понедельник, 3 ноября 2014 г.

ირონია, მისი წარმოშობა, არსი და სახეები



ირონიის ისტორიული განვითარების ორი ეტაპი გამოიყოფა:

ძველი საბეძნეთიდან მე-18 საუკუნამდე (ე.წ. სოკრატისეული) და მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ე.წ. რომანტიკულ ირონია. ნავას რუისი მიიჩნევს, რომ ირონიის რიტორიკულ და რომანტიკულ სახეს შორის არ არის წყვეტა, არამედ ისინი ერთმანეთს ამდიდრებენ და ავსებენ. მისი აზრით, სოკრატული ირონიის ფარგლებში, ირონიამ ოთხი სახის გამოხატულება მიიღო: ა) როგორც ენის ფიგურამ, რომლის არსიც მოტყუებაში მდგომარეობდა, ბ) როგორც ტროპმა, რომელიც მნიშვნელობის ცვლას გულისხმობდა; გ) როგორც ცხოვრებისა და მსჯელობის სტილმა, და დ) როგორც მოხერხებულობის ფორმამ, რომელიც უახლოვდებოდა ხუმრობას, მოხდენილობას, იუმორსა და სატირას. ამ სამისთვის საერთოს (შეპირისპირება გამოჩენასა და რეალობას შორის) საპირისპიროდ, შლეგელმა რიტორიკული მექანიზმის ტრანსცენდენტული გარდაქმნა განახორციელა, გარდაქმნა ის ეპისტემოლოგიურ და სამხატვრო ტექნიკის ინსტრუმენტად. მისმა შეხედულებებმა დიდი პოლემიკა გამოიწვია, რომლის ავტორებს შორის აღსანიშნავია ტიკი, ზოლგერი, მიულერი, ჰეგელი და კირკეგორი. მკვლევარი ფინლეი მიუთითებდა, რომ რომანტიკულმა ხელოვნებამ შეცვალა ტექსტის შექმნის დროს გამოყენებული ტრადიციული სემიოტიკური კოდები, რაც რომანტიკული ირონიის სახით გამოვლინდა. კერძოდ, უარყოფილი იქნა არსებობის აბსოლუტური ნორმა და იგი შეიცვალა ცვალებადი ნორმებით, რომლებიც დაკავშირებული გახდა ისეთ ურთიერთობებთან, როგორიცაა ავტორი/ტექსტი/კონტექსტი/მკითხველი.





 ირონიის ფენომენის კვლევისათვის ამოსავალ წერტილად არისტოტელეს და პლატონის ფიგურები გვევლინება. აღსანიშნავია, რომ პლატონისთვის ტერმინი ირონია, თავის მხრივ, სოკრატესთან არის ასოცირებული. სოკრატული ირონიული ფიქციის მიზანია იმის მიღწევა, რომ შემტევს გაუხსნას კარი. თუ შემტევს თავიდანვე ეცოდინებოდა მისი შეტევის სუბიექტი, მაშინ იგი დაიმალებოდა და დიალოგი აღარ გაიმართებოდა. დიალოგის ამოსავალ წერტილად სოკრატე იღებს მოსაუბრის თვითმოხიბვლას, რაც დიალოგისთვის საერთო სივრცეს ქმნის, რომლის მიზანიც ამავე სივრცის დარღვევაა. კითხვების დასმით, სოკრატე აშიშვლებდა მოსაუბრის სუსტ ადგილებს, რითიც მის გახსნას უწყობდა ხელს. როდესაც მოსაუბრე აზვიადებდა საკუთარ აზრებს, მაშინ განსაკუთრებით ვლინდებოდა მათი უაზრობა და, ამგვარად, რაც თავიდან მტკიცდებოდა, ახლა საკუთარი თავის უარმყოფელი ხდებოდა. სწორედ მაშინ იწყებდა საუბარსა და საკუთარი აზრების განვითარებას სოკრატე. სოკრატული ირონია თავდაპირველად ეთანხმება, და სწორედ ამით უარყოფს მოსაუბრის იდეას.პლატონისთვის ირონია არის კონცეპტი, რომელიც მოიცვას როგორც ცოდნის სპეციფიკურ მეთოდს, ასევე წარმოადგენს დარწმუნების ფორმას. ირონიის სამყაროს შემეცნებისა და ახსნის ფორმად მიჩნევა მისთვის ფილოსოფიური განზომილების მინიჭების ტოლფასია.



პლატონისგან განსხვავებით, არისტოტელე მეტად კონკრეტულად გამოხატავს საკუთარ შეხედულებას. მისთვის ირონია არის ჭეშმარიტებასთან ურთიერთობის ფორმულა, კავშირი, რომლის საშუალებით ფიქცია უპირისპირდება რეალობას:

 ფიქციას, რომელიც აზვიადებს საგნებს და ცვლის რეალობას, უნდა იწოდოს ფანფარონობა, ხოლო ამ ნაკლის მქონეს კი - ფანფარონი; და პირიქით, თუ იგი აკნინებს საგნებს, მაშინ მას დამალვა, ხოლო ამ ნაკლის მოქნეს კი დამმალავი ეწოდება. არისტოტელე


საინტერესოა, რომ არისტოტელე ტექსტის ამ ნაწილში აყალიბებს ირონიის შესწავლისთვის უმნიშვნელოვანეს იდეას - მანძილის. მის თანახმად, ჭეშმარიტების ცვლილება შესაძლებელია მოხდეს მიახლოების (ანუ გაზვიადების), ან დაშორების (ანუ დაკნინების) საშუალებით. მათგან არცერთი არ არის მეორეზე უპირატესი, არ ფასდება ფანფარონობა უკეთესია თუ დამალვა უარესი. არისტოტელე მიიჩნევს, რომ ირონია რიტორიკული ხერხია (მჭერმეტყველობის შემადგენელი ნაწილი) და მისი ფუნქცია სასაცილოს გამოხატვაში მდგომარეობს. "პოეტიკაში" ასევე ვხვდებით ირონიის რიტორიკულ ილეთად შეფასებას, თუმცა არა როგორც იუმორთან დაკავშირებულ ვერბალურ სტრატეგიას, არამედ როგორც პერიპეტიას ((περιπέτεια)).



არისტოტელეს მსგავსი შეხედულება გააჩნდა ციცერონსაც, რომელიც ირონიის საკითხზე ყურადღებას ამახვილებდა თეორიულ-ლიტერატურული ნაშრომების არგუმენტირების დროს. მჭერმეტყველობის საკითხისადმი მიძღვნილ ტრაქტატში, რომლის არგუმენტული ძაფიც იდეალური ორატორის დახატვას ემსახურება (და, შესაბამისად, იდეალური დისკურსისაც), ციცერონი მიუთითებს, რომ დისკურსი სხვა არაფერია თუ არა საუბრის ფორმა, ეს უკანასკნელი კი "ორ მოქმედებაში გამოიხატება: მოქმედებასა და მჭერმეტყველებაში". პირველში იგი გულისხმობს ხმასა და ჟესტიკულირებას, მეორეში კი მეტყველების კორექტულობას. მისი აზრით, გამართული დისკურსი უნდა ეფუძნებოდეს მოქმედებისა და მჭერმეტყველების წონასწორობას, მათგან ერთის დარღვევის შემთხვევაში კი დისკურსი ძალას კარგავს. მეტიც: სმიხ ტონზე უპირატესი სწორედ მჭერმეტყველებაა, ამიტომაც დიდი მნიშვნელობის მქონეა გაწაფულობა, რამეთუ სწორედ ამ უნარით მიიღწევა ეფექტურობა:



არსებობს ხუმრობა (facetiarum) და გესლიანობა (dicacitatis) [...] ერთი გამოიყენება რაიმეს მხიარულად გადმოსაცემად, მეორე კი სასაცილოს გესლიანად სათქმელად. ციცერონი


ციცერონისთვის მნიშვენლოვანია, რომ არ მოხდეს სასაცილოს ბოროტად გამოყენება, რათა თავი დავაღწიოთ როგორც ბუფონადას, ისე ენაბილწობას, პანტომიმას, აგრესიულობას, უსირცხვილობას, არაჰუმანურობას, საზიზღრობასა და შეურაცხმყოფობას. არისტოტელეს მსგავსად, არც ციცერონი განიხილავს ირონიას ცალკეულ კატეგორიად, არამედ მას სასაცილოს შემადგენლობაში მოიაზრებს. ტრაქტატში "Rhetorica ad Herenium" იგი გვთავაზობს განსხვავებას დამალვის (dissimulatio) ორ ფორმას შორის, რომელიც მოქმედებს მნიშვნელობის შეცვლის გზით, და მეორე, რომლის ფუნქციონალურობაც დამალვის ეფექტზეა დაფუძნებული.



 ციცერონმა ირონიის ტიპოლოგია განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც არსებობს:

 ა) მარტივი ირონია, როდესაც ითქმის რაიმე განსხვავებული იმისგან, რისი თქმაც სურთ (საპირისპიროს თქმა, ანუ ἀντίφρασις);

ბ)მიმღების ირონია - როდესაც ესმით განსხვავებული იმისგან, რაც ითქვა;


გ)საზოგადო ირონია, რომელიც მოიცავს მჭერმეტყველურ მახასიათებლებს, ანუ ისეთ სივრცეს, როგორიც არის კონტექსტი, რაც ხელს უწყობს ბინარული ოპოზიციების გამარტივებას.



 ეს იყო ირონიის პირველი სისტემატიზაციის მცდელობა. ამ თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა კვინტილიანის მიერ მეცხრე წიგნში გამოხატული შეხედულება, რომლის თანახმად, ირონია ორ განსხვავებულ დონეზე მოქმედებს: როგორც ტროპი, ან როგორც აზროვნების ფიგურა. კვინტილიანის ნაშრომი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში პირველად მოხდა ირონიის შიგთავსი ტროპის საზღვრებს გაცდა.



 კირკეგორი. კირკეგორის თანახმად, ირონია არის პოზიცია, რომელიც ავლენს ყოველივე არაგულწრფელს, ყალბსა და დროებითს. იგი მიიჩნევდა, რომ ეს არის "სუბიექტურობის სახე", რომელშიც სუბიექტი მხოლოდ არის "უარყოფითად თავისუფალი". კირკეგორი ახორციელებს ორ მნიშვნელოვან მიდგომას, რომლებიც გვეხმარება გავიაზროთ ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც ჰეგელს გააჩნდა შლეგელის თეორიის მიმართ. მათგან პირველი მდგომარეობს იმის ხაზგასმაში, რომ ირონიული დამოკიდებულება არის თავაშვებული სუბიექტურობის გამოხატულება, რომელიც რეალობის უარმყოფელია, რაც ამ გზით მას თავისუფლებას ანიჭებს; ხოლო მეორე კი ის არის, რომ ირონია არის უსასრულოპროცესი, ღვთიური სიგიჟე, რომელიც ქვას ქვაზე არ ტოვებს. რომანტიკული ირონია. შლეგელი. შლეგელმა მოახდინა რიტორიკის გარდაქმნა ტრანსცენდენტულ ინსტრუმენტად, რომელსაც გამოხატვის მხატვრული ხერხი ექნებოდა. ჩვენ ვგულისხმობთ მის მიერ შემოთავაზებულ ირონიის ახალ შეხედულებას, ე.წ. რომანტიკულ ირონიას, რომელიც განსხვავებულია თავისი ბუნებით სოკრატისეული ირონიისგან. ამგვარად, რომანტიკული ირონია სწორედ სოკრატულს დაეფუძნა, კერძოდ, ჰეგელმა მისგან აიღო ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა: დიალოგიზმი, ირონიის ორობითობა და ჩაფიქრებულობა, ასევე პრაქტიკისა და თეორიის შერწყმა და სოკრატისეული მორალური ხედვა (ის, რაც არ უნდა იყოს), ისევე როგორც წყვეტილობა გაბატონებულ აზრებთან და წინააღმდეგობებთან. ამ თემის განხილვას შეუდგნენ: ტიკი, ზოლგერი, მულერი, ჰეგელი, ჰაინე და კირკეგორი.



შლეგელის თანახმად, ირონია არის პარადოქსის ფორმა, ხოლო პარადოქსს კი იგი განმარტავდა როგორც ყველაფერს, რაც ერთდორულად კარგი და დიდია. ნოვალისის თანახმად, გრძნობა ყოველთვის უპირატესია, გრძნობის საშუალებით, რომანტიკოსები ეძიებენ ამაღლებას პირობითობაზე, რაც არის ირონიის ძირითადი ნიშანი. სწორედ ასეთ ირონიას ეწოდება რომანტიკული ირონია ეწოდება. ამ ამაღლებას აქვს ფუნქცია იყოს ამაღლებული საკუთარ თავზე. ამგვარად, ირონია ხდება წამყვანი რომანტიკული იარაღი, რადგან იგი ათავისუფლებს ადამიანს. ერთის მხრივ, ადამიანი ვერ იქნება ირონიული, თუ იგი არ არის თავისუფალი, და, მეორეს მხრივ, ირონია თავად ათავისუფლებს. ამიტომაც ირონია სხვა არაფერია თუ არა თავისუფლება. თუ სოკრატული ირონიის მიზანია მოსაუბრის დამარცხება, რომანტიკული ირონია მიზნად ისახავს საკუთარი თავის გამოთავისუფლებას. ეს, ერთის მხრივ, იწვევს ტკივილს, მეორეს მხრივ კი გვანჭებს სიამოვნებას გათავისუფლების გამო. თავისუფლების შეგრძნება კი არის ის, რაც მაქცევს ადამიანად.



 როდის გაჩნდა რომანტიკული ირონია? მაშინ, როცა კლასიციზმი, მონარქია და რელიგია აღმოჩნდა კრიზისში, როცა მათმა დოქტრინებმა ვეღარ ახსნეს თანამედროვე აზრის ევოლუცია. საზოგადოებაში გაჩნდა ახალი ფასეულობები - ინდივიდუალური თავისუფლება, რეალობის ახლებური აღქმა და სხვ., რასაც ახალი ინტერპრეტაცია დასჭირდა. სწორედ ამაზე მიუთითებდა კირკეგორი, როდესაც ამბობდა, რომ ირონია კრიტიკულ ვითარებაში იბადება.



 ჰეგელი. ჰეგელისთვის სოკრატე იყო ბერძნული სამყაროს მორალის აღმომჩენი და სუბიექტურობის დამნერგველი. შესაბამისად, სახელმწიფოსა და სუბიექტის მიზნებს შორის წარმოიქმნა გარკვეული სხვაობა. ჰეგელისეული ირონიის დახასიათება ორგვარია: ერთის მხრივ, იგი არადიალექტიკურია, მეორეს მხრივ, იგი უშვებს ირონიის, როგორც სიმართლის ფაქტორის რელევანტურობას. ირონია იქნება უარყოფითი პოტენციის მქონე, რომელიც დაარღვევდა დიალოგის წევრების მყარ პოზიციებს და მის გამომთქმელების ლიტერატურულ ინტერპრეტაციებს.



ჰეგელი მიიჩნევდა, რომ სოკრატული ირონია ემსახურებოდა ინტერპერსონალური ურთიერთობების განვითარებას, ამიტომაც ის იყო დიალექტიკის სუბიექტური ფორმა, მაშინ როცა ჰეგელისეული დიალექტიკა საგანთა საფუძველს შეადგენს. სოკრატული ირონია, რომელსაც გააჩნია "შეზღუდული მნიშვნელობა", რომანტიკოსებმა გარდაქმნეს "უნივერსალურ ელემენტად". შლეგელისათვის ირონია გახდა არა ინტერპერსონალური ურთიერთობების ნაირსახეობა, არამედ სამყაროს კონცეფცია, რომელიც ყველაფერს უარყოფდა:



ჰეგელმა მოახდინა შლეგელისეული შეხედულებების კრიტიკა და აღნიშნა, რომ რომანტიკულ ირონია არსის არმქონეა, რამეთუ ყველაფერი წარმოქმნილია აბსტრაქტული მე-ს მიერ. ირონიული აქტივობა განიხილავს ნებისმიერ არსებას როგორც მე-ს მიერ შექმნილს, რომლის შეფასებასაც მუდმივად ემორჩილება. ჰეგელის მიხედვით, ირონიას ყველაფერი რაც ვალიდურია, დაყავს არაფერზე, შესაბამისად თავად ადამიანიც ხდება სიცარიელე და რადგან ადამიანი ვერ იქნება ამ მდგომარეობაში, იგი ვარდება უძლურ ნოსტალგიაში.



 ჰეგელისათვის, ირონია არის სუბიექტივიზმის " ყველაზე მეტად ამაღლებული ფორმა". ირონია არის "ამ სუბიექტურობის კულმინაციის წერტილი და მისივე ბოლო გამოვლენას წარმოადგენს ". ჰეგელისთვის სოკრატული ირონია არ მოიცავს იმ ნეგატიურ მახასიათებელს, რომელიც რომანტიკულ ირონიას წარმოადგენს. ირონიის შლეგელისეული განმარტება მიუღებელია ჰეგელისთვის, რომლის ფარგლებშიც ჰეგელი უარყოფს არა სუბიექტურობას, არამედ აბსოლუტისტური სუბიექტურობას მორალური თვალთახედვიდან, როდესაც სუბიექტი უარყოფს ყველაფერს კონკრეტულს და მიიჩნევს, რომ ამით მიაღწევს თავისუფლებას.



 სწორედ ამ სუბიექტურობაში მდგომარეობს საფუძველი თავისუფლების კონცეპტის რეალიზაციისათვის. მორალური თვალთახედვით, სუბიექტურობა და თავისუფლება დაშორებული ცნებებია, თუმცა, ირონიულად (ჰეგელისეული მნიშვნელობით), სუბიექტი საკუთარ თავს თავად ანიჭებს თავისუფლებას. თუმცა, იგი თავისუფალია მხოლოდ სუბსტანციული შემადგენელისგან, საბოლოოდ კი, ირონიულად, იგი ხდება თვითნებობის მონა. სამყაროს რომანტიკული ხედვის წარმოშობის იდეას ჰეგელი ფიხტესეულ მე-ს, როგორც აბსოლუტის, გამოცხადებაში ხედავდა, თუმცა კონკრეტული მე-ს ჩამოყალიბებას მაინც შლეგელის წვლილად განიხილავდა, რასაც არ ეთანხმებოდა.



ზოლგერი. კირკეგორი წერდა: "ზოლგერი იყო ალბათ ერთადერთი, რომელმაც შეძლო ირონიის ფილოსოფიური ბუნების შემეცნება " ზოლგერი განასხვავებდა გარეგან ირონიას ჭეშმარიტისგან, და ამ უკანასკნელს მიიჩნევდა ადამიანის მდგომარეობის განუყოფელ შემადგენლად. ზოლგერისთვის, სახუმარო აქტივობა, რომელიც საგნებს სერიოზულ ჭრილში არ განიხილავს, მათ შორის არც ცხოვრების მორალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და სამეცნიერო მხარეებს, არ არის ირონია. მისთვის ჭეშმარიტი ირონია არის ადამიანის ერთ-ერთი შემადგენელი, როგორც  ამბივალენტური ორგანიზმის, რომელიც დასრულებულისა და დაუსრულებელს, მიწიერსა და ღვთიურს შორის მერყეობს. ირონია გამოხატავს ადამიანის ფუნდამენტურ მდგომარეობას. იგი განმარტავდა ტრაგიკულ ირონიას, როგორც "რაიმე ღვთაებრივს, რომელიც ანათებდა ღვთიურ ბუნებას ადამიანურ ქმედებებში". ეს იყო ცოდნის ისეთი ფორმა, რომელშიც ღვთიურის არსებობა გვემხილება, რაც ჩვენი რეალობის გაქრობით ხდება. ტრაგიკული ირონია არის ადამიანის ეგზისტენციული განსაზღვრების ხერხი და იგი არ არის მხოლოდ მხატვრული ინსტრუმენტი, არამედ ტრაგიკული ირონიის თეორია ეგზისტენციალიზმის თეორიაა. ზოლგერი ხელოვნების არსს კი არ აზავებდა ირონიაში, არამედ უჩვენებდა, რომ მისი არსი მდგომარეობს იმ საოცარ ფაქტში, იმ მომენტალურ განსახიერებაში იდეიდან დროებით გამოვლენამდე, რომელსაც იგი ირონიას უწოდებდა. ამიტომაც ხელოვნება არ არის არც ხელოვნების ნიმუში და არც ყველა არსებული ხელოვნების ერთიანობა, არც მხატვრის შემოქმედებითი შესაძლებლობა, არც "ესთეტური ობიექტი", რომელსაც ქმნის მიმღები აღქმის დროს, არამედ ყოფნის ისეთი ფორმაა, რომელშიც იდეასა და გამოსახულებას შეუძლიათ ერთმანეთში შეღწევა და ერთიანობის შექმნა, სინთეზი, რაც შესაძლებელია მხოლოდ როგორც მომენტალური აქტი.


 უმბერტო ეკო. მეცნიერის თანახმად, ირონია არის პროცესის შედეგი, რომელშიც ემისორი და მიმღები ერთნაირად იყენებენ კოდს, რომელსაც საზოგადოსგან განსხვავებულ მნიშვნელობას ან ღირებულებას ანიჭებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირონიზირება კოდის მსხვრევაა, მისი ორმნიშვნელოვნად გამოყენების შესაძლებლობაა.ეკოსთვის მნიშვნელოვანია არა ირონიის არსებობა ან არარსებობა, არამედ ის, რომ ემისორი, რომელიც კონკრეტული გზავნილის ფუნქციის ერთადერთი მცოდნეა, არ შეიძლება იყოს ორაზროვანი საკუთარი თავის მიმართ, თუმცა მას შეუძლია განზრახ შეგვიყვანოს შეცდომაში გზავნილისთვის ირონიული თვისების მინიჭებით.

ვლადიმერ ლუარსაბიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი



წყარო: 24saati



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий