NASA-ს სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ისეთი ძრავის შექმნა, რომელიც სხვა ვარსკვლავებამდე სწრაფად მისვლის საშუალებას მოგვცემთ. თუმცა, პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი ძრავის შემუშავებას, გამოცდასა და აგებას ბევრი დრო დასჭირდება.ჯონსონის სახელობის კოსმოსურ კვლევათა ცენტრის (NASA) მეცნიერები ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ შესაძლებელია გადაადგილება სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად. უფრო მეტიც, მათ იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფი ძრავის შექმნას, რაც კაცობრიობას ვარსკვლავებისაკენ გზას გაუხსნის.
NASA-ს ფიზიკოსსა და ინჟინერს, დოქტორ ჰაროლდ უაიტს (Harold G. White) მიაჩნია, რომ ასეთი ძრავის შექმნა შესაძლებელია, ანუ შესაძლებელია ალბერტ აინშტაინის მიერ ჩამოყალიბებული სივრცისა და დროის წესების დარღვევა, რომელთა თანახმადაც მატერიალური ობიექტის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე მაღალი ვერ იქნება.
დოქტორ უაიტის კვლევა ეფუძნება მექსიკელი ფიზიკოსის, მიგელ ალკუბიერეს ცნობილ თეორიას. 1994 წელს მიგელ ალკუბიერემ გამოთქვა ვარაუდი, რომ არსებობს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობის ხერხი. ეს ხერხი ეფუძნება სივრცის შეკუმშვისა და გაფართოების ჰიპოთეზურ ტექნოლოგიას; სწორედ ამ ხერხის დაუფლების ძიება განზრახული აქვს მეცნიერთა ჯგუფს ჰაროლდ უაიტის მეთაურობით. წარმატების შემთხვევაში რა მოჰყვება ამ კვლევას, ცხადია – ჩვენი ცივილიზაციის ბედი კარდინალურად შეიცვლება: ახალი, წარმოუდგენლად ფართო ჰორიზონტი გაიხსნება.
მიგელ ალკუბიერეს თეორიის არსი კი შემდეგია: თუ კოსმოსური ხომალდის გარშემო შეიქმნება ბუშტი, რომელიც ერთი მხრიდან სივრცეს გააფართოვებს, მეორე მხრიდან კი – შეკუმშავს, ხომალდი ამოძრავდება – მას თავად სივრცე აამოძრავებს. სიჩქარე ასეთ შემთხვევაში სინათლის სიჩქარეს შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს ან კიდევ უფრო მაღალი იყოს: მეზობელ ვარსკვლავურ სისტემაში მოგზაურობა რამდენიმე თვეს ან კვირას გასტანს. თანამედროვე ტექნოლოგიათა პირობებში ასეთი ხანგრძლივობის ავტონომიური ფრენა სერიოზული ტექნიკური პრობლემა არ არის.
ამჟამად ჰაროლდ უაიტი ცდილობს ფოტონის ტრაექტორიის გამრუდებას, რათა დაამტკიცოს სინათლის სიჩქარეზე უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობა. ეს უაღრესად რთული და ნატიფი სამუშაოა, რომელიც სათანადო მოწყობილობას მოითხოვს. ასე, ჰაროლდ უაიტის ლაბორატორია მიწას არც კი ეხება – ის განლაგებულია პნევმატურ საყრდენებზე, რომლებიც აღმოფხვრის ნიადაგის ნებისმიერ რხევას, რომელსაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხელსაწყოთა ჩვენებაზე. უფრო მეტიც, ექსპერიმენტის შედეგებზე შეიძლება იმოქმედოს გვერდზე გავლილმა ადამიანმაც კი.
ჰაროლდ უაიტი კაცობრიობის ოცნების – სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი ძრავის – ხორცშესხმას ცდილობს.
მეცნიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქამდე მეცნიერება დაკავებული იყო ისეთი მუშაობით, რომელიც შედარებით ნაკლებ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. სავსებით შესაძლებელია, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი ძრავის შექმნა ჩვენი ცივილიზაციის საკვანძო მიღწევა გახდეს. უაიტის აზრით, სივრცის გამამრუდებელი ძრავის შექმნის პროექტის რეალიზაციას დაახლოებით 100 წელი დასჭირდება, რაც ისტორიული საზომით ბევრი სულაც არ არის. გარდა ამისა, ამ დროისათვის შორეული ფრენისათვის საჭირო ყველა სხვა დანარჩენი ტექნოლოგია (მედიცინა, ენერგეტიკა და ა.შ.) იქნება, სავარაუდოდ, უკვე მზად – გამოცდას ის მზის სისტემაში გაივლის.
თავად დოქტორ მიგელ ალკუბიერეს, რომელიც, სხვათა შორის, უაიტს არ შეხვედრია, მიაჩნია, რომ სივრცის გამამრუდებელი ძრავის შექმნის გზაზე ძირითადი დაბრკოლებაა ხომალდიდან რაიმე სიგნალის მიწოდების შეუძლებლობა გამრუდების ბუშტისათვის. ამრიგად, გამოდის, რომ ასეთი ძრავის ჩართვა-გამორთვა ხომალდიდან შეუძლებელია, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ართულებს ფრენის მართვას. თუმცა, ეს შეზღუდვა სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი ძრავის შექმნის მნიშვნელობას სულაც არ აკნინებს. ასეთი შეზღუდვა რომც წარმოიქმნას, შეიძლება მისი დაძლევაც სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილების გზით.
Комментариев нет:
Отправить комментарий