понедельник, 17 ноября 2014 г.

ნეოპატრისტიკული, პოსტპატრისტიკული და კონტექსტუალური "თეოლოგია"



ნავპაკტოსის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

ვინც ბიბლიისა და მამათა ტექსტებს იკვლევს, ამასთანავე აცნობიერებს, რომ მართლმადიდებლური თეოლოგია საღმრთო გამოცხადებაა საუკუნეთა მანძილზე - წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მათი მემკვიდრე მამების მიერ გადმოცემული.

ამის დახასიათებას ემსახურება ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს დასაწყისი: "მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ძველთაგან მამებს ღმერთი, რომელიც ამ უკანასკნელ დღეებში თავისი ძის მიერ გველაპარაკა" (ებრ. 1:1).

ამდენად, ისინი ის ღვთივშთაგონებული წმინდანები არიან, რომელთაც ყოველგვარი ერესისა და დამახინჯებისაგან დასაცავად ჩამოაყალიბეს, გადმოსცეს თავიანთი გამოცდილება სიტყვებით, გადმოსცეს ტერმინებში. ამიტომ, ეს ტერმინები თუ დოგმატები ჩვენი ტრადიციისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები არიანი და ვერავინ შეძლებს მის ხელყოფას ისე, საკუთარი გადარჩენის გზა რომ არ დაკარგოს.

მეთოთხმეტე საუკუნის ისიქასტთა კრებულის (Hesychast Synod) მნიშვნელოვანი ფრაზა  - როგორც ეს მართლმადიდებლობის სინოდიკონშია გამოხატული, - ის არის, რომ ურთიერთმიმართებით "წმინდანთა ღვთივშთაგონებული თეოლოგია და ეკლესიის ღვთივსათნო სინდისი ერთსულოვანია".

წმინდანები გადმოსცემენ არა საკუთარ თეოლოგიას, არამედ აფორმებენ მხოლოდ იმას, რაც განსაკუთრებულად მათ ესაჩუქრათ, რაც პირადად მათ განიცადეს სულიწმინდაში. ამ თვალსაზრისისა და პერსპექტივის გარეშე შეუძლებელია მართლმადიდებლური თეოლოგიის არსებობა; ფაქტობრივად, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება ხსნის უმთავრეს საფუძველი.

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი პავლე მოციქულის იმ სიტყვების განმარტებისას, - სადაც იგი საკუთარ ამაღლებას აღწერს "ვიდრე მესამედ ცადმდე", ესე იგი "სამოთხეში", "სადაც გამოუთქმელი სიტყვები მოისმინა, რომელთა წარმოთქმის ნებაც არ აქვს ადამიანს" (2 კორინთ. 12:1-4), - ამბობს, რომ ეს სიტყვები ღვთის შეუქმნელი დიდების ბრწყინვალებაა, მისი დიდების ნათელია და მათი "გამოუთქმელობა" მიღებული გამოცდილების სრულყოფილად გამოუხატველობას გულისხმობს, როგორც რაღაც ადამიანური ბუნებისა და ძალის მიღმიერისას.

მამა იოანე რომანიდისი ამ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ წმინდანებს გამოცხადება "სიტყვებით გამოუთქმელად" ებოძებათ და იმდენად გამოხატავენ მას, რამდენადაც შეუძლიათ, თუმცა უკვე ქმნილი სიტყვებით, ნიშნებითა და სახეებით, ადამიანთა სასწავლებლად ისე, რომ ყოველმა ჩვენგანმა ჩვენივე ფეხით შევძლოთ პირადი ხსნის გზაზე სიარული.

ცხადია, რომ ღვთის გამოცხადება იმ ეპოქის სიტყვებითა და ტერმინებით გადმოიცემა, რა ჟამსაც აღესრულება. გამოცხადება, - როგორც ჭეშმარიტი ღვთისმეტყველნი ცხადყოფენ, მათ შორის გრიგორი ღვთისმეტყველი, - ყველასათვის არაა... ყველასათვის როდია ბოძებული ღვთის შემეცნება... არა ყველასათვის, არამედ მათთვის, ვინც უკვე გამოიცადა, ვისაც კი უცხოვრია ჭვრეტაში, ვინც, სულ მცირე, განწმენდილია სულითა და ხორცით, ან რომელიც ადგას განწმენდის გზას... ".

ეს ღვთისმეტყველნი - განღმრთობილნი - გამოცდილებით იცნობენ ღმერთს; ისინი აღიარებენ და მოწიწებით პატივს-სცემენ "ღვთის ყველა მხილხველს" და ღებულობენ იმ ტერმინებს, რომლებსაც ეს უკანასკნელნი იყენებდნენ.

შესაბამისად, ვისაც, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული გარეგანი ცვლილებების დადგენა ხელეწიფება, ჭეშმარიტი ემპირიული თეოლოგები არიან, რომელთაც იგივე ტრადიცია უპყრიათ, რაც წინაპარ მამებს გააჩნდათ. დარჩენებს კი გვმართებს დავემორჩილოთ "გამოცდილებით მიღებულს, გაზიარებულს" და ვიხელმძღვანელოთ მათით.

"წმინდა მთის ტომოსში"[1], - გრიგოლ პალამას ამ ნაშრომში, - ნახსენებია, რომ დოგმატები იმათთვისაა ახლობელი, "ვისაც მიღებული აქვს გამოცდილება", ვინც უარყო ფული, ქონება, დიდება ადამიანთა თვალში და მავნე სხეულებრივი სიამოვნებები, ვინც უარყო ყოველივე სახარებისეული ცხოვრებისათვის. ამ უარყოფითა და მორჩილებით მათ დაადასტურეს, რომ ქრისტეს საზომისაკენ მსწრაფი და წმინდა ისიქაზმში ლოცვით მცხოვრები, ღმერთთან მისტიკური ერთობაში შესული, არის თანაზიარი "გონების მიღმიერი საგნებისა".

სწორედ ესენი არიან ეკლესიის ნამდვილი თეოლოგები, რომელთაც თეოლოგიის ჩამოყალიბების პოტენციალი გააჩნიათ. ამის გარდა, არსებობენ ისინიც, ზემოაღწერილს რომ უერთდებიან და "კრძალვით, რწმენითა და მზრუნველობით"  ეზიარებიან მას.

არ არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაზე სხვაგვარი მსჯელობის გზა, რადგან ამ დიდებულ ღმრთისმეტყველებს გარეთ მხოლოდ სპეკულაცია თუ არსებობს, სეკულარიზმი და ლოზუნგების ხმაური. წმინდა გრიგორი ღვთისმეტყველი, როცა "ენის მოქიცინეთ, ბრძენკაცთ და თვითმარქვია თეოლოგებს" აკვირდებოდა, ბრძენობის მხოლოდ საკუთარი სურვილით რომ არიან კმაყოფილნი, ამბობდა: "მსურს უმაღლესი ფილოსოფია, მწადია საბოლოო საზომის ხილვა - იერემიასებრ - და  მსურს უბრალო ვიყო საკუთარ თავთან". სიმართლეა, დღესაც ჩვენც უსაზღვრო სევდით ვართ მოცულნი იმიტომ, რომ ჩვენი ეპოქა "თვითმარქვია თეოლოგებით" ივსება, რომლებიც შემდგომ სასულიერო და საერო პირებს ასწავლიან, ამით კი დიდ არეულობას და უწესრიგობას ქმნიან საზოგადოებაში.

ამ ერთგვარი შესავალი სიტყვების კარგად გაცნობიერება აუცილებელია, რასაც ქვემოწერილით შევუწყობ ხელს.


  • "პალამიტური" და "ნეოპალამიტური" თეოლოგია


XIV საუკუნე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ეკლესიისათვის, რადგან  მართლმადიდებლურ თეოლოგიას სულ პირველად დაუპირისპირდა დასავლური, სქოლასტიკური თეოლოგია წმინდა გრიოგლ პალამასა და ბარლაამს შორის.

მათ დიალოგში გაცხადდა, რომ წმინდა გრიგორი ეკლესიის მთელი თეოლოგიის, - დაწყებული ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან, ვიდრე ხსენებულ საუკუნემდე,- მატარებელი და გამომხატველი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მან გამოთქვა მოძღვრება მოციქულებისა, მოციქულებრივი მამებისა, მე-4 საუკუნის მთავარი მამების, შემდგომ - მაქსიმე აღმსარებელის, იოანე დამასკელის, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და სხვათა  და სხვათა. მთელი აღნიშნული პერიოდისას ეკლესიის თეოლოგის გვარი გარკვეული იყო, იცვლებოდა მხოლოდ მისი გარეგანი ფორმულაციები, რასაკვირველია, სხვადასხვა საჭიროებებისა გამო. სწორედ ამიტომ, წმ. გრიგორი როგორც ტრადიციონალ, ისე პროგრესულ ღვთისმეტყველად ხასიათდება. 

ამდენად, თავისთავად წმინდა გრიგორი პალამას სწავლება არ შეიძლება "პალამიტურ" თეოლოგიად ჩაითვალოს, არამედ, მის მიერ გადმოცემულ მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიად. იგივე აღინიშნება ყველა წმინდანის ერთსულოვან სწავლებასთან დაკავშირებით.

როგორც წესი, ერეტიკოსთა შეხედულებები იმ ადამიანის სახელწოდებებს იძენს, ვინაც სათავე დაუდო ამგვარ შეხედულებებს, მაგალითად - "არიანიზმი", "ნესტორიანიზმი", "პავლიკანიზმი" და სხვ. ამიტომ, შეუფერებელია წმინდა ბასილი დიდის სწავლებას "ბასილისეული" ვუწოდოთ, ან გრიგორი ღვთისმეტყველისას "გრიგორისეული", ან კიდევ იოანე ოქროპირისას "ოქროპირისეული" და სხვ.  ამგვარადვე, უადგილოა და შეუფერებელი წმინდა გრიგორი პალამას სწავლების "პალამიტურ" თეოლოგიად წოდება-მოხსენიება.

თუმცა, ფაქტობრივად, გარკვეულ მომენტში გრიგორი პალამას სწავლება ზოგიერთის მიერ "პალამიტურად" იწოდებოდა. ჩემი შთაბეჭდილებით, უმეტეს შემთხვევაში ეს ტერმინი დამცინავ ნიუანსს შეიცავდა, რაც მისი სწავლების ჩამოქვეითებისა და დაკინებისკენ იყო მიმართული, როგორც რაღაც უცნაურის, ეკლესიის თეოლოგიისგან სრულაიდ განსხვავებულის სახით წარმოჩენისკენ. იყვნენ თეოლოგებიც, რომელთაც წარსულში თავიანთ ნაწერებში დამცინავი სიტყვებით ჰქონდათ შემოკობილი წმინდა გრიგოლ პალამას მიერ გადმოცემული მთლიანად ისიქასტური ტრადიცია.

საბოლოოდ, ტერმინი "ნეოპალამიტური თეოლოგიაც" გამოჩნდა, რომელიც ეკლესიის ამ უმთავრესი მამის თეოლოგიის ხელახალი ახსნა-ჩამოყალიბების მცდელობა იყო, რათა თანამედროვე მოთხოვნებს გამოხმაურებოდა.  ამან კი გაუსაძლისი ურთიერთობები, კავშირები წარმოქმნა, რადგან ჩემი რწმენით, ეს იყო წმინდა გრიგორის მოძღვრების შეცვლის მცდელობა.

მაგალითისთვის, როგორადაც გრიგორი პალამამ გადმოსცა ეკლესიის მოძღვრება არსსა და ენერგიას შორის ურთიერთობასა და სხვაობაზე შესაძლოა გაანალიზებული ყოფილიყო, მაგრამ, ამავდროულად, ისიქასტური ტრადიცია უკუგდებულიყო, როგორც "პიეტისტური" ხასიათის რამ, რომელიც, სინამდვილეში, არის გზა ღვთის შეუქმნელ ენერგისთან პირადი ზიარებისა. 

აქ ისმის კითხვა: როგორ შეუძლია მეცნიერს თეორიის განხილვა, როცა  უარყოფს პრაქტიკას, რომელიც მას ადასტურებს? ეს, უბრალოდ, არამეცნიერულია. სწორედ ამიტომ - "კრებულის აზრით", - ის, ვინც არ ეთანხმება ისიქასტურ ტრადიციას, როგორც ეს გრიგორი პალამამ და "ერთსულოვანმა მონაზვნებმა" გადმოსცეს, თავისთავად განკვეთილნი აღმოჩნდებიან.

რამდენიმე წელია ამ საქმის კურსში ვარ და ვზრუნავ წმინდა გრიგორი პალამას სწავლებაზე და მის თხზულებებზე. ამიტომ, როცა ვინმეს სურს მისი სწავლების გააზრება, გაანალიზება და ჩემი დასკვნების ჩაწერა, მე მთაწმინდის კურთხეულ მამებს ვეყრდნობი, რომლებიც დღენიადაგ აგრძელებენ იმავე ისიქასტურ ტრადიციასა და  გამოცდილებას, რომელიც წმინდა გრიგორი პალამასთვის იყო ცნობილი და რომელიც გამოეცხადა მას სწორედ მთაწმინდაზე.

ასე რომ, ნაშრომს ვუწოდე "წმინდა გრიგორი პალამა, როგორც მთაწმინდელი". ამან უთანხმოება გამოიწვია გარკვეულ წრეებში, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ გრიგორი პალამას მოძღვრების თეორიული, სქოლასტიკური და ფილოსოფიური გზით განმარტებას. შეუძლებელია, ვინმემ ისიქასტური სწავლება ღრმად შეისწავლოს იმ სივრცისაგან დამოუკიდებლად, სადაც ის გამოიცადა და დღესაც ასევე, კვლავ აგრძელებს ცხოვრებას მიმდინარე დროში.

შესაბამისად, ტერმინები "პალამიტური" და "ნეოპალამიტური" თეოლოგია მართლმადიდებლური ტრადიციის მიღმაა, მისგან გამიჯნულია და მართლმადიდებლური თეოლოგიის საფუძვლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


  • ნეოპატრისტიკული და პოსტპატრისტიკული "თეოლოგია"


წინა მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ იქცევიან თანამედროვე თეოლოგები, როგორ რეაგირებენ ჩვენი ეკლესიის ტრადიციის მიმართ. უკვე მქონდა დისკუსიები ბიბლიური თეოლოგიის მართლმადიდებელ პროფესორთან, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის საზღვარგარეთ, თუმცა პროტესტანტული იდეების გავლენის ქვეშაა და ამტკიცებს, რომ, რადგან ქრისტე სიმართლის მზეა, მამები ღრუბლები არიან, რომლებიც ამ მზეს მალავენ. ამ შემთხვევაში, გამოდის, უნდა ჩამოვიშოროთ ღრუბლები, რათა ქრისტემ გამოანათოს. ამგვარი თვალსაზრისი, ცხადია, ანტიორთოდოქსულია.

ამიტომ მჯერა, ამ თვალთახედვით იწყება ტერმინების, "ნეოპატრისტიკულისა" და "პოსტპატრისტიკული" თეოლოგიის აგება. თავდაპირველად, ტერმინი "ნეოპატრისტიკა" მოკრძალებულად გამოჩნდა არენაზე, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ პატრისტიკული ტექსტები ჩვენს დროში აღარ უნდა გამეორებულიყო პირდაპირ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ტექსტების "სულმა" დღევანდელ ვითარებებში უნდა გადმოინაცვლოს, რათა უკეთ შევძლოთ შესწავლა, თუ რამდენად მიემართებიან მამები თანამედროვე საკითხებს. 

მიუხედავად ზოგიერთის კეთილი განზრახვისა, ეს მაინც საშიში ნაბიჯია, რადგან, რეალურად, მთელ პატრისტიკულ თეოლოგიას საფრთხე ექმნება, როცა ჟინიანი ინდივიდები ცდილობენ მამათა "სული" საკუთარ ეპოქაში გადმოიტანონ. ავთენტური გადაცემა იმ ადამიანებს უნდა ითვალისწინებდენ, რომლებიც მფლობელნი არიან იმავე ემპირიული ცოდნისა - ან, თუნდაც, აქვთ კავშირი მასთან.

ნახსენები ტერმინი, "პოსტპატრისტიკული" თეოლოგია, თავის თავში გულისხმობს იმას, რომ აღარ გვჭირდებიან მამები, რომლებიც სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, რომელთაც საქმე სხვადასხვა პრობლემებთან ჰქონდათ, პირისპირ იდგნენ სხვადასხვა ონტოლოგიური და კოსმოლოგიური კითხვების წინაშე, რომ "სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობა" ჰქონდათ და, შესაბამისად, ვერ დაგვეხმარებიან ჩვენს ეპოქაში.

მჯერა, რომ ნეოპატრისტიკული და პოსტპატრისტიკული თეოლოგიები იმ თვალსაზრისს გაგონებთ, რომლის მიხედვითაც პატრისტიკული თეოლოგია თავისი ეპოქის ღირებულება იყო და რომ, მოგვიანებით, დასავლეთის სქოლასტიკურმა თეოლოგიამ აჯობა პატრისტიკულ თეოლოგიას, ხოლო საბოლოდ, გამოდის, თანამედროვე თეოლოგების თეოლოგია პატრისტიკულ თეოლოგისაც და სქოლასტიკურ თეოლოგიასაც აღემატება.

მსგავსი შეხედულებები მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საფუძვლებისთვის ერთგვარი ნაღმებია, რადგან ისინი დროთა განმავლობაში ჭეშმარიტების თანდათანობითი გამოცხადების ერეტიკული შეხედულებებით ხასიათდება. ასე, თითქოს, ეკლესია დროთა განმავლობაში უღრმავდებოდეს ამ გამოცხადებებს, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მოძღვრებას, რომელიც მკვეთრად უსვამს ხაზს, რომ "ყოველი სიმართლე" ერთხელ გამოვლინდა სულთმოფენობის დღეს.

ამდენად, არ არსებობს დროთა განმავლობაში ჭეშმარიტებაში ჩაღრმავება და არც ჭეშმარიტების თანდათანობითი გამოცხადება; ეკლესია მხოლოდ ფორმულირებას ახდენს, აყალიბებს იმავე ერთგზის გამოცხადებულ ჭეშმარიტებას დროის პრობლემების მიხედვით.

ე.წ. ნეოპატრისტიკული და პოსტპატრისტიკული თეოლოგიის წამოჭრა განსაზღვრულ თეოლოგებს მიეწერებათ, რომლებიც მოღვაწეობდნენ დასავლეთში, კერძოდ, პარიზში, როგორც ცენტრში. ისინი დასავლურ აზროვნებასთან დიალოგში ინტენსიურად ცდილობდნენ, პასუხები გაეცათ იმ პრობლემებზე, რომლებსაც იქ აწყდებოდნენ.

მართალია, დიდად დავალებულნი ვართ ასეთი თეოლოგების წინაშე, მაგ. ვლადიმერ ლოსკის წინაშე, რომელმაც არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი დაწერა ეკლესიის მამების და, ფაქტობრივად, მღვიძარე მამების მიხედვით [2].


წყარო



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий