понедельник, 7 апреля 2014 г.

რწმენა? არრწმენა? საკითხავია!


რწმენა თეოლოგიური გააზრებით, – ჯერ ასეთ გააზრებას ვუბოძოთ ხარკი, – გამოცხადებას უკავშირდება. გამოცხადებას კი უპირველეს ყოვლისა, – შეგიძლიათ თეოლოგია უკვე დაივიწყოთ, – პედაგოგიური ფუნქცია ეკისრება. ღმერთი თავს ვალდებულად თვლის, აქოთებულ კაცობრიობას ჭკუა ასწავლოს, ისევ სურნელოვან რელიგიაში დააბრუნოს: „სჯული ქრისტიანეთაჲ ტკბილ და სურნელ არს…“ – ასე აღიქვამს წმინდა ევსტათი თავისი რელიგიური ძიების რეზულტატს.
რწმენა და რელიგია – ეს განუყოფელი და შეურევნელი ერთიდაიგივეა. გასული საუკუნის დიდი თეოლოგი კარლ ბართი ამ 2 მოვლენას ერთმანეთისგან მიჯნავს, რადგან „ქრისტემ თავისი მოსვლით ყველა რელიგია გააუქმა“.
რადგან ასე ყოფილა, ჯერჯერობით დავივიწყოთ გაუქმებული და მხოლოდ რწმენაზე ვისაუბროთ. რწმენა რელიგიის VI, პიროვნული, გამოცდილების შინაგანი დიმენსია ანუ განზომილებაა.
სახარება და სხვა წმინდა წიგნები რწმენის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს გვთავაზობენ, რაც გასაკვირი სულაც არაა. ჭეშმარიტება არაა ცალსახა და ადვილად დაუფლებადი. ზოგჯერ რწმენა თვინიერ საქმისა მკვდარია. ხან კი მხოლოდ რწმენაა აუცილებელი, რაც გერმანული რეფორმაციის დევიზად იქცა!
ხალხურ-ეკლესიური ქრისტიანობის თანახმად, ღმერთი ეშმაკსაც კი სწამს, მაგრამ არ უყვარს. „სწამს“ აქ უნდა ნიშნავდეს, რომ იცის მისი არსებობის შესახებ. სახარებაში მეტაფორულადაა მითითებული რწმენის უძლეველი ძალის თაობაზედ: იოტისოდენა რწმენითაც კი მთების გადაადგილება შეიძლებაო!
რწმენა, მოწამეობა, ზოგჯერ მსხვერპლს ითხოვს და მხოლოდ შინაგანი კანონზომიერებითაა დასაძლევი თუ აღსაქმელი. „გრწმენინ შენცა და მაშინ ღირს იქმნე ცნობად მისა“ – ესაა მარტვილის მოწოდება მტარვალისადმი, ვისაც უკვირს თუ რატომ სწამს ერთი შეხედვით ნორმალურ თანამემამულეს „კაცი ლიტონი, დედაკაცისგან შობილი ვითარცა ღმერთი?!“…
ეს ზოგადი ფონისათვის ითქვა. აქვე დავძენდი, რომ რწმენა არ უნდა გამორიცხავდეს ღვთის სამართლიანობაში დაეჭვებას, რადგანაც სხვა, არანაკლებ დიდი თეოლოგი იმ საუკუნისა, რომანო გუარდინი, ღმერთს მიმართავს, რომ მე საშინელი სამსჯავროს დროს არამარტო პასუხის მიგება მომიწევს, არამედ, ღმერთო,  შენთან კითხვების დასმის უფლებასაც ვიტოვებო. მაგალითად, რა საჭირო იყოო ის იმხელა მსხვერპლი, რაც ტოტალიტარულმა რეჟიმებმა მოიტანეს?
თუ მორწმუნის ლოგიკიდან განვსჯით, ღვთის ნების გარეშე ფოთოლიც არ ჩამოვარდება, მაშ რატომღა დაუშვა მან იმდენი სისხლი, უსამართლობა, დევნა… და ბარემ დღევანდელიც დავამატოთ: მილიონობით ქალი, გოგონა დღეს სახიჩრდება, ქვებით იქოლება, რელიგიის სახელით მათ მონებად და სექსუალური ძალადობის მსხვერპლად აქცევენ. რატომ? რატომ არაფერს აკეთებს ღმერთი ამის წინააღმდეგ? … რასაკვირველია, ეს რიტორიკული კითხვაა!
პრაქტიკულად რას ნიშნავს დღეს რწმენა ჩვენში, როგორ გამოიყურება იგი?
რწმენაა ის, რომ დედაქალაქში სამების ოქროს გუმბათი ლაპლაპებს; რწმენის შედეგი ხომაა, მინიმუმ.
რწმენაა აგრეთვე ის, რომ ‘მახათა’ ანუ ბაბილონი  შენდება და საამისოდ შემოსული ყოველდღიური შემოწირულობა 250. 000 ლარს აჭარბებს. ამის პარალელურად უპატრონო და მშიერ ბავშვებს რომ არავინ ჩივის, ესაც რწმენაა. 

  უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად გვერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაგიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსუნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას.

წმიდა მაქსიმე ბერძენი

რწმენაა პატრიარქის ხშირი სტუმრობა პუტინთან; ადრე კი რწმენა იყო თევდორე მღვდლის გმირობა, როდესაც სამშობლოს ერთგულებისათვის თავი მტერს ააკუწინა…
ალბათ უნდა გავმიჯნოთ ნამდვილი და ფსევდორწმენა. მეტი რა ჩარაა?
რწმენის პარამეტრების დადგენას ადრეც ვცდილობდი (როგორც წესი, სწამთ, რათა ცხონდნენ). გთავაზობთ 2 ადრინდელ გააზრებას.
1. რწმენა და ცხონება
რწმენა სხვა არაფერია, თუ არა დროის მიმართ პასუხიმგებლობის აღება. – “პასუხი დროს”. რწმენაში ცხოვრება ნიშნავს ბრალეულობის განცდას დროსთან მიმართებაში, ნიშნავს სინანულს, ეჭვს, დროის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამო.
როდესაც ცხონება თავისთავად, კონვეიერული წესით მოდის ანუ ტრადიციულ საცხოვნებელ რუტინაში (“მოძღვარი” – “მარხვა” – “წირვაზე სიარული”) ავტომატური ჩართვით მიიღწევა, მაშინ გარჯასა და დროს უბრალოდ აღარ ვსაჭიროებთ; ან, უკეთ რომ ვთქვათ, აღარ ვსაჭიროებთ დროში საკუთარი ნებით გარჯას, რომლითაც სულის ცხონება უნდა მოგვეპოვებინა. დრო იკარგება; ან, თუ სხვაგვარად ვიტყვით, ნამდვილი დრო, თვითსრულყოფის, პროფესიული სრულყოფის დრო, იცვლება დროის სუროგატით, ილუზორული დროით. დროსთან ერთად ვკარგავთ ყველაფერს: ჩვენს ნებას, პიროვნებას, პროფესიულ უნარებს. ნამდვილ დროსთან ერთად იკარგება ყველაფერი: პიროვნებაც, სულიც, ცხონებაც და თვით ღმერთიც თავის სასუფევლიანად.
2. რწმენა-არრწმენა როგორც 2 პოზიციური თამაში
არ არსებობს რწენა ან არრწმენა. არსებობს 2 პოზიცია: რწმენის და არრწმენის. 2 არჩევანი. 2 ეგზისტენციალური ასანა: „მწამსი“ და „არამწამსი“.
„მწამს-არამწამს“ – შიც ყველაფერი, – ბუნებასავით, – უთვალავ სახეობებში და ქვესახეობებში ინთქმება და ხარობს.
„მწამს“: ა) მართლაც მწამს; ბ) მგონია, რომ მწამს, მაგრამ არ მწამს; გ)ვიცი, რომ არ მწამს, მაგრამ ვთვალთმაქცობ; დ) მგონია, რომ ვთვალთმაქცობ, მაგრამ მართლა მწამს; ე) თან მწამს, თან არა მწამს; ვ) არ ვიცი მწამს თუ არა, მაგრამ მჯერა, რომ მწამს, მინდა, რომ მწამდეს; ე) დღეს მწამს, ხვალ არა, ხან მწამს, ხან არა… და ასე დაუსრულებლად.
„არ მწამს“: ა) მართლაც არ მწამს; ბ) მგონია, რომ არ მწამს, მაგრამ „მწამს“ და ა.შ. – ყველაფერი „მწამს“ -ივით, ოღონდ პირიქით. და ასე, დაუსრულებლად.
როგორც ჩანს, ღმერთს ადამიანისათვის, რწმენის მარტივი მექანიზმი არ ჩაუდგამს. მექანიზმი, რომელიც ადამიანს – რწმენის ამ აგრეგატს ამუშავებს, ძალზე რთულია…
სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია, ნეტავ რა უნდა იყოს: „მწამს“ და მართლაც მწამს?
* * *
ახლა კი მთავარი: ერთი ურწმუნო კაცის თავგადასავალი.
3. ურწმუნო
მოხდა ისე, რომ საოში მადლმა იწვიმა. მადლის წვიმამ რწმენა აღაზევა. ჩვილი ბავშვიდან დაწყებული, უკბილო დედაბრით დამთავრებული, ყველა „უფალო, უფალო“-ს გაიძახოდა.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თვით ჭაობებშიც კი, ტაძრებს აშენებდნენ. ტაძრების ღრიჭოებში ობობები, ათასგვარი ჭია-ღუა და ღამურები იბუდებდნენ. რწმენის მადლი მათაც კი გადაედო.
ერთადერთი ურწმუნოღა დარჩა, სახელად… მისი სახელი ისტორიას არ შემოუნახავს. „ურწმუნო“ იქცა მის სახელადაც, გვარადაც და ძეგლადაც. საოში ურწმუნოება იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ თავიდან ურწმუნო ყველას გიჟი ეგონა. ბოლოს ეშმაკეულად, ბოროტმოქმედად და ქვეყნის დამღუპველად გამოაცხადეს.
გამოჭიმეს საოს მთავარ გაზეთ „მადლში“ რუბრიკით: „აი, ვინ გვარცხვენს!“; მისცეს პასუხისგებაში… არაერთი მოწმე აღმოჩნდა, რომელთაც ამა თუ იმ მიყრუებულ ტაძარში მხურვალედ მლოცველი, მზიარებელი და მონანული ურწმუნო უნახავთ, მაგრამ სახელმწიფო ბრალმდებელმა (საო ხომ სახელმწიფო იყო!) ეს ქმედებანი ურწმუნოს განსაკუთრებულ მზაკვრობა-ფარისევლობას მიაწერა, მოითხოვა ურწმუნოს სიკვდილით დასჯა. ურწმუნოს სიკვდილი მაინცდამაინც არ უყვარდა, ამიტომაც პროკურორს ამგვარი დიალოგი გაუმართა:
- „მეუფე პროკურორო, ეკლესია ხომ მორწმუნეა?“
- ”რასაკვირველია, უგნურო, აბა რას როშავ?“
- ”მეუფე პროკურორო, თუკი ეკლესია, ვინც ყაჩაღობს ანუ სხვათა ტაძრებს იტაცებს, მორწმუნეა, მაშინ გამოდის, რომ მე, ვინც ვერ ვყაჩაღობ, ურწმუნო ვარ”.
ბუნებრივია, ამგვარმა დიალოგმა ურწმუნოს სასჯელი დაუმძიმა და ჩვეულებრივი სიკვდილი ანუ დახვრეტა ჩამოხრჩობით შეუცვალეს.
- ”ინანიებ თუ არა დანაშაულს?”- ჰკითხა ბოლოს ურწმუნოს პროკურორმა.
- ”შეუძლებელია მოვინანიო დიდო მეუფევ, მე ხომ ადამიანი ვარ, ადამიანს კი არც მონანიება შეუძლია, არც არც რწმენა; ადამიანს შეუძლია მხოლოდ ეგონოს, რომ სწამს ან ინანიებს… მე კი მინდა, რომ არა მხოლოდ მეგონოს… და რადგანაც ეს შეუძლებელია, ამიტომაც ურწმუნოების გარდუვალობას ვერაფერს ვუხერხებ!”
სასამართლომ რწმენის შეუვალ სფეროში ამგვარი წაფილოსოფოსება ურწმუნოს არ აპატია და უბრალო ჩამოხრჩობა შაყიყის კვრით ანუ ჯერ ხელ-ფეხის, ბოლოს კი თავის მოკვეთით შეუცვალა.
- ”აღიარებ თუ არა, შენს გარდა რომ ყველას ღმერთი გვწამს?”- ასეთი იყო პროკურორის სულ ბოლო შეკითხვა.
- ”მე ვაღიარებ მხოლოდ ერთადერთს: ურწმუნო ვარ! მწამს და ვაღიარებ, რომ ურწმუნო ვარ!”- გაჰყვიროდა ურწმუნო.
ურწმუნოს ესოდენმა გაჯიუტებამ სასამართლო და დამსწრენი განარისხა, ამიტომაც მას შაყიყის კვრა წამებით შეუცვალეს. ყველაზე დიდი ტაძრის ეზოში გამოიყვანეს, ჯერ მუგუზალი დააყარეს მორწმუნეებმა, მერე ენა ამოაგლიჯეს, თვალები დასთხარეს, ფრჩხილები დააძრეს, ის კი ბოლომდე გაიძახოდა: “ურწმუნო ვარ, ურწმუნო ვარ!…”
როგორც კი ურწმუნომ სული დალია, დიდი ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე გაიპო, ჭაობებში აგებული ტაძრები გველ-ბაყაყებით გაივსო, ხოლო ციდან გრგვინვა გაისმა:
“ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ!”
2003-2014 წწ.

დიდხანს ვეჭიდე ამ თემას! 11 წელიწადში მგონი ხეჭეჭურიც ისხმამს პირველ ნაყოფს!  :)

წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий