пятница, 10 января 2014 г.

„ადამიანის სულიერი გათავისუფლება. გამარჯვება შიშზე და სიკვდილზე.



გთავაზობთ ნაწყვეტს ნ. ბერდიაევის თხზულებიდან „ადამიანის მონობისა და თავისუფლების შესახებ“, სადაც იგი ადამიანის ნამდვილ, სულიერ თავისუფლებაზე საუბრობს.
წიგნიდან: Н.А.Бердяев. «О рабстве и свободе человека. Опыт персоналистической метафизики», Париж: YMCA-Press, s.d. [1939], 224 стр.   (Клепинина, №36) 2-е изд. там же, 1972. Переиздано: Царство Духа и Царство Кесаря. М.:  Республика, 1995. 375 с. Сост. и послесловие П.В.Алексеева.
რუსულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ
„ადამიანის სულიერი გათავისუფლება. გამარჯვება შიშზე და სიკვდილზე.
1.
ადამიანი მონობაში იმყოფება. ის ხშირად ვერ ამჩნევს საკუთარ მონობას და ზოგჯერ უყვარს იგი. მაგრამ, ადამიანი ასევე მიისწრაფვის გათავისუფლებისაკენ. მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ საშუალო ადამიანს უყვარს თავისუფლება. უფრო მეტად მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ თავისუფლება ადვილია. თავისუფლება რთულია. უფრო ადვილია მონობაში დარჩენა. თავისუფლების სიყვარული და სწრაფვა გათავისუფლებისაკენ უკვე ადამიანის გარკვეული სიმაღლის მაჩვენებელია. ეს სწრაფვა გვიჩვენებს, რომ ადამიანი შინაგანად ამთავრებს მონობას. ადამიანში არის ამქვეყნისაგან დამოუკიდებელი და არადეტერმინირებული სულიერი საწყისი. ადამიანის განთავისუფლება არის არა ბუნების, გონებისა თუ საზოგადოების მოთხოვნა, როგორ ხშირად თვლიან, არამედ ეს არის სულის მოთხოვნილება. ადამიანი არ არის მხოლოდ სული. იგი რთული შედგენილობისაა. იგი ასევე არის ცხოველიც, მატერიალური სამყაროს გამოვლინებაც, მაგრამ, ადამიანი იმავდროულად არის სულიც. სული არის თავისუფლება და თავისუფლება არის სულის გამარჯვება. მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ადამიანის მონობა ყოველთვის ადამინის ცხოველურ-მატერიალური ნაწილის ძალაუფლებიდან გამომდინარეობს. თვით ადამიანის სულიერ ნაწილშიც შეიძლება არსებობდეს მძიმე სნეულებანი, შეიძლება არსებობდეს გაორება, შეიძლება არსებობდეს ექსტერიორიზაცია და სულის გაუცხოვება, შეიძლება არსებობდეს თავისუფლების დაკარგვა და სულის ტყვეობა. ამაშია ადამიანის მონობისა და თავისუფლების პრობლემის მთელი სირთულე.

სული განიცდის ექსტერიორიზაციას, გამოდის გარეთ, როგორც აუცილებლობა მოქმედებს ადამიანზე და ადამიანიც უბრუნდება თავის თავს, თავის შინაგანს ანუ თავისუფლებას. ამ სულიერი პროცესის ერთი მხარე ესმოდა ჰეგელს, მაგრამ, ესმოდა ნაწილობრივ. მას არ ესმოდა ალბათ უმთავრესი. თავისუფლად ადამიანი თავს უნდა გრძნობდეს არა ობიექტივირებული სამყაროს განაპირას, არამედ სულიერი სამყაროს ცენტრში. გათავისუფლება ზუსტადაც არის ყოფნა ცენტრში და არა განაპირას. გათავისუფლება მდგომარეობს რეალურ სუბიექტურობაში და არა იდეალურ ობიექტურობაში. მაგრამ, სულიერი კონცენტრაცია, რომლისკენაც მოგვიწოდებს სულიერი ცხოვრების ყველა დარიგება, თავისი შედეგებით შეიძლება ორმხრივი აღმოჩნდეს. ეს სულიერი კონცენტრაცია იძლევა სულიერ ძალას და დამოუკიდებლობას ადამიანის მტანჯველი მრავლობითობისაგან. მაგრამ, სულიერ კონცენტრაციას შეუძლია შეზღუდოს შემეცნება და გამოიწვიოს შეპყრობა ერთი იდეით. ამ შემთხვევაში სულიერი გათავისუფლება გადაიქცევა ხიბლისა და მონობის ახალ ფორმად. ეს იციან ადამიანებმა, რომელნიც სულიერი გზით მიდიან. სიმანდვილიდან მხოლოდ გაქცევას ან სინამდვილის უარყოფას არასოდეს მოაქვს გათავისუფლება. სულიერი გათავისუფლება არის ბრძოლა. სული არ არის განყენებული იდეა ან უნივერსალია. არა მარტო ადამიანი, არამედ ძაღლი, კატა, ქინქლა წარმოადგენს ბევრად ეგზისტენციალურ ფასეულობას, ვიდრე განყენებული იდეა, ვიდრე საერთო უნივერსალურობა. სულიერ გათავისუფლებას თან სდევს გადასვლა კონკრეტულზე და არა აბსტრაქტულზე. ამას გვიმოწმებს სახარება და ამაშია სახარების პერსონალურობა. სულიერი გათავისუფლება არის გაუცხოების ძალაუფლებაზე გამარჯვება. ამაში მდგომარეობს სიყვარულის საზრისი. მაგრამ, ადამიანი ამას ვერ ამჩნევს და ადვილად ხდება მონა. ადამიანი თავისუფლდება იმიტომ, რომ მასშია სულიერი საწყისი, მასშია უნარი არ დაექვემდებაროს გარედან დეტერმინირებას. მაგარამ, იმდენად რთულია ადამიანის ბუნება და იმდენად არეულია მისი არსებობა, რომ ერთი მონობიდან მას შეუძლია ჩავარდეს სხვა მონობაში, ჩავარდეს აბსტრაქტულ სულიერებაში, დაემონოს საერთო იდეის მადეტერმინირებელ ძალას. სული ერთიანია, მთლიანი და იქვემყოფია ყველა მის მოქმედებაში. მაგრამ ადამიანი არ არის სული, მას მხოლოდ აქვს სული და ამის გამო თვით მის სულიერ აქტებშიც შესაძლებელია გაორება, გაუცხოება და სულის გადასხვაფერება. საბოლოო გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ კავშირით ადამიანის სულისა ღმერთის სულთან. სულიერი გათავისუფლება ყოველთვის არის მოქცევა უფრო დიდი სიღრმისაკენ, ვიდრე თვით ადამიანში არსებული სულიერი საწყისია. ეს არის მოქცევა ღმერთისაკენ. მაგრამ, ღმერთისკენ მოქცევაც შეიძლება დაზიანდეს სნეულებით და კერპთაყვანისცემად გადაიქცეს. ამიტომ საჭიროა მუდმივი განწმენდა. ღმერთს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ თავისუფლებაზე, თავისუფლებაში და თავისუფლების მეშევეობით. იგი არ მოქმედებს აუცილებლობაზე, აუცელობლობაში და აუცილებლობის მეშევეობით. იგი არ მოქმედებს ბუნების და სახელმწიფოს კანონებში. ამიტომაც სწავლება წინასწარგანზრახვისა და მადლის შესახებ გადახედვას საჭიროებს. ტრადიციული სწავლებანი ამ საკითხზე მიუღებელია.
ადამიანის სულიერი გათავისუფლება არის ადამიანში პიროვნების რეალიზაცია. ეს არის მთლიანობის მიღწევა. ამასთან ერთად ეს არის დაუღალავი ბრძოლა. პიროვნების რეალიზაციის მთავარი საკითხი არ არის მატერიის დეტერმიანციაზე გამარჯვების საკითხი. ეს მხოლოდ ერთი მხარეა საკითხისა. ძირითადია მონობაზე გამარჯვების მთლიანობის საკითხი. სამყარო ცუდია არა იმის გამო, რომ მასში არის მატერია, არამედ იმის გამო, რომ იგი არ არის თავისუფალი, იგი დამონებულია. მატერიის სიმძიმე გამოიწვია სულის არასწორმა მიმართულებამ. ძირითადი წინააღმდეგობა არის არა სულსა და მატერიას, არამედ თავისუფლებასა და მონობას შორის. სულიერი გამარჯვება არ არის მხოლოდ მატერიაზე ადამიანის ელემენტარულ დამოკიდებულებაზე გამარჯვება. უფრო რთულია გამარჯვება ძნელად ამოსაცნობ ცრუ ილუზიებზე, რომელნიც მონობაში აგდებენ ადამიანს. ბოროტება ადამიანურ არსებობაში ჩნდება არამარტო ღიად, არამედ სიკეთის ცრუ ნიღაბითაც. კერპები, რომელთაც ეთაყვანება ადამიანი სიკეთის სახეს იღებენ. ანტიქრისტეს შეუძლია ქრისტესთან ცრუ მსგავსებით მოხიბლოს ადამიანები. ასეც ხდება ქრისტიანული სამყაროს შიგნით. ბევრი უნივერსალურად საზოგადო, განყენებული იდეა არის ამაღლებული სახით წარმოდგენილი ბოროტება. ამაზეა საუბარი ჩემს ამ წიგნში. არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ საჭიროა ცოდვისგან გათავისუფლება. ცოდვა არამარტო პრიმიტიული სახით გვხვდება და გვაცდუნებს, არამედ შესაძლებელია ასევე შეპყრობილობა ცოდვის იდეით და ცოდვასთან ცრუ ბრძოლით, რასაც ყოველგან ვხვდებით ცხოვრებაში. ადამიანს იმონებს არა მარტო ნამდვილი ცოდვა, არამედ ცოდვის იდეით შეპყრობილობა, რაც ანადგურებს მთელ მის ცხოვრებას. ეს არის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მონური გაუკუღმართება. მონობა, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როგორც ძალადობას გარედან ნაკლებად საშიშია, ვიდრე მონობა, რომელიც ხიბლავს მას და რომელიც შეიყვარა მან. დემონურ ხასიათს იძენს ყველაფერი ფარდობითი, როცა ის აბსოლუტური ხდება, ყველაფერი სასრული გადაქცეული უსასრულოდ, ყველაფერი პროფანული გადაქცეული საკრალურად, ყველაფერი ადამიანური გადაქცეული ღვთაებრივად. დემონურად შეიძლება გადაიქცეს ურთიერთობა სახელმწიფოსთან, ცივილიზაციასთან და თვით ეკლესიასთანაც კი. არსებობს ეკლესია, როგორც ერთობა ეგზისტენციალური თვალსაზრისით და არსებობს ეკლესია, როგორც ობიექტივაცია, როგორც სოციალური ინსტიტუტი. როცა ეკლესია, როგორც ობიექტივაცია და სოციალური ინსტიტუტი მიიჩნევა წმინდად და უცოდველად, მაშინ იწყება კერპების შექმნა და ადამიანის მონობა. ეს არის რელიგიური ცხოვრების გაუკუღმართება და დემონური ელემენტი მის შიგნით. ადამიანის ცხოვრება დასახიჩრებულია გამოგონილი, გადაჭარბებული, და ეგზალტირებული ვნებებით. ასევე რელიგიური, ნაციონალური, სოციალური და დამამცირებელი შიშებით. ამ ნიადაგზე აღმოცენდება ადამიანის დამონება. ადამიანს ძალუძს სიყვარული ღმერთისა და უმაღლესი იდეისადმი ყველაზე საშინელ მონობად გადააქციოს.“

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий