ზელიმხან უძილაური
კარგა ხანია, გამოცემების რიცხვი 100-ს გადასცდა, მაგრამ გერმანულმა 'ბეკმა' გასულ წელს რუდოლფ ოტოს 'წმინდა', ერთხელაც გამოსცა, ამჯერად შევსებული რედაქცია, 2 ცნობილი თეოლოგის და ერთი ფილოსოფოსის ბოლოსიტყვაობით.
ე.წ. სისტემატური თეოლოგიის და რელიგიის ფენომენოლოგიის(რელიგიის მეცნიერების დომინირებადი განშტოება გას. საუკუნის 70-იან წლებამდე) კლასიკოსის 1917 წელს გამოცემული "Das Heilige" ადოლფ ჰარნაკმა თავიდანვე განსხივოსნების შხაპუნა წვიმას (Ein Schauer der Erleuchtung) შეადარა და შლაიერმახერის 1799 წელს გამოჩენილ წიგნის - "საუბრები რელიგიაზე" ბადალ მოვლენად აღიარა.
შლაიერმახერისა და ოტოს შორის ქმნილებებს შორის ღრმა კავშირი ჩვენთვისაც კი ცხადია და დროული განსხვავების 118 წელი თითქოს ერთი ნაბიჯია, რაც მათ უფრო აახლოვებს ერთმანეთთან, ვიდრე აშორიშორებს!
სწორედ ოტო იყო ის, ვინც 100 წლის თავზე ერთხელაც გამოსცა შლაიერმახერის ეპოქალური ქმნილება და იქვედართულ წინასიტყვაობაში უკვე ფეთქავდა იმ წიგნის გული, რაც თეოლოგიურ, რელიგიოლოგიურ თუ ზოგადად კულტუროლოგიურ დასავლეთს ახალ ეპოქალურ მოვლენად უნდა მოვლინებოდა; მოვლინებოდა, როგორც ცოცხალი გააზრება "ღვთაებრივ იდეაში ირაციონალურის და მის დამოკიდებულების შესახებ რაციონალურთან"...
რა გააკეთეს თავისი წიგნებით ჯერ შლაიერმახერმა და მერე ოტომ? შლაიერმახერმა რელიგია წარმატებულად დაიცვა როგორც კლერიკალური დოგმატიზმის, ასევე განმანათლებლური კრიტიკისგან. რელიგია მორალის ან მეტაფიზიკის ქვეშვერდომი კი არააო, არამედ უსასრულოს ჭვრეტა და განცდა, უსასრულოს გრძნობა და გემო... რელიგია მხოლოდ თავისი თავით თუ გაიგება, "რელიგიის არსი არც აზროვნებაა და არც ქმედება, არამედ ჭვრეტა და განცდა [...] რელიგიას სურს უნივერსუმის ჭვრეტა, მიყურადება..."
როცა რელიგიის ეს შლაიერმახერისეული აპოლოგია ფსევდონიმით გამოიცა, ბერლინის ქრისტიანულ ტაძრებში კანტი-კუნტად თუ დაიარებოდა მლოცველი, ხოლო სწავლულნი, რელიგიის 'არადჩამგდებნი' (Verächter) მის ჩქარეულ გადაშენებას წინასწარმეტყველებდნენ!...
მერე? რაც არ უნდა გასაოცარი უნდა იყოს, ფაქტია, რომ რელიგიას სიცოცხლე და რელიგიის კვლევას ინტერესი ამ წიგნმა უფრო მეტად შეუნარჩუნა, ვიდრე პრაქტიკული ღვთისმსახურების ყოვლისმომცველობამ და იმ ასობით მეთოდოლოგიურ-დოგმატურად გამართულმა თეოლოგიურმა დისერტაციებმა, რაც მაშინდელ აკადემიურ გერმანიაშიც უხვად იფრქვეოდა...
სწორედ 'საუბრები რელიგიაზე', 'წმინდა' და კიდევ მსგავსი თითო-ოროლა 'გარეშე' წიგნია რელიგიის, როგორც ცოცხალი მოვლენის და ცოცხალი მეცნიერული ინტერესის საგნის განმტკიცების წყარო და არა ეს უზარმაზარი რელიგიური ინსტიტუტები და თეორიული არმადა - ნორმატიული თეოლოგიები!...
და ეს ყველაზე უკეთ ისეთი ბუმბერაზული კალიბრის თეოლოგებმა იგრძნეს, როგორიც ადოლფ ჰარნაკი ან პაულ თილიხია... ამ უკანასკნელის თანახმად, ოტოს 'წმინდა' იყო 'გარდატეხა', 'განთავისუფლება'.
ოტოსეული კვლავგამოცემული წიგნის ბოლოსიტყვაობა ორივე დიდი ავტორის შესახებ გვამცნობს: "ორივე თავს აღიქვამდნენ და (სხვებისგანაც) გაგებულ იქნენ, როგორც რელიგიის ხელახლააღმომჩენები. საუბრები და წმინდა მათ ავტორებს შეაძლებინებს არა მტკიცე არგუმენტაციის და ურყევი მეთოდოლოგიის გზით მიაღწიონ სახელმოხვეჭილებას , არამედ ოდენ მათში მქროლავი სული(Geist) და ენობრივი განსახიერებაა ის, რა გზითაც შლაიერმახერმა და ოტომ რელიგიის გაგებას წარუშლელი კვალი დააჩნიეს".
ოტოს თანახმად, ნუმინოზური, ქმნილების განცდა, Mysterium tremendum, ყოველგვარი რელიგიის და რელიგიურობის ძირითადი ელემენტია. რელიგია = SUI GENERIS და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ორივე წიგნმა რელიგიას უნივერსალური საფუძვლები მოუძებნა და ორივე ავტორმა რელიგიაც ზოგადად და ქრისტიანობა კერძოდ, ხელახლა აღმოაჩინეს.
დღეს კი რა ხდება, ჩვენთან და ახლა? რელიგიის უნივერსალურ საფუძვლებს არავინ დაეძებს, აქ ყველაფერი ნარცისულ ნიუანსობრივ განსხავავებულობას ემყარება. თვით მართლმადიდებლურ დაჯგუფებებს შორისაც კი დიდი ომია გაჩაღებული და თითოეული ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის დაწესების ფანდს ჩასჭიდებია. ამ მონოპოლიის განსამტკიცებლად ერთმანეთის 'ერეტიკოსობას' ამტკიცებენ და არგუმენტებად ზოგადი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ისეთი ციტატები მოყავთ,- მაგ. 'სჯულის კანონიდან' ან 'კრებებიდან', - რომ ჭეშმარიტ ჯიჰადისტსაც კი შეშურდება. ეს ერთი, რადიკალ-კონსერვატორული მხარე, მორწმუნე უმრავლესობისგან ატაცებული და გაზიარებული.
ახლა მეორე: საპატრიარქოს კრიტიკა რომ გაისმის თავისუფალი და ლიბერალური თეოლოგიის მხრიდან, ეს კარგია, მაგრამ პატრიარ-ქალური გადაცდომები რომ 'ძველ აღთქმად' ან 'წარმართობად' ანუ რაღაც ნაკლები ხარისხის რელიგიურობად განქიქდება, მოწმობს იმას, რომ მთლიანობაში რელიგია, როგორც საკრალურის უნივერსალური მანიფესტაცია, 'ჩემის' და 'შენის', მეტ-ნაკლებობის გარეშე, ჯერაც თავის აღმომჩენს და ნამდვილ ქართულ წიგნს, თუნდაც წერილს რელიგიაზე, ჯერაც სულმოუთქმელად ელის...
რელიგიას და ქრისტიანობას აღმოჩენა სჭირდება. ის თავის ნამდვილ მოდალობაში ჩვენთან, აქ და აწ ჯერ სახეზე არაა..
Комментариев нет:
Отправить комментарий