ციურიხი, 9 ოქტომბერი, 1918წ.
გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი სინამდვილის ანთროპოსოფიული წვდომა მხოლოდ თეორიული მსოფლმხედველობის არეალით არ უნდა შემოიფარგლოს. იგი უნდა იქცეს ცხოვების შინაარსად, სასიცოცხლო ძალად. მხოლოდ მაშინ შეასრულებს იგი თავის ამოცანას, როცა ჩვენივე მეცადინეობით იმდენად მომძლავრდება ჩვენში, რომ ჭეშმარიტ სასიცოცხლო ძალად იქცევა. რაკიღა ჩვენს საფშვინველს ანთროპოსოფიულ წვდომასა და შემეცნებას ვუკავშირებთ, ძალაუნებურად კაცობრიობის განვითარების გარკვეული მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილედ და მეთვალყურედ წარმოვჩნდებით. ცნობილია, რომ ადამიანები, ეზიარებიან რა ამა თუ იმ მსოფლმხედველობას, დარწმუნებულები არიან, რომ აზრები და წარმოდგენები, გარდა იმისა, რომ ისინი მათ საფშვინველში წარმოიშვებიან, არაფრით არ ეხებიან, არ განაპირობებენ სამყაროთა ურთიერთკავშირს. მსგავს მსოფლმხედველობათა მქონე ადამიანები ასე ფიქრობენ: აზრები და წარმოდგენები იდეალად მხოლოდ მაშინ დაინერგებიან ცხოვრებაში, ან იმდენად აქცევს მათ ადამიანი იდეალად, რამდენადაც, რაკიღა მისი ასპარეზი ფიზიკური სამყაროა, სწორედ ფიზიკურ სამყაროში შესძენს და მიანიჭებს მათ ცხოვრებისეულ მნიშვნელობას.





