უცნაური ისაა, რომ ეს სწორედ ინტელექტის მეშვეობითაა შესაძლებელი, იმ ინტელექტისა, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებად აქვთ მიცემული უუბედურეს, უდელიკატურეს, წარმავალ არსებებს, რათა ისინი ერთი წუთით მაინც შეაჩეროს ყოფიერებაში, საიდანაც მათ ამგვარი დანამატის გარეშე, ლესინგის ვაჟივით1 სწრაფად გაქცევის ყოველგვარი საფუძველი ექნებოდათ. ქედმაღლობა, რომელიც შემეცნებასა და შეგრძნებას უკავშირდება, დამაბრმავებელი ბურუსივით აფენია ადამიანის თვალებსა და რეცეპტორებს, ამიტომაც ცდება ყოფიერების შეფასებაში, როცა შემეცნებით თავად ყველაზე მეტად საამურ ფასეულობას საკუთარ თავში მოიცავს. მისი ძირითადი ზემოქმედება შეცდენაა,2 თუმცა ცალკეული ქმედებებიც იმავე ხასიათისაა.
ინტელექტი, როგორც ინდივიდის შენარჩუნების საშუალება, თავის ძირითად უნარებს თვალთმაქცობაში ასახავს. ეს სწორედ ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც უფრო სუსტი, ნაკლებად გამძლე ინდივიდები, თავს ინარჩუნებენ, როდესაც უფრო ძლიერებთან არსებობისათვის ბრძოლის უნარს არიან მოკლებულნი ან ამ ბრძოლას მტაცებელი ცხოველის სიშლეგით ვერ წარმართავენ, რამდენადაც ადამიანში თვალთმაქცობის უნარი მწვერვალს აღწევს: ესაა თავგზის აბნევა, მაამებლობა, სიცრუე, შეცდომაში შეყვანა, ზურგს უკან ლაპარაკი, რეპრეზენტულობა, ნასესხებ ბრწყინვალებაში ცხოვრება, შენიღბულობა, შეფარულობა, მსახიობობა – როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წინაშე, მოკლედ, ამაოების ალის ირგვლივ გაუთავებელი წრიალი იმდენადაა წესად და კანონად ქცეული, რომ თითქმის გაუგებარიც კია, როგორ იყო შესაძლებელი ადამინებს შორის გაჩენილიყო გულწრფელი და წმინდა სწრაფვა ჭეშმარიტებისადმი. მათ იმდენად ღრმად აქვთ შეტოპილი ილუზიებსა და ზმანებებში, რომ მათი თვალი მხოლოდ ნივთების ზედაპირზე ბორძიკობს და „ფორმებს“ ხედავს; მათი შეგრძნება ჭეშმარიტებისაკენ კი არ მიიწევს, არამედ გახალისებითა და ნივთების ზედაპირზე ერთგვარი თითების ფათურით კმაყოფილდება. ამისათვის, მთელი ცხოვრების მანძილზე, ადამიანი ღამღამობით საკუთარ თავს სიზმრებით იტყუებს ისე, რომ მის მორალურ გრძნობას ამის თავიდან აცილება არასდროს უცდია, მაშინ, როდესაც ისეთ ადამიანებსაც უარსებიათ, რომლებსაც თავიანთი ძლიერი ნებით ხვრინვა აულაგმავთ. რა იცის ადამიანმა საკუთარი თავის შესახებ?! ხელეწიფებოდა კი მას, ერთადერთხელ მაინც განათებულ კოლბაში მოთავსებით საკუთარი თავის სრულყოფილი აღქმა? ხომ არ უმალავს მას ბუნება ყველაზე მთავარს თვით მისი სხეულის შესახებ, რათა დახვეული ნაწლავების, სისხლის ნაკადების სწრაფი დინებისა თუ დახლართული ნერვული ქსოვილისგან მოშორებული, ამაყ და ოინბაზურ ცნობიერებაში შეიტყუოს და გამოამწყვდიოს?! ბუნებამ მოისროლა გასაღები და ვაი იმ ბედისწერასატანილ ცნობისმოყვარეს, ვისაც ცნობიერების საკნის ბზარიდან გამოჭვრეტის უნარი აქვს და შეიძლება ახლა კი ხვდებოდეს, რომ ადამიანისთვის თავისი უმეცრების გამო სულ ერთია და არაფერს ამბობს დაუნდობლებზე, ხარბებზე, გაუმაძღრებზე, მკვლელებზე, ამავე დროს კი თავის ზმანებებში ვეფხვზეა ამხედრებული. ასეთ კონსტელაციაში სად ჯანდაბიდან უნდა მოდიოდეს ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა?!
როგორც კი ინდივიდს სხვა ინდივიდებთან მიმართებაში საკუთარი თავის შენარჩუნების სურვილი უჩნდება, საგანთა ბუნებრივ წესრიგში, იგი ინტელექტს, როგორც წესი, მხოლოდ თვალთმაცქობისთვის იყენებს: ვინაიდან ადამიანს, ერთდროულად, გასაჭირისა და მოწყენილობის გამოც, საზოგადოებრივად და ჯოგურად არსებობა სურს, მას სამშვიდობო შეთანხმება ესაჭიროება, რომლის თანახმადაც ჰგონია, რომ ამით სულ ცოტა, ყველაზე სასტიკი – bellum omnium contra omnes3 – მისი სამყაროდან გამქრალიყოს. მაგრამ ამ სამშვიდობო შეთანხმებას თან მოჰყვება ისეთი რამ, რაც ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვის მოსაპოვებლად გადადგმულ პირველ ნაბიჯს წააგავს. ახლა დაფიქსირდება კერძოდ ის, რასაც დღეიდან “ჭეშმარიტება” უნდა ეწოდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნივთებს თანაბრად მისადაგებულ და ხელმისაწვდომ განსაზღვრებებს გამოუგონებენ და ენის კანონმდებლობაც ჭეშმარიტების პირველ კანონს გამოსცემს: აქვე პირველად ჩნდება ჭეშმარიტებისა და სიცრუის პირველი კონტრასტი: მატყუარა მისადაგებულ განსაზღვრებებსა და სიტყვებს იყენებს, რათა არანამდვილი ნამდვილად გაასაღოს; მაგალითად, ის აცხადებს, რომ მდიდარია, მაშინ, როდესაც მისი მდგომარეობის სწორი განსაზღვრება „ღარიბი“ უფრო იქნებოდა. სახელების თვითნებური გადანაცვლებით ან გაუკუღმართებით იგი ბოროტად იყენებს მყარ კონვენციებს. თუკი იგი ამას ანგარებით ან სხვათა საზიანოდ აკეთებს, მაშინ საზოგადოება აღარ დაუჯერებს და გარიყავს. ამასთანავე ადამიანები არა იმდენად მოტყუებას გაურბიან, რამდენადაც მოტყუების შედეგად დაზარალებას. ამ საფეხურზე მათ არა თვით შეცდენა სძულთ, არამედ შეცდენის გარკვეულ სახეობათა ავი, მტრული შედეგები. ასეთივე შეზღუდული აზრით ნებავს ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება; იგი ჭეშმარიტების მხოლოდ სასიამოვნო, ცხოვრებისათვის სასარგებლო შედეგებს ესწრაფვის; წმინდა, არასახეირო შემეცნების მიმართ იგი გულგრილია, ხოლო ისეთ ჭეშმარიტებას, რომელიც საზიანო და დამანგრეველიც შეიძლება იყოს, ემტერება კიდევაც. გარდა ამისა, რას წარმოადგენს ენის კონვენციები? არიან კი ისინი შემეცნებისა და ჭეშმარიტების საზრისის ნაყოფი, რომლებიც განსაზღვრებებსა და საგნებს შეესატყვისებიან? არის კი ენა რეალობის ადეკვატური გამოხატულება?
მხოლოდ გულმავიწყობის მადლით შეუძლია ადამიანს იმის აკვიატება, თითქოს იგი ამ ხარისხის ჭეშმარიტებას ფლობდეს. თუ ის ჭეშმარიტების ტავტოლოგიური ფორმით ანუ ცარიელი მასრით არ კმაყოფილდება, მაშინ ილუზიების საფასურად ჭეშმარიტებათა შეძენა მოუწევს. რა არის სიტყვა? აღგზნებული ნერვების ანარეკლი ბგერებში. ნერვული აღგზნების ჩვენს გარეთ მყოფ მიზეზთან დაკავშირება კი უკვე არის საფუძვლის კანონის მცდარი და არამართებული გამოყენების შედეგი. თუკი დავუშვებთ, რომ ენის დასაბამში მხოლოდ ჭეშმარიტება იყო განსაზღვრებათა დამაჯერებლობის ათვლის წერტილი, როგორღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქვა მაგარია“, თითქოს „მაგარი“ ჩვენთვის კიდევ სხვაგვარად იყოს ცნობილი და არა მხოლოდ ჩვენი სუბიექტური აღგზნებით. ჩვენ ვყოფთ ნივთებს სქესის მიხედვით: ხეს მამრობით სქესს ვანიჭებთ, მცენარეს მდედრობითს4, - რაოდენ თვითნებურია ასეთი გადაბრალებები! რამდენად დავშორდით დამაჯერებლობის კანონს. ჩვენ ვლაპარაკობთ გველზე, მისი განსაზღვრება კი სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ იგი იკლაკნება, რაც ასევე მატლსაც მიესადაგება. რაოდენ თვითნებურია ასეთი შეზღუდვები, რაოდენ ცალმხრივად ხდება ნივთის ცალკეული თვისებების ამორჩევა. სხვადასხვა ენის ერთმანეთთან შეპირისპირებით ჩანს, რომ სიტყვებს არაფერი არა აქვთს საერთო არც ჭეშმარიტებასთან და არც ადეკვატურ შესატყვისობასთან. „თავისთავადი ნივთი“5 (ესეც უსარგებლო ჭეშმარიტების ნიმუშად გამოდგებოდა) სრულიად გაუგებარი და არაფრად ღირებულია ენის შემოქმედისათვის, რომელიც მხოლოდ ადამიანებთან ნივთების ურთიერთკავშირს აღნიშნავს და მათ გამოსახატავად საკმაოდ გაბედულ მეტაფორებს იშველიებს. თავდაპირველად ნერვული აღგზნება გარდაიქმნება ხატად, – ესაა პირველი მეტაფორა! შემდეგ ხატი გადაფორმდება ბგერაში, რაც მეორე მეტაფორაა! და ყოველ ჯერზე სახეზეა სფეროების სრული აღრევა, ერთის ნახევრიდან მეორეზე, სრულიად ახალზე გადახტომა. შეიძლება ისეთი ადამიანის წარმოდგენა, რომელიც სრულიად ყრუა და ხმისა და მუსიკის შეგრძნება არასდროს განუცდია: როგორც ქვიშაში ქლადნის ხმოვანი ფიგურები,6 ისე იცქირება იგი განცვიფრებული და ჟღერის მიზეზს სიმების დაჭიმულობაში ხედავს და დარწმუნებით შეუძლია იმის მტკიცება, რომ ზუსტად იცის, რას უწოდებენ ადამიანები ხმოვანებას, – სწორედ ასეთია ყოველი ჩვენთაგანის დამოკიდებულება ენის მიმართ. ჩვენც ასე გვგონია, რომ ნივთების აზრზე ვართ, როდესაც ხეებზე, ფერებზე, თოვლსა და ყვავილებზე ვსაუბრობთ და სინამდვილეში კი მხოლოდ ნივთების მეტაფორები გვაქვს, რომლებიც მათ თავდაპირველ არსს არანაირად არ შეესატყვისება. რა პრინციპითაც ხმა ქვიშის ფიგურის ფორმას იღებს, ასევე თავისთავადი ნივთის რომელიღაც გამოუცნობი X – ჯერ ნერვულ აღგზნებად, შემდეგ ხატებად, ბოლოს კი ბგერად წარმოისახება. ასე რომ, ენის წარმოშობა არანაირად ლოგიკურად არ მიმდინარეობს და მთელი ის მასალა, როელზედაც და რომლითაც მოგვიანებით ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი, მეცნიერი თუ ფილოსოფოსი მუშაობს და აშენებს, ღრუბლებიდან თუ არა, ყოველ შემთხვევაში ნივთების არსიდანაც არ მომდინარეობს.
განსაკუთრებით იმაზე დავფიქრდეთ, როგორ ხდება ცნებების შედგენა. ყოველი სიტყვა იმის მეშვეობით გადაიქცევა ცნებად, რომ იგი შეესაბამება არა როგორც მხოლოდ და მხოლოდ გაინდივიდუალურებულ განცდას, რომელსაც გაჩენას უმადლის და გასახსენებლადაც უნდა იხმარებოდეს, არამედ იმით, რომ იგი ერთდროულად უთვალავ, მეტნაკლებად მსგავს, ანუ, მკაცრად რომ ვთქვად, არასდროს იგივეობრივ, ამდენად არაიდენტურ შემთხვევებს უნდა შეესაბამოს. ყოველი ცნება წარმოიქმნება არაიგივეობრივის გაიგივებით. ისეთივე უეჭველობით, როგორითაც ერთი ფოთოლი ზუსტად ისეთივე არაა, როგორც სხვა, ასევე არის ფოთლის ცნება შედგენილი ნებისმიერ ინდივიდუალურ მრავალფეროვნებაზე უარის თქმითა და განსხვავებულობათა დავიწყებით და ახლა უკვე ისეთ წარმოდგენას აღვიძებს, თითქოს ბუნებაში გარდა ფოთლებისა, კიდევ ფოთლის პირველადი ნიმუში არსებულიყოს, რომლის მიხედვითაც ყველა ფოთოლი მოიქსოვა, მოიხაზა, შემოიფარგლა, გაფერადდა, დაიხვა, მოიხატა, ოღონდ დაუდევარი ხელებით, ისე, რომ არცერთი ეგზემპლარი პირველადი ნიმუშის სწორი და სანდოდ ზუსტი ანარეკლი არ გამოსულიყო. ჩვენ ადამიანს ვუწოდებთ „პატიოსანს“ და ვსვამთ კითხვას: რატომ მოიქცა დღეს პატიოსნად? ჩვენი პასუხია: თავისი პატიოსნებიდან გამომდინარე. პატიოსნება – ეს ისევ იმას ნიშნავს, რომ ფოთოლი არის ფოთლების მიზეზი. ჩვენ ხომ არაფერი ვიცით იმ არსობრივი ხარისხის შესახებ, რომელსაც „პატიოსნება“ დაერქმეოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, უამრავი გაინდივიდუალურებული და, ამდენად, არაიგივეობრივი ქმედებით, რომლებსაც ჩვენ არაიგივეობათა გამოტოვებით ვაიგივებთ და ეხლა კი პატიოსან საქციელად ვაცხადებთ, საბოლოოდ მათგან ვაყალიბებთ ერთგვარ qualitas occulta7-ს, რომელსაც სახელად „პატიოსნება“ ჰქვია. ინდივიდუალურისა და ცხადის გამოტოვება გვაძლევს ცნებას, ისევე, როგორც ფორმას. ამის საწინააღმდეგოდ კი ბუნება არც ფორმებს და არც ცნებებს, მაშასადამე, არც სახეობებს არ იცნობს, არამედ მხოლოდ ჩვენთვის მიუწვდომელ და განუსაზღვრელ X-ს. ის, რაც ინდივიდისა და სახეობის საპირისპიროდ მიგვაჩნია, არის ანთროპომორფული და ნივთების არსიდან არ გამომდინარეობს, რამდენადაც არ უნდა გვიჭირდეს იმის აღიარება, რომ იგი მას არ შეესატყვისება: ეს ხომ დოგმატური განცხადება იქნებოდა და ამდენად, ისევე შეუძლებელია იმის დამტკიცება, როგორც მისი საპირისპირო მტკიცებისა.
მაშასადამე, რა არის ჭეშმარიტება? მეტაფორების, მეტონიმიების, ანთროპომორფიზმების მოძრავი ჯარი, მოკლედ, ადამიანის რელაციათა შეჯამება, რომლის პოეტურად და რიტორიკულად აღზევება, პროექცია, მოკაზმვა მოხდა და ხალხის მიერ ხანგრძლივი ხმარების გამო თავს მყარად, კანონიკურად და სავალდებულოდაც კი წარმოაჩენს: ჭეშმარიტება ილუზიებია, რომელთა რაობაც, არის ის, რომ ისინი გაცვეთილ და აზრობივად უძლურ მეტაფორებად ქცეული, ანდა მონეტებია, რომლებზეც გამოსახულება წაშლილია და ახლა არა მონეტად, არამედ მხოლოდ ლითონად აღიქმება.
ისევ არ ვიცით, საიდან ჩნდება ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, რამდენადაც აქამდე მხოლოდ იმ ვალდებულებაზე ვსაუბრობდით, რომელსაც საზოგადოება აწესებს, რათა იარსებოს. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად არსებობისათვის გამოყენებითი მეტაფორები ესაჭიროება ანუ მორალურად თუ ჩამოვაყალიბებთ – ვალდებულებით მყარი კონვენციების მიხედვით ცრუობა, ჯოგური პრინციპით ყველასათვის სავალდებულო სტილში. ადამიანი, რაღა თქმა უნდა, ივიწყებს თავის ასეთ მდგომარეობას; ამგვარად იგი არაცნობიერად და მრავალსაუკუნოვანი მიჩვევიდან გამომდინარე, იტყუება და სწორედ ამ არაცნობიერებისა და დავიწყების მეშვეობით ეუფლება ჭეშმარიტების გრძნობა. ამ გრძნობის ნიადაგზე, ის, რაც საკუთარ თავს ავალდებულებს, ერთ ნივთს წითლად, მეორეც ცივად, მესამეს კი მუნჯად აცხადებს, იღვიძებს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული მორალური ფორიაქი: მატყუარასგან განსხვავებით, ვისაც არავინ ენდობა და ყველა ზურგს აქცევს, ადამიანი ახდენს ჭეშმარიტების ღირსეულობის, სანდოობისა და სასარგებლოობის დემონსტრირებას. ის როგორც „გონიერი“ არსება, თავის ქმედებებს აბსტრაქციებს უქვემდებარებს; მას სულაც აღარ აწუხებს უეცარი შთაბეჭდილებებითა თუ შეხედულებებით გართობა, ის თავის ამ შთაბეჭდილებებს მხოლოდ უფერულ და ცივ ცნებებად განაზოგადებს, რათა მათ საკუთარი ცხოვრებისა და ქმედების ლოკომოტივი მიაბას. ყოველივე ის, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს, დამოკიდებულია იმ უნარზე, რომ შეხედულებითი მეტაფორები სქემად გადააქციოს ანუ ხატიდან ცნება მიიღოს. ყოველგვარი სქემატურობის სფეროში ისეთი რამ არის შესაძლებელი, რასაც შეხედულებითი პირველი შთაბეჭდილებების ქვეშ მოქცევა არასდროს არ სურს: კასტებისა და ხარისხის მიხედვით პირამიდული წესრიგის აგება, კანონების, პრივილეგიების, დაქვემდებარებულობის, საზღვრების ახალი სამყაროს შექმნა, რომელიც შეხედულებითი პირველი შთაბეჭდილებების სამყაროს უპირისპირდება, როგორც უფრო მყარი და საზოგადო, უფრო ნაცნობი, ადამიანური და, ამდენად, მარეგულირებელი და განმკარგულებელი. თუკი ყოველი შეხედულების მეტაფორა ინდივიდუალური და უბადლოა და ამიტომაც ყველანაირი რუბრიკისაგან გაქცევა სჩვევია, ცნებების დიდი მშენებლობა რომაული კოლუმბარიუმის8 მყარ თანმიმდევრულობას აჩვენებს და ისეთი მკაცრი და ცივი ლოგიკით სუნთქავს, როგორიც მათემატიკისთვისაა დამახასიათებელი. ვისაც ეს ცივი ამონასუნთქი შეეხება, გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ თავად ცნებაც კამათელივით ძვლისგანაა დამზადებული, რვაწვეროიანია და მისი გადაგდებაც შეიძლება, ერთადერთი კი, რაც მეტაფორის ნაშთად რჩება, არის ის, რომ ნერვული აღგზნების შემოქმედებითი გარდასახვა ხატად, ცნების დედა თუ არა, დედინაცვალი მაინცაა. ცნებებით ასეთი სახის კოჭის თამაშის ფარგლებში „ჭეშმარიტება“ ყოველი კამათლის ისეთ გამოყენებას ნიშნავს, როგორადაც იგია განსაზღვრული – ზუსტი გამოთვლით, სწორი რუბრიკების შედგენით ისე, რომ არასდროს კასტურობისა და კლასობრივი რანგების თანმიმდევრულობა არ დაირღვას. როგორც რომაელები თუ ეტრუსკები ცას ძლიერი მათმატიკური ხაზებით აქუცმაცებდნენ და ამ მასშტაბით სამლოცველოს შემოსაზღვრულ სივრცეში ერთ-ერთ ღვთაებას ათავსებდნენ, ასევე ყოველ ერს თავს ზემოთ აქვს მათემატიკურად დანაწევრებული ცნებების ზეცა და თითოეული გაღმერთებული ცნების მის სფეროში ძებნა ჭეშმარიტების მოთხოვნა ჰგონია. აქ ადამიანი, როგორც უზომოდ გენიალური მშენებელი, მხოლოდ გაოცებას თუ იწვევს, რომელიც მოძრავ საფუძველსა და მდინარე წყალზე უსასრულოდ ჩახლართულ ცნებათა ტაძრის აღმართვას ახერხებს. თუმცა ასეთ ფუნდამენტზე დასაყრდენი რომ იპოვოს, ეს ნაგებობა ობობას ქსელივით უნდა იყოს – ერთდროულად ნაზი, რათა ტალღამ თან წაიღოს და თანაც ისეთი ძლიერი, რომ ქარიშხალმა არ გაგლიჯოს. შენებაში გენიალურობის მასშტაბებით ადამიანი თვით ფუტკარსაც კი აღემატება: ფუტკარი აშენებს ცვილისაგან, რომელსაც იგი ბუნებაში მოიპოვებს, ადამიანი კი – ცნებათა ბევრად უფრო ნაზი მასალისგან, რომელიც მან თავად უნდა დაამზადოს. იგი მართლაც რომ დიდ განცვიფრებას იწვევს, მაგრამ არა ნივთების წმინდა შემეცნებისათვის მისი ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის გამო. თუკი ვინმე ნივთს ბუჩქში მალავს, მერე კი იქვე ეძებს და თანაც პოულობს, ამგვარი ძებნა და პოვნა არაფრით გამორჩეული და გასაოცარი არაა, მაგრამ სწორედ ასე ხდება გონების წიაღში „ჭეშმარიტების“ ძებნაც და პოვნაც. თუკი ძუთუმწოვარი ცხოველის განსაზღვრება შემომაქვს, შემდეგ აქლემს რომ ვნახავ და განმარტებას ვიძლევი: შეხედეთ, აი, ესაა ძუძუმწოვარა ცხოველი, ამით ჭეშმარიტება კი გაცხადდება, მაგრამ მისი მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია; ამით იმის თქმა მინდა, რომ იგი ისევ და ისევ ანთროპომორფულია და, ადამიანიდან გამომდინარე, არ შეიცავს არც ერთ წერტილს, რომელიც „თავისთავად ჭეშმარიტი“, ნამდვილი და საყოველთაო იქნებოდა. მკვლევარი, რომელიც ასეთ ჭეშმარიტებებს იკვლევს, პრინციპში ადამიანებში მხოლოდ სამყაროს მეტამორფოზებს ეძებს; მას სამყაროს, როგორც ადამიანისმაგვარი ნივთის გაგება ანაღვლებს და, უკეთეს შემთხვევაში, ასიმილაციის გრძნობის აღქმისათვის იბრძვის. ასტროლოგის მსგავსად, რომელიც ვარსკვლავებს ადამიანების სამსახურში აყენებს და მათ ბედნიერებასა და წუხილთან აკავშირებს, მკვლევარიც მთელ სამყაროს ადამიანებზე მიბმულად განიხილავს, როგორც ადამიანის პირველი სიმღერის უსასრულოდ დაწყვეტილ კვლავაჟღერებას და ადამიანის პირველხატის მრავალწახნაგოვან ანარეკლს. მისი ძიების მეთოდია ყველა ნივთის საზომად ადამიანის მიჩნევა, მაგრამ ამასთანავე, შეცდომას უშვებს, როდესაც დარწმუნებულია, რომ იგი უშუალოდ ნივთებს ხედავს. ამგვარად მას ავიწყდება, რომ ორიგინალური შეხედულებრივი მეტაფორები მხოლოდ მეტაფორებია, მას კი ისინი თავად ნივთები ჰგონია.
მხოლოდ პრიმიტიულ მეტაფორათა სამყაროს დავიწყებით, მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის უძველესი უნარიდან მდუღარე სითხედ მოდინებულ ხატებათა მასის გამყარება-გაქვავებით, მხოლოდ იმ უძლეველი რწმენით, რომ ეს მზე, ეს ფანჯარა, ეს მაგიდა – თავისთავადი ჭეშმარიტებებია, მოკლედ, მხოლოდ იმით, რომ ადამიანი საკუთარ თავს როგორც სუბიექტს, კერძოდ კი შემოქმედ ხელოვან სუბიექტს დაივიწყებს, მაშინ შეძლებს მშვიდ, უსაფრთხო და თანამიმდევრულ ცხოვრებას; მას რომ ამ რწმენის საპყრობილეს კედლებიდან ერთი წამით გადმოხედვა მაინც შეეძლოს, მაშინვე დასრულდებოდა მისი „თვითცნობიერება“. იმისი აღიარებაც კი დიდ ჯაფად უღირს, რომ მწერი ან ფრინველი სამყაროს ადამიანისაგან განსხვავებულად აღიქვამს და კითხვის დასმა, სამყაროს რომელი აღქმაა უფრო სწორი, სრულიად უაზროა, რამდენადაც აქ სწორი აღქმის მასშტაბით ანუ არარსებული საზომით უნდა გაგვეზომა. საერთოდაც, სწორი აღქმა, რასაც სუბიექტში ობიექტის ადეკვატური ასახვა ეწოდებოდა, წინააღმდეგობებით აღსავსე სიბრიყვედ მიმაჩნია, რადგანაც ორ ისეთ სრულიად განსხვავებულ სფეროს შორის, როგორიცაა სუბიექტი და ობიექტი, არანაირი კაუზალურობა, არანაირი მართებულობა, არანაირი გამოხატვა არ არსებობს, ბევრი-ბევრი ესთეტიკური მიმართება არსებობდეს, ვგულისხმობ მინიშნებად გადატანას, მიმსგავსებულ თარგმნას სხვა ენაზე, რისთვისაც ყველა ვარიანტში თავისუფლად თხზვის, გამომგონებლობითი სფეროსა და ძალის საშუალებაა საჭირო. სიტყვა „გამოვლინება“ მრავალ ცდუნებას შეიცავს, რის გამოც შევეცდები მას თავი ავარიდო, რამდენადაც არამართებულია, რომ ნივთების არსი ემპირიულ სამყაროში ვლინდებოდეს. მხატვარი, რომელსაც ხელები არა აქვს და თავისი წარმოსახული სურათის სიმღერით გადმოცემა სურს, სფეროთა ასეთი გადანაცვლებით უფრო მეტის თქმას შეძლებდა, ვიდრე ემპირიული სამყარო ნივთების არსს გვიმხელს. თვით ნერვული აღგზნების გამომსახველ სურათებთან მიმართება თავისთავად არ არის აუცილებლობით ნაკარნახევი; მაშინ, როდესაც იგივე სურათი, მილიონჯერაა გამოსახული და ადამიანთა მრავალ თაობებს მემკვიდრეობით აქვს გადაცემული, მთელ კაცობრიობას ყოველ ჯერზე ერთი და იმავე საბაბით ევლინება, საბოლოოდ კი ისეთი მნიშვნელობა ენიჭება, თითქოსდა ერთადერთი და აუცილებელი ხატება ყოფილიყოს და თავდაპირველი ნერვული აღგზნების ყოველი მიმართება ამ გამოხატულების მკაცრი კაუზალურობით ნაკარნახევი იყოს: როგორც სიზმარი, რომელიც ყოველთვის მეორდება და ამის გამო რეალობად განიცდება და ფასდება. მაგრამ მეტაფორის გამყარება და ქვად ქცევა არანაირად არაა თავდები ამ მეტაფორის საჭიროებისა და უფლებამოსილებისათვის.
ყოველ ადამიანს, ვინც ასე მსჯელობს, რაღა თქმა უნდა, ღრმა ეჭვი შეჰპარვია ასეთ იდეალიზმში, რამდენჯერაც სრული სიცხადით დარწმუნებულა ბუნების კანონთა კონსეკვენტურობაში, მარად აქტუალურობასა და შეუცდომლობაში. აქედან კი ასეთი დასკვნა გამოიტანა: რაც უფრო მივიწევთ სამყაროს ტელესკოპური სიმაღლეებისა და მიკროსკოპული სიღრმეებისაკენ, ვხედავთ, რომ აქ ყველაფერი სანდოდ, უსასრულოდ, კანონზომიერად და უნაკლოდაა აგებული; მეცნიერება ამ მაღაროებს შეძლებს ყოველთვის წარმატებულად ჩაუღრმავდეს და ყველაფერი, რასაც იპოვის, არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ერთმანეთთან შეხმატკბილებული იქნება. რა მცირედ წააგავს ეს ფანტაზიის ნაყოფს: ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ხომ სადმე მოჩვენებითობა და არარეალურობა უნდა გამოემჟღავნებინა. ამის საწინააღმდეგოდ კი ერთხელაც უნდა ითქვას: თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვაგვარი შეგრძნების უნარი რომ გვქონოდა, მაშინ ჩვენც ხან ფრინველის, ხან მატლის, ხან მცენარისნაირი აღქმა შეგვეძლებოდა ან ერთსა და იმავე გაღიზიანებას ერთ-ერთი ჩვენთაგანი წითლად დაინახავდა, მეორე ლურჯად, მესამე კი ხმად აღიქვამდა, ასეთ შემთხვევაში კი აღარავინ ილაპარაკებდა ბუნების ასეთ კანონზომიერებაზე, მას მხოლოდ ერთობ სუბიექტურ წარმონაქმნად მიიჩნევდნენ. მაშ რაღაა ჩვენთვის ბოლოს და ბოლოს ბუნების ეს კანონი? იგი ჩვენთვის არაა თავისთავადობა, მხოლოდ მისი ქმედებებიდანაა ცნობილი ანუ ბუნების სხვა კანონებთან მისი ურთიერთმიმართებით, რომლებსაც ასევე მხოლოდ ურთიერთმიმართებებად ვიცნობთ. მაშასადამე, ყველა ეს რელაცია ერთმანეთს ეყრდნობა და ჩვენთვის მათი არსი სულ უფრო და უფრო გაუგებარი რჩება. მხოლოდ ის, რასაც მასში ვდებთ, - დრო, სივრცე, ანუ სუგცესიური ურთიერთობები და რიცხვებია ჩვენთვის რეალურად ცნობილი. ყოველივე ის კი, რაც ბუნების კანონებში გვიკვირს, რაც ჩვენგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს და იდეალიზმისადმი ჩვენი დაეჭვებით ცდუნება შეუძლია, მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკურ სიმკაცრესა და დროისა და სივრცის წარმოდგენის სანდოობაში აისახება. ამას თვითონ წარმოვქმნით საკუთარ თავში და მერე ისეთივე საჭიროებით გამოგვაქვს გარეთ, როგორც ობობა თავის ქსელს აბამს. თუკი იძულებულნი ვართ, რომ ყოველი ნივთი ასეთი ფორმით მოვიაზროთ, მაშინ გასაკვირი აღარაა, რომ ყოველ ნივთში მხოლოდ ასეთ ფორმებს ვიაზრებთ, რადგანაც ისინი ვალდებული არიან საკუთარ თავში რიცხვების კანონი ასახონ. ნივთებში კი სწორედ რიცხვებია გასაოცარი. ყოველი კანონზომიერება, რომელიც ვარსკვლავთა მოძრაობასა თუ ქიმიურ პროცესში ასე გვხიბლავს, პრინციპში იმ თვისებებს ემთხვევა, რომლებსაც თვითონვე ვდებთ ნივთებში, ისე, რომ ამითი ჩვენივე თავი მოვხიბლოთ. ამას კი შედეგად ყოველთვის ის მოაქვს, რომ მეტაფორათა წარმოქმნა, რომლითაც ჩვენში ნებისმიერი შეგრძნება იწყება, საკუთარ თავში უკვე ყველა იმ ფორმას მოიცავს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს; მხოლოდ ამ პირველადი ფორმების ზეწოლით აიხსნება ის შესაძლებლობა, როგორ უნდა ხერხდებოდეს თავად მეტაფორებიდან ცნებების აგება. ეს კი, სახელდობრ, მეტაფორებშივე მიმდინარე დროის, სივრცისა და რიცხვების ურთიერთმიმართებათა მიბაძვით ხდება.
თავი მეორე
მეტაფორების შექმნისაკენ მიმართული ყოველი სწრაფვა, ადამიანის ფუნდამენტური სწრაფვაა, რომლის გამოტოვება არც ერთი წუთით არ შეიძლება, რადგანაც ამით თავად ადამიანი გამოგვრჩებოდა, იმის მეშვეობით, რომ მისი გაუჩინარებული წარმონაქმნების – ცნებებისაგან, რეგულარული და უძრავი სამყარო მისი სამბრძანებლო გახდებოდა, სინამდვილეში სრულიად მოუთოკავი და თითქმის გაუხედნავია. იგი თავისი ქმედების ახალ სფეროსა და კალაპოტს ეძებს და მას მითოსსა და, საზოგადოდ, ხელოვნებაში პოულობს. იგი განუწყვეტლივ ურევს ცნებების რუბრიკებსა და ადგილს, იმის მეშვეობით, რომ მას ახალი გადატანები, მეტაფორები, მეტონიმიები შეაქვს; იგი განუწყვეტლივ იმის სურვილს ამჟღავნებს, რომ ფხიზელი ადამიანის ხელმისაწვდომი სამყარო ისე ჭრელად და მოუწესრიგებლად, უშედეგოდ და ურთიერთკავშირის გარეშედ, მიმზიდველად და მუდამ ახლებურად გამოისახოს, როგორც სიზმრის სამყაროა. ფხიზელი ადამიანი თავის მხრივ იმის მეშვეობით განიცდის საკუთარ სიფხიზლეს, რომ მუდამ ცნებების გამოგონებითაა დაკავებული და თუკი ამ საქმიანობას ხელოვნება დაურღვევს, მას თავი უკვე სიზმარში ჰგონია. პასკალი მართებულად აღნიშნავდა, რომ მუდამ ერთსა და იმავე სიზმარს რომ ვხედავდეთ, მისით ისეთივე დასაქმებული ვიქნებოდით, როგორც იმ საგნებით, რომლებსაც დღისით ვხედავთ: „ხელოსანს ყოველ ღამე რომ ესიზმრებოდეს, რომ მთელი თორმეტი საათის განმავლობაში მეფეა, მაშინ, დარწმუნებული ვარ“, – ამბობს პასკალი, – „რომ იგი ისეთივე ბედნიერი იქნებოდა, როგორც მეფე, რომელსაც ყოველ ღამე თორმეტი საათის განმავლობაში თავი ხელოსნად ესიზმრება“.9 ძველი ბერძნების მსგავსად, მითოსურ ზმანებაში მყოფი ხალხის ფხიზელი დღე, თავისი უსასრულო სასწაულმოქმედებით ანუ როგორც მას მითოსი ესმის, სინამდვილეში მეცნიერულობით გამოფხიზლებული მოაზროვნის სიზმარს უფრო წააგავს, ვიდრე მის ცხადს. თუკი ყოველი ხე ერთხელაც ნიმფასავით დაილაპარაკებს ან ხარის გარეგნობაში შენიღბულ ღმერთს ქალწულების მოტაცება შეუძლია, ეტლით მოსეირნე ქალღმერთ ათენას კი პისისტრატეს თანხლებით ათენის ბაზრებში ხედავენ, – ასეთი რამის კი ყველა პატიოსან ათენელს სჯეროდა, – მაშინ ცხადშიც ყველაფერი ისევეა შესაძლებელი, როგორც სიზმარში და მთელი ბუნება ადამიანების გართობაშია, თითქოსდა იგი ღმერთების მასკარადი ყოფილიყოს, რომლებიც მხოლოდ ოხუნჯობენ და ყველა საგანს ადამიანების შესაცდენად იყენებდნენ.
მაგრამ საკუთარი თავის მოტყუებინებისაკენ თავად ადამიანია მიდრეკილი და აღტაცებულია, როდესაც რაფსოდი ეპიკურ ზღაპრებს ისე უყვება, თითქოს ჭეშმარიტება ყოფილიყოს ან მსახიობი მეფეს უფრო მეფურად განასახიერებდეს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ინტელექტი, თვალთმაქცობის ეს ოსტატი, თავისი ჩვეულებისამებრ იმდენადაა მონური სამსახურისაგან თავისუფალი, რამდენადაც შეუძლია უზიანოდ შეცდენა და მაშინ ზეიმობს იგი თავის სატურნალიებს. არასდროსაა იგი უფრო მეტ ფუფუნებაში, უფრო მდიდარი, ამაყი, გამჭრიახი და გამბედავი: შემოქმედებითი კმაყოფილებით აფრქვევს იგი მეტაფორებს და თავდაყირა აყენებს აბსტრაქციის საზღვრებს ისე, რომ, მაგალითად, დინებას განსაზღვრავს როგორც მოძრავ გზას, რომელსაც ადამიანები იქით მიჰყავს, საითკენაც თვითონ მიდის. ახლა კი მან მსახურის ნიშანი მოიცილა: ჩვეულებრივ, გულჩათხრობილი საქმიანობით მოწადინებული, რათა არსებობას მოწყურებულ საბრალო ინდივიდს გზა და ხელსაწყოები აჩვენოს და როგორც მსახური თავისი ბატონისათვის დატაცებასა და ნადავლზე დაგეშილი, ამჟამად თავად იქცა ბატონად და უფლება აქვს გაჭირვების გამომეტველება სახიდან მოიშოროს. ყველაფერს, რასაც ის ამჟამად აკეთებს, თავის უწინდელ ნამოქმედართან შედარებით თვალთმაქცობის ნიშანი ადევს, ისევე როგორც თავად უწინდელი გაყალბებისას. იგი ადამიანის ცხოვრების კოპირებას ახდენს, რაც მას კარგ საქმედ მიაჩნია და, როგორც ჩანს, ამითი თავადაც კმაყოფილია. ცნებათა უშველებელი კედელი და ტიხარი, რომელსაც გაჭირვებული ადამიანი ებღაუჭება და ასე უნდა ცხოვრებას თავი გაართვას, გათავისუფლებული ინტელექტისათვის მხოლოდ ჩონჩხია და მხოლოდ სათამაშო თავისი ფოკუსებისათვის. და თუკი მას დაანგრევს, მიმოფანტავს, ხელახლა ააწყობს, მხოლოდ ირონიულად უუცხოესების დაწყვილებითა და უახლოესების დაშორებით. ამით იგი ამტკიცებს, რომ არავითარი გასაჭირისაგან თავის დახსნა არ ესაჭიროება და იგი არა ცნებებით, არამედ ინტუიციით ხელმძღვანელობს. ამ ინტუიციებიდან არცერთი მუდმივი გზა არ მიდის მოჩვენებითი სქემებისა და აბსტრაქციების ქვეყნისაკენ: სიტყვა მათთვის არ შექმნილა, ადამიანი მუნჯდება, როდესაც იგი მათ ხედავს, ან ლაპარაკობს არაერთი აკრძალული მეტაფორითა და ცნებათა აბდაუბდა ხმარებით, რათა ცნებების ძველი ფარგლების დამსხვრევითა და აბუჩად აგდებით ყოვლისშემძლე აქტუალური ინტუიციის შთაბეჭდილებას შემოქმედებითად შეესატყვისებოდეს.
არსებობს ისეთი ეპოქები, რომლებშიც როგორც გონიერი, ასევე ინტუიციური ადამიანები ერთმანეთის გვერდზე დგანან, პირველს ინტუიციის ეშინია, მეორე კი აბსტრაქციას დასცინის; ეს უკანასკნელი ისეთივე უგუნურია, როგორც პირველი არაშემოქმედებითი. ორივეს ცხოვრებაზე მბრძანებლობა სურს: ერთს – თავდაჭერილობის, სიჭკვიანის, კანონზომიერების მეშვეობით უმთავრესი საჭიროებების ცოდნაშია დარწმუნებული, მეორე კი, იმის გამო, რომ იგი როგორც „მეტისმეტად მოხარული გმირი“ ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს და მხოლოდ ფიქციად და სილამაზედ მოჩვენებული ცხოვრება სინამდვილე ჰგონია. მაგალითად, როგორც, ძველ საბერძნეთში, სადაც ინტუიციური ადამიანი თავის იარაღს უფრო ძლიერად და წარმატებით ხმარობს, ვიდრე მისი კონკურენტი, უკეთეს შემთხვევაში შეუძლია კულტურას ისეთი სახე მისცეს, სადაც ხელოვნება ცხოვრებას განაგებს: ასეთი ცხოვრების ყველანაირ გამოხატულებას კი სხვადასხვაგვარი თვალთმაქცობა, გასაჭირის უარყოფა, მეტაფორული ჭვრეტის ბრწყინვალება და საერთოდ, მოტყუების არაუშუალოება ახლავს თან. არც სახლი, არც ნაბიჯი, არც სამოსელი, არც თიხის კათხა არ იტყვის იმას, რომ ისინი საჭიროებამ გამოიგონა: ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ყოველ მათგანში ამაღლებული ბედნიერება და ოლიმპიური უღრუბლო ცა, ამასთანავე, სერიოზულობასთან თამაში ისახებოდეს. ამ დროს კი ადამიანი, რომელიც ცნებებითა და აბსტრაქციებით ხელმძღვანელობს და მათი მეშვეობით უბედურებას თავიდან ირიდებს ისე, რომ საკუთარ თავს აბსტრაქციებიდან ბედნიერება არ აიძულოს, მაშინ, როდესაც ტკივილებისაგან შესაძლო თავისუფვლებისაკენ მიისწრაფვის, ამ დროს კულტურის ცენტრში მდგომი ინტუიციური ადამიანი, უკეთურებისგან დაუცველად უსასრულოდ მოდინებულ განსხივოსნებას, ლხენას, ხსნას საკუთარი ინტუიციის ნაყოფად იმკის. თუმცა თუ იტანჯება, მისი ტანჯვა უფრო სასტიკია: დიახ, იგი ხშირად იტანჯება, რადგანაც გამოცდილებიდან ვერაფერს სწავლობს და მუდამ იმავე ორმოში ვარდება, სადაც ერთხელ უკვე ჩავარდნილა. ვაებაში ისეთივე უგუნურია, როგორც ბედნიერებაში, იგი ხმამაღლა ყვირის და ვერ პოულობს ნუგეშს. რამდენად სხვანაირად დგას ასეთსავე უბედურებაში სტოიკური, გამოცდილებით ჭკუანასწავლი, ცნებებით საკუთარი თავის ფლობის უნარის მქონე ადამიანიც! ის, თუკი ჩვეულებისამებრ მხოლოდ გულწრფელობას, ჭეშმარიტებას, სიმცდარისაგან თავისუფლებასა და მომხიბვლელი თავდასხმებისაგან თავშესაფარს ეძებს, ახლა უბედურებაში ჩავარდნილი თვალთმაქცობის ისეთივე შედევრს აბარებს, როგორც სხვა ბედნიერებაში; მას ადამიანურად მეტყველი და მოძრავი სახე კი არა აქვს, არამედ თითქოს შენიღბულია გაწონასწორებულობით, არათუ არ ყვირის, არამედ საკუთარ ხმასაც კი არ იცვლის: მის თავზე მთელი ღრუბელი რომ გადმოიღვაროს, ლაბადას წამოიფარებს და ნელი ნაბიჯით თავსხმაში გზას გაუყვება.
ფრიდრიხ ნიცშეს წინამდებარე ნარკვევი Ueber Wahrheit und Lüge im aussermoralischen Sinne მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საპროგრამო ტექსტად მიიჩნევა. მასში გამოთქმულ მოსაზრებებს ნიცშე თავისი შემოქმედების გვიანდელ პერიოდში (XIX საუკუნის 80- იან წლებში) ისევ დაუბრუნდა, თუმცა კი 1872 წელს დაწყებული და ერთი წლის შემდეგ 1873 ზაფხულში დასრულებული ეს ტექსტი თავად ავტორს არასოდეს გამოუქვეყნებია. ითარგმნა ჯორჯო კოლისა და მაძინო მონტინარის რედაქციით გამოსული წიგნიდან – Friedrich Nietzsche, Sämtliche Werke. Kritische Studienausgabe, I ტომი, გვ. 875-890.
1. იგულისხმება გერმანელ მწერალ გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის (1729- 1781) ახალშობილი ბავშვი, რომელიც დაბადებიდან 24 საათის შემდეგ გარდაიცვალა, რის შესახებაც ლესინგი ერთ პირად წერილში წერდა, რომ მისმა შვილმა სამყაროში დარჩენის ვერანაირი საფუძველი ვერ ნახა.
2. გერმანული სიტყვა Täuschung-ი, რომელიც წინამდებარე ტექსტის ერთ- ერთი უხშირესი ტერმინთაგანია, ქართულად „გაცრუებად“, „სიმულაციად“, „შეცდომაში შეყვანად“, „შეცდენად“ შეიძლება ითარგმნოს. ჩვენ ამ უკანასკნელზე შევჩერდით.
3. ლათ. „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ ან „ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ“.
4. გერმანულ ენაში „ხე“ – der Baum, – მამრ. სქესისაა, ხოლო „მცენარე“ – die Pflanze მდედრობითის.
5. Ding an sich – „ნივთი თავისთავად“, – იმანუელ კანტის ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ცნება.
6. „ქლადნის ხმოვანი ფიგურები“ – იგულისხმება ფიზიკოს ერნსტ ფლორენს ფრიდრიხ ქლადნის (Chladni) მიერ გამოგონილი ფიგურები, რომლებიც ქვიშამოყრილი ფირფიტის ვიოლინოს ხემთან ხახუნით წარმოიქმნება. ქლადნის მიხედვით, ამგვარად ბგერა გრაფიკულ სახეს იძენს. (მთარგმნელის შენიშვნა).
7. ლათ. „საიდუმლო თვისება“.
8. კოლუმბარიუმი – ნაგებობები ძველ რომში, სადაც ინახებოდა ურნები გარდაცვლილთა ნეშტით (ფერფლით).
9. ბლეზ პასკალი, აზრები (Pensées) VI, 386.
Комментариев нет:
Отправить комментарий