მეცნიერთა ვარაუდით, მარსზე ტემპერატურის მერყეობას ღინულისა და წყლის ორთქლის ღრუბლები იწვევს.
„ნასას" მკვლევარებმა, რომლებიც წითელ პლანეტას ხელოვნური თანამგზავრის – Mars Reconnaissance Orbiter – მეშვეობით სწავლობენ, აღმოაჩინეს, რომ მარსის ატმოსფეროს ტემპერატურა რეგულარულად იმატებს და ეცემა დღე-ღამეში არა ერთხელ, არამედ ორჯერ.
„ნასას" მკვლევარებმა, რომლებიც წითელ პლანეტას ხელოვნური თანამგზავრის – Mars Reconnaissance Orbiter – მეშვეობით სწავლობენ, აღმოაჩინეს, რომ მარსის ატმოსფეროს ტემპერატურა რეგულარულად იმატებს და ეცემა დღე-ღამეში არა ერთხელ, არამედ ორჯერ.
კოსმოსურმა აპარატმა „MRO" დაადასტურა, რომ სადღეღამისო ორმაგი ტემპერატურული პიკის მიზეზია წყალ-ყინულის ღრუბლები.
„ნასას" რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის (პასადენა, კალიფორნიის შტატი) თანამშრომლის, პროექტის ერთ-ერთი ავტორის, არმინ კლეიბოილის თქმით, „მივაქციეთ ყურადღება, რომ მარსზე ტემპერატურა მაქსიმალურია არა მარტო დღისით, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, არამედ შუაღამის შემდეგაც".
ტემპერატურა მერყეობს 30 გრადუსის (ცელსიუსის სკალით) ფარგლებში. პლანეტოლოგებმა შეისწავლეს დღისა და ღამის ტემპერატურის დიაპაზონი მარსის მთელ ზედაპირზე. Mars Climate Sounder ხელსაწყოს მეშვეობით დაკვირვებამ აჩვენა, რომ გლობალური მასშტაბით ასეთი სურათი ყველგან აღინიშნება, თანაც მთელი წლის მანძილზე. ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში „Geophysical Research Letters".
ქარის მიმართულების გლობალური ცვლილება, ტემპერატურისა და წნევის მერყეობა ყოველდღიური მოვლენაა, რომელსაც „ატმოსფერული მოქცევა" ჰქვია. დედამიწის ზღვის მოქცევისაგან განსხვავებით, ატმოსფერული მოქცევა განპირობებულია დღისა და ღამის ტემპერატურას შორის სხვაობით. ატმოსფერული მოქცევა დედამიწაზეც აღინიშნება, მაგრამ ის ნაკლებად შესამჩნევია იმის გამო, რომ ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტემპერატურის სხვაობა მცირეა. მარსზე კი, რომლის ატმოსფერო დედამიწის ატმოსფეროს დაახლოებით ერთ პროცენტს შეადგენს, ის ტემპერატურის მოკლევადიან ცვლილებას მართავს. ტემპერატურულ პიკს, რომელიც დღეში ერთხელ აღინიშნება, "სადღეღამისო" ეწოდება, ხოლო ორჯერად პიკს – "ნახევარ-სადღეღამისო".
მარსზე ნახევარ-სადღეღამისო ციკლი პირველად ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-ან წლებში დაფიქსირდა. მაგრამ მაშინ მიიჩნიეს, რომ ამის მიზეზია მტვრის სეზონი, როცა ზაფხულის პირველ თვეებში ძლიერი ქარი უბერავს, რომელსაც მილიონობით ტონა მოწითალო ფერის მტვერი ასობით მეტრის სიმაღლეზე ააქვს. მკვლევართა თქმით, „მათ გაუკვირდათ, როცა აღმოაჩინეს ტემპერატურის მნიშვნელოვანი მერყეობა დღეში ორჯერ უმტვერო პერიოდშიც. მარსზე სადღეღამისო პიკი რამდენიმე ათეული წლის წინ იქნა აღმოჩენილი, მაგრამ რეგულარული ნახევარს-ადღეღამისო ღამის მაქსიმუმი მტვრის ქარიშხლის გარეშე საკმაოდ მოულოდნელი იყო".
მეცნიერებმა ამ მოვლენის ახსნა მოახერხეს: ამის მიზეზია მარსიანული წყალ-ყინულის ღრუბლები, რომლებიც მარსის ატმოსფეროშია მრავლადაა წლის ნებისმიერ დროს. ეს ღრუბლები, ძირითადად, აღინიშნება ეკვატორის არეში 10-30 კილომეტრის სიმაღლეზე. ესაა საკმაოდ გამჭვირვალე ღრუბლები – დედამიწის ფრთა-ღრუბლების მსგავსი. ამის მიუხედავად, ამ ღრუბლებში დაგროვილი სითბო საკმარისია ატმოსფეროს ყოველდღიური გათბობისათვის.
მკვლევართა თქმით, „მარსი წარმოგვედგინა, როგორც ცივი და მშრალი სამყარო მცირე რაოდენობის წყლით. მაგრამ სინამდვილეში მარსის ატმოსფეროში წყლის ორთქლი მეტია, ვიდრე დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში. ახლა კი უკვე ვიცით, რომ უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ წყალ-ღინულის ღრუბლებს, თუ გვინდა გავიგოთ, როგორია მარსის ატმოსფერო".
Комментариев нет:
Отправить комментарий