საუბარი ბრაზილიის ყველაზე ღარიბი ეპარქიის ეპისკოპოსსა და განთავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენელ პედრო კასალდალიგასთან
ბასილ კობახიძის თარგმანი
გაჭირვებულებზე მზრუნველი და განთავისუფლების თეოლოგიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, წარმოშობით კატალონიელი ეპისკოპოსი სულ ცოტა ხნის წინ გავიდა პენსიაში. პარკინსონით დაავადებულმა ეს ნაბიჯი გადადგა ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე უღარიბეს რეგიონში 35 წლის თავდადებული მოღვაწეობის შემდეგ. ის არ დაბრუნდება ესპანეთში. მისი მსახურება, როგორც თვითონ ამბობს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდება. მეგობრები უბრალოდ პედროს ეძახიან, მისი ეპარქიის გლეხები კი – დომ პედროს. პედრო კასალდალიგას, კატალონიელს, კლარეტენების ორდენის წევრს, სან-ფელიქს დე არაგუაიას პრელატურის ეპისკოპოსს არ უყვარს, როდესაც მეუფეს, მონსინიორს ან ეპისკოპოსს უწოდებენ. 35 წლის განმავლობაში იგი პასუხისმგებელი იყო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ეპარქიისა, რომელიც მატო ბროსოს შტატშია ჩაკარგული. 1968 წელს, სან-ფელიქსში მისი ჩამოსვლის დღიდან, პედრო კასალდალიგა მტკიცედ დადგა ღარიბების მხარეს და დაუპირისპირდა მსხვილ მიწათმფლობელებსა და სამხედრო დიქტატურას. ამიტომაც მისი მოკვლა მრავალჯერ სცადეს.
1992 წელს იგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი. 75 წლის ასაკში, კანონიკური სამართლის მიხედვით, მან პაპს პენსიაში გაშვება სთხოვა. პაპმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ შემცვლელის დანიშვნამდე მსახურების გაგრძელება სთხოვა. იგი უკვე ორი თვეა ელოდება მემკვიდრეს. მეგობრები ეხუმრებიან, რომ ცდა დიდხან მოუწევს, რადგან მისი ეპარქია უღარიბესია და კარიერულ წინსვლაში გამოუსადეგარი.
საეპისკოპოსო სასახლის მაგივრად კატალონიელი უბრალო სახლში ცხოვრობს, ზუსტად ისეთში, როგორშიც მისი რეგიონის გლეხები. კასალდალიგა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მის ოთახში ორი საწოლია: ერთი მისთვის, მეორე კი მგზავრისთვის, რომელსაც ღამის გასათევი დასჭირდება. მისი სახლის კარი ყოველთვის ღიაა.
როგორც განთავისუფლების თეოლოგიის სხვა წარმომადგენლები, 1986 წელს ისიც დაიბარეს რომში, სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაციაში. კასალდალიგა კარდინალებმა რატცინგერმა და განტინმა დაჰკითხეს. შემდეგ მას 15- წუთიანი შეხვედრა ჰქონდა პაპ იოანე-პავლე II-თან. კასალდალიგას სასჯელი არ დაადეს. ,,ხომ ხედავთ, რომ არც ისეთი ბოროტი ვარ,” – უთხრა მას პაპმა.
ჩვენი საუბარი ბრაზილიის შიდა რეგიონში მდებარე ქალაქ გუაანიაში შედგა, რომელიც გოიასის შტატში მდებარეობს. აქ ეპისკოპოსი ხანდახან აფარებს თავს, რათა წეროს და მედიტაციით დაკავდეს. იგი თავისი მეგობრების სახლის კართან მელოდებოდა და მისი ნათელი ღიმილის შემხედვარე ვერავინ იფიქრებ, რომ პარკინსონის ავადმყოფობითა და ჰიპერტონიით იტანჯება და მალარიაც მრავალჯერ აქვს გადატანილი. კასალდალიგა ყოველთვის ავტობუსით მოგზაურობს. ,,ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, რომ პარკინსონის დაავადება მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს ემართებათ, მაგალითად, რომის პაპს, არაფატს ან რეიგანს,”- იცინის ის.
- თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, შემცვლელს ელოდებით, რაგრძნობებით ტოვებთ ეპარქიას?
- დონ კიხოტის სიტყვებით გიპასუხებთ: „დიახ, თავი გავიტეხე და ამისათვის ბოდიშს გიხდით”. ჩემი ცხოვრება სან-ფელიქსში, რომლის ტერიტორიაც ესპანეთის მესამედის ტოლია, ხოლო მოსახლეობა მხოლოდ 100 000, მართლაც რომ ნამდვილი თავგადასავალი იყო. ძვირფასი თავგადასავალი, რადგან ამ ხნის განმავლობაში ავირჩიე ლათინური ამერიკის ღარიბებთან ყოფნა. აქ ჩემი ცხოვრება სიურპრიზებით იყო სავსე. ხშირად იყო დაპირისპირებები ეკლესიასა და ჩემ წინააღმდეგ, ხანდახან აგრესიაც, მაშინ როცა მე, ბუნებრივია, სრულიადაც არ გახლავართ აგრესიული. ჩემი დევიზი იყო ერთი კოლუმბიელი პოეტის სიტყვები: „თუ არ შეგიძლია ყველას სიყვარული, მაშინ შეძელი თანაუგრძნო ყველას”, ხშირად აღმოვჩენილვარ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში, მაგრამ არასოდეს განმიცდია სიძულვილი, თუმცა ხანდახან განრისხებული ვყოფილვარ ზოგიერთ რამეზე.
- რას ნანობთ თქვენს მოღვაწეობაში?
- არაფერს. როგორ ვგრძნობ თავს? თვითრეალიზებულად? დიახ. ამაყად? არა. კმაყოფილად? არა. მშვიდად? დიახ. ლათინური ამერიკა ჩემი დიდი სამშობლოა. მან საეკლესიო საიდუმლოების მსგავსად გაუხსნა ჩემი სული ღმერთსა და კაცობრიობას.
- როდის დაიწყო თქვენი მოღვაწეობა ღარიბებისა და დაჩაგრულების დასაცავად?
- მე გავიზარდე მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების, ფრანკიზმისა და ნაციონალ-კათოლიციზმის დომინირების ეპოქაში. შეიძლება ითქვას, ეს იყო ჯვაროსნული ლაშქრობების სულისკვეთებით გამსჭვალული ესპანეთი. მაგრამ ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მისიონერობაზე და ეს ოცნება ლათინურ ამერიკაში ავისრულე. მისი ურთიერთშერეული სამყაროებით, განთავისუფლების თეოლოგიით, მოწამეებითა და ადგილობრივი სამრევლოებით. ჩემი თავი სრულიად მივუძღვენი ამ რევოლუციას, მილიონობით დამონებულ ადამიანს, როგორც პიროვნებამ, ქრისტიანმა და მოძღვარმა.
- შეიძლება ითქვას, როგორც ეპისკოპოსმა.
- არ მიყვარს, როდესაც ასე მომმართავენ.
- ახლა რის გაკეთებას აპირებთ?
- არ ვიცი. მრავალი ადგილიდან მივიღე მოწვევა. გადაწყვეტილება უნდა მივიღო. როგორც მაჩადოს ერთ ლექსშია ნათქვამი: ,,იმ მრავალ ხმათაგან რომელიც გეძახის, აირჩიე ერთი”. დაველოდები ჩემს მემკვიდრეს, ვნახავ, როგორი პიროვნება იქნება. თუ ღარიბებს დაიცავს, მაშინ შევძლებ სან-ფელიქსში დავრჩე და მასთან ერთად ვიმუშაო, თუ არადა, უფრო ჭკვიანური იქნება, სხვაგან წავიდე.
- მართლა არ ანიჭებთ უპირატესობას რომელიმე ადგილს?
- ჯანმრთელობა რომ მიწყობდს ხელს, ვისურვებდი ჩემი მოღვაწეობა და სიცოცხლეც აფრიკაში დამესრულებინა, რომელიც აქამდე ვერ შევძელი. ეს არის კონტინენტი, რომლის მიმართაც კაცობრიობას უზარმაზარი ვალი აქვს. იქ ცხოვრობენ ყველაზე მივიწყებული ღარიბები. ყველა უბედურებასთან ერთდ აფრიკას ნავთობი არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ღარიბების გვერდზე დავდგები. მსურს გავაგრძელო წერა და უფრო მეტი დრო დავუთმო მედიტაციასა და მდუმარებას. მე ბევრს ვსაუბრობ მდუმარებაში. ერთხელ ლექსიც კი დავწერე, როდესაც ფიჭვის ქვეშ ვმედიტირებდი.
საღამოს მდუმარება
ფიჭვის ქვეშ იმდენად წყნარი იყო,
რომ ამ შეუმჩნეველ მდუმარებას
არ შეეძლო გაჩუმებულიყო.
ფიჭვის ქვეშ იმდენად წყნარი იყო,
რომ ამ შეუმჩნეველ მდუმარებას
არ შეეძლო გაჩუმებულიყო.
ჩვენ ხმაურიან საზოგადოებაში ვცხოვრობთ. როგორც არასდროს ისე გვჭირდება სიჩუმე. ახალგაზრდები ხმაურით აღსავსე სივრცეში ცხოვრობენ. ჩვენ საკმაოზე მეტს განვიცდით გამაყრუებელ დეციბელებს! მდუმარება გვჭირდება, რათა მოვუსმინოთ საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს, ბუნებას. რათა მოვუსმინოთ ღმერთს.
- როგორი იყო სან-ფელიქსი როდესაც თქვენ, როგორც ახალგაზრდა ეპისკოპოსი, პირველადჩამოხვედით?
- როდესაც მრავალი თავგადასავლის შემდეგ, როგორც იქნა, სან-ფელიქს მივაღწიე, პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ეს იყო მანძილები. Gგეორაფიული, სოციოლოგიური და სულიერი მანძილები. აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში მოვხვდი. ვნახე მიწათმფლობელები, რომლებიც ერთ მილიონ ჰექტარზე მეტ მიწას ფლობდნენ! შემაძრწუნებელი იყო სამხედროების მიერ დაფინანსებული კაპიტალიზმი. უბრალო ადმიანისათვის ამ მიწაზე დაბადება და სიკვდილი ადვილი იყო, მაგრამ ცხოვრება კი თითქმის შეუძლებელი, ხოლო მფლობელთა კლასისათვის ეს მიწები ფანტასტიკური გამდიდრების წყაროს წარმოადგენენ.
- ეს იყო 1968 წლის საფრანგეთში.
- დიახ. ეს პარიზის რევოლუციის პერიოდია, მაგრამ აგრეთვე სამხედრო დიქტატურის ყველაზე ცუდი პერიოდი ამ სახელმწიფოში. ეს იყო მედელინისა და მეხიკოში უნივერსიტეტის სტუდენტების დახვრეტის წელი. სან-ფელიქსში სიტუაცია კი ნამდვილ Far West-ს ჰგავდა. მართლაც შემაძრწუნებელი იყო.
- რომელი იყო თქვენთვის ყველაზე ცუდი მომენტი? იქნებ ის, როდესაც თქვენს მოკვლასაპირებდნენ, მამა ჟოაო ბოსკო თქვენ მიგამსგავსეს და მოკლეს?
- რაც ყოველთვის მაშინებდა და მაშინებს, ეს არის უძლურება. უძლურება მიწათმფლობელების უსამართლობის, ინდიელებისა და გლეხების გენოციდის, მთავრობების ინერტულობის წინაშე. თავს ვგრძნობდი უძლურებისაგან დევნილად. მეშინოდა დეპრესიაში არ ჩავძირულიყავი. მაგრამ სიკვდილის არასოდეს მშინებია. ჩვენ იდეალისტები ვიყავით, გვწამდა, რომ ჩვენი მიზანი სამართლიანი იყო და მკვლელების არ გვეშინოდა. მე და ჩემს მეგობრებს (რომელთაგან ორი მოწამეობრივად აღესრულა) თუკი რამის გვეშინოდა, ეს საშინელი უძლურება იყო. ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც ვემსახურებოდი, ღირდა საკუთარ სიცოცხლედ. ემსახურო ადამიანებს, ეს იყო იესოს მიზანი და ე.ი. ჩემიც. განა ღმერთის სურვილი არ არის, ადამიანები ერთმანეთს ემსახურებოდნენ?
- განა სიკვდილი თქვენთვის პრობლემა არ არის?
- აჰ, არა! ხშირად სიკვდილი ახლოს მოდიოდა ჩემთან, ფაქტობრივად მთელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო. ბავშვობიდანვე ვხედავდი მკვლელობებსა და სიკვდილს. თვალწინ მომიკლეს 33 წლის ბიძა ლუის პლა, რომელიც კათოლიკე მღვდელი იყო. ის კომუნისტებმა დახვრიტეს. ჩვენ, რომლებიც ლათინურ ამერიკაში სოციალური სამართლიანობისა და დაჩაგრულთა დასაცავად ვმუშობთ, შეჩვეული ვართ მოწამეობრივ სიკვდილს. მრავალი ეწამა და არა მარტო მღვდლები. სწორედ ამიტომ სან-ფელიქსიდან 300 კილომეტრის მოშორებით, რიბერაო კასკალჰეირაში ავაშენეთ მოწამეთა საყდარი. იქაურ სამრევლოს კი ,,სიცოცხლე სიცოხლისათვის” ეწოდება. ამ საყდარში მოვათავსეთ მოწამეების სურათები და ფოტოები მათი რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. მაგალითად, იქ არის ებრაელი ჟურნალისტ ვლადიმირ ჰერცოგის სურათი, რომელიც მხეცური წამებით მოკლეს. მოწამეობრივი აღსასრული არ არის ცხოვრების უბედური დასასრული. ამ ადამიანებმა შეძლეს მიეძღვნათ თავიანთი სიკვდილი იმიტომ, რომ პირველად მათ ჰქონდათ უნარი მიეძღვნათ საკუთარი სიცოცხლე. ჩემთვის სიკვდილი მხოლოდ აღდგომაა. როგორ შეიძლება სიკვდილის მეშინოდეს?
- თქვენი ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ გმირული და ყველასათვის თვალსაჩინო იყო, ესძვირად დაგიჯდათ?
- სინამდვილეში არა. არასოდეს დამვიწყებია, რომ ღარიბ ოჯახში დავიბადე. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია გქონდეს რევოლუციური და წინასწარმეტყველური მგრძნობიარობა და არ იყო ღარიბი. ყოველთვის გული მეგლიჯება, როდესაც სიღარიბესთან მაქვს შეხება. არა, სიღარიბეში ცხოვრება სულაც არ იყო ძნელი. ბურჟუაზიულ გარემოცვაში თავს უხერხულად ვგრძნობ. ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, თუკი შემიძლია ვიკმარო სამი პერანგი, რატომ უნდა მქონდეს კარადაში ათი? ჩემს ეპარქიაში ღარიბებს მხოლოდ ორი პერანგი აქვთ: ერთი ზედ აცვიათ, მეორეს კი რეცხავენ. გარდა ამისა ვფიქრობ, რომ თავისუფლება მძლავრად უკავშირდება სიღარიბეს. მდიდარს არ შეუძლია იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი. ჩემი დევიზია: ,,იყო თავისუფალი, რათა იყო ღარიბი და იყო ღარიბი, რათა შეგეძლოს იყო თავისუფალი.” სხვანაირად გული თითქოს ხაფანგშია მოქცეული. ყველაზე საშინელი არის ის, რომ უსამართლობამ კაცობრიობის დიდ ნაწილს სიღარიბე მიუსაჯა. მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამ უსამართლობას და ჩემი ბრძოლა ჭეშმარიტი რომ ყოფილიყო, ვიგრძენი, თვითონ უნდა ვყოფილიყავი ღარიბი. მრავალი მეკითხება, ასეთ ასაკში რატომ ვმოგზაურობ ავტობუსით იმის მაგივრად, რომ თვითმფრინავით გადავაადგილდე. სწორედ იმიტომ, რომ ღარიბებს, რომელთაც იესო ქრისტეს სახარებას ვუქადაგებ, თვითმფრინავის ბილეთის ფული არა აქვთ. ბედნიერი ვარ, რომ მათსავით და მათთან ერთად ვმოგზაურობ.
- უქორწინებლობის აღთქმაზე რას იტყვით, ძნელი იყო უარი გეთქვათ ცხოვრებისთანამგზავრ ქალზე, რომელსაც შეეძლო გაეზიარებინა თქვენი ბრძოლა, უარი გეთქვათშვილების ყოლაზე?
- რა თქმა უნდა! როდესაც მეკითხებიან მაქვს თუ არა ბრძოლა უბიწოების წინააღმდეგ, ვპასუხობ: ,,ჯერ ხომ კიდევ ცოცხალი ვარ”. ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ვთვლი, რომ კათოლიკე მღვდლებისათვის სავალდებულო უქორწინებლობა (ცელიბატი) აბსურდული და უსამართლოა. ჩემი სურვილია, მომავალმა პაპმა ეს გააუქმოს. რადგან ამ არჩევანს ფასი აქვს და სარწმუნოა მხოლოდ მაშინ, თუ ის თავისუფალია. ცელიბატი ყოველთვის ძალადობაა, მაშინაც კი, თუ ის ნებაყოფლობითია. თვით იესოც, როცა ცელიბატზე საუბრობს, ახსენებს ,,საჭურისებს სასუფევლისადმი სიყვარულის გამო”. ეს კი გულისხმობს კასტრაციას, ძალადობას, ეს ზეიმი არ არის.
- ეკლესია კი ჯერჯერობით თავს იკავებს.
- თუკი ცელიბატის არჩევა თავისუფალი იქნება, მაშინ დაოჯახებულ მამაკაცებს შეეძლებათ მღვდლად კურთხევა და აღარ გვექნება პედოფილიის საშინელი შემთხვევები. კარგად მესმის, რომ უარი ვთქვი ქალისადმი სიყვარულზე, რომ მთლიანად ვერ განვხორციელდი როგორც მამაკაცი, რადგანაც არ მყავს შვილები, თუმცა მყავს მრავალი სულიერი შვილი. იმის თქმა, რომ უქორწინებლობა უფრო ამაღლებულია ქორწინებაზე (არ დაგვავიწყდეს რომ ჯვრისწერა საეკლესიო საიდუმლოებას წარმოადგენს), არის ბუნების კანონებსა და თვით ღვთისმეტყველებასთან დაპირისპირება. მე მივიღე ცელიბატი და ვიცხოვრე მასში სიყვარულით, თუმცა ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ეს ეწინააღმდეგება ბუნების კანონს. ცელიბატს მაშინ აქვს ფასი, თუ მისი მიღება ხდება უმაღლესი მიზნისათვის, დავსძენ, რომ მარტო ცხოვრება ძალიან ძნელია, თუ არ გეხმარებიან ქრისტიანული თემის წევრები, თუ არ არის თანამებრძოლების მხარდაჭერა. მაგრამ თუ ვინმე მეტყვის, რომ ვარღვევ ცელიბატს, თუკი ვაკოცებ ქალს ან ხელში ავიყვან ბავშვს, მაშინ ეს შეკითხვა უბრალოდ ეწინააღმდეგება ადამიანურ ბუნებას. ცელიბატი არ უარყოფს ადამიანურ სიყვარულს.
- თქვენ ხშირად აფარებთ თავს პოეზიას. რას ნიშნავს თქვენთვის ლექსების წერა?
- ეს მაძლევს სუნთქვის საშუალებასა და სიცოცხლის სიყვარულს. პოეზია არის ჩემი ყოველდღიური მუშაობის მუსიკა. ის მეხმარება ცხოვრების სინთეზის უკეთესად განხორციელებაში, როგორც ამბობს ჩემი დიდი მეგობარი და განთავისუფლების თეოლოგიის გამოჩენილი წარმომადგენელი ლეონარდო ბოფი: ,,ჩვენ ერთი ალტერნატივა გვაქვს – ვიყოთ ცოცხლები ან მკვდრეთით ამღდგარნი”. სიკვდილს ადგილი არა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ამ იდეას უკეთესად პოეზიაში გამოვხატავ.
- როგორ ფიქრობთ, განიცადა მარცხი განთავისუფლების თეოლოგიამ? რა დარჩა მისგან?
- დარჩა ღმერთი და ღარიბები. განა ეს ცოტაა? არა, განთვისუფლების თეოლოგია არ დამარცხებულა, უბრალოდ, იგი მოდაში აღარ არის, აღარ ხდება მისი რეკლამირება. მაგრამ იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მიიღეს ბიბლია, ერთი რამ უდავოა – აბრაამისა და იესოს ღმერთი ღარიბებისა და დაჩაგრულების მხარესაა. ამის უარყოფა თვით პაპმა იოანე-პავლე II-მაც ვერასოდეს გაბედა.
- ამბობენ, რომ განთავისუფლების თეოლოგია მარქსიზმით იყო მოწამლული, რომ მასშიმრავალი შეცდომა იყო.
- საღვთისმეტყველო შეცდომები? არა. შესაძლებელია ცალკეულ თეოლოგებს ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ მარქსმა თქვა ისეთი რამეებიც, რაც დღემდე ძალაშია. თვით პაპი ეთანხმება მარქსის შეხედულებას, რომ მდიდრები ყოველთვის უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები ყოველთვის უფრო ღარიბდებიან. განთავისუფლების თეოლოგია ასწავლის, რომ ადამიანი ფულზე პრიორიტეტულია. ეს თეოლოგია იყო და დღესაც არის იმედისა და დადებითი ცვლილებების წყარო იმ ქვეყნებში, რომლებიც განადგურებულია უსამართლობითა და ველური კაპიტალიზმით. ამ თეოლოგიას თავისი მოწამეები ჰყავს.
- გიოცნებიათ ოდესმე, რომ ბრაზილიაში მემარცხენეები ლულას (ხოსე იგნასიო ლულა დასილვა-ბრაზილიის პრეზიდენტი-მთრგმნ.) ხელმძღვანელობით ხელისუფლებაშიმოვიდოდნენ?
- ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით იმისათვის რომ ხელისუფლებში მოსულიყო რომელიმე სახალხო პარტია, თუმცა მემარცხენეების გამარჯვება მოულოდნელი იყო. საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიხარული, რადგან ამ მთავრობის მუშობის პირველ თვეებში გამოჩნდა, რომ სოციალური საკითხებით დაკავებული სამინისტროები, რომელთათვისაც პრიორიტეტი უნდა მიენიჭებინათ, მეორე პლანზე რჩებიან. ჩვენ გვესმის, რომ მთავრობამ უნდა დაამშვიდოს მულტინაციონალური კომპანიები და მოაწესრიგოს ეკონომიკა, მაგრამ უფრო საჩქარო იყო მწვავე სოციალური პროგრამების მოგვარება, აგრარული რეფორმა და ახალი სამუშაო ადგილების დაარსება. მთავრობას არ უნდა მიექცია ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებისათვის. ამიტომაც გლეხები, რომელთაც კიდევ სჯერათ ლულას მთავრობისა, საუბრობენ ,,დაღლილ იმედებზე”. მართალია, ეს იმედები დაღლილია, მაგრამ ჯერ კიდევ მტკიცეა.
- იოანე-პავლე II უკვე ასაკოვანია და ავად არის. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მისიმემკვიდრე?
- მისი მემკვიდრე უნდა იყოს ისეთი პაპი, რომელიც თავის მოღვაწეობას ძალიან განსხვავებულად განახორციელებს. ის უნდა იყოს ღარიბი, გულმოწყალე და ნამდვილად ეკუმენური პაპი, რომელიც აღიარებს, რომ არავისა აქვს მონოპოლია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე. ის უნდა იყოს პაპი, რომელიც ბაძავს ქრისტეს, რომელიც ესაუბრება ყველას. ვისურვებდი, რომ ინტრონიზაციის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაიაროს კონსულტაციები ეკლესიისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, რათა შეიტყოს, თუ როგორი პაპი სურთ მორწმუნებსა და ურწმუნოებს. ის არ უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური.
- გული გწყდებათ, რომ არ გადაგიყვანეს უფრო მნიშვნელოვან ეპარქიაში, მიუხედავად იმისა,რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპისკოპოსი ხართ, არ დაგნიშნესკარდინალად?
- სრულიადაც არა. კარგად ვაცნობიერებ ჩემს მოკრძალებულ წარმოშობას. მე ხომ ღარიბი ოჯახის შვილი ვარ. მამაჩემი მერძევე იყო და მის ერთადერთ სიმდიდრეს ექვსი ჰოლანდიური ძროხა წარმოადგენდა. კარდინალი? ვფიქრობ, რომ ეს უკვე დრომოჭმული ინსტიტუციაა. პაპს სულ სხვანაირი მრჩევლები სჭირდება, უპირველეს ყოვლისა, მათ შორის ყველა არ უნდა იყოს სასულიერო პირი.
იოანე- პავლე II ის პონტიფიკატის პერიოდში მრავალი პრობლემა უპასუხოდა დარჩა:სასულიერო პირთა სავალდებულო უქორწინებლობა, ქალების ხელდასხმა, ოჯახის წიაღშიეთიკური პრობლემები, ბიოეთიკის საკითხები. ეპისკოპოსთა კონფერენციებისა დასინოდების კომპეტენციის საზღვრები და ა.შ. როგორ ფიქრობთ, მომავალი პაპი შეეხება ამპრობლემებს?
- მათი გადაჭრა ადვილია, საკმარისი იქნება ერისკაცთა რეალური ინტეგრაცია ეკლესიაში. პაპი უფრო ყურადღებით უნდა უსმენდეს ქრისტიანებს და მრავალ სიურპრიზს აღმოაჩენს! ავიღოთ თუნდაც ქალის პრობლემა. ეს დაუჯერებელია! ქალი ყოველდღიურად უფრო ძლიერდება, უფრო კარგად არის მომზადებული ეკლესიაში სამუშაოდ. მიუხედავად ამისა, მისი ხელდასხმა აკრძალულია. როგორ შეუძლია ეკლესიას ისაუბროს ადამიანის უფლებებზე, როდესაც ის არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც აგრძელებს ქალების დისკრიმინაციას. ეკლესიას ავიწყდება იესოს მიდგომა ამ საკითხისადმი. თანაც ქრისტე ცხოვრობდა იმ ეპოქაში, როდესაც საზოგადოება საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი ქალისადმი! ვშიშობ რომ, თუ მომავალმა პაპმა არ გადაწყვიტა ეს პრობლემა, ეკლესია ისევ დაკარგავს ქალებს, როგორც დაკარგა მუშათა კლასი, რომელიც კომუნისტების ხელში ჩავარდა. მეორე მხრივ, პრობლემაა ეკლესიის პოზიცია სოციალური უსამართლობის მიმართ. მართალია, მან დაარსა ათასობით საქველმოქმედო ორგანიზაცია, იგი გულწრფელად უთანაგრძნობს ღარიბებს, მაგრამ ვერასოდეს გაბედა იერიში მიეტანა ველური კაპიტალიზმის სტრუქტურებზე. ეპისკოპოსი ჰელდერ კამარა ამბობდა: ,,როდესაც ღარიბებს ვეხმარები, მეუბნებიან, რომ წმინდანი ვარ, ხოლო როდესაც ვაკრიტიკებ კაპიტალიზმს, მეუბნებიან, რომ კომუნისტი ვარ” და ის მართალი იყო.
- რას მიაწერთ ევანგელური პროტესტანტების რაოდენობის ზრდას ლათინურ ამერიკაში,ხოლო კათოლიკეების შემცირებას?
- ჩემთვის სულერთია, ვისი რაოდენობა იზრდება და ვისი კლებულობს. მე მაინტერესებს, რატომ დადის ყველაზე ღარიბთა უმრავლესობა პროტესტანტულ ეკლესიებში და არა ჩვენთან? ვფიქრობ, რომ პროტესტანტულ ტაძრებში მორწმუნეები უფრო მძაფრად გრძნობენ თანამონაწილეობას ღვთისმსახურებაში, ისინი თითქმის პასტორის თანამსახურები არიან. მათ შეუძლიათ იმღერონ, იცეკვონ, ხმამაღლა და ჟესტიკულაციით გამოხატონ ემოციები. ისინი იქ უფრო გრძნობენ თავიანთ თავს ქრისტიანული თემის, მრევლის წევრებად. იქ საკუთარი თავის გამოხატვა უფრო კარგად შეუძლიათ.
- პროტესტანტული ეკლესიების მიმართ ისმის კრიტიკა იმის თაობაზე, რომ მათ ყველაფერიფინანსებამდე დაჰყავთ და ამით მსხვილ მულტინაციონალურ კომპანიებს ემსგავსებიან,ისინი თითქმის ყოველ ქუჩაზე ხსნიან ტაძრებს.
- რა თქმა უნდა, ამ საფრთხის წინაშე დგანან, ისევე როგორც კათოლიკური ეკლესია დგას მკაცრი ცენტრალიზაციის საფრთხის წინაშე. მაგრამ მრავალი ჩვენი ეკლესია უფრო ,,გონიერი” გახდა, იქ მღვდლები ძალიან დაშორდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს. არსებობს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში ვატიკანი გამოსცემს დეკრეტს, რითაც მორწმუნეებს აუკრძალავს ცეკვას მესის დროს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია აქ, ბრაზილიაში ან აფრიკაში, სადაც ადამიანები თავიანთი სხეულით გამოხატავენ თაყვანისცემას ღვთისადმი.
- რა მოხდება, თუ ასეთი დეკრეტი მართლაც გამოიცემა?
- ჩვენ ვუპასუხებთ ,,აჯანყებული ერთგულებით”.
- ე.ი. არ დაემორჩილებით.
- დიახ. მაგრამ ხმამაღალი პროტესტებისა და გაღიზიანების გარეშე. Qქრისტიანები უკვე ეჩვევიან მხოლოდ საკუთარი სინდიდის მიხედვით, ჩუმად მოქმედებას.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ფაქტობრივად ორი ეკლესია არსებობს - ოფიციალური რომის ეკლესიადა მესამე სამყაროს ქრისტიანული თემებისაგან შემდგარი ეკლესია?
- არა, არსებობს ორი განსხვავებული ღვთისმეტყველება, სახარების განმარტებისა და ღვთისმსახურების ორი განსხვავებული მანერა. მაგალითად, დღეს აქ, გუაანიაში მე აღვასრულე ლიტურგია სახლის სახურავზე, მხოლოდ პერანგი მეცვა და პური და ღვინო მქონდა. ეს არ შეესაბამება ოფიციალურ ნორმებს, მაგრამ ჩვენ მაინც აღვასრულებთ იესოს მცნებას. რომს სურს ყველა კულტურას თავს მოახვიოს ერთნაირი რიტუალი, მაგრამ არც ბრაზილიური და არც აფრიკული კულტურები ლათინური არ არის. ისინი მრავალი განსხვავებული ელემენტებისგან შედგება, ეკლესიას კი ეშინია, რომ ეშინოდეს. მას არა აქვს სრული ნდობა სულიწმინდისადმი. ეკლესია ვალდებულია ხელს უწყობდეს ცვლილებებს, იმის მაგივრად, რომ ყოველთვის გმობდეს მათ. ყველაფერი შეფარდებითია ღმერთისა და ადამიანის გარდა.
,,ღარიბებზე” საუბრისას ხშირად ჩანს ზედმეტი რომანტიზმი. რას იტყოდით იმ ღარიბებისშესახებ, რომლებთან ერთადაც თითქმის ორმოცი წელია ცხოვრობთ?
- ღარიბები უნდა გვიყვარდეს იმიტომ კი არა, რომ ისინი კეთილები არიან, არამედ იმიტომ, რომ ღარიბები არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, სიღარიბეს ყოველთვის თან ახლავს დანაშაული და ძალადობა. ჯერ კიდევ აბატი პიერი ამბობდა, რომ არის ყველაზე უღარიბეს ადამიანებთან დაკავშირებული სიტუაციები, რომელთა დროსაც შეუძლებელია ათი მცნების დაცვა. მაგრამ დროთა განმავლობაში მხოლოდ მას, ვინც ღარიბებთან ერთად ცხოვრობს, შეუძლია დაინახოს მათი უდიდესი უნარი – გაგიყონ უკანასკნელი ლუკმაპური. მართლაც საოცარია მათი უნარი, მიუხედავად დიდი უბედურებისა, იყვნენ მხიარულნი. ასევე საოცარია მათი პატიების უნარი. ორტიცმა, სალვადორელმა გლეხმა, რომელსაც ხუთი ვაჟი მოუკლეს, ერთხელ მითხრა: ,, ჩვენ, ღარიბებს, ყოველთვის დაგვრჩება პატიების უნარი და სასოება”. ისინი ყველაფრისაგან განძარცულები, მაინც ინარჩუნებენ პირადი ღირსების ძლიერ გრძნობას. ჩვენ დავაარსეთ ,,Credito Solidario Popular” (სახალხო სოლიდარობის კრედიტი – პორტ.), რომელიც მცირე კრედიტებს გასცემს. ღარიბები ყოველთვის დროულად და პატიოსნად ანაზღაურებენ. ლულამ ძალიან კარგად თქვა, რომ ღარიბები პატიოსნად იხდიან, რადგან ,,მათი ერთადერთი სიმდიდრე მათი სახელი და ღირსებაა”.
- თქვენ არასოდეს დაბრუნებულხართ ესპანეთში, მაშინაც კი, როდესაც დედა თქვენიგარდაიცვალა. ახლა ხომ არ აპირებთ დაბრუნებას?
- არა, მე უარი ვთქვი ,,Premio Principe de Asturias”-სა (ესპანეთის ტახტის მემკვიდრე ასტურიის პრინცის პრემია) და სხვა პრემიებზე, რადგან მათ მისაღებად ბრაზილია უნდა დამეტოვებინა. არავის ვასწავლი ჭკუას, მაგრამ ჩემი არჩევანი რადიკალური იყო. ბრაზილიაში ჩამოსვლით უკან დასაბრუნებელი გზები მოვიჭერი. ყველაზე ღარიბ ემიგრანტებს ხომ არა აქვთ საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, როდესაც ეს მათ სურთ. დავრჩები ლათინურ ამერიკაში, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და ისიც ასეთივე სიყვარულით მპასუხობს.
ესაუბრა ხუან არიასი
მადრიდის ჟურნალი „El Pai“-ს
29 ოქტომბერი, 2003.
29 ოქტომბერი, 2003.
Комментариев нет:
Отправить комментарий