არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანლის, ზურაბ მახარაძის თქმით, მსგავსი მასშტაბის ყორღანი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ შესწავლილა. მისი თქმით, სამარხის მნიშვნელობას იქ აღმოჩენილი გათაფლული თავის ქალები, რაც მუმიფიცირების ერთგვარ სახესხვაობას წარმოადგენს, ქარვის მძივი და ყორღანში დაცული მიცვალებულის სამი ეტლი ზრდის.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფეში არქეოლოგთა ექსპედიციის ხელმძღვანელმა ზურაბ მახარაძემ აღმოჩენის წინასწარი პრეზენტაცია მოაწყო. მისი თქმით, არქეოლოგები არტეფაქტებს ჯერ კიდევ სწავლობენ და მათ ინტერპრეტაციას თავს არიდებს.
ზურაბ მახარაძის თქმით, ტომის ბელადის კუთვნილ ყორღანს, სავარაუდოდ, რამდენიმე ტომის მოსახლეობა აშენებდა. სიდიდის გამო მშენებლობა შესაძლოა თვეებიც გაგრძელდა. სამარხში აღმოჩენილი 7 მიცვალებულიდან ორის თავის ქალა შეისწავლეს. თავის ქალები თაფლით იყო დამუშევბული. არქეოლოგი მიიჩნევს, რომ მუმიფიცირების თავისებურ მეთოდთან აქვს საქმე.
ანანაური #3 კიდევ ერთი განსაკუთრებულობა სამი ეტლია, რადგან როგორც წესი ყორღანში მხოლოდ ერთი – ბელადის, ეტლი იყო მოთავსებული. ეტლებზე სულ ოთხი გვამი იყო დასვენებული, ხოლო ეტლების ქვეშ სამი ჩონჩხი აღმოაჩინეს, რაც არქეოლოგებს მონებისა და მიცვალებულისთვის მსხვერპლშეწირვის არსებობას აფიქრებინებს. ჯერ დადგენილი არ არის მიცვალებულების სქესი და ის ნათესაური კავშირები, რაც შესაძლოა მათ შორის არსებობდა.
არქეოლოგების გაკვირვებას ურმის ბორბლის სამაგრიც იწვევს. სამაგრის თავი სპილენძისაა, წვეტი გარედან სპილენძითაა დაფარული. თუმცა მისი შიგთავსი დაუდგენელი მადნისგანაა დამზადებული. სამაგრი ახლა გერმანიაშია გაგზავნილი ლაბორატორიული შემოწმებისთვის. საქართველოში ქარვა არ მოიპოვება. თუმცა ანანაურის სამარხში ქარვის მძივია დაცული, რომელიც სავარაუდოდ შემოტანილი უნდა იყოს. მახარაძის თქმით, ეს არის პირველი აღმოჩენილი ქარვის მძივი მთელ წინა აზიაში.
ზურაბ მახარაძის თქმით, ანანაურის დიამეტრი 100 მეტრი, სიმაღლე კი 12 მეტრია. იგი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნის ჭალაში მდებარეობს. ყორღანები ადრე ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. აღ. III ათასწლეული) იყო გავრცელებული და მაშინდელი არისტოკრატიისთვის იგებოდა.
ყორღანი მრგვალი, გორაკის ფორმის მიწით დაფარული საფლავი იყო, რომლის ცეტრში მოთავსებულ კამერაში მიცვალებული იყო დასვენებული. მისი სიდიდე იმ მიცვალებულის სიძლიერეს უსვამდა ხაზს, ვისთვისაც იგი შენდებოდა.
ზურაბ მახარაძის თქმით, ანანაური #3 შესახებ ინფორმაცია 1970–იან წლებშიც არსებობდა, როცა ანანაური #1 და ანანაური #2 ყორღანებს სწავლობდნენ.
ექსპედიციამ 2012 წლის 5 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე იმუშავა. თავდაპირველად გორაკის თავი ხეებისა და ბუჩქნარისგან გაწმინდეს. შემდეგ კი ყორღანის გათხრა დაიწყეს. 12 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ქვეშ 25 მეტრის სიგრძისა და 15 მეტრის სიგანის მოედანი იყო.
ანანური #3 რიყის ქვებით იყო გადახურული, რომლის ქვეშ თიხა ფენა–ფენა დაეყარათ. თიხის ქვეშ მოწითალო–მოოქროსფრო ბუნებრივი საღებავი ოქრა და ნაფოტები იყო დაყრილი. მოედანს, რომელშიც მიცვალებული იყვნენ მოთავსებული, ხის მორების ორი მწკრივი და მათ შორის მოთავსებული ჭილოფის ნაჭერი ჰქონდა სახურავად. ზურაბ მახარაძის თქმით, აღნიშნული ყორღანი მდიდარია შალისა და თექის ნაქსოვი ტექსტილით.
როგორც ჩანს, სამარხი ორჯერ გაუძარცვავთ, ამას ორი გვირაბი მოწმობს, რომელიც, არქეოლოგების აზრით, მძარცველებს გაუყვანიათ. მახარაძის თქმით, სამარხი ბრონჯაოს ხანაშივეა გაძარცვული. ქურდობის მიუხედავად, არქეოლოგებმა 27 ნივთს მიაკვლიეს, რომელთა შორის უმეტესად სამკაულის ნარჩენებია. ერთ–ერთი საკიდის ორნამენტები ძალიან ჰგავს წნორის ყორღანში აღმოჩენილი ლომის ქანდაკების ორნამენტებს.
ზურაბ მახარაძე ანანაურის მიკუთვნებას რომელიმე კულტურისადმი ჯერ არ ჩქარობს. არქეოლოგი ყორღანს ბედენურ კულტურას ამსგავსებს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში იყო გავრცელებული. მისივე აზრით, ანანაურის ყორღანი შესაძლოა მარტყოფულ კულტურასთან იყოს დაკავშირებული, რადგან იქ აღმოჩენილი შავპრიალა კერამიკული ნივთები მარტყოფული კულტურისთვისაა დამახასიათებელი.
"მტკვარ–არაქსის ბოლოს ჩნდება ასეთი მდიდრული ყორღანები. იქ გამოიყოფა ორი ჯგუფი: მარტყოფულს ვეძახით და ბედენურს. ეს ყველაფერი შესწავლის პროცესშია. ჯერ არც არის ეს დადგენილი რომ ეს ნამდვილად ბედენის კულტურაა. ეს ჩვენ პირობითად ვყოფთ ასე,"–განმარტავს ზურაბ მახარაძე.
როდესაც არქეოლოგებმა ანანაურის გათხარეს, იქ გადარჩენილი თხილი და წაბლი იპოვნეს. იპოვნეს თაფლში ამოვლებული კენკროვნები: ონტყოფა და კვრინჩხი. კერამიკის ჭურჭელი დაზიანებულია და მისი აღდგენა მიმდინარეობს.
მახარაძის თქმით, დარბაზის ხის ჭერმა ქვაყრილისა და თიხის დაწოლას ვერ გაუძლო და მორები ჩამოიშალა. ჩამოშლილმა ჭერმა კერამიკა და სხვა ნივთები დააზიანა, თუმცა შეიქმნა ისეთი მიკროკლიმატი, რომელმაც სამარხში მოთავსებული ხილი იმდენად კარგად შეინახა, რომ ლაბორატორიაში თაფლში ამოვლებულმა ონტყოფამ თაფლის არომატი დააყენა.
"ნამდვილად იმსახურებს, ეს კომპლექსი რომ იყოს გადარჩენილი და გამოფენილი,"– ამბობს ზურაბ მახარაძე და დასძენს, რომ ახლა აღმოჩენილი მასალის კონსერვაცია მიმდინარეობს და მიახლოებით ორ წელიწადში გამოსაფენად მზად იქნება.
ფოტოები ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს
Комментариев нет:
Отправить комментарий