вторник, 3 сентября 2013 г.

სულხან საბა ორბელიანი


თავი I ორბელიშვილების გვარი.საორბელო.დაბადება და აღზრდა

ორბელიშვილების (ორბელიანად XVIIIს. გადაკეთდა) დიდი ისტორიული გვარი, რომელსაც სულხან-საბა ეკუთვნის, ცნობილია სამხედრო და ლიტერატურული მოღვაწეობით.
მას ეკუთვნოდნენ დიდი სახელმწიფო მოღვაწეები, სარდლები, დიპლომატები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, მწერლები, მთარგმნელები, კალიგრაფები, პოეტები...
ორბელიანების გვარი წარმომდგარია ბარათაშვილებისაგან, სახელდობრ, მისი გენეზისი ეკუთვნის ორბელ ბარათაშვილს (XVIს. პირველი ნახევარი).
ყაფლანიშვილები კი საგვარეულო შტოა ორბელიშვილებისა. მისი წინაპარია „დიდი“ ყაფლან ორბელიშვილი - XVIIს. სახელმწიფო მოღვაწე.
XVII-XVIIIს. გვარის ჰეგემონია ჩაიგდო ხელში ყაფლანიშვილების შტომ, რომელიც ფეოდალურს იერარქიაში „უწარჩინებულესი“ და „დიდებული“ თავადის ტიტულს ატარებდა. ეს გვარი ქართული ოლიგარხიის უძლიერესი წარმომადგენელი იყო1.
თუ რა ძლიერი და მდიდარი გვარი იყო ყაფლანიშვილებისა, იქიდანაც ჩანს, რომ მათი მამულის წლიური შემოსავალი 400-500 თუმანს უდრიდა, მაშინ, როცა, დაახლოვებით, ამავე ხანებში, ქართლის წლიური სახელმწიფო შემოსავალი სულ ხუთი ათას თუმანს შეადგენდა, ე.ი. ყაფლანიშვილთა შემოსავალი ქართლის სამეფოს ბიუჯეტის თითქმის მეათედს შეიცავდა.
რაც შეეხება ყმათა მფლობელობას, ორბელიშვილები იყვნენ უძლიერესი მფლობელები „მოწინავე დროშისა“. მათ სომხითში მეფეზედ მეტი ყმები ჰყავდათ, Xს. მეორე ნახ. საორბელო 3 ათასს კომლს აზნაურსა და გლეხს შეიცავდა. XVIIIს. დასაწყისში, ½საუკ. გამოვლილ აოხრებათა გამო, ამ საგვარეულოს ჰყავდა საკუთრივ მხოლოდ 513 კომლი გლეხი, გარდა აზნაურთა გლეხებისა.
ერთი საუკუნის შემდეგ რჩება დაახლოვებით იგივე რიცხვი: 1721წ. საყაფლანიშვილო შეიცავს 575 კომლს საკუთრივ გლეხებს, 310 აზნაურთა კუთვნილ გლეხებს და 85 კომლს აზნაურებს; სულ - 970 კომლს, ბოგანოთა (პროლეტარი) და აყრილთა გარდა.
რამდენიმე წლის განმავლობაში საყაფლანიშვილოში აღნიშნულია 93 კომლი აზნაური, 1118 კომლი გლეხი - თავადებისა2.
ორბელიშვილები სამხედრო კასტას ეკუთვნოდნენ. ერთგულობაში, რომელსაც ისინი იჩენდნენ სიუზერენისადმი, ტერიტორიალურს ჯილდოს იღებდნენ, რითაც უფრო აფართოვებდნენ თავის მფლობელობას. ამასთან გამუდმებით იძენდნენ ყმებსა და მამულებს.
მაგრამ ორბელიშვილების სიძლიერის გამამტკიცებელი ფაქტორი იყო უმთავრესად მათი ოჯახი - მსხვილი გაუყრელი ერთეული3. საგულისხმოა, რომ შემდეგშიც ეს ოჯახი მონოლიტური დარჩენილა. 1744წ. თეიმურაზ II ორბელიშვილის სიგელში ამბობს: „რადგან ამათი ოჯახი ძველი და მოუშლელი იყო, გაყრა აღარც ჩვენ ვამჯობინეთ“-ო4. ორბელიშვილებს ჰქონდათ დიდი ფეოდალის ყველა ატრიბუტები: ვასალები - თავადები და აზნაურები, სასახლეები, ციხეები, მონასტრები, აკლდამები, დროშა დასხვა ინვესტიტურული ნიშნები5...
საორბელო, ძველი სომხითის ნაწილი - ავანგარდი ქართლისა, ანუ „მეწინავე დროშა“, მდ. მაშავერის და ხრამის ბასეინებს შეიცავდა (ორბელიშვილების გავლენა ლორესა და ტაშირის პროვინციებზედაც გადადიოდა).
- ეს არის ისტორიული და ენერგიული პროვინცია, მდიდარი რკინის, სპილენძის, ვერცხლის, ლაჟვარდის მადნებით, სამკურნალოწყლებით, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი, ვენახოვანი, ხილიანი.
მისი მიწა ნაყოფიერია ყოველი თესლისა და მარცვალისათვის (მოდიოდა ბამბა, მოჰყავდათ აბრეშუმი); სავსე „წალკოტითა და მტილითა“, სადაც ყვავის „ყვავილი სუმბული, ფერით სპეტაკი, სურნელი, როგორც ამბარი და უმეტეს ფშოსანი“; წყლები თევზით სავსე, „ხოლო კლდეთა ქვაბებში ფუტკარი მრავალი, რომლისაგან გარდმოედინდებიან თაფლნი“... (ვახუშტი).
საორბელოს სოფელმა, დღეს ღარიბმა და მივიწყებულმა ტანძიამ სამუდამოდ დაავალა ქართული მწერლობა...6
აქ დაიბადა სულხან ორბელიანი 1658წ. 4 ნოემბერს (ახალი სტილით)7. აქ გაიღვიძა მისმა გენიამ ტანძიის ჭანდრების ქვეშ, „ყვავილოვან და წყაროიან“ მდელოებში ბავშმა, მომავალმა ლექსიკოგრაფმა, გაიგო პირველად ის სახელები, რომელიც შემდეგ მის კაპიტალურს ლექსიკონში შევიდა (20.000 სახელწოდება; 30.000 სიტყვა).
აქ უამბობდნენ მას ჯადოსნურ ქართულ არაკებს, აქ გაიცნო დეტალები გლეხური ცხოვრებისა და ხალხის სიბრძნე - ფუძე მისი შემოქმედებისა. აქ, ამ ბუნებამ, ამ ხალხმა დაასაჩუქრა მომავალი მწერალი, მეცნიერი, მოიგავე სულხან-საბა ორბელიანი ჭკუით, ირონიით, ბუნების და ადამიანის სიყვარულით...
ტანძიის შემდეგ სულხანს უცხოვრია დმანისში, რომელიც ყოფილა მისი მაიორატი.
„ასე რომე დმანისს სასახლე, ნარიყალა და ნაციხვარი კურთხეულს პაპა თქვენს ორბელს ძმებისაგან წილში რგებოდა და სახლიც აეშენებინა. მასუკან ბიძა თქვენი სულხან იქ მდგარიყო“, ეუბნება ქაიხოსრო სულხანის ძმისწულებს8.
ბერად შედგომის წინ სულხანს თავისი წილი საბატონო - დმანისის ხეობა - თავის ძმებისთვის უჩუქებია.
- „მონოზანად შედგომამდე თავის ძმებს დაუტოვა ერთი დიდი პროვინცია, რომელიც მისი საკუთრება იყო“, - ამბობს საბას თანამგზავრი რომში, მისიონერი რიშარი9.
***
როგორც ვთქვით ზემოდ, ყაფლანიშვილების გვარი დაიწყო ყაფლანმა, სულხანის პაპამ. ეს იყო ენერგიული ნატურა... პორტრეტი ზვიადი „დიდებულის“...
როსტომ მეფის (1634-1658) კარზედ მას ეჭირა პოსტი პირველი ხელისუფალის: სახლთუხუცესისა და მდივანბეგის. ამავე დროს ყაფლანი ითვლებოდა გვარის უფროსად, ორბელიშვილთა დიდ საბატონოს გამგებლად10.
ყაფლანის ყრმობაში ჩრდილო ბარათაშვილები დაესხნენ ქვემო ბარათაანთ (ორბელიშვილებს) სოფ. ტანძიაში და ძირეულად ამოწყვიტეს. მთელი გვარიდან შემთხვევით გადარჩა ყაფლან, რომელიც აღმზრდელის დახმარებით სპარსეთში გადაიხვეწა11. აქ ის დაუახლოვდა ბატონიშვილს ხოსრო მირზას, მომავალ ქართლის მეფე როსტომს და აქედან იწყობა მისი სახელმწიფოებრივი კარიერა.
ყაფლანის და მისი ოჯახის ერთგულობას ასე ახასიათებს როსტომ:
„ჩვენთა ერთგულთა და წესისამებრ მრავალფერად თავდადებით ნამსახურთა, ჩვენთან აღზრდილ შეზრდილთა და ჩვენის მორჭმა-განდიდებისათვის დიდად მომჭირნესა და ძალის მიმცემთა“...12. და მართლაც, ყაფლანი მარჯვენა ხელია როსტომის მეფობისა. სხვათა შორის, 1647წ. ის იბრძვის სიუზერენის ჯარში თეიმურაზ I-ის წინააღმდეგ, მაღაროს ბრძოლაში.
„ყაფლანს ჰკრეს ზუჩის საცხვირეს,
ხმა გამოვიდა ჩახამდე“,
- ამბობს არჩილი13.
ყაფლანის გავლენა, როგორც ქართლის დედოფლის როდამის მამისა, უფრო გაიზარდა შაჰნავაზის (ვახტანგ V-ის) მეფობაში (1658-1675). 1664წ. ყაფლან თან ახლავს სიძეს და ებრძვის კახეთის ტახტის მემკვიდრეს ერეკლე ბატონიშვილს (ერეკლე I - ნაზარალიხანი)14.
- პირველი ფეოდალი საქართველოში, სპარსეთის ტახტის ბრწყინვალე მოხელე, სიმამრი მეფისა - აი, ვინ იყო პაპა სულხანისა.
არა ნაკლები გავლენა ჰქონია ქართლის სამეფოში ყაფლანის მესამე ვაჟს და სულხანის მამას - ვახტანგს (იგივე ორბელ).
- ქართლის მდივანბეგი, ცოლის ძმა შაჰნავაზისა, თითონ სიძე უძლიერესი ფეოდალის და კახეთის ტახტის პრეტენდენტის, ზაალ არაგვის ერისთავისა, - დიდ პოლიტიკურს როლს თამაშობდა XVIIს. მეორე ნახევარში.15 ვახტანგ ორბელიშვილი ცნობილი ყოფილა როგორც მონაწილე ქართული მწერლობისა.
მას ჰყოლია რვა ვაჟი დასამი ასული16. მისი პირმშოა - ცნობილი ლექსიკოგრაფი, პოეტი, ავტორი „სიბრძნე სიცრუისა“ -სულხან-საბა ორბელიანი...17.
დედა სულხან ორბელიანისა - თამარი, როგორც არაგვის ერისთავთა სახლის წარმომადგენელი - ასევე ფეოდალურ არისტოკრატიას ეკუთნოდა...
მისი მამა - ზაალ ერისთავი XVIIს. აჯანყებული ფიგურაა... როსტომის შემდეგ, 1658-59 წლებში ის ახდენდა აჯანყებას კახეთის ტახტის დასაჭერად. ჯერ კიდევ 1638წელს მან დააწყო შეთქმულობა სპარსეთის წინააღმდეგ (თეიმურაზ I-ის გასამეფებლად).
ხოლო 1659წ.,როცა სპარსელებისგან დაპყრობილს კახეთს განაგებდა სელიმ-ხანი, ზაალმა მეორედ ააფრიალა აჯანყების დროშა, შეჰყარა თუშ-ფშავ-ხევსურნი, მოიშველა ქსნის ერისთავი შალვა, მისი ძმა ელიზბარ და ბიძინა ჩოლოყაშვილი, დაეცა სპარსელებს ბახტრიონს, ალავერდს და ერთ ღამეს სრულიად ამოსწყვიტა18.
არა ნაკლებ ცნობილია ისტორიაში მისი მრისხანე ძმა - ზურაბ და მამა ნუგზარ, რომლისსახელიც შეკავშირებულია „სისხლისწვიმებთან“19.
ამნაირად ,სულხანის ოჯახი წარმოდგენილია როგორც უპირველესი ფეოდალური ოჯახი XVIIს. ქართლის სამეფოში. მისი პოლიტიკური გავლენა თანდათან ძლიერდება ნათესაური კავშირით სამეფო დინასტიასთან და ოლიგარხიასთან (მუხრანბატონები, არაგვის ერისთავები, ციციშვილები, სამცხის ათაბაგი)...20.
პოლიტიკურ წონასთან ერთად ეს ოჯახი დიდ კულტურულ კერასაც წარმოადგენდა.
მან მოგვცა „განახლების“ ეპოქის მთელი რიგი მწერლებისა, პოეტებისა და კალიგრაფებისა:
ასე: მამუკა ბარათაშვილი (სულხანის ბიძის თამაზის შვილი, - პოეტი და ქართული ლექსის ბუალო: „ჭაშნიკის“ ავტორი), პაპუნა ორბელიანი - ისტორიკოსი და პოეტი (თამაზის ვაჟის - მზეჭაბუკის შვილი), ვახტანგ ორბელიანი - ცნობილი პოეტი და მეცნიერი (სულხანის ძმის - ვახუშტის ძე), სულხანის ძმები: დემეტრე ორბელიანი - პოეტი (უმცროსი ძმა), ნიკოლოზ ტფილელი - სასულიერო პოეტი და კალიგრაფი; ზოსიმე - კალიგრაფი დასხ...21
გადაჭარბებული არ იქნება ვთქვათ, რომ „ვერცხლის ხანის“ მთავარს შემოქმედებითს ძალას ეს ოჯახი წარმოადგენდა.
გინდაც მარტო სულხანის წარმოშობით რა დიდი მისია შეასრულა მან ქართული მწერლობის წინაშე...
***
სულხანის ყრმობა და სიჭაბუკის პირველი წლები შაჰნავაზის ბრწყინვალე ეპოქას ეფარდება...
ეს ის ხანაა, როცა, შაჰაბაზის ეპოპეის შემდეგ, ჯერ როსტომის და მერე შაჰნავაზის დროს საქართველოში პოლიტიკური მშვიდობიანობა დამყარდა.
ორივე მეფის (1634-1675) საგარეო პოლიტიკამ და მათგან მომხდარ ურჩი ვასალების ლიკვიდაციამ, გრძელი სისხლიანი ომებისა და იმიგრაციის შემდეგ, წარმოშვა პატარა ანტრაქტი ორგანიზაციული მუშაობისა.
ეს ეპოქა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული მწერლობისათვის. ლიტერატურის ტრადიციული მეცენატობა სეფევიდების დინასტიისა როსტომმა და შაჰნავაზმა საქართველოს სასახლეშიც შემოიღეს, მით უმეტეს იგინი ამ დინასტიასთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ. ამიტომ საქართველოს სამეფო კარი, ამავე დროს, ლიტერატურულ ცენტრადაც ითვლებოდა.
ჩვენთვის აღსანიშნავია ორი ფაქტორი: ერთი, რომ როსტომმა და შაჰნავაზმა ფართოდ გაუღეს კარი სპარსულ გავლენას და მეორე - ევროპასთან ინტენსიური კავშირიც ამ ეპოქას ეკუთვნის.
ეს ორი მომენტი უნდა გავიხსენოთ სულხანის ახალგაზრდობის წლების შესწავლისათვის.
გადავიდეთ სულხანის სამოსწავლო წლებზე...
ეჭვი არაა, შაჰნავაზის მეფობაში ახალგაზდა ფეოდალს ბრწყინვალე პირობები უნდა ჰქონოდა აღზრდისათვის, მაგრამ, როგორც ირკვევა, წინა საუკუნეებში განადგურებულ საქართველოს ასეთ მოკლე ხანში მაინც ვერ მოუხერხებია კულტურულად შესაფერ დონეზე ასვლა და აღზრდის პირობებიც საერთოდ არა ისეთი სახარბიელო ყოფილა, როგორც ერთის შეხედვით ჩვენა გვგონია...
ჯერ კიდევ არჩილი აღნიშნავს, რომ მის მედროვე თაობას აკლდა შესაფერი აღზრდა, არისტოკრატიული კულტურა. მრავალი ახალგაზრდა ჩიოდა თავის უწვრთნელობას.
„ბევრი კაცი იმიზეზებს,
არა მყავდა მომვლელიო,
ზნეობა რამ დამესწავლა,
ხარისხ-ხარისხს ამვლელიო...“ 22
არჩილმა შენიშნა ეს ნაკლი და მან, როგორც საშუალო საუკუნეების ელეგანტობის არბიტრმა, დასწერა კეთილშობილობის კოდექსი - „საქართველოს ზნეობანი“, რომელშიც ახალგაზრდობას აძლევს საერთო დირექტივას ფიზიკური, მორალური და გონებრივი ზნეობისას. ამით არჩილს უნდოდა აღედგინა ტრადიცია ძველი ქართველი რაინდისა, რომლის ფიზიონომია საკმაოდ შეიბღალა აზიური უცხო გავლენებით.
როგორ იყო მაინც დაყენებული სწავლისა და აღზრდის საქმე XVIII საუკუნეში?
საკითხი ჯერ სრულიად შეუსწავლელია,მაგრამ, ფრაგმენტალური მასალების მიხედვით, ზოგადი მსჯელობა მაინც შესაძლებელია23.
დიდ არისტოკრატიულს ოჯახში, როგორიც იყო ორბელიანებისა, ბავშს ჰყავდა მიჩენილი მასწავლებლები ანუ „ოსტატები“ ცალკე საგნისა, დარგისა და ზნეობისა. მათ გარდა ბავშს სწვრთნიდენ „კაცნი რიტორნი“.
ბიზანტიური ქრისტიანული სკოლის გავლენით, ქართულ სკოლებში სავალდებულო იყო შემდეგი საგნები: კითხვა, დამწერლობა (პალეოგრაფია), საეკლესიო გალობა, სასულიერო წიგნების კითხვა კანანახით, ქადაგების წერა (ჰომილეტიკა), ლექსის წერა (პიიტიკა), ისტორია, გრამატიკა, გეოგრაფია, მათემატიკა, უცხო ენები, მათ შორის: ბერძნული, სომხური, სპარსული, ფილოსოფია და ასტროლოგია...
ბავშისათვის სავალდებულო იყო როგორც საერო, სამოქალაქო, ისე საღვთო ანუ სასულიერო მეცნიერება... („საღმრთო და საკაცობო“).
გონებრივ აღზრდასთან ერთად, არა ნაკლები მნიშვნელობა ფიზიკურ აღზრდასაც ეძლეოდა. ცნობილია, რომ ფიზიკურს ვარჯიშობას ბავში ხუთი წლის ჰასაკში იწყებდა.
„ცოტა იყო, ხუთის წლისა,
ასწავლიდენ გმირთა ზნესა...“
- ვკითხულობთ ისტ. პოემა „შაჰნავაზიანში“ ვახტანგ მუხრან-ბატონის (მომავალი მეფე შაჰნავაზ ვახტანგ V) შესახებ.
ამ ხნიდან ბავში მუდმივ ფიზიკურს ვარჯიშობაში იყო (ჯირითი, მინდორობა, ასპარეზი, ბურთაობა, ნადირობა და შემდეგ ომი).
ვიცით აგრეთვე, რომ მეფე და დიდი ფეოდალები შვილებს ყრმობაშივე მიუჩენდნენ ხოლმე ცალკე სამთავროს ანუ თემს, სადაც აღმზრდელებითა, რაინდებით და რიტორებით გარშემოხვეული ყრმა იწვრთნებოდა, სწავლობდა ყოველგვარს „ზნეს“ და სამთავროს გამგებლობას.
როგორც ზემოდ გავსინჯეთ, სულხანსაც მიუღია მაიორატი - დმანისის ხეობა.
თუ რა უნდა სცოდნოდა და ესწავლა XVIIს. ახალგაზრდა ფეოდალს, ამაზედ კონკრეტულს ცნობებს გვაძლევს არჩილის კოდექსი, მით უმეტეს საინტერესოა, რომ მისი შედგენა სწორედ სულხანის სიჭაბუკის წლებს ეფარდება.
ამ „ზნეთა სწავლაში“ მოცემულია ადამიანის პიროვნება, რაც მეტად საინტერესოა „განახლების“ პიროვნების იდეალის შესასწავლად. მასში არჩილი გვისახავს კარისკაცის პროფესიას, საქციელს და იმ გონებრივსა თუ ფიზიკურს იდეალებს, რომლითაც გამსჭვალული უნდა ყოფილიყო XVIIს. ფეოდალი, კარისკაცი24.
ეს კოდექსი ჩვენთვის, სულხანის აღზრდისათვის, ძვირფასი მასალაა. ამიტომ მოგვყავს აქ ჩამოთვლილი საჭირო „ზნეობანი“:
პირველი აუცილებელი პროფესია სამხედრო ხელოვნება: მშვილდოსნობა, თოფოსნობა, სარდლობა, რაზმის გაწყობა, ცხენის, იარაღის ცნობა და გაკეთება, მუშაითობა, ბურთაობა (აშფა-შაგი, ყაბახი), ნადირობა, მინდორობა, ჯირითობა, მეჯინიბობა, ბაზიერობა, ტან-ფეხის გაწყობა და სხვადასხვა ფიზიკური მუშაობანი.
გმირთა ზნეთათვის სავალდებულო წესები: მესაკრავეობა, მომღერლობა, მოტირლობა, მარაქის გარიგება, ზმა, სუფრობა, ჭადრაკობა, ნარდი, ცეკვა (ზაპი, ცეკო, სამაია), ჭიდაობა, ჩალიჩი, ხარდიორდა, მესტროლაბობა, მცურაობა, მეთევზობა, ხუმრობა, მგზავრობის წესები, ჭაშნიკის ცოდნა, მზარეულობა, ჩუქობა, თავდაბლობა, რაინდულად თავის დაჭერა.
საკარისკაცო ზნეობანი: მეფესთან, ბატონთან და ტოლებთან შესაფერი ზრდილობა და თავის დაჭერა, საიდუმლოს შენახვა, მოწყალეობა, ჩუქება, სასახლეში ადრე მისვლა და მეფის სიამოვნება, სიბრძნე კარისკაცისა, ელჩობა და სხ.
გონებრივი ზნეობანი: მწიგნობრობა, მწერლობა (მხედრული, ხუცური, მგრგლოვანი, ყვავისფრჩხილოვანი, ასომთავრული), ლექსმთარგმნელობა, მელექსეობა, მოშაირობა, მუნასიბი ლექსი, მესტროლაბობა (ასტროლოგია), ანგარიში და სხ.
ვინ იყვნენ სულხანის „წურთნელები“ და მასწავლელები, რომელთაც ასწავლეს მას მეცნიერება, ლიტერატურა, „სამეფო წესი, ჭაბუკთა ზნენი“, „ქცევანი“ და „ლაშქართა მეცნიერებანი“25?
სამწუხაროდ, საამისო ცნობები ჯერ არ მოგვეპოება. ვიცით მხოლოდ ის, რომ სულხანს გარშემო უნდა ჰხვეოდა განათლებული ადამიანები ქართული და სპარსული კულტურის. ვიცით კიდევ, რომ მის აღზრდაზე ძლიერი გავლენა ჰქონდათ მის მამიდაშვილებს - გიორგი XI-სა და არჩილს. მათთან სიახლოვეს,სამეფო კარზედ სულხანს შესანიშნავი ფიზიკური და გონებრივი აღზრდა უნდა მიეღო.
როგორც მომავალი კარისკაცი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, სულხან ორბელიანი აქ ეცნობოდა პრაქტიკულს საზოგადო საქმიანობას და სახელმწიფო მმართველობის პრობლემებს.
შაჰნავაზის კარზედვე, გიორგისა და პოეტის არჩილის გავლენით, უნდა დაწყებულიყო სულხანის პირველი პოეტური ცდები და შესვლა ლიტერატურულს სამყაროში26.
აქ მის ხელში უნდა ყოფილიყო მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკა იშვიათი ქართულ-სპარსული ფოლიანტებით. სასახლეშივე უნდა ესწავლა სამხედრო და სარაინდო ზნე.
ეტყობა, ყრმა სულხანს დიდი ფილოლოგიური ნიჭი და ერუდიცია გამოუჩენია, რომ გიორგი XI-ს ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდისათვის მიუნდვია დიდი პასუხსაგებელი საქმე - შედგენა ლექსიკონისა. ამ პიროვნებას ისეთი დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული სულხანის ბედში, რომ ზედმეტი არ იქნება, ოდნავ შევჩერდეთ მის გარშემო.
„ქილილა და დამანას“ „ანდერძში“ საბა გვამცნობს, რომ ის გიორგისაგან „შვილურად გაზრდილი და სწავლებული იყო“. მისი თანამედროვე და მოწაფე ვახტანგ VI-ც საბას „მეფის გიორგის გაზრდილს“ უწოდებს27.
ცნობილია, რომ გიორგი XI დიდი მეცენატის როლს თამაშობდა მის დროულს ქართულს ლიტერატურაში. მისი ბრძანებით და შეკვეთით დაწერილია რამდენიმე პოემა და მანვე მისცა სულხან-საბას იდეა ლექსიკონის შედგენისა:
„გიორგი მეფემ მიბრძანა ამისი ხელყოფა“, - ამბობს საბა.
ამავე მეფის ბრძანებით არის გადაწერილი 1680 წლის მდიდრად შემკული „ვეფხის ტყაოსნის“ ცნობილი ვარიანტი. როგორც გადამწერი გადმოგვცემს, მეფემ ამ საქმეზე „წარაგო მრავალი წარსაგებელი“. - „მრავალნი მეფენი გარდაცვალებულან და არავის შეუმკვია წიგნი ესე ვეფხის ტყაოსანი მსგავსად პატრონისა ჩვენისა“ 28.
მოიგავე სულხანის აღმზრდელი გიორგი მეფეც არ ყოფილა მოკლებული ჭკვამახვილობას. როცა ყაენმა გიორგი სპარსეთში მიიწვია და ნადიმი გაუმართა, „მეფის ხუმრობასა და სიტყვის მარჯობას არა გაეწყობოდა რა“, - ამბობს იქ დამსწრე ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე.
მაგრამ გიორგი XI უმთავრესად იყო ცნობილი თავის საუკუნეში როგორც შესანიშნავი მხედარი. სიცოცხლის ბოლოწლებში ის გახდა სპარსეთის ჯარების მთავარსარდალი („ერანის სპასალარი“) და მისი ლეგენდარული სახელიწინა აზიის შორეულს კუთხეებშიც ცნობილი იყო.
- „იყო ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, შვენიერ ჰაეროვანი, მოისარ-მოასპარეზე უებრო“ 29, - ამბობს ვახუშტი. უცხოელების მოწმობით, გიორგი იყო „მეტად სახელგანთქმული, ბრძენი და ყოველნაირი ნიჭით შემკული“30. ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე ამკობს მის გმირობას31, ხოლო კარის პოეტი ბეგთაბეგ მას უწოდებს „ჯომარდობის მაგალითს, მამაცობის დასაბამს, მკლავმაგარს, ხელფეხმოშაითს“. მისი ტურნირში გასვლა ასეა აწერილი:
- „აჰა გასინჯეთ, მჭვრეტელნო,
ვით სცოდნავ ბურთისრეული,
გავიდის, მკადრო ხელფიცხად
მისგან ჩოგანი ქნეული,
ერთხელ აიგდის, ამოჰკრის
უცდურად ოთხ-ხუთეული,
ძრიელ კვრით ბურთი გახეთქის,
ან ქნის ჩოგანი მტვრეული“32.
მეფე-მეცენატი, ლიტერატორი და მხედარი, ასეთი იყო აღმზრდელი სულხანისა...33.
შესამჩნევი მონაწილეობა უნდა მიეღოს სულხანის აღზრდაში მის მეორე მამიდაშვილს - პოეტს არჩილსაც. არჩილი ცნობილია, როგორც დამწყები და თვალსაჩინო წარმომადგენელი „განახლების“ ეპოქისა და როგორც ნიჭიერი პოეტი. მან ხელი შეუწყო ქართულ საერო პოეზიის აღორძინებას, რომელიც ბიზანტიურის დასაერთოდ კლერიკალური მიმართულების გავლენაში იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში მისი როლი მეტად მნიშვნელოვანია. მისი სასახლე სავსე იყო პოეტებით, მეცნიერებით და რიტორებით34.
შესანიშნავია არჩილი როგორც მხედარი და რაინდიც. მემატიანეს დახასიათებით იყო: „სიმხნითა და ყოვლითა სამხედრო ზნითა სრული, რომლისა ისარი 12 მუჭი სიგრძითა, შემმართებელი, ძლიერი, ლაღი და ამაყი, მონადირე და მოასპარეზე წარჩინებული“35.
თვით არჩილიც ამბობს:
„ვიყავ მხედარი, კარგ სახედვარი“.
როგორც ზემოთა ვთქვით, არჩილმა დასწერა ზნეობათა კოდექსი და როგორც გადმოგვცემს თითონ, არა ერთი და ორი რაინდი აუზრდია...36
დაუვიწყარია ამ ორი პიროვნების მონაწილეობა სულხანის აღზრდაში.
როგორც ვნახეთ, ორივე მნიშვნელოვანი ფიგურაა იმ საუკუნისა: მეფეები, ლიტერატორები და ბრწყინვალე რაინდები. მათი ინდივიდუალური გავლენით სულხანს უნდა მიეღო შესანიშნავი აღზრდა: გონებრივი და ფიზიკური. უკანასკნელი ხომ სავალდებულო იყო იმ ეპოქაში ქართველი ფეოდალისთვის.
მათთან ერთად უნდა დავასახელოთ მათი მესამე ძმა მეფე ლევანიც - სულხანის ინტიმური მეგობარი, ცნობილი მხედარი, ირანის მსაჯული, ფილოსოფოსი და მწერალი37.
როგორც სულხანი იხსენიებს, ლექსიკონის ინიციატორი მეფე გიორგი ყოფილა, მაგრამ ეჭვი არაა, ამ გრანდიოზულს მუშაობაში არჩილი და ლევანიც ხელს უწყობდენ.
გასაგებია, როცა ლექსიკონის ერთს ვარიანტში, გიორგისთან ერთად, დიდი შრომის შთამგონებლებად სულხანი მის ძმებსაც იხსენიებს:
„არჩილ მეფისა, გიორგი მეფისა და ლევან მეფისა - სამთა ძმათა მეფეთა დედის ძმის შვილი იყო სულხანი. მათ მეფეთ უბრძანეს ამისი აღწერა“38.
უთუოდ აღსანიშნავია მამის გავლენაც სულხანის აღზრდაზედ. ეტყობა, რომ ვახტანგ ორბელიშვილი მწერლობის ტრადიციების მატარებელი ყოფილა და მისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყოს ლიტერატურული ვარჯიშობანი.
როგორც ზემოდ ვთქვით, იმ ხანებში ასომთავრული მგრგლოვანი დამწერლობა მის გარდა აღარავის სცოდნია, როგორც მისივე შვილი, კალიგრაფი ნიკოლოზ ტფილელი ამბობს:
„მთავარნი ესე ასოთანი ძველადვე ქართველთ ეწესა და არღარავინ იყო სწავლულ ამისა, თვინიერ უხუცესისა ძმისა ჩემისა სულხან-საბა ორბელის ძისაგან კიდე. მასცა მამისაგან ჩემისა ესწავლა და მან მე მასწავა“-ო39.
ცხადია, ვახტანგი იქნებოდა პირველი, ვინც ყრმა სულხანში აღძრა ლიტერატურული ინტერესები.
მაგრამ მტკიცე და საბოლოო განათლება სულხანს მაინც შაჰნავაზის მდიდარსა და კულტურულს სასახლეში უნდა მიეღო, იმ კარზედ, რომელიც, ევროპიელი შარდენის გადმოცემით, მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალე ყოფილა. სულხანის ახალგაზდობის ცხოვრებამაც ხომ სასახლის ფონზე გაიარა.
აქ იყრიდენ თავს მაშინდელი პოეტები, მეცნიერები, „კაცნი რიტორნი“, რომელთაც გააჩაღეს ინტენსიური ლიტერატურული შემოქმედება და გაამდიდრეს ეპოქა „განახლებისა“40.
შევიდეთ თითონ შაჰნავაზის სასახლეში, სადაც სულხანის სიყრმემ და სიჭაბუკემ გაიარა.
ეს არის უპირველესად პროტოტიპი სპარსეთის სამეფო კარის, სტილით, ეტიკეტით, რიტუალით - გამდიდრებული სპარსეთის ოქროთი.
ევროპიელმა მოგზაურმა შარდენმა ნახა სასახლე 1673წ. და აღტაცებაში მოვიდა.
- „მეფის სასახლე ერთი უმშვენიერესი შენობაა ტფილისში, - ამბობს შარდენი. -სასახლეში არის დარბაზები, რომელნიც მდინარესა და ბაღებს გადასცქერიან. ბაღები ძალიან დიდრონებია. იქვე არის საფრინვლოები,სადაც სხვადასხვანაირ ფრინველებს ინახავენ; იქვე აშენებულია აგრეთვე მწევარ-მეძებრების სადგომი და ისეთი მშვენიერი საქორე, რომ უკეთესი აღარ შეიძლება. სასახლესთან საასპარეზო მოედანია (იპპოდრომი), სადაც ათასს ცხენოსნამდის ეტევა...“
შემდეგში, შაჰნავაზის მიერ სასახლის ქორწილში დაპატიჟებული შარდენი ვრცლად აღწერს გარეგან მოწყობილებას:
„...ქორწილის ზეიმი გამართული იყო სასახლის ტერასაზედ, რომელიც გარშემორტყმული იყო ორი ფუტის სიმაღლე მოაჯირით. ტერასა დაფარული იყო დიდი ჩარდახით, რომელიც დამყარებული იყო ხუთ სვეტზე სიმაღლით თითო ოცდა ორი ფუტი. ჩარდახის ჭერი ოქროქსოვილით, ფარჩით, ოქსინოთი, ხავერდით და ჭრელი ტილოთი იყო გადაკრული; ისე საკვირველად და მშვენივრად იყო შეწყობილი, რომ მაშხალების და ლამპრების შუქზედ ყვავილებითა და ნახატებით შემკობილი გეგონებოდათ. დარბაზის შუა დიდი აუზი იდგა წყლით სავსე. იატაკი დაფენილი იყო შვენიერი ხალიჩებით. მთელი ჩარდახი განათებული იყო ორმოცი დიდი მაშხალით, ამათში ოთხი, რომელიც მეფის მახლობლად იდგა, ოქროსი იყო, სხვები ვერცხლისა. მაშხალები ორმოც გირვანქიანი იყო. მაშხალის ტოტებზედ იდგაწმიდა ქონით სავსე ჭრაქები პატრუქებით შიგ. ამგვარი მაშხალა დიდ სინათლეს იძლევა.
სტუმრები ტახტზედ ისხდნენ. მეფე თავში იჯდა უფრო მაღალს ტახტზედ, რომელსაც ბალდახინი ჰქონდა წამოხურული გუმბათივით. მისი ვაჟი და ძმები მარჯვნივ ისხდენ, მარცხნივ - ეპისკოპოსები, ახლად ჯვარდაწერილიც იმათში იჯდა. ქორწილში იყო ასიოდე კაცი. მესაკრავენი ძირს ისხდენ. როცა დავსხედით, ცოტა ხნის შემდეგ კათალიკოზმა შემოიყვანა სიძე, რომელსაც მიულოცეს მისმა მშობლებმა და საჩუქარი მიართვეს, ესევე მოიქცენ სტუმრებიც. მიულოცეს და პირისანახავად გადააყარეს ოქრო-ვერცხლი, მიართვეს ოქროული და ვერცხლეული, თასები, დოქები, ფიალები.
ვახშამი ასე დაიწყო:
ყველა სტუმრების წინ სეფისსამ მხარეს გაშალეს სუფრები მაგიდის სიგრძისა. მერე მოიტანეს პური, სამნაირი რიგისა - ქაღალდივით თხელი, თითის სისქისა და დაშაქრული. ხორცი მოიტანეს ვერცხლის დიდროვანი ლანგრებით, ვერცხლისავე ხუფები ეხურა. თითეული ლანგარი იწონიდა 50-60 მარკს (½გირ). ლანგრებს შემომტანები სეფის კარებში აწყობდენ, სხვა მოსამსახურეები მიართმევდნენ სუფრაჩს (მესუფრე), რომელიც საჭმელს ანაწილებდა სტუმრების ღირსების მიხედვით თეფშებზედ და უბრძანებდათ, სტუმრებს მიართვითო. ჯერ მეფეს მიართმევდნენ ხოლმე და მერე სხვებს - უმცროს-უმფროსობის კვალობაზედ. სამი თავი საჭმელი შემოიტანეს. თითო თავი სამოცამდე ლანგრით მოდიოდა. პირველი თავი საჭმელი იყო სხვადასხვა ნაირი ფლავი - ყვითელი შაქარით, დარიჩინითა და ზაფრანით შეზავებული, წითლის ბროწეულის წვენით, ბრინჯი ხორცთან ერთად მოხარშული. მეორე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა მშვენიერი მჟავე გარაოდ დასხვა ამ გვარი საჭმელები. მესამე თავი იყო შემწვარი.სამღვდელოთათვის მიჰქონდათ აგრეთვე თევზი, კვერცხი და მწვანილი. ჩვენ სახსნილოც და სამარხოც მოგვდიოდა.
საკვირველი წესიერებითა და სიჩუმით მოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. ჩვენსამი ევროპიელი უფრო ვხმაურობდით, ვიდრე ის ასორმოცდაათი კაცი, რომელიც დარბაზში იყო. საკვირველი იყო აგრეთვე სუფრის იარაღი და ავეჯეულობა. სუფრაზედ იყო 120-მდე ღვინის სასმური ჭურჭელი: ბადიები, თასები, ფიალები, ყანწები, კულები, 12 აზარფეშა და სხ.
აზარფეშები თითქმის ყველა ვერცხლისა იყო. თასები, ბადიები, კულები ზოგი სადა ოქროსი იყო, ზოგი დასევადებული ოქროსი, ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ზოგი ვერცხლისა. ყანწები ძვირფასის თვლებით იყო მოოჭვილი, დაილია ბევრი ღვინო თასებით და ყანწებით.
ჩემს ყოფნაში ძალიან ბევრისვეს და შეხურდენ. როგორც გავიგე მერმე, გათენებამდინ ესვათ ესე. როცა დაიწყობოდა სადღეგრძელო, საკრავები დაუკრავდენ და იმღერებდენ ხოლმე; ძლიერ მოსწონდათ, აღტაცებაში მოდიოდენ. მეფემ ძლიერ მოიმხიარულა...“
სულხან ორბელიშვილს, როგორც დიდ ფეოდალს, მეფეთა ნათესავს, ოჯახის პირმშოს, ბრწყინვალე ენციკლოპედიური განათლება უნდა მიეღო.
ლექსიკონის შესავალიდან ჩანს, რომ მას ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.
„რომელიცა წერილთა შინა ვნახე, გამოვიღე, ღრმათა საღმთო წერილთა და ღვთისმეტყველებათა შინა, რომელნიმე ფილოსოფოსთა წიგნებთაგან და ღვთისმეტყველებათა, კავშირთა პროკლეს პლატონურითა დიოდოხოსთა, არისტოტელისა და პორფირიოსის კატეგორიათაგან გამოვიღე, ნემესიოს და იოანე დამასკელის, პლატონურის სიტყვის საქცევები აღვწერე“41.
- „რომელიც ვიცოდი დავწერე და რომელიცა ძნელი სიტყვანი არ ვიცოდი, ღრმა წიგნებთა შინა ვიძიე...“ - ამბობს სულხანი.
ამავე დროს კი ცნობილია, რომ მისი მთავარი მუშაობა ლექსიკონზედ სწორეთ სიყრმისა და სიჭაბუკის წლებშის წარმოებდა:
„მე, სულხან ორბელიანსა, ჭაბუკობისა ჟამსა და სიყრმესა ფრიადი შრომაჲ დამიძს ამა წიგნსა ზედა“42.
რადგან შემდეგში სახელმწიფო საქმეებმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ აღარ მისცა სახსარი მუშაობისა -
„რამეთუ ერისაგანი იყო და წარჩინებული და სოფლისა საქმეთაგან უცალო იყო“, - როგორც თითონვე გვამცნობს43.
აღსანიშნავია, რომ ლექსიკონის პირველი რედაქცია სულხანმა 27წლის ჰასაკში დაასრულა44.
ამიტომ სიყრმე და სიჭაბუკე დიდ შრომაში გაუტარებია. ჩვენ ვიცით, რომ მისი ლექსიკონი „ფრიადისა ჭირითა აღიწერა“.
- „გულისხმა და თვალი და ხელნი მისნივე მოწამე არიან რუდუნებისა მის“45.
- „ფრიად მოსურნე იქმნა ქართულის ლექსიკონის შეწყობისა და სრულყოფაცა დიდად იღვაწა და დიდი შრომა თავს იდვა“.
- „რამეთუ თვითეულნი ლექსნი საღთოთა და საეროთა წიგნთაგან ნუსხით ამოუღია და აქა დაუსხამს და დაუდვია. დიდის გულმოდგინებით დამაშვრალა“, - ამბობენ მისი თანამედროვენი.
- „ახლად შევკრიბე, შევაწყევ,
- ჩემი ვიშრომე სულხანი“,
- ამბობს თვით სულხანიც46. აქედან ჩანს, რომ მთელი თავისი სიცოცხლე სულხანს, როგორც ენერგიულ ადამიანს, სწავლაში და შრომაში მოუხმარებია...
„სიყრმიდან იყო მუდამად
სიბრძნე-სწავლისა მსახველი“.
„სამოცდა ექვსწელს იკითხა“ (ე.ი. მთელი თავისი სიცოცხლე იკითხა),- ამბობს ვახტანგ VI47.
ძმა - დემეტრე ორბელიანი უწოდებს „ფრიად მაშვრალს მუშაკს“48, ხოლო მეორე თანამედროვე მწერალი ეძახის „მრავალ გამომკვლეველს, სიბრძნეფრიადს და მსწავლულს“49.
ასე, სულხანის თანამედროვეებიც დიდი წარმოდგენისა ყოფილან მის აღზრდაზე. ჩვენ მეტსაც ვიტყვით: იმ დროის ქართული საზოგადოება მასში ჰხედავდა „ბრძენსა და ფილოსოფოსს“. ჩვენი აზრი გამომდინარეობს ისევე საბას თანამედროვე პოეტების აპოლოგიიდან:
„სულხან-საბა ორბელისძე
სიბრძნით აღხდა ორბების ზე“,
- ამბობს პოეტი50.
უცნობი პოეტი მიმართავს ასე:
„სიბრძნის წყარო ხარ მდინარე,
უფასოდ ასვამ ყოველთა.
მცირე რამ ცვარი გვაპკურე,
ჩვენ სიტკბოებით მთხოველთა...“51
პოეტი დემეტრე ორბელიანი ასე დასტირის ძმის სიკვდილს:
„ვაჲ მმართებს, რადგან დავკარგე
ვინ მიმარტებდა იგავსა,
მიმდემ გვსწავლიდა კეთილად
და გვაშორებდა იგ ავსა...
მის ბრძნის ნაღვაწი იხილეთ,
ოფაზობს, ბიწსა იგავსა,
ბედმა მიმუხთლა, არ მომხვდა
მისის სიბრძნისა იგავსა.
სიბრძნის ტრფიალთა დამზირონ,
რასა სწერს სულხან-საბანი;
მოსურნეთ გემასპინძლებათ,
გიშლიათ სნატი, საბანი,
მისთა შრომილთა ტრფიალნი,
მისი სიბრძნისა ქონანი,
კმა ეყო ვისცა ეპოვა
მის სიბრძნის ქრთილთა წონანი“...52
აქედან ირკვევა, რომ თანამედროვე საქართველოს მიჩნეული ჰყოლია როგორც „ბრძენი“ და „მცირე უწყების“ ავტორიც ხომ გვემოწმება, „იყო ფილოსოფიასა შინა გამოცდილი“-ო53.
იცოდა თუ არა უცხო ენები ლექსიკოგრაფმა?
ლექსიკონის შესავალში ის ამბობს: „მე ქართულისაგან კიდე,სხვა ენა არა ვიცოდი“-ო. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლექსიკონის შედგენისას სულხანი უცხო ენებითაც სარგებლობდა.
- „რომელიც ვიცოდი დავწერე,- ამბობს იგი, - და რომელიცა ძნელი სიტყვანი არა ვიცოდი, სხვათა ენათა შევამოწმე და გამოწვლილვით, რომელიცა ვპოვე ადვილად თანა მივაწერე.
„რაოდენ ძალმედვა ელლინთა, ლათინთა, სომხურთა, რუსთა და არაბთა წიგნებისგან და მით გამოვიღე“.
„მე უწინარეს ლათინური და ელინური ლექსიკონი ვერა ვნახე, თვარა უკეთესის რიგით აღვწერდი. მასუკან ვნახე, და ზოგი რამ იმით გავმართე“-ო54.
ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს სულხანს თავისუფლად შეეძლო ესარგებლნა ამ ენებით, მაგრამ უნდა ვიფიქროთ,რომ ლათინური ლექსიკონი მისთვის უმთავრესად ტეხნიკური ნიმუშები იყო, ხოლო „უცხო წიგნებიდან გამოღება“ ხდებოდა სხვისი, მცოდნე სპეციალისტების დახმარებით და შემოწმებით, როგორც თითონვე დასძენს:
„ამა ენათა რომელნიცა სწორედ თქვეს, გინა რომელმან დამაჯერა, იგი დავწერე, რომელნი არა ემოწმნენ, არცა მე დავწერე“-ო55.
ლექსიკონის ერთი ვარიანტის მინაწერში სულხანი ამბობს, რომ ბერძნულს სიტყვათა განმარტებაში მას ეხმარებოდა ვინმე ბერძენი მღვდელმონაზონი, რომელიც „ცოდნას ჩემობდა, რომელიმე მისის სიტყვით დავწერე, შემდგომად ვსცან: არა იცოდა რა, საზომსა მისწვდეთ გასინჯეთ, ასრე მომიხდა“56.
ყოველ შემთხვევაში, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ სულხანს არავითარი წარმოდგენა არა ჰქონდა ამ ენების შესახებ. წარმოუდგენელია ლექსიკონის შემდგენელს მცირედი ცნობა მაინც არ ჰქონებოდა. ცხადია სულხანი უცხო ენებს ნაწილობრივ მაინც იცნობდა და თითონვე თუ გადმოგვცემს ოფიციალურად მათს უცოდნელობას, იმას ნიშნავს,მათი ზედმიწევნით მცოდნე არა ყოფილა57.
მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ სულხანმა რამოდენიმედ „ბერძნულიწიგნი“ იცოდა: „ამაწიგნთა შინა რაოდენთა ადგილათ ბერძნულად სიტყვა სწერია, რომელი წიგნით შევიტყვე, სწორეთ დავწერე“-ო58.
რას შეეხება სპარსულის („თათრულის“) ცოდნას, შეუძლებელია, რომ XVII საუკუნის ქართველ ფეოდალს არა ცოდნოდეს. გავიხსენოთ გინდაც მისი მუშაობა „ქილილა და დამანაზე“, რომელიც, სპარსულიდან ნათარგმანევი, ვახტანგის ბრძანებით „გაჩალხა“59.
ამასთან ტოსკანის მისიონერების არქივის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მან თათრული მართლაც იცოდა60.
სულხან-საბაც გვიდასტურებს იმ წერილში, რომელიც (1714წ. პარიზში ყოფნის დროს) საფრანგეთის მინისტრს პონშანტრენს მისწერა: „რადგან ამან (სულხან-საბას თანამგზავრი რიშარი) ყიზილბაშურ-თათრული კარგად იცის, ამისსიტყვას უკეთ შეიტყობ და ჩემსა ეს შეიტყობს“61.
სადავოა მხოლოდ ერთი: იცოდა თუ არა სულხანმა ზედმიწვენით სპარსული ლიტერატურაც.
კერძოდ, სომხური ენის ცოდნას გვაფიქრებინებს სხვა მასალებთან ერთად (იხ. ქვემოდ) ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად ლექსიკონი სულხანმა სომხური ლექსიკონის - ბარგირქის - მიბაძვით შეადგინა62.
ლათინური ენის შესახებ უნდა ითქვას, რომ მისი სუბუქი ცოდნა შეეძლო მიეღო კათოლიკე მისიონერებისაგან, რომელნიც იმ დროს მეტად დაახლოვებულები იყვნენ შაჰნავაზის კარზედ, სადაც სულხანი იზრდებოდა.
ამ საკითხისათვის საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 1687წ. იოსებ ლივორნელს სულხანმა შეუსწორა ლათინურიდან თარგმანი „საქრისტიანო მოძღვრებისა“63...

გააგრძელე წიგნის კითხვა

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий