понедельник, 14 апреля 2014 г.

ღმერთის სახელი



რას ნიშნავს სახელი "იეჰოვა" და ეკუთვნის თუ არა იგი მხოლოდ მამას, როგორც ამას "იეჰოვას მოწმეები" ასწავლიან?
ღმერთის სახელზე მსჯელობა ღმერთის შემეცნებას, ანუ, უფრო ზუსტად, ღმერთის შემეცნების საზღვრების დადგენას გულისხმობს. შევიმეცნოთ რაიმე საგნის (ან არსების) სახელი, ნიშნავს, გავიგოთ მისი ვინაობა ან გავარკვიოთ მისი რაობა. როდესაც ღმერთზე ვმსჯელობთ, ამ ორიდან უცილობლივ ერთს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა (თუ რატომ - ეს ქვემოთ გამოჩნდება). კონკრეტულად საკითხი ასე დგება: რომელი თვალსაზრისით უნდა აღვიქვათ ღმერთის სახელი, ეს მისი კერძო სახელია თუ მისი არსების ან თვისების გამომხატველი ზედწოდება?

წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფს ღმრთის კერძო სახელდებას (როგორც ეს ხდება მის ქმნილებებში. ვთქვათ, ადამიანებში, როცა ყველას თავისი საკუთარი სახელი აქვს) და გვასწავლის, რომ სახელი (როდესაც ღმერთზეა ლაპარაკი) შესაბამისობას უნდა ამჟღავნებდეს უფლის ბუნებასთან ან თვისებებთან. სხვაგვარად საღმრთო სახელს არავითარი აზრი არ ექნებოდა. მაგრამ, ასე არ ფიქრობენ მწვალებლები (ჩვენს შემთხვევაში, ე. წ. "იეჰოვას მოწმეები"), რამეთუ ისინი, მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგოდ, ღმერთის სახელს კერძო მნიშვნელობას ანიჭებენ.

"ეჭვგარეშეა, რომ ვისაც კი შენ იცნობ, ყველას სახელი აქვს, - წერენ ისინი, - საკუთარი სახელი აქვს ასევე ღმერთსაც - მისი პიროვნების სხვებისგან განსასხვავებლად" (ხაზგასმა ყველგან ჩვენია _ ადმ.) (ციტ. წიგნიდან: "შენ შეგიძლია იცხოვრო დედამიწაზე მარადიულ სამოთხეში", 1989 წ. ციტ. "ვინ არიან იეჰოვას მოწმეები", თბილისი 1994 წ. გვ. 14).

საღმრთო "სახელის" მნიშვნელობის ასეთი კერძო აღთქმა ყოვლად მიუღებელია. ერთი ძველი ქრისტეანი აპოლოგეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ასეთი რამ (ე. ი. ღმერთისთვის კერძო სახელის მიკუთვნება არქიეპ. პ.) მაშინ იქნებოდა საჭირო, მრავალი ღმერთი სათითაოდ რომ იყოს გასარჩევი" (მინუციუს ფელიქსი, "ოქტავიუსი", § 18).

მართლაცდა, ყველა ადამიანს თავისი საკუთარი სახელი აქვს, რათა მათი ერთმანეთისგან გარჩევა შევძლოთ. მაგრამ, ბიბლიაში მოხსენებული ესა თუ ის საღმრთო სახელი განა იმისთვის არის საჭირო, რომ ის "სხვა ღმერთებისგან" გავარჩიოთ. სამყაროში მხოლოდ ერთი ღმერთია და "არავინ არს სხუაი მისა გარეშე" (მარკოზ. 12:32; რჯლ. 4:35, 39)! ესეც ვიკითხოთ, ყოველთვის ჰქონდა ღმერთს ეს სახელი თუ ქვეყნიერების შექმნის შემდეგ "შეირქვა"? თუ ქვეყნიერების შექმნის შემდეგ შეირქვა, როდესაც ღმერთის გარდა არავინ და არაფერი არსებობდა, ამ სახელით მისი ამომცნობი ვინ უნდა ყოფილიყო? ხოლო, თუ იმ მიზეზით შეირქვა, რომ მომავალ ქმნილებას გაერჩია, მაშინ ვიკითხოთ - ვისგან? განა ღმერთი ერთი არ არის მთელ სამყაროში?

ხომ ბრძანებს წმ. ანტონი დიდი: "დარქმეული სახელი არის აღნიშვნა და გამოყოფა ერთისა მრავალთა შორის, ამიტომაც უდიდესი უგუნურებაა ფიქრი, რომ ღმერთს, რომელიც ერთადერთია, თავისი თანამოაზრე ჰყავდეს, რადგან თვით ღმერთი აღნიშნავს "დაუსაბამოს", ყოველივე რომ ადამიანისთვის შეუქმნია" ("სწავლანი", კრებულიდან "სათნოთმოყვარება",
ჭეშმარიტებას ბრძანებს ღვთისმეტყველი, როცა ამბობს: "ხიბლი და ცთუნებაა ცნობისწადილით ეშურებოდე გამოუკვლეველი ბუნების სახელდებას და ღმერთის კერძო სახელს ეძიებდე". "სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია" (ქება 1:3) - ბრძანებს ბრძენი სოლომონი. ღვთიური ნელსაცხებლის სახელი ყოველგვარ სახელდებაზე აღმატებულია" (გ. ფლოროვსკი). თუ კვლავ აპოლოგეტს დავესესხებით "ნუ ეძებ ღმერთის სახელს. ღმერთია მისი სახელი" (მინუციუს ფელიქსი. "ოქტავიუსი", 3:18).

წმიდა, მართლმადიდებელ მამათა სწავლებით "ღვთაებრივ ბუნებასთან დაკავშირებულ მცნებებს, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში იბადება, სახელდებითი ფორმით გამოვხატავთ, ასე რომ არავითარი სახელწოდება არ მიეკუთვნება საღმრთო ბუნებას რაიმე განსაკუთრებული შინაარსის გარეშე" (წმ. გრიგოლ ნოსელი. ციტ. გ. ფლოროვსკი. Г. Флоровский. Восточные отцы IV века. Париж, YMCA - PRESS, Paris, 1931, репринт., стр. 137).

გამოსვლათა წიგნის მე-3 თავში მოსე ეკითხება უფალს: "უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან... კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე" (გამოსვლა 3:13, 15).

აქ გაუხსნა ღმერთმა მოსეს თავისი სახელი "იაჰვე", იგივე "იეჰოვა" (რომელი იგი არს). მაგრამ რას ნიშნავს იგი და როგორ გავიგოთ, რომ ღმერთს "სახელი" აქვს? ეგზეგეტთა განმარტებით, სიტყვა იაჰვე ნაწარმოებია ზმნა "ხაია"-ს (ყოფნა, მყოფობა, არსებობა) არქაული ფორმიდან. ეს ღმერთის რაობის განსაზღვრება კი არ არის, არამედ ერთგვარი მითითებაა, რომელიც მომავალს ეხება. ღმერთი თითქოსდა ასე ეუბნება მოსეს: "მე ვარ მყოფი თქვენს სამყოფელში", ან კიდევ: "სდაც თქვენ იქნებით, "მე იქ ვარ" (შეადარეთ ქრისტეს სახელს "ემმანუელ", რაც ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი", ესაია 7:14; 8:8, მათე 1:23).

ეს არის მოწოდება ღმრთისა, რომელიც რჩეული ერის ისტორიაში შედის და რომელიც თავის ერში აპირებს დამკვიდრებას. ანუ ის იქნება მყოფი ჩვენ შორის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მოსე გამოცდილებით შეიმეცნებს ადამიანთა შორის ღმერთის ჭეშმარიტ მყოფობას და ცდილობს თავის ერს ეს ღმრთისმყოფობა განაცდევინოს. მაგრამ, ამ თვალსაზრისით ღმერთი, თავის მყოფობას უცხადებს რჩეულ კაცობრიობას _ თავის ეკლესიას, ჭეშმარიტ ისრაელს, რომლის წინასახე ხორციელი ისრაელია.
ამიტომაც ესიტყვება ასე მკაცრად ქრისტე იუდეველთ, რომლებიც ქრისტეში ცხოველსმყოფელ უფალს, ჭეშმარიტ მესიას _ იაჰვეს უარყოფენ. რამეთუ ამას ნიშნავს თვით სახელი იესუ (ებრაულად "იეღოშუა"-ს ბერძნული ფორმა. "იეღოშუა" ნიშნავს "იეღოვას შეწევნას", "მაცხოვარს" (Библейская энциклопедия, т 1.  NB PRESS, Центурион, АПС, Москва, 1991 г., стр. 336).

მაცხოვარი ეუბნება იუდეველთ: "ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით" (იოანე 8:24). ძველაღთქმისეულ ტერმინოლოგიაში სიტყვა "მე ვარ" (ებრ. "ანი ჰუ") _ სიტყვა "მყოფი"-ს, იგივე "ღმერთის" ეკვივალენტურია. ეს ის სახელია, რომელიც ეუწყა მოსეს (გამოსვლა 3:14; შეად. ესაია 43:10; 48:12), ხოლო როდესაც ქრისტე საკუთარ თავთან მიმართებაში იყენებს ამ გამონათქვამს, მიანიშნებს, რომ ის არის ღმერთი და მაცხოვარი, "მყოფი" ჩვენს შორის, "ემმანუელ" _ ჭეშმარიტი მესია და სასოება ისრაელისა.

ამ მიმართებით მეტად საყურადღებოა ნეტარი თეოფილაქტეს განმარტება: "საღმრთო წერილი სახელებს აძლევს საქმის მიხედვით, როგორც მაგალითად, "უწოდე სახელი მისი! ძალად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარჰყავ" (ესაია 8:3), მაგრამ სად და ვინ იწოდა ამ სახელით?" სრულიად ცხადია, რომ აქ "სახელის" ცნება საქმეების მიხედვით ენიჭება უფალს, "რადგან მეუფეის (ანუ ქრისტეს _ ადმ.) შობასთან ერთად მოტაცებულ და დატყვევებულ იქნა, _ შეწყდა გზააბნეულობა (კერპთაყვანისცემა): ამიტომაც ითქმება, რომ ის ასე იწოდა, სახელი თავისი საქმისგან მიიღო" (მათეს სახარების განმარტება. 1:23). ასევე, როდესაც ქრისტეს ეწოდა "ემმანუელი", წმ. წერილმა თვით საქმეებით მიგვანიშნა, რომ ეს არის ღმერთი, ჩვენთან მყოფი.

როგორც ძველ ისრაელს უნდა გაეთავისებინა ის აზრი, რომ ღმერთი მათთან მყოფია, ასევე ახალი, ჭეშმარიტი ისრაელი, _ ქრისტეს ეკლესია, რომელიც ქრისტეს მისტიკური სხეულია, ითავისებს იმ რწმენას, რომ ქრისტე "ემმანუელია", მასთან მყოფია (შეად. მათე 28:20).
მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ უსაიდუმლოეს სახელით, როდესაც ღმერთმა თავის თავს "მყოფი" უწოდა, წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტებით, გვამცნო, რომ მხოლოდ ის ერთია ჭეშმარიტად არსებული, ანუ მხოლოდ მასში არსებობს ჭეშმარიტი ყოფიერება, ხოლო თავად ყოველგვარ ქმნილ ყოფიერებაზე უსაზღვროდ აღმატებულია. ამიტომაც, ყოველივე ღმერთის გარდა, როგორც მოჩვენებითი ყოფიერება თითქოსდა "არც კი არსებობს" (Архимандрит Алипий, Архимандрит Исаия, "Догматическое богословие". Курс лекций. Св. Тройце-Сергиева Лавра, 1997 г., стр. 78, 79).

ამრიგად, წმ. მამათა სწავლებით, ღმერთის არსის გამოთქმა ცნებებითა და სიტყვებით ყოვლად შეუძლებელია. ნებისმიერი სიტყვა თუ ცნება საღმრთო ყოფიერებასთან შეუდარებელია, რამეთუ აღმატებულია ის გონიერი ქმნილების ცნობიერებაზე. ღმერთი ყოველგვარ სახელწოდებაზე აღმატებულია. ღმერთს არა აქვს კერძო სახელი. შეუძლებელია, განუსაზღვრელ ბუნებას "სახელის" მნიშვნელობის მქონე სიტყვა მოიცავდეს. _  ბრძანებს წმ. გრიგოლ ნოსელი. რამეთუ ყოველი სახელი ან ყოველი მცნება თავისთავად განსაზღვრულობასა და შეზღუდულობას გულისხმობს, მაშინ, როდესაც საღმრთო ყოფიერება უსასრულოა და უსამანო და ამიტომაც განუსაზღვრელია (გ. ფლოროვსკის დასახ. ნაშრ. გვ. 139, 140).

წმ. იოანე დამასკელის განმარტებით, "ყოველი სახელის დანიშნულებაა აღსანიშნი საგნის არსს გამოხატავდეს. ხოლო ღმერთი, რაკიღა ის მიუწვდომელია, უსათუოდ უსახელოც უნდა იყოს, რადგან არ ვიცით მისი ჭეშმარიტი არსება, ამიტომაც ნურც ამ სახელის ძიებას დავიწყებთ... ამასთან, თუკი ცოდნა, ზოგადად, ყოველივე იმას განეკუთვნება, რაც არსებობს, მაშინ როგორღა იქნება შესაძლებელი შემეცნება და ცოდნა იმისა, ვინც ყოველივე არსებულზე აღმატებულია?!... რადგანაც ღმერთი მიუწვდომელია (ადამიანის გონებისთვის), ამდენად ის უსახელოცაა" (წმ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წიგნი I, თ. მე-12).

გამონაკლისს არც საიდუმლო და ღვთითგამოცხადებული სახელი "მყოფი" ("იაჰვე") წარმოადგენს. მეტიც, სწორედ ეს სახელი მიანიშნებს ღმერთის უსახელობას, რამეთუ ის არის უთვისებო და არაფრის გამომხატველი პრედიკატი. "სხვაა ცნება ყოფიერებისა და სხვა _ სახე ყოფიერებისა. პირველი დღემდე გამოუთქმელია და განუმარტავია. ღმერთის შესახებ შეუძლებელია რაიმეს ცოდნა, გარდა იმისა, რომ ის არსებულია, რამეთუ ამას მიანიშნებს სიტყვა: "მე ვარ მყოფი..." (წმ. გრიგოლ ნოსელი. ციტ. გ. ფლოროვსკი, დასახ. ნაშრ. გვ. 140).

ამრიგად, როგორც ბრძანებს წმიდა და დიდი დიონისე არეოპაგელი, "ღმრთაება ნებისმიერ სიტყვაზე და შემეცნებაზე აღმატებულია; ის საერთოდ ყოფიერებისა და აზროვნების მიღმა მდებარეა ისე, რომ მისი გრძნობა, წარმოსახვა, სახელი, გონება, შეხება და აზროვნება ჩვენთვის სრულიად მიუწვდომელია... გულისხმაჰყვეს რა ეს ყოველივე, ღმრთისმეტყველნი ადიდებენ მას იმ მიზეზით, რომ ღმერთის გამოცხადების ერთ ერთ საიდუმლო და სიმბოლურ გამოცხადებაში, როდესაც მას იაკობმა ჰკითხა: " მითხარი შენი სახელი" (დაბ. 32:23), თითქოსდა ღმრთის სახელდებულ შემეცნებას განეშორებაო, ღმერთმა ასე უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს? ის საკვირველია (დაბ. 32:29-32)".

და, მართლაც, განა საკვირველი არაა სახელი, რომელიც ყოველგვარ სახელდებაზე აღმატებულია, უსახელოა და "ყველა იმ სახელზე მაღალია, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც" (ეფეს. 1:21) (Божественные имена. Мистическое богословие, изд. "Путь к истине", Киев, 1991 г., стр. 20).

ახლა ისიც გავარკვიოთ, მხოლოდ მამას ეკუთვნის ეს სახელი თუ მთლიანად ყოვლადწმიდა სამებას. აი, რას ბრძანებს წმ. დიონისე არეოპაგელი: "წმიდა წერილში ნებისმიერი საღმრთო სახელი ყოველთვის კერძოობითი კი არ არის, არამედ მთლიანი მნიშვნელობითაც ადიდებს მთელ ღვთაებას თავის სისრულეში. ისინი (საღმრთო სახელნი _ ადმ.) განუყოფლად, განუცალკევებლად, განუწვალებლაედ და მთლიანად განეკუთვნებიან ყოველივეში სრულიად და სრულყოფილი ღვთაების მთელ სისრულეს" და მართლაც... თუ ვინმე დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ეს სახელები არ განეკუთვნებიან მთელს ღვთაებას (ანუ წმ. სამებას _ ადმ.), დიდ მკრეხელობას ჩაიდენდა, რამეთუ, უსჯულო კადნიერებით განუყოფელი ერთობის განყოფას დაუშვებდა.

ამგვარად, დამტკიცებულია, რომ ისინი ღმრთაების მთელ სისავსეს განეკუთვნებიან. და მართლაც, არა მხოლოდ ღვთივშობილმა ძემ ბრძანა: "მე სახიერ ვარ" (მათე 10:15), არამედ ერთმა "ღვთითშთაგონებულმა წინასწარმეტყველმა" სულიწმიდის სახიერებასაც (ე. ი. სიკეთესაც _ ადმ.) უგალობა (ფსალმ. 142:10). კვლავაც, "მე ვარ მყოფი" (გამოსვლა 3:14) ღმრთაების მთელი სისავსის სადიდებლად თუ არ არის ნათქვამი, მაშინ როგორღა უნდა გავიგოთ შემდეგი: "ამას ბრძანებს ყოვლისმპყრობელი, "რომელი არს და რომელი იყო, და რომელი მომავალ არს" (გამოცხ. 1:4); ან კიდევ, "ხოლო შენ თავად იგივე ხარ" (ფსალმ. 101:28)...

ასე, რომ ყოფიერების მთელ სისრულეზე მეუფებს განუყოფელი ღვთაება, ხოლო რაც შეეხება ღმერთმამობასა და ღმერთძეობას, ვფიქრობ, იმის დათვლაც კი შეუძლებელია თუ რამდენგზის უწოდებს წმინდა წერილი მამას და ძესაც უფალს" (Божественные имена... იქვე, გვ. 22, 23).

ამრიგად, უფლის სახელი "იეჰოვა" ("მყოფი") თანაბრად განეკუთვნება როგორც მამას, ასევე ძეს და სულიწმიდას, რამეთუ შეუძლებელია ითქვას, რომ "მყოფია" მხოლოდ მამა და არა ძე ან სულიწმიდა. წმ. დიონისე ერთი და განუყოფელი ღმრთაების განყოფად და განწვალებად მიიჩნევს ამგვარ მტკიცებას; თუ მხოლოდ მამაა "მყოფი", მაშინ ძე და სულიწმიდაც "ქმნილებები" ყოფილან (სწორედ ამიტომ არ აღიარებენ მათ საღმრთო იპოსტასებად იეჰოველები), რამეთუ მყოფობა, ქმნილების მსგავსად, მათ მამისგან მისცემიათ. 


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий