пятница, 3 апреля 2015 г.

მამა პეტრე: აქლემის ყუნწში გაჭედილი უპოვარი




გაუგზავნელი წერილი
ძალიან დამძიმებული ვარ. ყველასთან ვერ ვიტყოდი, არც კამათის თავი მაქვს და არც გარჩევების. არაფრის მომცემია, იმის მოსმენა, სუბიექტური მიდგომებით როგორ ამართლებენ მცდარ შეხედულებებს. მადლობა უფალს, რომელიც ყველას და ყველაფერს ხედავს. ერთხელაც იქნება და დამთავრდება ეს მასკარადი. 

ყოველდღიურად უამრავი წერილი მომდის. ზოგის წაკითხვას ვასწრებ, უმეტესად უპასუხოდ მრჩება, მაგრამ რაც დღეს წავიკითხე, გამანადგურა. პირადშიც მოუწერია და კედელზეც დაუდია... უცვლელად მოვიყვან და თავად განსაჯე:
,,არ ვიცი, როგორ დავიწყო და რომც დავიწყო, შევძლებ კი ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა?! ვნერვიულობ, მაგრამ გადავწყვიტე გული დავიცალო. არც გაბრაზებული ვარ, არც განვიკითხავ, უბრალოდ, ვიღაცასთან მაინც უნდა მეთქვა... ყოველთვის მინდოდა ტაძარში მევლო და მოძღვარიც მყოლოდა. ერთხელ მეგობარმა, რომელიც ქალაქიდან შორს დადიოდა წირვის დასასწრებად, მეც წამიყვანა. მთელი ორი საათი, მიწას ავცდი და ღრუბლებში დავცურავდი. უმიზეზოდ მიხაროდა, ( მიზეზი კი არსებობდა, ოღონდ სახელს ვერ ვარქმევდი) ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მომერიდა ხალხში ტირილის, გარეთ გავედი და იესოს ათასჯერ მადლობას ვუხდიდი. მეგობარმა მოძღვარიც გამაცნო, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმომედგინა. მშვიდი, მოსიყვარულე, თავმდაბალი, თავაზიანი. საუბრის დროს თავს ძირს ხრიდა. ვუთხარი, რომ უდედობას განვიცდი, რომ მარხვა უნდა დავიცვა და აღსარებისთვისაც მოვემზადო. კურთხევაც ავიღე. მას მერე მეგობარს ყიველთვის დავყავდი, როცა მიდიოდა. ხშირად ისიც ვერ ახერხებდა, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მივლინებით დადიოდა უცხოეთში. მე კი ვივლიდი, უსაქმურად ვიყავი, მაგრამ გზის ფული მიჭირდა. მამაოს წერილებს ვწერდი-ვებოდიშებოდი, ჩამოუსვლელობის გამო. რა თქმა უნდა, პასუხს არც ველოდი. ჩემთვის მთავარი სიტუაციის გაგებინება იყო. მერე დარეკვები გადავწყვიტე, არ იღებდა. ალბათ წირვაზე ან ლოცვაზე იდგა, იქნებ ნათლობაზე. მოკლედ, იმდენი ,,იქნებ" გამიჩნდა, თავს შევატყვე, რომ მეწყინასავით. თუ ზარზე ვერ მიპასუხა, მერე მაინც გადმოერეკა, ნუთუ, ღმერთისთვისაც ზედმეტი ვარ მეთქი... ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, შეიძლება დასარეკი არ აქვს და როგორ გადმომირეკავდა. არც ჩემი მეგობარი ჩანდა, სულ მოგზაურობაში იყო. მე კი გაგიჟებული სამსახურს დავეძებდი. როგორც იქნა ერთ-ერთ კაფეში მიმტანად ამიყვანეს. პირველივე ხელფასით მამაოს ტელეფონზე ფული ჩავურიცხე, იღონდ არ მიმიწერია, რომ მე ვიყავი. ახლა კი დარწმუნებით ვიცოდი, რომ ბალანსი შევსებული ჰქონდა და დამირეკავდა, მაგრამ...
ამ აზრთა ჭიდილში გამოჩნდა ჩემი მეგობარიც. მასთან ვთქვი ჩემი განცდები. თვითონ გადარეკა და პირველივე ზარზე უპასუხა. ადგილზე გარდავიცვალე. მამშვიდებდა გვერდით მყოფი, მაგრამ ამაოდ. მაპატიეთ, არ მინდა ვიფიქრო, იქაც შეძლებულები რომ სჭირდებათ. მაშინ სად არის ჩემნაირების  ადგილი?! დრო წაგართვით, მაგრამ აუცულებლად უნდა მეთქვა"...
მეც იგივე კითხვა მაქვს-სად არის უპოვართა, ობოლთა, უქონელთა ადგილი, თუ არა ქრისტეში?! მდიდრები და შეძლებულები ერშიც და ბერშიც პრივილეგიებით სარგებლობენ?! ნუთუ ასე ადვილად გაძვრა აქლემი ნემსის ყუნწში?! ყველას ნუ მოსთხოვთ, ურყევი რწმენა ჰქონდეს. მოციქულებიც რაღაც პერიოდი ეჭვის თვალით უყურებდნენ მაცხოვარს და იმ გოგონას რა უნდა მოვკითხოთ, პირველად რომ შეაღო ტაძრის კარი?!   მოგვხედე, იესო...

მამა პეტრე კვარაცხელია





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий