суббота, 11 апреля 2015 г.

ქრისტეს ცეცხლი – მათი სასწაული, „ვისაც ჭეშმარიტი რწმენა უპყრია“


საიდან გაჩნდა ცეცხლის გარდამოსვლის ტრადიცია, როგორი იყო მისი პირვანდელი ფორმა და აღქმა და რა არის ამ რიტუალის არსი; არის თუ არა ის სასწაული და რატომ იწონებენ ამით თავს მართლმადიდებლები – როგორც „ჭეშმარიტი რწმენის მიმდევარნი“.
გთავაზობთ თეოლოგ ბექა მინდიაშვილის წერილს, რომელიც მან „17 მაისისთვის“ მოამზადა.

ბექა მინდიაშვილი:
აღდგომა ღამით, იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის შესახებ ცნობა მერვე საუკუნიდან ჩნდება, თუმცა, მანამდე, საღვთისმსახურო ტრადიცია მუდმივად საუბრობდა აღდგომის რიტუალზე, როგორც ზეციური ნათლის მსახურებაზე – ოღონდ არა როგორც სასწაულებრივ მოვლენაზე.
როგორც ჩანს, მოგვიანებით, სწორედ ამ სააღდგომო იერუსალიმურმა რიტუალმა ტრანსფორმაცია განიცადა  და აღმოსავლელი ქრისტიანების ცნობიერებაში როგორც ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ წარმოდგენა, ზებუნებრივი მოვლენა, სასწაული დამკვიდრდა. ამ მოვლენისამდმი სკეპტიკურად არის განწყობილი კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უდიდესი უმრავლესობა, რომლებიც  რიტუალს არ ესწრებიან.
მინდიაშვილი-ბექა
ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი
არის თუ არა პრობლემა ქრისტიანისთვის აღდგომა ღამით ცეცხლის, ნათლის სიმბოლოს მსახურების აღიარება, როგორც სასწაულისა?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ „ზეციურ ცეცხლს“ ხედავს მხოლოდ და მხოლოდ იურუსალიმის პატრიარქი და მისი სიტყვებისა და პატიოსნების ამარა ვართ დარჩენილი. ჩვენ კი ვიცით, რომ პატრიარქებიც შეიძლება ცრუობდნენ და ათას სხვა ცოდვას სჩადიოდნენ.  ამგვარი უამრავი მაგალითი მოიპოვება. შორს რომ არ წავიდეთ, რად ღირს თუნდაც ამჟამინდელი იერუსალიმელი პატრიარქისა და მისი წინამორბედის დაუნდობელი დაპირისპირება, რა დროსაც ერთმანეთს ყველაფერი დააბრალეს, რაც კი შეიძლება კაცმა კაცს დააბრალო.
მეორე და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხი  უკავშირდება იმას, თუ რა შეიძლება იყოს მთავარი შეტყობინება, საზრისი ამ სასწაულად გამოცხადებული მოვლენისა.
ქრისტიანების რწმენა იმდენადაა რწმენა, რამდენადაც გვწამს, რომ ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო, შექმნა სიცოცხლე, უსულო და სულიერი არსებები, ქალი და კაცი, უბოძა მას საკუთარი თავისუფლება და სიყვარული, ბოლოს კი თავად გახდა ადამიანი – მოვიდა, რათა ემსახურა ჩვენთვის და საკუთარ სიცოხლეზე მთელი თავისი ძალაუფლება იმათ გადააბარა, ვინც აფურთხა, აგინა, ცემა, ჯვარს აცვა და მოკლა იგი.
ქრისტიანებს სწორედ ასეთი ღმერთი გვწამს და თავისთავად, ეს რწმენა სრულიად წარმოუდგენელი, არარაციონალური, როგორც ძველად ამბობდნენ, აბსურდული რამ არის,  – გამაოგნებელი სასწაული, რადგან შეუძლებელია, რომ ღმერთი ასეთი უმწეო იყოს, შეუძლებელია, ყოვლისშემძლე ლოგოსის უმთავრესი ხატი წელზე პირსახოცშემოხვეული, ადამიანების წინაშე ქედმოხრილი მესია იყოს, რომელიც ფეხებს ბანს თევზისსუნიან მოციქულებს.
ჩვენ გვწამს, რომ საცოდავად ჯვარცმული იესო ქრისტე მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგა, ხოლო წერა-კითხვის უმეცარმა მებადურებმა 2000 წლის წინ, ორ ყაჩაღთან ერთად ჯვარცმული პროვინციელი კაცის ეკლესია დააარსეს, რომელმაც სულ მოკლე ხანში იმპერია დაიპყრო და ცივილიზაცია შექმნა. ქრისტიანებს სწამთ იმ სასწაულის, რომლის თანახმადაც ღმერთი სიყვარულია, რომელიც ყოველკვირეულად თავის ნამდვილ სისხლსა და ხორცს პურითა და ღვინით გვაზიარებს.
თუკი ამგვარი არ არის რწმენა ქრისტესი, თუკი ამგვარად არ არის გაცნობიერებული ის, რაც იერუსალიმში 2000 წლის წინ მოხდა, მაშინ ქრისტიანობა არათუ სრულიად  ამაოა, არამედ, უდიდესი ბოროტების მომტანიც  – ასეთი ბოროტებაა ქრისტეს სახელით ძალადობა და ასეთივე ბოროტებაა სასწაულებით საკუთარი პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების მუდმივი კვება.
დავუკვირდეთ რას გვეუბნებინ ღვთაებრივი „ღვთაებრივი ცეცხლის“ მსახურნი.
ის შინაარსი, რომელიც სურთ, ზეციური ნათლის მსახურებისთვის სასწაულის სტატუსის მიწერის მეშვეობით გადმოგვცენ, საუკუნეების განმავლობაში, მხოლოდ სულის დამღუპველი ამპარტავნებისა და ქედმაღლობის წყაროა ჩვენთვის – მართლმადიდებლებისთვის.
ჩვენ ვქედმაღლობთ, რომ აი, ცეცხლია ნიშანი იმისა, რომ ერთადერთნი ვართ, ვისაც ჭეშმარიტი რწმენა უპყრია, რომ ეს ცეცხლი არის მართლმადიდებლური კალენდრის უტყუარობისა და საკრალურობის საფუძველთა საფუძველი, რომ აი, ვლადიმირ პუტინი და კირილ გუნდიაევი ჭეშმარიტი მეფე და პატრიარქი არიან, რადგან მართლმადიდებლურ იმპერიას ქმნიან და ეს გზა რომ დალოცვილია, ამას სწორედ აღდგომის ცეცხლი ადასტურებს, რომ აი, მხოლოდ ჩვენ, მართლმადიდებელი ცეცხლთაყვანისცემლები ვცხონდებით და სხვებს ჯოჯოხეთის კუპრი მოელის.
საბოლოოდ  კი, იმ ქრისტიანებს, ვისაც გაფეტიშებული აქვთ ცეცხლი, ეკლესია, პატრიარქი, ხატი და, თუნდაც, ქრისტეს საფლავი (რომელიც თურმე, ასევე, იმიტომაა მართლმადიდებლების საკუთრება, რომ ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია), სინამდვილეში, სწამთ სწორედ ცეცხლისა და საფლავისა, სწამთ მირონმდინარე ძვლებისა და სისხლმდინარე ხატებისა. ყოველივე ეს კი, მათ წარმოსახვაში, ღმერთსა და ადამიანზე საკუთარი შეხედულებების ჭეშმარიტების ბეჭედია, როგორც საიმედო, კომფორტული ლეგიტიმაცია დამღუპველი ამპარტავნებისა და სხვებისადმი შეუწყნარებლობისა.
ქრისტიანთა რწმენა არა თავისთავად ეს ფორმები, არამედ ისაა, რაც მხოლოდ ამ ფორმებით შეიძლება იყოს ნაუწყები, როგორც ნამდვილი სასწაული.
ქრისტიანებს გვწამს არა ქრისტეს საფლავი, არამედ გვწამს, რომ ის მესამე დღეს დაცარიელდა,  ჩვენ გვწამს არა მირონმდინარე ხატები,  არამედ ის, ვინც ამ ხატებზეა აღბეჭდილი, ჩვენ გვწამს არა ძვლები, არამედ ის, ვინც უსულო მატერიას სული და სიცოხლე შთაბერა, ჩვენ გვწამს არა იერუსალიმში გადმოსული ცეცხლი, არემედ, იესო ქრისტე – მარადიული ნათელი წუთისოფლისა, რომელიც ცეცხლივით ეკიდება თითოეული ადამინის დაცარიელებულ სულს და სიკვდილზე გამარჯვებას გვჩუქნის, როგორც ნადვილ, ზებუნებრივ, წარმოუდგენელ სასწაულს თითოეული ადამიანისთვის თავგანწირული სიყვარულისა და მარადისობისა.
ქრისტე აღსდგა!

წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий