пятница, 30 августа 2013 г.

რობოტი-სპორტსმენი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს


იაპონელმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა შექმნეს რობოტი-სპორტსმენი, რომლის ტვინი 100 ათას ხელოვნურ ნეირონს შეიცავს. რობოტს შეუძლია არა მარტო იმის გაკეთება, რაც პროგრამით არის გათვალისწინებული – თამაში, არამედ საკუთარი უნარების სრულყოფა, დახელოვნება და, შესაბამისად, სულ უფრო დიდი სპორტული წარმატების მიღწევა.

რობოტი ტოკიოს ელექტროკომუნიკაციის უნივერსიტეტისა და ოკინავას სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. რობოტი-ჰუმანოიდი სპეციალურად შექმნილ თამაშს – ბეისბოლისა და ჩოგბურთის ერგვარი ნარევი – თამაშობს. მისი ამოცანაა დიდი ჩოგნის მსგავსი სპორტული იარაღით სპეციალური ზარბაზნიდან გასროლილი ბურთების მოგერიება. ზოგჯერ რობოტი ბურთის მოგერიებას ვერ ახერხებს, მაგრამ ითვალისწინებს თავის შეცდომას საკუთარი ოსტატობის სრულყოფისათვის. სწორედ ეს განასხვავებს მას „უტვინო" ავტომატისაგან.
რობოტი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მუშაობს კომპანია Nvida-ს გრაფიკული პროცესორის (GPU) აპარატული ნაწილის საფუძველზე. გრაფიკული პროცესორი, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოსახულებას ამუშავებს, რობოტის ხელოვნურ ტვინში 100 ათასი ნეირონის მუშაობის იმიტაციას ახდენს. ეს საკმარისია მთელი რიგი მარტივი მოქმედების შესრულებისა და თვითსწავლისათვის.

იაპონური რობოტი-ჰუმანოიდი სპეციალურ თამაშს – ბეისბოლისა და ჩოგბურთის ერთგვარ ნაერთს – თამაშობს. მას შეუძლია თავისი ოსტატობის სრულყოფა და ბურთის უფრო ზუსტად და სწრაფად მოგერიება.

ხელოვნური ინტელექტის მუშაობის ალგორითმი შემდეგია: როცა რობოტი ბურთის მოგერიებას ვერ ახერხებს, ბურთი ხვდება რობოტის უკან გაჭიმულ ბადეში. ეს ბადე აღჭურვილია აქსელერომეტრით, რომელიც გადასცემს რობოტის ტვინს ბურთის ტრაექტორიის პარამეტრებს. ამ მონაცემების საფუძველზე რობოტი ახდენს საკუთარი მოძრაობის კორექტირებას და მომდევნო ბურთს უფრო ზუსტი იგერიებს. ამ სწავლების პროცესში რობოტი სულ უფრო სრულყოფილი ხდება და საბოლოო ჯამში ყველა ბურთის მოგერიებას ახერხებს. პრინციპულად შეიძლება აქსელერომეტრიანი ბადის ნაცვლად ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც იძლევა ბურთის ფრენის ტარექტორიის პარამეტრების განსაზღვრის საშუალებას მანამდე, სანამ ბურთი ბადეში აღმოჩნდება, ანუ მაშინ, როცა ბურთი ჯერ კიდევ ჰაერშია. ამ გზით შეიძლებოდა მთლიანად ავტონომიური რობოტის შექმნა, მაგრამ ავტორები, როგორც ჩანს, ამ მიზანს არ ისახავდნენ და პროექტი არ გაართულეს.
იაპონელ მეცნიერთა მიღწევა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. შექმნილია, ფაქტობრივად, ხელოვნური ნათხემი: თავის ტვინის სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს მოძრაობის სიზუსტესა და ნაირფეროვნებას. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ რობოტი-ავტომობილი, მაგალითად, ისწავლის შეტაკების თავიდან აცილებას და ა.შ. იაპონელებმა პირველად მოახერხეს ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელსაც შეუძლია თვითსრულყოფა და მუშაობა რეალური დროის რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ მეცნიერები გეგმავენ თავისი საწყისი კოდის გამოქვეყნებას. მათი აზრით, მათ მიერ შემუშავებული კოდისა და GPU-ის ხელმისაწვდომობის წყალობით შესაძლებელია „ჭკვიანი რობოტოტექნიკის" სფეროში პროგრესის მნიშვნელოვნად დაჩქარება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий