვლავ გამოჩნდნენ ხრისოპოლისთან, უშუალოდ კონსტანტინოპოლის მახლობლად, და სამარცხვინო ზავი დაუდო ხალიფას (783 წ.). მეორეს მხრივ, დედოფალი დაუახლოვდა რომს და მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ფრანკების სახელმწიფოსთან. თავის საშინაო პოლიტიკაში ის, უწინარეს ყოვლისა, ცდილობდა მმართველობისათვის ჩამოეცილებინა ხატების მოწინააღმდეგენი; ამიტომაც იყო, რომ დედაქალაქიდან გააძევა თავისი მაზლები - კონსტანტინე მეხუთის ვაჟიშვილები. რაკი მიზნისკენ მიმავალი გზა გაიკაფა, ირინემ პატრიარქ ტარასის თანადგომით მიაღწია იმას, რომ ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებას (787 წ.) დიდი ზარ-ზეიმით დააგმობინა იკონოკლასტური ერესი და ხატთთაყვანისმცემლობა აღადგინა, რასაც დიდი მოწონებით შეხვდნენ მორწმუნენი, რომლებიც ამ გამარჯვებას სახელმწიფოსაგან ეკლესიის სრული დამოუკიდებლობის საწინდრად მიიჩნევდნენ.
გამარჯვებით გალაღებული და თავისი საღვთისმოსაო გულმოდგინების შედეგად მოხვეჭილი პოპულარობით ფრთაშესხმული დედოფალი არც კი შეყოყმანებულა, ისე გამოუცხადა ბრძოლა თავის ვაჟს, რომელმაც უკვე სრულწლოვანებას მიაღწია, და შეეცადა ტახტი წაერთმია მისთვის. თავდაპირველად ის იძულებული გახდა უკან დაეხია (790 წ.), კონსტანტინე მეხუთის ხსოვნის ერთგული არმიის უკმაყოფილებით დამფრთხალი და იმ დამარცხებებით დათრგუნვილი, ბიზანტიელთა ლაშქარს რომ აგემეს არაბებმა, ბულგარელებმა და ლანგობარდებმა. მაგრამ თავისი სიმარჯვის, ცბიერებისა და შეუპოვრობის წყალობით, ბოლოს მაინც მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება: 797 წელს დაამხო თავისი ვაჟი და იმასაც კი არ დაერიდა, რომ თვალები დაეთხარა მისთვის. მას შემდეგ, როგორც ნამდვილი იმპერატორი, ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა (797 - 802 წ.); ეს იყო პირველი ქალი, რომელიც თავისი სახელით მართავდა იმპერიას. და თუმცა, მისი მეოხებით, ბრძოლის შედეგად განმტკიცებულმა და განახლებულმა ეკლესიამ თავისი უწინდელი ადგილი დაიკავა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ბერ-მონაზვნებისა და ხატთთაყვანისმცემლების პარტია, ისეთი პიროვნებების წინამძღვრობით, როგორიც იყო თეოდორე სტუდიტე, უფრო ძლიერი და მოქნილი გახდა, ვიდრე ოდესმე, - ირინეს განსაკუთრებულ ზრუნვას რელიგიური პოლიტიკის განუხრელად გატარებაზე მაინც სავალალო შედეგები მოჰყვა.
კონსტანტინე მეექვსის მიერ არაბებისა და ბულგარელების წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული დროებითი წარმატებების მიუხედავად (791 - 795 წ.), ბაღდადის ხალიფატმა ჰარუნ-ალ-რაშიდის წინამძღოლობით ძლევამოსილი შეტევა წამოიწყო აღმოსავლეთში და აიძულა ბიზანტია ხარკი ეძლია მისთვის (798 წ.). დასავლეთით, კარლოს დიდის პირისპირ, იმპერია ასევე უმწეო აღმოჩნდა, და 800 წლის ისტორიული მოვლენები, რომელთა შედეგადაც დასავლეთ რომის იმპერია აღდგენილ იქნა ფრანკთა მეფის მიერ, ძალზე დამამცირებელი იყო ბიზანტიის სამეფო კარისათვის.
დაკნინებული და დაუძლურებული იმპერია შინაგანადაც გამოფიტული იყო იმ მეტისმეტი კეთილმოწყალების შედეგად, რასაც სახელმწიფო იჩენდა ეკლესიის მიმართ, ისევე როგორც შეურიგებელი უთანხმოების გამო, სახელმწიფოს თავს რომ მოახვია ხატთმბრძოლობამ, და ბოლოს, ირინეს უგვანი მაგალითისა და უკეთური ქცევის წყალობით, რამაც დასაბამი დაუდო დინასტიურ გადატრიალებათა ერას. ეჭვს გარეშეა, რომ ხატთმბრძოლობის ეპოქა სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მიღწევების ნიშნითაა აღბეჭდილი: ისავრიელი იმპერატორები პურიტანები როდი იყვნენ; ხატების აკრძალვის მიუხედავად, მათთვის უცხო არ ყოფილა ფუფუნების, სასახლის კარის სიმდიდრისა და ამქვეყნიური სიამით ტკბობის სიყვარული. ამიტომაც იყო, რომ თავიანთი შენობებისა და ნაგებობების შემკობის მიზნით ხელს უწყობდნენ როგორც ანტიკური, ისე არაბული ტრადიციებით ნასაზრდოები საერო ხელოვნების განვითარებას. ყოველივე ამას უნდა დაემატოს ის თვალსაჩინო ადგილი, რაც მერვე საუკუნის ბიზანტიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეჭირათ აზიელებს, რის შედეგადაც იმპერია სულ უფრო და უფრო მეტად აღმოსავლური ხდებოდა. მაგრამ რაგინდ მნიშვნელოვანიც უნდა ყოფილიყო როლი, რასაც იმპერია ასრულებდა, როგორც ქრისტიანობის ბურჯი ისლამის წინააღმდეგ და როგორც კულტურის დამცველი ბარბაროსების წინაშე, მერვე საუკუნის დასასრულს მას ყოველი მხრიდან ემუქრებოდა საშინელი საფრთხე, რომლის წინაშეც ის უძლური ჩანდა.
802 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ირინე დაამხო უზურპატორმა ნიკიფორე პირველმა, რითაც დასაბამი ეძლევა ნგრევისა და ანარქიის ერას.
ხატთმბრძოლობის მეორე პერიოდი (802 - 842 წ)
ნიკიფორე პირველი (802 - 811 წ.) ჭკვიანი მბრძანებელი და მარჯვე ფინანსისტი იყო. გაჩანაგებული ხაზინის შევსებაზე ზრუნვამ აიძულა თვით საეკლესიო საკუთრებაც ხელეყო. ახალი იმპერატორი ზომიერ მოქმედებას უჭერდა მხარს და ამიტომაც უარი განაცხადა ხატთმბრძოლების შლეგურ ტაქტიკაზე, თუმცა მაინც შესძლო შეენარჩუნებინა მათი რეფორმა და აღეკვეთა გამარჯვებით გალაღებული ეკლესიის სწრაფვა, თავი დაეღწია სახელმწიფოს ძალაუფლებისათვის და ხელახლა მოეპოვებინა თავისუფლება. ასეთი გახლავთ ხატთმბრძოლობის მეორე პერიოდის სპეციფიკური ნიშანი, პერიოდისა, როცა ბიზანტიაში დაიწყო რაღაც იმის მსგავსი, რასაც უფრო გვიან დასავლეთში ინვესტიტურებზე დავა ეწოდა.
წმიდა იოანე სტუდიტეს მონასტრის ბერ-მონაზვნები, თავიანთი წინამძღვრის თეოდორეს თავკაცობით, ურყევად და ქედუხრელად უჭერდნენ მხარს ეკლესიის პრეტენზიებს; არანაკლები თავგამოდებით იბრძოდნენ ისინი პატრიარქ ნიკიფორეს (806 - 815 წ.) ფრთხილი პოლიტიკის წინააღმდეგ, პატრიარქისა, რომელიც ცდილობდა წაეშალა ხატთმბრძოლობის დროების ხსოვნა; ბერები ასევე ეურჩებოდნენ იმპერატორის ფინანსურ პოლიტიკას და არ სცნობდნენ მის ავტორიტეტს რწმენის სფეროში. ხელისუფლება იძულებული იყო დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადებინა მათთვის (809 წ.) და არა მარტო მონასტრებიდან, ქვეყნიდანაც გაეძევებინა ისინი. ბერებმა ქედი არ მოიდრიკეს და შემწეობისათვის მიმართეს პაპს, რომელსაც განუცხადეს, რომ მზად იყვნენ ეღიარებინათ რომის ეკლესიის პრიორიტეტი, რათა ამ ფასად უზრუნველეყოთ აღმოსავლური ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან. მათ საქციელს, ცხადია, სათანადო რეაქცია უნდა გამოეწვია ხატების წინააღმდეგ მებრძოლთა მხრივ. სწორედ ეს გახდა ლეონ მეხუთე სომეხისა (813 - 820 წ.) და ფრიგიული დინასტიის ორი იმპერატორის - მიხეილ მესამე-ისა (820 - 829 წ.) და თეოფილეს (829 - 842 წ.) უმთავრესი საქმე. იმპერიაში ხელახლა დაიწყო საშინელი არეულობა, რომელიც მთელი ოცდაათი წლის მანძილზე გაგრძელდა.
815 წელს წმიდა სოფიოს ტაძარში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ ხელმეორედ აკრძალა ხატები და იურიდიული ძალა მიანიჭა ხატთმბრძოლი იმპერატორების მიერ 753 წელს გამოტანილ დადგენილებებს. ამას კვლავ მოჰყვა ხატების მსხვრევა. ბერ-მონაზვნების სულ უმნიშვნელო პროტესტსაც კი დაუნდობლად ახშობდნენ, ხატთაყვანისმცემლებს სდევნიდნენ, სამართალში აძლევდნენ და გადასახლებას უსჯიდნენ. თეოდორე სტუდიტე გადასახლებაში გარდაიცვალა (826 წ.). იმპერატორ თეოფილეს, ამ თავგამოდებული ხატთმბრძოლის დროს, ჯიუტად რომ იცავდა თავის თეოლოგიურ მრწამსს, დევნა კიდევ უფრო სასტიკი გახდა. ხატების დამცველთა წინააღმდეგ გამოქვეყნდა მკაცრი ბრძანება (832 წ.), და პატრიარქმა იოანემ, მეტსახელად ლეკანომანტმა («ჯადოქარმა») თავს იდო მისი აღსრულება. მონასტრებს ხურავდნენ, ბერ-მონაზვნებს სდევნიდნენ და დილეგში ჰყრიდნენ. ხელახლა გამეფდა ტერორი. მაგრამ ასოცწლიანი ფუჭი და უნაყოფო ბრძოლის შედეგად ქვეყანა დაიღალა. თეოფილეს გარდაცვალებისთანავე მისმა ქვრივმა - რეგენტმა თეოდორამ თავისი ძმის ბარდას რჩევით გადაწყვიტა კვლავ აღედგინა მშვიდობა და ხატების თაყვანისცემა განაახლა. ეს მოხდა 843 წლის საეკლესიო კრებაზე, რომელსაც ახალი პატრიარქი მეთოდე თავკაცობდა; კრებამ დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება. ბერძნული ეკლესია დღესაც, ყოველი წლის 19 თებერვალს საზეიმოდ აღნიშნავს ამ მოვლენას - მართლმადიდებლობის დღესასწაულს.
ამრიგად, ხატები აღადგინეს, რის შედეგადაც ეკლესია გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან, მაგრამ ერთ არსებით საკითხში ხატების წინააღმდეგ მებრძოლი იმპერატორების საქმე უცვლელი დარჩა. მათ სურდათ სახელმწიფოს გავლენისა დ იმპერატორის ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინათ ეკლესია. სტუდიტები გააფთრებით იბრძოდნენ ამ განზრახვის წინააღმდეგ. ისინი გადაჭრით უარყოფდნენ იმპერატორის უფლებას, თვითონ გადაეწყვიტა სარწმუნოებრივი საკითხები და თავგამოდებით იბრძოდნენ საერო ძალაუფლებისაგან ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. ამ საკითხში სტუდიტები დამარცხდნენ. ეკლესია უფრო მეტად დაექვემდებარა იმპერატორის ძალაუფლებას, ვიდრე ოდესმე, - ასეთია ხატთმბრძოლობის ეჭვშეუვალი შედეგი.
საგარეო პოლიტიკა და იმპერიის აღდგენა
იმ დროს, როცა იმპერიაში რელიგიური ბრძოლები მძვინვარებდა, შინააშლილობებით გაწამებულმა აღარ იცოდა, რა იყო სიმშვიდე და გარეშე მტრების მხრიდანაც სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
შვილის წინაშე ირინეს მიერ ჩადენილმა დანაშაულმა იმპერიაში კვლავ გაუხსნა გზა სახელმწიფო გადატრიალებებს. მას შემდეგ, რაც ნიკიფორემ მოძალადურად ჩაიგდო ხელში ძალაუფლება (802 წ.), იმპერიაში აჯანყებამ იფეთქა, რომელმაც ტახტზე აიყვანა ლეონ მეხუთე (813 წ.). ამას მოჰყვა შეთქმულება, რის შედეგადაც ლეონ მეხუთე მოკლულ იქნა და მის მაგივრად იმპერატორი გახდა მიხეილ მეორე (820 წ.). წარმატებით დაგვირგვინებული შეთქმულებების გვერდით შეიძლებოდა მოგვეტანა წარუმატებელი ცდების მთელი ნუსხა, ცდებისა, რომელთაგანაც ყველაზე საშიში იყო თომას აჯანყება (822 - 824 წ.); მდაბიორებზე დაყრდნობით, მან ლამის სოციალური ხასიათი მიანიჭა თავის ამბოხს. ოცი წლის განმავლობაში იმპერია ანარქიის მსხვერპლი იყო.
ბიზანტიას არც გარეთ ჰქონდა კარგად საქმე. 812 წლის ხელშეკრულება, რომელმაც კარლოს დიდი იმპერატორის ტიტულის ღირსად სცნო, იმპერიისათვის იტალიის დაკარგვას მოასწავებდა, სადაც მან შეინარჩუნა მხოლოდ ვენეცია და რამოდენიმე ქალაქი ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. არაბებთან ომში, რომელიც 804 წელს განახლდა, ბიზანტიამ ორი სავალალო მარცხი იწვნია: ჯერ ერთი, კრეტა ესპანეთში დამკვიდრებულმა მუსულმანმა მეკობრეებმა იგდეს ხელთ (826 წ.), პირინეის ნახევარკუნძულიდან თითქმის დაუსჯელად რომ არბევდნენ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, და მეორეც, სიცილია აფრიკელმა არაბებმა დაიპყრეს (827 წ.), რომლებიც 831 წელს დაეუფლნენ პალერმოს. განსაკუთრებით საშიში იყო ბულგარელების თავდასხმის საფრთხე, მას შემდეგ, რაც მრისხანე ხანმა კრუმმა ჰემუსიდან კარპატებამდე განავრცო თავისი საბრძანებლის საზღვრები. ნიკიფორე ბულგარეთში შეიჭრა და მისი დამარცხება სცადა, მაგრამ უკან გამობრუნებულმა გამანადგურებელი მარცხი იწვნია და თვითონაც ბრძოლის ველზე დაეცა (811 წ.), ბულგარელებმა კი ხელახლა აიღეს ანდრინოპოლი და კონსტანტინოპოლის გალავანს მიადგნენ (813 წ.). ლეონ მეხუთის გამარჯვებამ მესემბრიასთან (813 წ.) კატასტროფისაგან იხსნა იმპერია. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ამ ურიცხვ განსაცდელს ნახევრად დამორჩილებული ხალხების აჯანყებებიც დაერთო ზედ, როგორც მაგალითად, სლავების აჯანყება პელოპონესში (807 წ.), გასაგები გახდება, რატომაც აღმოჩნდა თითქმის მთლიანად იავარქმნილი დიდი ისავრიელი იმპერატორების საქმე.
და მაინც, იმპერიამ შესძლო თავი დაეღწია ამ კრიზისისთვის. თეოფილემ (829 - 842 წ.) ისარგებლა ბაღდადის სახალიფოს დასუსტებით და ნაწილობრივ მაინც იძია შური აღმოსავლეთში დამარცხების გამო. მართალია, დეზიმონის ( დღევანდელი ტოკატი) განადგურებისა და ამორიონის აღების შემდეგ (838 წ.) ბიზანტია იძულებული შეიქნა ზავი ეთხოვა არაბებისთვის, მაგრამ ენერგიული საშინაო პოლიტიკისა და ფინანსების უნარიანი გაძღოლის შედეგად იმპერიამ მაინც შესძლო აღედგინა თავისი პრესტიჟი და კეთილდღეობა. ნაგებობათა სიდიადით, «წმიდა სასახლის» ფუფუნებითა და კულტურის ბრწყინვალებით კონსტანტინოპოლი ტოლს არ უდებდა ხალიფების სატახტო ქალაქს. როცა, ბოლოს და ბოლოს, შეწყდა ხატთმბრძოლობით გამოწვეული და უსაშველოდ გაჭიანურებული შინააშლილობა, იმპერიის დედაქალაქი კიდევ უფრო დიდებული და ძლევამოსილი გახდა. გეგონებოდათ, რაკი ამ გაუთავებელ არეულობას დააღწიეს თავი, ლიტერატურამ და ხელოვნებამ ახალი ძალა შეიძინესო, და კესაროს ბარდას მიერ მაგნავრის სასახლეში აღდგენილი კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტი (დაახლ. 850 წ.) განსაცვიფრებელი ინტელექტუალური კულტურის ცენტრად იქცა.
ეკლესია, რომელიც ასევე გაახალგაზრდავებული გამოვიდა ბრძოლიდან, იმპერიის სამსახურში აყენებდა თავის განახლებულ საქმიანობას. ის ცდილობდა აღედგინა სარწმუნოებრივი ერთობა, რისთვისაც ებრძოდა მწვალებლობას, უწინარეს ყოვლისა კი - პელაგიელთა ერესს, რომელსაც თეოდორას მთავრობა გააფთრებით სდევნიდა მცირე აზიაში, - და ამთავრებდა ქრისტეს სჯულზე პელოპონესელ სლავთა მოქცევას (849 წ.). ბიზანტიის გავლენა განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდებოდა მთელს აღმოსავლეთში მისიონერთა მოღვაწეობის წყალობით. დიდი მორავიის მბრძანებლის მიწვევით «სლავი მოციქულები» კირილე და მეთოდე ქრისტიანობას უქადაგებდნენ უნგრეთისა და ბოჰემიის ბარბაროს ტომებს (863 წ.). მაგრამ მათი მოღვაწეობა ამით არ შემოფარგლულა. ახლად მოქცეულთა თხოვნით, მათ სლავურ ენაზე თარგმნეს საღმრთო წერილი, გამოიგონეს სლავური დამწერლობა - «გლაგოლიცა» და საკუთარი ანბანი და სამწერლო ენა შეუქმნეს სლავებს. ისინი სლავურ ენაზე ქადაგებდნენ, სლავური რიტუალით ასრულებდნენ ღმრთისმსახურებას და ცდილობდნენ აღეზარდათ სლავური სამღვდელოება. თავიანთი გამჭრიახობისა და შორსმჭვრეტელობის წყალობით, მათ მართლმადიდებლობას შესძინეს სლავური სამყარო. თესალონიკელი ძმები ოცი წლის მანძილზე (863 - 885 წ.) ასრულებდნენ მორავიაში სახარების ქადაგების საღმრთო საქმეს. და თუმცა გერმანელების მტრული დამოკიდებულებისა და მადიარების შემოსევის შედეგად, ბოლოს, მაინც მარცხი იწვნიეს, მაგრამ სხვაგან, ამნაირი მოღვაწეობის წყალობით, ბიზანტია გაცილებით უფრო მყარსა და ხანგრძლივ წარმატებებს აღწევდა. დონისპირეთში ქრისტიანობამ ხაზართა სახელმწიფოშიაც შეაღწია. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ 864 წელს მართლმადიდებლობა მიიღო ბულგარეთის მეფემ ბორისმა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ახლად მოქცეულმა მბრძანებელმა ყოყმანი დაიწყო: ვერ გადაეწყვიტა, რომელი აერჩია, ბიზანტია თუ რომი; მართალია, მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა პაპ ნიკოლოზ პირველთან და თხოვნით მიმართა მას, ლათინური რიტუალი დაემკვიდრებინა ბულგართა სამეფოში (866 წ.), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიის გავლენამ ამიერიდან მტკიცედ მოიკიდა ფეხი ბულგარეთში.
ეს დიდი წარმატება იყო. თუმცა მიხეილ მესამე-ის (842 - 867 წ.) დამთხვეულობამ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჭაბუკმა იმპერატორმა თავი დააღწია დედამისის - თეოდორასა (856 წ.) და ბიძამისის - კესაროს ბარდას მეურვეობას, - ცოტა არ იყოს, გაახუნა და გააფერმკრთალა მიღწეული წარმატებები. კრეტის არაბი მეკობრეები თარეშით იკლებდნენ აღმოსავლეთის ზღვებს; მცირე აზიაში მთელი ოცი წლის მანძილზე (844 - 863 წ.) წარმატებებს წარუმატებლობა მოსდევდა. დასავლეთში მუსულმანებმა საბოლოოდ დაიპყრეს სიცილია (843 - 859 წ.); და ბოლოს, კონსტანტინოპოლის გალავანთან პირველად გამოჩნდნენ რუსები (860 წ.) და, ხალხური რწმენის თანახმად, დედაქალაქი მხოლოდ ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ იხსნა.
მიხეილ მესამე-ის მმართველობა კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე კესაროს ბარდას მიერ ჩამოგდებული ეგნატეს ნაცვლად ფოტიოსი დაჯდა (858 წ.). პაპმა ნიკოლოზ პირველმა, დამხობილი პრელატის თხოვნით, სასამართლოში აღძრა საქმე და ლეგატებს დაავალა მისი გამოძიება. პატივმოყვარე ფოტიოსმა მოხერხებულად გამოიყენა ის უკმაყოფილება, რასაც აღმოსავლეთი საუკუნეების მანძილზე განიცდიდა პაპების პრეტენზიების მიმართ, და დასავლეთისადმი მისი მტრული განწყობილება. პაპის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა რომის ძალაუფლება, მან ძალზე მარჯვედ მოახერხა თავისი პირადი საქმე ჭეშმარიტად ეროვნულ საქმედ ექცია. პაპ ნიკოლოზ პირველის მიერ ეკლესიისაგან მის განკვეთას (863 წ.) ფოტიოსმა რომთან განხეთქილებით უპასუხა. კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ (867 წ.) შეაჩვენა პაპი, აღმოსავლური ეკლესიის საქმეებში მისი ჩარევა უკანონოდ გამოაცხადა და ამით დაასრულა განხეთქილება. ეს იყო მტკიცე დასტური ბიზანტიის ნაციონალური თვითშეგნებისა, რაც, იმავე დროს, არანაკლებ ცხადად გამომჟღავნდა ბულგარეთში საყოველთაო აღშფოთების სახით, რომის მტაცებლურმა პოლიტიკამ რომ გამოიწვია (866 წ.).
ამრიგად, მეცხრე საუკუნის მეორე ნახევრისათვის უკვე ფაქტია ბიზანტიური ნაციონალობის არსებობა, თანდათანობით რომ ყალიბდებოდა დროთა ვითარებაში. ხატთმბრძოლობის შემდეგ იმპერიამ ხელახლა აღადგინა რელიგიური ერთობა, პოლიტიკური ძლიერება და სულიერი ცხოვრების სიდიადე; მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, ის პირწმინდად აღმოსავლურ იმპერიად იქცა. ახლოვდებოდა ჟამი, როცა ბიზანტიას თავისი ძლიერების მწვერვალისათვის უნდა მიეღწია. როცა ბასილი მაკედონელმა2, მიხეილ მესამე-ის ფავორიტმა და მის მიერ ტახტთან დაახლოებულმა პირმა, ჯერ გზიდან ჩამოიცილა თავისი მეტოქე ბარდა (866 წ.), ხოლო შემდეგ თავისი კეთილისმყოფელიც მოაკვდინა (867 წ.) და დასაბამი დაუდო ახალ დინასტიას, - ამ სახელმწიფო გადატრიალებით მან უზრუნველყო ბიზანტიის იმპერიის ასორმოცდაათწლიანი ძლიერება, კეთილდღეობა და დიდება.
თავი მეხუთე
იმპერიის აპოგეა მაკედონელთა დინასტიის დროს
(867-1081)
პირველი. მაკედონური დინასტიის მბრძანებლები. დინასტიის განმტკიცება (867-1025 წ.). - მეორე. მაკედონელ იმპერატორთა საგარეო პოლიტიკა (867-1025 წ.). - მესამე. იმპერიის საშინაო მმართველობა და ბიზანტიის კულტურა მეათე საუკუნეში. - მეოთხე. იმპერიის სისუსტის მიზეზები. - მეხუთე. იმპერიის დეკადანსი მეთერთმეტე საუკუნეში (1025-1081 წ.).
მაკედონური დინასტიის მბრძანებლები. დინასტიის განმტკიცება (867-1025 წ.)
ას ორმოცდაათი წელი (867-1025 წ.) ბიზანტიის იმპერიის არნახული სიდიადის პერიოდია. სახელმწიფოს საბედნიეროდ, საუკუნენახევრის მანძილზე მის სათავეში მდგარი მბრძანებლები თითქმის უკლებლივ ღირსეული პიროვნებები იყვნენ.
დინასტიის დამაარსებელი ბასილი პირველი (867-886 წ.), რომანოზ ლეკაპინე (919-944 წ.), ნიკიფორე ფოკა (963-969 წ.), იოანე ციმისხიოსი (969-976 წ.), სახელგანთქმული უზურპატორები, კანონიერი მბრძანებლების სახელით რომ მართავდნენ იმპერიას, და ბოლოს, ბასილი მეორე, ვისი მმართველობაც ნახევარი საუკუნე გაგრძელდა (976-1025 წ.), სულაც არ ყოფილან ბიზანტიელი იმპერატორები ამ სიტყვის ჩვეულებრივი, საყოველთაოდ გავრცელებული გაგებით. ეს მკაცრი და ენერგიული, მტკიცე ნებისყოფისა და ქედუხრელი ადამიანები, რომლებისთვისაც ხშირად სრულიად უცხო იყო სიბრალული და სინიდისის ქენჯნა, უფრო იმაზე ზრუნავდნენ, რომ ხალხს მათი შიში ჰქონოდა, ვიდრე იმაზე, რომ ჰყვარებოდათ ისინი. მაგრამ, იმავდროულად, ისინი იყვნენ იმპერიის სიდიადეზე ოცნებით გულანთებული სახელმწიფო მოღვაწენი, სახელგანთქმული მხედართმთავრები, ბრძოლის ველზე, ჯარისკაცებს შორის რომ ატარებდნენ სიცოცხლეს და დიდ პატივს სცემდნენ არმიას, რომელსაც მონარქიის ძლიერების ბურჯად თვლიდნენ; ისინი იყვნენ უნარიანი, ურყევი ნებისა და უშრეტი ენერგიის მმართველები, რომლებიც არაფრის წინაშე არ დაიხევდნენ უკან, როცა საქმე ეხებოდა საზოგადოებრივ სიკეთეს. მათთვის სრულიად უცხო იყო ფუჭი ხელგაშლილობა და სახსრების უაზრო ფლანგვა; თითოეულ მათგანს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა: სახელმწიფოს კეთილდღეობა და ეროვნული სიმდიდრის ზრდა. სასახლის კარის თვალისმომჭრელი ფუფუნება და საზეიმო პროცესიების თუ ცერემონიების ფუჭი ბრწყინვალება მხოლოდ იმდენად აინტერესებდა ამ მბრძანებლებს, რამდენადაც ყოველივე ეს ემსახურებოდა მათ პოლიტიკას და ხელს უწყობდა იმპერიისა და იმპერატორების პრესტიჟის განმტკიცებას. ისინი თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ თავიანთ ძალაუფლებას და ამიტომაც იყო, რომ ფავორიტები არ ჰყავდათ, თუ არ ჩავთვლით ისეთ გავლენიან პიროვნებას, როგორიც იყო პარაკიმომენოსი (მესაწოლეთ-უხუცესი) ბასილი, რომანოზ ლეკაპინეს უკანონო ვაჟი, რომელიც ხუთი იმპერატორის მმართველობის მანძილზე, ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში (944-988 წ.) ხელისუფლების სული და გული იყო. მაკედონელ იმპერატორთა მრჩევლები უპირატესად უჩინო პირები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი მიზნებისთვის იყენებდნენ მათი მბრძანებლები. დიდების წყურვილით წაქეზებული და პატივმოყვარული მისწრაფებებით ანთებული მაკედონელები ცდილობდნენ აღმოსავლური სამყაროს მძლეთა-მძლე ბურჯად და, იმავდროულად, მართლმადიდებლობისა და ელინიზმის საყრდენად ექციათ ბიზანტიის იმპერია. თავიანთი სვიანად ხმარებული საჭურვლის ძლევამოსილების, ჭკვიანური და მოქნილი დიპლომატიისა და ენერგიული მმართველობის წყალობით, მათ შესძლეს ხორცი შეესხათ თავიანთი ოცნებისათვის და ბიზანტიის ათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ერად, ჭეშმარიტი აღორძინების ეპოქად ექციათ ეს პერიოდი.
იმ დროს, როცა ბასილი პირველი ტახტზე ავიდა, იმპერიის მდგომარეობა ძალზე სავალალო იყო. მთელი სახელმწიფო ხელახლა აღსადგენი ჩანდა. ბასილი პირველი, უბირი გლეხი, ძალაუფლების მწვერვალზე დანაშაულის გზით აღზევებული, ყველა იმ თვისებით შემკული იყო, რაც აუცილებელია ესოდენ მძიმე მოვალეობის მტვირთველისათვის: ამ ჭკვიან კაცს თანაბრად სურდა იმპერიის შიგნითაც აღედგინა წესრიგი და გარეთაც აემაღლებინა მისი პრესტიჟი. ეს იყო უნარიანი მმართველი და მხნე მეომარი, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, იმპერატორის ძალაუფლების განმტკიცებას ისახავდა მიზნად. თავისი მმართველობის ოცი წლის მანძილზე მან შესძლო წაღმა შეებრუნებინა იმპერიის საქმე და, მის მიერ მიღწეული წარმატებების წყალობით, უზრუნველეყო თავისი მემკვიდრეების მომავალიც. მისი ვაჟი ლეონ მეექვსე (886-912 წ.), ვის მმართველობასაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმპერიის ადმინისტრაციული ისტორიისთვის, მართალია, მამამისისაგან განსხვავებით, შინ მშვიდად ჯდომას არჩევდა, ამასთანავე, ნამდვილი პედანტი იყო და ფავორიტების წინაშეც უმწეო ჩანდა, მაგრამ არანაკლები დაჟინებით ცდილობდა იმპერიის განმტკიცებას. მემკვიდრე რომ ჰყოლოდა, ოთხგზის ქორწინების წინაშეც კი არ დაიხია უკან, რამაც თანამედროვეთა საშინელი აღშფოთება გამოიწვია და ეკლესიასა და მის მეთაურს, პატრიარქ ნიკოლოზს გადაჰკიდა იგი. მაგრამ სწორედ ამის შედეგად ბიზანტიაში პირველად აღიძრა აზრი ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის სამართლებრივი დაკანონების შესახებ. ერთი თანამედროვის თქმით, მაკედონელთა დინასტიის ორი პირველი მბრძანებლის უმთავრესი საქმე ის იყო, რომ «ღრმად გაედგმევინებინათ ფესვი იმპერატორის ძალაუფლებისათვის, რათა მასზე ამოზრდილ ღეროს მძლავრი დინასტიური ტოტები ამოეყარა». ამიერიდან ესოდენ ღრმად ფესვგამდგარი დინასტიური ხის აღმოფხვრა და ამოძირკვა ძალიან ძნელი საქმე შეიქნა: დასაბამი დაედო დინასტიურ საგვარეულოს, რომლის წევრებიც პორფიროგენეტებად (ძოწეულით შობილებად) იწოდებოდნენ, და ხალხის გულშიაც მტკიცედ დაისადგურა სიყვარულმა და პატივისცემამ ამ საგვარეულოს მიმართ. იმპერიისათვის, რომელსაც მანამდე გამუდმებული ამბოხებები არყევდა, ეს იყო მართლაც სასიკეთო, თავისი შედეგების მიხედვით ფრიად მნიშვნელოვანი სიახლე.
თუმცა ამბოხებები არც ამჯერად შეწყვეტილა. შინააშლილობამ, რითაც აღინიშნა ლეონ მეექვსის ვაჟის, კონსტანტინე მეშვიდის (912-959 წ.) მცირეწლოვანების მშოფთვარე პერიოდი, საშუალება მისცა რომანოზ ლეკაპინეს ხელთ ეგდო ძალაუფლება და მეოთხედი საუკუნის მანძილზე (919-944 წ.) მდგარიყო ქვეყნის სათავეში. ცოტა უფრო გვიან, როცა ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ გარდაიცვალა კონსტანტინე მეშვიდის ვაჟი რომანოზ მეორე (959-963 წ.), მისი ვაჟიშვილების - ბასილი მეორისა და კონსტანტინე მერვის მცირეწლოვანებისას ხელისუფლების სისუსტემ ჯერ აჯანყება გამოიწვია, რის შედეგადაც ტახტზე ავიდა ნიკიფორე ფოკა (963-969 წ.), შემდეგ კი ტრაგიკული სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი გახდა, გადატრიალებისა, რომლის დროსაც ფოკა მოკლულ იქნა და ტახტზე ავიდა იოანე ციმისხიოსი (969-976 წ.). მაგრამ ვერცერთმა ამ უზურპატორმა ვერ გაბედა ტახტისათვის ჩამოეცილებინა ბასილი პირველის კანონიერი მემკვიდრენი. რომანოზ ლეკაპინე თავის ოფიციალურ თანამოსაყდრედ აცხადებდა კონსტანტინე მეშვიდის, თუმცა ეს უკანასკნელი სრულიად მოკლებული იყო სახელმწიფოს მართვის საშუალებას და მთელ თავის დროს განმარტოებასა და მეცნიერულ კვლევა-ძიებაში ატარებდა. ნიკიფორე ფოკამ და იოანე ციმისხიოსმა ნომინალურად დატოვეს სახელმწიფოს სათავეში რომანოზ მეორის შვილები და ცდილობდნენ საიმპერატორო საგვარეულოს პრინცესებზე ქორწინების გზით კანონიერი სახე მიეცათ თავიანთი უზურპაციისათვის. მათ შემდეგ ძალაუფლება ბუნებრივი გზით გადაეცა მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელს, რომელმაც ამასობაში სრულწლოვანებას მიაღწია, - ბიზანტიის დიდ იმპერატორს ბასილი მეორეს. მაკედონელთა დინასტია იმდენად მტკიცედ დამკვიდრდა ამ აღმოსავლურ მონარქიაში, რომ თვით ქალებიც კი ადიოდნენ ტახტზე. ესენი იყვნენ ბასილი მეორის ძმისწულები - ზოია (1028-1050 წ.), რომელიც თანმიმდევრულად იყოფდა ტახტს თავის სამ მეუღლესთან ერთად, და თეოდორა (1054-1056). ეს დედოფლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ხალხში, რასაც გვიმოწმებს 1042 წლის ამბოხება, რის შედეგადაც დამხობილ იქნა მიხეილ მეხუთე, რომელსაც სურდა ტახტი წაერთმია ზოიასათვის, და უკმაყოფილება, რაც გამოიწვია კონსტანტინე მონომახმა, ვისზედაც ეჭვი მიიტანეს, ორივე დედოფალს ტახტიდან ჩამოგდებას უპირებსო. მანამდე არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა ბიზანტიაში, და საზოგადოებრივმა აზრმა აშკარად განაცხადა: «ვინც კონსტანტინოპოლს მართავს, საბოლოოდ ყოველთვის გამარჯვებულიაო». ყოველივე ეს არა მარტო დანაშაულად აქცევდა უზურპაციას, არამედ რაღაც უარესად, კერძოდ, სიბრიყვედ.
მაგრამ რაკიღა ირკვეოდა, რომ უზურპატორებიც ნიჭიერი პიროვნებები და დიდებული მხედართმთავრები იყვნენ, იმპერიას უმტკივნეულოდ შეეძლო კაეტანა ონსტანტინე მეშვიდის პოლიტიკური უნიათობა, რომანოზ მეორის გაუთავებელი ღრეობანი, მისი ვაჟების უნდილობა, და საუკუნენახევრის მანძილზე ისეთი სიმტკიცითა და თანმიმდევრობით წარემართა თავისი საქმე, რანაირიც დიდი ხანია აღარ ახსოვდა ბიზანტიას. და ბოლოს, ისეთი მხედართმთავრების შემწეობამ და თანადგომამ, როგორიც იყვნენ კურკუასები, ფოკები, სკლიროსები, ან ისეთი მინისტრებისა, როგორიც იყო პარაკიმომენოსი ბასილი, მაკედონური დინასტიის იმპერატორებს საშუალება მისცა გაეფართოებინათ იმპერიის საზღვრები და არნახული დიდებით შეემოსათ იგი. ყველა საზღვარზე განახლდა შეტევა, რაც ბრწყინვალე წარმატებებით დაგვირგვინდა. სამხედრო ხელოვნებას ზურგს უმაგრებდა დიპლომატია და ვასალთა მთელ ასაბიას თავს უყრიდა იმპერიის ირგვლივ; ბიზანტიის გავლენამ მთელი აღმოსავლური სამყარო მოიცვა და თვით დასავლეთსაც უწია; ძლევამოსილმა მმართველობამ სახელი გაითქვა თავისი საკანონმდებლო საქმიანობით; მარჯვე და მოქნილმა ცენტრალიზებულმა ადმინისტრაციამ, თავისი უნარიანი და განათლებული მოხელეების, ელინიზმის ნიშნით აღბეჭდილი ქმედითობითა და მართლმადიდებლობის ფართოდ გავრცელების წყალობით, მოახერხა იმპერიის ერთობის უზრუნველყოფა, რაც თითქმის შეუძლებელი ჩანდა მისი ეროვნული სიჭრელის გამო; აი, რას ნიშნავდა ბიზანტიისათვის ის ას ორმოცდაათი წელი, რომლის განმავლობაშიც მას მართავდნენ მაკედონური დინასტიის იმპერატორები. მართალია, მთელი თავინთი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს თავიდან აეცილებინათ სერიოზული საფრთხე, იმპერიის კეთილდღეობას რომ ემუქრებოდა; ვერ შესძლეს გადაეჭრათ ძალზე მწვავე აგრარული თუ სოციალური პრობლემები და აელაგმათ ამბოხებისთვის მუდამ მზადმყოფი არისტოკრატია; ვერც იმდენი ქნეს, რომ გასაქანი არ მიეცათ აღმოსავლური ეკლესიის პატივმოყვარე მესვეურთათვის - დაესრულებინათ დასავლეთისა და აღმოსავლეთის განხეთქილება და რომისგან ბიზანტიის საბოლოოდ ჩამოშორების გზით შეერყიათ იმპერიის სიმტკიცე. მართალია, მაკედონელთა დინასტიის შეწყვეტის შემდეგ იმპერია უძლური აღმოჩნდა ნორმანებისა თუ თურქეთის პირისპირ, და ქვეყნის შიგნითაც ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ხანგრძლივი ანარქიისათვის (1057-1081 წ.), მაგრამ ყოველივე ეს ვერ ჩრდილავს იმ ფაქტს, რომ ბასილი პირველის მიერ დაარსებული დინასტია საუკუნენახევრის განმავლობაში დიდების შარავანდედით მოსავდა ბიზანტიას. მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში კონსტანტინოპოლი ევროპული კულტურის ყველაზე ბრწყინვალე ცენტრი იყო, «შუა საუკუნეების პარიზი», როგორც მას უწოდებდნენ ხოლმე.
მაკედონელ იმპერატორთა საგარეო პოლიტიკა (867-1025 წ.)
ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ. - 826 წლიდან მოყოლებული, როცა არაბებმა კრეტა დაიპყრეს, ისინი ბიზანტიის კუთნილი ზღვების ჭეშმარიტ ღვთის რისხვად იქცნენ. კუნძულის დედაქალაქი ხანდაქსი მუსულმან მეკობრეთა ბუნაგს მოგაგონებდათ, საიდანაც, ისევე როგორც ტარსოსიდან, ტრიპოლიდან თუ სირიიდან ისინი თავს ესხმოდნენ სავაჭრო გემებს და თარეშით იკლებდნენ ეგეოსის ზღვას. არმიისა და ფლოტის რეორგანიზაციის საქმეში ბასილი პირველის მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მუსულმანთა ესკადრები კვლავინდებურად ბატონობდნენ არქიპელაგში. 904 წელს თესალონიკე ხელთ იგდო ლეონ ტრიპოლელმა და თითქმის მთელი მოსახლეობა ტყვედ წაასხა. 907 და განსაკუთრებით 924 წელს ლემნოსის მახლობლად ბიზანტიელთა ფლოტის ერთგვარი წარმატების მიუხედავად, კრეტის წინააღმდეგ წარგზავნილმა ექსპედიციებმა მარცხი განიცადეს (911 და 949 წ.). იმპერია იძულებული შეიქნა კუნძულის წინააღმდეგ - «წყეულიმცა ჰყოს იგი უფალმა!» - თავისი საუკეთესო სარდალი ნიკიფორე ფოკა წარეგზავნა (960 წ.). ფოკამ მოახერხა კუნძულზე ლაშქრის გადასხმა, ალყა შემოარტყა ხანდაქსს და რამდენიმე თვის შემდეგ აიღო იგი (961 წლის მარტი). დაპყრობილი კუნძულის მოსახლეობა ქრისტეს სჯულზე მოაქციეს. აღმოსავლეთის ზღვების მბრძანებლები კვლავ ბიზანტიელები გახდნენ.
იმავდროულად, ხელსაყრელი ვითარების წყალობით, შესაძლებელი შეიქნა შეტევის წამოწყება მცირე აზიაში. ჯერ კიდევ ბასილი პირველმა ევფრატის ზემო წელამდე განავრცო იმპერიის საზღვრები, ხელახლა აიღო სამოსატა (873 წ.) და ძლევით დალაშქრა კაპადოკია და კილიკია (878-879 წ.). მეათე საუკუნეში მუსულმანური სამყარო ანარქიამ მოიცვა, რამაც ბიზანტიას საგრძნობლად გაუადვილა საქმე, განსაკუთრებით, 927 წლიდან მოყოლებული, როცა იმპერიამ თავი დააღწია ბულგარელთა შემოსევის საფრთხეს. სახელგანთქმული სარდლები - იოანე კურკუასი, რომელიც ოცდაორი წლის მანძილზე (920-942 წ.) სარდლობდა ბიზანტიის ლაშქარს მცირე აზიაში და მეტსახელად «მეორე ტრაიანე» და «მეორე ველისარიონი» შეერქვა, შემდეგ ბარდა ფოკა და, ბოლოს, მისი ვაჟები - ნიკიფორე, ლეონი და კონსტანტინე წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ. 928 წელს აღებულ იქნა თეოდოსიოპოლი, დღევანდელი არზრუმი; 934 წელს - მელიტენა, 944 წელს - ედესა, საიდანაც ჩამოტანილ იქნა იქ დაცული ქრისტეს სასწაულთმოქმედი ხატი; 949 წელს ბიზანტიელებმა აიღეს გერმანიკია, 957 წელს - ამიდა, 958 წელს - სამოსატა. იმპერიის საზღვრებმა ჰალისიდან ევფრატსა და ტიგროსამდე გადაინაცვლა. ახლად შექმნილი პროვინციების მთელი წყება (სევასტიის, მესოპოტამიის, სელევკიისა და ლიკანდოსის თემები) თვალნათლივ მოწმობდა ბიზანტიის დაპყრობითი ომების მასშტაბურობას. სომხეთმა და ივერიამ ქედიდან გადაიგდეს ისლამის ბატონობის უღელი და ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცნენ. მთელი მეათე საუკუნის მანძილზე სომხები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმპერიის ცხოვრებაში, როგორც ჯარისკაცები, მხედართმთავრები, ადმინისტრატორები, დიპლომატები და თვით იმპერატორებიც კი: რომანოზ ლეკაპინე და იოანე ციმისხიოსი წარმომავლობით სომხები იყვნენ.
ჭეშმარიტად ჯვაროსნულმა მოძრაობამ უსჯულოთა წინააღმდეგ საბრძოლველად აღძრა ბიზანტია. კილიკიასა და ჩრდილო სირიაში ნიკიფორე ფოკამ შემუსრა ალეპოს ჰამდანიდ ემირთა ძლიერება; ხელთ იგდო ანაზარბი, ადანა, მოპსუესტა (964 წ.), ტარსოსი (965 წ.), ლაოდიკეა, ჰიერაპოლი, ემესი, ალეპო და, ბოლოს, ანტიოქია (968 წ.). უფრო გვიან, იოანე ციმისხიოსმა მესოპოტამიაში ედესა და ნისიბინი (974 წ.), ხოლო სირიაში დამასკო და ბეირუთი (976 წ.) აიღო, პალესტინაში კი თვით იერუსალიმის ბჭეს მიაღწია. «ხალხები - ამბობს მემატიანე, - შიშით ძრწოდნენ ციმისხიოსის რისხვის წინაშე და ქრისტიანული ხმალი ისევე მკიდა სამკალს, როგორც უსჯულოთა ნამგალი». ბასილი მეორემ დაასრულა აღმოსავლეთის დაპყრობა. 995 წელს მან აიღო ალეპო, ჰომსი, კესარია. გამარჯვებების აღსანიშნავად გამართული ბრწყინვალე ტრიუმფები ქრისტიანულ სამყაროს აუწყებდა მუსულმანთა ძლიერების შემუსვრას, მკვიდრად ნაშენი ციხე-სიმაგრეებით მტკიცედ დაცული იმპერია კი აღმოსავლეთით ახალ-ახალ მიჯნებს იპყრობდა. ბასილი მეორის მიერ სომხეთის სამთავროთა დაპყრობამ (1020 წ.), რაც, შესაძლოა, არცთუ მთლად გონივრული იყო, და ივერიის დამორჩილებამ დააგვირგვინა ეს ბრწყინვალე გამარჯვებები. იუსტინიანეს შემდეგ იმპერიას არასოდეს განუვრცია ასე ფართოდ თავისი გავლენა აღმოსავლეთით.
ბრძოლა ბულგარელების წინააღმდეგ. - მეათე საუკუნის ბიზანტიის საგარეო პოლიტიკურ ისტორიაში ბულგარელებთან ომს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას.
მეათე საუკუნის დამდეგს ბულგარელთა შემოსევის საფრთხე უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე. მათი სამეფო დუნაის ჩრდილოეთით მდებარე ოლქებიდან ბალკანეთამდე იყო გადაჭიმული, დასავლეთით კი პინდოსის მთაგრეხილს აღწევდა. ბულგარული და სლავური ელემენტების შერწყმის შედეგად ბულგარეთი უკვე ერთგვაროვანი სახელმწიფო იყო, მძლავრი მონარქიული ძალაუფლებითურთ; ქრისტიანობაზე მოქცევამ განაპირობა მისი ერთმორწმუნეობა, ხოლო კულტურამ, ბიზანტიასთან მეზობლობის წყალობით, საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. ყოველივე ეს ბიზანტიის იმპერატორებთან საბრძოლველად აქეზებდა ბულგარეთის მეფეებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჰეგემონიის მოსაპოვებლად. ამ პატივმოყვარული ზრახვების განსახორციელებლად საკმარისი იყო ქვეყანას მოვლენოდა მხნე წინამძღოლი, და მალე ისიც გამოჩნდა: ეს იყო ბორისის ვაჟი - სიმეონ მეფე (893-927 წ.). ბიზანტიაში აღზრდილი, სადაც ის მძევლად ჰყავდათ, ბიზანტიური ფუფუნებითა და კულტურით მოხიბლული სიმეონი კონსტანტინოპოლის დაპყრობაზე ოცნებობდა, რათა თავს დაედგა კონსტანტინეს მემკვიდრეთა გვირგვინი. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ბერძნებსა და ბულგარელებს შორის ნამდვილი ნაციონალური ბრძოლა იყო გაჩაღებული.
ეს ბრძოლა 889 წელს დაიწყო; აღსანიშნავია, რომ მის გამომწვევ მიზეზს ეკონომიკური ხასიათი ჰქონდა: როდესაც ლეონ მეექვსემ ბრძანა თესალონიკედან კონსტანტინოპოლში გადაეტანათ ბულგარელ ვაჭართა საწყობები, სიმეონმა ომი გამოუცხადა მას. ბიზანტიელების მიერ მოსყიდული უნგრელების შემოსევამ, ბოლოს და ბოლოს, აიძულა ბულგარელთა მეფე უკან დაეხია (893 წ.). მაგრამ ლეონ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, შინააშლილობა, რომლითაც აღინიშნა მისი ვაჟის კონსტანტინე მეშვიდის მცირეწლოვანების პერიოდი, სიმეონისათვის საკმარისი შეიქნა საიმისოდ, რომ კვლავ განეახლებინა შეტევა. 913 წელს ის კონსტანტინოპოლს მიადგა, 914 წელს ანდრინოპოლი აიღო, 917 წელს კი ანქიალოსთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიელთა ლაშქარი. გამარჯვებით გალაღებულმა სიმეონმა «ბულგარელთა მეფედ და რომაელთა იმპერატორად» გამოაცხადა თავი. თავის სატახტო ქალაქ პრესლავში მან დამოუკიდებელი ბულგარული საპატრიარქო დააარსა. ამის შემდეგ ისღა დარჩენოდა, რომ კონსტანტინოპოლი აეღო და 924 წელს კიდეც სცადა მისი აღება. მაგრამ დედაქალაქის დასაუფლებლად მისთვის ხმელეთიდანაც უნდა შეეტია და ზღვიდანაც, სიმეონს კი ფლოტი არ ჰყავდა. ეგეც არ იყოს, რომანოზ ლეკაპინესთან პაემნის დროს, მან, როგორც ატილამ პაპ ლეონ დიდთან შეხვედრისას, თავი ვერ დააღწია იმპერიის ძველი კულტურის მომნუსხველ ზემოქმედებას. ამიტომ იყო, რომ უკან დაიხია და იძულებული შეიქნა თავის სანუკვარ ოცნებაზე ხელი აეღო. მართალია, თავის სამეფოში და, უწინარეს ყოვლისა, მის სატახტო ქალაქში - დიად პრესლავში სიმეონმა შესძლო მანამდე არნახულ საფეხურზე აეყვანა მხატვრული და ინტელექტუალური კულტურა, რის გამოც «ბულგარეთის კარლოს დიდი» ეწოდა, მაგრამ კონსტანტინოპოლის გალავანთან უკან დახევა ბულგარელებისათვის მათი პატივმოყვარული გეგმების კრახს მოასწავებდა. სიმეონის სიკვდილთან ერთად (927 წ.) დაიწყო ბულგარეთის დაქვეითება.
დეგრადაციის პროცესი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა სიმეონის ვაჟის - პეტრეს (927-968 წ.) ხანგრძლივი მმართველობისას. ამ ორმოცი წლის განმავლობაში ბულგარეთი იმპერიაზე სულ უფრო და უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა. მაშინ როდესაც ბიზანტია ძალას იკრებდა, მისი ეთადერთი მეტოქე თანდათანობით ძაბუნდებოდა. დაუძლურებული სამეფო ძალაუფლების წინააღმდეგ თავი წამოყვეს ფეოდალებმა. სარწმუნეობრივი ერთიანობა დარღვეულ იქნა ბოგომილების მწვალებლობის შედეგად. ბულგარელთა ნაციონალურ მთლიანობას ბზარი გაუჩნდა. ბიზანტიისათვის ნაცვლისგების ჟამი ახლოვდებოდა.
ახლოვდებოდა და 967 წელს კიდევაც დადგა. ნიკიფორე ფოკამ უარი თქვა ხარკზე, რომელსაც იმპერია ჯერ კიდევ უხდიდა ბულგარეთს, და კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავის ლაშქრითურთ თავს დაესხა თავის ყოფილ მეტოქეს. მაგრამ სვიატოსლავს თვალში მოუვიდა მის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, თვითონვე დამკვიდრდა იქ და მის დატოვებაზე ცივი უარი განაცხადა (968 წ.). ბულგარელთა მეფის პეტრეს სიკვდილმა და ნიკიფორეს მკვლელობამ (969 წ.) კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. იოანე ციმისხიოსის ტახტზე ასვლისას რუსები თვით იმპერიაში შეჭრით იმუქრებოდნენ. სვიატოსლავმა დალაშქრა ბალკანეთი და დაარბია ფილიპოპოლი (970 წ.). მის მიერ დათესილმა პანიკამ თვით კონსტანტინოპოლს უწია. მაგრამ იმპერიის საბედნიეროდ, რუსები არკადიოპოლთან, დღევანდელ ლიულე-ბურგასთან დამარცხდნენ (970 წ.) და იმპერატორს საშუალება მიეცა მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაძრულიყო მათ წინააღმდეგ (971 წ.). ვიდრე ბიზანტიის ფლოტი აღმა მიუყვებოდა დუნაის, ციმისხიოსი ბალკანეთში შეიჭრა, დოროსტოლში (სილისტრია) ალყა შემოარტყა სვიატოსლავს, აიძულა ქედი მოეხარა და სასწრაფოდ დაეტოვებინა ქვეყანა. ბულგარეთი იმპერიამ შეიერთა, დამოუკიდებელი საპატრიარქო კი გაუქმებულ იქნა. იმპერიის საზღვრებმა დუნაიმდე გადაინაცვლა.
მაგრამ პინდოსის მომიჯნავე ბულგარულ ოლქებში, პრესპისა და ოქრიდის ირგვლივ, პატრიოტები გრაფ შიშმანისა და მისი ვაჟების მეთაურობით კვლავ განაგრძობდნენ წინააღმდეგობას. შიშმანის ერთ-ერთმა ვაჟმა - სამუელ მეფემ (977 თუ 979-1014 წ.) ისარგებლა ბასილი მეორის მეფობის დამდეგს ბიზანტიაში დაწყებული არეულობით და ბულგარეთის სამეფო აღადგინა. ათ წელიწადში (977-986 წ.) მან გაათავისუფლა დუნაისპირა ბულგარეთი, დაიპყრო მაკედონია, თესალია და თვით პელოპონესამდე მიაღწია. ამ უზარმაზარი, დუნაიდან ადრიატიკამდე გადაჭიმული იმპერიის დასამარცხებლად ბერძნებს ოცდაათწლიანი ომის გადახდა დასჭირდათ (986-1018 წ.). ეს იყო უპირატესად ბასილი მეორის საქმე, რომელსაც მისი სიმკაცრის, სისასტიკისა და ძლევამოსილი გამარჯვებების გამო საშინელი მეტსახელი «ბულგაროქტონოს» (ბულგართმჟლეტი) შეარქვეს.
986 წელს ბასილი მეორემ განაახლა შეტევა და ბულგარეთში შეიჭრა, მაგრამ სისტიკი მარცხი იწვნია ბალკანეთში, «ტრაიანეს ბჭესთან». იმპერატორს ათი წელი დასჭირდა ბრძოლის განსაახლებლად, ამ ათი წლის მანძილზე კი სამუელი განუწყვეტლივ აფართოებდა თავის სამეფოს, დუნაიდან ადრიატიკისა და ეგეოსის ზღვებამდე. მაგრამ 996 წელს ბულგარელთა მეფე სპერქიის პირას დამარცხდა. სამოელს ხელიდან ეცლებოდა საბერძნეთი; თესალონიკესთან დამარცხების შემდეგ ბულგარეთის დუნაისპირა ნაწილი იმპერიამ მიიტაცა (1000 წ.). მაგრამ დასავლეთ ბულგარეთი კვლავ თავისუფალი რჩებოდა. 1001 წელს ბასილი მეორემ ხელახლა სცადა მისი დამორჩილება. იმპერატორის ხელში ერთიმეორის მიყოლებით გადავიდა მისი მისადგომები - ვერეა, სერვია, ვოდენა. მთებში მომწყვდეულმა სამუელმა ბრძოლით გაიკაფა გზა, ანდრინოპოლს დაეცა და თანდათან ავიწროებდა ალყას. ბიზანტიელებმა აიღეს სკოპლე, დაიპყრეს ქვემო და შუა მაკედონია (1007 წ.); ისინი ულმობელნი და დაუნდობელნი იყვნენ მტრის მიმართ. სამუელი თავს არიდებდა პირისპირ შეტაკებას, მაგრამ ბოლოს, ჩიმბალონგის ხეობაში, სერიდან მელნიკს მიმავალ გზაზე მისი ლაშქარი მაინც დამარცხდა (1014 წლის 29 ივლისს). მეფემ ვეღარ გაუძლო ამ მარცხს და თვენახევრის შემდეგ - 1014 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა. ეს ბულგარეთის დასასრული იყო.
თუმცა ბულგარელთა დიდი მეფის მემკვიდრენი, ტახტს რომ ეცილებოდნენ ერთმანეთს, ოთხ წელიწადს კიდევ ებრძოდნენ ბიზანტიას, მაგრამ 1018 წელს მთელი ქვეყანა დაპყრობილ იქნა და იმპერატორი თავისი ტრიუმფალური მსვლელობისას ნელ-ნელა შეუდგა მის გარდაქმნას, რასაც წინდახედულად, დიდი სიფრთხილით სჩადიოდა: სათანადო პატივს მიაგებდა ძლეულთა ადმინისტრაციულ წესრიგსა და ზნე-ჩვეულებებს, ცდილობდა თავის მხარეს გადაებირებინა დიდგვაროვანი ფეოდალური არისტოკრატია და ხელუხლებლად შეენარჩუნებინა ძველი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში ოქრიდის ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) საარქიეპისკოპოსო ედგა. ამრიგად, მრავალი წლის შემდეგ ბიზანტია კვლავ მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძულის მბრძანებელი შეიქნა. ბასილი მეორეს, რომელმაც საბერძნეთში იმოგზაურა და თვით ათენსაც ეწვია, ხოლო შემდეგ გრანდიოზული ტრიუმფით აღნიშნა თავისი დაბრუნება კონსტანტინოპოლში (1014 წ.), - უფლება ჰქონდა ეამაყა იმით, რომ იმპერიას კვლავ დაუბრუნა ოდინდელი ძლიერება, რაც მას საუკუნეების მანძილზე აღარ ღირსებია.
სამხრეთ იტალიის დაპყრობა და ბიზანტიის პოლიტიკა დასავლეთში. - იმპერიის საზღვრებს წარმატებით რომ განავრცობდნენ აღმოსავლეთში, მაკედონური დინასტიის იმპერატორები, იმავდროულად, ცდილობდნენ, განეახლებინათ ბიზანტიის დასავლური პოლიტიკის პატივმოყვარული ტენდენციები.
იმპერიას არასოდეს უთქვამს უარი თავის უფლებაზე იტალიის მიმართ; რომის, ძველი რომაული სამყაროს მარადიული დედაქალაქისა და რავენის, ეკზარქატის ძველისძველი ცენტრის ხსოვნა არასოდეს ჩამქრალა ბიზანტიელთა გულში. კაროლინგთა უკანასკნელი იმპერატორების სისუსტე, ლანგობარდთა მბრძანებლებს შორის დანაწილებულ სამხრეთ იტალიაში გამეფებული ანარქია და მუსულმანთა თავდასხმის თანდათანობით მზარდი საფრთხე ბასილი პირველისთვის საკმარისი საბაბი შეიქნა საიმისოდ, რომ ნახევარკუნძულზე შეჭრილიყო თავისი პატივმოყვარული ზრახვების აღსასრულებლად. იმპერატორი მიზნად ისახავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში აღედგინა ბიზანტიის პრესტიჟი, ადრიატიკისა და ტირენის ზღვებიდან განედევნა მუსულმანი მეკობრეები და დაემარცხებინა აფრიკელი თუ სიცილიელი სარკინოზები. ტახტზე ასვლისთანავე მან ძალზე აქტიურად დაიწყო მოქმედება დასავლეთში. რა თქმა უნდა,იმპერატორმა ვერ მოახერხა დაებრუნებინა სიცილია, სადაც სირაკუზა უსჯულოთა ხელში აღმოჩნდა (978 წ.), მაგრამ იმდენი კი შესძლო, რომ წესრიგი აღედგინა ადრიატიკის ზღვაზე, განეახლებინა ბიზანტიის კავშირი ვენეციასთან და იმპერიის ვასალებად ექცია ხორვატები. ბასილი I-მა კვლავ აიღო ბარი (876 წ.) და ტარენტო (880 წ.), უკან დაიბრუნა კალაბრია (885 წ.) და აიძულა ლანგობარდთა მბრძანებლები ბიზანტიის პროტექტორატი ეცნოთ. სამხრეთ იტალიაში ორი ახალი «თემი» შეიქმნა: ლანგობარდიისა და კალაბრიისა. ეს იყო საუცხოო კომპენსაცია დაკარგული სიცილიის სანაცვლოდ.
ლეონ მეექვსის სისუსტემ ლამის არად აქცია მთელი ეს მონაპოვარი. არაბებმა ტაორმინა აიღეს (902 წ.) და ამით დაასრულეს სიცილიის დაპყრობა, შემდეგ კი კალაბრიაში შეიჭრნენ, სადაც თვით კამპანიამდე მოიკიდეს ფეხი. მაგრამ კარილიანოსთან მოპოვებულმა გამარჯვებამ (915 წ.) კვლავ უზრუნველყო ბიზანტიის დომინანტობა იტალიაში და მთელი საუკუნის მანძილზე, სარკინოზების გამუდმებული თავდასხმებისა და გერმანელ იმპერატორთა მეტოქეობის მიუხედავად, ბერძნები მაინც ინარჩუნებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ბასილი მეორის ძლევამოსილმა მეფობამ აქაც წარმატებით დააგვირგვინა მაკედონური დინასტიის იმპერატორთა ძალისხმევა. კანასთან მოპოვებულმა გამარჯვებამ (1018 წ.), სადაც იმპერიის ლაშქარმა ქედი მოახრევინა აპულიის ამბოხებულ მოსახლეობას, რეჯოდან და ბარიდან პაპის ოლქამდე განამტკიცა ბიზანტიის პრესტიჟი. იმპერიული მმართველობის წყალობით, მარჯვედ რომ ავრცელებდა ბერძნული კულტურის გავლენას, უწინარეს ყოვლისა კი, ბერძენი სამღვდელოებისა და ბერძნული მონასტრების თანადგომით, სამხრეთ იტალია კვლავ «დიდ საბერძნეთად» იქცა: უტყუარი საბუთი ცივილიზატორული ექსპანსიისა და კულტურულ-პოლიტიკური ზეგავლენისა, რაც განაპირობებდა მეათე-მეთერთმეტე საუკ. ბიზანტიის იმპერიის პრესტიჟს.
თუმცა მეათე საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიის ასპარეზზე გერმანელი იმპერატორების გამოჩენამ, ცოტა არ იყოს, გარკვეული სიძნელეები შეუქმნა ბიზანტიის პოლიტიკას. როცა ოტონ პირველი იტალიაში ჩავიდა და იმპერატორის ტიტული მიიღო, ბიზანტიელთა სიამაყე ვერ შეურიგდა იმას, რაც მათ უზურპაციად ეჩვენებოდათ. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ოტონმა ბიზანტიის ვასალებზე - ლანგობარდთა მბრძანებლებზედაც განავრცო თავისი ძალაუფლება, ბიზანტიის კუთვნილი ტერიტორიები დაარბია და თავს დაესხა ბარის (968 წ.). ნიკიფორე ფოკამ საკადრისი პასუხი გასცა მოძალადეს. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის პოლიტიკა შეიცვალა: მიღწეულ იქნა თანხმობა, რაც განამტკიცა ოტონ მეორისა და თეოფანოს ქორწინებამ (972 წ.). თუმცა თანხმობა ხანმოკლე აღმოჩნდა: გერმანულმა პატივმოყვარეობამ ვერ შესძლო ბიზანტიის პრეტენზიებს შეჰგუებოდა. მაგრამ გერმანელმა იმპერატორებმა ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. ოტონ მეორე კალაბრიაში შეიჭრა და მარცხი იწვნია სტილოსთან (987 წ.). ჰენრიხ მეორე ამაოდ უწყობდა ხელს აპულიის ამბოხებას; მისმა თავდასხმამ საბერძნეთის იტალიაზე არავითარი შედეგი არ გამოიღო (1025 წ.). ბასილი მეორის გარდაცვალებისას ბიზანტიის ძალაუფლება იტალიაში ისეთივე მტკიცე იყო, როგორც ბულგარეთსა თუ აზიაში.
დიპლომატიის მიღწევები: იმპერიის ვასალები. - ამ წარმატებების წყალობით, ბიზანტიის იმპერია მეორე საუკუნეში, ერთის მხრივ, დუნაიდან სირიამდე, მეორეს მხრივ კი, იტალიის სანაპიროებიდან სომხეთის ზეგანამდე იყო გადაჭიმული. მაგრამ მოქნილი დიპლომატია ამ საზღვრებს მიღმაც ავრცელებდა ბიზანტიის გავლენას. იმპერიის ირგვლივ თავს იყრიდნენ ვასალური სახელმწიფოები, რომლებიც თითქოს თავდაცვის პირველ ხაზს ჰქმნიდნენ საზღვრების გასწვრივ, და, რაც მთავარია, მთელ მსოფლიოს გადასცემდნენ ბიზანტიის პოლიტიკურსა თუ კულტურულ გავლენას.
იტალიაში იმპერიის ყველაზე ერთგული და სანდო მოკავშირე ვენეცია იყო, პირწმინდად ბერძნული ქალაქი, როგორც თავისი დასაბამით, ისე თავისი ზნე-ჩვეულებებით. ამიტომ იმპერატორები სწორედ მას ანდობდნენ ადრიატიკის ზღვაზე წესრიგის მეთვალყურეობას, ხოლო მეორე საუკუნის დამლევს (992 წ.) მნიშვნელოვანი სავაჭრო პრივილეგიებიც მიანიჭეს, რაც საფუძვლად დაედო მის შემდგომ ძლიერებას. იტალიის სამხრეთ ნაწილში ბიზანტიას განსაკუთრებით აქტიურად უჭერდნენ მხარს ნეაპოლის, გაეტისა და ამალფის რესპუბლიკები. და ბოლოს, სალერნოს, კაპუისა და ბენევენტის ლანგობარდი მბრძანებლები, მართალია, ესოდენ საიმედო ვასალები არ ყოფილან, მაგრამ მაინც აღიარებდნენ ბიზანტიის პროტექტორატს. ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით და ადრიატიკის ზღვის მთელ სანაპიროზე იმპერიის ერთგული მოკავშირეები იყვნენ, უპირატესად, ბულგარელების წინააღმდეგ ბრძოლაში, სერბიისა და ხორვატიის სლავური სახელმწიფოები, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია და ბიზანტიას დაუმორჩილა ბასილი პირველმა. აღმოსავლეთით, შავი ზღვის პირას მდებარე ხერსონესი, უფრო ბიზანტიის ვასალი, ვიდრე მისი ქვეშევრდომი, მნიშვნელოვან სათვალთვალო პუნქტს და, იმავდროულად, პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტს წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც იმპერია თავის გავლენას ავრცელებდა ბარბაროს ხალხებზე - ხაზარებზე, პაჭანიკებსა თუ რუსებზე, ხერსონესის მომიჯნავე ტრამალებში რომ ბინადრობდნენ. კავკასიაში ალანთა, აფხაზთა თუ ალბანელთა მბრძანებლები ამაყობდნენ იმით, რომ ბიზანტიურ ტიტულებს ატარებდნენ და სუბსიდიებს იღებდნენ იმპერიისგან. სომხეთის მმართველი ბაგრატიდების სამეფო დინასტიის წევრები, ისევე როგორც ვასპურაკანის, ტარონისა თუ ივერიის მთავრები მონარქიის ერთგული კლიენტები და მსახურები იყვნენ მანამ, სანამ ბასილი მეორემ ერთიმეორის მიყოლებით არ მიიტაცა მათი სამფლობელოები.
რელიგიის მიღწევები: რუსეთის ქრისტიანიზაცია. - ბიზანტიური კულტურის გავლენა იმ მხარეებს მიღმაც ვრცელდებოდა, რომლებიც იმპერიის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდნენ. როგორც ყოველთვის, მისიონერები მხარში ედგნენ დიპლომატებს. ამის ბრწყინვალე დასტურად გვევლინება რუსეთის მოქცევა ქრისტეს სჯულზე.
ბიზანტიის ურთიერთობა რუსეთთან მეცხრე საუკუნის შუა წლებიდან იწყება. 860 წლიდან მოყოლებული, კიეველი ავანტურისტები არაერთხელ დამუქრებიან კონსტანტინოპოლს თავიანთი თავდასხმებით (მაგ., 907 და 941 წ.). მაგრამ იმპერატორები სიამოვნებით ქირაობდნენ ჯარისკაცებად ამ მამაც მეომრებს და რუსი ვაჭრებიც ბიზანტიის ბაზრების ხშირი სტუმრები იყვნენ. ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა მას შემდეგ, რაც დედოფალი ოლგა ბიზანტიას ეწვია (957 წ.) და ქრისტიანობა მიიღო. მაგრამ ყველაზე დიდმნიშვნელოვანი მოვლენა მაინც მეათე საუკუნეში კიევის დიდი მთავრის ვლადიმერის ქრისტეს სჯულზე მოქცევა იყო. 988 წელს კიევის დიდმა მთავარმა ბასილი მეორეს ფეოდალთა აჯანყების ჩასახშობად მთელი ლაშქარი აახლა, რომელიც 6000 კაცს ითვლიდა, რის სანაცვლოდაც ვლადიმერმა ბიზანტიელი პრინცესას ხელი ითხოვა, და საიმპერატორო სასახლის კარის ყოყმანისათვის რომ მოეღო ბოლო, ხერსონესს დაეუფლა. ბასილი მეორე ნებას დაჰყვა რუსთ ხელმწიფის დაჟინებულ თხოვნას, მაგრამ ამასთანავე დაიყაბულა იგი, ქრისტიანობა მიეღო. ვლადიმერი ხერსონესში მოინათლა (989 წ.), შემდეგ კი კიევში თავისი ხალხიც მონათლა. ვლადიმერის შემდეგ მისმა ვაჟმა იაროსლავმა (1015-1054 წ.) მამამისის დაწყებული საქმე განაგრძო: თავისი სატახტო ქალაქი კიევი კონსტანტინოპოლის მეტოქედ და აღმოსავლეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად აქცია.
იმპერიის საშინაო მმართველობა და ბიზანტიის კულტურა
მეათე საუკუნეში
ამრიგად, მეათე საუკუნის ბიზანტია ჭეშმარიტად მსოფლიო იმპერია იყო, რომლის გავლენა და პრეტენზიები მთელ კულტურულ სამყაროზე ვრცელდებოდა. მისი საშინაო ორგანიზაცია, რაც მან ამ დროისათვის მიიღო, არანაკლებ მტკიცედ ამკვიდრებდა მის ძლიერებას.
იმპერიის მმართველობა. - ბიზანტიის იმპერატორი - «ბასილევსი», როგორც მას ოფიციალურად უწოდებდნენ, - უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. რომაელ ცეზართა მემკვიდრე, მათსავით არმიის უმაღლესი მთავარსარდალი და კანონის ხორცშესხმული ხატება გახლდათ. აღმოსავლურ მონარქიებთან მეზობლობის წყალობით, ის ყოვლისმძლე თვითმპყრობელად (დესპოტად, ავტოკრატორად), აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელად იქცა. ქრისტიანობამ წმიდაყო მისი ღირსება და კიდევ უფრო აამაღლა მისი პრესტიჟი. ღვთივრჩეული, მირონცხების წყალობით ღვთაებრივი ინვესტიტურით აღბეჭდილი, ამ ქვეყნად უფლის მონაცვლე და მისი წარმომადგენელი, გარკვეული აზრით, ის თითქმის ღმერთთან წილნაყარი ხდებოდა. სასახლის კარის ფუფუნების, თვალის მომჭრელად ბრწყინვალე და, იმავდროულად, ცოტა არ იყოს, მიამიტური ეტიკეტის წყალობით, რომლის რიტუალებსაც კონსტანტინე პორფიროგენეტი დაწვრილებით აღგვიწერს თავის თხზულებაში «ცერემონიათა წიგნი», ისევე როგორც მოჩვენებითი და თავბრუდამხვევი პოლიტიკის ათასგვარი გამოვლინებით, რისი მეოხებითაც იმპერია ყოველთვის ცდილობდა გაებრუებინა და გაეოგნებინა ბარბაროსები, - იმპერატორი მართლაც რომ ზეადამიანურ არსებად ჩანდა. ამიტომაც ყველაფერი, რაც მის პიროვნებას ეხებოდა, «წმიდად» იყო მიჩნეული, და მხატვრებიც იმპერატორს თავზე შუქმოიეფე შარავანდით გვიხატავდნენ, როგორც ღმერთსა და წმიდანებს.
ღვთიური სამართლით - უზენაესი მბრძანებელი, აბსოლუტური და დესპოტური უფლებებით მოსილი იმპერატორი ერთპიროვნული და განუყოფელი ძალაუფლების მპყრობელი იყო. ადვილი შესამჩნევია ის უპირატესობა, რასაც იმპერიას ანიჭებდა ამნაირი ერთპიროვნული მმართველობა ყველა იმ შემთხვევაში, როცა ქვეყნის საჭე მტკიცე ხელს ეპყრა. მთელს იმპერიაში არ მოიძებნებოდა ძალა, რომელიც შესძლებდა წინ აღდგომოდა ამ აბსოლუტურ ძალაუფლებას. სენატი მხოლოდ სახელმწიფო სათათბირო იყო, რომელიც მაღალი რანგის მოხელეების, იმპერატორის ყურმოჭრილ მონა-მორჩილთაგან შედგებოდა. ხალხს პლებსი უფრო ეთქმოდა, შფოთისთავი და მეამბოხე ბრბო, რომელიც მხოლოდ პურსა და სანახაობებს მოითხოვდა. ეკლესია კი, მიუხედავად იმ მაღალი მდგომარეობისა, რაც მას ბიზანტიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეჭირა, და იმ საშიშროებისა, რასაც მისი სიმდიდრე და პატივმოყვარეობა ბადებდა, ხატთმბრძოლობის შემდეგ სახელმწიფოზე უფრო მეტად დამოკიდებული აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე. მხოლოდ არმია იყო ერთადერთი ძალა, რაც საკმაოდ ხშირად ვლინდებოდა სამხედრო ამბოხებებისა თუ სახელმწიფო გადატრიალებების დროს. ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის ლეგიტიმისტური იდეის განვითარებამ, მართალია, მთლიანად ვერ მოსპო ეს საფრთხე, მაგრამ იმდენი კი შესძლო, რომ უფრო იშვიათი და დინასტიისათვის ნაკლებად საშიში გაეხადა იგი.
ბიზანტიის ადმინისტრაცია და მისი მიღწევები. - ამ დესპოტურ ხელისუფლებას, ესოდენ ურყევსა და აბსოლუტურს როგორც საერო, ისე სასულიერო თვალსაზრისითაც, დიდად გამოცდილი, უაღრესად ცენტრალიზებული და განსაცვიფრებლად დისციპლინირებული ადმინისტრაცია ემსახურებოდა. დედაქალაქში, მბრძანებლის ირგვლივ შემოკრებილი მინისტრები - უზარმაზარ დაწესებულებათა ხელმძღვანელები - მტკიცე ხელით მართავდნენ სახელმწიფოს და ცენტრიდან მთელ ქვეყანას გადასცემდნენ იმპერატორის ნებას. მათი ზედამხედველობით მუშაობდა ურიცხვი კანცელარია, სადაც დეტალურად სწავლობდნენ თითოეულ საქმეს და გადაწყვეტილებებსაც ამზადებდნენ. ისევე, როგორც ოდესღაც რომი, ბიზანტიაც მკაცრად ორგანიზებული ბიუროკრატიის მეშვეობით მართავდა მსოფლიოს. პროვინციებში, სადაც «თემების» სისტემა ადმინისტრაციული ორგანიზაციის ერთადერთ საფუძვლად იქცა (მეათე საუკუნის მეორე ნახევრისათვის იმპერიაში 30 «თემი» იყო: აზიაში - 18, ევროპაში კი - 12), მთელი ძალაუფლება ერთი ყოვლისშემძლე პირის - «სტრატეგის» ხელში იყო მოქცეული, რომელიც იმპერატორის მიერ ინიშნებოდა და მხოლოდ მას ემორჩილებოდა. ამრიგად, ზემოდან ქვემოთ, ადმინისტრაციული კიბის თითოეულ საფეხურზე მდგარი ნებისმიერი მოხელე მთლიანად იმპერატორზე იყო დამოკიდებული, და ეს მშვენივრად შერჩეული, საფუძვლიანად მომზადებული და მთელის არსებით თავისი საქმის ერთგული პერსონალი, რომელსაც კეთილსინდისიერი სამსახურის სტიმულს აძლევდა იმის შეგნება, რომ შეეძლო თანდათანობით წაეწია წინ თანამდებობათა და სამოხელეო ხარისხთა გულმოდგინედ მოფიქრებულ ჰიერარქიულ კიბეზე, - უჩვეულო სიბეჯითით ასრულებდა თავის ორმაგ როლს, რასაც თავს ახვევდა იმპერატორის ნება.
ადმინისტრაციის მთავარი ამოცანა ხელისუფლების ფულით მომარაგება გახლდათ. ეს უაღრესად ძნელი საქმე იყო, ვინაიდან ბიზანტია ვერასოდეს ვერ ახერხებდა ზუსტი შესაბამისობა დაემყარებინა, ერთის მხრივ, ხაზინის შემოსავალსა და, მეორეს მხრივ, პოლიტიკური მიზნებისა თუ სასახლის კარის უჩვეულო ფუფუნებისათვის საჭირო ხარჯებს შორის. ამიტომაც იყო, რომ გრანდიოზული პროექტები, არსებითად, განუხორციელებელი რჩებოდა. ადმინისტრაციის მეორე ამოცანა, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული იყო. ბიზანტიის იმპერიას არ გააჩნდა არც ეროვნული და არც ენობრივი ერთობა: ეს იყო, როგორც ამბობდნენ, «ხელოვნური წარმონაქმნი, რომელიც ოც სხვადასხვა ეროვნებას აერთიანებდა და შემდეგი ფორმულით ხელმძღვანელობდა: «ერთი მბრძანებელი, ერთი სამრწმუნოება». ადმინისტრაციის განსაცვიფრებელ მიღწევად უნდა ჩაითვალოს, ტოტალური ელინიზაციისა და მართლმადიდებლობის საყოველთაო აღმსარებლობის მეშვეობით, ამ მრავალეროვნული სახელმწიფოს ქცევა მტკიცე კავშირით შეკრულ ერთიან ორგანიზმად. ბერძნული ენა ადმინისტრაციის, ეკლესიისა და სწავლა-განათლების ენა იყო; ამ კოსმოპოლიტურ იმპერიაში მან ეროვნული ენის მოჩვენებითი მნიშვნელობა შეიძინა. ელინური კულტურის უნარიანი პროპაგანდისა და თავისი უებრო ხელოვნების წყალობით - შეძლებისდაგვარად დაენდო დამარცხებული ხალხები და, იმავდროულად, მათი ასიმილირებაც მოეხდინა, იმპერიული ადმინისტრაცია ილუზორული ერთობის ნიშნით აღბეჭდავდა სხვადასხვაგვაროვან ელემენტებს, რომელთაგანაც შედგებოდა მონარქია; და ეს ყველაზე ნათლად მოწმობს ამ ვრცელი იმპერიის სიცოცხლისუნარიანობასა და ექსპანსიურ ძალმოსილებას. მართლმადიდებლური სარწმუნოების საყოველთაო გავრცელების მეშვეობითა და ეკლესიის ფრიად სასარგებლო უნარის წყალობით - მორალური გამარჯვება მოეპოვებინა იარაღით ძლეულ ხალხებზე, ადმინისტრაციამ შესძლო ერთმანეთში აელუფხა და დაეახლოვებინა ეს სრულიად სხვადასხვა ერები, რომლებსაც ბასილევსი მართავდა. დიახ, ადმინისტრაცია იყო ის მძლავრი ღერძი, რომელიც სიმტკიცეს ანიჭებდა და ჰომოგენურ ორგანიზაციად აქცევდა მთელ იმპერიას.
საკანონმდებლო საქმიანობა. - მაკედონური დინასტიის იმპერატორები ცდილობდნენ თავიანთი საკანონმდებლო საქმიანობით კიდევ უფრო განემტკიცებინათ იმპერიის ერთიანობა. მათ აღადგინეს იუსტინიანეს მიერ შექმნილი ძველი სამართალი და საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ პირობებს მიუსადაგეს იგი. ბასილი პირველმა იტვირთა ამ დიადი წამოწყების ინიციატივა; მისი ბრძანებით, "Pროცჰიროს Nომოს"-ში (897 წ.) გაერთიანებულ იქნა "ჩორპუს ჯურის ცივილის"-იდან ამოკრეფილი უმნიშვნელოვანესი ექსცერპტები და «ეპაგოგეს» სახელწოდებით მომზადდა საყოფაცხოვრებო სამართლის სახელმძღვანელო (886 წ.). ბასილი პირველის ვაჟმა ლეონ მექვსემ დაასრულა მამის დაწყებული საქმე და ბრძანა შეედგინათ ეგრეთწოდებული «ბასილიკები», ვეებერთელა კოდექსი, რომელიც სამოც წიგნს ითვლიდა (887-893 წ.); ეს იყო იუსტინიანეს დროს გამოქვეყნებული იურიდიული შრომების კომპილაციური კონსპექტი. მაკედონური დინასტიის ორი პირველი იმპერატორის მემკვიდრეები არანაკლებ აქტიურობას იჩენდნენ საკანონმდებლო საქმიანობის სფეროში, რაც 1045 წელს, კონსტანტინე პორფიროგენეტის მმართველობისას, კონსტანტინოპოლში სამართლის სკოლის შექმნით დაგვირგვინდა, რომელსაც იურისტები და ადმინისტრაციული მოხელეები უნდა მოემზადებინა. ასე სრულდებოდა იმპერიის კონსოლიდაცია.
სამხედრო ორგანიზაცია. - ძლევამოსილი, საუცხოოდ გაწვრთნილი ლაშქარი, რომლის სიმხნევისა და სიმამაცის უშრეტი წყარო იყო სარწმუნოებრივი გზნება და პატრიოტული სულისკვეთება, ისევე როგორც დიდებული სამხედრო ფლოტი, რომელმაც თავისი ბრწყინვალე გამარჯვებებით ბიზანტიას ერთპიროვნული მბრძანებლობა მოუპოვა ზღვებზე და, მეთერთმეტე საუკუნის ერთი მწერლის სიტყვით, «რომაელთა სიამაყედ» ითვლებოდა, კიდევ უფრო განამტკიცებდნენ იმპერიის ძლიერებას და პრესტიჟს. მაკედონური დინასტიის იმპერატორები, რომლებიც, იმავდროულად, დიდი მხედართმთავრებიც იყვნენ, ყურადღებას არ აკლებდნენ და დიდ მზრუნველობას იჩენდნენ არმიის მიმართ, რომელსაც იმპერიის სიმტკიცის ბურჯად თვლიდნენ. ისინი არავითარ პრივილეგიებს არ იშურებდნენ ჯარისკაცებისათვის, წყალობით ავსებდნენ, სამუდამო სამკვიდროდ ურიგებდნენ მიწა-წყალს და იმნაირ პატივს მიაგებდნენ, რანაირსაც იმსახურებდნენ იმპერიისა და ქრისტიანობის მცველნი. აზიური ომების დიადმა ეპოპეამაც და ბულგარელების წინააღმდეგ თავგანწირულმა ბრძოლამაც თვალნათლივ გვიჩვენა, რისი შემძლე იყო ეს სწორუპოვარი, აღჭურვილობის მიხედვით ცალკეულ შენაერთებად დაყოფილი არმია, რომელსაც ძალი შესწევდა ქედუხრელად შეხვედროდა ყოველგვარ განსაცდელს და უდრტვინველად აეტანა ათასნაირი გასაჭირი. მართალია, არმიის ნაწილი დაქირავებული ჯარისკაცებისაგან შედგებოდა და, მაშასადამე, დაქირავებული ლაშქრის ყველა ნაკლიცა ჰქონდა, მაგრამ სახელგანთქმული მხედართმთავრების წყალობით, რომლებიც მას სარდლობდნენ იმ ხანად, არმიამ მაინც შესძლო ფასდაუდებელი სამსახური გაეწია იმპერიისათვის და დიდების შარავანდედით შეემოსა თავისი საბრძოლო ალმები.
ეკონომიური კეთილდღეობა. - ფინანსების გონივრული გამოყენება და მრეწველობისა თუ ვაჭრობის მანამდე არნახული განვითარება იმპერიისათვის არა მარტო ძლიერების, სიმდიდრის წყაროც იყო. კვლევა-ძიებით მოხერხდა იმის დადგენა, რომ მეთერთმეტე საუკუნეში იმპერიის შემოსავალი 650 მილიონ პერპერას («ჰიპერპერონ») აღწევდა, რაც თანამედროვე კურსით3 სამ მილიარდ ფრანკზე მეტია. ბასილი მეორის გარდაცვალებისას სალაროს მარაგი 220 მილიონ პერპერას - მილიარდ ფრანკზე მეტს შეადგენდა. სახელმწიფო დაჟინებით ახორციელებდა მრეწველობისა თუ მეწარმეობის უკიდურესად დაწვრილმანებულ რეგლამენტაციას, რის გამოც კონსტანტინოპოლს «მონოპოლიზმისა და პროტექციონიზმის სამოთხე» შეერქვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიელი ოსტატების ხელიდან გამოსული შედევრები - აბრეშუმის ფერად-ფერადი, ნატიფი ნაყშებით მოსირმული ქსოვილები, უცხოდ მომინანქრებული დიდებული საიუველირო ნაწარმი, თვალისმომჭრელად მოციმციმე, მარგალიტებითა და პატიოსანი თვლებით მოოჭვილი სამკაულები, უნატიფესი ხელოვნებით ინკრუსტირებული სპილოს ძვლის ნაკეთობანი, ვერცხლით დაფერილი ბრინჯაო, ოქროცურვილი მინა, - ფუფუნების, სიმდიდრის, სისალუქის ეს ჭეშმარიტი სასწაული მთელს მსოფლიოში უბადლო შემოქმედთა სახელს უმკვიდრებდა ბერძენ ხელოსნებს. იმპერიის ეკონომიური პოლიტიკის შეცდომებისა და საკმაოდ შეზღუდული ღონისძიებების მიუხედავად, რასაც სახელმწიფო თავს ახვევდა აღებ-მიცემობას, ვაჭრობა მაინც წარმატებით ვითარდებოდა. თავის დიდვაჭართა აქტიური საქმიანობის, სავაჭრო ფლოტის სიმძლავრისა და გაცვლა-გამოცვლის უთვალავი საშუალების წყალობით, რასაც იმპერიას მისი ნავსადგურები და უზარმაზარი ბაზრები სთავაზობდნენ, ბიზანტია მთელი მსოფლიოს საქონელს იძენდა. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გამავალი დიდი სავაჭრო გზების გასაყარზე თავისი ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით, კონსტანტინოპოლი თითქოს გრანდიოზული საწყობი იყო, სადაც მილეთის ხალხი იყრიდა თავს და მსოფლიოს ყველა კუთხიდან თავის ნაწარმს ეზიდებოდა. გამოანგარიშებულია, რომ მარტოოდენ სავაჭრო გადასახადისა და საბაჟო ხარკის სახით დედაქალაქის ხაზინაში ყოველწლიურად შვიდი მილიონ სამასი ათასი პერპერა, ანუ დღევანდელი კურსით ხუთას მილიონ ფრანკზე მეტი შემოდიოდა.
ლიტერატურისა და ხელოვნების აღმავლობა. - მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარების კვალდაკვალ, სულიერი ცხოვრებაც უჩვეულო აღმავლობას განიცდიდა. კონსტანტინოპოლის აღდგენილ უნივერსიტეტში, რომელსაც მფარველობას არ აკლებდნენ იმპერატორები, სახელგანთქმული მასწავლებლები ფილოსოფიის, რიტორიკისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში წვრთნიდნენ თავიანთ მსმენელებს, და მათი კათედრების ირგვლივ თავს იყრიდნენ შეგირდები, რომლებიც აქეთკენ ბიზანტიისა და არაბული აღმოსავლეთის ყოველი კუთხიდან მოეშურებოდნენ.
იკონოკლასტური კრიზისის დასასრულს აზროვნების ყველა სფეროში შეინიშნება აშკარა გამოცოცხლება, რაც უშუალოდ უკავშირდება ანტიკურობის აღორძინებას. თვით იმპერატორებიც კი ცდილობენ ეზიარონ მეცნიერების საფუძვლებს. მეათე საუკუნეში კონსტანტინე მეშვიდე პორფიროგენეტის ინიციატივით ადგენენ წარსულისაგან მემკვიდრეობით მიღებული სულიერი სიმდიდრის ვრცელ ნუსხას; ეს ისტორიული, იურიდიული, ადმინისტრაციული, გრამატიკული, საბუნებისმეტყველო და ჰაგიოგრაფიული ენციკლოპედიების საუკუნეა. თვითმყოფი აზრი თამამად ეყრდნობა ამ ბაზისს, რათა უფრო შორეულ მიჯნებს მისწვდეს. მაკედონური დინასტიის იმპერატორთა ეპოქაში ბიზანტიას ერთიმეორის მიყოლებით ევლინებიან სახელგანთქმული მოაზროვნენი: მეცხრე საუკუნეში - ფოტიოსი, განსაცვიფრებელი სწავლული, თამამი და მძლეთა-მძლე სული; მეთერთმეტე საუკუნეში - პსელოსი, უნივერსალური გენია, ჭეშმარიტების დაუცხრომელი მაძიებელი, თავისი დროის ყველაზე დიდი ნოვატორი. პსელოსმა აღადგინა თაყვანისცემა პლატონის ფილოსოფიის მიმართ და თავისი სამწერლო ნიჭით დაიმსახურა უზენაესი პატივი - შერაცხულიყო უდიდეს სწავლულთა შორის. მათ ირგვლივ ვხედავთ სახელოვან მეცნიერთა მთელ პლეადას: ესენი არიან ისტორიკოსები - კონსტანტინე პორფიროგენეტი, ლეონ დიაკონი თუ მიხეილ ატალიატი; ქრონისტები - სიმეონ მაგისტროსი თუ სკილიცე; ფილოსოფოსები, თეოლოგები თუ პოეტები. სამეცნიერო და საერო მწერლობის კვალდაკვალ ვითარდება ხალხური პოეზიაც, ხოლო ეპიურ პოემას «დიგენის აკრიტასს», რომელიც შეიძლება შევადაროთ «სიმღერას როლანდზე» და «სიმღერას ჩემს სიდზე», ბიზანტიურ ლიტერატურაში ახალი, მანამდე უცნობი სულისკვეთება შეაქვს.
რაც შეეხება ხელოვნებას, მაკედონური დინასტიის ეპოქა მისთვისაც ნამდვილი ოქროს ხანა იყო. იუსტინიანეს მსგავსად, ბასილი პირველი და მისი მემკვიდრეებიც სააღმშენებლო საქმიანობის ჭეშმარიტი ტრფიალნი იყვნენ, და მათი ხუროთმოძღვრების შემოქმედებითი ფანტაზია მომხიბლავი ეკლესიების მთელ ანსამბლში ოსტატურად იმეორებდა წმიდა სოფიოს ტაძრის არქიტექტურულ ტიპს. ამ ეპოქის ხელოვნებაში, ისევე როგორც მწერლობაში, აშკარად დომინანტობს აღორძინებული ანტიკურობის ტრადიციები და საერო ელემენტები. ბიზანტია ელინურ კონცეფციებს, მარტივ წესრიგსა და სკულპტურულ საწყისებს უბრუნდება, ხოლო მუსულმანურ აღმოსავლეთთან ინტიმური სიახლოვის წყალობით, იმდროინდელ არქიტექტურულ ძეგლებში ცხადად ვლინდება უნაზესი და უნატიფესი ორნამენტების ვნებიანი სიყვარული და ნათელი ფერებისაკენ სწრაფვა. რელიგიურ ხელოვნებასთან ერთად იმპერატორისა და დიდგვაროვანი არისტოკრატიის სამსახურში დგება საერო ხელოვნებაც, რომლის შთაგონების წყაროდ იქცევა კლასიკური ისტორია თუ მითოლოგია, და რომელიც მკაფიოდ ავლენს თავის მიდრეკილებას ჟანრული სიუჟეტების, ისტორიული თუ პორტრეტული ფერწერისადმი. ეკლესიებისა და სასახლეების შემკულობაში აშკარად შეიმჩნევა თავბრუდამხვევი ფუფუნებისა და დიდებულებისაკენ სწრაფვა. ამ მხრივ, აღსანიშნავია წმიდა ლუკასა და, განსაკუთრებით, დაფნის მონასტრის, ბიზანტიური არქიტექტურის ამ ჭეშმარიტი შედევრის მოზაიკები, ისევე როგორც კიევის წმიდა სოფიოს ტაძრისა, სადაც თვალნათლივ ვლინდება ის უდიდესი გავლენა, რასაც ბიზანტიური ხელოვნება ახდენს მთელ აღმოსავლეთზე. იმპერატორებისათვის საგანგებოდ შემკული განსაცვიფრებელი ხელნაწერები, როგორც მაგალითად, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები თუ პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ფსალმუნი; ბასილევსის «თთუენი» ვატიკანში თუ მარკიანეს ფსალმუნი ვენეციაში; თვალისმომჭრელად მოელვარე მინანქრები, ლიმბურგის სანაწილეს რომ ამკობენ, თუ მიხეილ მთავარანგელოზის ხატები, წმიდა მარკოზის ტაძრის საგანძურში რომ არიან დაცულნი; და ბოლოს, სპილოს ძვლის უძვირფასესი ნაკეთობანი, უნატიფესი ფარჩა-ატლასი და სხვა მისთანანი, - ეს მშრალი ჩამონათვალიც კი ნათლად გვიჩვენებს, თუ რისი შექმნა შეეძლო იმდროინდელ ბიზანტიურ ხელოვნებას. თუმცა მან ცოტა მეტიც შექმნა, კერძოდ, დეკორაციის ახლებური მანერა, აღზრდის იარაღად რომ აქცევდა ფერწერას და ეკლესიის სამსახურში აყენებდა მას. აგრეთვე სრულიად ახალი, მეცხრე საუკუნის რენესანსისათვის ნიშნეული უმდიდრესი და უმრავალფეროვნესი იკონოგრაფია. ყოველივე ამის წყალობით ბიზანტიური ხელოვნება თავის მძლავრ ზემოქმედებას ავრცელებდა მთელს მსოფლიოში - ბულგარეთსა თუ რუსეთში, სომხეთსა თუ სამხრეთ იტალიაში.
კონსტანტინოპოლი იყო ამ განსაცვიფრებელი სულიერი ქმედითობის თვალისმომჭრელად მოელვარე კერა, ცივილიზებული სამყაროს დედაქალაქი, მშვენიერების დედოფალი. მტკიცე გალავნის, მისი საიმედო ფარის მიღმა «ღვთივდაცული» ქალაქი ენით აუწერელ ფუფუნებასა და დიდებულებას მალავდა: წმიდა სოფიოს ტაძარი, რომლის ჰარმონიული მშვენიერება და ბრწყინვალე რიტუალები მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა ყველა მხილველზე; «წმიდა სასახლე», რომლის არნახულ სიდიადეშიც ხორცი შეისხა იმპერატორთა ათი თაობის პატივმოყვარულმა ძალისხმევამ; ჰიპოდრომი, სადაც ხელისუფლება მართავდა ყოველნაირ სანახაობას, რასაც შეიძლებოდა ხალხი გაერთო, - აი, სამი ცენტრი, რომელთა ირგვლივ დუღდა და გადმოდიოდა ბიზანტიის მთელი ცხოვრება. მათ გვერდით, ეკლესიებისა და მონასტრების ურიცხვი სიმრავლე, დიდებული სრა-სასახლენი, მდიდრული ბაზრები, ანტიკური ხელოვნების შედევრებით უხვად შემკული ქუჩები და მოედნები უმომხიბლავეს მუზეუმად აქცევდნენ ქალაქს. მეათე საუკუნის კონსტანტინოპოლი ამაყობდა იმით, რომ მხოლოდ მას - ერთადერთს ეკუთვნოდა შვიდი საოცრება, - ზუსტად იმდენივე, რამდენიც ცნობილი იყო მთელს ანტიკურ სამყაროში, - რომლებიც, ერთი მწერლის თქმისა არ იყოს, «შვიდი მთიებივით ამკობდნენ მას». მთელი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ოცნება თავს დასტრიალებდა კონსტანტინოპოლს, ერთადერთ ქალაქს, ოქროსფერ შუქში გათქვეფილს. ბიზანტიური კულტურის გავლენას თანაბრად განიცდიდნენ სლავებიც და არაბებიც, იტალიაც და შორეული საფრანგეთიც. მაკედონური დინასტიის იმპერატორთა დროინდელი ბიზანტია ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო, რაც კი ოდესმე არსებულა მთელს მზისქვეშეთში. მაგრამ აღტაცებასთან ერთად ის იწვევდა საყოველთაო შურსაც და სიხარბესაც, რაც სერიოზულ საფრთხედ უნდა ქცეულიყო მომავალში.
იმპერიის სისუსტის მიზეზები
ბევრი სხვა საფრთხეც ემუქრებოდა ამ აღმავლობას.
სოციალური პრობლემა და ფეოდალური ამბოხებანი. - მეცხრე საუკუნის დასასრულსა და მთელი მეათე საუკუნის განმავლობაში ბიზანტიას აშფოთებდა მწვავე სოციალური საკითხი. იმპერიაში სულ ორი კლასი იყო: ღარიბები და მდიდრები. ამ უკანასკნელთა მიერ ღარიბების საკუთრებისა და თავისუფლების ხელყოფის შედეგად, იმპერიაში, უწინარეს ყოვლისა კი აზიურ პროვინციებში თანდათანობით ყალიბდებოდა დიდგვაროვანი ფეოდალური არისტოკრატია, რომელიც უზარმაზარ მამულებს ფლობდა, უამრავი ვასალი თუ კლიენტი ჰყავდა და რომლის გავლენაც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა იმის წყალობით, რომ მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები და დიდმნიშვნელოვანი სამხედრო პოსტები ეჭირა, რაც არმიას, არსებითად უქვემდებარებდა მის ნება-სურვილს. კეთილშობილთა ეს წოდება - მდიდარი, ყოვლისშემძლე, პოპულარული, - პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისითაც დიდ საფრთხეს უქმნიდა ხელისუფლებას. იმპერატორებმა მალე შეიგნეს ეს და ენერგიული ბრძოლა გააჩაღეს ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ, რომლებსაც თავი მოჰქონდათ იმით, რომ შეეძლოთ დაპირისპირებოდნენ ბასილევსს; ეგეც არ იყოს, ათასნაირი შეღავათებისა თუ პრივილეგიების მოთხოვნით საგრძნობლად ამცირებდნენ ხაზინის შემოსავალს, ხოლო ჯარისკაცებისათვის განკუთვნილი მიწა-წყლის მიტაცებით ულმობლად წრეტდნენ არმიის ახალი ძალებით შევსების ამ ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს.
ბასილი პირველმა, როგორც ყველა სხვა სფეროში, ისე აქაც დასაბამი დაუდო მაკედონელთა დინასტიის პოლიტიკას და სასწრაფოდ შეუდგა წარჩინებულთა მტაცებლური მისწრაფებების ალაგმვას. მისმა მემკვიდრეებმა გააგრძელეს თავიანთი წინამორბედის საქმე. რომანოზ პირველი ლეკაპინეს, კონსტანტინე მეშვიდის, რომანოზ მეორისა და ნიკიფორე ფოკას მიერ 922-934, 947 და მომდევნო წლებში გამოქვეყნებული ბრძანებები მიზნად ისახავდნენ წვრილ მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას და საშუალებას არ აძლევდნენ ფეოდალებს, «შთაენთქათ ღარიბთა ქონება». ამ ღონისძიებების გამუდმებით გამეორება თავისთავად გვიჩვენებს, რომ საფრთხე თანდათან იზრდებოდა. მეათე საუკუნის მეორე ნახევრის მოვლენებმა მთელი სიცხადით წარმოაჩინეს ეს.
ნიკიფორე ფოკას მკვლელობისთანავე განსვენებული იმპერატორის ძმისწულის - ბარდა ფოკას თავკაცობით მცირე აზიაში იფეთქა ფეოდალთა აჯანყებამ (971 წ.), რომელიც დიდი გაჭირვებით ჩაახშეს. მაგრამ ის, უფრო მრისხანე სახით, კვლავ განმეორდა ბასილი მეორის მმართველობის პირველ წლებში. 976 წელს თავი იჩინა ნამდვილმა აზიურმა ფრონდამ. მას სათავეში ჩაუდგა დიდგვაროვანი ფეოდალი ბარდა სკლიროსი, რომელმაც გარშემო შემოიკრიბა ხელისუფლებით უკმაყოფილო ყველა ელემენტი, ყველა ავანტურისტი, ვინც რაიმე გამოსარჩენს გამოელოდა ამბოხებისგან, რამდენიმე კვირაში აზიის მბრძანებელი შეიქნა და კონსტანტინოპოლს დაემუქრა (978 წ.).
ერთი ამბოხებული ფეოდალის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობამ შემწეობისათვის მეორე დიდებულს მოუხმო. ბარდა ფოკამ პანკალიასთან დაამარცხა ბარდა სკლიროსი (979 წ.) და აჯანყება ჩაახშო. მაგრამ როცა ბასილი მეორის ძალაუფლების განმტკიცება არისტოკრატიამ სახიფათოდ მიიჩნია, ახალმა აჯანყებამ იფეთქა. გუშინდელი მტრები - ფოკა და სკლიროსი იმპერატორის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ (987 წ.). მაგრამ ბოლოს მაინც ბასილი მეორის დაუცხრომელმა ენერგიამ იმძლავრა. ფოკამ მარცხი იწვნია ქროსოპოლთან, კონსტანტინოპოლის მახლობლად (988 წ.) და, ბოლოს, აბიდოსთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა (989 წ.). სკლიროსი იძულებული შეიქნა ქედი მოეხარა. მაგრამ იმპერატორს აღარასოდეს დავიწყნია ეს ფეოდალური ამბოხებანი. 996 წლის ბრძანებულებით მან გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა თავგასულ ფეოდალებს. ერთის შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს იმპერატორმა საბოლოოდ მიაგო ურჩ ფუოდალებს ანატოლიაში აჯანყების სანაცვლო.
მაგრამ სინამდვილეში ამ ღონისძიებებს არავითარი შედეგი არ გამოუღია. ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა გასაქანი არ მიეცა დიდი მესაკუთრეებისათვის, მძიმე ბეგარით წელში გაეწყვიტა ფეოდალები და შეძლებისდაგვარად შეეზღუდა მათი გავლენა არმიაზე. მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. ფეოდალურმა არისტოკრატიამ ბოლოს მაინც გამარჯვება იზეიმა საიმპერატორო ძალაუფლებაზე და სისუსტისა და ანარქიის პერიოდში, რითაც აღინიშნა მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარი, სწორედ ფეოდალებმა, კომნინთა დინასტიის სახით, იხსნეს იმპერია.
სასულიერო არისტოკრატია. - საერო ფეოდალიზმის გარდა არანაკლებ ძლიერი და საშიში იყო სასულიერო არისტოკრატია.
მერვე საუკუნისა არ იყოს, მეათეშიაც მიწა-წყლის უმეტესი ნაწილი, ხაზინისა და არმიის საზიანოდ, მონასტრების ხელში გადადიოდა. მეათე საუკუნის იმპერატორები ცდილობდნენ ყოველნაირად შეეზღუდათ სამონასტრო სიმდიდრის ზრდა. ნიკიფორე ფოკა იქამდისაც კი მივიდა, რომ საერთოდ აკრძალა ახალი მონასტრების დაარსება და მიწა-წყლის ბოძება უკვე არსებული მონასტრებისათვის (964 წ.). მაგრამ ბიზანტიის ეკლესია მეტისმეტად ძლიერი იყო და ამნაირ ღონისძიებებს დიდი დღე არ ეწერათ. იმპერიისათვის უაღრესად საჭირო იყო ეკლესია და, ცხადია, მის თანადგომას უნდა გაფრთხილებოდა. 988 წელს ბასილი მეორემ გააუქმა ფოკას განკარგულება და მონასტრებმა გამარჯვება იზეიმეს.
ზუსტად ასევე, თეთრ სამღვდელოებასთან დამოკიდებულებაშიც იმპერატორს არასოდეს არ რჩებოდა საბოლოო სიტყვა. კონსტანტინოპოლის პატრიარქის უზარმაზარი გავლენა, როლი, რომელსაც ის ასრულებდა საეკლესიო ცხოვრებაში, ურიცხვი სამღვდელოება, რომელიც მას ემორჩილებოდა, გადამწყვეტი ზემოქმედება, რასაც ის ახდენდა პოლიტიკაზე და უსაზღვრო პატივმოყვარეობა, რასაც მისი ძლიერება ედო საფუძვლად, განსაკუთრებით საშიშს ხდიდა მღვდელთმთავარს. თუ ხელისუფლების ერთგულ პატრიარქს შეეძლო ფასდაუდებელი სამსახური გაეწია მისთვის, სამაგიეროდ მტრულად განწყობილი პატრიარქი ნამდვილი ღვთის რისხვა იყო, და მის ურჩობას შეეძლო დაეთრგუნა თვით იმპერატორის ნება. ეს თავის თავზე გამოსცადა ლეონ მეექვსემ პატრიარქ ნიკოლოზთან შეჯახებისას. მართალია, მან აიძულა ურჩი პრელატი მღვდელთმთავრობაზე უარი ეთქვა (907 წ.), მაგრამ იმპერატორის სიკვდილის შემდეგ ნიკოლოზმა კვლავ დაიკავა საპატრიარქო ტახტი (912 წ.). კონსტანტინე მეშვიდის მცირეწლოვანებისას ის მთავარი მინისტრი იყო და გადამწყვეტ როლს ასრულებდა როგორც იმპერიის შიგნით დაწყებულ ამბოხებებში, ისე მისი საგარეო პოლიტიკის წარმართვაშიაც. თავისი თხზულებით «თომუს უნიონის» (920 წ.), სადაც რეგლამენტირებული იყო ოთხგზის ქორწინების საკითხი, რაც პატრიარქსა და იმპერატორს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა, მღვდელთმთავარმა შური იძია და სანაცვლო მიუზღო ბასილევსს. ასევე გამომწვევად ეჭირა თავი პატრიარქ პოლიევქტეს ნიკიფორე ფოკას მიმართ; მართალია, ერთხანს იძულებული შეიქნა ქედი მოედრიკა იმპერატორის წინაშე, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია იმას, რომ იოანე ციმისხიოსს გაეუქმებინა ყველა დადგენილება, რაც არახელსაყრელი იყო ეკლესიისთვის (970 წ.). თუმცა კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა პატივმოყვარეობას გაცილებით უფრო მძიმე შედეგიც მოჰყვა: რომთან განხეთქილება და ორი ეკლესიის გაყოფა.
ცნობილია, რომ პირველად ეს განხეთქილება ფოტიოსის პატივმოყვარეობამ განაპირობა. ბასილი პირველის ტახტზე ასვლამ დასაბამი დაუდო ახალ რელიგიურ პოლიტიკას. პატრიარქი დამხობილ იქნა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (869 წ.) რომთან კავშირი აღადგინა. მაგრამ 877 წელს ფოტიოსმა უკანვე დაიბრუნა თავისი ტახტი. 879 წლის საეკლესიო კრებაზე მან ხელახლა გაწყვიტა კავშირი რომთან. მართალია, 893 წელს ეს კავშირი საზეიმო ვითარებაში აღდგა, მაგრამ ორი ეკლესიის კონფლიქტი კვლავ გრძელდებოდა ფარული სახით, რისი მიზეზიც, რაღა თქმა უნდა, იმდენად მეორეხარისხოვანი საკითხი - დოგმისა და რიტუალის თაობაზე მათი უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა როდი იყო, რამდენადაც დიდი ხნის განმავლობაში რომის პირველობის ჯიუტად უარმყოფელი კონსტანტინოპოლელი პატრიარქების პატივმოყვარული მისწრაფება - ყოველ მიზეზს გარეშე დამსხდარიყვნენ აღმოსავლეთის პაპებად. მეათე საუკუნის დამლევს ბრძოლამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ხოლო მეთერთმეტე საუკუნის შუა წლებში მიხეილ კერულარიოსის პატივმოყვარეობა საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ საბოლოოდ დაესრულებინა განხეთქილება.
იმპერიის დეკადანსი მეთერთმეტე საუკუნეში (1025-1081 წ.)
ათასგვარი საფრთხის მიუხედავად, რაც იმპერიას ემუქრებოდა, მას მაინც შეეძლო თავისი პრესტიჟისა და ძლიერების შენარჩუნება, ამ საქმისათვის მტკიცე და მოქნილი პოლიტიკის ერთგულსა და ენერგიულ მბრძანებლებს რომ მოეკიდათ ხელი. საუბედუროდ, ქალთა მმართველობისა და უნიათო და უგერგილო იმპერატორების დრო დადგა, რაც ახალი კრიზისის მიზეზად იქცა.
დეკადანსი ბასილი მეორის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, კონსტანტინე მერვისა (1025-1028 წ.) და მისი ასულების - ჯერ სამნაქმარევი ზოიასა (გარდ. 1050 წ.) და მისი მეუღლეებისა და თანამოსაყდრეების - რომანოზ მესამე-ის (1028-1034 წ.), მიხეილ მეოთხისა (1034-1041 წ.) და კონსტანტინე მონომახის (1042-1054 წ.), ხოლო შემდეგ თეოდორას (1054-1056 წ.) დროს. დეკადანსმა კიდევ უფრო მწვავედ იჩინა თავი მაკედონური დინასტიის შეწყვეტის შემდეგ.
სამხედრო გადატრიალების შედეგად ტახტზე ავიდა ისააკ კომნინი (1057-1059 წ.), მაგრამ მალე გადადგა და იმპერატორი გახდა კონსტანტინე მეათე დუკა (1059-1067 წ.). შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოექცა რომანოზ მეოთხე დიოგენი (1067-1071 წ.), რომელიც დაამხო მიხეილ მეშვიდე დუკამ (1071-1078 წ.). ახალმა გადატრიალებამ იმპერატორის გვირგვინი ნიკიფორე ბოტანიატს არგუნა წილად (1076-1081 წ.). თითოეული მათგანის ხანმოკლე მმართველობისას ანარქია თანდათან მძაფრდებოდა და საშინელი კრიზისი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის სფეროში, სულ უფრო მწვავე ხდებოდა.
ნორმანები და თურქები. - ბიზანტია ახლა ყველა საზღვარზე უკან იხევდა. პაჭანიკებმა, თურქული მოდგმის მომთაბარეებმა დუნაი გადმოლახეს და ქვეყნის დიდი ნაწილი დაიპყრეს თვით ბალკანეთამდე. დასავლეთ ბულგარეთში აჯანყებამ იფეთქა (1040 წ.), რომელსაც სათავეში ედგა სამუელ მეფის ერთ-ერთი შთამომავალი პეტრე დელიანი; აჯანყებულნი თესალონიკეს ემუქრებოდნენ და თუმცა საბოლოოდ მარცხი იწვნიეს, ბიზანტიელთა ტირანიის ქვეშ მგმინავი ქვეყანა ყოველ წამს მზად იყო ქედიდან გადაეგდო მონობის უღელი. სერბიაც აჯანყდა და დამოუკიდებლობა მოითხოვა. ადრიატიკის ზღვაზე იმპერიის საკუთრება ვენეციის ხელში გადადიოდა. მაგრამ განსაკუთრებით საშიშნი იყვნენ ნორმანები ევროპაში და თურქ-სელჯუკები აზიაში.
მეთერთმეტე საუკუნის შუა წლებში სამხრეთ იტალიაში დამკვიდრებული ნორმანები, რომლებსაც პაპი უჭერდა მხარს, რობერტ გვისკარის წინამძღოლობით იმპერიას თანდათან ხელიდან აცლიდნენ იმას, რასაც ის ჯერ კიდევ ფლობდა ნახევარკუნძულზე. იტალიის ბიზანტიელმა მმართველმა გიორგი მანიაკმა სიცილიელ არაბებზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ (1038-1040 წ.) ერთხანს შესძლო შეეჩერებინა ნორმანთა წინსვლა (1040 წ.). მაგრამ მისი წასვლის შემდეგ გამარჯვების სასწორი ნორმანებისაკენ გადაიხარა. 1060 წელს მათ აიღეს ტროა, 1068 წელს - ოტრანტი, ხოლო 1071 წელს - ბიზანტიელთა უკანასკნელი დასაყრდენი - ბარი. აპულიის ჰერცოგის პატივმოყვარული ზრახვები მალე ადრიატიკის მეორე სანაპიროსაც გადასწვდა; მან ააგო სამხედრო ფლოტი და ილირიაში შესაჭრელად გაემზადა. 1081 წელს მისმა ვაჟმა ბოემუნდმა ეპიროსის სანაპიროზე გადასხა თავისი ლაშქარი, ხოლო თვით რობერტ გვისკარი 30 000-იანი არმიითურთ აპირებდა იქითკენვე აეღო გეზი.
ასეთივე მდგომარეობა იყო აზიაშიც. თურქ-სელჯუკებმა თავიანთი სახელგანთქმული თავკაცების - თოღრულბეკის, ალფ-არსლანისა (1065-1072 წ.) და მალიქ-შაჰის (1072-1092 წ.) წინამძღოლობით იმპერიას შეუტიეს. თავდაპირველად მათ ბასილი II-ის მიერ მტკიცედ გამაგრებულ სასაზღვრო ხაზზე წაიმტვრიეს ფეხი. მაგრამ ბიზანტიასთან არცთუ მჭიდროდ დაკავშირებული და რელიგიური დევნით უკმაყოფილო სომხეთი ნაკლებად საიმედო იყო. 1064 წელს თურქებმა აიღეს ანისი, შემდეგ კი კესარეა და ქონე. ენერგიული რომანოზ დიოგენი ამაოდ ცდილობდა შეეჩერებინა მათი წინსვლა. იმპერატორმა მარცხი განიცადა მანციკერტთან (1070 წ.), ვანის ტბის ჩრდილოეთით, და ტყვედ ჩაუვარდა უსჯულოებს. ბიზანტიამ ვეღარასოდეს ვეღარ შესძლო საბოლოოდ გამართულიყო წელში ამ სასტიკი დამარცხების შემდეგ. ამიერიდან მცირე აზიის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი - სომხეთი, კაპადოკია და ყველა ის ოლქი, სადაც იმპერია ქირაობდა თავის საუკუთესო ჯარისკაცებსა და სახელგანთქმულ მხედართმთავრებს, სამუდამოდ დაკარგულ იქნა. აქედან მოყოლებული, თანდათან მზარდი ანარქიის ვითარებაში ბედი ყოველთვის თურქებს უღიმოდა: მათ ხელში გადავიდა იკონია, შემდეგ კი - ნიკეა, სადაც ისინი თვით ბიზანტიელებმა მიიხმეს. 1079 წელს მათ აიღეს ქრისოპოლი და კონსტანტინოპოლის ბჭეს მიადგნენ.
შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ნორმანები და თურქები უფრო მრისხანე მოწინააღმდეგენი იყვნენ, ვიდრე დანარჩენი მტრები, რომლებსაც მანამდე წარმატებით ებრძოდა იმპერია? - არა, თვით იმპერია იყო უფრო სუსტი. ყველა საფრთხე, რაც მხოლოდ ისახებოდა მეათე საუკუნეში, აწ უკვე საზარელ რეალობად იქცა.
ეკლესიების გაყოფა და შინაგანი ანარქია. - 1054 წელს პატრიარქ მიხეილ კერულარიოსის პატივმოყვარეობამ მწვავე კონფლიქტი გამოიწვია. როდესაც რომმა მოისურვა თავისი ავტორიტეტი აღედგინა სამხრეთ იტალიის დიოცეზებში, კერულარიოსმა მის წინააღმდეგ გაილაშქრა. პაპმა ლეონ მეათემ არანაკლებ მკაცრი პასუხი გასცა, ხოლო კონსტანტინოპოლში ჩამოსულმა პაპის ლეგატებმა თავიანთი მეტისმეტად ქედმაღლური ქცევით სასტიკად შეურაცხყვეს ბიზანტიელების თავმოყვარეობა. ლეგატებმა საზეიმო ვითარებაში გამოაცხადეს პატრიარქის განკვეთა ეკლესიისგან. მაშინ კერულარიოსმა აიძულა კონსტანტინე მეთერთმეტე მონომახი, რომთან განხეთქილებას დასთანხმებოდა. ორი ეკლესიის გაყოფა აღსრულდა. პაპთან ურთიერთობის გაწყვეტას იმპერიისათვის მძიმე შედეგი უნდა მოჰყოლოდა. მან არა მარტო დააჩქარა იმპერიის ბატონობის კრახი სამხრეთ იტალიაში, არამედ გადაულახავი უფსკრულიც გათხარა ბიზანტიასა და დასავლეთს შორის. ამიერიდან ლათინების თვალში ბერძნები მხოლოდ სქიზმატიკოსები (გამთიშველები) იყვნენ, რომლებიც არც პატივისცემას იმსახურებდნენ, არც შეწყნარებას და არც ნდობას. მეორეს მხრივ, შურისძიების გრძნობით ანთებული ბიზანტიელებიც ჯიუტად იდგნენ თავიანთ აზრზე და დაუფარავი სიძულვილით უყურებდნენ რომს. ამიერიდან პაპიზმისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი საავდრო ღრუბელივით გადაეფოფრება იმპერიის ბედს. და ბოლოს, ქვეყნის საშინაო ვითარება, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიების გაყოფას, თვალნათლივ მოწმობდა საიმპერატორო ძალაუფლების უმწეობას ყოვლისშემძლე პატრიარქის წინაშე. მიხეილ კერულარიოსს არასოდეს ავიწყდებოდა ეს.
მაგრამ განსაკუთრებით საშიში იყო ფეოდალური ამბოხების დღითიდღე მზარდი საფრთხე. მეტისმეტად ძლიერი არისტოკრატიის შესამუსრავად იმპერიულ პოლიტიკას საკმარისად მიაჩნდა ფეოდალთა მთავარი საყრდენის - არმიის დაურვება, რომლის მრისხანე ძალაც განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა სწორედ ამ დროს, იტალიისა და სიცილიის ომების გმირის გიორგი მანიაკისა (1043 წ.) და ლეონ ტორნიკიოსის (1047 წ.) ამბოხებისას. შეიქმნა სამოქალაქო პარტია, რომელიც მიზნად ისახავდა დაპირისპირებოდა არმიას. კონსტანტინე მონომახის მმართველობა ზემოხსენებული პარტიის პირველი წარმატებითაა აღბეჭდილი. ამ იმპერატორის დროს, რომელსაც განცხრომა უყვარდა და არა ომი, მოლაშქრეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამიერიდან ნაციონალურ არმიას, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დაქირავებული ლაშქარი ცვლის; ჯარისკაცებად ქირაობდნენ ნორმანებს, სკანდინავიელებს, რუსებსა და ანგლო-საქსებს, რომლებიც, პოლიტიკოსთა აზრით, უფრო მეტ ნდობას იმსახურებდნენ. სამხედრო ბიუჯეტი შეიკვეცა, ციხე-სიმაგრეები თითქმის მთლიანად გაუდაბურდა, მხედართმთავრები ან შერისხეს, ან სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორეს. მმართველობა პსელოსის, ქსიფილინოსის, იოანე მავროპუსისა და სხვა სწავლულთა ხელში გადავიდა. დაარსდა სამართლის სკოლა, რომელსაც სამოქალაქო მოხელეები უნდა მოემზადებინა მთავრობისათვის. მალე გარდაუვალი შეიქნა შეჯახება არმიასა და ყოვლისშემძლე ბიუროკრატიას შორის, რომელიც სენატს ეყრდნობოდა. შეჯახება სასტიკი და დაუნდობელი გამოდგა. 1057 წლის ამბოხებამ, რომელსაც ხელს უწყობდა პატრიარქი კერულარიოსი, საიმპერატორო ტახტზე აიყვანა სახელგანთქმული მხედართმთავარი ისააკ კომნინი, მაგრამ როცა ისააკს მხნეობამ უღალატა და ტახტზე უარი თქვა (1059 წ.), ხელისუფლების სათავეში დუკების მოსვლა არმიის წინააღმდეგ მიმართული რეაქციით აღინიშნა, რამაც ხელახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უზრუნველყო ბიუროკრატიის ტრიუმფი. რომანოზ დიოგენმა მცირე ხნით კვლავ დაუბრუნა ძალაუფლება არმიას, მაგრამ იმპერატორის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ მისი მტრები და გააფთრებული შეტევის შედეგად დაამხეს იგი. მიხეილ მეშვიდის მმართველობა, ვისი პირველი მინისტრიც პსელოსი გახდა, ერთის შეხედვით, თითქოს სამოქალაქო პარტიის საბოლოო გამარჯვების მომასწავებელი იყო.
ყოველივე ამას ძალზე მძიმე შედეგები მოჰყვა. გარეშე მტრებთან შეტაკებისას იმპერია თითქმის ყველა საზღვარზე უკან იხევდა. მეტისმეტად სუსტი ხელისუფლების მიერ ცუდად დაცული და, თანაც, გადასახადების სიმძიმით წელში გაწყვეტილი საზღვრისპირა მხარეების მოსახლეობა, ისევე როგორც უფრო ადრე, დასაღუპად განწირული რომის იმპერიის ქვეშევრდომნი, თვითონვე მოუხმობდა ბარბაროსებს მწედ და მეოხად. ქვეყნის შიგნით, საყოველთაო ანარქიის ვითარებაში, ფეოდალურმა არისტოკრატიამ კვლავინდებურად წამოჰყო თავი. მისდამი მტრული განწყობილებით უკმაყოფილო არმია ნებისმიერ საბაბს ეძებდა ასამბოხებლად. თვით დაქირავებული ჯარისკაცებიც კი დრტვინავდნენ, ხოლო იმპერიის სამსახურში ჩამდგარ ნორმან კონდოტიერებს - ერვეს, რობერტ კრეპენს, რუსელ დე ბაილელს - თავიანთი პირადი ინტერესების მეტი აღარაფერი ახსოვდათ. აჯანყებას აჯანყება მოსდევდა. ნიკიფორე ბოტანიატი მიხეილ მეშვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად აღიძრა აზიაში, ნიკიფორე ვრიენიოსი კი - ევროპაში (1078 წ.). მას შემდეგ, რაც ნიკიფორე ბოტანიატი ავიდა ტახტზე (1078-1081 წ.), მის წინააღმდეგ ამბოხდნენ სხვა პრეტენდენტები - ვასილაკი და მელისინე. უცხოელებით წალეკილი, გაპარტახებული და უკმაყოფილო იმპერია ხმამაღლა უხმობდა მხსნელს და ისიც გამოჩნდა: ეს გახლდათ ალექსი კომნინი, იმპერიის უკეთესი მხედართმთავარი. სახელმწიფო გადატრიალებამ, რომელმაც ტახტზე აიყვანა იგი (1081 წლის 1 აპრილი), ბოლო მოუღო ოცდაათწლიან ანარქიას და განაპირობა, ერთის მხრივ, ფეოდალური არისტოკრატიის გამარჯვება არმიასა და სამოქალაქო პარტიაზე, ხოლო მეორეს მხრივ, პროვინციებისა - დედაქალაქზე. ამასთანავე, ამ გადატრიალებას სიდიადის ახალი საუკუნე უნდა მოეტანა იმპერიისათვის.
თავი მეექვსე
კომნინთა საუკუნე
(1081-1204)
პირველი. კომნინთა დინასტიის იმპერატორები. - მეორე. კომნინების საგარეო პოლიტიკა (1081-1180 წ.). - მესამე. კომნინების მმართველობა და ბიზანტიური კულტურა მეთორმეტე საუკუნეში. - მეოთხე. ბიზანტიის იმპერია მეთორმეტე საუკუნის დამლევს (1180-1204 წ.).
კომნინთა დინასტიის იმპერატორები
ისევე როგორც კაპეტინგები საფრანგეთში, კომნინებიც დიდგვაროვან ფეოდალთა წრეს ეკუთვნოდნენ, და მათი ასვლა ტახტზე, უთუოდ, გავლენიანი სამხედრო არისტოკრატიის ტრიუმფს მოასწავებდა. კაპეტინგებისა არ იყოს, კომნინებმაც შესძლეს აღედგინათ იმპერატორის შერყეული ძალაუფლება, განემტკიცებინათ ოცდაათწლიანი ანარქიით გამოფიტული სახელმწიფო და, თანდათან მზარდი სიძნელეების მიუხედავად, დიდებისა და სიდიადის კიდევ ერთი საუკუნე მიეცათ მისთვის. თუმცა დრო მეტისმეტად სასტიკი იყო, ვითარება კი - უკიდურესად რთული, ასე რომ, კომნინებს, რასაკვირველია, არ შეეძლოთ უწინდელი კეთილდღეობა და ძალმოსილება დაებრუნებინათ ბიზანტიისთვის.
იკონიას კვლავ თურქები ინარჩუნებდნენ; ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მომძლავრებული უნგრეთის ხელშეწყობით, სლავმა ხალხებმა თითქმის დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. დასავლეთიდან იმპერიას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა: ეს იყო ბიზანტიის მიერ უდროო დროს დასახული გრანდიოზული გეგმების, მისი მტაცებლური მისწრაფებების, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობების მონაწილეთა პატივმოყვარული პოლიტიკური ზრახვებისა და ვენეციის სიხარბისა და ანგარების შედეგი. ყოველივე ამის მიუხედავად, კომნინებმა მაინც შესძლეს დიდების უკანასკნელი სხივი მოეფინათ იმპერიისთვის და მომავალ საუკუნეში ძნელბედობით სასომიხდილი ბიზანტიელები ხშირად იხსენიებდნენ კომნინების საუკუნეს, როგორც ყველაზე ბრწყინვალე და ბედნიერ ხანას.
კომნინები, დიდი არისტოკრატიული ოჯახის შვილნი და სახელოვან მეომართა შთამომავალნი, უწინარეს ყოვლისა, ჯარისკაცები იყვნენ. მაგრამ მარტოოდენ ამით როდი ამოიწურება მათი ღირსება. დინასტიის დამაარსებელი - ალექსი კომნინი (1081-1118 წ.) ჭკვიანი, გამჭრიახი და მტკიცე ნებისყოფის კაცი იყო; სწორუპოვარი მხედართმთავარი, დახვეწილი დიპლომატი, საუცხოო ადმინისტრატორი, - სწორედ ასეთი კაცი სჭირდებოდა კრიზისით გამოფიტულსა და გაპარტახებულ იმპერიას. და მართლაც, მან შესძლო გარეშე მტრებიც აელაგმა, ქვეყნის შიგნითაც დაემყარებინა წესრიგი და ძალაუფლებაც განემტკიცებინა. არანაკლებ ღირსეული მბრძანებელი იყო მისი ვაჟი და მემკვიდრე იოანე (1118-1142 წ.). მკაცრად აღზრდილმა, ზნეკეთილმა, განცხრომისა და ფუფუნების მოძულემ სწორედ თავისი სიფაქიზის, წინდახედულების, დიდსულოვნებისა და, საერთოდ, ზნეობრივი სიწმინდის გამო დაიმსახურა მეტსახელი «კალოიანი», რაც თარგმანით «იოანე ღირსეულს» ნიშნავს. გულმხნეს და მამაცს, სამხედრო დიდებაზე მეოცნებეს, მთელი სიგრძე-სიგანით ჰქონდა გაცნობიერებული მბრძანებლის მოვალეობანი და გამუდმებით უზენაესი პოლიტიკური იდეალისაკენ ილტვოდა. მამამისმა დაიცვა იმპერიის საზღვრები; იოანე ოცნებობდა გაეფართოებინა ისინი, დაებრუნებინა დაკარგული პროვინციები და აღედგინა იმპერიის ოდინდელი სიდიადე. იოანეს ვაჟი მანუელი (1143-1180 წ.) კომნინთა შორის ყველაზე მომხიბლავი პიროვნება იყო. ჭკვიანი, კაცთმოყვარე, კეთილშობილი, ბუნებით, ნამდვილი ბიზანტიელი ბასილევსი გახლდათ - კულტურული, ღრმად განსწავლული, ასე განსაჯეთ, თეოლოგიურადაც განათლებული, - და, იმავე დროს, ჭეშმარიტად დასავლელი რაინდიც. ეს განსაცვიფრებლად მხნე და მამაცი მეომარი ნებისმიერ ბიზანტიელ იმპერატორზე უფრო მეტ მიდრეკილებას ამჟღავნებდა დასავლური წეს-ჩვეულებების მიმართ, და ლათინები, რომლებსაც ის ბევრი რამითა ჰგავდა, გაცილებით უფრო აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი პიროვნებით, ვიდრე რომელიც გნებავთ ბიზანტიელი მბრძანებლით. მეთორმეტე საუკუნე სავსე იყო ამ ფუფუნებისა და განცხრომის მოყვარე იმპერატორის უჩვეულო თავგადასავალთა გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმით. ამასთანავე, ეს იყო დიდი და უაღრესად პატივმოყვარე პოლიტიკური მოღვაწე. მისი დამპყრობლური ზრახვები და უკიდურესად ექსპანსიური, ხშირ შემთხვევაში სრულიად უტოპიური გეგმები მთელ იმდროინდელ ევროპაზე ვრცელდებოდა. ის იმპერიისაგან მოითხოვდა ძალთა წარმოუდგენელ დაძაბვას, რამაც დაწრიტა, გამოფიტა და დაღუპვის პირას მიიყვანა მისი ქვეყანა. მაგრამ თავისი პატივმოყვარული ზრახვების გრანდიოზულობისა და მათი განხორციელებისათვის დაუცხრომელი ბრძოლის წყალობით, ის რჩება, ალბათ, უკანასკნელ დიდ მბრძანებლად ბიზანტიის ისტორიაში. და ბოლოს, ანდრონიკეს (1183-1185 წ.), კომნინთა დინასტიის უკანასკნელი და ყველაზე თავისებური წარმომადგენლის სულში ბრწყინვალე პოლიტიკურ ნიჭსა და უებრო სიმამაცეს, უკიდურეს დახვეწილობას და შინაგან მომხიბვლელობას უშუალოდ ერწყმოდა ინტრიგებისა და ავანტურების ვნებიანი სიყვარული, უპრინციპობა და მორალური გრძნობის უქონლობა, ხშირ შემთხვევაში კი - გულმხეცობა და სისასტიკე; ყოველივე ეს ანდრონიკეს მთელ ბიზანტიურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ფიგურად აქცევს. ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლისას თანამედროვენი ფიქრობდნენ, რომ თავისი თვისებებით «მას შეეძლო ყოფილიყო ყველაზე დიად მბძანებელთა სწორი». დიახ, მას შეეძლო ყოფილიყო იმპერიის მხსნელი და განმაახლებელი, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ დააჩქარა მისი დაღუპვა. ანდრონიკეს შემდეგ ოც წელსაც არ გაევლო - ანარქიისა და შინააშლილობების ოც წელს, - რომ კონსტანტინოპოლი ლათინებმა იგდეს ხელთ (1204 წ.) და კომნინების მიერ აღორძინებული იმპერია უბადრუკ ნაფლეთებად იქცა.
II
კომნინების საგარეო პოლიტიკა (1081-1180 წ.)
ბალკანური პოლიტიკა. - მეთერთმეტე საუკუნის დამლევს იმპერიის მბრძანებლობა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე საფუძვლიანად შერყეული იყო. ბიზანტიის პოლიტიკით უკმაყოფილო ვასალებმა - სლავმა ხალხებმა მისგან განდგომა დააპირეს; 1076 წელს ხორვატია დამოუკიდებელი სამეფო გახდა; 1071 წელს ხელმეორედ აჯანყებული სერბია თითქმის აღარ სცნობდა ბიზანტიის სუზერენიტეტს; დუნაისპირა ბულგარეთი პაჭანიკების ხელში იყო, ხოლო მისი დასავლეთი ნაწილი რის ვაივაგლახით შეინარჩუნა იმპერიამ. თრაკიაში თავი იჩინა ძალზე საშიშმა რელიგიურმა ოპოზიციამ - ბოგომოლების მწვალებლობამ, რომელიც მეათე საუკუნიდან მოყოლებული ფართოდ მოედო უპირატესად პავლიკიელებით დასახლებულ ქვეყანას, და როგორც ეს საერთოდ ხდებოდა ბიზანტიის იმპერიაში, ნაციონალური ანტაგონიზმის გამოვლენის საშუალებად იქცა. მაგრამ განსაკუთრებით საშიში იყო დუნაის გაღმა მომძლავრებული და თანდათან მზარდი უნგრეთი, რომელიც ცდილობდა დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი ეთამაშა და, ბიზანტიის საზიანოდ, მისი ადგილი დაეკავებინა ბალკანეთის ნახევარკუნძულის საშინაო საქმეების გადაწყვეტაში.
1084 წელს აჯანყდნენ თრაკიელი მწვალებლები, რომლებმაც პაჭანიკებს მოუხმეს დასახმარებლად. ბარბაროსთა ურდოებმა ორჯერ (1086 და 1088 წ.) დაამარცხეს ბიზანტიის არმია და აიძულეს იმპერია ზავი ეთხოვა (1089 წ.). მაგრამ პაჭანიკები მალე დაბრუნდნენ. ამჯერად ალექსი კომნინმა ლებურნიონის პირას ისეთი სასტიკი დარტყმა აგემა მათ, რომ შეიძლებოდა განადგურებულად ჩაგვეთვალა ისინი, მთლიანად თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მათი ერთი თაობა მაინც. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ გამოჩნდნენ 1121 წ. იოანე კომნინმა ხელახლა დაამარცხა მომხდურნი (1122 წ.). მარცხი იმდენად სასტიკი იყო, რომ პაჭანიკებმა სამუდამოდ დატოვეს ისტორიის ასპარეზი. თუმცა ბიზანტიელები დიდხანს ინახავდნენ მათ ხსოვნას და ყოველ წელიწადს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ მათი დამარცხების დღეს.
მაგრამ პაჭანიკებთან შეტაკება მხოლოდ უმნიშვნელო ინციდენტი იყო. გაცილებით უფრო საშიში იყო სერბია. კონსტანტინე ბოდინმა დაიმორჩილა დიოკლეა, ბოსნია, რაშა და ერთიანი სახელმწიფო დააარსა, რომელსაც ვერაფერი დააკლო ალექსი კომნინმა (1091-1094 წ.). ბიზანტიის საბედნიეროდ, ახლად შექმნილი სახელმწიფო, ანარქიის შედეგად, მალე დაიშალა. იოანე კომნინმა ისარგებლა ამით, რათა კვლავ დაემორჩილებინა ბიზანტიისათვის ქვეყნის ნაწილი; მაგრამ რაშამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, რათა შემდგომ ეროვნული წინააღმდეგობის კერად და სამეფოს აღდგენის ბურჯად ქცეულიყო. და ბოლოს, უნგრეთის წარმატებებისათვის რომ ზღვარი დაედო, რომელიც ხორვიტიის, ბოსნიის და დალმაციის მხარეს ფართოვდებოდა და თავის გავლენას ავრცელებდა სერბიაზე, იმპერიული პოლიტიკა, მისი დიპლომატიის ნაცადი ხერხის თანახმად, ცდილობდა ბიზანტიის ერთგული მბრძანებელი დაესვა უნგრეთის ტახტზე.
გერმანიისა და ბიზანტიის იმპერიებს შორის მდებარე უნგრეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ევროპის საჭადრაკო დაფაზე. კონსტანტინოპოლის მბრძანებლები ცდილობდნენ თავიანთ მხარეს გადმოებირებინათ იგი. იოანე კომნინი აქტიურად ჩაერია უნგრეთის დინასტიურ შუღლში, რათა მხარი დაეჭირა ბელა თვალდავსილის, დამხობილი მეფის კოლომანის ძისათვის, მაგრამ ვერ შესძლო ტახტზე აეყვანა იგი, თუმცა 1126 წლის ხელშეკრულებით იმას მაინც მიაღწია, რომ ხელთ ეგდო ბრანიჩევოს გამაგრებული ხიდისთავი. მანუელ კომნინმა კიდევ უფრო ენერგიულად სცადა შეეჩერებინა უნგრეთის დამპყრობლური მისწრაფებანი და მისი მეურვეობისაგან დაეხსნა სლავური სახელმწიფოები. მან კვლავ ბიზანტიის მბრძანებლობას დაუმორჩილა სერბები (1151 წ.) და მათ მმართველად დასვა სტეფანე ნემანია (1163 წ.), რომელიც, ერთგვარი თვითნებობის მიუხედავად, ერთგული და სანდო ვასალი გამოდგა, ყოველ შემთხვევაში, მანამდის მაინც, სანამ იმპერატორი ცოცხალი იყო. 1160 წელს, უნგრეთის მეფის გეიზას სიკვდილის შემდეგ, მანუელი აქტიურად ჩაერია ტახტისათვის გამართულ ბრძოლაში და სტეფანე მესამე-ის წინააღმდეგ ჭაბუკ ბელას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის სასიძოდაც კი უნდოდა. მაგრამ უნგრეთი სულ უფრო აშკარად ირჩევდა გერმანულ ორიენტაციას. მაშინ მანეულმა კვლავ განაახლა ომი (1165 წ.). ზეგმინი და სირმიუმი ბიზანტიის ხელში გადავიდა; იმპერიამ კვლავ დაიბრუნა დიდი ხნის წინათ დაკარგული დალმაცია; ბიზანტიელების გამარჯვებამ ზეგმინთან, ბოლოს და ბოლოს, აიძულა უნგრეთი, ზავი ეთხოვა (1168 წ.), რომლის თანახმადაც, ბიზანტიის ხელში გადადიოდა დალმაცია და ხორვატიის ნაწილი. რამდენიმე წლის შემდეგ მანუელის პროტეჟემ დაიკავა წმიდა სტეფანეს ტახტი. ვიდრე იმპერატორი ცოცხალი იყო, ბელა მესამე (1173-1196 წ.), ისევე როგორც სტეფანე ნემანია სერბიაში, ბიზანტიის ერთგულ ვასალად რჩებოდა. ყოველივე ეს დიდი წარმატება იყო, მაგრამ, საუბედუროდ, - ეფემერული.
აღმოსავლური პოლიტიკა. - აზია კიდევ უფრო მეტად იპყრობდა კომნინების ყურადღებას, ვიდრე ბალკანეთი. თურქ-სელჯუკების ხანგრძლივი წარმატებების შედეგად, ბერძნები თავიანთი აღმოსავლური სამფლობელოებიდან თანდათანობით განდევნილნი აღმოჩნდნენ. კიზიკიას და ნიკეას თურქი ემირი სულეიმანი მართავდა; უფრო მძიმე საზრუნავით შეურვებული და გადაუდებელ საქმეთა გამო მოუცლელი ალექსი კომნინი იძულებული იყო შერიგებოდა ამ დანაკარგს (1082 წ.). 1085 წელს უსჯულოებმა ხელთ იგდეს ანტიოქია. სმირნაში ემირმა ცახასმა (1089-1090 წ.) სამხედრო ფლოტი შექმნა და კონსტანტინოპოლს დაემუქრა. ბიზანტიის საბედნიეროდ, მალიქ-შაჰის სიკვდილს (1092 წ.) სელჯუკთა იმპერიის დაშლა მოჰყვა. ბერძნებმა დაუყოვნებლივ ისარგებლეს ამით ბეთანიის დასაბრუნებლად, ხოლო იკონიის ახალი სულთანი კილიჯ-არსლან პირველი (1092-1106 წ.) იძულებული შეიქნა ზავი ეთხოვა.
ალექსი კომნინისათვის ნაკლებ ხელსაყრელი როდი გამოდგა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. ლათინების მიერ ნიკეის აღებამ (1097 წ.) იმპერატორს საშუალება მისცა დაებრუნებინა ანატოლიის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, სმირნა, ეფესო და სხვ. მართალია, ალექსი მალე წაეკიდა ჯარისკაცებს, მაგრამ მაინც მარჯვედ გამოიყენა ანაზდეული ელდა, ამ უკანასკნელებმა რომ დასცეს უსჯულოებს. ეგეც არ იყოს, კილიჯ-არსლან პირველის სიკვდილმა ძალზე დაასუსტა და დააძაბუნა იკონიის სასულთნო. 1116 წელს იმპერატორმა მძლავრი შეტევა წამოიწყო და ფილომელიონთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ აიძულა თურქები ზავი დაედოთ. პირველი კომნინის გარდაცვალებისას იმპერია ანატოლიაში ფლობდა ტრაპიზონსა და შავი ზღვის მთელ სანაპიროს ანტიოქიის საზღვრამდე, აგრეთვე სინოპის, განგრის, ანკირის, ამორიონისა და ფილომელიონის გასწვრივ გამავალი ხაზის აღმოსავლეთით მდებარე მთელ მხარეს. აზიაში, ისევე როგორც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ალექსი კომნინმა ძლევით აღადგინა ბიზანტიის ძლიერება.
იოანე კომნინი კიდევ უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა აზიას, აღმოსავლეთში ის ორ რამეს ისახავდა მიზნად: ანტიოქიასა და ევფრატამდე განევრცო ბიზანტიის საზღვრები და იმპერიისათვის დაემორჩილებინა კილიკიის სომეხი მბრძანებლები, აგრეთვე ჯვაროსნულ ლაშქრობათა შედეგად წარმოქმნილი ლათინური სახელმწიფოები.
ტახტზე ასვლისთანავე (1119-1120 წ.) მან ხელთ იგდო მეანდროსის ხეობასა და ატალიას შორის მდებარე მთელი ოლქი და, ამრიგად, შეავიწროვა ბიზანტიის კუთვნილ ტერიტორიაზე - ანატოლიის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სოლივით შეჭრილი მუსულმანთა სამფლობელოები. 1130 წლიდან მოყოლებული, ის გააფთრებით უტევდა პაფლაგონიას, და ბიზანტიის ლაშქარმა ჰალისის ნაპირებს მიაღწია. 1134 წელს განგრი და კასტამუნი დაატოვებინა თურქებს და იმპერიას კვლავ დაუბრუნა დიდი ხნის წინათ დაკარგული მიწა-წყალი. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, როგორ აგრძნობინა იმპერატორმა თავისი ძალა კილიკიასა და სირიას, როგორ წარუდგა სომხეთისა თუ ლათინური სახელმწიფოების მთავრებს იმპერიის უზენაეს მბრძანებლად თუ მხედართმთავრად, რომელიც მზად იყო უსჯულოების წინააღმდეგ საბრძოლველად წასძღოლოდა მათ. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მისი მთავარი საზრუნავი იყო მუსულმანებთან ბრძოლა და აზიის დაბრუნება. 1139 წელს ის სარდლობდა ლაშქრობას ახალი კესარიის წინააღმდეგ, 1142 წელს კი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მისი ოცნება იყო, კვლავ დაებრუნებინა სირია.
მანუელ კომნინი თავდაპირველად მამამისის პოლიტიკას აგრძელებდა. 1146 წელს ის იკონიის გალავნამდე მივიდა. მაგრამ ნორმანების თავდასხმამ და მეორე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ იძულებული გახადა მთელი ყურადღება დასავლეთზე გადაეტანა (1147 წ.). იმპერატორმა მხოლოდ გაცილებით გვიან შესძლო აღმოსავლეთისათვის მიეპყრო თვალი. მამამისისა არ იყოს, ისიც ოცნებობდა, ბიზანტიის სუზერენობა თავს მოეხვია სომხური და ლათინური სახელმწიფოებისათვის და წარმატებასაც მიაღწია ამ მხრივ, მაგრამ მისი პოლიტიკა თურქების მიმართ გაცილებით უფრო სუსტი აღმოჩნდა. მეთორმეტე საუკუნის შუა წლებში საკმარისი იქნებოდა ერთი მძლავრი დარტყმა, რომ საბოლოოდ შეემუსრა იკონიის სასულთნო და ტავროსამდე ხელახლა აეღო აზია. მაგრამ თავისი დასავლური პოლიტიკის პატივმოყვარული მისწრაფებებით გატაცებულმა მანუელმა ვერ შესძლო გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა თურქებისათვის. მის მოსატყუებლად საკმარისი შეიქნა მორჩილების გარეგნული ნიშნები, რომლებსაც უშურველად უვლენდა იკონიის ცბიერი სულთანი კილიჯ-არსლან მეორე (1156-1192 წ.), და თავის ვერაგ მოწინააღმდეგეს წინდაუხედავად მისცა იმის საშუალება, რომ ძალა მოეკრიბა, ერთიმეორის მიყოლებით დაემარცხებინა პატარა სამთავროები, რომელთა გაუთავებელი ქიშპობა ესოდენ ხელსაყრელი იყო იმპერიისთვის, და მათ ადგილას ერთიანი მძლავრი სახელმწიფო შეექმნა. ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა, მანუელი მთელი თერთმეტი წლის განმავლობაში (1164-1175 წ.) პირწმინდად თავდაცვითი პოლიტიკით იფარგლებოდა და იმპერიის საზღვრებს ამაგრებდა. ბოლოს კი, როცა მიხვდა, რა განსაცდელშიაც ჩაიგდო თავი და შეტევაზე გადავიდა, უკვე გვიან იყო. იმპერატორის არმიამ სასტიკი მარცხი იწვნია მირიოკეფალონთან (1176 წ.). მართალია, ბეთანიასთან და მეანდროსის ხეობაში მოპოვებულმა გამარჯვებებმა (1179 წ.) ნაწილობრივ მაინც გამოასწორეს ამ მარცხის სავალალო შედეგები, მაგრამ მანუელის მმართველობის დასასრულს მუსულმანები გაცილებით უფრო ძლიერნი იყვნენ, ვიდრე მის დასაწყისში. იკონიის სასულთნო მრისხანე სახელმწიფოდ იქცა, ხოლო 1174 წელს სირიის მბრძანებელი გახდა სალადინი.
დასავლური პოლიტიკა. ნორმანები და ვენეციელები. - კომნინების ეპოქაში ბიზანტიასა და დასავლეთს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობამ ახალი თავსატეხი გაუჩინა იმპერიას და მის მბრძანებლებს უაღრესად პატივმოყვარული ზრახვები აღუძრა გულში. ბიზანტიური პოლიტიკის სიმძიმის ცენტრი გადაადგილდა, რამაც იმპერიას აურაცხელი უბედურება დაატეხა თავს.
ალექსი კომნინის ტახტზე ასვლისას, ნორმანები რობერტ გვისკარის წინამძღოლობით ეპიროსში გადასხდნენ (1081 წ.). იმპერატორმა მათ წინააღმდეგ მოხერხებულად გამოიყენა ვენეციასთან კავშირი, თუმცა დახმარებისათვის საკმაოდ დიდი საფასური გაიღო. მიუხედავად ამისა, ბიზანტიის არმია სასტიკად დამარცხდა დურაცოსთან (1081 წ.), რომელსაც მალე დაეუფლა რობერტ გვისკარი. მომდევნო წელს ბოემუნდმა განსაცვიფრებელ წარმატებებს მიაღწია ეპიროსსა და მაკედონიაში, თვით თესალიამდე. მაგრამ ლარისამ ნახევარი წლით შეაჩერა მისი წინსვლა და ამასობაში, იმპერატორის უტეხი სიკერპის შედეგად, ბედმა თანდათან ააღო ხელი. ნორმანთა არმია, ავადმყოფობის შედეგად საგრძნობლად შეთხელებული, ბერძნების შეტევით დასუსტებული და იმპერიული დიპლომატიის ძალისხმევით კიდევ უფრო მეტად დეზორგანიზებული, იძულებული შეიქნა უკუქცეულიყო. საზღვაო ბრძოლაში ვენეციელებმა შემუსრეს ნორმანთა ფლოტი (1085 წ.). რობერტ გვისკარის სიკვდილმა (1085 წ.) საბოლოოდ განამტკიცა ბიზანტიის მდგომარეობა. საფრთხე, რომელიც იმპერიას ნორმანების მხრივ ემუქრებოდა, თავიდან აცილებულ იქნა.
მაგრამ სულ მალე მან ხელახლა იჩინა თავი. 1105 წელს ბოემუნდმა, რომელიც ანტიოქიის მბრძანებელი გახდა, მოწოდებით მიმართა მთელ დასავლეთს, გრანდიოზული ლაშქრობა დაეწყოთ ბერძნების წინააღმდეგ; 1107 წელს მან ვალონაში გადასხა თავისი ლაშქარი. მაგრამ ალექსი კომნინის გამჭრიახობამ ამჯერადაც დასჯაბნა და სძლია მეტოქე. 1108 წელს ნორმანების ბელადი იძულებული შეიქნა საკმაოდ დამამცირებელ ზავზე მოეწერა ხელი, რომელიც მას იმპერიის უზენაეს ხელისუფლებას უმორჩილებდა. ბიზანტიისთვის ეს დიდი მიღწევა იყო.
მიუხედავად ამისა, ორივე სიცილიის ნორმანული სამეფო კვლავ განუხრელად განაგრძობდა ზრდას. იოანე კომნინს უკვე სერიოზულად აშფოთებდა როჯერ მეორის ძლიერება და მის წინააღმდეგ საბრძოლველად გერმანიისაგან ითხოვდა დახმარებას (1137 წ.). ათი წლის შემდეგ განხეთქილება გარდუვალი გახდა. 1147 წელს ნორმანების ფლოტი არქიპელაგში გამოჩნდა, ევბეა და ატიკა დაარბია, კორინთო და თებე მოაოხრა და პალერმოში გადაიყვანა ხელოსნები, რომლებიც ამ ორი დიდი სამრეწველო ქალაქის აბრეშუმის საწარმოებში მუშაობდნენ. მანუელ კომნინს სხვა საზრუნავი ჰქონდა და თავდაპირველად ვერაფერი გააწყო ამ შემოსევის წინააღმდეგ. მაგრამ მალე, ვენეციელებთან კავშირის წყალობით, მან დაიბრუნა კორფუ (1149წ.) და ომი იტალიაში გადაიტანა, სადაც 1151 წელს აიღო ანკონა. და მაინც, როჯერ მეორის სიკვდილისა (1154 წ.) და დიდი კოალიციის მიუხედავად, რომელიც ბიზანტიის დიპლომატიამ სახელდახელოდ შეაკოწიწა ნორმანების წინააღმდეგ, იმპერიამ ბევრს ვერაფერს მიაღწია ვერც ხმელსა და ვერც ზღვაზე. 1158 წელს მანუელი იძულებული შეიქნა ზავი დაედო ვილჰელმ პირველთან, მაგრამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა მაინც ძალზე დაძაბული იყო. დასავლეთს არასდიდებით არ სურდა, რომ იტალია ბერძნების გავლენას დაქვემდებარებოდა. განსაკუთრებით შეშფოთებული იყო ვენეცია, იმპერიის ძველი მოკავშირე.
თავდაპირველად ვენეციელები უყოყმანოდ უჭერდნენ მხარს ბიზანტიას ნორმანების წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც ალექსი კომნინისაგან მთელს აღმოსავლეთში სავაჭროდ მნიშვნელოვანი პრივილეგიები მიიღეს (1082 წ.). მაგრამ ორივე მხარისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური ურთიერთობის მიუხედავად, ვენეციელი ვაჭრების თავგასულობა სულ მალე სანანებლად გაუხდა იმპერიას. ჯერ კიდევ ალექსი კომნინმა, ვენეციელების მონოპოლია რომ შეესუსტებინა, ანალოგიური პრივილეგიები უბოძა პიზას (1111 წ.). იოანე კომნინმა უარი განაცხადა ვენეციასთან ხელშეკრულების განახლებაზე, და თუმცა ოთხწლიანი ომის შემდეგ (1122-1126 წ.) იძულებული შეიქნა დათმობაზე წასულიყო, ყოველ შემთხვევაში, მამამისივით მაინც ცდილობდა, პიზასა (1136 წ.) და გენუასთან (1143 წ.) დადებული ხელშეკრულებით გაენეიტრალებინა ვენეციელთა გავლენა. ტახტზე ასვლისას მანუელიც ყოველნაირად ცდილობდა, ნორმანების წინააღმდეგ საბრძოლველად მიემხრო ვენეცია, რისთვისაც დიდი პრივილეგიები მიანიჭა მას (1148 წ.). მაგრამ ბიზანტიისა და ვენეციის უთანხმოება მაინც განუწყვეტლივ იზრდებოდა. ვენეციელების ქედმაღლობა და სიფიცხე ძალიან აღიზიანებდა ბერძნებს. მეორეს მხრივ, მანუელის პრეტენზიები იტალიის მიმართ ვენეციის რესპუბლიკის დიდ შეშფოთებას იწვევდა. როდესაც იმპერატორმა ანკონა აიღო და ხელთ იგდო დალმაცია, ვენეციელები მიხვდნენ, რომ მათ ბატონობას ადრიატიკის ზღვაზე საფრთხე ემუქრებოდა. ამიერიდან განხეთქილების თავიდან აცილება შეუძლებელი შეიქნა. ვენეციასთან კავშირის გაწყვეტის მიზეზი იოანე გახდა, ვისი ბრძანებითაც, სასწრაფოდ უნდა დაეპატიმრებინათ იმპერიაში დამკვიდრებული ყველა ვენეციელი (1171 წ.). ამის პასუხად, რესპუბლიკამ თავისი ფლოტი მიუსია ქიოსს, დაარბია არქიპელაგის კუნძულები და კავშირი შეჰკრა სიცილიის მეფესთან. მანუელი იძულებული შეიქნა დათმობაზე წასულიყო (1175 წ.) და ვენეციელებისათვის ადრე ჩამორთმეული პრივილეგიები დაებრუნებინა. მაგრამ ვენეციასთან, ისევე როგორც ნორმანებთან ურთიერთობა კვლავ მტრული და დაძაბული დარჩა. ახლოვდებოდა დღე, როცა ნორმანებსა და ვენეციელებს იმპერიისათვის ძვირად უნდა დაესვათ ეს მტრობა.
ბიზანტიის იმპერია და ჯვაროსნები. - ანტაგონიზმი ბერძნულ აღმოსავლეთსა და ლათინურ დასავლეთს შორის კიდევ უფრო გაამწვავა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა.
როდესაც ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის მონაწილენი კონსტანტინოპოლის გალავანთან გამოჩნდნენ (1096 წ.), ალექსი კომნინი, რომელიც დახმარებისათვის მხოლოდ მაშინ მიმართავდა დასავლეთს, როცა დაქირავებული ჯარისკაცები სჭირდებოდა, დიდად შეაშფოთა ამ უცნაური ლაშქრობის დანახვამ, მით უმეტეს, რომ ჯვაროსანთა ერთ-ერთი სარდალი მისი დაუძინებელი მტერი ბოემუნდი იყო. მაგრამ ლათინების თავგასულობისა და წარჩინებული ბარონების ქედმაღლობის, სიხარბისა და პატივმოყვარეობის მიუხედავად, იმპერატორმა მათთან შეთანხმება სცადა: რაკი მათი განდევნის თავი არა ჰქონდა, გადაწყვიტა, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ისინი. მდგომარეობა რომ აწონ-დაწონა, გულს იმედი ჩაესახა, იქნებ პატიოსანი სიტყვა ჩამოვართვა, იმპერიის სამსახურში ჩავაყენო და აზიის დასაპყრობად გამოვიყენო ჯვაროსნებიო. თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს საწადელს ეწია: მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ჯვაროსნების ბელადებმა ერთიმეორის მიყოლებით ერთგულება აღუთქვეს და სიტყვა მისცეს, იმპერიისათვის დაებრუნებინათ ყველა ქალაქი, რომლებსაც თურქებს წაართმევდნენ (1097 წ.). სწორედ ამ შეთანხმების შედეგი იყო, ხელახლა დაპყრობილი ნიკეა იმპერიას რომ დაუბრუნდა და ბიზანტიელთა რამდენიმე რაზმიც სალაშქროდ წაჰყვა ჯვაროსნებს. მაგრამ როცა ანტიოქიის აღების შემდეგ ჯვაროსნებმა დაივიწყეს თავიანთი აღთქმა, ქალაქი ბოემუნდს მისცეს (1098 წ.) და იმპერატორს არც კი დაელოდნენ, ისე გაილაშქრეს იერუსალიმზე (1099 წ.), ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ალექსის არ შეეძლო ბოემუნდისათვის მიეტევებინა მისი სიხარბე. იმპერატორი არანაკლებ მტრულად იყო განწყობილი სირიაში დამკვიდრებული ჯვაროსნების მიმართ. 1101 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის მარცხმა, რაშიაც დასავლეთი ბერძნებს ადანაშაულებდა, კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება. 1107 წელს ბოემუნდმა იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ მარცხი იწვნია და ამან გააორკეცა ლათინების სიძულვილი იმპერიის მიმართ. სინამდვილეში ჯვაროსნებს უფრო დიდი დანაშაული მიუძღოდათ, ვიდრე იმპერატორს. მიუხედავად ამისა, მთელს დასავლეთში ვრცელდებოდა ლეგენდა, რომელიც ღვარძლს თესავდა და მტრობას აღვივებდა ბიზანტიის წინააღმდეგ. ორ სამყაროს შორის უფსკრული გაჩნდა.
იგივე განმეორდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროსაც (1147 წ.). ბიზანტიის მაშინდელი მბრძანებელი მანუელი, ისევე როგორც ალექსი, ძალზე შეაშფოთა დედაქალაქის გალავანთან უზარმაზარი არმიების გამოჩენამ, რომლებსაც გერმანიის მეფე კონრად მესამე და საფრანგეთის მეფე ლუი მეშვიდე უძღოდნენ წინ. გერმანელებთან როგორც იქნა გამონახა საერთო ენა და თავიდან მოიცილა ისინი. სამაგიეროდ ფრანგებთან მოლაპარაკებისას ისეთნაირად გაჯანჯლდა საქმე, რომ ჯვაროსნებმა ერთი პირობა კონსტანტინოპოლის აღებაც კი დააპირეს. ასეთნაირად გართულებულ ვითარებაში ჯვაროსნულმა ლაშქრობამ რომ მარცხი განიცადა, ყველაფერი ბიზანტიელთა ვერაგობას გადააბრალეს, რომელთა სიხარბე მართლაც იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ დასავლეთი ერთხანს ჯვაროსნების გამოგზავნასაც კი აპირებდა ბიზანტიის წინააღმდეგ, რათა მწარედ ეზღვევინებინა სამხედრო ექსპედიციის კრახი (1150 წ.).
თუმცა იმპერიული პოლიტიკა აღმოსავლელი ლათინების მიმართ ამართლებდა ამ უნდობლობას და ამძაფრებდა მტრობას ორ სამყაროს შორის.
ნორმანთა სამთავრო, რომელიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ შეიქმნა ანტიოქიაში, მისი თავკაცების - ბოემუნდისა და ტანკრედის პატივმოყვარული ზრახვების გამო ათასნაირ დაბრკოლებას უქმნიდა ბიზანტიას. იმპერია ძალ-ღონის დაუზოგავად იბრძოდა მის წინააღმდეგ, ხმლითაც და დიპლომატიის მეშვეობითაც. ერთხანს ისედაც კი ჩანდა, თითქოს ბოემუნდისათვის 1108 წელს თავსმოხვეულმა ხელშეკრულებამ დროებით მაინც უზრუნველყო იმპერიული პოლიტიკის ტრიუმფი. მაგრამ ეს ხელშეკრულება არასოდეს არ სრულდებოდა. ამიტომ ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ.
იოანე და მანუელ კომნინები მაინც გულმოდგინედ აგრძელებდნენ ამ პოლიტიკას. ორივეს ოცნება იყო, თავიანთი მბრძანებლობისათვის დაემორჩილებინათ კილიკიის სომხური სამთავროები და სირიის ლათინური სახელმწიფოები. ეს ოცნება სინამდვილედ იქცა.
1131 წელს სომხეთის მბრძანებელმა ლეონმა ბერძნული კილიკიის ხარჯზე მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები და კავშირი დაამყარა მეზობელი ანტიოქიის მმართველებთან, რომლებსაც ბიზანტია ყოველთვის თავის მეამბოხე ვასალებად თვლიდა. იოანე კომნინმა პირველივე ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლა, რათა სომხეთისა და ანტიოქიის საქმეებში ჩარეულიყო. 1137 წელს მან დაიმორჩილა კილიკია, აიძულა ანტიოქიის მთავარი რაიმონ დე პუატიე, მორჩილება შეეფიცა მისთვის და 1138 წელს, როგორც ფრანგული სირიის ჭეშმარიტი სუზერენი, მრავალრიცხოვანი ლაშქრითურთ მუსულმანების წინააღმდეგ დაიძრა. მაგრამ მიზანი მიუღწეველი დარჩა და ანტიოქიის აღება ვერ შესძლო. თუმცა ამან ფრთები ვერ შეაკვეცა მის პატივმოყვარულ მისწრაფებებს. 1142 წელს ის კვლავ გამოჩნდა კილიკიაში, რათა სომხეთისა და ანტიოქიისათვის წართმეული მიწა-წყალი თავისი საყვარელი ძის მანუელის საუფლისწულო ადგილ-მამულად ექცია. მაგრამ სიკვდილმა (1143 წ.) არ დააცალა თავისი გეგმის განხორციელება. ანტიოქიის მთავრმა გადაწყვიტა ამ ხელსაყრელი მომენტით ესარგებლა, რევანში აეღო და თავისი დამოუკიდებლობა აღედგინა. მანუელმა მალე აგრძნობინა მას, რომ აპირებდა მამის პოლიტიკა განეგრძო.
რაიმონმა მარცხი განიცადა და იძულებული შეიქმნა კონსტანტინოპოლში ხლებოდა იმპერატორს, რათა მის ვასალად ეღიარებინა თავი (1145 წ.) 1158 წელს მანუელმა, როგორც უზენაესმა სუზერენმა, კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი მდგომარეობა. მან აიღო კილიკია, სასტიკად დასაჯა ანტიოქიის მთავარი რენო დე შატილიონი, აიძულა მორჩილება შეეფიცა მისთვის და სირიის ლათინური სახელმწიფოების მბრძანებელთა ამალის თანხლებით, რომელთაც აწ უკვე თავის ვასალებად თვლიდა, დიდი ზარ-ზეიმით შევიდა ანტიოქიაში. თვით იერუსალიმის მეფეებიც კი იძულებულნი იყვნენ ქედი მოედრიკათ ბიზანტიის წინაშე. ისინი ჯარისკაცებით ამარაგებდნენ იმპერიის არმიას, დინასტიური ქორწინებებით უკავშირდებოდნენ კომნინთა გვარს (1161 წელს მანუელმა, თავის მხრივ, ცოლად შეირთო ლათინი პრინცესა მარიამ ანტიოქიელი) და ბერძნებთან ერთად მონაწილეობდნენ ეგვიპტის წინააღმდეგ მიმართულ ლაშქრობაში (1169 წ.) ფრანგული სირია აშკარად განიცდიდა ბიზანტიური კულტურის ზემოქმედებას, თუმცა იქ დიდი პატივისცემით სარგებლობდა მანუელის პირადი ავტორიტეტიც. იმპერიის პატივმოყვარული მისწრაფებები უკვე რეალიზებული ჩანდა. მაგრამ სირიელი ლათინების დასუსტებით ბიზანტია იმავდროულად ამცირებდა უსჯულოებისადმი მათი წინააღმდეგობის ძალას, და რაც მთავარია, კიდევ უფრო ამძაფრებდა სიძულვილს, რასაც დასავლეთი განიცდიდა მის მიმართ.
კომნინთა დაპყრობითი პოლიტიკა. - მანუელის მტაცებლურმა და უგუნურმა ზრახვებმა დასავლეთის მიმართ ეს ორი სამყარო კიდევ უფრო მკვეთრად დაუპირისპირა ერთმანეთს.
თავიანთი წინამორბედების მსგავსად, კომნინებიც ოცნებობდნენ კვლავ ბიზანტიის გავლენისათვის დაექვემდებარებინათ რომი, ძალის მეშვეობით იქნებოდა ეს თუ პაპებთან კავშირის წყალობით, და შეემუსრათ დასავლური იმპერია, რომლის არსებობის ფაქტიც მათ ყოველთვის თავიანთი უფლებების უზურპაციად უჩვენებოდათ. ამ მიზანს განსაკუთრებით ხარბად მიელტვოდა მანუელ კომნინი. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ნორმანებზე გამარჯვებამ ნახევარკუნძულზე შესაჭრელად წააქეზა იგი, და რომ უნგრეთში,ისევე როგორც იტალიაში, ბიზანტიის მბრძანებელი გერმანიის იმპერიას შეეჯახა, რომელსაც 1156 წლიდან განაგებდა ფრიდრიხ ბარბაროსა. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დასავლურ პოლიტიკას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა იმპერატორის გეგმებში, იმპერატორისა, რომელიც მთელი თავისი მმართველობის მანძილზე, ნებისმიერი საშუალებით - იარაღისა თუ დიპლომატიის მეშვეობით, - ჯიუტად ესწრაფოდა თავისი პატივმოყვარული მიზნის ხორცშესხმას.
ბარბაროსასა და პაპს შორის განხეთქილებამ (1158 წ.) მანუელს რომთან დაახლოების საბაბი მისცა. მან მხარი დაუჭირა ალექსანდრე მესამე-ს (1161 წ.) და აგრძნობინა, რომ შესაძლებელი იყო საეკლესიო ერთიანობის აღდგენა. ამის სანაცვლოდ ის ფიქრობდა დასავლეთის საიმპერატორო გვირგვინი მიეღო პაპისგან. ამასთანავე, თავისი დიპლომატიური ძალისხმევით ის ცდილობდა ბარბაროსას წინააღმდეგ აემხედრებინა მისი მტრები, მხარს უჭერდა ლომბარდიის ლიგას და სესხს აძლევდა ანკონას, გენუას, პიზასა და ვენეციას. გარდა ამისა, ინტრიგების ქსელს რომ ხლართავდა იტალიაშიც და გერმანიაშიც, მანუელი იმავდროულად ოცნებობდა, გერმანიის იმპერატორთან შეთანხმებისთვისაც მიეღწია. ამ რთულმა და უტოპიურმა პროექტებმა არავითარი რეალური შედეგი არ გამოიღო. პაპს არ შეეძლო ბიზანტიის მიერ დასმული რომის ეპისკოპოსის როლს დასჯერებოდა, რომისა, რომელიც აღდგენილი იმპერიის დედაქალაქი უნდა გამხდარიყო; იტალიის რესპუბლიკები ეჭვის თვალით უყურებდნენ მანუელის პატივმოყვარულ ზრახვებს, და ბოლოს, ბარბაროსა, რომელსაც მოთმინების ძაფი გაუწყვიტა ბერძნების ორპირობამ, სამტროდ განეწყო და სულ უფრო აშკარად იმუქრებოდა (1177 წ.).
ასე რომ, მომნუსხველი ზემოქმედება, რასაც მანუელ კომნინზე ახდენდა დასავლეთი, იმპერიისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ლათინების მიმართ თავისი სიმპათიებით იმპერატორი საშინლად აღიზიანებდა ბერძნებს; მეორეს მხრივ, მისმა პატივმოყვარულმა მისწრაფებებმა ის შედეგი გამოიღო, რომ მთელი დასავლეთი იმპერიის წინააღმდეგ გაერთიანდა; ბიზანტია გამოფიტული იყო ზღვრული დაძაბულობით, რასაც მისგან მოითხოვდა იმპერატორის პოლიტიკა. ერთის შეხედვით, ისე ჩანდა, თითქოს მანუელმა მთელს მსოფლიოში არნახული დიდება მოუხვეჭა ბიზანტიას და ევროპული პოლიტიკის ცენტრად აქცია კონსტანტინოპოლი. მაგრამ სინამდვილეში, მისი გარდაცვალებისას (1180 წ.), იმპერია დაქცეული, გაპარტახებული და ლათინების ზიზღის საგნად ქცეული აღმოჩნდა, ლათინებისა, რომლებიც ყოველ წამს მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ მას. ეგეც არ იყოს, ქვეყანას მძიმე შინაგანი კრიზისი ემუქრებოდა.
კომნინების მმართველობა და ბიზანტიური კულტურა
მეთორმეტე საუკუნეში
კომნინთა საგვარეულოს სამი პირველი იმპერატორი ძალ-ღონის დაუზოგავად ცდილობდა თავისი ძველი სიდიადე დაებრუნებინა იმპერატორის ძალაუფლებისათვის. მათ ძალზე დიდი ენერგია შეალიეს არმიის რეორგანიზაციას, რასაც საფუძვლად ედო, უწინარეს ყოვლისა, დაქირავებულ ჯარისკაცთა რაოდენობის ზრდა, უწყვეტ ნაკადად რომ აწყდებოდნენ იმპერიას დასავლეთიდან. მეორეს მხრივ, ისინი, ცოტა არ იყოს, წინდაუხედავად უგულებელყოფდნენ ფლოტს, რადგანაც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვენეციელებთან კავშირსა და მათ საზღვაო ძლიერებას, რისი წყალობითაც იმედოვნებდნენ თავიანთი ბატონობა უზრუნველეყოთ ზღვებზე. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოახერხეს მრისხანე სამხედრო ძალის შექმნა, რომელსაც შეეძლო დაეცვა აღდგენილი იმპერია და განემტკიცებინა საკმაოდ მომძლავრებული საიმპერატორო ძალაუფლება. ალექსიცა და იოანეც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ფინანსებს; მართალია, გადასახადები ძალიან მძიმე იყო და სახაზინო ტირანიაც სულს უხუთავდა მათ ქვეშევრდომებს; მართალია, მანუელის მმართველობა ძალიან ძვირად დაუჯდა იმპერიას იმ ხარჯების წყალობით, რასაც გამუდმებით მოითხოვდნენ ომები, დიპლომატია და ფუფუნება, რასაც ესოდენ ხარბად მიელტვოდა იმპერატორი, - მეთორმეტე საუკუნის ბიზანტია მაინც მდიდარი ქვეყანა იყო, საკმაოდ განვითარებული მრეწველობითა და ვაჭრობით, მიუხედავად მისი ეკონომიური პოლიტიკის შეცდომებისა, რის შედეგადაც აღმოსავლეთის ბაზრებიდან ბერძნებს თანდათანობით აძევებდნენ უცხოელები, და იტალიის სავაჭრო ქალაქების დღითი-დღე მზარდი მისწრაფებისა, სულ უფრო ხშირად გამოეყენებინათ იმპერია საკუთარი ინტერესებისათვის და თავიანთი მოქალაქეებიც ისე დაემკვიდრებინათ მის მიწა-წყალზე, როგორც დაპყრობილ ქვეყანაში.
მეორეს მხრივ, კომნინები არანაკლებ ყურადღებას იჩენდნენ ეკლესიის მიმართ. ისინი ერთნაირი გულმოდგინებით ებრძოდნენ მწვალებლობასაც და თავისუფალ აზრსაც, რომელმაც აღორძინებული პლატონური ფილოსოფიის სახით იჩინა თავი კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტის კედლებში. იმპერატორები ფხიზლად ადევნებდნენ თვალს სამღვდელოთა ზნეობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ცდილობდნენ უფრო სადა, უფრო მარტივი და სამაგალითო გაეხადათ ბერ-მონაზონთა ცხოვრება, რომელთათვისაც მეთერთმეტე საუკუნის დამლევს წმიდა ქრისტოდულოსმა, ალექსი კომნინის თანადგომით, სანიმუშო მონასტერი დააარსა პატმოსზე (1088 წ.). კომნინები თანდათანობით ამრავლებდნენ კონსტანტინოპოლში საქველმოქმედო დაწესებულებებს: მონასტრებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებს, რომელთა შორის ყველაზე ღირსშესანიშნავი იყო პანტოკრატორის ეკლესია,დაარსებული იმპერატორ იოანეს მიერ, იმ მიზნით, რომ სამონაზვნო ცხოვრების დიდ ცენტრად და მწირთა თავშესაფრად ექცია იგი, მოკლედ, ისეთივე როლი დაეკისრებინა მისთვის, რასაც საფრანგეთში ასრულებდა სენ-დენის მონასტერი. და ბოლოს, იშვიათად თუ მოიძებნებოდა სადმე უფრო დიდებული და მომხიბლავი სასახლე, ვიდრე კომნინების სამეფო კარი. «ოქროს რქის» სიღრმეში აღმართული ვლახერნის სასახლე, სადაც იმპერატორებმა გადაიტანეს თავიანთი რეზიდენცია, თანამედროვეთა მოწმობით, ფუფუნებისა და მშვენიერების ნამდვილი სასწაული იყო. აქ მბრძანებლის გარშემო, მეტადრე მანუელის ეპოქაში, თავს იყრიდა განცხრომასა და დროსტარებას დახარბებული საზოგადოება; ბიზანტიელებმა დასავლელთა ზოგიერთი საყვარელი გასართობიც კი გადმოიღეს, როგორც მაგალითად, ტურნირები და მისტერიები. ამ საზოგადოებაში დიდი ადგილი ეჭირა ინტრიგებსა და ავანტურებს; აქ სრული გასაქანი ეძლეოდა მომხიბლავი ქალების კეკლუცობასა თუ მომნუსხველ ხიბლს, და მთელი ეს ახალგაზრდული, ფიცხი, კისკასი და ვნებათაღელვით სავსე სამყარო თანაბარ ინტერესს იჩენდა როგორც ჭეშმარიტი მეცნიერების, ისე ოკულტიზმის, მაგიისა თუ ასტროლოგიის მიმართ.
სულიერი კულტურის დონის წარმოსადგენად, რასაც მეთორმეტე საუკუნეში მიაღწია ბიზანტიამ, საკმარისია დავასახელოთ ისეთი მწერლები, როგორიც იყვნენ ანა კომნინა თუ ნიკიფორე ვრიენიოსი, ნიკიტა აკომინატი თუ ევსტათი თესალონიკელი. დაიწყო კლასიკური სულისა და ანტიკური ტრადიციების ჭეშმარიტი აღორძინება. იმპერატორები მფარველობას არ აკლებდნენ სწავლულებსა და მეცნიერებს, თეოლოგებსა და რიტორებს, რომლებიც თავიანთი მჭევრმეტყველებით ამკობდნენ ყველა სადღესასწაულო ცერემონიალს, აგრეთვე სასახლის კარის პოეტებს, როგორც მაგალითად, თეოდორე პროდრომეს, სალაღობო და მახვილგონივრული ლექსების ავტორს. ხელოვნება არანაკლები ბრწყინვალებით აგრძელებდა წინა საუკუნის ტრადიციებს,და მისი გავლენა აღმოსავლეთის სიღრმიდან დასავლეთის უკიდურეს ზღვარს უწევდა.
სირიის ლათინურ სახელმწიფოებში, ვენეციასა და ნორმანულ სიცილიაში ბიზანტიურ ყაიდაზე აგებდნენ და ამკობდნენ ეკლესიებს თუ სასახლეებს. ბერძენ ხელოვანთა ნახელავია ბეთლემისა თუ ტორჩელოს, კეფალუსა თუ მარტორანის მონასტრების, აგრეთვე პალატინის კაპელის მოზაიკები პალერმოში. ვენეციის სან-მარკოს ტაძარი თავისი ხუთი გუმბათით, მარმარილოს ორნამენტთა დახვეწილობით, ოქრო-ვერცხლის სამკაულების სიუხვით, მოზაიკების სინატიფითა და ოქროსფრად მოციმციმე თაღებით, ყველაზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ბიზანტიური ხელოვნების სიდიადეზე. თვით რომანულმა ხელოვნებამაც კი ბიზანტიისაგან ისესხა თავისი არქიტექტურის ზოგიერთი ნიშან-თვისება და მრავალი დეკორაციული მოტივი. თავისი სიმდიდრით, მომხიბლავ ძეგლთა სიუხვით, სასახლეების ფუფუნებითა და ეკლესიებში დაცული რელიქვიებით კონსტანტინოპოლი მთელი მსოფლიოს აღტაცებას იწვევდა და მომნუსხველ შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, ერთხელ მაინც სწვეოდა მას. «კონსტანტინოპოლი საბერძნეთის სიამაყეა, - ამბობს ევდ დე დეილი, - ყველას სმენია მისი სიმდიდრის ამბავი, მაგრამ ვისაც თავისი თვალით უნახავს, უფრო მდიდრად უცვნია იგი». «ბაღდადის გარდა, - წერს ბენჟამენ დე ტუდელი, - მსოფლიოს ვერცერთი ქალაქი ვერ შეედრება მას». რობერ დე კლარის მოწმობით, «მსოფლიო სიმდიდრის ორი მესამედი კონსტანტინოპოლშია, ერთი მესამედი კი მთელი დედამიწის ზურგზეა მიმოფანტული». ბიზანტიის დედაქალაქი, ერთი მოსწრებული გამოთქმით, «შუა საუკუნეების პარიზი» იყო. ვილარდუენის მტკიცებით, ის იყო « მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქი», «დანარჩენ ქალაქთა მეუფე და მბრძანებელი». ო, ეს საშიში და სახიფათო კეთილდღეობა, რადგანაც აღტაცებასთან ერთად ის იწვევდა საყოველთაო შურისა და სიხარბის გრძნობას, რაც ძვირად დაუჯდა იმპერიას, როგორც კი გამომჟღავნდა მისი სისუსტე.
ბიზანტიის იმპერია მეთორმეტე საუკუნის დამლევს (1181-1204 წ.)
სანამ მანუელ კომნინი ცოცხალი იყო, მისი ჭკუა, ენერგია და სიმარჯვე უზრუნველყოფდა შინაგან წესრიგს და იმპერიის ფარგლებს გარეთაც განამტკიცებდა ბიზანტიის ავტორიტეტს. მაგრამ მანუელიც მოკვდა და იმპერიასაც წყალი შეუდგა. ისევე, როგორც იუსტინიანეს ეპოქაში, მეთორმეტე საუკუნის იმპერიული პოლიტიკაც უკიდურესად პატივმოყვარული გეგმების განხორციელებას ისახავდა მიზნად; ისევე, როგორც მაშინ, პოლიტიკის შეცვლა ამჯერადაც საბედისწერო აღმოჩნდა. გამუდმებით რომ ერეოდა დასავლეთის საქმეებში და თავისი შლეგური ოცნებით მსოფლიო ბატონობას მიელტვოდა, რაც ასე აშფოთებდა ლათინებს, მანუელი, იმავდროულად, ვერ ამჩნევდა საფრთხეს, აღმოსავლეთიდან რომ ემუქრებოდა იმპერიას და სწორედ ამიტომ უფსკრულის პირას მიიყვანა სახელმწიფო. როგორც კი ძალაუფლება უფრო სუსტ ხელში აღმოჩნდა, დაუყოვნებლივ იჩინა თავი მის მიერ მთელ მსოფლიოში დათესილი შურის, სიძულვილისა თუ შურისგების გრძნობის ყველა სავალალო შედეგმა.
მანუელს მცირეწლოვანი მემკვიდრე - ალექსი მეორე დარჩა; უფლისწულის დედა, რეგენტი მარიამ ანტიოქიელი, წარმოშობით ლათინი იყო და ლათინებსვე ეყრდნობოდა, რის გამოც ხალხს არ უყვარდა იგი. ანდრონიკე კომნინმა საყოველთაო უკმაყოფილება თავის სასარგებლოდ გამოიყენა და თვითონ გახდა იმპერატორი (1183-1185 წ.). კომნინთა ამ უკანასკნელ წარმომადგენელს შეეძლო დიდი მბრძანებელი ყოფილიყო. ის მიხვდა, რომ ფეოდალთა ძლიერება საშიში იყო იმპერიისთვის და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა მათ; 1185 წელს იმპერატორმა სისხლში ჩაახშო ისააკ ანგელოსის ამბოხება ბეთანიაში. მანვე გარდაქმნა ადმინისტრაცია, შეამცირა ხარჯები და შეამსუბუქა გადასახადები, ასე რომ, პოპულარობის მოსახვეჭად სწორ გზას ადგა, მაგრამ გარეშე მოვლენებმა - ნორმანებთან ომმა, რაც ამ უკანასკნელთა მიერ თესალონიკის აღებით დამთავრდა (1185 წ.) და უნგრელების წინააღმდეგ ბრძოლამ, რის შედეგადაც დაკარგულ იქნა დალმაცია (1185 წ.), განაპირობა მისი დამხობა. ახალმა ამბოხებამ (1185 წ.) ტახტზე აიყვანა ისააკ ანგელოსი და დააჩქარა იმპერიის გაპარტახება. ისააკს (1185-1195 წ.) არ გააჩნდა საიმისო ძალა, რომ თავიდან აეცილებინა კრიზისი, რომელიც იმპერიას ემუქრებოდა. ისააკზე უკეთესი არც მისი ძმა ალექსი მესამე (1195-1203 წ.) იყო, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო იგი. იმპერიას კოტასტროფა ელოდა.
ამბოხებებითა და გაუთავებელი შეთქმულებებით ძირმორყეული უზენაესი ხელისუფლება მეტისმეტად სუსტი იყო; დედაქალაქში მთავრობას ბრბო კარნახობდა კანონებს; პროვინციებში კვლავ აღზევებას ცდილობდა არისტოკრატია და იმპერია თანდათანობით იშლებოდა. ისააკ კომნინმა თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა კიპროსზე (1184 წ.), გაბრასმა კი - ტრაპიზონში. კანტაკუზენების, ვრანასების, სგუროსების დიდი ფეოდალური საგვარეულოები დაქუცმაცებულ იმპერიას განუკითხავად სტაცებდნენ და ითვისებდნენ მიწა-წყალს. ყველგან უწესრიგობა და სიღატაკე სუფევდა. გადასახადები წელში გამწყვეტი იყო, ხაზინა - ცარიელი, ვაჭრობა - ჩამკვდარი. ყველგან ფესვი გაედგა დემორალიზაციას, თვით ეკლესიის წიაღშიც კი. ბერები, რომლებიც მონასტრებს ტოვებდნენ, კიდევ უფრო ამძაფრებდნენ უწესრიგობას. სამონასტრო რეფორმა უფრო აუცილებელი ჩანდა, ვიდრე ოდესმე. უწინარეს ყოვლისა, სუსტდებოდა ელინური ტრადიციები, სულს ღაფავდა პატრიოტული გრძნობა.
საფრთხე, რომელიც გარედან ემუქრებოდა იმპერიას, კიდევ უფრო სერიოზული იყო. ბალკანეთში სლავები ცდილობდნენ ქედიდან გადაეგდოთ იმპერიის უღელი. სერბიაში სტეფანე ნემანიამ თავისი ძალაუფლება გაავრცელა ჰერცოგოვინაზე, ჩერნოგორიასა თუ დუნაისპირა სერბიაზე და ვეებერთელა სახელმწიფო დააარსა. პეტრე და იოანე ასენების მეთაურობით აჯანყდნენ ბულგარელები და ვალახები (1185 წ.). კუმანების მხარდაჭერითა და სტეფანე ნემანიას თანადგომით აჯანყებულებმა სწრაფად წაიწიეს წინ. ისააკმა მარცხი იწვნია ბერეასა (1190 წ.) და არკადიოპოლთან (1194 წ.). ასე შეიქმნა ვალახო-ბულგარული სახელმწიფო, რომელმაც თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია იოანიცეს, ანუ კალოიანის (1197-1207 წ.) მმართველობისას. 1201 წლის ხელშეკრულებით ალექსი მესამე იძულებული შეიქნა ეცნო ბულგარელთა ომების ყველა შედეგი - ბელგრადიდან შავ ზღვასა და ვარდარამდე. მალე ბულგარეთის მბრძანებელმა მიაღწია იმას, რომ ინოკენტი მესამე-საგან მეფის ტიტული და დამოუკიდებელი ეკლესიის დაფუძნების უფლება მიეღო (1204 წ.).
დასავლეთით ჰორიზონტზე კიდევ უფრო პირქუში ღრუბლები იგრაგნებოდა. 1182 წლის ამბოხებისას, რომელმაც ტახტზე აიყვანა ანდრონიკე კომნინი, კონსტანტინოპოლში მცხოვრები ლათინების ხოცვა-ჟლეტამ ნორმანებთან ომი გამოიწვია. თუმცა სიცილიის მეფის მიერ თესალონიკის აღებას შემდგომი წარმატება აღარ მოჰყოლია და ისააკმა შესძლო მომხდურთა მოგერიება (1186 წ.). მაგრამ ამის შემდეგ ძველისძველი მტრობა ბიზანტიასა და დასავლეთს შორის კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. ამას ხელი შეუწყო პოლიტიკურმა შეცდომებმაც, რომლებიც ფრიდრიხ ბარბაროსასთან ურთიერთობისას იქნა დაშვებული მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1189 წ.). ერთხანს გერმანიის იმპერატორი სერბებსა და ბულგარელებთან ერთად კონსტანტინოპოლის აღებასაც კი აპირებდა, და ჯვაროსნები ისეთი გააფთრებით დაიძრნენ იმპერიის წინააღმდეგ, თითქოს მისი მოსისხლე მტრები ყოფილიყვნენ. ბარბაროსას ვაჟი ჰენრიხ მეექვსე კიდევ უფრო საშიში მეტოქე გამოდგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნორმანთა მეფეების სამფლობელოებთან ერთად მათი პატივმოყვარული გეგმებიც მემკვიდრეობით მიიღო. ის ცდილობდა ხელთ ეგდო აღმოსავლეთი და ნორმანთა მიერ ოდესღაც დაპყრობილი მთელი ტერიტორიების დაბრუნებას მოითხოვდა ალექსისაგან (1196 წ.). მანამდე კი აიძულა იმპერატორი ხარკი ეძლია მისთვის.
მაგრამ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა ვენეცია, რომელსაც სურდა შური ეძია 1182 წლის ხოცვა-ჟლეტის სანაცვლოდ; მის დასაშოშმინებლად ისააკი იძულებული შეიქნა მთელი ზარალი აენაზღაურებინა და მნიშვნელოვანი პრივილეგიები მიენიჭებინა ბიზანტიის ყოფილი მოკავშირისთვის (1187 წ.). ალექსი მესამე-მ კიდევ უფრო გაზარდა ეს პრივილეგიები (1198 წ.), თუმცა მათი ქმედითობის შესამცირებლად ასეთივე უფლებები მიანიჭა გენუელებსა და პიზელებს. მიუხედავად ამისა, ვენეციელები გრძნობდნენ, რომ ბერძნების მძაფრი სიძულვილი სასიკეთოს არას უქადდა მათ ვაჭრობას და უსაფრთხოებას; ამიტომ როცა ვენეციის დოჟი გახდა ენრიკო დანდოლო (1193 წ.), მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ლათინების გულში ჩაგუბებული მძულვარების გასაქარვებლად და აღმოსავლეთში ვენეციელთა ინტერესების დასაცავად ყველაზე უკეთესი საშუალება იქნებოდა ბიზანტიის იმპერიის დაპყრობა. პაპის მტრობა, ვენეციელების პატივმოყვარეობა, მთელი ლათინური სამყაროს გაბოროტება - ყოველივე ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ იქნა მიმართული. გაპარტახებულმა, გამოფიტულმა და აღმოსავლეთ ევროპაში სლავური სახელმწიფოების გაძლიერების შედეგად დაძაბუნებულმა ბიზანტიამ ვერ შესძლო წინ აღდგომოდა ჯვაროსანთა იერიშს.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. - 1195 წელს, როცა ალექსი მესამე-მ დაამხო და თვალები დასთხარა თავის ძმას ისააკ ანგელოსს, ტახტიდან ჩამოგდებულ იმპერატორთან ერთად მისი ვაჟი - ჭაბუკი ალექსიც დილეგში ჩააგდო. 1201 წელს ახალგაზრდა უფლისწულმა დასავლეთში გაქცევა მოახერხა და უზურპატორის წინააღმდეგ დახმარება ითხოვა. სწორედ ამ დროს ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის მონაწილენი ვენეციაში იყრიდნენ თავს. ვენეციელები დაუყოვნებლივ ჩაებღაუჭნენ მათთვის ესოდენ სასურველ საბაბს, მოულოდნელად რომ ჩაუვარდათ ხელში, რათა ბიზანტიის საშინაო საქმეებში ჩარეულიყვნენ, ხოლო ურიცხვმა აღთქმა-დაპირებამ, უშურველად რომ იძლეოდა ალექსი, ადვილად ჩაახშო ჯვაროსანთა სინიდისის ქენჯნა. ამრიგად, დოჟ დანდოლოს მოქნილმა პოლიტიკამ კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ მიაქცია ის ლაშქრობა, რომელიც «წმიდა მიწის» გასათავისუფლებლად მზადდებოდა. 1203 წლის დამდეგს ბიზანტიის ტახტის მაძიებელთან დადებულ იქნა საბოლოო ხელშეკრულება, ხოლო იმავე წლის 27 ივნისს ლათინთა ფლოტმა კონსტანტინოპოლის მახლობლად ჩაუშვა ღუზა. ქალაქი იერიშით აიღეს და ისააკ ანგელოსი თავის ვაჟთან ალექსი მეექვსესთან ერთად ხელახლა ავიდა ტახტზე. მაგრამ ლათინებისა და ბიზანტიელების თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალმა იმპერატორებმა ვერ შესძლეს თავიანთი აღთქმის შესრულება. ჯვაროსნები, უპირატესად კი ვენეციელები, სულ ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებდნენ. 1204 წლის 25 იანვრის სახალხო აჯანყებამ დაამხო დასავლეთის პროტეჟეები და ძალაუფლება ალექსი მეხუთე მურზუფლეს ხელში გადავიდა. დაზავება შეუძლებელი გახდა. ლათინებმა გადაწყვიტეს ბიზანტიის იმპერიის განადგურება. 1204 წლის 12 აპრილს კონსტანტინოპოლი კვლავ იერიშით აიღეს და განუკითხავად გაძარცვეს. მაშინ როდესაც ბიზანტიის არისტოკრატიისა და სამღვდელოების გადარჩენილი ნაწილი ნიკეას აფარებდა თავს, რათა შემდეგ იქიდან ეცადა იმპერიის აღდგენა, გამარჯვებულნი, გაყოფის თაობაზე დადებული ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც 1204 წლის მარტში მოაწერეს ხელი, ერთმანეთში ინაწილებდნენ ნადავლს. კომნინების ტახტზე ბოდუენ ფლანდრიელი ავიდა (1204 წლის მაისი). ბონიფაციუს მონფერატელი თესალონიკის მბრძანებელი გახდა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტი ვენეციის პატრიარქმა დაიკავა. დაპყრობილი იმპერიის მთელ ტერიტორიაზე იქმნებოდა ფეოდალური სენიორიები. ვენეციელები, გაქნილი საქმოსნები, განსაკუთრებული გულმოდგინებით ცდილობდნენ ხელთ ეგდოთ მთელს აღმოსავლეთში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები, რომლებსაც მათი სავაჭრო და კოლონიალური ძლიერება უნდა უზრუნველეყო. გეგონებოდათ, იმპერიას აღსასრულის დღემ უწიაო. და მართლაც, 1204 წლის მოვლენები ბიზანტიისათვის იყო გამანადგურებელი დარტყმა, რომლის შემდეგაც ის ვეღარასოდეს ვეღარ გაიმართა წელში.
თავი მეშვიდე
კონსტანტინოპოლის ლათინური იმპერია
და ნიკეის ბერძნული იმპერია
(1204-1261)
პირველი. ბიზანტიის იმპერიის დაშლა. - მეორე. კონსტანტინოპოლის ლათინური იმპერია. - მესამე. ნიკეის ბერძნული იმპერია. - მეოთხე. კონსტანტინოპოლის დაბრუნება ბერძნების მიერ. - მეხუთე. აქაიის სამთავრო.
ბიზანტიის იმპერიის დაშლა
ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებას, უწინარეს ყოვლისა, შედეგად მოჰყვა აღმოსავლეთ სამყაროს ძირეული შეცვლა.
ბიზანტიის იმპერიის ნანგრევებზე სოკოებივით იზრდებოდნენ ლათინთა ფეოდალური სენიორიები. კონსტანტინოპოლში შეიქმნა ლათინური იმპერია, რომლის მბრძანებლადაც ჯვაროსანმა ბარონებმა ფლანდრიის გრაფი ბოდუენი დასვეს. თესალონიკის სამეფო, რომელსაც მონფერატის მარკიზი ბონიფაციუსი მართავდა, ნომინალურად იმპერატორს ექვემდებარებოდა. ქვეყანას მოევლინენ ნიკეისა და ფილიპოპოლის ტიტულარული ჰერცოგები, დიდიმოტიკისა და ადრამიტიონის სენიორიები. კონსტანტინოპოლის აღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რაინდთა ძლევამოსილი ლაშქრობის შედეგად, რომელსაც ათენსა და კორინთომდე წინ უძღოდა ბონიფაციუს მონფერატელი, სხვა ლათინური სახელმწიფოებიც შეიქმნა: ბოდონიცის სამარკიზო, ნეგროპონტის სენიორია, ათენის საჰერცოგო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბურგუნდიელ დელაროშთა საგვარეულო, აქაიის, ანუ მორეის სამთავრო, რომელიც შამპანელებმა - ჟოფრუა დე ვილარდუენმა და გიიომ დე შამპლიტმა დაიპყრეს და რომელმაც ლათინურ აღმოსავლეთში ჯვაროსნების მიერ 1204 წელს დაარსებულ ყველა სახელმწიფოზე მეტხანს გაძლო. მეორეს მხრივ, ვენეციამ დაუყოვნებლივ დაიკავა დურაცო ეპიროსის სანაპიროზე, მოდონი და კორონი პელოპონესში, კრეტა და ევბეა, გალიპოლი, როდოსტო, ჰერაკლეა და კონსტანტინოპოლის ვრცელი უბანი; ვენეციელი პატრიციები დაეუფლნენ არქიპელაგის კუნძულებს, სადაც დააარსეს ნაქსოსის საჰერცოგო და ჩერიგოს სამარკიზო, ლემნოსის საერცჰერცოგო და სანტორინოს სენიორია. ვენეციის რესპუბლიკას, ამ განსაცვიფრებელი კოლონიური იმპერიის მფლობელს, უფლება ჰქონდა თავისი დოჟისათვის სავსებით სამართლიანად ეწოდებინა «ბიზანტიის იმპერიის ერთი მეოთხედის მბრძანებელი».
ბიზანტიის იმპერიის განადგურებამ განაპირობა არა ერთი და ორი ბერძნული სახელმწიფოს წარმოშობა. ტრაპიზონში კომნინთა დინასტიის ორმა წარმომადგენელმა - ალექსიმ და დავითმა - დააარსა იმპერია, რომელიც მალე შავი ზღვის სანაპიროზე, ჰერაკლეადან კავკასიამდე გადაიჭიმა და მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე (1461 წ.) იარსება. ეპიროსში ანგელოსთა საგვარეულოს უკანონო შვილმა - მიხეილ ანგელოს კომნინმა დააარსა სადესპოტო, რომელიც ნავპაქტიდან დურაცომდე იყო გადაჭიმული. ნიკეაში ალექსი მესამე ანგელოსის სიძემ თეოდორე ლასკარისმა თავის გარშემო შემოიკრიბა ბიზანტიური არისტოკრატიისა და სემღვდელოების გადარჩენილი ნაწილი და 1206 წელს დიდი ზარ-ზეიმით ეკურთხა «რომაელთა იმპერატორად». პატივმოყვარე ფეოდალებმა: გაბალამ - როდოსზე, მანკაფამ - ფილადელფიაში, ლეონ სგუროსმა - არგოსსა და კორინთოში დაქუცმაცებული იმპერიის ტერიტორიები მიიტაცეს და თავიანთი სენიორიები შექმნეს. კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ეს იყო ბიზანტიის აღსასრული.
მაგრამ ამ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ეს-ესაა იბადებოდნენ პოლიტიკური ცხოვრებისათვის, ძალიან დიდი განსხვავება იყო. ლათინურმა იმპერიამ, მისი ახალი მბრძანებლების უდაო ღირსებების მიუხედავად, ნახევარი საუკუნე ძლივს გაძლო (1204-1261 წ.). მისი დასაბამიერი სისუსტე გარდუვალს ხდიდა მის ეფემერულობას. ბერძნებს შორის კი, პირიქით, უცხოელების გამარჯვებამ პატრიოტული გრძნობისა და ნაციონალური თვითშეგნების გაღვივება გამოიწვია. ბელადები, რომელთა ირგვლივაც თავს იყრიდა ბერძნული სამყაროს ყველა სიცოცხლისუნარიანი ძალა, მხოლოდ ერთ რამეს მიელტვოდნენ: საძულველი ლათინებისთვის წაერთმიათ კონსტანტინოპოლი. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, ორი ურთიერთმოქიშპე იმპერიიდან მაინც რომელი შესძლებდა ამ მიზნის მიღწევას: ნიკეისა თუ ეპიროსის იმპერია.
კონსტანტინოპოლის ლათინური იმპერია
იმისათვის, რომ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად აღმოცენებული ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მეტ-ნაკლებად მყარი გამომდგარიყო, იმპერიას აუცილებლად სჭირდებოდა ძლიერი ხელისუფლება და მტკიცედ ცენტრალიზებული აპარატი, მაგრამ ლათინთა მიერ შექმნილ ტიპიურად ფეოდალურ სახელმწიფოში იმპერატორი მხოლოდ და მხოლოდ პირველი ბარონი იყო. მისი ძალაუფლება, რომელიც ვეებერთელა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, პოლიტიკური თვალსაზრისით თითქმის ნულს უდრიდა. ბოდუენი ტახტზე ასვლისთანავე იძულებული შეიქნა ომი გამოეცხადებინა თავისი ურჩი ვასალის - თესალონიკის მეფისათვის, და თუმცა ბოლოს როგორც იქნა შეარიგეს ისინი, მაგრამ მათ შორის არასოდეს არსებულა მეტ-ნაკლებად მყარი თანხმობა. ბოდუენის მემკვიდრე ჰენრიხ ფლანდრიელი იმავე სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა; და თუმცა თავისი ენერგიისა და გერგილიანობის წყალობით მაინც შესძლო საკუთარი ძალაუფლებისთვის დაემორჩილებინა თესალონიკის სამეფო (1209 წ.) და ეიძულებინა ბიზანტიელი ფეოდალები, რავენიკეში გამართულ სხდომაზე მისი სუვერენიტეტი ეცნოთ (1210 წ.), მაგრამ ათენის ჰერცოგებმა და აქაიის მთავრებმა მალე მთლიანად აიყარეს გული იმპერიაზე და თითქმის დამოუკიდებელნი გახდნენ. ლათინურ იმპერიას არ შეიძლებოდა ვენეციის დიდი იმედი ჰქონოდა, რადგანაც ამ უკანასკნელს საკუთარი ინტერესების მეტი არაფერი ახსოვდა და თავგამოდებით იცავდა თავის პრივილეგიებს. დამარცხებულ ბერძნებთან შეთანხმებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ზოგიერთი ლათინი მბრძანებლის - თესალონიკეში მონფერატის, აქაიაში ვილარდუენებისა და სხვათა ძალისხმევის მიუხედავად, რომლებიც ცდილობდნენ დაეძლიათ მოსახლეობის სიძულვილი და როგორმე დაევიწყებინათ მათთვის თავიანთი სისასტიკის ხსოვნა, - ბერძნები მაინც მტრულად იყვნენ განწყობილნი უცხოელების მიმართ და მოუთმენლად მოელოდნენ მხსნელს, საიდანაც არ უნდა მოვლენოდათ იგი: ნიკეიდან თუ ეპიროსიდან. და ბოლოს, უეჭველ საფრთხეს, რაც ბერძნების მხრივ ემუქრებოდა იმპერიას, ზედ დაერთო შესაძლო საფრთხეც ბულგარელების მხრიდან. ლათინებმა შეცდომა დაუშვეს, როცა უარყვეს კავშირი, რასაც მათ სთავაზობდა მეფე იოანიცე (1197-1207 წ.), და ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში ბულგარელთა მხარდაჭერის იმედი ჰქონოდათ, მოსისხლე მტრებად მოიკიდეს ისინი. ამის შემდეგ ბულგარელები ნიკეის ბერძენ მბრძანებლებს დაუკავშირდნენ ლათინური იმპერიის წინააღმდეგ და მათთან ერთად თავდაუზოგავად ცდილობდნენ მის განადგურებას.
და მაინც, საყოველთაო დათრგუნვილობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც კონსტანტინოპოლის აღებამ გამოიწვია, ერთხანს ისე ჩანდა, თითქოს ლათინები ყველგან გამარჯვებას ზეიმობდნენ. თესალია, შუა საბერძნეთი და პელოპონესი, რომლებმაც სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მომხდურთ, რამდენიმე კვირაში აიღეს. მცირე აზიაში ჰენრიხ ფლანდრიელმა პოიმამენონთან დაამარცხა ბერძნები და ჭაბუკი თეოდორე ლასკარისი, რომელმაც ბრუსის მეტი ვერაფერი შეინარჩუნა, თითქოს უკვე დასაღუპად იყო განწირული, მაგრამ ის თრაკიაში ბულგარელების შემოჭრამ იხსნა. მეფე იოანიცე თავს დაესხა ლათინურ იმპერიას და ამბოხებული ბიზანტიელები ერთსულოვანი აღტაცებით შეეგებნენ მის გამოჩენას. იმპერატორმა ბოდუენმა და დოჟმა დანდოლომ ერთობლივად გაილაშქრეს მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ანდრინოპოლის ხეობაში ლათინთა ლაშქარმა გამანადგურებელი მარცხი იწვნია (1205 წ.), თვით ბოდუენი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ბულგარელთა მბრძანებელი ორი წლის განმავლობაში არბევდა მაკედონიას, უნდოდა სასტიკად ეძია შური იმ უბედურების სანაცვლოდ, რაც მის ხალხს თავს დაატეხა ბასილი მეორემ, და ამ უკანასკნელის მეტსახელის - «ბულგართმჟლეტის» საპირისპიროდ «რომაელთმჟლეტი» («რომაიოქტონოს») დაირქვა. ლათინთა საბედნიეროდ, იოანიცე ღალატით მოკლეს თესალონიკის გარემოცვისას (1207 წ.).
თეოდორე ლასკარისმა დაუყოვნებლივ ისარგებლა მისი სიკვდილით, რათა აღედგინა და განემტკიცებინა თავისი ძალაუფლება. თუმცა ჰენრიხ ფლანდრიელის (1205-1216 წ.), ბოდუენის ძმისა და მემკვიდრის მმართველობისას, ვისი ბადალი მბრძანებელიც საერთოდ არ ღირსებია კონსტანტინოპოლის ლათინურ იმპერიას, კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად წარმოშობილი სახელმწიფო სიცოცხლიუნარიანი უნდა ყოფილიყო. იოანიცეს სიკვდილის შემდეგ ჰენრიხ ფლანდრიელი დაუზავდა ბულგარეთს და, ამრიგად, იმპერიას სერიოზული საფრთხე ააცილა თავიდან. იმპერატორმა რის ვაივაგლახით შესძლო ერთიანობა აღედგინა ლათინებს შორის და თავისი ძალაუფლებისათვის დაემორჩილებინა ყველაზე ძლიერი ვასალები. მან ისიც კი მოახერხა, რომ თავის ბერძენ ქვეშევრდომთა სიმპათია დაემსახურებინა და ამ გზით მოეპოვებინა მათი მორჩილება. იმავდროულად, ტრაპიზონელ კომნინთა მხარდაჭერით, იმპერატორმა მცირე აზიაზე გაილაშქრა. პირველი ექსპედიციის შედეგად მის ხელში აღმოჩნდა ბეთანიის ნაწილი (1206 წ.). 1212 წელს ის კიდევ უფრო ენერგიულად მოქმედებდა. ლუპარკოსთან დაამარცხა თეოდორე ლასკარისი და აიძულა ნიკეის მბრძანებელი, მიზიისა და ბეთანიის ნაწილი დაეთმო მისთვის. მაგრამ ჰენრიხი ძალიან ადრე გარდაიცვალა (1216 წ.), ასე რომ, იმპერიის დაფუძნება ვერ შესძლო. მისი სიკვდილის შემდეგ ბერძნებსა და ბულგარელებს ხელები გაეხსნათ; ჯვაროსნების მიერ დაარსებული სახელმწიფო, თავისი უნიათო მბრძანებლების წინამძღოლობით, უფსკრულისაკენ მიექანებოდა.
ნიკეის ბერძნული იმპერია
თეოდორე ლასკარისი (1206-1222 წ.) თანდათანობით მთელი ბიზანტიური აზიის მფლობელი გახდა. მან ჯერ ტრაპიზონის მბრძანებლები დაამარცხა, რომლებიც შურით უყურებდნენ მის წარმატებებს, შემდეგ კი - თურქ-სელჯუკები (1211 წ.) და ანატოლიის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვა მათ. ჰენრიხ ფლანდრიელის სიკვდილის შემდეგ მან სულის მოთქმაც აღარ აცალა ლათინებს. თეოდორემ (გარდ. 1222 წ.) ტახტი თავის სიძეს იოანე ვატაცეს (1222-1254 წ.) დაუტოვა. ბეთანიის უმნიშვნელო ნაწილის გამოკლებით, რომელსაც ჯერ ისევ ლათინები ფლობდნენ, ახალი იმპერატორის ძალაუფლება მცირე აზიის მთელ დასავლეთ ნაწილზე ვრცელდებოდა, ხოლო მისი საბრძანებლის საზღვრები სანგარიოსისა და მეანდროსის ზემო დინებას უწევდა. ვატაცეს, ნიჭიერ მხედართმთავარსა და მარჯვე ადმინისტრატორს, ამიერიდან უნდა განეგრძო ლასკარისის საქმე და ბერძნული მცირე აზიისათვის უკანასკნელად დაებრუნებინა კეთილდღეობა.
და მაინც, შეიძლებოდა გვეკითხა, ხომ არ დარჩებოდა ნიკეის იმპერიის მომავალი და მისი პატივმოყვარული გეგმები ძველი იმპერიის აზიური პროვინციებით შემოფარგლული? და მართლაც, ეპიროსის დესპოტმა თეოდორე დუკა ანგელოსმა, თავისი ძმის მიხეილის მემკვიდრემ (1214-1230 წ.), მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელო, როგორც ლათინების, ისე ბულგარელების ხარჯზე. მან ვენეციელებს წაართვა დურაცო და კორფუ, აიღო ოქრიდა და პელაგონია, 1222 წელს კი ხელთ იგდო თესალონიკე, რომელსაც ჭაბუკი დიმიტრი, ბონიფაციუს მონფერატელის ძე განაგებდა, და ლათინებისათვის წართმეულ ქალაქში დიდი ზარ-ზეიმით დაიდგა თავზე იმპერატორის გვირგვინი, რასაც აღფრთოვანებით მიესალმნენ ბიზანტიელები, რომლებიც მას ელინიზმის აღმდგენად სახავდნენ. შემდგომ ამისა, ახლად ნაკურთხმა იმპერატორმა, ბულგარელების ხარჯზე, ანდრინოპოლსა, ფილიპოპოლსა და ქრისტოპოლამდე განავრცო თავისი ძალაუფლება. შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ის მალე მოუღებდა ბოლოს ლათინურ იმპერიასაც. 1224 წელს სერესთან გამართულ ბრძოლაში მან დაამარცხა უნიათო მბრძანებელი რობერ დე კურტენე (1221-1228 წ.), რომელიც განაგებდა კონსტანტინოპოლის დაკნინებულსა და დაქუცმაცებულ იმპერიას.
მაგრამ ევროპაში ბიზანტიის იმპერიის წარმატებებს მოულოდნელად დაესვა წერტილი. 1218 წელს ბულგარეთის სამეფო ტახტზე ავიდა ჭკვიანი და ენერგიული მბრძანებელი იოანე ასენი (1218-1241 წ.). იოანიცესი არ იყოს, ისიც ნებაყოფლობით მიემხრო ლათინებს ბერძნების წინააღმდეგ, და 1228 წელს, როცა იმპერატორი რობერ დე კურტენე გარდაიცვალა, იოანემ დააპირა, ბოდუენ მეორის (1228-1261 წ.) მცირეწლოვანებისას, ლათინური იმპერიის რეგენტი გამხდარიყო. ლათინური სამღვდელოების სიბეცისა და სიკერპის გამო მართლმადიდებელ მბრძანებელს მამაცი, მაგრამ პოლიტიკურად უმწიფარი და უნდილი რაინდი ჟან დე ბრიენი (1229-1237 წ.) არჩიეს. ასე გაუშვა იმპერიამ ხელიდან ხსნის უკანასკნელი შანსი. ბულგარელთა შეურაცხყოფილი მბრძანებელი, ნიკეელ ბერძენთა სასიკეთოდ და სასიხარულოდ, ლათინური იმპერიის დაუძინებელ მტრად იქცა. თავდაპირველად მან დიდი სამსახური გაუწია ნიკეელებს: ევროპაში დაამარცხა მათი მეტოქე - თესალონიკის ბერძენი იმპერატორი, ვისი პატივმოყვარული ზრახვებიც ბულგარელთა შეშფოთებას იწვევდა. 1220 წელს კლოკოტნიცასთან დამარცხებული და ტყვედ ჩავარდნილი თეოდორე იძულებული შეიქნა ტახტიდან გადამდგარიყო, ხოლო მის მიერ დაარსებული და აწ უკვე ძალზე დაკნინებული სახელმწიფო (თესალონიკის გარდა ის მოიცავდა მხოლოდ თესალიას) მისი ძმის მანუელის ხელში გადავიდა. ვატაცეს მისი დასავლელი მეტოქე რომ ჩამოაშორა, ასენმა, იმავდროულად, განამტკიცა ნიკეის იმპერატორის ძლიერება და მოკავშირეობაც შესთავაზა მას (1234 წ.). ეს ლათინური იმპერიის დაქცევას მოასწავებდა.
ოცწლიანი მმართველობის მანძილზე ნიკეის იმპერატორმა დიდად განავრცო თავისი საბრძანებელი. 1224 წელს პოიმამენონთან დაამარცხა ლათინები, უკანასკნელი სიმაგრეები წაართვა მათ, რომლებსაც ისინი ანატოლიაში ფლობდნენ და მცირე აზიასთან მდებარე დიდი კუნძულები - სამოსი, ქიოსი, ლესბოსი და კოსი დაიპყრო, როდოსის ბერძენი მმართველი კი ვასალად გაიხადა. შემდეგ ის თრაკიისაკენ დაიძრა თავისი ლაშქრით და სწრაფად აიღო ანდრინოპოლი, სადაც თესალონიკის ბერძენ იმპერატორს შეეჯახა. ბოლოს კი ვენეციელებს შეუტია კრეტაზე. ბულგარელებთან კავშირმა კიდევ უფრო განამტკიცა მისი ძლიერება. 1236 წელს მოკავშირეებმა ძალების ზღვრული დაძაბვით კონსტანტინოპოლის აღება სცადეს; დედაქალაქის დამცველებმა დიდი გაჭირვებით მოიგერიეს მათი შეტევა. დასავლეთში დროულად მიხვდნენ, რომ საჭირო იყო კონსტანტინოპოლის შენარჩუნება: იტალიის ზღვისპირა ქალაქებმა და აქაიის სამთავრომ სასწრაფოდ აფრინეს მაშველი. იმპერიის დედაქალაქი გადარჩა და იოანე ასენის სიკვდილის შემდეგ (1241 წ.) ბერძენ-ბულგართა კავშირის დაშლის წყალობით, სვედავსილმა ლათინურმა სახელმწიფომ ოცდახუთ წელიწადს კიდევ იარსება. ამ მეოთხედი საუკუნის მანძილზე ბოდუენ მეორე ყველას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ ვერავისგან იღებდა მას; ფულის საშოვნელად იძულებული იყო კონსტანტინოპოლის ყველაზე ძვირფასი რელიქვიები გაეყიდა, რომლებიც წმიდა ლუიმ შეიძინა. ბოლოს, მისი გაჭირვება იმ ზომამდის მივიდა, რომ ტყვიის მონეტებს ჭრიდა და ზამთრობით საიმპერატორო სასახლეთა ხის სამკაულებს უკეთებდა ბუხრებს.
ამ ხნის მანძილზე ვატაცემ საბოლოოდ აღადგინა ბიზანტიელთა ერთობა და უცხოელების წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმა ისინი; ანატოლიაში თავიანთი უკანასკნელი სამფლობელოებიდან განდევნა ლათინები; 1224 წელს ცოლად შეირთო იმპერატორ ფრიდრიხ მეორე ჰოჰენშტაუფენის ასული და სიმამრის სახით ძლევამოსილი მოკავშირე ჰპოვა; ლათინთა მფარველი პაპისადმი სიძულვილის გამო იმპერატორმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ბერძნებს მიანება კონსტანტინოპოლი. შემდეგ ვატაცემ ფრანკების მხარდაჭერაზე უარი ათქმევინა იკონიის სულთანს (1244 წ.) და დაუყოვნებლივ ისარგებლა მცირე აზიაში მონღოლების შემოჭრით, რათა თურქების ხარჯზე განევრცო თავისი საბრძანებელი. განსაკუთრებით ენერგიულად მოქმედებდა ის ევროპაში. ეპიროსის სადესპოტოში სრული ანარქია სუფევდა. ვატაცემ თავის სასარგებლოდ გამოიყენა ეს გარემოება, აიძულა იოანე ანგელოსი, თეოდორეს ძე, უარი ეთქვა იმპერატორის ტიტულზე და ნიკეის ვასალად ეღიარებინა თავი (1242 წ.). ოთხი წლის შემდეგ (1246 წ.) ის თესალონიკესაც დაეუფლა და დესპოტი დიმიტრი განდევნა იქიდან. მერე ბულგარელებს გამოსტაცა მაკედონიის დიდი ნაწილი, სერე, მელნიკი და სტენიმაქო, ლათინებს კი - ვიზია და ცურულონი (1247 წ.). და ბოლოს, იარაღის ძალით თავისი სუვერენიტეტი თავს მოახვია უკანასკნელ ბერძენ მბრძანებელს, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, - ეპიროსის დესპოტს მიხეილ მეორეს (1254 წ.). ამ უკანასკნელი ლაშქრობიდან მობრუნებული ვატაცე გარდაიცვალა. ნიკეის ბერძნული იმპერია, მდიდარი, ლაღი, ძლევამოსილი, ყოველი მხრიდან გარს ერტყა ლათინური იმპერიის უბადრუკ ნაშთს. ახლა კონსტანტინოპოლის აღებაღა იყო საჭირო.
კონსტანტინოპოლის დაბრუნება ბერძნების მიერ
თავისი ხანმოკლე მმართველობის მანძილზე თეოდორე მეორე ლასკარისი (1254-1258 წ.) მამამისის პოლიტიკას აგრძელებდა. რუპელის გასასვლელში მან გამანადგურებელი დარტყმა აგემა ბულგარელებს (1255 წ.), რომლებსაც სურდათ რევანში აეღოთ ვატაცესთან დამარცხების სანაცვლოდ, და აიძულა ისინი, ზავს დასთანხმებოდნენ (1256 წ.). მართალია, თეოდორე ძალიან ადრე გარდაიცვალა და ვერ მოასწრო ეპიროსის ვერაგი და პატივმოყვარე დესპოტის მიხეილ მეორის ამბოხება ჩაეხშო, სამაგიეროდ მისმა შემცვლელმა ნიკეის ბერძნული იმპერიის ტახტზე მიხეილ პალეოლოგმა (1258-1261 წ.) თავისი უზურპაცია და ტახტზე ასვლისას ჩადენილი ბოროტება, რისი წყალობითაც დაამხო კანონიერი დინასტია და ხელთ იგდო ძალაუფლება, - თავისი გამარჯვებებით გამოისყიდა. ეპიროსის დესპოტმა მიხეილ მეორემ კავშირი შეჰკრა მანფრედთან, სიცილიის მეფესთან, და აქაიის მთავართან გიიომ დე ვილარდუენთან, შემდეგ ალბანელები და სერბიელებიც მიიმხრო და თესალონიკეს დაემუქრა. მაშინ პალეოლოგი შეტევაზე გადავიდა; იერიშით აიღო მაკედონია, ალბანეთში შეიჭრა და დესპოტსა და მის მოკავშირეებს პელაგონიის ხეობაში სასტიკი მარცხი აგემა (1259 წ.). ამრიგად, ნიკეის იმპერიის წარმატებებმა განაპირობა ეპიროსის სადესპოტოს განადგურება. რამდენიმე ხნის შემდეგ პალეოლოგმა კონსტანტინოპოლის აღებით დაასრულა თავისი საქმე.
1261 წელს მან ჰელესპონტი გადასერა და ქალაქგარეთ მდებარე სამფლობელოები წაართვა ლათინებს. ვენეციელების წინააღმდეგ, რომლებიც გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ აუცილებელი იყო კონსტანტინოპოლის დაცვა, იმპერატორმა მოხერხებულად მიიმხრო მათი მოქიშპე გენუელები, რომლებსაც ნიმფეონში დადებული ხელშეკრულებით (1261 წ.) ისეთივე პრივილეგიები აღუთქვა აღმოსავლეთში, როგორითაც მათი მეტოქეები სარგებლობდნენ. ამის შემდეგ საკმარისი იყო ხელსაყრელ შემთხვევას დალოდებოდნენ, რომ დედაქალაქი ბიზანტიელების ხელში გადასულიყო. 1261 წლის 25 მაისს პალეოლოგის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა ისარგებლა იმით, რომ ვენეციელების ფლოტმა დროებით დატოვა «ოქროს რქა» და გააფთრებული იერიშით აიღო ქალაქი. ბოდუენ მეორემ გაქცევით უშველა თავს; მას თან მიჰყვნენ ლათინთა პატრიარქი და ვენეციელი კოლონისტები. 1261 წლის 15 აგვისტოს მიხეილ პალეოლოგი დიდი ზარ-ზეიმით შევიდა კონსტანტინოპოლში და წმიდა სოფიოს ტაძარში იმპერატორის გვირგვინი დაიდგა თავს. შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ბიზანტიის იმპერია კვლავ აღსდგა პალეოლოგთა ნაციონალური დინასტიის მეთაურობით, რომელსაც თითქმის ორი საუკუნის მანძილზე უნდა ემართა სახელმწიფო.
აქაიის სამთავრო
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად წარმოშობილ სხვა ლათინურ სახელმწიფოებს კონსტანტინოპოლის იმპერიასთან ერთად როდი შეუწყვეტიათ არსებობა. ვენეციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელმაც საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნა თავისი კოლონიური იმპერია და მისი მოქალაქეების მიერ კუნძულებზე დაარსებული სენიორიები, ათენის საჰერცოგომ, დელაროშთა საგვარეულოს მეთაურობით 1311 წლამდე იარსება, და თუმცა კეფისთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ კატალონელების (1311-1333 წ.), მათ მერე კი ფლორენციელი ჰერცოგების - აჩაიოლების ხელში გადავიდა (1333-1456 წ.), - ის მაინც აღარასოდეს დაქვემდებარებია ბიზანტიას. აქაიის სამთავრომ სამი ვილარდუენის - დინასტიის დამაარსებლის ჟოფრუა პირველისა და მისი ვაჟების - ჟოფრუა მეორისა და გიიომის (1209-1278 წ.) თაოსნობით, ამ დროისათვის კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მიაღწია. პირწმინდად ფეოდალური ორგანიზაციისა და ფრანგი ჯვაროსნების მიერ დაარსებული თორმეტი დიდი საბარონოს მიუხედავად, აქაიის სამთავრო მთელი მეცამეტე საუკუნის განმავლობაში ლათინური აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო, თავისი მტკიცე ფინანსური მდგომარეობით, «მთელს ევროპაში საუკეთესოდ მიჩნეული მხედრობით», სრული სიმშვიდითა და ბერძენ ქვეშევრდომებთან შესაშური თანხმობით თუ ერთსულოვნებით. ანდრავიდის სასახლე, ერთი ქრონისტის სიტყვით, «თვით უდიდეს მეფეთა სასახლეებზედაც უმდიდრესი და უბრწყინვალესი იყო». სამთავროს ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავდა ფრანგული კულტურის გავლენა: «ფრანგულად აქ ისევე კარგად ლაპარაკობდნენ, როგორც პარიზში». დიდად საინტერესო წიგნში «მორეის ქრონიკა» უჩვეულო ცხოველმყოფელობითაა დახატული ეს პირწმინდად რაინდული და ფრანგული საზოგადოება. მთელს პელოპონესში, აკროკორინთოსა თუ კლემუციში, კარიტენესა თუ მისტრაში, კალამატასა თუ მაინაში დღესაც შეხვდებით ფრანგი ფეოდალების მიერ ოდესღაც აგებულ ციხე-სიმაგრეთა დიდებულ ნანგრევებს. ეჭვს გარეშეა, რომ ზეგავლენა, რასაც შორეული საფრანგეთი ახდენდა იარაღით დაპყრობილსა და ესოდენ სწრაფად ასიმილირებულ ამ ბერძნულ ქვეყანაში, ბიზანტიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენად რჩება.
პელაგონიასთან დამარცხებას, სადაც გიიომ დე ვილარდუენი ტყვედ ჩაუვარდა მიხეილ პალეოლოგს, აქაიის სამთავროსათვის სავალალო შედეგი მოჰყვა. თავისუფლება რომ დაებრუნებინა, ფრანგი მბრძანებელი იძულებული შეიქნა 1262 წლის ხელშეკრულებით ბერძნებისათვის დაეთმო მონემვასია, მაინა და მისტრა. ამრიგად, ბიზანტიელებმა ხელახლა დაადგეს ფეხი პელოპონესის მიწას. ვილარდუენის სიკვდილის შემდეგ (1278 წ.), ქალებისა და უცხოელების - ანჟუელი თუ ნავარელი მბრძანებლების მმართველობისას, ბიზანტიელებმა, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, სწრაფად მოიკიდეს ფეხი აქაიაში, სადაც მეთოთხმეტე საუკუნეში მორეის სადესპოტო - იმპერიის დაცემის ხანაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახელმწიფო დააარსეს. და მაინც, აღმოსავლეთში მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად წარმოქმნილი მრავალი ლათინური დასახლება რჩებოდა. კონსტანტინოპოლის დაბრუნებისა და ეპიროსსა თუ აქაიაში მიხეილ პალეოლოგის წარმატებების მიუხედავად, ეს გარემოება პალეოლოგთა მიერ აღდგენილი იმპერიის მუდმივი ზრუნვის საგანი და მისი აშკარა სისუსტის ერთ-ერთი მიზეზი იყო.
თავი მერვე
ბიზანტიის იმპერია პალეოლოგების დროს
(1261-1453)
პირვლი. ბიზანტიის იმპერიის მდგომარეობა 1261 წელს. - მეორე. მიხეილ მერვე პალეოლოგის მმართველობა (1261-1282 წ.). - მესამე. ბიზანტიის იმპერია უკანასკნელი პალეოლოგების დროს (1282-1453 წ.). - მეოთხე. ბიზანტიური კულტურა პალეოლოგთა ეპოქაში.
ბიზანტიის იმპერიის მდგომარეობა 1261 წელს
პალეოლოგთა ახალი დინასტიის მიერ აღდგენილი იმპერია სრულიად არ ჰგავდა იმ მონარქიას, რომელსაც ადრე განაგებდნენ კომნინები. აზიაში ტრაპიზონის იმპერია შავი ზღვის პირას მდებარე პროვინციების უდიდეს ნაწილს ფლობდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომელიც სულ უფრო მეტად მიელტვოდა განცალკევებას და მეთოთხმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე ბიზანტიის იმპერიის პარალელურად არსებობდა. ევროპაში ეპიროსის სადესპოტო ალბანეთის სამხრეთსა და ეტოლიის გარკვეულ ნაწილს მოიცავდა. ნეოპატრასის საჰერცოგოს, ანუ დიდი ვალახიის შემადგენლობაში შედიოდა თესალია, ლოკრიდა და ფთიოტიდა. ამ ბერძნული სახელმწიფოების გარდა ცენტრალურ საბერძნეთში არსებობდა ათენის ლათინური საჰერცოგო, ხოლო პელოპონესში - მორეის ლათინური სამთავრო. ვენეციელები კვლავინდებურად ფლობდნენ არქიპელაგის კუნძულების უმეტეს ნაწილს. გენუელების ხელში იყო ქიოსი და ანატოლიის სანაპიროსა თუ შავი ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი კოლონიები. ბიზანტიის აღდგენილი იმპერია მხოლოდ ტერიტორიების სამ ჯგუფსა ფლობდა: აზიაში - ყოფილი ნიკეის იმპერიის სამფლობელოებს; ევროპაში - კონსტანტინოპოლს, თრაკიასა და მაკედონიის ნაწილთან ერთად, რომლის მთავარი ქალაქი იყო თესალონიკე; და ბოლოს, რამდენიმე კუნძულს - როდოსს, ლესბოსს, სამოთრაკიასა და იმბროსს. ტერიტორიულად დაკნინებული და სამხედრო თუ ფინანსიური თვალსაზრისით დაუძლურებული იმპერიის გვერდით კი მხრებს შლიდნენ ძლევამოსილი და თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული ახალგაზრდა სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობდნენ ბიზანტიისათვის წაერთმიათ მისი ოდინდელი ჰეგემონია. მეცამეტე სუკუნეში ამნაირი სახელმწიფო იყო ბულგარეთის მეორე იმპერია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მეთოთხმეტე საუკუნეში კი სტეფან დუშანის დიდი სერბია. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, ეს ითქმის აზიელ თურქებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო მრისხანედ ემუქრებოდნენ იმპერიას. წავიდა ის დრო, როცა კონსტანტინოპოლი აღმოსავლური სამყაროსა და აღმოსავლური კულტურის ცენტრი იყო.
მიხეილ მერვე პალეოლოგის მმართველობა (1261-1282 წ.)
ბიზანტიის იმპერიის ოდინდელი მთლიანობისა და სიდიადის აღდგენა მხოლოდ სასწაულს შეეძლო. მიხეილ მერვემ (1261-1282 წ.) სცადა ამ სასწაულის მოხდენა, და თუმცა ვერ მოახერხა მთლიანად განეხორციელებინა სინამდვილეში თავისი გრანდიოზული გეგმები, პრაქტიკული ნიჭისა და გამჭრიახობის წყალობით ის მაინც შეიძლება ბიზანტიის უკანასკნელ დიდ იმპერატორად იქნეს მიჩნეული.
მიხეილ მერვის ტახტზე ასვლისთანავე ცხადი შეიქნა მისი განზრახვა: როგორც ბერძნების, ისე ლათინებისთვისაც გამოეგლიჯა ყველა პროვინცია, რომლებიც მათ იმპერიას წაართვეს. ის შეიჭრა ფრანკულ მორეაში (1261 წლის დამლევს); იანინა წარსტაცა ეპიროსს (1265 წ.), მაკედონიის ნაწილი - ბულგარეთს (1264 წ.) და არქიპელაგის კუნძულების უმეტესობა - ვენეციელებს; იმპერატორმა ლაგამი ამოსდო გენუელთა თავგასულობას, და ბოლოს, ბიზანტიის პატრიარქის ძალაუფლება აღადგინა ბულგარეთისა და სერბიის ეკლესიებში. მაგრამ სულ მალე ის მტრულად განწყობილ დასავლეთს შეეჯახა. და მართლაც, არც პაპსა და არც ვენეციელებს არასოდეს აუღიათ ხელი ლათინური იმპერიის აღდგენაზე; ორივე სიცილიის ახალ მბრძანებელს შარლ ანჟუელს, ვიტერბოში 1267 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, - იმპერატორ ბოდუენ მეორის უფლებათა მემკვიდრეს და ვილარდუენის ასულზე თავისი ვაჟის ქორწინების წყალობით - აქაიის სამთავროს სუზერენს, კიდევ უფრო პატივმოყვარული გეგმები ჰქონდა აღმოსავლეთის მიმართ. მან დაიპყრო კორფუ (1267 წ.), ხელთ იგდო დურაცო და ეპიროსის სანაპირო (1272 წ.), ალბანეთის მეფის ტიტული მიიღო და კავშირი შეჰკრა იმპერიის ყველა მტერთან - ბულგარელებთან, სერბიელებთან და დიდი ვალახიის მთავართან.
ამ კრიტიკულ მომენტში მხოლოდ მიხეილ პალეოლოგის განსაცვიფრებელმა სიმარჯვემ და გამჭრიახობამ შეუშალა ხელი იმას, რომ მთელი დასავლეთი გაერთიანებულიყო ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმპერატორმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა ის გარემოება, რომ პაპი შეშფოთებული იყო შარლ ანჟუელის გაძლიერებით, დააიმედა იგი, რომ შესაძლებელი იყო რომაელ მღვდელმთავართა სანუკვარი ოცნების განხორციელება, ესე იგი, ბერძნულ ეკლესიაზე რომის ძალაუფლების გავრცელება, და ლიონის საეკლესიო კრებაზე (1274 წ.) გრიგორლ მეათესთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, აღმოსავლური ეკლესია კვლავ დაექვემდებარა პაპს. ამის სანაცვლოდ მიხეილ მერვეს აღუთქვეს, რომ არავინ შეეცილებოდა კონსტანტინოპოლს, ხოლო აღმოსავლეთში თავისუფალი მოქმედების საშუალებას და ლათინთა წინააღმდეგ ბრძოლის ნებასაც კი მისცემდნენ. და მართლაც, 1274 წელს იმპერატორმა ეპიროსში შეუტია ანჟუელთა დინასტიის ლაშქარს, შემდეგ თესალიაში შეიჭრა, სადაც ალყა შემოარტყა ნეოპატრასს (1275 წ.), ევბეაზე დაამარცხა ვენეციელები და აქაიაში გადაიტანა საომარი მოქმედება, სადაც გიიომ ვილარდუენის სიკვდილმა (1278 წ.) საგრძნობლად დაასუსტა ფრანკთა სამთავრო.
საუბედუროდ, ბიზანტიისა და რომის გამუდმებულმა მტრობამ წერტილი დაუსვა მის ქმედითობას. მიხეილ მერვემ ბიზანტიის სამღვდელოებას ძალით მოახვია თავზე რომთან კავშირი და პატრიარქ იოანე ბეკოსთან ერთად ძალითვე სურდა მისი რეალიზება (1275 წ.). მაგრამ იმპერატორის ძალისხმევას შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში განხეთქილებამ იჩინა თავი, ხოლო ორი სამყაროს ანტაგონიზმი, რომლის შერბილების იმედიც ჰქონდა, კიდევ უფრო მწვავე და საშიში გახდა.
მეორეს მხრივ, შარლ ანჟუელს, რომელიც ძალზე უკმაყოფილო იყო მოვლენების ამნაირი განვითარებით, იარაღი არ დაუყრია. მან გარდაქმნა ეპიროსში თავისი მმართველობის ფორმა (1278 წ.), ხელახლა მიიმხრო პაპი (1281 წ.) და ლათინური იმპერიის აღდგენის მიზნით რომსა და ვენეციასთან ერთად დააარსა ლიგა, რომელსაც მიხეილ მერვესადმი სიძულვილის გამო სერბიელები, ბულგარელები და, ასე განსაჯეთ, თვით თესალიელი და ეპიროსელი ბერძნებიც კი მიემხრნენ. ბიზანტიის იმპერია მტრებით იყო გარშემორტყმული. მიხეილ მერვემ ბერატთან დაამარცხა შარლ ანჟუელის ლაშქარი და მისი თავგასულობის ასალაგმავად 1282 წლის მარტში მოიწვია ე.წ. «სიცილიური სერობა». ამრიგად, იმპერატორმა იმძლავრა დასავლეთზე. მაგრამ გადაჭარბებულ ყურადღებას რომ უთმობდა ლათინებს, ის მიუტევებელ დაუდევრობას იჩენდა თურქული საფრთხის მიმართ, სულ უფრო და უფრო მრისხანე რომ ხდებოდა მცირე აზიაში, ხოლო ევროპაში - ასევე საშიში განსაცდელისადმი, რასაც სერბიელები უმზადებდნენ ბიზანტიას. რელიგიური მღელვარება, რამაც თავი იჩინა იმპერიაში, მისი სისუსტის კიდევ ერთი მიზეზი გახლდათ. მიხეილ მერვის მმართველობა, ერთის შეხედვით, იმპერიის აღორძინების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას სწრაფი და გარდუვალი დეკადანსი მოჰყვა.
ბიზანტიის იმპერია უკანასკნელი პალეოლოგების დროს
(1282-1453 წ.)
ამ დეკადანსს ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ მიხეილ მერვის მემკვიდრეთა მმართველობისას: ესენი არიან მიხეილის ვაჟი ანდრონიკე მეორე (1282-1328 წ.), განათლებული, მჭევრმეტყველი, მწერლობის მფარველი და დიდი ღვთისმოსავი, მაგრამ პოლიტიკურად ბეცი და სახელმწიფო საქმეებში სრულიად გამოუცდელი მბრძანებელი, მიხეილის შვილიშვილი ანდრონიკე მესამე (1328-1341 წ.), ჭკვიანი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, ქარაფშუტა და განცხრომის დიდი ტრფიალი; იგივე დეკადანსი გრძელდება იოანე მეხუთის (1341-1391 წ.) ხანგრძლივი მმართველობის მანძილზეც, მიუხედავად ისეთი შესანიშნავი მბრძანებლის ენერგიული პოლიტიკისა, როგორიც გამოდგა იოანე მეექვსე კანტაკუზენი (1341-1355 წ.), და მისი მომდევნო იმპერატორის - იოანე მეხუთის ვაჟის მანუელ მეორის (1391-1425 წ.) ეჭვშეუვალი ღირსებებისა; ამ უკანასკნელზე სავსებით სამართლიანად ამბობდნენ, რომ «უკეთეს ხანაში ის ალბათ გადაარჩენდა იმპერიას, მისი გადარჩენა შესაძლებელი რომ ყოფილიყო». მაგრამ იმპერიის ხსნა აღარ შეიძლებოდა. იოანე მერვემ (1425-1448 წ.) და კონსტანტინე დრაგასემ (1448-1453 წ.) ვერც იმპერიის დაცემა შეაჩერეს და ვერც მისი დაღუპვა აიცილეს თავიდან. ამ უკანასკნელმა მხოლოდ ის შესძლო, რომ გმირულად დაცემულიყო თავისი სატახტო ქალაქის გალავანთან, რომელიც უსჯულოებმა იერიშით აიღეს. იმპერია ვერც იმან გადაარჩინა, რომ უკანასკნელი საუკუნენახევრის განმავლობაში მის საჭესთან რამდენიმე ღირსეული იმპერატორი იდგა: მოვლენები გაცილებით უფრო მძლავრი იყო, ვიდრე მათი ნება. აღარაფერს შეეძლო იმპერიის დაღუპვის შინაგან თუ გარეგან მიზეზთა გაქარწყლება.
დაცემის შინაგანი მიზეზები. სამოქალაქო ომები. - გარეშე საფრთხის წინაშე, რომელიც იმპერიას ემუქრებოდა, აუცილებელი იყო, რომ მას შეენარჩუნებინა ერთიანობა, სიმშვიდე და ძლიერება. პალეოლოგების ეპოქა კი, პირიქით, ამბოხებებითა და შინააშლილობებით იყო სავსე. ანდრონიკე მეორეს აეშალა მისი შვილიშვილი, მომავალი ანდრონიკე მესამე, რომელსაც მხცოვანი იმპერატორი ტახტის მემკვიდრის კანონიერი უფლებების წართმევას უპირებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ( 1321-1328 წ.) ომმა, რომელსაც დროდადრო დაზავება წყვეტდა, მთლიანად გააპარტახა იმპერია და ბოლოს იმით დამთავრდა, რომ ამბოხებულებმა ხელთ იგდეს კონსტანტინოპოლი და ანდრონიკე მეორე ტახტიდან ჩამოაგდეს. ანა სავოიელის რეგენტობისა და იოანე მეხუთის მცირეწლოვანებისას, იოანე კანტაკუზენმა იმპერატორად გამოაცხადა თავი (1341 წ.), და ექვსი წლის განმავლობაში (1341-1347 წ.) მთელი ბიზანტია ორად გაიყო: არისტოკრატია უზურპატორს უჭერდა მხარს, ხალხი კი - კანონიერ დინასტიას, ვიდრე დედაქალაქი, გამცემლობის წყალობით, ერთ მშვენიერ დღეს ტახტის მაძიებლის ხელში არ აღმოჩნდა. იოანე კანტაკუზენის მთელი მმართველობის მანძილზე (1347-1355 წ.) იოანე მეხუთე პალეოლოგის ინტრიგები, ვისაც ახალმა იმპერატორმა თანამოსაყდრის უფლებები შეუნარჩუნა, გამუდმებით ამღვრევდა და ამტუტებდა მონარქიას, სანამ ახალი ამბოხება არ გამოიწვია, რის შედეგადაც იოანე კანტაკუზენი დამხობილ იქნა. შემდგომ ამისა, იოანე მეხუთეს აეშალნენ მისი შვილი ანდრონიკე (1376 წ.) და შვილიშვილი იოანე (1391 წ.), რომლებმაც ერთხანს ტახტიც კი დაატოვებინეს მხცოვან იმპერატორს. ძალზე საგულისხმოა ის გარემოება, რომ მთელი ამ ბრძოლის მანძილზე მეტოქენი სინიდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე დასახმარებლად უხმობდნენ იმპერიის მტრებს - ბულგარელებს, სერბიელებსა თუ თურქებს, რომლებსაც მხარდაჭერისათვის არა მარტო უხვად უხდიდნენ ფულს, არამედ მიწა-წყალსაც კი ურიგებდნენ და, ამრიგად, კარს უღებდნენ იმათ, ვისაც იმპერიის დანგრევა ოცნებად ჰქონდათ ქცეული. ყოველგვარი პატრიოტული გრძნობა და თვით ყოველგვარი წარმოდგენა პოლიტიკურ ამოცანებსა თუ ინტერესებზე უკვალოდ გაქრა პატივმოყვარულ ზრახვათა ამ გაშმაგებულ ჭიდილში.
სოციალური და რელიგიური განხეთქილებანი. - სოციალური და რელიგიური ანტაგონიზმი კიდევ უფრო ამწვავებდა სამოქალაქო უწესრიგობით გამოწვეულ უბედურებას. მეთხუთმეტე საუკუნის შუა წლებში იმპერიას სოციალური რევოლუციების გრიგალმა გადაუქროლა: დაბალი კლასები აღდგნენ გვაროვნული და ქონებრივი არისტოკრატიის წინააღმდეგ. შვიდი წლის მანძილზე (1342-1349 წ.) ზელოტების მოძრაობა გამუდმებულ ამბოხებებს, სისხლისღვრასა და ხოცვა-ჟლეტას იწვევდა თესალონიკეში, თავის მნიშვნელობით იმპერიის მეორე ქალაქში, რომელიც სრულიად დამოუკიდებელ რესპუბლიკად იქცა და მისი გახმაურებული ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდია მეთოთხმეტე საუკუნის იმპერიის ცხოვრებაში. იოანე კანტაკუზენმა რის ვაივაგლახით შესძლო წესრიგი და მშვიდობიანობა აღედგინა მის წინააღმდეგ ამბოხებულ ქალაქში.
რელიგიურმა ბრძოლამ, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, ბიზანტიელებსა და ლათინებს შორის საუკუნოვანი მტრობით იყო გამოწვეული, კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა. მიხეილ მერვე, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გონივრულ ნაბიჯად თვლიდა რომთან დაახლოებას და საეკლესიო ერთიანობის აღდგენას. მაგრამ ამან ისეთი საშინელი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ მიხეილის მემკვიდრის ანდრონიკე მეორის უპირველესი ამოცანა შეიქნა პაპთან დადებულ ხელშეკრულებაზე უარი ეთქვა, რათა ამ გზით მაინც შემოერიგებინა მართლმადიდებლური სამღვდელოება. რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ანტაგონიზმი ბერძნებსა და ლათინებს შორის, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა თვით იმპერიის შიგნითაც - საეკლესიო ერთიანობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა კონფლიქტში. მძაფრი პოლემიკა კიდევ უფრო აღვივებდა ამ შუღლს და ლათინური იდეებისადმი ყოველგვარი სიმპათიის გამოვლენას სამშობლოს ღალატის სახელს არქმევდა. ამნაირ ვითარებაში ნებისმიერი საბაბიც კი საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ბერძნული ნაციონალიზმი დასავლეთის წინააღმდეგ აღეძრა. სწორედ ამან დაუდო დასაბამი ერთის შეხედვით პირწმინდად თეოლოგიურ მიმდინარეობას, რომელიც ჰესიხასტების მოძრაობის სახელითაა ცნობილი და რომელიც ათი წლის მანძილზე (1341-1351 წ.) აშფოთებდა და თიშავდა მთელ იმპერიას. ამ მოძრაობაში, რომელიც სხვა არა იყო რა, თუ არა რამდენიმე ათონელი ბერის უცნაურ ზმანებათა ნაყოფი, არსებითად, ერთმანეთს დაუპირისპირდა ბერძნული სული და ლათინური სული: აღმოსავლური მისტიციზმი, რომელსაც განასახიერებდნენ ჰესიხასტები და მათი დამცველი გრიგოლ პალამა, და ლათინური რაციონალიზმი, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ვინმე ვარლაამი და აკინდინოსი, თომა აქვინელის თხზულებებზე აღზრდილნი და სქოლასტიკურ დიალექტიკაში გაწაფულნი. მას შემდეგ, რაც იოანე კანტაკუზენმა ათონელთა მხარე დაიჭირა, ხოლო ანა სავოიელმა - ვარლაამისა, ბრძოლამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო.
ასეთი იყო საქმის ვითარება, როცა იოანე მეხუთე (1369 წ.) და უფრო გვიან მანუელ მეორე (1471 წ.) პოლიტიკური მოსაზრებებით იძულებულნი შეიქნენ რომთან მოლაპარაკება განეახლებინათ, ხოლო სასოწარკვეთილმა იოანე მერვემ თურქული საფრთხის თავიდან ასაცილებლად კიდევ უფრო თამამი ნაბიჯი გადადგა: იმპერატორი თვითონ ჩავიდა იტალიაში (1437 წ.) და ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ევგენი მეოთხესთან ერთად ხელი მოაწერა უნიას, რომელიც ბოლოს უღებდა ეკლესიების გათიშვას (1439 წ.). მიხეილ მერვისა არ იყოს, ისიც მართლმადიდებლური სამღვდელოებისა და ხალხის გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ლათინები, ყოველგვარი აღთქმისა თუ დაპირების მიუხედავად, მხოლოდ ერთ მიზანს მიელტვოდნენ: «მოესპოთ ბერძნების ქალაქი, მათი ჯიში, სახელი და სახსენებელი». იოანე მერვე და მისი მემკვიდრე კონსტანტინე მეცხრე ამაოდ ცდილობდნენ, იმპერიისათვის ძალით მოეხვიათ თავზე უნია. აღშფოთებული ხალხი თვით წმიდა სოფიოს ტაძრის თაღებქვეშაც კი ბობოქრობდა. მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლის დაღუპვა კარზე იყო მომდგარი, ქალაქის ქუჩებში არ ცხრებოდა გააფთრებული დავა უნიის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებდა, «გვირჩევნია თურქული ჩალმა ბატონობდეს ბიზანტიაში, ვიდრე პაპის მიტრაო».
ფინანსური და სამხედრო კრიზისი. - ყოველივე ამას ზედ ერთვოდა ფინანსების სავალალო მდგომარეობა. სახაზინო ტირანიის მიუხედავად, ომებით გაჩანაგებულ ქვეყანაში საადგილმამულო გადასახადი ბევრს ვერაფერს ჰმატებდა ხაზინას. მას შემდეგ, რაც იმპერიის ვაჭრობა ვენეციელებმა და გენუელებმა ჩაიგდეს ხელში, საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სულ უფრო და უფრო სწრაფად მცირდებოდა. მთავრობა იძულებული იყო ყალბი მონეტები მოეჭრა, იმპერატორი ფულს სესხულობდა და გვირგვინის პატიოსან თვლებს აგირავებდა. ყოველგვარი სახსარი ამოიწურა, ხაზინა ცარიელი იყო. კატასტროფულად ქვეითდებოდა ქვეყნის სამხედრო ძლიერება: მცირერიცხოვან, დეზორგანიზებულ, ურჩსა და უმართავ არმიას სულ უფრო ნაკლებად შესწევდა იმისი ძალი, რომ ქვეყანა დაეცვა. ბიზანტიის მიერ დაქირავებული ჯარისკაცები აჯანყებებს აწყობდნენ მის წინააღმდეგ. ანდრონიკე მეორის მმართველობისას, კატალონიელთა «დიდმა კომპანიამ» აიღო გალიპოლი, ორი წლის მანძილზე (1305-1307 წ.) ბლოკადაში მოაქცია კონსტანტინოპოლი და ძლევით დალაშქრა მაკედონია და საბერძნეთი (1307-1311 წ.). მეთოთხმეტე საუკუნის შუა წლებში სერბიელმა და თურქმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უწყალოდ გაძარცვეს და დაარბიეს იმპერია. მდგომარეობა არც ზღვაზე იყო უკეთ. მიხეილ მერვემ სცადა ბიზანტიის ფლოტის აღდგენა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს ეს ხარჯები და აღმოსავლეთის ზღვებზე ბატონობა იტალიის რესპუბლიკათა ესკადრებს გადაულოცეს. იმპერია, რომელსაც აღარ შეეძლო წინ აღდგომოდა საფრთხეს, გარედან რომ ემუქრებოდა მის არსებობას, თავის აღსასრულს უახლოვდებოდა.
დაცემის საგარეო პოლიტიკური მიზეზები. ბულგარელები და სერბიელები. - იოანე ასენის სიკვდილის შემდეგ (1241 წ.) ვალახო-ბულგარეთის იმპერია, რომელიც ასე საშიში იყო მეთორმეტე საუკუნის ბიზანტიისათვის, საგრძნობლად დაასუსტა გამუდმებულმა შინააშლილობებმა. სასტიკმა მარცხმა, სერბიელებმა ველბუჯთან რომ მიაყენეს ბულგარეთის მეფეს მიხეილს (1330 წ.), საბოლოოდ გამოუთხარა ძირი მის ძლიერებას. მიუხედავად ამისა, ბულგარელები იმპერიისათვის მაინც საშიში მეზობლები იყვნენ: ისინი გამუდმებით ერეოდნენ იმპერიის საქმეებში და დიდ სარგებელსაც იღებდნენ იმის წყალობით, რომ ხან ანდრონიკე მეორეს უჭერდნენ მხარს, ხან - ანა სავოიელს, რის სანაცვლოდაც მიწა-წყალს მოითხოვდნენ ბიზანტიისგან. მაგრამ იმპერიისათვის განსაკუთრებით მრისხანე მოწინააღმდეგენი გამოდგნენ სერბიელები. სტეფანე ნემანიას მემკვიდრეების - უროშ პირველის (1243-1276 წ.), დრაგუტინის (1276-1282 წ.) და მილუტინის (1282-1321 წ.) მმართველობისას სერბიამ ისეთნაირად გააფართოვა თავისი ტერიტორია ბულგარეთისა და ბიზანტიის ხარჯზე, რომ ბალკანეთის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. უროშ პირველმა დაიპყრო ვარდარის ზემო ხეობა (1272 წ.); მილუტინმა ეპიროსელთა და ანჟუელთა მხარდაჭერით აიღო უსკუბი (1282 წ.), სერეს ოლქი და ქრისტოპოლი, რამაც არქიპელაგისაკენ გაუხსნა გზა (1283 წ.); შემდეგ ოქრიდას, პრესპასა და მთელ დასავლეთ მაკედონიას შეუტია, ჩრდილო ალბანეთში შეიჭრა (1296 წ.) და აიძულა ანდრონიკე მეორე, ეღიარებინა მისი დამპყრობლური ომების ყველა შედეგი (1298 წ.). ბულგარელებისა არ იყოს, სერბიელებიც გამუდმებით ერეოდნენ ბიზანტიის საშინაო საქმეებში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა შინააშლილობებს.
სტეფანე დუშანის (1331-1355 წ.) ტახტზე ასვლისას სერბია, ერთის მხრივ, სავიდან და დუნაიდან სტრუმიცასა და პრილეპამდე, ხოლო მეორეს მხრივ, ბოსნიიდან რილოდაგსა და სტრუმამდე იყო გადაჭიმული; აი, ამ საზღვრებს შორის იყო მოქცეული იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე. მაგრამ დუშანს ესეც ეცოტავებოდა: მას სურდა თავისი ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული და კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორის გვირგვინი დაედგა თავზე. ეს იყო მოქნილი დიპლომატი, დიდი მხედართმთავარი, ჭკვიანი, გამჭრიახი, მტკიცე ნებისყოფის პატრონი და შეუპოვარი კაცი. თავდაპირველად მან დასავლეთ მაკედონია დაიპყრო (1334 წ.); შემდეგ ანჟუელებს წაართვა ალბანეთი დურაცოსა და ვალონამდე, ხოლო ბერძნებს - ეპიროსი იანინამდე (1340 წ.); ბოლოს კი მაკედონიაში განაგრძო შეტევა, სადაც ბიზანტიელებმა მხოლოდ თესალონიკე და ქალკიდიკა შეინარჩუნეს, და სერბიის საზღვარმა აღმოსავლეთით მარიცამდე გადაინაცვლა (1345 წ.). 1346 წელს უსკუბის კათედრალურ ტაძარში დუშანი დიდი ზარ-ზეიმით ეკურთხა «სერბიელებისა და რომაელების იმპერატორად და ავტოკრატორად». ამიერიდან სერბიის იმპერია დუნაიდან ეგეოსის ზღვასა და ადრიატიკამდე იყო გადაჭიმული. მის სტრუქტურას, დუშანის ნება-სურვილით, ბიზანტიური მოდელი ედო საფუძვლად. იმპერატორმა კანონთა კოდექსი უბოძა თავის ქვეყანას (1349 წ.) და იპეკში კონსტანტინოპოლისაგან დამოუკიდებელი საპატრიარქო დააარსა. მას შემდეგ, რაც ბერძნებს სძლია (1351 წელს გარს ადგა თესალონიკეს) და ანჟუელები, შემდეგ კი ბოსნიისა და უნგრეთის მეფეებიც დაამარცხა, დუშანი ყველაზე ძლევამოსილი მბრძანებელი გახდა მთელ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, და პაპმა «თურქების წინააღმდეგ ბრძოლის ბელადად» გამოაცხადა იგი. დუშანს ისღა დარჩენოდა, კონსტანტინოპოლი აეღო; 1355 წელს სცადა კიდეც მისი აღება, ხელთ იგდო ანდრინოპოლი და თრაკია, მაგრამ ქრისტიანული სამყაროს სავალალოდ, მოულოდნელად გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის გალავანთან, რომელიც ოცნებაში თავის სატახტო ქალაქად ესახებოდა. დუშანის სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია მალე დაიშალა. მაგრამ ბიზანტია კიდევ უფრო დასუსტებული გამოვიდა ამ ოცწლიანი ომიდან.
თურქები. - მაშინ როდესაც ევროპაში ბიზანტიის იმპერიის ტერიტორია თანდათანობით მცირდებოდა სლავური სახელმწიფოების მძლავრობის შედეგად, აზიაში დაჟინებით მოიწევდნენ თურქ-ოსმალები, სამი დიდი მხედართმთავრის - ერთოღრულის, ოსმანისა (1289-1326 წ.) და ურხანის (1326-1359 წ.) წინამძღოლობით. ანდრონიკე მეორემ რამდენჯერმე წარმატებით სცადა მათი შეჩერება, მაგრამ 1326 წელს ბრუსა მაინც ოსმალების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც თავიანთ სატახტო ქალაქად გაიხადეს იგი. ამის შემდეგ მალე დაეცა ნიკეა (1329 წ.), უფრო გვიან კი - ნიკომედიაც (1337 წ.). 1338 წელს თურქებმა ბოსფორს მიაღწიეს და მალე მის გაღმა ნაპირზედაც გადასხდნენ თვით ბიზანტიელებისავე მიწვევით, რომლებიც თავიანთი შინააშლილობებისას დაჟინებით მიელტვოდნენ მათთან კავშირს. იოანე კანტაკუზენმა, რომელმაც 1346 წელს თავისი ასული ცოლად მისცა ოსმალთა სულთანს, 1353 წელს, გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, დარდანელის ევროპულ ნაპირას აღმართული ციხე-სიმაგრე დაუთმო სიძეს. მომდევნო - 1354 წელს თურქები გალიპოლიში დამკვიდრდნენ: ხელთ იგდეს დიდიმოტიკე და ცურულონი (1357 წ.). ბალკანეთის ნახევარკუნძულის გზა გახსნილი აღმოჩნდა მათთვის.
ამით ისარგებლა მურად პირველმა (1359-1389 წ.) და თრაკია დაიპყრო (1361 წ.). იოანე მეხუთე პალეოლოგი იძულებული იყო შერიგებოდა ამ დანაკარგს (1363 წ.). შემდეგ სულთანმა აიღო ფილიპოპოლი და მალე ხელთ იგდო ანდრინოპოლიც, რომელიც თავის სატახტო ქალაქად აქცია (1365 წ.). ალყაშემორტყმული, იზოლირებული, დანარჩენ მხარეებს მოწყვეტილი და თავის გალავანში შეყუჟული კონსტანტინოპოლი სასიკვდილო დარტყმას ელოდა, რაც გარდუვალი ჩანდა. ამასობაში ოსმალებმა დაასრულეს ბალკანეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა. მარიცაში დაამარცხეს სამხრეთ სერბიელებისა და ბულგარელების ლაშქარი (1371 წ.), თავიანთი კოლონიები დააარსეს მაკედონიაში და თესალონიკეს დაემუქრნენ (1374 წ.). 1386 წელს ისინი შეიჭრნენ ალბანეთში, შემუსრეს სერბიელთა იმპერია და კოსოვოს ველზე გამარჯვების შემდეგ თურქთა საფაშოდ აქციეს ბულგარეთი (1393 წ.). იოანე მეხუთე პალეოლოგი იძულებული შეიქნა სულთანის ვასალად ეღიარებინა თავი, ხარკი ეძლია მისთვის და თავისი ლაშქრით მიშველებოდა ფილადელფიის აღებაში (1391 წ.), რომელიც ბიზანტიის უკანასკნელი საყრდენი იყო მცირე აზიაში.
ბაიაზეთი (1391-1395 წ.) უფრო ენერგიულად მოქმედებდა იმპერიის წინააღმდეგ. მან ყოველი მხრიდან ბლოკადაში მოაქცია ბიზანტიის დედაქალაქი (1391-1395 წ.), ხოლო როცა დასავლეთის სერიოზული ცდა, როგორმე გადაერჩინა ბიზანტია, ნიკოპოლთან გამართულ ბრძოლაში მარცხით დასრულდა (1396 წ.), ბაიაზეთმა სცადა იერიშით აეღო კონსტანტინოპოლი (1397 წ.) და, იმავდროულად, მორეაშიც შეიჭრა. ბიზანტიელთა საბედნიეროდ, მონღოლების შემოსევამ და გამანადგურებელმა მარცხმა, თემურ-ლენგმა ანგორასთან რომ აგემა თურქებს (1402 წ.), იმპერიას ოცი წლით მაინც მისცა სულის მოთქმის საშუალება. მაგრამ 1421 წელს მურად მეორემ (1421-1451 წ.) კვლავ განაახლა შეტევა. მან იერიში მიიტანა კონსტანტინოპოლზე, რომელიც ენერგიულად იცავდა თავს და შეტევა მოიგერია. მურადმა აიღო თესალონიკე (1430 წ.), რომელიც ვენეციამ 1423 წელს იყიდა ბიზანტიისგან; მისი ერთ-ერთი სარდალი მორეაში შეიჭრა (1423 წ.); თვითონ მურადმა ძლევით დალაშქრა ბოსნია და ალბანეთი და აიძულა ვალახიის მეფე ხარკი ეძლია მისთვის. უკიდურესად შევიწროებული ბიზანტიის იმპერია, კონსტანტინოპოლსა და მის მომიჯნავე ოლქს გარდა, რომელიც დერკონსა და სელიმბრიამდე ვრცელდებოდა, ახლა მხოლოდ სანაპიროზე მიმოფანტულ ცალკეულ მხარეებს ფლობდა: ანქიალოსს, მესემბრიას, ათონსა და პელოპონესს, რომელიც მას შემდეგ, რაც მთლიანად გამოსტაცეს ლათინებს, ბერძნული ნაციონალობის თავისებურ ცენტრად იქცა. მიუხედავად იან ჰუნიადის გმირული ძალისხმევისა, რომელმაც 1433 წელს ილოვაცთან დაამარცხა თურქები, და ალბანეთში სკანდერბეგის წინააღმდეგობისა, ოსმალები კვლავ ჯიუტად მიიწევდნენ თავიანთი მიზნისაკენ. 1444 წელს ვარნასთან გამართულ ბრძოლაში კრახით დასრულდა აღმოსავლელ ქრისტიანთა უკანასკნელი დიდი ძალისხმევა; ათენის საჰერცოგო თურქებს დაემორჩილა; მორეის სამთავრო, რომელიც 1446 წელს დაარბიეს უსჯულოებმა, იძულებული შეიქნა მათ მოხარკედ ეღიარებინა თავი; კოსოვოს ველზე ხელმეორედ გამართულ ბრძოლაში (1448 წ.) იან ჰუნიადმა მარცხი იწვნია. აუღებელი რჩებოდა მხოლოდ კონსტანტინოპოლი, ეს მიუდგომელი ციტადელი, რომელიც ახლა ერთადერთი განასახიერებდა მთელს იმპერიას. მაგრამ კონსტანტინოპოლის აღსასრულიც ახლოვდებოდა. მუჰამედ მეორეს, რომელიც 1451 წელს ავიდა ტახტზე, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი აღება.
ბიზანტია და ლათინები. - ნაცვლად იმისა, რომ იმპერიას მიშველებოდნენ, აღმოსავლეთში დამკვიდრებულმა ლათინებმა - ვენეციელებმა და გენუელებმა - თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს ბიზანტიის უბედურება და დააჩქარეს მისი დაღუპვა.
მიხეილ პალეოლოგის მმართველობისას გალატაში, ზედ კონსტანტინოპოლთან (1267 წ.), ისევე როგორც მცირე აზიის სანაპიროსა თუ შავი ზღვის პირას დამკვიდრებულმა გენუელებმა, ერთი ბერძენი ისტორიკოსის სიტყვით, «საზღვაო ვაჭრობის ყველა გზა გადაუკეტეს ბიზანტიელებს». მართალია, ანდრონიკე მესამე-ის მმართველობისას ბერძნებმა მცირე ხნით კვლავ დაიბრუნეს მათგან ქიოსი (1329 წ.), ლესბოსი (1336 წ.) და ფოკიდა (1340 წ.), მაგრამ ამ დროებითმა წარმატებამ ვერც უცხოელ ვაჭართა თვითნებობის ალაგმვა შესძლო და ვერც მათი სიხარბის დაცხრომა. არანაკლებ საშიშნი იყვნენ არქიპელაგის კუნძულებზე გაბატონებული ვენეციელები, რომლებმაც მალე შეაღწიეს კონსტანტინოპოლსა და თესალონიკეში. ორივე რესპუბლიკა ისე იქცეოდა იმპერიაში, როგორც დაპყრობილ ქვეყანაში, არავითარ პატივს არ სცემდა ბიზანტიელ მბრძანებლებს, რომლებსაც თავის ნებას ახვევდა თავს, შფოთს თესავდა და ხოცვა-ჟლეტის ასპარეზად აქცევდა დედაქალაქს, თავისი ესკადრებით იჭრებოდა თვით «ოქროს რქაში», ამბოხებებს აწყობდა კონსტანტინოპოლში (1375 წ.), მუქარით აღწევდა პრივილეგიებისა თუ მიწა-წყლის გამოძალვას, საზღვაო ბაზებს აარსებდა ბოსფორის პირას, როგორც მოიქცნენ გენუელები 1348 წელს, ძარცვავდა იმპერიის ქვეშევრდომთ და იერიში მიჰქონდა თვით დედაქალაქზე, როგორც მოიქცნენ ვენეციელები 1305 წელს და გენუელები 1348 წელს, როცა მათ იმპერატორისგან შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი. აღშფოთებული ბიზანტიელები იძულებულნი იყვნენ შერიგებოდნენ ამ თავხედობას, რადგანაც არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის. ვენეციელებიცა და გენუელებიც მოხერხებულად სარგებლობდნენ ამ ვითარებით და ულმობლად ყვლეფდნენ ბიზანტიას. ვენეციამ მთელი კოლონიური იმპერია შექმნა ლევანტის ზღვებში. გენუამ 1347 წელს დაპყრობილ ქიოსზე მძლავრი სავაჭრო საზოგადოება «მაჰონი» დააარსა. ერთი ბერძენი ისტორიკოსის სიტყვით, ლათინებმა «ხელთ იგდეს ბიზანტიის მთელი სიმდიდრე და საზღვაო ვაჭრობის თითქმის მთელი შემოსავალი», რითაც დაასრულეს იმპერიის ეკონომიკის დაქცევა.
დასავლეთის დანარჩენი სახელმწიფოები თითქმის არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდნენ ბიზანტიას. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს თურქებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ცალკეული ცდები. 1343 წელს ჯვაროსანთა ლაშქრობის შედეგად თურქებს რამდენიმე წლით წაართვეს სმირნა, ხოლო 1366 წელს - გალიპოლი; 1396 წელს ქრისტიანებმა სცადეს სერიოზული დარტყმა მიეყენებინათ თურქებისათვის, მაგრამ მათი ცდა მარცხით დასრულდა ნიკოპოლთან; 1344 წელს, კიდევ ერთი მცდელობისას, ქრისტიანებმა სასტიკი მარცხი იწვნიეს ვარნასთან. ფრანგი მარშალი ბუსიკო ორი წლის განმავლობაში (1337-1339 წ.) გმირულად იცავდა კონსტანტინოპოლს თურქების შეტევისაგან. მაგრამ დასავლეთს, არსებითად, აღარ აინტერესებდა ბიზანტია, ან მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ესარგებლა მისი უბედურებით, რათა თავისი რელიგიური თუ პოლიტიკური მბრძანებლობისათვის დაემორჩილებინა და ეკონომიურადაც ეყვლიფა იგი. პაპები საეკლესიო ერთიანობის აღდგენაზე ოცნებობდნენ და არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ ბიზანტიელთა სიძულვილს ამ პროექტის მიმართ. დასავლეთის სახელმწიფოებს კი მხოლოდ ერთი საფიქრალი ჰქონდათ: როგორ გაეყოთ და გაენაწილებინათ იმპერია. ამაოდ ჩადიოდა იოანე მეხუთე (1396 წ.), მანუელ მეორე (1402 წ.) და იოანე მერვე (1439 წ.) იტალიაში, საფრანგეთსა თუ ინგლისში დახმარების სათხოვნად: მათ მხოლოდ თავაზიანად იღებდნენ და ცარიელი დაპირებებით ისტუმრებდნენ უკან. და როცა მუჰამედ მეორემ გადაწყვიტა, ბოლო მოეღო იმპერიისთვის, ბიზანტიას ისღა დარჩენოდა, რომ ღირსეულად მომკვდარიყო.
კონსტანტინოპოლის აღება თურქების მიერ. - მუჰამედ მეორემ ტახტზე ასვლისთანავე გაამჟღავნა თავისი ხვაშიადი. ბოსფორის პირას ციხე-სიმაგრე «რუმილი-ჰისარი» ააგო, რომელმაც გადაჭრა კომუნიკაციები კონსტანტინოპოლსა და შავ ზღვას შორის და იმავდროულად ლაშქარი წარგზავნა მორეას, რათა მისტრის ბერძენი დესპოტებისათვის საშუალება არ მიეცა კონსტანტინოპოლს მიშველებოდნენ. მალე სულთანმა კონსტანტინოპოლს შეუტია (1453 წლის 5 აპრილს). თურქების უზარმაზარი არმიის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 160 ათას კაცს ითვლიდა, იმპერატორმა კონსტანტინე დრაგასმა რის ვაივაგლახით შესძლო 9 ათასი კაცის გამოყვანა, რომელთა ნახევარს მაინც უცხოელები შეადგენდნენ. ბიზანტიელები, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი საეკლესიო უნიის მიმართ, რასაც მხარს უჭერდა მათი იმპერატორი, საკმაოდ ცუდად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. და მაინც, თურქული არტილერიის მრისხანე ძალისა და ინჟენერ ორბანის უზარმაზარი ზარბაზნის მიუხედავად, პირველი შეტევა მოგერიებულ იქნა (18 აპრილს). მუჰამედ მეორემ მოახერხა «ოქროს რქაში» შეეყვანა თავისი ფლოტი და ქალაქის გალავნის მეორე მონაკვეთს დაემუქრა. მაგრამ 7 მაისის იერიშიც მარცხით დასრულდა, თუმცა წმიდა რომანოზის კარიბჭესთან ჭურვებმა გალავანი შეგლიჯეს. 1453 წლის 28 მაისს ღამით დაიწყო უკანასკნელი შეტევა. თურქები ორჯერ უკუაგდეს. მაშინ მუჰამედმა იანიჩარები დასძრა საიერიშოდ. ამავე დროს, გენუელი ჯუსტინიანი, რომელიც იმპერატორთან ერთად თავდაცვის სული და გული იყო, მძიმედ დაიჭრა და იძულებული შეიქნა თავისი პოსტი მიეტოვებინა, რამაც დიდი არეულ-დარეულობა გამოიწვია ქალაქის დამცველთა რიგებში. იმპერატორი თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო მიწისქვეშა გვირაბი, ეგრეთწოდებული «ქსილოპორტა» და ქალაქის დამცველებს ზურგიდან დაესხა თავს. კონსტანტინე დრაგასი გმირულად დაეცა ჭურვის მიერ შენგრეულ გალავანთან, და ამრიგად დიდების უკანასკნელი სხივით გაანათა ბიზანტიის აღსასრული. თურქებმა ქალაქი აიღეს. დაიწყო კონსტანტინოპოლის ძარცვა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. 60 ათასზე მეტი კაცი ტყვედ წაასხეს. 1453 წლის 30 მაისს, დილის რვა საათზე, მუჰამედ მეორე დიდი ზარ-ზეიმით შევიდა კონსტანტინოპოლში და წმიდა სოფიოს ტაძარში მადლი შესწირა ისლამის ღმერთს.
ბიზანტიური კულტურა პალეოლოგთა ეპოქაში
საერთო დეკადანსის მიუხედავად, ბიზანტიური კულტურის ცხოველმყოფელობა იმპერიის არსებობის უკანასკნელ დღეებამდე იმდენად დიდი იყო, რომ თვით პალეოლოგების ეპოქაც კი განათებულია ლიტერატურული და მხატვრული აღორძინების მიმწუხრისას ჩამავალი მზის ალმაცერი შუქით.
მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების კონსტანტინოპოლი კვლავინდებურად რჩებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ და მომხიბლავ ქალაქად, მართლმადიდებლობის აკვნად, საითკენაც მოისწრაფოდნენ პილიგრიმები მთელი ბერძნული და სლავური აღმოსავლეთიდან, დიდ სავაჭრო ცენტრად, სადაც თავს იყრიდნენ მთელი დასავლეთის ვაჭრები, და ხელოვნებისა და მეცნიერების ცხოველმყოფელ კერად. ბიზანტიის დედაქალაქის სკოლები განათლების ყველაზე დიდ ცენტრებად ითვლებოდნენ და ყველაზე მეტად იზიდავდნენ მრავალრიცხოვან შეგირდებს, ხოლო უნივერსიტეტის სახელგანთქმული პროფესორები - პლანუდე, მოსხორულოსი, ტრიკლინიოსი მეთექვსმეტე საუკუნეში, უფრო გვიან კი - ქრისოლორასი და არგიროპულოსი კვლავინდებურად განაგრძობდნენ ანტიკური მწერლობის კლასიკოსთა სწავლებას, ასე რომ, ამ მხრივ, შეიძლება აღორძინების ეპოქის ჰუმანისტთა ღირსეულ წინამორბედებად იქნენ მიჩნეულნი. მათთან ერთად, ისეთი ფილოსოფოსები, როგორიც იყვნენ გემისტე პლეთონი და ბესარიონი, კვლავ განაგრძობდნენ პლატონური მოძღვრების კვლევის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და გზას უხსნიდნენ მის გავრცელებას დასავლეთში. აქვე უნდა დავასახელოთ თვითმყოფი და განუმეორებელი ტალანტების მთელი პლეადა: ისტორიკოსები - იოანე კანტაკუზენი და ნიკიფორე გრიგორასი მეთექვსმეტე საუკუნეში, ფრანძესი, დუკა, ქალკონდილე და კრიტობულე მეთხუთმეტეში; თეოლოგები - გრიგოლ პალამა და ორივე კავასილასი მეთოთხმეტე საუკუნეში, მარკოზ ევგენიკოსი და გრიგოლ სქოლარიოსი - მეთხუთმეტეში; ორატორები - ნიკიფორე ხუმნოსი და დიმიტრი კიდონისი; ლიტერატორები - თეოდორე მეტოხიტი და მიხეილ პალეოლოგი; პოეტები, მაგალითად, მანუელ ფილესი; სატირიკოსები, როგორც მაგალითად, «მაზარისის ჯოჯოხეთად ჩასვლის» ანონიმი ავტორი და სხვანი და სხვანი. ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა ასტრონომია, მედიცინა თუ ბუნებისმეტყველება, არანაკლები პატივისცემით სარგებლობდნენ, ვიდრე მწერლობა, და იმდროინდელ ბიზანტიელ სწავლულებზე სავსებით სამართლიანად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მათ ისეთივე სამსახური გაუწიეს მეცნიერებას, როგორც, ვთქვათ, როჯერ ბეკონმა დასავლეთში. მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ დაღუპვის წინა დღეს ბიზანტიამ შესძლო მოეკრიბა მთელი თავისი სულიერი ძალა, რათა უკანასკნელად გაენათებინა გარს შემოწოლილი წყვდიადი.
ზუსტად ასევე, ბიზანტიურმა ხელოვნებამაც უკანასკნელი განახლებისათვის გამოიღვიძა მეთოთხმეტე საუკუნის დამდეგს. ეს ხელოვნება უბრუნდება თავის ძველ საწყისთ, კერძოდ, ალექსანდრიულ ტრადიციებს, რომლებსაც ასე აფასებდნენ იმდროინდელი ჰუმანისტები, თანდათანობით კარგავს თავის აბსტრაქტულობას, უფრო ცოცხალი და ცხოველმყოფელი, დროთა ვითარებაში კი უფრო გულისშემძვრელი, დრამატული და მომნუსხველი ხდება. იკონოგრაფია ახლდება და მდიდრდება, სულ უფრო მეტ პათეტიკურობასა და გრძნობათა სიუხვეს იძენს. დიდი ხელოვნებით, ჰარმონიულად შერჩეულ ფერებს თითქმის იმპრესიონისტული ტექნიკით იყენებენ. იქმნება სხვადასხვა მიმდინარეობისა და სტილის სკოლები: კონსტანტინოპოლის სკოლა, კაჰრიე ჯამის დიდებული მოზაიკებით (მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისი); მაკედონური სკოლა, რომლის ოსტატებიც მაკედონიის, ძველი სერბიისა და ათონის უძველეს ეკლესიებს ამკობენ, - როგორც ჩანს, ამ სკოლის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო სახელგანთქმული მანუელ პანსელინოსი (მეთოთხმეტე ს.); კრეტის სკოლა, რომლის შედევრებადაც მისტრის ფრესკები გვევლინებიან. ამრიგად, ერთის შეხედვით გამოფიტული ბიზანტია მეთოთხმეტე საუკუნეში, ისევე როგორც ოდესღაც მეათეში, ანტიკურ ტრადიციებთან ზიარების შედეგად კვლავ უჩვეულო ძალმოსილებას იძენს და ხელოვნების ამ მძლავრი აღმავლობის წყალობით, რომელიც შეიძლება მეთოთხმეტე საუკუნის იტალიურ აღორძინებას შევადაროთ, - თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ხელოვნება აბსოლუტურად ორიგინალურია, - ბიზანტიის გავლენა კვლავ ვრცელდება სერბიაზე, რუსეთზე, რუმინეთზე, ერთის სიტყვით, მთელს აღმოსავლურ სამყაროზე.
მისტრის სადესპოტო. - ხელოვნებისა და მეცნიერების ამ ცეტრებს შორის საგანგებო აღნიშვნის ღირსია მისტრა.
გიიომ დე ვილარდუენის მიერ იმ ხეობის ზემოთ დაარსებულს, სადაც უწინ მდებარეობდა სპარტა, და შემდეგ პელოპონესის ბერძენ დესპოტთა რეზიდენციად ქცეულ მისტრას, ფრესკებით უხვად შემკული ეკლესიებით, დიდებული გალავნებით, საცხოვრებელი სახლებითა თუ სრა-სასახლეებითურთ, სავსებით სამართლიანად უწოდებდნენ ბიზანტიის პომპეის. 1262 წელს, როცა ქალაქი ბიზანტიელების ხელში გადავიდა, ანდრონიკე მეორე მის შემკობას და გამშვენიერებას შეუდგა და მრავალი ეკლესია ააგო იქ. უფრო გვიან იოანე კანტაკუზენი კიდევ უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა მას. იმპერატორმა თავისი უმცროსი ვაჟის, შემდგომში «დესპოტად» წოდებული მანუელის საუფლისწულო სამკვიდროდ აქცია მორეის პროვინცია, რომელიც თანდათანობით წაართვეს ფრანკებს, და როგორც მანუელის, ისე მისი მემკვიდრეების (1383 წლიდან) - პალეოლოგების დინასტიის უმრწემეს წარმომადგენელთა მმართველობისას, მისტრა, თავისი დიდებული სასახლის კარით, ბრწყინვალე ინტელექტუალური და სულიერი კულტურის ცენტრი, ელინიზმისა და ჰუმანიზმის ნამდვილი კერა და სულთმობრძავი ბერძნული ნაციონალიზმის უკანასკნელი თავშესაფარი იყო.
ჭეშმარიტად საგანგებო ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ ბიზანტიაში, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე საერთოდ აღარ აინტერესებდა ანტიკური საბერძნეთი, კატასტროფის წინა დღეს კვლავ გაიღვიძა ელინურ საწყისთა ხსოვნამ. მეთოთხმეტე საუკუნეში, სრულიად მოულოდნელად, ყველას პირზე აკერია დიდი სახელები: პერიკლე, თემისტოკლე, ლიკურგე, ეპამინონდა, და ბიზანტიელები სიამაყით იგონებენ, თუ ვინ იყვნენ და რანი იყვნენ ეს გმირები «საზოგადოებისა და სამშობლოსათვის». იმ დროის ყველაზე სახელგანთქმული ადამიანები - გემისტე პლეთონი და ბესარიონი, ანტიკური ტრადიციების გამოღვიძებას სასწაულთმოქმედ საშუალებად მიიჩნევენ, რომელიც იხსნის იმპერიას, და თავიანთ მბრძანებელს სთხოვენ, უარყოს «რომაელთა ბასილევსის» დრომოჭმული ტიტული და მის ნაცვლად «ბერძენთა მეფის» ახალი და ცოცხალი სახელი დაირქვას, რომელსაც, მათი მტკიცებით, «თავისთავად ძალუძს დაიხსნას ბერძნები და მათი დამონებული ძმები». ბესარიონი სამასი სპარტელის გმირობას შეახსენებს უკანასკნელ პალეოლოგს და გულმხურვალედ ევედრება, სათავეში ჩაუდგეს მათ შთამომავალთ, რათა თურქებისაგან გაათავისუფლოს ევროპა და აზიაში უკანავე დაიბრუნოს წინაპართა მემკვიდრეობა. საბოლოო კატასტროფის წინა დღეს პლეთონი მანუელ მეორეს სთავაზობს ელადის აღორძინებისათვის აუცილებელი რეფორმების პროექტს. ხომ ფუჭი და ამაო ჩანდა ამნაირი ილუზიები იმ მომენტში, როცა მუჰამედ მეორე კონსტანტინოპოლის გალავანთან იდგა, მაგრამ თავისთავად ნიშანდობლივია ელინიზმისაკენ მიბრუნების ეს ფაქტი, შორეული მომავლის ეს პროფეტული ხილვა, როცა მეთხუთმეტე საუკუნის მწერლის ქალკონდილეს სიტყვით, «ინათებს დღე და ბერძენთა მბრძანებელი და მისი მემკვიდრენი კვლავ აღადგენენ სამეფოს, სადაც ელინთა ძენი თვითონვე იქნებიან თავიანთი თავის ბატონ-პატრონნი და თავისუფალი ერის შვილებად იწოდებიან».
ამ სასოებამ ყველაზე სრული გამოხატულება ჰპოვა მისტრის სასახლის კარზე და იქაურ ეკლესიებში - მეტროპოლში (მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისი), პერიბლეპტოსსა (მეთოთხმეტე საუკუნის შუა წლები) და პანტანასაში (მეთხუთმეტე საუკუნე), სადაც ბლომად გვხვდება იმდროინდელი აღორძინების მხატვრული შედევრები. აქ ჩვენ ვხედავთ დეკორაციული ოსტატობის, ფერწერული სინატიფის, მოძრაობის, ექსპრესულობის, დახვეწილი გემოვნების, იშვიათი სიმსუბუქის, მომხიბვლელობის, ნაზი და, იმავდროულად, საოცრად მეტყველი ფერების დიდოსტატურ ურთიერთშერწყმას; ეს ჭეშმარიტად მაღალი და თავისუფალი ხელოვნებაა. იგივე თვისებებს გვივლენენ მაკედონიის ეკლესიის ფრესკები და ათონის მონასტერთა ძველი ხატები. ისინი მოწმობენ შემოქმედებითი ორიგინალობის მაღალ დონეს, რისი მიღწევაც ჯერ კიდევ შეეძლო ბიზანტიურ ხელოვნებას, და დიდების უკანასკნელ სხივსა ჰფენენ პალეოლოგების ეპოქას.
ტრაპიზონის ბერძნული იმპერია. - იმავე დროს, ბიზანტიური სამყაროს საპირისპირო მხარეს, შავი ზღვის პირას, ბერძნული კულტურის მეორე ღირსშესანიშნავი ცენტრი იყო შორეული ტრაპიზონის იმპერია.
მეცამეტე საუკუნის დამდეგს კომნინთა საგვარეულოს წარმომადგენელმა ალექსი პირველმა (1204-1222 წ.), ნიკეის მბრძანებელთა და თურქ-სელჯუკთა შეტევების მიუხედავად, დააარსა სახელმწიფო, რომელიც მთელ ძველ «პონტოს პოლემონიაკოსს» მოიცავდა და აღმოსავლეთით ფასისამდე ვრცელდებოდა. მაგრამ სადღაც შორს, აღმოსავლეთში გადაკარგული, თურქებითა და მონღოლებით გარშემორტყმული, თავისი მეამბოხე ფეოდალების აჯანყებებითა და შინააშლილობებით გაწამებული, გენუელების მიერ ექსპლოატირებული და ბიზანტიის იმპერატორთა შურის საგნად ქცეული ახალი იმპერიის არსებობა არც თუ იშვიათად ბეწვზე ეკიდა. თუმცა მას თავისი ძლიერების დროც ახსოვს; ასეთი იყო ის, მაგალითად, ალექსი მეორისა (1297-1330 წ.) და ალექსი მესამე-ის (1340-1390 წ.) მმართველობისას; ამ უკანასკნელმა ტაძრებითა და ეკლესიებით შეამკო დედაქალაქი. ზღვის პირას, მდინარეებსა და მწვანედ მოხასხასე ველ-მინდვრებს შორის მდებარე და შიდა აზიასთან გაცხოველებული ვაჭრობის წყალობით განსაცვიფრებლად მდიდარი ტრაპიზონი იმდროინდელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი იყო. ზღვის პირას, ბორცვზე აღმართული სასახლე სიდიადისა და სინატიფის ნამდვილ სასწაულს მოგაგონებდათ; ქალაქის მეტსახელი - «აზიის თავი და თვალი» მთელს აღმოსავლეთში იყო ცნობილი. მართალია, მეთხუთმეტე საუკუნეში კომნინების სასახლის კარზე იწყება აშკარა ზნეობრივი დეგრადაცია, იზრდება სისხლიანი ინტრიგებისა და ტრაგიკულ მოვლენათა რიცხვი, მაგრამ შორს, შავი ზღვის პირას მდებარე ტრაპიზონის იმპერია კვლავინდებურად ინარჩუნებს ბიზანტიის ძველი დიდების ანარეკლს და ორნახევარი საუკუნის მანძილზე ბერძნული ნაციონალური სულის თავშესაფრად გვევლინება.
მორეის სადესპოტომ და ტრაპიზონის იმპერიამ მხოლოდ რამდენიმე წელს იარსებეს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ. ალბანელთა შეჭრამ პელოპონესში თურქების ყურადღება მიაპყრო მორეას, და დესპოტები - კონსტანტინე მეთერთმეტის ძმები, დასახმარებლად რომ მოუხმეს თურქებს, იძულებული შეიქნენ, სულთნის ვასალებად ეღიარებინათ თავი. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა 1459 წელს, როცა დესპოტმა თომამ ხარკის მიცემა შეუწყვიტა თურქებს. მუჰამედ მეორე თვითონ ჩავიდა მორეაში და ყოველგვარი წინააღმდეგობა ჩაახშო, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შესძლო მისტრის აღება. დესპოტებმა ერთხელ კიდევ მოიდრიკეს ქედი, მაგრამ მალე ისევ აჯანყდნენ. მაშინ სულთანმა პირდაპირ მისტრას მიაშურა, დესპოტი დიმიტრი დაამხო და ტყვედ წაიყვანა; მეორე ბერძენი უფლისწული იძულებული შეიქნა იტალიაში გაქცეულიყო, და მორეა თურქეთის პროვინციად იქცა (1460 წ.).
დავით კომნინი, ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორი 1461 წელს დაემხო. ამაოდ ცდილობდა იგი, თავისი ძმისწულის ქმარს, თურქ მთავარს უზუნ ჰასანს დაყრდნობოდა. 1461 წელს მუჰამედ მეორე ანატოლიაში გამოჩნდა, დაამარცხა ჰასანის ლაშქარი და ტრაპიზონისაკენ დაიძრა, რომელიც იძულებული შეიქნა სულთანს დანებებოდა. იმპერატორის ოჯახის ცოცხლად დარჩენილი წევრები სულთანის ბრძანებით დილეგში ჩაყარეს მაკედონიაში, სერეს მახლობლად. ეს უკანასკნელი ბერძნული იმპერიის აღსასრული იყო.
ასე დაიღუპა ბიზანტიის იმპერია თავისი სახელოვანი ათასწლიანი არსებობის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე ის იყო ქრისტიანობის დასაყრდენი ისლამის წინააღმდეგ, ბარბაროსობის წიაღში კულტურის ბურჯი, სლავური აღმოსავლეთის აღმზრდელი, და მისი გავლენა მოიცავდა არა მარტო აღმოსავლეთს, არამედ დასავლეთსაც. თვით მას შემდეგაც კი, რაც ბიზანტია დაეცა და არსებობა შეწყვიტა როგორც იმპერიამ, ის მაინც მძლავრ ზემოქმედებას ახდენდა და კვლავაც ახდენს მთელს აღმოსავლურ სამყაროზე. საბერძნეთის სანაპიროდან შუა რუსეთამდე აღმოსავლეთ ევროპის ხალხებმა - თურქებმა, ბერძნებმა, სერბიელებმა, ბულგარელებმა, რუმინელებმა და რუსებმა დღემდე ცოცხლად შემოინახეს არყოფნის უფსკრულში დანთქმული ბიზანტიის ტრადიციების ხსოვნა.
აი, რატომაა, რომ ეს ძველი ისტორია, ჩვენს დროში საკმაოდ ცუდად ცნობილი და, ცოტა არ იყოს, დავიწყებული, საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, არამც და არამც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მკვდარ ისტორიად. მისი გავლენის კვალი დღესაც ატყვია იდეურ მიმდინარეობებსა თუ პოლიტიკურ გეგმებს, და იმ ხალხებისათვის, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს იგი, თავის წიაღში კვლავაც ინახავს მომავლის დვრიტას და თესლს. სწორედ ამიტომ, ბიზანტიური კულტურა ორმხრივი თვალსაზრისით იმსახურებს ყურადღებას: ჩვენთვის თანაბრად საინტერესოა ისიც, რაც იყო ეს კულტურა თავისთავად, და ისიც, რაც მას შეაქვს ჩვენი დროის ისტორიაში.
დამატება პირველი
ბიზანტიის იმპერატორთა ნუსხა
კონსტანტინეს დინასტია
კონსტანტინე პირველი დიდი 306-337
ერთპიროვნული მმართველობა 323-337.
კონსტანტინე მეორე 337-361
ერთპიროვნული მმართველობა 353-361
იულიანე 361-363
იოვიანე 363-364
ვალენტი 364-378
თეოდოსის დინასტია
თეოდოსი პირველი დიდი 379-395
არკადიუსი 395-408
თეოდოსი მეორე 408-450
მარკიანე 450-457
ლეონ პირველი 457-474
ზენონი 474-491
ანასტასი 491-518
იუსტინიანეს დინასტია
იუსტინე პირველი 518-527
იუსტინიანე პირველი 527-565
იუსტინე მეორე 565-578
ტიბერიუსი 578-582
მავრიკიუსი 582-602
ფოკა (უზურპატორი) 602-610
ირაკლის დინასტია
ირაკლი 610-641
კონსტანტინე II
ირაკლიონი
კონსტანტი მეორე (კონსტანტინე მესამე) 642-668
კონსტანტინე მეოთხე პოგონატი 668-685
იუსტინიანე მეორე რინოტმეტი 685-695
ლეონტიუსი (უზურპატორი) 695-698
ტიბერიუსი (უზურპატორი) 698-705
იუსტინიანე მეორე (მეორედ) 705-711
ფილიპიკე 711-713
ანასტასი მეორე 713-716
თეოდოსი მესამე 716-717
ისავრიული დინასტია
ლეონ მესამე 717-740
კონსტანტინე მეხუთე კოპრონიმი 740-775
ლეონ მეოთხე 775-780
კონსტანტინე მეექვსე 780-797
ირინე 797-802
ნიკიფორე პირველი (უზურპატორი) 802-811
სტავრიკიოსი 811
მიხეილ პირველი რანგავე 811-813
ლეონ მეხუთე სომეხი 813-820
მიხეილ მეორე ენაბლუ 820-829
თეოფილე 829-842
მიხეილ მესამე ლოთი 842-867
მაკედონური დინასტია
ბასილი პირველი 867-886
ლეონ მეოთხე ბრძენი 886-913
ალექსანდრე 912-913
კონსტანტინე მეშვიდე პორფიროგენეტი 913-959
რომანოზ პირველი ლეკაპინე (უზურპატორი) 919-944
რომანოზ მეორე 959-963
ნიკიფორე მეორე ფოკა 963-969
იოანე პირველი ციმისხიოსი 969-976
ბასილი მეორე ბულგართმჟლეტი 976-1025
კონსტანტინე მერვე 1025-1028
ზოია 1028-1050
რომანოზ მეორე არგიროსი 1028-1034
მიხეილ მეოთხე პაფლაგონიელი 1034-1041
მიხეილ მეხუთე კალოფატი 1041-1042
კონსტანტინე მეცხრე 1042-1054
თეოდორა 1054-1056
მიხეილ მეექვსე სტრატიოტიკოსი 1056-1057
დუკებისა და კომნინების დინასტია
ისააკ პირველი კომნინი 1057-1059
კონსტანტინე მეათე დუკა 1059-1067
რომანოზ მეოთხე დიოგენი 1067-1071
მიხეილ მეშვიდე დუკა 1071-1078
ნიკიფორე მესამე ბოტანიატი (უზურპატორი) 1078-1081
ალექსი პირველი კომნინი 1081-1118
იოანე მეორე კომნინი 1118-1143
მანუელ პირველი კომნინი 1143-1180
ალექსი მეორე კომნინი 1180-1183
ანდრონიკე პირველი კომნინი 1183-1185
ანგელოსთა დინასტია
ისააკ მეორე 1185-1195
ალექსი მესამე 1195-1203
ისააკ მეორე (მეორედ)
ალექსი მეოთხე
ალექსი მეხუთე მურზუფლე (უზურპატორი) 1204
კონსტანტინოპოლის ლათინი იმპერატორები
ბოდუენ პირველი ფლანდრიელი 1204-1205
ჰენრიხ ფლანდრიელი 1206-1216
პიერ დე კურტენე 1217
იოლანტა 1217-1219
რობერ დე კურტენე 1219-1228
ბოდუენ მეორე 1228-1261
იოანე დე ბრიენი 1229-1237
ნიკეის ბერძენი იმპერატორები
თეოდორე პირველი ლასკარისი 1204-1222
იოანე მეორე ვატაცე 1222-1254
თეოდორე მეორე ლასკარისი 1254-1258
იოანე მეოთხე ლასკარისი 1258-1259
მიხეილ მერვე პალეოლოგი (უზურპატორი) 1259-1261
პალეოლოგთა დინასტია
მიხეილ მერვე 1261-1282
ანდრონიკე მეორე 1282-1328
მიხეილ მეცხრე 1295-1320
ანდრონიკე მესამე 1328-1341
იოანე მეხუთე 1341-1376
იოანე მეექვსე კანტაკუზენი (უზურპატორი) 1341-1355
ანდრონიკე მეოთხე 1376-1379
იოანე მეხუთე (მეორედ) 1379-1391
იოანე მეშვიდე (უზურპატორი) 1390
მანუელ მეორე 1391-1425
იოანე მერვე 1425-1448
კონსტანტინე მეთერთმეტე დრაგასი 1448-1453
მისტრის ბერძენი დესპოტები
მანუელ კანტაკუზენი 1348-1380
მათე კანტაკუზენი 1380-1383
თეოდორე პირველი პალეოლოგი 1383-1407
თეოდორე მეორე 1407-1443
კონსტანტინე დრაგასი 1428-1448
თომა 1432-1460
დიმიტრი 1449-1460
დამატება მეორე
ბიზანტიის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა
ქრონოლოგიური ნუსხა
330 წლის 11 მაისი - კონსტანტინე დიდი «ახალ რომად» აცხადებს კონსტანტინოპოლს.
343 - სარდის საეკლესიო კრება.
351 - ბრძოლა მურზასთან.
353 - კონსტანციუსი - ერთპიროვნული მბრძანებელი.
359 - რიმინის საეკლესიო კრება.
376 - ვესტგოთების დამკვიდრება მიზიაში.
378 - ბრძოლა ანდრინოპოლთან და იმპერატორ ვალენტის სიკვდილი.
381 - კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრება.
395 - თეოდოსის სიკვდილი. იმპერიის გაყოფა მის ვაჟიშვილებს - არკადიუსსა და ჰონორიუსს შორის.
396 - ალარიხის შემოჭრა საბერძნეთში. სტილიხონის მიერ ვესტგოთების ალყაში მომწყვდევა ფოლოასთან.
399-400 - გაინის აჯანყება.
404 - წმიდა იოანე ოქროპირის დამხობა და გადასახლება.
410 - რომის აღება ალარიხის მიერ.
431 - ეფესის მსოფლიო საეკლესიო კრება.
438 - თეოდოსის კოდექსის გამოქვეყნება.
439 - კონსტანტინოპოლის დიდი გალავნის აგება.
441 - ატილას შეჭრა პანონიაში.
447 - ატილას ახალი შემოსევა.
449 - «ეფესურ რბევად» წოდებული საეკლესიო კრება.
451 - ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება.
476 - დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა.
482 - ერთიანობის ედიქტი, ანუ ჰენოტიკონი.
487 - ზენონი ისტგოთების მეფეს თეოდორიხს ავალებს იტალიის აღებას.
502 - ომის განახლება სპარსელებთან.
512 - ანასტასის გალავნის აგება.
514 - ვიტალიანეს აჯანყება.
519 - რომთან თანხმობის აღდგენა და აკაკისეული განხეთქილების (484-519 წ.) დასასრული.
527 - ომის განახლება სპარსელებთან.
529 - იუსტინიანეს კოდექსის გამოქვეყნება.
529 - ათენის სკოლის დახურვა.
532 - «საუკუნის ზავის» დადება სპარსელებთან.
532 - «ნიკად» წოდებული აჯანყება.
533 - «დიგესტებისა» და «ინსტიტუციების» გამოქვეყნება.
533-534 - აფრიკის დაპყრობა ველისარიონის მიერ.
535 - იუსტინიანეს «უწყებანი» იმპერიის ადმინისტრაციული რეორგანიზაციისათვის.
535 - ომი ოსტგოთების წინააღმდეგ.
536 - კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრება.
537 - წმიდა სოფიოს ტაძრის საზეიმო გახსნა.
537-538 - ველისარიონის მიერ დაცული რომის ალყა.
540 - რავენის აღება ველისარიონის მიერ.
540 - ხოსროს შეჭრა სირიაში.
540 - ჰუნების შეჭრა ილირიაში.
543 - იუსტინიანეს ედიქტი «სამი თავისათვის».
548 - თეოდორას სიკვდილი.
549 - რომის აღება ტოტილას მიერ.
552 - ისტგოთების განადგურება ტაგინასთან და ოსტგოთთა იმპერიის დასასრული.
553 - კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრება.
554 - სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთის დაპყრობა.
559 - ჰუნები კონსტანტინოპოლის გალავანთან.
562 - ზავის დადება სპარსეთთან.
568 - ლანგობარდების შემოსევა იტალიაში.
572 - ომის განახლება სპარსეთთან.
579 - ხოსრო დიდის სიკვდილი.
581 - სირმიუმის აღება ხუნძების მიერ.
582 - აფრიკისა და რავენის ეკზარქატების შექმნა.
591 - სპარსეთთან დაზავება.
601 - პრისკუსის გამარჯვება ხუნძებზე.
602 - ფოკას ამბოხება.
608 - სპარსელები იღებენ სირიას და ქალკედონში იჭრებიან.
610 - ირაკლის ამბოხება და ფოკას დამხობა.
615 - იერუსალიმის აღება სპარსელების მიერ.
617 - ეგვიპტის დაპყრობა სპარსელების მიერ.
622 - ირაკლის გალაშქრება სპარსელების წინააღმდეგ.
626 - ხუნძები და სპარსელები უტევენ კონსტანტინოპოლს.
627 - ნინევიის ბრძოლა.
629 - სპარსეთთან დაზავება.
მეშვიდე საუკუნის დასაწყისი - სერბებისა და ხორვატების დამკიდრება ილირიაში.
634 - არაბების შეჭრა სირიაში.
636 - იარმუკს ბრძოლა.
637 - იერუსალიმის კაპიტულაცია.
638 - ირაკლის მიერ «ეკთესისის», ანუ «სარწმუნოების გადმოცემის» გამოქვეყნება.
640-642 - ეგვიპტის დაპყრობა არაბების მიერ.
647 - არაბები ჩრდილო აფრიკაში.
648 - კონსტანტი მეორე აქვეყნებს «ტიპოსს».
655 - ბიზანტიელთა ფლოტის განადგურება ლიკიასთან.
მეშვიდე საუკუნის შუა წლები - აზიური «თემების» შექმნა.
668 - არაბები ქალკედონში.
673-678 - კონსტანტინოპოლს ალყაში აქცევენ არაბები.
679 - ბულგარელების დამკვიდრება დუნაის სამხრეთით.
680-681 - კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრება.
692 - იუსტინიანე მეორის დამარცხება არაბების მიერ სევასტოპოლთან.
697-698 - კართაგენის აღება არაბების მიერ და აფრიკის დაკარგვა.
708 - იუსტინიანეს დამარცხება ბულგარელების მიერ.
710 - იტალიის აჯანყება.
712-717 - არაბების წინსვლა მცირე აზიაში.
717-718 - კონსტანტინოპოლს ალყაში აქცევენ არაბები.
726 - ედიქტი ხატთთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ.
727 - აჯანყება საბერძნეთსა და იტალიაში.
739 - აკროინოსის ბრძოლა.
740 - «ეკლოგის» გამოქვეყნება.
751 - რავენის აღება ლანგობარდების მიერ.
752 - არაბების დამარცხება.
753 - ხატთმბრძოლთა საეკლესიო კრება ჰიერიაში.
754 - პიპინის საჩუქარი პაპისადმი. ბიზანტიური იტალიის დაკარგვა.
755 - ომი ბულგარელების წინააღმდეგ.
762 - ბულგარელების დამარცხება ანქიალოსთან.
765 - ხატთთაყვანისმცემელთა დევნა.
787 - ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრება.
797 - კონსტანტინე მეექვსის დამხობა ირინეს მიერ.
800 - დასავლეთ რომის იმპერიის აღდგენა.
809 - ბულგარელთა ხანის კრუმის შემოჭრა.
811 - იმპერატორ ნიკიფორეს დაღუპვა ბულგარელებთან ბრძოლაში.
813 - კრუმი კონსტანტინოპოლის გალავანთან.
815 - ხატთთაყვანისმცემელთა საეკლესიო კრება კონსტანტინოპოლში.
822 - თომას აჯანყება.
826 - კრეტის დაპყრობა არაბების მიერ.
827 - არაბები სიცილიაში.
832 - თეოფილეს ედიქტი ხატების წინააღმდეგ.
838 - ამორიონის აღება არაბების მიერ.
842 - მესინის აღება არაბების მიერ.
843 - კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრება და მართლმადიდებლობის აღდგენა.
858 - ეგნატეს დამხობა. ფოტიოსის არჩევა პატრიარქად.
863 - კირილესა და მეთოდეს მისია მორავიაში.
864 - ბულგარეთის მოქცევა ქრისტეს სჯულზე.
867 - კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრება. რომთან განხეთქილება.
869 - კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრება.
876 - ბარის აღება ბიზანტიელების მიერ.
878 - სირაკუზის აღება არაბების მიერ.
879 - კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრება.
887-893 - «ბასილიკების» გამოცემა.
893 - განხეთქილება ბიზანტიასა და ბულგარეთის მეფეს სიმეონს შორის.
902 - ტაორმინის აღება არაბების მიერ. სიცილიის დაკარგვა.
904 - თესალონიკის აღება არაბების მიერ.
915 - კარილიანოს ბრძოლა.
917 - ბულგარელების გამარჯვება ანქიალოსთან.
919 - რომანოზ ლეკაპენეს უზურპაცია.
924 - სიმეონი კონსტანტინოპოლის გალავანთან.
927 - სიმეონ მეფის სიკვდილი.
934 - მელიტენეს აღება ბიზანტიელების მიერ.
944 - ნისიბინისა და ედესის აღება.
944 - რომანოზ ლეკაპენეს დამხობა.
961 - კრეტის დაბრუნება ნიკიფორე ფოკას მიერ.
963 - ნიკიფორე ფოკას უზურპაცია.
965 - სიცილიის დაპყრობა.
967 - ომის განახლება ბულგარელებთან.
968 - რუსები ბულგარეთში.
968 - ანტიოქიის აღება.
969 ნიკიფორე ფოკას მკვლელობა.
971 - ბარდა ფოკას ამბოხება.
971 - რუსების დამარცხება სილისტრიაში. ბულგარეთის ანექსია.
976 - ციმისხიოსის ლაშქრობა სირიაში.
976-979 - ბარდა სკლიროსის ამბოხება.
977-986 - ბულგარელთა მეფის სამუელის წარმატება.
986 - ბერძნების დამარცხება «ტრაიანეს ბჭის» ხეობაში.
987-989 - ბარდა ფოკას ამბოხება.
989 - რუსეთის მოქცევა ქრისტეს სჯულზე.
995 - ბასილი მეორის ლაშქრობა სირიაში.
996 - ბულგარელების დამარცხება სპერქიოსზე.
998 - ლაშქრობა სირიაში.
1000-1014 - ბულგარელებთან ომი.
1010 - აჯანყება სამხრეთ იტალიაში.
1014 - ჩიმბალონგის ბრძოლა. სამუელ მეფის სიკვდილი.
1018 - ბულგარეთის დამორჩილება.
1018 - კანის ბრძოლა.
1021-1022 - სომხეთის ანექსია.
1032 - ედესის აღება ბერძნების მიერ.
1038 - გიორგი მანიაკის წარმატება სიცილიაში.
1040 - ბულგარეთის აჯანყება.
1042 - აჯანყება კონსტანტინოპოლში. მიხეილ მეხუთის დამხობა.
1043 - გიორგი მანიაკის ამბოხება.
1054 - პატრიარქი კერულარიოსი კავშირს წყვეტს რომთან.
1057 - ისააკ კომნინის ამბოხება.
1064 - ანისის აღება თურქ-სელჯუკების მიერ.
1071 - მანციკერტის ბრძოლა.
1071 - ბარის აღება ნორმანების მიერ და იტალიის დაკარგვა.
1078 - ვრიენიოსისა და ბოტანიატის ამბოხება.
1078 - ნიკეის აღება თურქების მიერ.
1081-1084 - რობერტ გვისკარის შეჭრა ეპიროსში.
1082 - ხელშეკრულების დადება ვენეციასთან.
1091 - პაჭანიკების განადგურება ლებურნიონზე.
1096 - ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში.
1097 - ნიკეის აღება ჯვაროსნების მიერ.
1107-1108 - ომი ბოემუნდის წინააღმდეგ.
1116 - ფილომელიონის ბრძოლა.
1122 - პაჭანიკების განადგურება.
1122-1126 - ომი ვენეციის წინააღმდეგ.
1124-1126 - უნგრეთში შეჭრა.
1137-1138 - იოანე კომნინის ლაშქრობა კილიკიასა და სირიაში.
1147 - მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა.
1147-1149 - ომი სიცილიის მეფესთან როჯერ II-სთან.
1151 - ბიზანტიელები ანკონაში.
1152-1154 - ომი უნგრეთის წინააღმდეგ.
1158 - მანუელ კომნინის ლაშქრობა სირიაში.
1168 - დალმაციის ანექსია.
1171 - განხეთქილება ვენეციასთან.
1176 - მირიოკეფალონის ბრძოლა.
1182 - ანდრონიკე კომნინის ამბოხება.
1185 - თესალონიკის აღება ნორმანების მიერ.
1185 - ვალახო-ბულგარეთის იმპერიის დაარსება.
1189 - ფრიდრიხ ბარბაროსა აღმოსავლეთში.
1190 - ისააკ ანგელოსის დამარცხება ბულგარელების მიერ.
1197-1207 - ბულგარეთის მეფე იოანიცე.
1204 - კონსტანტინოპოლის აღება ჯვაროსნების მიერ. კონსტანტინოპოლის ლათინური იმპერიის დაარსება.
1205 - ლათინების დამარცხება ანდრინოპოლთან.
1206 - თეოდორე ლასკარისის კურთხევა ნიკეის იმპერატორად.
1210 - რავენიკის სხდომა.
1222 - თესალონიკის დაბრუნება ეპიროსელი ბერძნების მიერ.
1230 - თესალონიკის ბერძნული იმპერიის განადგურება ბულგარელების მიერ.
1236 - ბერძნები და ბულგარელები კონსტანტინოპოლს უტევენ.
1244 - თესალონიკის სადესპოტო ნიკეის ვასალი ხდება.
1254 - ეპიროსის დესპოტის მიხეილის დამორჩილება.
1259 - პელაგონიის ბრძოლა.
1261 - ნიმფეონის ხელშეკრულება.
1261 - კონსტანტინოპოლის აღება ბერძნების მიერ.
1262 - ბიზანტიელები ხელახლა იკიდებენ ფეხს მორეაში.
1267-1272 - შარლ ანჟუელის წარმატება ეპიროსში.
1274 - ლიონის საეკლესიო კრება.
1281 - ბერატი ამარცხებს ანჟუელთა ლაშქარს.
1302-1311 - «დიდი კატალონური კომპანია» აღმოსავლეთში.
1311 - ბრძოლა კოპაის ტბასთან.
1326 - ბრუსის აღება თურქების მიერ.
1325-1328 - ორი ანდრონიკეს ომი.
1330 - ბულგარელების დამარცხება ველბუჯთან სერბიელების მიერ.
1340 - სერბიელების წარმატება ეპიროსში, თურქებისა - აზიაში.
1341 - იოანე კანტაკუზენის ამბოხება.
1342-1349 - ზელოტების ჯანყი თესალონიკეში.
1341-1351 - ჰესიხასტების მოძრაობა.
1345 - მაკედონიის დაპყრობა სტეფანე დუშანის მიერ.
1346 - სტეფანე დუშანის იმპერატორად კურთხევა უსკუბში.
1347 - კონსტანტინოპოლის აღება კანტაკუზენის მიერ.
1348 - მისტრის სადესპოტოს დაარსება.
1354 - თურქები გალიპოლიში.
1355 - სტეფანე დუშანის სიკვდილი.
1365 - თურქებს ანდრინოპოლში გადააქვთ თავიანთი სატახტო ქალაქი.
1371 - მარიცის ბრძოლა.
1373 - იოანე მეხუთე პალეოლოგი სულთანის ვასალი ხდება.
1376 - ანდრონიკე მეოთხის ამბოხება.
1389 - ბრძოლა კოსოვოს ველზე.
1390 - იოანე მეშვიდის ამბოხება.
1391 - ფილადელფიის აღება თურქების მიერ.
1396 - ჯვაროსნული ლაშქრობა ნიკოპოლში.
1397 - ბაიაზეთი კონსტანტინოპოლს უტევს.
1402 - ანგორის ბრძოლა.
1422 - თურქები ალყას არტყამენ კონსტანტინოპოლს.
1423 - თესალონიკის მიყიდვა ვენეციისათვის.
1423 - თურქების ლაშქრობა მორეაში.
1430 - თესალონიკის აღება თურქების მიერ.
1439 - ფლორენციის საეკლესიო კრება.
1444 - ვარნის ბრძოლა.
1446 - თურქების შეჭრა მორეაში.
1451 - მუჰამედ მეორის ტახტზე ასვლა.
1453, 29 მაისი - კონსტანტინოპოლის აღება თურქების მიერ.
შეგიძლიათ მასალის / სტატიის გადაყვანა და ჩამოტვირთვა PDF ფორმატში
Комментариев нет:
Отправить комментарий