ანრი კრუზელი
ანრი კრუზელი 20-ე საუკუნის ცნობილი ფრანგი თეოლოგია, იეზუიტთა ორდენის წარმომადგენელი. იგი პატრისტიკული ლიტერატურის მკვლევარია და ორიგენეს შემოქმედების საუკეთესო მცოდნე. თუ რა არის მეცნიერება, რომელსაც იგი ემსახურება, ანრი კრუზელმა ნათლად განმარტა სტატიაში „პატროლოგია და პატრისტიკული კვლევის განახლება“, რომლის შემოკლებულ თარგმანს ვთავაზობთ მკითხველს. სტატიიდან ცხადია, რომ ანრი კრუზელისთვის პატროლოგია ისტორიული მეცნიერებაა და არა თეოლოგიის ნაწილი. საზოგადოდ პატრისტიკის კვლევის რამდენიმე მეთოდი გამოიყოფა: 1. „დოგმატურისტორიული“, რომლის წარმომადგენლები (ო. ბარდენ-ჰევერი, ი. ქვასტენი, ბ. ალტანერი) ეკლესიის მამათა შრომებს, ძირითადად, თანამედროვე დოგმატური საკითხების გარკვევისა და გაღრმავებისთვის მიმართავდნენ. 2. „წმინდა ისტორიული“, რომელსაც უახლესი დროის პატროლოგთა უმეტესობა იზიარებს. ესაა პატრისტიკული ლიტერატურისადმი მეტ- ნაკლებად ნეიტრალური, კრიტიკულ-ისტორიული მიდგომა. 3. ე. წ. „თეოლოგიურფენომენოლოგიური“ - ჰანს ურს ფონ ბალთაზარის მეთოდი, რომელიც პირველ ორს აერთიანებს და მათზე ამაღლებულია. იგი „თეოლოგიურია“, რამდენადაც ძველი ავტორების კვლევით თავად ბალთაზარის თეოლოგიურ პოზიციას გამოხატავს და ქრისტესადმი - სამყაროს პირველი და უკანასკნელი ონტოლოგიური პრინციპისადმი, რომელთანაც ყოველი ადამიანი, მათ შორის არაქრისტიანიც, გარკვეულ მიმართებაშია, - ცალკეული წმ. მამის მიმართებას ავლენს, რაც იმავე დროს მათი შინაგანი მეობის გამოვლენაცაა. „ფენომენოლოგიური“ კი ეს მეთოდი იმიტომაა, რომ იგი ცდილობს „დაუინტერესებლად“ ჩასწვდეს საკვლევი ავტორის პიროვნებასა და მსოფლმხედველობას - მის სულს (გერმ. Gestalt). ისტორიული ცოდნა ძველი ავტორების შესახებ არასრულყოფილია და მხოლოდ მისი ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილი Gestaltic მთლიანი ვერ იქნება. ბალათაზარისეული მეთოდი ცალკეული მონაცემების ერთ ამოსავალ წერტილზე - გარკვეულწილად ინტუიციურად განჭვრეტილ Gestalt-ზე სინთეზირებას გულისხმობს1.
ანრი კრუზელი, პატროლოგიის მისეულ განმარტებას თუ გავითვალისწინებთ, ისტორიულ - კრიტიკული მეთოდის მომხრედ გვევლინება2.მაგრამ იგი დიდი თეოლოგია და მისი პოზიცია მრავალპლანიანია. ანრი კრუზელი ეკლესიის მამათა შემოქმედების თანამედროვეობისთვის მნიშვნელობას ცხადყოფს და, თეოლოგიის პრიორიტეტის ხაზგასმით, პატროლოგიისთვის სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ტექსტოლოგია, ეპიგრაფიკა და სხვა) ცოდნის აუცილებლობასაც მიუთითებს. ვისაც მისი სპეციალური პატროლოგიური შრომები, მათ შორის ორიგენეს შემოქმედების სკრუპულოზური გამოკვლევები წაუკითხავს, დარწმუნდებოდა, რომ ანრი კრუზელს Gestalt-ის წვდომის საოცარი ნიჭიც აქვს.
პატროლოგიასა თუ პატრისტიკას სავსებით დამაკმაყოფილებელი განსაზღვრება ჯერაც არ შეუძენიათ. ამ ორ სიტყვას ზოგჯერ განასხვავებენ, მაგრამ საერთო ხმარების შედეგად ისინი პრაქტიკულად ერთმნიშვნელოვანნი გახდნენ. ეტიმოლოგიურად ისინი ეკლესიის მამათა შესახებ მეცნიერებას აღნიშნავენ, ე. ი. ქრისტიანული წარსულის იმ მწერალთა შესახებ, რომლებიც წმინდანობის, მართლმორწმუნეობისა და ეკლესიის მიერ საყოველთაოდ აღიარების საფუძველზე თავისი რწმენის ავტორიტეტულ მოწმეებად მიიჩნევიან. ოღონდ მათ ის მართლმორწმუნე ავტორებიც უნდა მივათვალოთ, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო ასეთი აღიარება არ მოუპოვებიათ, და თავად ჰეტეროდოქსებიც, რომელთა ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული მართლმორწმუნეთა ისტორიასთან: ისინიც, პოზიტიურად თუ ნეგატიურად, რწმენის მოწმეები არიან.
ამრიგად, ჩვენ პატროლოგიას განვსაზღვრავთ როგორც მეცნიერებას, რომელიც ძველ ქრისტიანულ ლიტერატურას ისტორიულად იკვლევს. ამიტომ იგი ისტორიული მეცნიერებაა და არა თეოლოგიისნაწილი, თუმცა მას დიდ სამსახურს უწევს და პატროლოგი თეოლოგიურ ცოდნას უთუოდ უნდა ფლობდეს. პატროლოგია დოგმატთა დამტკიცების მიზნით ტექს-ტების ურთიერთშეჯერება არ არის. ასეთი საქმია-ნობისთვის პატროლოგს მკაცრი განაჩენი გამოაქვს, რადგან მისი აზრით იგი სერიოზულად მისაღები არ არის. როცა მთლიან შემოქმედებას, ავტორის ნააზრევს, მის თანამედროვე შეხედულებებსა და გამოხატვის ფორმებს ერთ რომელიმე მონაკვეთს მოვგლეჯთ, მაშინ შეიძლება მასში სწორედ იმის საპირისპირო მნიშვნელობა ჩავდოთ, რომელსაც იგი სინამდვილეში გამოხატავს, რასაც სახელმძღვანელოთა კითხვა ხშირად ადასტურებს კიდეც. ერთ ტექსტს შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტი გამოხატოს, რომელსაც სხვა ტექსტები სრულყოფენ ან შეასწორებენ. მართლმორწმუნეობის კრიტერიუმებს თეოლოგია იმ ეპოქებისთვის ადგენს, როცა რწმენის კანონი ზოგ საკითხში ნაკლებად ზუსტი იყო, ვიდრე დღეს. არაისტორიკოსმა თეოლოგმა ძველი ქრისტიანი ავტორების მოძღვრება შეიძლება დამახინჯებულად გადმოსცეს, თუკი მას თანამედროვე თეოლოგიის კატეგორიებით გამოხატავს, რომელიც ძველი ავტორების აზროვნების წესებისგან განსხვავებულია, რამდენადაც ისინი სქოლასტიკის ლოგიკას ან თანამედროვე თეოლოგიას შეესატყვისება. ან კიდევ შეიძლება - რაც ისტორიის მიმართ დიდი ცოდვა იქნებოდა - მან ძველ ავტორებთან იმ პრობლემებზე ეძიოს პასუხი, რომლებიც მხოლოდ მოგვიანებით დაისვა.
ამგვარად, პატროლოგია შეიძლება მხოლოდ ისტორიული მეცნიერება იყოს, რომელიც ქვემოაღწერილ სამუშაოთა საფუძველზე ცდილობს რაც შეიძლება ზუსტად გადმოსცეს ამა თუ იმ ავტორისა თუ ეპოქის ნააზრევი. პატროლოგიის ამოცანა არ არის მართლმორწმუნეობისთვის საბუთების გაცემა ან მსჯავრის გამოტანა, არამედ მან ის უნდა დაადგინოს, რაც იყო. ამიტომაა შესაძლებელი სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფის ერთად მუშაობა. ამით იმას არ ვგულისხმობთ, რომ პატროლოგების დასკვნები მათი კონფესიის, ისევე როგორც მათი ინტელექტუალური ტემპერამენტის ან ნაციონალური კულტურის გავლენას არ განიცდიდნენ. ისტორიკოსი დოკუმენტების შეკრებით არ კმაყოფილდება, იგი მათ ხელახლა ანიჭებს სიცოცხლეს: იგი ცდილობს თავისი მენტალიტეტით იმ ავტორის მსოფლმხედველობაში შეაღწიოს, რომელსაც სწავლობს. ამიტომ გასაგებია, რომ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს, ერთნაირი სამეცნიერო სიმკაცრის მიუხედავად, საკმაოდ განსხვავებული დასკვნები გამოაქვთ.
ასე რომ პატროლოგიის საგანი არის ძველი ქრისტიანული ლიტერატურა, სადაც „ლიტერატურა“ უფართოესი მნიშვნელობით უნდა იყოს გაგებული, ე. ი. იგი არა მარტო სპეციალობით ლიტერატორ ავტორებს გულისხმობს ან გარკვეული ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაწარმოებს, არამედ ჩვენამდე მოღწეულ ქრისტიანული წარსულის ყველა წერილობით დოკუმენტს, ხელმოწერილს, ანონიმურსა თუ ფსევდონიმურს.
პატრისტიკული ლიტერატურა მოციქულთა დროის დასასრულით იწყება. ახალი აღქმის შესწავლა პატროლოგთა საქმე კი არაა, არამედ ეგზეგეტებისა. ამის იქით საზღვრები ნათელია. მაგრამ არის სფერო, სადაც ორივე დისციპლინა თანხვდება: ის გამოყენება, რომელიც წმ. წერილმა ძველ ავტორებთან ჰპოვა, წმ. წერილის ტექსტი, რომელსაც ისინი დაეყრდნენ, განმარტება, რომელიც მას მიანიჭეს. უფრო ძნელია და ხელოვნური terminus ad quem-ის განსაზღვრა, რომელიც პატროლოგს აღმოსავლეთთან მიმართებაში ბიზანტინისტისგან, ხოლო დასავლეთთან მიმართებაში მედიევისტისგან მიჯნავს; სხვადასხვა კრიტერიუმი იყო შემოთავაზებული, ყველა საკამათოა. აღმოსავლეთის საეკლესიო ლიტერატურაში მკვეთრი ზღვარი არ არის, ხოლო დასავლეთში გვიანშუასაუკუნეების ავტორები პატრისტიკულ თეოლოგიას არისტოტელური ფილოსოფიის შემოსვლამდე მისდევდნენ. ასე რომ დავრჩეთ იმ საზოგადოდ მიღებულ აზრზე, რომ ისიდორე სევილიელი ლათინელ მამათა შორის უკანასკნელია, ხოლო იოანე დამასკელი უკანასკნელი ბერძენი მამაა.
[...] თეოლოგები ეკლესიის მამათა ნაწერებს იყენებენ, ოღონდ სინამდვილეში მათ თავისთავად არ სწავლობენ. მეთექვსმეტე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის შუაწლებს შორის უამრავი გამოცემა გამოჩნდა, რომლებიც სულ უფრო და უფრო კრიტიკული იყო. [...] მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ცოტას ნიშნავდა იმ დიდი აღმავლობის წინაშე, რომელიც პატროლოგიამ დაახლოებით 1850 წლიდან მოყოლებული უწყვეტი განვითარების პროცესში განიცადა. [...]
ეს განვითარება ისტორიული კვლევის დღევანდელ აყვავებას თანხვდება. იგი სარგებლობს მისი მკაცრი მეთოდებით, სრულყოფილი სამუშაო ინსტრუმენტებით, ისტორიკოსის ნამდვილი მენტალიტეტის ფორმირებით. იგი მთელ ფილოლოგიურ ნამუშევარსაც იყენებს, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნიდან სრულდება. დიდხანს არ სურდათ ფილოლოგებს საეკლესიო ავტორთა ენის შესწავლა, რადგან იგი, მათი აზრით, წახდენილი და დეკადენტური იყო, და კლასიკური ეპოქის წარმართ ავტორებში ჩაღრმავებას ამჯობიდნებდნენ. ახალ დროში ეს მეტისმეტად ვიწრო შეხედულება გადაილახა; ფილოლოგებმა მზერა საეკლესიო მამებსაც მიაპყრეს, რომლებმაც მათ კვლევას თითქმის დაუმუშავებელი მასალა მიაწოდეს. ფილოსოფიის ისტორიკოსებთან ერთად, რომლებიც ეკლესიის მამებთან ბერძნული აზროვნების თემათა განვითარებას ჰპოვებენ, ფილოლოგებმაც ძლიერ წინ წაიწიეს პატრისტიკის სფეროში, რაც დღემდე თითქმის მთლიანად თეოლოგიური განათლების მქონე პატროლოგთა საქმე იყო. ასე მოხდა პატროლოგიის განკლერიკალება. რამდენადაც კვლევის ასეთი გაფართოება მისასალმებელია, რადგან იგი საშუალებას აძლევს პატროლოგიას კვლევის ის ხერხებიც გამოიყენოს, რომლებიც თეოლოგებსა და მათ დისციპლინას ჩვეულებრივ არ მიუღია, - იმდენადვე იგი თავისთავში საფრთხესაც შეიცავს, არცთუ ისე ქიმერულს. პატროლოგი, რომელსაც აუცილებელი თეოლოგიური განათლება არ გააჩნია, "საეკლესიო ადამიანის" მენტალიტეტს შეიძლება ვერ ჩასწვდეს, ადამიანისა, რომელიც ბიბლიით ცხოვრობს, ყალიბდება თავისი სულიერი ცხოვრებით, ასკეზითა და ლოცვით, და თავისი სამოციქულო ამოცანებით არის ორიენტირებული. აქედან სავალალო შეუსაბამობები წარმოიქმნება: მკვლევარს წარმოდგენა არა აქვს იმ მიზანზე, რომლისკენაც მამები ისწრაფოდნენ, იგი ელინისტურ გავლენებს აზვიადებს და, საბოლოო ჯამში, ვერ სწვდება იმ ცვლილებას, რომელიც ბერძნული ფილოსოფიის მოძღვრებებმა და ლექსიკამ ქრისტიანულ პერსპექტივაში განიცადა. ამიტომ პატრისტიკული კვლევის წინსვლისთვის განსაკუთრებით სასურველია, რომ თეოლოგებმა და ფილოლოგებმა ერთად იმუშაონ. ფილოლოგს წვლილად შემოაქვს თავისი მეთოდების სიზუსტე, თეოლოგს კი ის გაგება, რომელსაც მას დროისა და სივრცის დისტანციებს მიღმა ცხოვრების ის წესი არგუნებს, რომელიც მის მიერ საკვლევ ავტორს შეესატყვისება. ოღონდ ეს თანამშრომლობა ფილოლოგებისგან გარკვეულ თეოლოგიურ განათლებას მოითხოვს, ხოლო თეოლოგებისგან - ფილოლოგიურს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუნჯების დიალოგი გამოვა.
პატროლოგიის ამოცანა.
რა სამუშაოს ეწევა პატროლოგია და მისი დამხმარე დისციპლინები? [...] საქმე ის არის, რომ ნაწერები, რომლებთანაც პატროლოგს აქვს საქმე, სხვადასხვა ენაზე არსებობენ: ბერძნულად და ლათინურად, აგრეთვე სხვადასხვა აღმოსავლურ ენაზე: სირიულად, კოპტურად, სომხურად, ქართულად, ეთიოპურად, ძველ სლავურად და ა. შ. ამ აღმოსავლურ ენებზე, ცალკეულ საკუთარ ავტორთა ნაწერების გვერდით, არსებობდა ბერძნული შრომების მრავალრიცხოვანი თარგმანები, რომლებიც ზოგჯერ დაკარგული ორიგინალის ერთადერთი გამომხატველნი არიან.
უპირველესი ამოცანა ტექსტის გამოცემაა. ხელნაწერები ხშირად სხვაობენ. მათი წარმომავლობის აღდგენაა საჭირო, რადგან ზოგჯერ ერთი ჯგუფის ხელნაწერები სხვადასხვა ასლს წარმოადგენენ ან კიდევ საერთო, დაკარგულ ტექსტზე დაიყვანებიან. სავარაუდოა, რომ უძველესი ტექსტი ყველაზე სწორიც იყოს, თუკი არ აღმოჩნდა უფრო გვიანდელი ხელნაწერი, რომელიც კრიტიკული განხილვის შედეგად შეიქმნა და მიზნად შეცდომათა შესწორებას ისახავდა. სხვადასხვა მონაცემის შეჯერებით შესაძლებელი ხდება სავარაუდოდ თავდაპირველი ტექსტის წარმოჩენა, ხოლო ვარიანტები შენიშვნებში აღინუსხება. გასათვალისწინებელია ძველი თარგმანებიც მას მერე, რაც მათი წარმომავლობის დროს დავადგენთ და შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ზუსტია თარგმანი, რადგან არაა გამორიცხული, რომ მთარგმნელს გარკვეული სამოძღვრო ტენდენციის საფუძველზე ტექსტი დაემახინჯებინა. როცა სხვადასხვა წაკითხვას შორის სამერყეოდ გვაქვს საქმე, გადამწყვეტი შეიძლება ძველი ვერსია იყოს და იგი ორიგინალის ნაკლოვანი ადგილების შევსებასაც მოემსახურება. საინტერესო განმარტებებს წააწყდება მკვლევარი გვიანდელ ავტორებთანაც, რომლებიც მოცემული ტექსტის შესახებ მსჯელობენ და მის ციტირებას ახდენენ. განსაკუთრებით საინტერესოა ფრაგმენტები, რომლებსაც ეგზეგეტური კატენები შეიცავენ. ეგზეგეტური კატენები სხვადსხვა ავტორის რჩეულ ადგილთა კრებულს ეწოდება, რომლებიც ერთი ტექსტის გარშემო ჯგუფდება და რომელსაც ისინი მუხლობრივად განმარტავენ. ამ სახის მრავალი კომპილაცია გვაქვს, რომლებიც ქრისტიანული ანტიკურობის ბოლოს ან შუა საუკუნეებში შეიქმნა.
ყველა ამ ელემენტის გათვალისწინება კრიტიკული პრობლემის წინაშე გვაყენებს. შეიძლება თუ არა ბრმად მივენდოთ გვიანდელი ავტორის განსჯას, რომელიც, როგორც წესი, ისტორიკოსობას მიზნად არ ისახავდა და უფრო ადრეული ხანის მწერალს საკუთარი იდეებისა და თავისი დროის მოთხოვნილებათა თვალთახედვით განსჯიდა? სიტყვასიტყვით ახდენს იგი ციტირებას თუ თავის მეხსიერებაზე დაყრდნობით? ტექსტის დაქუცმაცება მის იერსახეს ხომ არა ცვლის? ეგზეგეტური კატენები სხვა პრობლემებსაც სახავენ. უდაო არაა, რომ რაღაც ფრაგმენტი, მართლაც, იმ ავტორის მიერ იყოს შექმნილი, რომელსაც იგი მიეწერება: ერთი და იგივე ტექსტი კი ზოგჯერ ორ ავტორს მიეწერება. არც შეცდომაა გამორიცხული. ისეც მომხდარა, რომ აღტაცებულმა მკითხველმა, რომელსაც ჩვევად ჰქონდა თავისი შენიშვნები წიგნის მარგინალიებზე აღენიშნა, მიაწერა ასოები ωρ, რაც ώραίου-ს (=შესანიშნავი) ნიშნავს, ხოლო შემდგომმა გადამწერმა ამაში ორიგენეს სახელი ამოიკითხა. არც ისაა იშვიათი, რომ მკითხველის მარგინალური შენიშვნები ტექსტში შეაქვთ. და ბოლოს, კატენების ავტორი უმეტესწილად სიტყვასიტყვით ციტირებას არ ახდენს, რადგან მას ტექსტი მეტისმეტად გრძლად ეჩვენება: იგი დედაარსს ინარჩუნებს, ხოლო ტექსტს ამოკლებს ან თავისებურად გადმოსცემს. ასე რომ ტექსტის აღდგენა საფუძვლიან კრიტიკულ სამუშაოს მოითხოვს. საბოლოოდ, გამომცემელმა საძიებელი უნდა შეადგინოს, რომელიც თანამედროვე გამოცემებს ღირებულ სამუშაო იარაღად აქცევენ: წმ. წერილიდან ან წარმართული წიგნებიდან ციტატების საძიებელი, პირთა და ადგილთა საძიებელი, უპირველეს ყოვლისა კი, ხმარებულ სიტყვათა ინდექსი იმ ადგილთა მითითებით, სადაც ისინი გვხვდება. ეს უკანასკნელი სრულიად აუცილებელია იმისთვის, ვისაც ავტორის ლექსიკონისა და ზუსტი მნიშვნელობის ზედმიწევნით სწორად დადგენა სურს.
სხვადასხვა ბიბლიოთეკის, სახელდობრ, აღმოსავლეთის მონასტრების ხელნაწერთა ფონდების მეთოდური კვლევის შედეგად მეოცე სუკუნეში უამრავი ხელნაწერი აღმოჩნდა. მაგრამ ამ სამუშაოს დასრულებამდე ჯერ შორია. მან შესაძლებელი გახადა უკვე ცნობილი თხზულებების ტექსტების გაუმჯობესება და ახალი ტექსტების აღმოჩენა ორიგინალისა თუ თარგმანის სახით. [...]
გასულ საუკუნეში უკვე მომზადებული იყო უამრავი, სავსებით აღიარების ღირსი გამოცემები, რომლებიც აბატ მინმა შემდგომი თავის „პატროლოგიებში“ ხელახლა გამოსცა. ბერძნული და ლათინური პატროლოგიები დღესაც აუცილებებლია მრავალი ავტორის შესწავლისათვის. მაგრამ დღევანდელი კრიტიკული მოთხოვნილებებისა და იმ საშუალებების პირობებში, რომლებიც გამომცემლებს აქვთ, სამუშაო სულ უფრო მასშტაბური ხდება. თუ გვსურს ძველი ქრისტიანული თხზულებები უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ, ამისთვის ისინი თანამედროვე ენებზე უნდა ვთარგმნოთ. მეთექვსმეტედან მეთვრამეტე საუკუნემდე მრავალი ბერძნულ და აღმოსავლურ ენაზე არსებული თხზულება ლათინურად ითარგმნა და მინის „ბერძნულ პატროლოგიაში“ ეს თარგმანები ბერძნული ტექსტის პარალელურადაა მოცემული. თანამედროვე თარგმანები, რომლებიც მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში ჯერ იშვიათი იყო, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში უფრო მრავალრიცხოვანი გახდა. [...]
ტექსტის კრიტიკის ზოგიერთი სხვა ამოცანაც დგება პატროლოგის წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ატრიბუციის პრობლემა. ანონიმური ნაწარმოების შექმნის ადგილი და დროა დასადგენი, თუკი ავტორი არა დგინდება. ხშირად თხზულებები ცრუ სახელით მიმოიქცევიან; ძველი ეკლესიის ყოველ დიდ მწერალს თანა სდევს აპოკრიფთა უთვალავი რაოდენობა, რომელთაგანაც ეს ავტორი უნდა გავათავისუფლოთ, რომ მისი შესწავლის შესაძლებლობა მოგვეცეს. ზოგჯერ ერთი ნაშრომი ჩვენამდე სხვადასხვა ავტორის სახელით აღწევს. ეს ფსევდონიმია ხან შემთხვევითია, ხან კი განზრახული - საკმაოდ უცნაური ფენომენია იმ დროისა, როცა ლიტერატურული საკუთრების ცნება ჯერ არ არსებობდა. მწვალებლობაში ეჭვმიტანილი ავტორის ნაშრომთა გადასარჩენად ისინი სხვა ავტორს მიეწერება. ზოგჯერ ავტორი თავისთავს სხვა ავტორის სახელს უკან მალავს, როცა თავმდაბლობის გამო სურს უცნობი დარჩეს, ან მწვალებლური ტენდენციის თხზულება ცნობილ სახელს ამოაფაროს. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს ცრუ მიწერილობა და თუკი შესაძლებელია, ნამდვილი ავტორიც აღმოჩნდეს. ამას აუცილებლად მოსდევს დათარიღების პრობლემები, თუკი ავტორის ფიქრის განვითარების შეწავლა ან იმ მოვლენათა დადგენა გვსურს, რომლებზეც იგი მიანიშნებს.
ძველ ქრისტიანულ ტექსტებზე ყოველგვარი ფილოლოგიური სამუშაოს ჩატარებაა საჭირო: ენის, გრამატიკის, სტილის, ლიტერატურული ჟანრის, რიტორიკული ფორმების შესწავლა და კლასიკურ ნიმუშებთან ან ხალხურ ენასთან მათი შედარება. ლექსიკონისა და მისი მნიშვნელობის კვლევა უმთავრესი რამაა და მოძღვრების ცოდნისთვის აუცილებელია. ამით უნდა განისაზღვროს სიტყვის ბიბლიური, ფილოსოფიური, იურიდიული, ხალხური წარმომავლობა, სიტყვის ისტორია ავტორამდე და ავტორის შემდეგ, მნიშვნელობა, რომელსაც იგი მასში დებს და რომელიც შეიძლება მის წყაროებს მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდეს. ვგულისხმობთ იმ მნიშვნელობას, რომელიც პირველი საუკუნეების თეოლოგიურ დისკუსიებში ისეთ გამოთქმებს ჰქონდათ, როგორიცაა όμοούσιος, θεοτόκος, ύπόοτασις და ούσία, πρόσωπον ან პერსონა.
უამრავი გამოკვლევა მიეძღვნა ეკლესიის მამათა მიმართებას ბიბლიისადმი, რომლებიც თავად ტექსტს ან მის ინტერპრეტაციას ეხება. [...]
ძველ ქრისტიანობაზე მისმა თანამედროვე სემიტურმა კულტურამ მოახდინა გავლენა, განსაკუთრებით მეორე საუკუნეში, როცა ჯერ კიდევ არსებობდა იუდეური ქრისტიანული საზოგადოებები, რომლებმაც მოგვიანებით ჰეტეროდოქსული სექტები შექმნეს. მესამე და მეოთხე საუკუნეებში ჯერ კიდევ შეინიშნებოდა იუდეური წესჩვეულებებისა და მოძღვრებათა გავლენა. ორიგენესა და იერონიმეს მეგობრებად რაბინები ჰყავდათ, რომელთაც ისინი წმ. წერილის მათებური გაგებისა და მათი ტრადიციების შესახებ ეკითხებოდნენ. ქრისტიანობასთან ამ მიმართების გამო პატროლოგიამ უნდა შეისწავლოს რაბინული ლიტერატურა, იუდეური აპოკალიპტიკა - წყარო ქრისტიანული აპოკალიპტიკისა, და ისრაელის რელიგიური ცხოვრებაც ქრისტიანობის საწყის საუკუნეებში. იუდეველობის ელინიზირებულმა შტომ, განსაკუთრებით თავისი მთავარი წარმომადგენლის, ფილონ ალექსანდრიელის შემოქმედებით უდიდესი გავლენა მოახდინა ქრისტიან მწერლებზე. ეს იყო ბიბლიის პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა ბერძნულ ფილოსოფიასთან. ფილონს ეკლესიის მამებიც კითხულობდნენ და მან მნიშვნელოვნად განსაზღვრა პატრისტიკული ლიტერატურის განვი- თარება. ამიტომ პატროლოგებისთვის ფილონის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
და მაინც ქრისტიანობის საწყისი საუკუნეების მწერალთა უმთავრესი ამოცანა სახარების ქადაგება იყო მათი პირველი კულტურული გარემოს, იუდეველობის საზღვრებს გარეთაც: ხმელთაშუა სამყაროს უდიდესი კულტურული გარემოს წიაღში, ელინიზმში. ეს ეხება ლათინელ, სირიელ, კოპტელ და სხვა საეკლესიო მწერლებსაც, მათი თავისებურებების მიუხედავად, რადგან ლათინური აზროვნება მაშინ მთლიანად ელინიზმით იყო გამსჭვალული, ეგვიპტე და სირია კი ბერძნული სამყაროს პროვინციები იყო და ბერძნულენოვანი ქრისტიანული მწერლობა ყველა სხვაენოვან ქრისტიანულ ლიტერატურას მოეფინა. ეკლესიის მამებზე ელინიზმის რეალურ გავლენას მათი თავისთავადობის ხარჯზე აზვიადებენ ხოლმე: ელინიზმს მათი აზროვნების წყაროდ წარმოადგენდნენ, მაშინ როცა იგი მათ გამოხატვის ფორმებსა და მუშაობის მოხერხებულ საშუალებებს სთავაზობდა. იმდროინდელი ქრისტიანი მწერლობის უმრავლესობისათვის ელინიზმი, შუალობით თუ უშუალოდ, კულტურული გარემო იყო, რომელშიც მათ განათლება მიიღეს და რომელშიც ცხოვრობდნენ იდეათა, ცნებათა და გრძნობათა ერთობლიობით, რომელიც იმ ენას მოაქვს თან, რომელზეც ისინი ლაპარაკობდნენ და ქადაგებდნენ. სხვადასხვა ოდენობით ისინი იცნობდნენ ელინიზმის ლიტერატურულ, ფილოლოგიურ, კრიტიკულ, საბუნებისმეტყველო მემკვიდრეობას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მის ფილოსოფიას. უკვე ბევრი დაიწერა ეკლესიის მამათა პლატონიზმის, სტოიციზმის, არისტოტელიზმის, ეპიკურეიზმის შესახებაც კი. საეკლესიო მწერლები ფილოსოფიურ სკოლებს უამრავ სიტყვებს დაესესხნენ, რომლებსაც ხშირად თავისებურად ხმარობდნენ, იმდენად რომ ახალი მნიშვნელობა შესძინეს. მათგან მრავალი მოძღვრება შეითვისეს, რომ ქრისტიანობა ნათელეყოთ, განევითარებინათ ან დაეცვათ.
როცა ფონ არნიმი ძველი სტოის - ძენონის, ქრისიპოსისა და კლეანთეს მოღწეული ფრაგმენტების შეკრებას შეეცადა, მან ბევრი რამ საეკლესიო მწერლებიდან აიღო. მათი ფილოსოფია ეკლექტიკურია, ისევე, როგორც მათი დროის ფილოსოფიური სკოლებისა. კლიმენტი ალექსანდრიელამდე თითქოს სტოიციზმი სჭარბობს პლატონიზმს, მაშინ როცა პოსიდონიოს აპამეელის საშუალო სტოიციზმითა და ფილონის მსოფლმხედველობით თუ ვიმსჯელებთ, არისტოტელეს გავლენა უფრო სუსტი იყო. ორიგენედან პლატონიზმი იძენს უპირატესობას, მაგრამ სტოიციზმიც ინარჩუნებს მნიშვნელობას და არისტოტელიზმიც არ მიმქრალა. ასეთია შუა პლატონიზმი ან ადრეული ნეოპლატონიზმი, რომელიც ორიგენემ საიდუმლოებით მოცული ამონიოს საკას სკოლაში შეისწავლა, რომელიც შემდგომში ნეოპლატონიზმის ფუძემდებელ პლოტინს მოძღვრავდა. მეოთხე საუკუნის ანტიოქიის სკოლაზე არისტოტელე მეუფებს, კაპადოკიელებზე - რომლებიც ორიგენეს მოწაფეები იყვნენ - ნეოპლატონიზმი, მალე კი პლატონის კითხვა ავგუსტინეს მოქცევაზე მოახდენს გავლენას. ყოველივე ეს პატროლოგმა უნდა შეისწავლოს და შესაბამისად შეაფასოს.
სინამდვილეში კი მაშინაც, როცა ძველი ქრისტიანი მწერლები ბერძნული ფილოსოფიის ლექსიკონსა და აზრებს იცნობდნენ და ძალიან ფართოდაც იყენებდნენ, ისინი ფილოსოფოსები არ ყოფილან. თავისი დროის ფილოსოფიურ სკოლებთან შედარებით მათ ეკლექტიზმს დამატებითი საფუძველიც ჰქონდა. [...] ფილოსოფიას თავად მისი გულისთვის არ მისდევდნენ; ბერძნული კულტურის სხვა ელემენტებთან ერთად იგი „ეგვიპტელებისგან მოხვეჭილ ნადავლს“ წარმოადგენდა, რომელიც, გამოსვლ. 12, 35-36-ის ცნობილი განმარტების თანახმად, ქრისტიანმა მოძღვარებმა თავისი წარმართი მეზობლებისგან აიღეს, რომ მისით „საუნჯე ღმრთისა“ - ქრისტიანობის „საღმრთო ფილოსოფია“ შეემკოთ. ბერძენ ბრძენთა მოძღვრებებს შეეძლოთ საღმრთო სიტყვის განმარტებისთვის ემსახურათ. ამიტომ ეკლესიის მამები ყოველგვარი სკოლიდან ყველაფერს იღებდნენ, რაც კი გამოყენებადად მიაჩნდათ.
„საღმრთო ფილოსოფიით“, ე.ი. თეოლოგიით, ჩვენ ეკლესიის მამათა მოძღვრების შუაგულში ვექცევით. ყველა სხვა დისციპლინა - მომიტევონ ეს მტკიცება ფილოლოგიურად ან ფილოსოფიურად განწყობილმა პატროლოგებმა - მას ექვემდებარება. [...] იგი მრავალი ფორმით არსებობს. უამრავია ებრაელებისა და წარმართებისადმი მიმართული აპოლოგეტური ნაწერები, რომელთა ავტორები არიან იუსტინე, ტერტულიანე, ორიგენე, ევსები, თეოდორე ან ავგუსტინე. უამრავია ერეტიკოსთა განმაქიქებელი პოლემიკური თხზულება, აგრეთვე წმ. წერილის განმარტებები სამეცნიერო კომენტარებსა და ქრისტიანი მრევლის წინაშე ქადაგებულ ჰომილიებში. არც სამოძღვრო ლიტერატურის ნაკლებობაა და კიდევ ბევრი სხვა ლიტერატურული ჟანრია წარმოდგენილი, რომლებსაც სათითაოდ ვერ ჩამოვთვლით.
დოგმატური თეოლოგია, წმ. წერილის განმარტებისაც კი, მეტნაკლებად პოლემიკურ კონტექსტში წარმოგვიდგება ხოლმე. ვინც ამ ფაქტს უგულებელყოფს, შეცდომაში შეიძლება შევიდეს. პატროლოგს ზუსტი სურათი უნდა ჰქონდეს მის მიერ საკვლევი ავტორის პრობლემატიკის შესახებ, რომელიც ხშირად ქრისტიანობის ქადაგების ამოცანებითაა განპირობებული, რასაც იმ დროს საფრთხე ემუქრებოდა. ძველი მწერლებისგან მან არ უნდა მოითხოვოს იმ საკითხთა გადაწყვეტა, რომლებიც მათ წინაშე არ მდგარა, და საკუთარი პრობლემები მათზე არ უნდა გადაიტანოს. ამიტომ „საეკლესიო“თეოლოგიის შესწავლა მისი თანამედროვე ერესებისგან განუყოფელია. სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ მცირერიცხოვანმა ჰეტეროდოქსულმა შრომებმა მოაღწია, რადგან ბევრი განადგურდა და შემდგომში აღარ გადაწერეს. ცნობები, რომლებსაც ამ მოძღვრებათა შესახებ მართლმორწმუნე ერესიოლოგები გვაწვდიან, მეტნაკლებად ყოველთვის საეჭვოა, რადგან ისინი მოწინააღმდეგეებისგან მომდინარეობენ. [...]
დოგმატურ თეოლოგიას უკავშირდება წმ. წერილის ეგზეგეზიდან გამომდინარე ზნეობრივი და ასკეტური სახის (ეს ორი ცნება ერთმანეთისგან არ განირჩევა) დარიგებანი სიქველეთა, სიცოცხლის მდგომარეობათა, ქალწულობის, ლოცვის, სულიერი ბრძოლისა და სხვათა შესახებ. ეს სფერო პატროლოგთა მიერ ჯერ ნაკლებადაა გამოკვლეული და დღემდე მორალის თეოლოგებს მათი მეცნიერების ამ საწყისი ეტაპისათვის სათანადო ყურადღება არ დაუთმიათ. მისტიკური თეოლოგია კი, პირიქით, უკვე სამი ათწლეულია გულმოდგინე კვლევის საგანია. ეს შედეგია იმ ტრადიციისა, რომელიც ფილონისა და ნაირსახოვანი პლატონიზმის გავლენით კლიმენტი ალექსანდრიელის, ორიგენეს, გრიგოლ ნოსელის, ევაგრე პონტოელის გზით ფსევდოდიონისესა და მაქსიმე აღმსარებლამდე გრძელდებოდა. ასკეტური და მისტიკური თეოლოგია პირველი ბერობის ისტორიაში ერთიანდება, რომელიც პატრისტიკის ხანას განეკუთვნება. ამის შესახებ უხვად გვაქვს გამოკვლევები.
სხვა საკითხია ამ პერიოდის ეკლესიის ისტორია, რადგან ძველი ქრისტიანული ლიტერატურა მის ერთერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს: უპირველეს ყოვლისა, ესაა ეკლესიის დიდ ისტორიკოსთა ნაღვაწი, ეკლესიის ისტორიის ფუძემდებლის ევსები კესარიელის მიერ დაწყებული, შემდგომ კი სხვა საეკლესიო მწერლებთანაც გაფანტული მონაცემები. [...]
ასეთია ის ფართო ველი, რომელიც პატროლოგთა კვლევას მოითხოვს. იგი საპრობლემო დისციპლინების, ეპოქებისა და ავტორების შემდგომ უამრავ სპეციალურ საკითხს აყენებს. სხვადასხვა მკვლევართა შორის უმნიშვნელოვანეს კავშირს კონგრესი წარმოადგენს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ, დღემდე მუდამ ოქსფორდში ტარდება და სხვადასხვა ქვეყნისა და კონფესიის მონაწილეთა სულ უფრო დიდ რიცხვს აერთიანებს, თეოლოგებსა და სამოქალაქო პროფესორებს. კონგრესის აქტები ქვეყნდება სათაურით „Studia patristica“. [...]
პატროლოგიის აქტუალობა.
პატრისტიკის ხანის დიდ მოძღვართა შემოქმედების შესწავლა ძალზე არსებითია დღევანდელი თეოლოგებისთვის, თუკი მათ თავისი მეცნიერების განახლება სურთ იმ ენასა და იმ კატეგორიებში გამოხატვით, რომლებიც ჩვენი თანამედროვეებისთვისაც გასაგები იქნება. ესაა საწინდარი იმისა, რომ თეოლოგები სადღეისო პრობლემებსაც სწორად გადაჭრიან და თეოლოგიაში ჩვენი დროის ჭეშმარიტი ღირებულებების ინტეგრაციას მოახდენენ. ცხადია, ეს იმას არ გულისხმობს, რომ არქეოლოგიზმში მოვექცეთ და აწმყო წარსულ აზრთა ფორმით გამოვხატოთ, იმ აზრებისა, რომელთა მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საეკლესიო ტრადიციის ერთგულნიც არიან და თავისი დროისაც. სქოლასტიკის უდიდეს მოძღვართა მსგავსად, მამათა შორის უდიდესნიც ჩვენთვის მაგალითს წარმოადგენენ, რომლებიც წარსულსა და აწმყოს შორის მიმართების პრობლემას წარმოაჩენენ. თეოლოგს რომ სრულიად უარეყო ტრადიციული ფესვები და თავისი დროის მენტალიტეტი, მაშინ იგი აღარ მოიქცეოდა როგორც თეოლოგი, მეტიც - არც როგორც ქრისტიანი. მაგრამ მეორე საშიშროება არა ნაკლებ საფრთხილოა. თუკი იგი გარანტიის უქონლობის გამო, ან იმის შიშით, რომ შეიძლება მცდარად გაუგონ ან თავად დაუშვას შეცდომა - გამოხატვის ახალი ფორმების ძიებას კი არ გაბედავს, არამედ მთელი ძალით შეეცდება შეინარჩუნოს ის სასკოლო ფორმულები, რომლებიც სადღეისოდ უკვე გამეორებას წარმოადგენენ და ამიტომ გაუგებარნი არიან, მაშინ იგი ეკლესიის მთავარ ფუნქციას - ევანგელიზაციას შეაფერხებს.
ეკლესიის მამათა თეოლოგია მაძიებელი თეოლოგია იყო. [...] დიდი თეოლოგია, იქნება იგი ეკლესიის მამათა თუ შუა საუკუნეებისა, სინთეზად და არა სისტემად უნდა იყოს აღქმული. ზოგ პატროლოგს, რომელთაც მეტისმეტად ცალმხრივი ფილოსოფიური განათლება აქვს მიღებული ან რაციონალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია, ეს ფაქტი კარგად არ ესმის. ქრისტიანული ჭეშმარიტების საგანი საიდუმლოა, რომელიც ადამიანის მიერ ადექვატურად გაგებისა და ადამიანურ სიტყვებში წვდომის საშუალებას არ იძლევა. მას შეიძლება მხოლოდ მივუახლოვდეთ რელიგიური გამოცდილებითა და გამოცხადების მეშვეობით, ე. ი. წმ. წერილის ტრადიციის ფარგლებში განხორციელებული ინტერპრეტაციის დახმარებით. ამიტომ ცდილობს თეოლოგი ამ საიდუმლოს სხვადასხვა გზით ჩასწვდეს. ხშირად ეს გზები ანტი- თეტურია და ისინი არ გამოხატავენ იმ კოჰერენციას, რომლისკენაც ადამიანური ლოგიკა ისწრაფვის, რადგან თეოლოგს არ ძალუძს გვერდი აუაროს იმას, რაც მას ჭეშმარიტად მიაჩნია. სისტემა კი, პირიქით, ადამიანური კონსტრუქციაა, იგი იმ პრინციპებს ემყარება, რომლებიდანაც ადამიანს ლოგიკის გზით დასკვნები გამოაქვს. რადგანაც ღმერთის წვდომა შეუძლებელია ადამიანის მიერ ფორმულირებული პრინციპებით, ამიტომ სისტემა საღმრთო საიდუმლოების პროფანაციას ახდენს და მას ადამიანური ლოგიკის მითხოვნილებებს სწირავს. ასე იკარგება ჭეშმარიტების ერთი მშვენიერი ნაწილი და მისი კოჰერენტულობაც მხოლოდ მოჩვენებითი შეიძლება აღმოჩნდეს. არც ორიგენე ან ავგუსტინე და არც თომა აკვინელი სისტემატიკოსები არა ყოფილან. ამაშია მათი სიდიადე და ზოგჯერ საფრთხეც. სისტემის დონეზე ისინი მოწაფეებმა დაიყვანეს, რასაც ზოგ შემთხვევაში მათი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემსხვერპლა კიდეც. ეს სისტემატიზაცია ორიგენესთვის საბედისწერო აღმოჩნდა და ავგუსტინეც არაერთხელ ჩააგდო ხიფათში; სისტემას ხომ ერესთან სწორედ ის აკავშირებს, რომ იგი ჭეშმარიტების ანტითეტურ ბუნებას ხსნის და ორი დაპირისპირებულიდან ერთ-ერთს უარყოფს. დიდ მოძღვართა უშუალო შესწავლა საღმრთო საიდუმლოებასთან უფრო მეტად გვაახლოებს, ვიდრე მოწაფეების მიერ მათი მოძღვრების მეტნაკლებად არაზუსტი გადმოცემა. ოღონდ არსებობს კვლევის ორი ტიპი, რომლებიც ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, თუმცა აღრევა ხშირად ხდება: ერთია ისტორიკოსის ამოცანა, ე.ი. პატროლოგისა, რომელიც ცდილობს თავისი ავტორის მსოფლმხედველობას, შეძლებისდაგვარად, ღრმად ჩასწვდეს, და სხვაა თეოლოგის ამოცანა, რომლისთვისაც დიდ მოაზროვნესთან კონტაქტი მაგალითს ქმნის და მის საკუთარ გამოცდილებას აღვივებს და ამდიდრებს. არც ფილოსოფოსის და არც თეოლოგის მიზანი არ უნდა იყოს jurare in verba magistri, და ერთი ავტორის შეხედულებაზე შეჩერება, რაც არ უნდა დიდი იყოს იგი. მისი საგანი თავად სინამდვილეა, სინამდვილე, რომელიც თეოლოგისთვის არის ღმერთი, ისე როგორც მას ტრადიციულად განმარტებული წმ. წერილი გამოაცხადებს.
პატრისტიკული თეოლოგია მუდამ ერთადერთ თეოლოგიად რჩება, მაშინ როცა თეოლოგია, რომელიც მეცამეტე საუკუნეს მოჰყვება, სულ უფრო იტოტება. ორივე გამოხატულებას თავისი უპირატესობაც აქვს და ნაკლიც. გვიანდელი თეოლოგიისთვის დამახასიათებელი ანალიტიკური მეთოდი თემის უფრო საფუძვლიანად კვლევის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ იმავე დროს მას შეიძლება მხედველობიდან გამორჩეს თეოლოგიის კონკრეტული საგანი - საღმრთო საიდუმლოება და ცხონების (გამოხსნის) ქადაგება ან, ყოველ შემთხვევაში, ისინი მსმენელისა თუ მკითხველისათვის საკმაოდ ხელშესახები არ გახადოს და რაციონალისტურ ტექნიკას ამოაფაროს. ეკლესიის მამათა შემოქმედების წმ. წერილიდან წარმომავლობა კი პირიქით, ბევრად უფრო თვალსაჩინოა. წმ. წერილის მათებური სულიერი განმარტება დღეს, შესაძლოა, ზოგიერთი უცნაურობით გვეუცხოოს კიდეც, მაგრამ არსებითად სწორედ ის გამოხატავს - პავლესა და საერთოდ ახალი აღთქმის შემდეგ - ქრისტეს მნიშვნელობას ცხონებისათვის. ამ პერსპექტივის გარეშე ქრისტიანისთვის წმ. წერილის კითხვა შეუძლებელია. მამათა თეოლოგიის სულიერი შინაარსი მათ სპეკულაციებშიც საკმაოდ თვალსაჩინოა, მაშინ როცა შუა საუკუნეების დიდ თეოლოგთა შემოქმედების საფუძვლიანი კვლევაა ზოგჯერ საჭირო მათი ღრმა სულიერი სამყაროს დასანახად, იმიტომ რომ იგი მეტნაკლებად რაციონალისტური ტექნიკითაა დაფარული. თეოლოგია, რომელიც ბიბლიიდან ამოდის და სულიერ საკვებს გვაწვდის - აი ორი ძალიან აქტუალური თავისებურება.
მაშინ როცა სქოლასტიკური თეოლოგია არისტოტელიზმისა და რომაული სამართლის გავლენით მთლიანად აბსტრაქტულ ცნებებშია გამოხატული, ეკლესიის მამათა თეოლოგია მნიშვნელოვანწილად ბიბლიურ სიმბოლოთა თეოლოგიად რჩება. ორიგენეს მოძღვრება მადლის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, საძებარია ღმრთის ხატის - „ადამიანური გონების“, ნათელის, საკვების, სიცოცხლისა და სხვა თემებში. განა ეს მის სიმდაბლეზე მიუთითებს? რა თქმა უნდა, ცნებითი აზროვნება უფრო ზუსტია, რაც ბუნდოვანების თავიდან აცილებისთვის ხშირად აუცილებელიც არის, მაგრამ შეესაბამება კი იგი ყოველთვის რაღაც რეალურს? როგორც ვთქვით, საღმრთო საიდუმლოების ადამიანურ ცნებებში მოქცევა შეუძლებელია, ადამიანს მისი მხოლოდ წინასწარგრძნობა, დაჯერება, მისკენ ფიქრის მიმართვა ძალუძს. თეოლოგიური ცნება თავისი არსებით მხოლოდ მეტნაკლებად სხეულგამოცლილი სიმბოლოა, რადგან ამქვეყნად ღვთის ყოველგვარი შემეცნება აუცილებლად ანთროპომორფული და სიმბოლურია, უსასრულოდ მიღმიერი ღვთისკენ მიმართული ფიქრის გამოხატულებაა. ცნებითი თეოლოგიისსაშიშროება ისაა, რომ მან შეიძლება ჭეშმარიტი რეალობების ადექვატურად წვდომის ილუზია შექმნას. ხოლო სიმბოლოებში, ბიბლიურ სახეებში გამოხატული თეოლოგია ამ საფრთხისაგან თავისუფალია, რადგან სიმბოლო მეტისმეტად აშკარად სახოვანი და ანთროპომორფულია, რომ გონება მის შესახებ შეცდეს. იგი გონების მოძრაობას გამოხატავს და საშიში არაა, რომ სიმბოლო გაქვავებული აზრის ელემენტად იქნას გაგებული. ამასთანავე სიმბოლო მგრძნობიარე ზემოქმედების უნარსაც ინარჩუნებს, რომელიც მას ძალას აძლევს თეოლოგიის სულიერი შინაარსი აამაღლოს.
და ბოლოს, პირველი ქრისტიანი მწერლების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკუმენური შეხვედრებისთვის. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ პატროლოგთა დასკვნებზე, მიუხედავად მათი მკაცრად მეცნიერული პოზიციისა, მათი კონფესიური პოზიცია ახდენს გავლენას. მაგრამ პატრისტიკული ლიტერატურა ქრისტიანობის დიდ განხეთქილებას წინ უსწრებს; მხოლოდ მონოფიზიტობაა - დღესდღეობით მას აღმოსავლეთის ეკლესიების უმრავლესობა აღიარებს - პატრისტიკის ხანის თანამედროვე. ყოველი ქრისტიანი, რომელ კონფესიასაც არ უნდა ეკუთვნოდნეს, რწმენის ძველ მოძღვართ აღიარებს თავის მამებად რწმენაში. ასე რომ ძველი საეკლესიო მწერლები ერთიანობის ფაქტორებს წარმოადგენენ. ბერძენი ავტორების კითხვამ შეიძლება დასავლეთელებს ჩვენი აღმოსავლეთელი ძმების შესახებ რაღაც ცოდნა გვარგუნოს და, პირიქით. მეორე მხრივ, მართლმადიდებლებს, პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის თეოლოგიასთან დაკავშირებულ ისტორიულ საკითხებზე მკაცრად მეცნიერული დისკუსია უფრო ადვილიცაა, ვიდრე დოგმატურ საკითხებზე, რომლებიც მათ აზრთა სხვადასხვაობას გამოხატავენ. ყოველივე ეს ამოსავალ წერტილთან მიახლოებასა და ურთიერთგაცნობას უწყობს ხელს. როცა პატროლოგი რომელიმე ავტორს სწავლობს, ბიბლიოგრაფია, რომელსაც იგი ეცნობა, სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი ავტორებისგანაც შედგება. ოქსფორდის პატროლოგთა კონგრესი, ისევე როგორც ეგზეგეტების, მედიევისტების, ბიზანტინოლოგების, ეკლესიის ისტორიკოსებისა და სხვათა მსგავსი კონგრესები ეკუმენური შეხვედრების საოცრად ნაყოფიერ შესაძლებლობას წარმოადგენენ. ისინი საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ქრისტიანული ოჯახის ასობით სპეციალისტს ერთმანეთს უსმინოს და ერთმანეთი გაიცნოს, და მეგობრობისა და ქრისტიანული ძმობის ატმოსფეროში იმ თემებზე ისაუბროს და იკამათოს, რომლებიც მათ შორის განსხვავებებსაც ეხება.
თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო
ლელა ალექსიძემ
ლელა ალექსიძემ
________________________
* თარგმანი შესრულებულია ფრანგული და გერმანული გამოცემების მიხედვით: Bilan de thйologie du XX siиcle, Paris, v. 2, 1971 da Patrologie und die Erneuerung der patristischen Studien. In: Bilanz der Theologie im 20. Jahrhundert (Perspektiven, Stromungen, Motive in der christlichen und nichtchristlichen Welt). Band 3. Freiburg, Basel, Wien 1970, S. 504-529.
1 პატროლოგიის მეთოდების შესახებ იხ. W. Lцser. In Geiste des Origenes: Hans Urs von Balthasar als Interpret der Theologie der Kirchenvдter. Frankfurt am Main 1976. S. 9-11.
2 მისი მეთოდი ზოგჯერ მე-20 საუკუნის ფრანგი ისტორიკოსების, ე. წ. „ახალი ისტორიის“ წარმომადგენლების კვლევის მეთოდებს მოგვაგონებს.
* ამონარიდი სტატიიდან „The Eastern Orthodox Church and the Ecumenical Movement“, Theology Today, VII, 1 (April, 1950). თარგმანი შესრულდა კრებულიდან: Georges Florovsky, Collected Works, vol. XIV, p. 40.
nplg.gov.ge
nplg.gov.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий