თამარ კარელიძე
იმ ტრაგედიებს შორის, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფება ჰქვია, ხშირად ყველაზე დიდი გამოხმაურება ჟურნალისტთა მკვლელობებს აქვს. საზოგადოების ემოციები, ალბათ, ქვეცნობიერიდან გამომდინარეობს - ეს პროფესია ბევრისთვის სითამამესა და გამბედაობასთან ასოცირდება. ჟურნალისტი ერთგვარი მეგაფონის როლს ასრულებს და ინფორმაციის მიწოდების გარდა, ხმამაღლა ახმოვანებს იმ უამრავი ადამიანის მოსაზრებას, რომლებიც პროფესიული, მორალური თუ სხვა სახის გაუბედაობის გამო, საკუთარ აზრს ხმამაღლა ვერ გამოხატავენ. მოკლედ, ზოგჯერ, ჟურნალისტი საკუთარი უსაფრთხოებისა თუ დისკომფორტის სანაცვლოდ, სხვათა აზროვნების თავისუფლებასაც იცავს - სხვები აფასებენ.
ალბათ, ჟურნალისტიკის უმთავრესი ხიბლი ისეთ ქვეყნებშია, როგორიცაა უგანდა, შრი-ლანკა, პაკისტანი თუ გამბია. ბევრს შეშურდებოდა ჩემი შრი-ლანკელი კოლეგის, რომელიც მათ რედაქციაში შეგდებულ ბომბზე გვიყვებოდა, სასწაულებრივად რომ გადაურჩნენ; პაკისტანელისაც, გაზეთის რედაქცია რომ დაუცხრილეს და იღბლად, იმ მომენტისათვის გარეთ გასული აღმოჩნდა; გამბიელი კოლეგისაც შეშურდებოდა ზოგიერთს, რომელსაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, სენეგალში „გადაცხოვრება“ მოუწია..
„მე ვარ შარლი“ - ეს სიტყვები გამბედაობის სიმბოლოდ იქცა. თუმცა დასავლური გამბედაობის. ისეთი გამბედაობის, როგორიც მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში არსებობს, რადგან ამ სიტყვის მნიშვნელობას ჩვენ ვერ ვაფასებთ ისეთ ქვეყნებში, სადაც პროფესია ჟურნალისტი მართლა გამბედაობასთან ასოცირდება. იქ მომუშავე ჟურნალისტები ყოველ წუთს ცეცხლს ეთამაშებიან. ჩვენთვის კი მათი სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკაა, რომელსაც ყოველი წლის ბოლოს “freedom house“ ციფრებში ასახავს. ისინი უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე „სარლი ჰებდო“, ვიდრე თუნდაც მათი გერმანელი კოლეგები, კიევის ცენტრში, ხალხის ხოცვა-ჟლეტის ფონზე, მთავარი გამოშვების პირველ ამბად ფეისბუქის ათი წლისთავი რომ ჰქონდათ. დაღუპულ ჟურნალისტთა სტატისტიკის გადათვალიერებისას პირველი სტალინის სიტყვები მახსენდება, ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ასეულების კი სტატისტიკაო, რომ ამბობდა. საფრანგეთისგან განსხვავებით, ჩვენ არასოდეს გამოვალთ ქუჩაში „შრი-ლანკა მირორის“ რედაქციის წევრთა დახოცვისათვის, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება შრი-ლანკას მოქალაქეების ისეთივე უფლებაა, როგორც საფრანგეთის მოქალაქეებისა.
ჩვენ კი ამ ორ უკიდურესობას შორის მცხოვრებ ადამიანებს გვგონია, რომ სრულყოფილება, თავისი უზრუნველი ცხოვრებით, დიდი პოლიტიკით, მოწესრიგებული გზებითა და ჭეშმარიტი ჟურნალისტიკით, განვითარებულ ქვეყნებში არსებობს. სინამდვილეში ეს წარმოდგენა სხვა არაფერია თუ არა ილუზია იმისა, რომ თავისი მშვიდი ყოფით იქ, დასავლეთში, ჩვენნაირი ქვეყნების დაცვა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ გვაგდებს შოკში ნიუ-იორკის ტრაგედია თუ პარიზში „შარლი ჰებდოზე“ მომხდარი თავადსხმა; სირიის ომსა თუ რამდენიმე თვის წინ ერაყში ისისის მეომრების მიერ ქურთებისთვის მოწყობილ სასაკლაოს, ერთ დღეს გაუპატიურებულ და დახოცილ ათასობით ქალსა და ბავშვს კი ყურადღებას არ ვაქცევთ.
„შარლი ჰებდოზე“ მომხდარმა თავდასხმამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მისი მთავარი მტერი ტერორიზმია. ტერორიზმი, რომელიც რიგითი მოქალაქეების ქვეცნობიერში ისლამს უკავშირდება. ალბათ ამ წარმოდგენის განეიტრალება ძალიან რთულია, თუმცა მსოფლიო გავლენიანი მოქალაქეები გამუდმებით ჩაგვჩიჩინებენ, რომ ყველა მუსლიმი არ არის ტერორისტი. ასეცაა: მე არ მინდა, რიგითი მუსლიმი ბოდიშს იხდიდეს პარიზის ტრაგედიისთვის ისე უაზროდ, როგორც გერმანელი იხდის ბოდიშებს ჰოლოკოსტის გამო და როგორც ჩემი მეზობელი გალინა გვებოდიშებოდა მთელ უბანს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამბებისთვის.
„მე არ ვარ შარლი“ არა იმიტომ, რომ რამის თქმის გამბედაობა არ მყოფნის, არამედ იმიტომ, რომ შერჩევითი სოლიდარობა ფარისევლობას ჰგავს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხვდები, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში თანაბრად დაცული ხარ. რაც შეეხება სასჯელის ზომას, არც ერთი აზრის შეურაცხყოფა ღირს ადამიანის უმთავრესი ღირებულების - სიცოცხლის ხელყოფად, ისევე როგორც არ არსებობს სიტყვა „მაგრამ“..
P.S. 7 იანვრის ტრაგედიაზე მე პირადად ყველაზე მეტად ფრედერიკ ბეგბედერის მოსაზრება მაინტერესებს - მწარე სიმართლით, ზუსტი აქცენტებითა და შესაშური, დიპლომატიური ცინიზმით.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий