суббота, 8 февраля 2014 г.

საქართველოში ჩატარებული პირველი ასტრობიოლოგიური კველევების შესახებ




”არის თუ არა სიცოცხლე მარსზე” - ეს ხუმრობადქცეული კითხვა მეცნიერებისათვის არც ღიმილისმომგვრელია და არც რიტორიკული. ასტრობილოგია - ასე ეწოდება მეცნიერების დარგს, რომელიც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის საკითხებს შეისწავლის. ქართული ასტრობიოლოგიური სკოლა რომ არ არსებობს, გასაკვირი არ არის - საბჭოთა კავშირში ასეთი ტიპის კვლევები ან მკაცრად გასაიდუმლოებული და უშუალოდ მოსკოვს დაქვემდებარებული იყო, ან იგნორირებული. რაც შეეხება ქართველ ასტრობიოლოგებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ახალგაზრდა ქალბატონი, მარიკა ტარასაშვილი დარგის პიონერია ჩვენს ქვეყანაში.
ცოტა რამ ასტრობიოლოგიის ისტორიიდან: ასტრობიოლოგიური კვლევები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 40-იან წლებში მეცნიერმა გავრილ ტიხოვმა დაიწყო, თუმცა 60-იან წლებში მისი გარდაცვალებისთანავე შეწყდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ არასერიოზულად  და არაპერსპექტიულად მიიჩნია სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის პრობლემების შესწავლის გაგრძელება. სამაგიეროდ, სწორედ ამ პერიოდში, დაინტერესდა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტო - NASA - მეცნიერების ამ დარგით და დღეს, სწორედ ამ უმსხვილეს ორგანიზაციას უკავშირდება მსოფლიოში ასტრობიოლოგიის განვითარებისა  და პოპულარიზაციის საკითხი.
მარსზე, NASA-ზე და  ასტრობიოლოგიაზე ქალბატონ მარიკა ტარასაშვილს ვესაუბრეთ:
-        ქალბატონო მარიკა, იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, სადაც ასტრობიოლოგიური კვლევების არანაირი ტრადიცია არ არსებობს, თქვენი არჩევანი,ცოტა არ იყოს,რისკიანად გამოიყურება. როდის და როგორ გადაწყვიტეთ, მეცნიერების ამ დარგს გაყოლოდით?
-        ალბათ მაშინ, როდესაც ბაბუას ბიბლიოთეკაში (პროფესიით ასტრონომი გახლდათ), რუსი მეცნიერის - გავრიილ ტიხოვის 1945 წელს გამოცემულ წიგნს მივაკვლიე, სახელწოდებით „ასტრობიოლოგია“. ის პეტერბურგის (მაშინ - ლენინგრადის) მეცნიერებათა აკადემიის პროფესორის - მიხეილ მოისეევის ასპირანტი იყო და კარგა ხანს იქვე მუშაობდა. წიგნი ავტორმა აჩუქა და ამგვარად მოხვდა ჩემს ბიბლიოთეკაში. რომ წავიკითხე, ჩემი განცვიფრება გამოიწვია იმან, თუ როგორ იყო ამ მცირე ნაშრომში ერთმანეთში შერწყმული  ჩემი ორი გატაცება: ბიოლოგია და ასტრონომია. წავიკითხე და.. ჩემი მომავალი ცხოვრებაც ამით განისაზღვრა.
-        ასტრობიოლოგიას საქართველოი ტრადიცია პრაქტიკულად არ გააჩნია, ამის გამო ალბათ სირთულეებსაც წააწყდით...
-        ასე თუ ისე, სტრატეგია არსებობდა და დღესაც არსებობს, თუმცა ყველაფერი ისე აეწყო, რომ ადამიანს უცნაურადაც კი შეიძლება მოეჩვენოს. ხომ იცით, საქართველოში როგორც ხდება - თუ ბიოლოგი ხარ, ასტრონომიაში არაფერი გესაქმება და პირიქით. ამიტომ 1997 წელს თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ მაინც ამეღო ასტრონომის დიპლომი. არ შემიძლია არ ვახსენო ორი ადამიანი, რომლებისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები. ესენი გახლავთ თსუ-ს მაშინდელი რექტორი, პროფესორი როინ მეტრეველი და მაშინდელი თსუ ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ჯემალ სოლოღაშვილი. ამ ადამიანებმა მხოლოდ პირადი განცხადების და გასაუბრების საფუძველზე დამრთეს ნება, რომ ასტრონომიის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე ბიოლოგის დიპლომით გავსულიყავი. ჩემი პირველი თემა ასტრობიოლოგიაში სწორედ მაგისტრატურაში დავიცავი პროფ. შალვა საბაშვილისა და პროფ. სიმონ წერეთელის ხელმძღვანელობით.  დღემდე ვთანამშრომლობ ამ მეცნიერებთან.
გაცილებით რთული იყო ამ მიმართულებით ასპირატურაში ჩაბარება და შემდგომში - დოქტორანტურაში გადაბარება, რადგან საქართველოში არც ასტრობიოლოგია  არსებობდა და ბიოლოგიის ფაკულტეტზე არც არავინ იყო ისეთი, ვინც ამ თემაზე მუშაობას დამთანხმდებოდა. თუმცა ერთ დღესაც, ასპირანტურის მისაღებში შევხვდი პროფესორ ნუგზარ ალექსიძეს, რომელიც ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა. მინდა ვთქვა, რომ ამ სახელგანთქმულ მეცნიერს და მოკრძალებულ ადამიანს აქვს კრედო, ახალგაზრდებს მისცეს შანსი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩავაბარე დოქტურანტურაში ასტრობიოლოგიის ინდივიდუალური მიმართულებით.
-        პირველი მსხვილი სამეცნიერო კვლევა სახელმწიფოს დაფინანსებით დაიწყეთ, როგორ გაიმარჯვა პროექტმა სახელმწიფო საგრანტო კონკურსში?
-        2007 წელს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და პირველი ასტრობიოლოგიური პროექტით გრანტიც მოვიპოვეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა ჩვენი პროექტი უმაღლესი ქულებით (100 და 96) შეაფასეს. საპროექტო ჯგუფში ვიყავით (და დღემდე ვართ) მე და ჩემი მასწავლებლები: პროფ. შალვა საბაშვილი, პროფ. სიმონ წერეთელი და პროფ. ნუგზარ ალექსიძე. პროექტი წარდგენილი იყო სათაურით: „მარსის ეკოსისტემის იმიტაცია პლანეტის ტერაფორმირებისათვის საჭირო ზოგიერთი პრაქტიკული ამოცანის გადასაჭრელად“; და პლანეტა მარსის ათვისებისათვის საჭირო რთული და აქტუალური სამეცნიერო საკითხების გადაჭრას ეხებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პროექტით პროფ. ელგუჯა მეძმარიაშვილიც დაინტერესდა და დიდი დახმარებაც გაგვიწია.
 ეს იყო პირველი ასტრობიოლოგიური კვლევა საქართველოში და იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების ამ დარგის განვითარების დასაწყისიც.
-        კონკრეტულად რას ითვალისწინებს პროექტი?
-        უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამეცნიერო პროექტი, რომელიც NASA-ს და ESA-ს მიერ ერთობლივად შემუშავებული მარსის ათვისების პროგრამის - MEPAG-2005-ის ნაწილია. მინდა ვაღიარო, რომ პროექტის სათაური ამ საკითხში გაუთვიცნობიერებულ ადამიანებში მცდარ შთაბეჭდილებას აღძრავს და, ერთი ცნობილი რუსული ფილმისა არ იყოს, ჰგონიათ, რომ ჩვენ მარსზე სიცოცხლეს ვეძებთ ან, უკეთეს შემთხვევაში - იქ ხეების დარგვას ვაპირებთ. ამგვარი შეხედულებების გამო ჩვენ უამრავჯერ გავხდით დაცინვისა და თავდასხმის მსხვერპლნი. ეს იყო ძალზედ საინტერესო, დინამიური და სირთულეებით აღსავსე პერიოდი, რომელმაც დაუღალავი შრომის, კამათისა და ახსნა-განმარტებების ქარიშხალში გამოგვატარა.
სინამდვილეში კი ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანი არის სამეცნიერო საკითხების დამუშავება იმ საკაცობრიო კოსმოსური მისიებისათვის, რომლებიც მარსზე 2017-დან არის დაგეგმილი. ის უშუალო შეხებაშია მთვარის ბაზებთან, რომლებიც უკვე 2050 წლისათვის აშენდება და მარსის დასახლებულ სადგურებთან, რომლებსაც დაახლოებით იმავე პერიოდში ჩაეყრება საფუძველი.
სხვა, ბევრად უფრო ამბიციური მიზანია ბიოტექნოლოგიურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყვანა, რომელთა გადატანაც მარსზე ამ პლანეტის ათვისებაში დაგვეხმარება. ამ პროცესს ”ეკოპოესი” ეწოდება და მისი განხორციელებისათვის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მუშაობს მეცნიერთა, სულ მცირე, ერთი სპეციალური ჯგუფი. პირველ ეტაპზე, ამ სამეცნიერო შრომის მიზანს წარმოადგენს ისეთი ექსტრემალური მიკრობებისა და სხვა ორგანიზმების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ მარსის პირობებში გადარჩენას და მისი გრუნტის გადამუშავებას, რაც, როგორც აღვნიშნე, მომავალში ხელს შეუწყობს პლანეტაზე ხანგრძლივი საკაცობრიო მისიების განხორციელებას და კოსმოსური სადგურების სტაბილურ, ხანგრძლივ ფუნქციონირებას.
-        ანუ, პროექტი ითვალსწინებდა არა მარსზე არსებული სიცოცხლის ფორმების კვლევას, არამედ იმის დადგენას, რა ტიპის ორგანიზმები შეძლებენ მარსზე ცხოვრებასსამომავლო პერსპექტივისთვის?
-        შეიძლება ასეც ითქვას... საქმე იმაშია, რომ მარსზე სიცოცხლის ძიების პროგრამას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ახორციელებენ ჩვენი პლანეტის უმსხვილესი კოსმოსური ცენტრები (დაინტერესებულ პირებს სათანადო მასალის მოპოვება ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ); გასაგებია, რომ საქართველოს მსგავსი კვლევების განხორციელებისათვის არც თანხები აქვს და არც ხელსაწყოები (თუმცა, გამორიცხულიც არაფერია), მაგრამ მარსის ათვისების პროგრამაში ჩართვა  თავისუფლად შეგვიძლია. ცხადია, მარსზე ვერ წავალთ, ამიტომ ლაბორატორიაში განვახორციელეთ პლანეტის პირობების იმიტაცია  ჩვენს მიერ შექმნილი და პატენტირებული კლიმატო-კამერის (რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა) მეშვეობით. NASA-ს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შევქმენით მარსის გრუნტის იმიტაცია და ჩავატარეთ უამრავი კვლევა ამ მიმართულებით.
-        თქვენ ამბობთ, რომ გაივლის უამრავი წელი და შეიძლება მარსზე, ისევე როგორც ოდესღაც დედამიწაზე, სიცოცხლე გაჩნდეს?
-        ”გაჩნდეს”- მეთქი, ვერ ვიტყოდი.. თუმცა, დღეს ამ დარგში მომუშავე თითქმის ყველა მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ ”წითელ პლანეტაზე” - მარსზე სიცოცხლის გარკვეული ფორმების შეტანა სავსებით შესაძლებელია, მითუმეტეს, რომ მის ნიადაგში და ატმოსფეროში სულ ახლახან, აღმოჩნდა წყალი.
გაივლის წლები და მარსი უსიცოცხლო რკინის უდაბნო აღარ იქნება. და ამას არა მილიარდობით, არამედ მხოლოდ 300-400 წელი დასჭირდება. მილიარდობით წელს ჩვენ, მეცნიერები, მარტივად რომ ვთქვათ, ბიოტექნოლოგიისა და ფიზიკის მეშვეობით.. ”მოვიპარავთ”. აი, ასეთ საინტერესო დროში ვცხოვრობთ.
-        კვლევის შედეგებს რაიმე გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში?
-        თავდაპიველად, სამეცნიერო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო შედეგებს საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია და მართალი გითხრათ, პროექტის მიმდინარეობის მცირე დროიდან გამომდინარე, ამას არც ველოდით. თუმცა, ჯერ კიდევ 2008 წელს მოვიპოვეთ აღიარება. საქმე იმაშია, რომ 2007 წელს საერთაშორისო ასტრობიოლოგიურ სამეცნიერო კონფერენციაზე გამოვიტანეთ ნაშრომი ჩვენს მიერ შექმნილი მარსის გრუნტის იმიტაციის შესახებ, სადაც მივუთითეთ, რომ მარსზე დაშვებული აპარატების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით პლანეტაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უნდა ყოფილიყო მინერალი ”ცეოლითი”, რაც მიკროორგანიზმების განვითარებისათვის კარგ პირობებს შექმნიდა. იმ მომენტისათვის ეს იყო მხოლოდ ჩვენი ვარაუდი, თუმცა მას შემდეგ, რაც 2008 წელს მარსზე დაშვებულმა ლენდერმა - „ფენიქსი“ მარსის გრუნტში მინერალ ”ცეოლითის” არსებობა დაადასტურა, ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების სააგენტოს - NASA-ს წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ, ამერიკის შეერთებულ სტატებში მიგვიწვიეს და სპეციალური სიგელებითაც დაგვაჯილდოვეს.
-        დღეს თქვენ საქართველოში NASA-ს ოფიციალური წარმომადგენლები ბრძანდებით... როგორ გაგრძელდა ანამრომლობა ამ ორგანიზაციასთან?
-        მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვართ NASA-ს ოფიციალური საკონტაქტო პირები საქართველოში. ჩვენთვის ცნობილია მათი კონცეფციები საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში, მათი სამეცნიერო გრანტების დაფინანსების პირობები. ამ მიმართულებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, მათ შორის ობსერვატორიისა და ილია ჭავჭავაძის თსუ-ს კოსმოსის კვლევის ჯგუფთან ერთადაც. დასახული გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომ თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს და ამას შესაძლოა საკანონმდებლო ბაზაც დასჭირდეს. ვნახოთ, წინასწარ ვერ ვიტყვი. სამწუხაროდ, ჩვენ ძალზედ არასტაბილურ პირობებში გვიწევს მუშაობა.
-        რამდენადაც ცნობილია, მარსის გრუნტის ნიმუშისჩამოტანას NASA 2018 წლისათვის გეგმავს და ეს ალბათ თქვენი ჯგუფისვისაც ძალიან საინტერესო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს... თქვენ საქართველოში კოსმოსის კვლევების სამეცნიერო ცენტრიჩამოაყალიბეთ. ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?
-        ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საქართველოში კოსმოსური მეცნიერებების პოპულარიზაციაცაა. კოსმოსის კვლევების სამეცნიერო ცენტრი არასამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაციაა და მასში გაერთიანებულია საქართველოში მიმართულებით  მოღვაწე ბევრი მეცნიერი. გეგმები სრულიად კონკრეტულია. მაგალითად - ფართო საზოგადოების ინფორმირებისათვის განკუთვნილი  კოსმოსური დაწესებულებების დაარსება, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ასტრონომიული განათლების უზრუნველყოფას. ალბათ ბევრს ახსოვს, წლების წინ, მთაწმინდაზე, პლანეტარიუმი ფუნქციონირებდა. უკვე დავიწყეთ მუშაობა მის აღდგენაზე. სკოლებში ქიმიის, ბიოლოგიის და თუ ფიზიკის სწავლისათვის ლაბორატორიებს ვიყენებთ. ასტრონომიის ერთადერთი ე.წ ლაბორატორია კი პლანეტარიუმია და ისინი მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში არსებობს. ჩვენი ახალგაზრდებისათვის ასტრონომია და სხვა კოსმოსური მეცნიერებები ბევრად უფრო გასაგები, საინტერესო და საყვარელი გახდება, თუ მათ თვალსაჩინოების სახით ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალება ექნებათ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მომავალი - კოსმოსური მომავალია.
მარსის ათვისების სამეცნიერო ჯგუფები მთელ მსოფლიოში არსებობს.NASA-ში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ეწყობა საერთაშორისოასტრობიოლოგიური სამეცნიეროკონფერენცია, სადაც ქართველ მეცნიერთა ჯგუფსაც იწვევენ.მარსის ათვისების საკითხი ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, მაგრამ მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში, ეს პროცესი დაწყებახელოვნური ეკოსისტემისშექმნა გარდაქმნის და დაარეგულირებს პლანეტა მარსის კლიმატს და მასზე სიცოცხლის შეტანა გახდება შესაძლებელი. 
ქეთი კვიტატიანი

© ჟურნალი "NAEC.GE" -შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий