суббота, 7 сентября 2013 г.

წყაროთმცოდნეობა


წყაროთმცოდნეობა — მეცნიერება ისტორიული წყაროების გამოვლენის, კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის, მათი ანალიზისა და გამოცემის მეთოდიკისა და თეორიის შესახებ. წყაროთმცოდნეობის ძირითადი საგანია წერილობითი წყაროები, მაგრამ მის ზოგად პრინციპებს ყველა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზისა და კრიტიკის დროს იყენებენ. ამდენად, წყაროთმცოდნეობა ისტორიული მეცნიერების კომპლექსური დარგია და აერთიანებს სპეციალურ ისტორიულ დისციპლინებს. წყაროთმცოდნეობის მიერ შემუშავებული ზოგადი მეთოდიკა წყაროების შესწავლისა საფუძვლად უდევს სპეციალურ ისტორიულ დისციპლინებს, რომელთაგან აღსანიშნავია არქივთმცოდნეობა, არქეოგრაფია, გენეალოგია, მეტროლოგია, ნუმიზმატიკა, პალეოგრაფია, სფრაგისტიკა, ტექსტოლოგია, ქრონოლოგია, ჰერალდიკა. წერილობითი წყაროების წყაროთმცოდნეობაში დარგები გამოყვეს წყაროთა სახეობის მიხედვით: ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა. ხშირად ხმარობენ ტერმინებს -მატიანეთმცოდნეობა და ეპისტოლოგრაფია.
წყაროთმცოდნეობის უმთავრესი ამოცანაა წერილობითი წყაროების დაჯგუფება, მათი სისტემატიზაცია და კლასიფიკაცია. ამას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება წყაროთმცოდნეობითი საკითხების მთელი კომპლექსის გადაწყვეტის დროს. არსებობს წყაროტა კლასიფიკაციის სხვადასხვა სისტემა, რომლებსაც საფუძვლად უდევს სხვადასხვა პრინციპი: წყაროთა კლასიფიკაცია შინაარსის, წარმოშობისა და ისტორიული წყაროების სახებათა მიხედვით (რაც უფრო მეტადაა გავრცელებული). წერილობით წყაროებზე მუშაობის პროცესში ტავს იყრის ისეთი საკითხები, როგორიცაა:
  1. წყაროთა გამოვლენა (ევრისტიკა), როდესაც ისტორიული კვლევის საფუძველი ფაქტებია. მათ გამოსავლენად საჭიროა ყველა სახის ისტორიული წყაროს დამუშავება.
  2. წყაროს ტექსტის დადგენა, რაც გულისხმობს ტექსტის წაკითხვას, ძირითადი ტექსტისა და მისი დამატებების ან პარალელური ადგილების დადგენას; ტექსტის ენისა და სტილის, შემოკლებათა ან საიდუმლო ნიშნების შესწავლისა და გაშიფვრის, ზომა-წონისა და ფულადი ერთეულების მნიშვნელობის დადგენას, გეოგრაფიულ სახელწოდებათა და საკუთარ სახელთა შესწავლას. ტექსტის მინაწერებისა და ჩამატებების (ინტერპოლაციების) განმარტებას და ა. შ.
  3. წყაროს წარმოშობის გარკვევა (ავტორი, დრო, ადგილი, უტყუარობა, წყაროს შედგენის გარემოებანი და მიზნები); პირადი თუ თანაავტორების, მიახლოებითი დათარიღების საკითხის შესწავლა, დათარიღების ძველი სისტემის გადაყვანა ახლაზე; უნდა გაირკვეს ნამდვილია წყარო თუ ყალბი, დედანია თუ პირი და სხვ.
  4. წყაროს წყაროთმცოდნეობითი ანალიზი ანალიზი (ჰერმენევტიკა), ე. ი. ისტორიულ ცნობათა სისრულის, სანდოობისა და სიზუსტის დადგენა, პოლიტიკური მიმართულებისა და წყაროს კლასობრივი არსის განსაზღვრა.
  5. წყაროთმცოდნეობითი სინთეზი: წყაროთა გენეალოგიური კავშირების გარკვევა, შედარება მათი სანდოობისა და სიზუსტის ხარისხის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის ასახვის თვალსაზრისით, საკვლევი თემისათვის საჭირო ყველა ფაქტის დადგენა, გამოვლენილ ფაქტთა მთელ სისტემაში გამოტოვებული მომენტის განსაზღვრა და ა. შ.
წყაროების შესწავლა საჭიროა მათ ისტორიულ განვითარებაში წყაროთმცოდნეობის ზოგად ამოცანებს, მეთოდიკასა და კვლევის ხერხებს იყენებენ ძირითადად ყველა პერიოდის წყაროს მიმართ. ისტორიული წყაროების კრიტიკის საწყისებს ვხვდებით ჯერ კიდევ ძველ ისტორიკოსებთან (ჰეროდოტე, თუკიდიდე, პოლიბიოსი, ტაციტუსი,იოსებ ფლავიუსი). ადრინდელ შუა საუკუნეებში ისტორიულ წყაროებს კრიტიკულად არ სწავლობდნენ, მაგრამ აღორძინების ხანაში მან კვლავ იჩინა თვი (ლორენცო ვალა). ბ. ნიბურის, ლეოპოლდ რანკეს, თ. მომზენის გამოკვლევებში მოცემული იყო ისტორიულ წყაროთა წყაროთმცოდნეობითი კრიტიკის ცალკეული მეთოდებისა და ხერხების გამოყენების ნიმუშები. როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება კვლევის საკუთარი საგნითა და შესწავლის სპეციფიკური მეთოდებით, წყაროთმცოდნეობა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის დასაწყისში (იოჰან გუსტავ დროიზენის, ე. ბერნჰაიმის, ე. ფრიმენის, შ. ლანგლუას, შ, სენიობოსისა და სხვათა ნაშრომები).


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий