четверг, 15 августа 2013 г.

წინარექრისტიანული რწმენა-წარმოდგენები საქართველოში



ქართველთა ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია; არიან სუნიტიმუსლიმები (აჭარელთა და ინგილოთა ერთი ნაწილი, თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოში _ ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქართველები) და კათოლიკეები. საკმაო რაოდენობით იყვნენ მონოფიზიტი ქართველებიც.

ამავე დროს, დღემდეა შემორჩენილი უძველესი რწმენა-წარმოდგენების კვალი. ენეოლითის და ბრინჯაოს ხანის საოჯახო და საკულტო ნივთების ფრაგმენტებზე გამოსახულია ასტრალური ნიშნები, გეომეტრული ფიგურები და გამოსახულებები. ამ პერიოდიდანვეა შემორჩენილი დაკრძალვის სხვადასხვა ტიპი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოში დადასტურებულია მიცვალებულის მიწაში დაკრძალვის სხვადასხვა წესი: ორმოსამარხები, ქვაყუთები, კრამიტსამარხები, ეტლზე, კევრზე და ქვევრში დაკრძალვა, მთლიანნაკვეთი სარკოფაგები, აკლდმები, კოლხეთში გავრცელებული იყო მიცვალებულის ჰაერზე დაკრძალვის წესიც. გვხვდება, აგრეთვე, მეორადი დაკრძალვის წესი. ზემოთქმული იმქვეყნიური სამყაროს შესახებ რთული წარმოდგენების არსებობაზე მიუთითებს.
ქართველების კოსმოგონიური სისტემა (შეხედულებები სამყაროს აგებულებისა და შექმნის შესახებ) საკმაოდ განსხვავებულია იმ შუმერულ-ბაბილონური სისტემისაგან, რომელთანაც არის დაკავშირებული ბიბლიური ტრადიცია. ქართველებს ქრისტიანობამდე საკუთარი ყველასაგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ სამყაროს მოწყობაზე. სამყარო (ანუ ხილული, მყარი მატერია) გეომეტრიულად წარმოდგენილი იყო კოსმოსში განფენილი სფეროს სახით, რომელიც შემოსაზღვრული იყო ზღვით ან მთებით, ქვეყნის დასასრულს იდგა სიცოცხლის ხე (ბოძი, კოშკი, რქები, ციდან დაშვებული ჯაჭვი და სხვ.), რომელიც აერთებდა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებს, სფერო შედგებოდა სამი ჰორიზონტალური და ორი ვერტიკალური ფენისაგან, რომლებიც შემდეგნაირად იყვნენ განლაგებული: სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა შუასკნელი (მიწის ზედაპირის ადამიანთა, ცხოველთა, მცენარეთა სამყარო, შეესატყვისება წითელი ფერი), მის ზევით განფენილი იყო ზესკნელი (ზეციური, ღმერთისა და ღვთისშვილების სამყარო, ფერად თეთრი), ქვევით — ქვესკნელი (მიწისქვეშეთი, გარდაცვლილების, ქტონიური სამყარო, შავი ფერის), წინ — წინასკნელი (ნათელი, ბარაქიანი სამყაროა, შეესატყვისება `აქ~ გაგებას, ამასთან იგი ადამიანთა წინ განფენილი მომავლის სამყაროა) და უკან — უკანასკნელი (წარსულის სამყაროა, ბნელი, საიდუმლო, მოულოდნელობებითა და ფათერაკებით სავსე `იქ~ არის, ამის გამო ბევრი წეს-ჩვეულების შესრულებისას იკრძალება უკან მიხედვა). ვერტიკალური სამყაროები ერთმანეთისგან გამოყოფილია ჰაერით და მიწით, ჰორიზონტალური კი შვიდი (ცხრა) მთით ან ზღვით. ეს სისტემა შემოსაზღვრული იყო გარესკნელით. ერთი სკნელიდან მეორეში გადასვლა ღვთაებებს ან გმირებს ან ნახევარღმერთებს შეეძლოთ, ადამიანი ამას მხოლოდ ღვთის ნებით დროებით ან სამუდამოდ სახეცვალების (გარდაცვალების) შედეგად ახერხებდა. სიცოცხლის ხის გარდა სამყაროებს შორის დაკავშირება შესაძლებელი იყო სასწაულმოქმედი, ფანტასტიკური არსებების (ცხენი, არწივი, ცხვარი, ფასკუნჯი და სხვ.) მეშვეობით.
ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალის საფუძველზე იკვეთება ფერთა სამწევრიანი სისტემა (თეთრი, შავი და წითელი ფერები). სულხან-საბას ქართულ ლექსიკონში სიტყვა ფერის განმარტებისას ამ ფერებზეა აქცენტი გაკეთებული და იგი ახსნილია შემდეგნაირად: „თეთრი, წითელი, შავი და მისთანანი“. თეთრი, შავი და წითელი ფერებია არსებითი, აგრეთვე, ქართული ხალხური პოეზიის, ზღაპრებისა და მაგიური ტექსტებისათვის (წყაროს). საერთოდ, მთელი კაცობრიობისათვის უნივერსალურად ითვლება ფერთა სამწევრა კლასიფიკაცია და თეთრი-წითელი და შავი ფერების პირველადობა ადამიანის სხეულებრივი გამოცდილებით იხსნება (ტერნერი, 1983). თეთრი ფერის სინონიმებად ქართულში იხმარება ტერმინები _ სპეტაკი, გაქათქათებული, ცივათ თეთრი, მთლად თეთრი, უნიშნოდ თეთრი (ნეიმანი, 1961; მენთეშაშვილი, 1943). თეთრი ქართულ მითოლოგიაში ზესკნელის ფერია და შესატყვისად ასოცირდება ღმერთთან, სალოცავთან, სამზეოსთან. შავი ფერი თეთრის საწინააღმდეგოდ ყველაფერ ცუდს ნიშნავს. ამ ფერს უკავშირდება უიღბლობის, უბედურების, ჩაგვრის, გლოვის აღმნიშვნელი სიტყვები და გამოთქმები: შავად გათენება, შავბნელი დრო, შავბედიანობა, შავსვიანობა, შავი და უკუღმა დღე, შავეთი, შავი დღის დაყენება, და ა. შ. (ნეიმანი 1961: 510) წითელი ფერი კარგის მომასწავებელ ფერად ითვლება. ფერების დროსთან კავშირია ასახული ქართველ მთიელთა წარმოდგენებში შავი ჭირის (ჟამნი) შესახებ. მათი აზრით, ჟამნს იწვევენ ადამიანის მსგავსი პატარა არსებები, რომლებიც სამი ფერის ისრებს ესროდნენ ადამიანებს, „ვისაც შავს დაჰკრავდნენ, ის მაშინვე მოკვდებოდა, წითელ ისარდაკრული შედარებით დიდხანს იცოცხლებდა, ხოლო თეთრ ისარდაკრული კი რჩებოდა არ იღუპებოდა“ (მინდაძე, 1981). ამ სამი ფერის განსაკუთრებული დატვირთვა მათი მაგიური მნიშვნელობითაცაა განპირობებული. როგორც ცნობილია ისინი „მაგიური ძალის შესაფერისი ხარისხით ხასიათდებოდა. თეთრი _ სუსტი მაგიური ძალის მფლობელად გვევლინება, წითელი _ გაცილებით ძლიერი, ხოლო შავი _ მაგიურობის უმაღლესი ხარისხით იყო აღჭურვილი“ (მინდაძე, 1981). მათ მაგიურ წარმოდგენებთან მიმართებაში განიხილავენ და ხაზს უსვამენ შელოცვებში და ზღაპრებში ამ ფერების განსხვავებულ შინაარსს, ერთ შემთხვევაში სამყაროს იერარქიული აგებულების გამოსახატავად მათ გამოყენებას და მეორე შემთხვევაში _ მათ მაგიურ ძალაზე აპელირებას (გაგულაშვილი, 1986).
უძველესი დროიდან ქართველები თაყვანს სცემდნენ ხეებსა და წმინდა ტყეებს, ქვებსა და მთის მწვერვალებს. საქართველოში ხის თაყვანისცემის ტრადიციის ორი უძველესი საფეხური დასტურდება: საკრალური ხე — საკრალური ტყე (კორომი) (ღუდუშაური, 2005). განსაკუთრებით გამორჩეულ საკულტო ხედ იყო მიჩნეული მუხა. ქრისტიანობამდელ საქრთველოში არსებობდა წმინდა მუხნარები. ფშავ-ხევსურეთში დღემდე გავრცელებულია წარმოდგენები `მუხის ანგელოზის~ შესახებ. ქართლსა და სამეგრელოში მუხის ნაცვლად ცაცხვის ხე ფიგურირებს, თუმცა სახელად `რკონი~ და `ჭყონდიდი~ ჰქვიათ (ჯავახიშვილი, 1979). ქართველები თაყვანს სცემენ მუხას, ცაცხვს, ფიჭვის და იფნის ღვთაებებს. საკუკლტო ხეები განცალკევებით იდგნენ. მათ მრავალი შესაწირავითა და თეთრი ძაფებით რთავდნენ და სურვილის ასრულებას შესთხოვდნენ. ქართულ მითებში ღვთაება ხშირად წარმოგვიდგება ხის სახით, რომელიც ამოიმართება ხოლმე ქედუხრელთა კერებში. ხის კულტი გარკვეულწილად სიცოცხლის ხის შესახებ არსებულ წარმოდგენებსაც უკავშირდება, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენს ქართული დარბაზის დედბოძი. სიცოცხლის ხის გამოსახულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი წლის დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტი _ ჩიჩილაკი. ჩიჩილაკი (ჩიჩილაგი) არის ხის ფორმის რიტუალური საგანი, რომელიც საახალწლო მილოცვისათვის მზადდებოდა. ჩიჩილაკი თხილის ხისგან კეთდებოდა. თხილის სწორ ჯოხს გაწმენდდნენ ფოთლების, ტოტებისა და მერქნისაგან, ოდნავ გაახურებდნენ ცეცხლზე — მეტი დრეკადობისათვის და მსხვილი დანით ბოლოდან წვერისკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და აკეცავდნენ.
ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას ათლიდა და აკეცავდა, შემდეგ მათ ისევ ღერძზე გადმოფენდა. ჩამოთლილი მხრიდან ჯოხს გადაჭრიდა და ასე მზადდებოდა ჩვეულებრივი ჩიჩილაკი. არსებობს ასევე კალპიანი ჩიჩილაკი. თვლიან რომ იგი ჩიჩილაკის უფრო სრულყოფილი სახეა. კალპი ლერწისგან მოწნული რგოლია. იგი ფოთლებით, სუროს ნაყოფით, კურკანტელით და თხილის ტოტებით არის შემკული. კალპი ჩიჩილაკს თავზე ეცმევა და ბურბუშელის შეკრების ადგილას მთავარ ჯოხზე ჰორიზონტალურად მაგრდება. რგოლად მოწნული ლერწის შიგნით თხილის ჯოხებია გარდიგარდმო ჯვრის სახედ დატანებული. მათი წვერები რგოლშია გაყრილი და ზედ ჩამოცმულია წითელი ვაშლები, ბროწეულები ან ვაშლის ზომის ორი გამომცხვარი ბურთი — `ყვინჩილა~ ან კვერცხით შეზავებული ყველისგულიანი კვერი — ბოკელი. ამას გარდა კალპზე აცვამენ ტკბილეულს, ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს, ქარვის მძივებს, ხანდახან კიდებენ ბუმბულგაცლილ (კუდის გარდა) შაშვს. აგრეთვე ახვევდნენ ბაფთებსა და აბრეშუმის ძაფებს. იმერეთში კი ჩიჩილაკს ენდროთიც ფერავდნენ. ახალ წელს დასავლეთ საქართველოში ყოველ ოჯახს ჰქონდა საკუთარი ჩიჩილაკი. დღესასწაულის დილას შინაური მეკვლე, უმეტეს შემთხვევაში ოჯახის უფროსი, ოჯახის სხვა მამრობითი სქესის წევრების თანხლებით, ჩიჩილაკით ხელში შემოივლიდა ეზოს, სახლსა და სამეურნეო ნაგებობებს და ულოცავდა მათ ახალი წლის დაადგომას.
შემდეგ მივიდოდა სახლთან და კარის გაღებას ითხოვდა. შიგნიდან ოჯახის დედა იკითხავდა, თუ რა მოჰქონდა მეკვლეს. პასუხად ჩამოთვლიდნენ სიკეთეს, გამრავლებას, მოსავლის სიუხვეს, სიმდიდრეს და ა. შ. კითხვა-პასუხის შემდეგ გაუღებდნენ კარს მეკვლეს და სახლში შეუშვებდნენ. იგი ჩიჩილაკით ხელში სამჯერ წაღმა (მარჯვნიდან მარცხნივ) შემოუვლიდა ოთახს დალოცავდა ახალ წელს, ერთმანეთს მიულოცავდნენ და ამის მერე ჩიჩილაკს დაკიდებდნენ გამოსაჩენ, საპატიო ადგილას. ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა საქართველოს სხვა კუთხეებშიც იცოდნენ (`ბატონებითვის~ მისართმევი ხე, `მაშხალა~ და ა. შ.). ჩიჩილაკის და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს სიცოცხლის ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. როგორც ცნობილია, მსოფლიო (სიცოცხლის) ხე მრავალ ძველ ხალხში მზესთან იყო ასოცირებული, კალპიანი ჩიჩილაკიც ამგვარ კონცეფციას ასახავს, რამდენადაც აქ მზის სიმბოლო კალპი, მსოფლიო ხის სიმბოლურ გამოსახულებასთან — ჩიჩილაკთან არის შერწყმული და ორივე ერთად კი ზამთრის მზის მობრუნების დღეობაშია მოცემული. კალპი გრაფიკულად წარმოადგენს წრეში ჩახატულ ჯვარის წვეროებზე ბურთებით — ასტრალური სიმბოლოებით, რომლებიც ცაზე მზის ოთხ მდგომარეობაზე მიგვანიშნებენ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კალპის ჯვარზე ჩამოცმული სფერული კვერები — `ყვინჩილები~, ბროწეული და ვაშლი ასტრალურ ღვთაებებთან დაკავშირებული სიმბოლოებია (სურგულაძე, 1986). ასევე მზის სიმბოლოები უნდა ყოფილიყვნენ სხივებად დაფენილი ჯვრის წკირები, მრგვალი პური — ბოკელი და ვაზისგან მოწნული რგოლი — თავად კალპი, ასევე `გვერგვი~ და `გირგედი~ (სვანეთი, ლეჩხუმი). ისინი მზის ღვთაების — ქალ-ბაბარის ან ნაყოფიერებისა და მცენარეული საფარის მფარველი დიდი დედა ნანას (როგორც მზის ღვთაების მთავარი იპოსტასის) სიმბოლებია (ბარდაველიძე, 2006). მზის სიმბოლოდ მიიჩნევა ჩიჩილაკის გრძელი წვერებიც. საინტერესოა, რომ ამ წვერს `ბასილას წვერებსაც~ ეძახდნენ. ბასილა არის სახელი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწის ბასილი დიდისა (ჳვ საუკუნე) და უძველესი ქართული ღვთაების — ბოსელის კულტებს. ბოსელი იყო ნაყოფიერებისა და გამრავლების, უმთავრესად საქონლის მფარველი ღვთაება ძველ საქართველოში. მიწათმოქმედებისა და შესაბამისად ასტრალური კულტების განვითარებასთან ერთად იგი სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა, ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა, ანთროპომორფული სახე მიიღო და მისი გაფართოებული ფუნქციები ახალი წლის ციკლის დღეობებში გამოვლინდა.
ღვთაება ბოსელის სვანური სახელი ჩიჩილაკის სვანური სახელის იდენტურია — ბომბღა. ბომბღა `ხელის გახსნის~ რიტუალთანაა დაკავშირებული. იგი წარმოადგენს ფქვილიან ჯამში ჩამაგრებულ მუხის ან თხილის ტოტს, რომელიც შალისა და კანაფის ძაფებით იყო მორთული (ბარდაველიძე, 1957). ჩიჩილაკი ავლენს, ერთი მხრივ, ხის კულტის განვითარების უძველეს საფეხურს, მეორე მხრივ კი სიცოცხლისა და ნაყოფიერების ასტრალურ ღვთაებებთან, კერძოდ მზის კულტთან კავშირს. ხეთა თაყვანისცემას უკავშირდება ისეთი ღვთაებების არსებობა როგორიცაა ტყაში მაფა, მესეფი, მინდორთ ბატონი და მისი ასული, ნადირთ პატრონი.
ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებში უდიდესი ადგილი ეკავა ირმის, ცხენის, თევზის, ძაღლის, მგლის, გველის კულტებს. ცხოველთა კულტი მფარველ ნაყოფიერების ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ყოველ ნადირს ღვთაება ჰყავდა, რომელიც ანთროპომორფული ან ზოომორფული სახისა იყო. იგი ხშირად ირმის სახით მოევლინებოდა მონადირეებს. ესენი `წილიანი~ (ღვთის წილი) ცხოველები იყვნენ, რომლებიც რაიმე განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენი ნადირისაგან. მაგალითად ოქროს რქებით, თეთრი ფერით, თეთრი ლაქით (რობაქიძე, 1941). ნადირთ ღვთაების ანთროპომორფული სახეა სვანური დალი, რომლის კულტიც დაახლოებული ჩანს ჯგრაგის კულტთან (ფანცხავა, 1988). თავდაპირველად დალი და ჯგრაგი ტყის არსებანი უნდა ყოფილიყვნენ. დალი ცხოველებისა და ფრინველების, ხოლო ჯგრაგი მცენარეების სულთა განსახიერება. შემდგომ მათ მიიღეს ანთროპომორფული სახე და იქცნენ მდედრობით (დალი) და მამრობითი (ჯგრაგი) სქესის ნადირთ პატრონებად. ასტრალური რელიგიის განვითარების პერიოდიდან კი დაუკავშირდნენ ღამის დიდ მნათობს და მთებს (ბარდაველიძე, 1953). დალიცა და ჯგრაგიც ნადირთ პატრონები იყვნენ ოჩოპინტრეს, სამძივარის, ტყაში მაფას მსგავსად. ოჩოპინტრე ნადირთ მეფედ იყო წარმოდგენილი, იგი განაგებდა მონადირის წარმატებას. თავად უხილავი იყო, მაგრამ ტოვებდა ნაფეხურებს (ბავშვის ზომის ნაფეხურებს). ოჩოპინტრე სასტიკი ღვთაებაა და სჯის ურჩებს. მას სწირავენ პატარა პერანგებს, რომლებსაც ტყეში ხის კენწეროებზე ჰკიდებდნენ. მოგვიანებით სამონადირეო მოტივები აგრარულ და კოსმოგონიურ წარმოდგენებს შეერწყა. ცხოველთა მფარველი ღვთაებები ხშირად `წილიანი~ ცხოველის სახით ევლინებოდნენ ადამიანებს (მონადირეებს).
ზოომორფული მოტივების სიუხვეს სხვადასხვა ახსნა მოეპოვება. მათგან ერთერთის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ზოომორფული მოტივებით გამოხატავდნენ თავიანთ კოსმოგონიურ შეხედულებებს. ისინი გარემოს მათთვის გასაგები ცნებებით აღწერდნენ.
ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებულია ფრინველთან დაკავშირებული მეტად საინტერესო რიტუალები და რწმენა-წარმოდგენები. ახალი წლის წეს-ჩვეულებათა ციკლში მას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამლისადმი დამოკიდებულება. `ეს ფრინველი ცასთან და მზესთან არის დაკავშირებული და მზის ფრინვლად ითვლება~ (რუხაძე, 1976).
ღვთაება ბარბალეს კულტში ჭარბად წარმოდგენილია შინაური ფრინველები, განსაკუთრებით მამალი (თვალის ტკივილთან დაკავშირებით მამლის შეწირვა, რწმენა, რომ ბარბალე შინაურ ფრინველთა მომშენებელია და სხვ.). მამლის კულტი ერთ-ერთი უძველესი კულტია. მამალი, როგორც განთიადის მაუწყებელი ფრინველი უმეტეს შემთხვევაში მზესთან იყო ასოცირებული (ბარდაველიძე, 1941). მამალთან დაკავშირებული მაგიურ-რელიგიური რწმენა-წარმოდგენები მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ფრინველებს უკავშირებდნენ მზის ბუნიობას, მაგალითად, სვანეთში მიიჩნევდნენ, რომ ზამთრის ბუნიობის დროს მზე მამლის ერთ ან სამ ნახტომს აკეთებს და ამის მერე დღე მატულობს. გურულების შეხედულებით ბარბალობიდან დღე მატულობს ქათმის თითო ფეხის ნაბიჯზე. ეს შედარებები მეტაფორულია, მის გამოცნობას აადვილებს ცოდნა, რომ მამალი და ზოგადად ქათამი ბარბალეს შესაწირავი საყვარელი ფრინველია, რომელიც მას, როგორც მზის ღვთაებას ისე უკავშირდება (ბარდაველიძე, 1941).
არსებობს შეხედულებები, რომ მზის ბუნიობა მზის მიერ ვერძის ერთი ან სამი ნახტომითაა გამოწვეული. ვერძი — ცხვარი, ქართველებში მეტად გავრცელებული სამსხვერპლო ცხოველი იყო. ტერმინ `კურეტზე~ დაყრდნობით წინარექრისტიანული მსხვერპლშეწირვის განვითარების გზას შემდეგნაირად წარმოადგენენ:
1. ადამიანი-კურეტის შეწირვა, 2. ხარი-კურეტის შეწირვა, 3. ცხვარი-კურეტის შეწირვა და 4. დიდი ზომის ქადის — კოტორის შეწირვა საკლავის მაგიერად (აზიკური, 1981). ცხვარი სოლარულ კულტთანაა დაკავშირებული და მიიჩნეოდა, რომ მზის გულის მოგება ცხვრის შეწირვით შეიძლებოდა.
საქართველოში გავრცელებულ ზოომორფულ სახეთაგან საინტერესოა ცხენის გამოსახულებები. ისინი გვხვდება კოლხურ ცულებზე, ბრინჯაოს შუბისპირებზე, სატევრებზე და სხვ. არქეოლოგიურ მასალაში ცხენის ხშირი მონაცვლეობა ირმისა და ხარის გამოსახულებებთან და სვანურ საწესო ხელოვნებაში მისი სექსუალური ნიშნის ხაზგასმა უნდა ადასტურებდეს მის კავშირს ნაყოფიერების ზოგად იდეასთან. ამასთან, მკაფიოდ ჩანს მისი კავშირი მზის კულტთან. ირემი ქართულ ფოლკლორში ზებუნებრივი ძალის მატარებელ ღვთაებათა სამყაროსთან დამაკავშირებელ არსებად გვევლინება. იგი არის მზისა და მთვარის ასულის მხლებელი, მისი რქების მეშვეობით შეიძლება ზესკნელში ასვლა, ირმის რძე და მისი წველა ღვთაებათა ხვედრია. ირემი ნადირთ ღვთაების ზოომორფული სახე უნდა იყოს. ამასთან იგი ნაყოფიერების ღვთაებასაც უკავშირედება. ირმის სიმბოლოს ერწყმის მცენარეული მოტივიც და სიცოცხლის ხის მოტივიც, თვალების აქცენტირება კი ასტრალურ კულტთან აკავშირებს.
ხარის კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული ადრებრინჯაოს ხანიდან. ამ პერიოდში მთელი კავკასიისათვის დამახასიათებელია სარიტუალო დანიშნულების რქისებრი და ნავისებრი სადგარები, რომელთა შესახებ სხვადასხვა აზრია გამოთქმული, მაგრამ უმეტესად მათ ხარის გამოსახულებად და ხარის კულტთან დაკავშირებულ ძეგლებად თვლიან. მეცნიერთა ნაწილი ხარს მთვარის `ნაწილიან~ არსებად მიიჩნევს. ხარის რქებს მთავარის სიმბოლოებად მიიჩნევდნენ (ჯავახიშვილი, 1979). სხვები მას უკავშირებენ სიცოცხლის ხეს. ქართულ ხალხურ წარმოდგენებში ხარის რქები და ხე იდენტური მნიშვნელობის მქონე საკრალური ობიექტებია. ხშირია ხარის გამოსახულებები არქეოლოგიურ ატრეფაქტებზე, გრაფიკულ ხელოვნებაში, კერამიკულ ჭურჭელზე. მისი სახეა მოცემული მრავალ ხალხურ ლექსსა თუ ზღაპარში.
ხარის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდა სხვა კულტებთან, კერძოდ მცენარეულ, ნაყოფიერების, ასტრალურ კულტებთან მჭიდროდ დაკავშირებული.
აღსანიშნავია მგლისა და ძაღლის კულტების არსებობა. ძველ ქართულ ტრადიციაში მგელი და ძაღლი ერთ სახეში ერთიანდება. მწევრები იგივდებიან ღვთაებათა მწევარ-მგლებთან. ქართულ კულტურულ ტრადიციაში ძაღლისა და მასთან ასოცირებული მგლის სიმბოლო მრავალ კონტექსტში ვლინდება: ციური ძაღლი — ელვის განსახიერება, წყლის ძაღლი, რომელიც მოიცავს რწმენა-წარმოდგენათა მთელ კმპლექსს, საიქიოს ძაღლი, მგელი, როგორც მთელი კოლექტივის სიმბოლო (რიტუალში აშანგელო, შაშანგელო), ძაღლის პარასკევი და ძაღლის ოთხშაბათი, ე. წ. ძაღლის უქმეები დღეობათა კალენდარში, მგლები მორიგე ღმერთის დამხმარენი და სხვ. (აბაკელია, 1997). `მწევართა და ლაშქართა კულტი იმდენად იყო განვითარებული, რომ მათ სახელზე საგანგებო დღეობებიც იმართებოდა. მათ სახელზე წარმოთქვამდნენ ხუცობასა და სადიდებელთაის~ (ბარდაველიძე, 1963).
თევზის კულტის არსებობაზე მიუთითებს მეგალითური კულტურის ძეგლები, რითაც მდიდარია საქართველო. მათ ვეშაპები ან ვეშაპოიდები ეწოდებათ. ამას გარდა, დღესაც შემორჩენილია წარმოდგენები წმნიდა წყლისა და თევზის (კალმახის) სამკურნალო ძალის შესახებ.
ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და მითოლოგიური მასალიდან ჩანს, რომ ცხოველთა კულტი (ძაღლი, მგელი, გველი, ირემი, ცხენი, თევზი) ცხოველთა მფარველ ნაყოფიერებისა და ასტრალურ ღვთაებებთან იყო დაკავშირებული.
მსოფლიოში არსებულ კულტთაგან ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანია ასტრალური კულტები, რაც ციურ მნათობთა თაყვანისცემასთანაა დაკავშირებული. მნათობთა თაყვანისცემა უძველეს ხანაში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი მიენიჭა სამიწათმოქმედო კულტურებში, მათ შორის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენებშიც. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ქართველების ღვთაებათა პანთეონს შეადგენდნენ ციური სხეულები ან მათი განმასახიერებელი ღვთაებები, მზე, მთვარე და ხუთი ვარსკვლავი (თოფჩიშვილი, 2006). საქართველოში არსებულ უძველეს რელიგიად მიიჩევდა მნათობთა თაყვანისცემას ლეონტი მროველიც: `და იქმნეს მსახური მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა სხუათა~. ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ მონაცემებში ასტრალურ სიმბოლოთაგან ფიგურირებს მზის, მთვარის და ვარსკვლავების სიმბოლოები, რომლებიც კარგის, კეთილის, ზოგჯერ სალოცავის მნიშვნელობის მქონეა. ხალხურ ლექსებში დიდი უბედურების, სიკვდილის მომასწავებელია მზე-მთვარის ჩასვლა (დაბრძანება). ქართული მითებისათვის დამახასიათებელია მზის, მთვარისა და სხვა მნათობთა პერსონოფიცირება: მთვარე — მამაკაცია, მზე — ქალი; ისინი ხან და-ძმად, ხან ცოლ-ქმრად ხან კი დედა-შვილად წარმოიდგინებიან. მზე ქართველთა უმაღლეს პანთეონში იყო ჩართული, ეს სოლარული კულტის მაღალ განვითარებაზე მიუთითებს. მზის კულტი დაკავშირებული იყო ცხოველურ ატრიბუტებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა `ნაწილიანი~ არსებების საკითხი. საქართველოში ადამიანების გარდა, მზის `ნაწილიანებად~ ითვლებოდნენ მამალი, ცხვარი, ირემი, ცხენი, ხარი, ძროხა, ლომი. სიტყვა “ნაწილი” ქართულ ლექსიკონებში განმარტებულია, როგორც `წილი თუ კერძი~ (ორბელიანი, 1966) ან `არშივი~ (ჩუბინაშვილი, 1961). აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობდა შვილის აღმნიშვნელი ტერმინი — `წული~. ამ სიტყვის ერთ-ერთი ფორმაა წილი, აგრეთვე _ ნაწილი. ტერმინი შეიცავს შვილის (ვაჟის ან ქალის) გაგებას, როგორც მშობლის ნაწილისა და წარმოადგენს შეხედულებას მშობელთა და შვილთა ერთგვაროვნობის შესახებ. ასტრალური რელიგიის განვითარების მაღალ საფეხურზე მოხდა უმაღლესი ღვთაებების ურიცხვი შვილების ანუ წილების გაჩენა. წილიანი ღვთაებების კულტი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სოლარულ კულტთან კავშირში, როცა მაღალ განვითარებას მიაღწია დიდი დედა ნანას კულტმა. როდესაც ასტრალური ღვთაებები წილის სახით ვლინდებიან, ისინი განიხილებიან როგორც ერთი, და ამავე დროს მრავალი, რის გამოც შეიძლება ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე ობიექტში მისთვის დამახასიათებელი რაიმე სპეციფიკური ნიშნით, ე. ი. `წილით~ ამ `წილის~ მატარებელ ადმიანებს ან ცხოველებს `ნაწილიანებს~ უწოდებენ. მათ სხეულზე `წილი~ — მანათობელი ნიშანია, რომელიც უპირატესად ბეჭზე ან ბეშჭებშუა უზით. ამ ნიშნის დანახვა უცხოს მიერ `ნაწილიანს~ დაღუპვას უქადის (სურგულაძე, 19865). ადამიანი შეიძლება `ნაწილიანი~ დაიბადოს ან შემდეგ იქცეს მის მატარებლად. `ამბობენ `ნაწილიან ბავშვს~ ღამით აკვანში მწოლარეს სახეზე ნათელი ადგებაო, იგი თურმე უჩვეულოდ ლამაზია, დედამ ასეთ ბავშვის დაბადება მაინცადამანც არ უხარია, რადგან იგი იშვიათ შემთხვევაში გაიზრდებოდა. თუ მის ნაწილიანობას დედაზე უწინ სხვა შეამჩნევდა იგი აუცილებლდ მოკვდებოდა~ (ცოცანიძე, 1987). მათ, აგრეთვე, ცხოვრებაშიც და სიკვდილის შემდეგაც გველები ეტანებოდნენ, რათა წაერთმიათ მისთვის `ნაწილი~. წილის ნიშანი, სავარაუდოა, ყოველ ცალკეულ ღვთაებას თავისი ჰქონოდა (სურგულაძე, 1986). მზის ღმერთის ნიშნები, ალბათ, მისი წრიული, ან ჯვრის სისტემის სიმბოლოები იქნებოდა. ნაწილიანებად ითვლებიან ქართული უძველესი მითიური გმირის ამირანის ძმები, რომელთაგან ერთს ბეჭებშუა მზის მსგავსი ნიშანი ჰქონდა, მეორეს კი ამავე ადგილას მთვარის მსგავსი ნიშანი აჩნდა (ჩიქოვანი, 1986). თავად ამირანიც მზიური არსებაა, რაჭული ვერსიით `შუბლმზიანი~, რომელიც `ყველგან მზის შუქს აყენებს~. მზისა და მთვარის ნიშნების ხსენება ასტრალური კულტის მაღალი განვითარების ანარეკლი უნდა იყოს.
ხოლო მზის ნიშნის მარჯვენა მხარეს დასმა — სოლარული კულტის უპირატესობაზე მეტყველებს., რადგან ცნობილია ქართველთა შეხედულება მარჯვენა მხარის სიწმინდისა და უპირატესობის შესახებ. `ნაწილიანებად~ უნდა მივიჩნიოთ არქეოლოგიურ ძეგლებზე სხვადასხვა სიმბოლოებით აღბეჭდილი ადამიანები და ცხოველები, ისინი სწორედ ღვთაებათა რჩეული, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული არსებები უნდა ყოფილიყვნენ, რაზეც მიგვითითებს მათ სხეულზე არსებული სიმბოლო-ნიშნები (სურგულაძე, 1986). საერთოდ, ცხოველთა სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოომორფული მოტივები ფართოდაა გავრცელებული. თავდაპირველად ამ მოტივებს მაგიურ-რელიგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. სამიწათმოქმედო მეურნეობაში განზოგადებული ხდება მსოფლმხედველობა, რომელშიც ჩართულია კოსმოგონიური, ციურ სხეულთა როტაციული მოძრაობისა და მოვლენათა ციკლების განმეორების პროცესის ამსახველი შეხედულებები. მართალია, ყველაფერი ეს შემოსილია მითური სამოსელით, მაგრამ უკვე სისტემად ყალიბდება წარმოდგენები ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ადამიანზე. ასეთი ნიშან-თვისებები ტოტემიზმის გაქრობისა და გარდაქმნის პროცესში აღმოცენდება და მიწათმოქმედებისა და მკვიდრი მოსახლეობის ხანაში გამყარდა ადამიანთა გონებაში. ყოველივე ეს ეხება სიმბოლიკის აღმოცენებას, საერთოდ და, კერძოდ, ზოომორფულ სიმბოლიკას, რომელმაც ადრემიწათმოქმედთა კერამიკაში მოიკიდა ფეხი და იშვიათი მრავალფეროვნებით აისახა ბრინჯაოს კულტურზე (სურგულაძე, 1986). ზოომორფული კოსმოგონიური სიმბოლიკა განვითარებული ჰქონიათ ქართველთა წინაპარ ტომებსაც. ეს აისახა ეთნოგრაფიულ, არქეოლოგიურ და ფოლკლორულ მონაცემებში. მზის სიმბოლოებად ითვლებიან: მწერებიდან — ობობა, ფრინველებიდან — მამალი, ცხოველებიდან — ირემი, ცხვარი, ცხენი, ძროხა, ხარი, ლომი. განვითარებული იყო მთვარის თაყვანისცემა. ლუნარული კულტიც ერთ-ერთი უძველეს კულტთაგანია. ყველგან სადაც ქართველებს უცხოვრიათ, მთვარის თაყვანისცემის კვალია შემორჩენილი. ამის გამო, მთვარის, როგორც ერთ-ერთი უზენაესი ღვთაების თაყვანისცემა ყველა ქართველი ტომის უძველეს რწმენად მიიჩნევა (ჯავახიშვილი, 1979). ასტრალური კულტი, ასევე, ცა-ღრუბლის ღვთაება, ჭექა-ქუხილისა და ელვის ღვთაებები, რომელნიც ამინდის გამგებლად ითვლებიან.
ქართული წარმართული პანთეონი იერარქიულია, უზენაესი ღმერთია მორიგე ღმერთი, მერე მოდიან კვირია, პირიმზე, უფრო დაბალ საფეხურზე არიან ე. წ. ღვთისშვილები, სხვადასხვა სახის სალოცავები და უფრო ქვევით კი _ ადგილის დედა და სხვა ადგილის, ტერიტორიების მფარველი სულები. არსებობენ, აგრეთვე, ავი სულებიც (დევები, ჭინკები და ა.შ.). ივ. ჯავახიშვილის მიერ დადგენილი პანთეონი ვ. ბარდაველიძის აზრით მიეკუთვნება ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენების ერთ-ერთ გვიანდელ საფეხურს., რადგან უფროს ღვთაებათა შვიდეულს წარმოგვიდგენს, რომელიც შვიდ მნათობს უკავშირდება და მთვარის კალენდრის თითო-თითო დღესთან იყვნენ დაკავშირებული (ბარდაველიძე, 1959). ასტრალურ ღვთაებათა პანთეონი თანმიმდევრული სარწმუნოებრივი სისტემის ნაწილს წარმოადგენს.
არსებობდა ორი რიგის ღვთაებები: უფროსი ანუ უმაღლესი და ადგილობრივი. უფროს ღვთაებებად მიაჩნდათ ღმერთი ანუ მორიგე ღმეთი, ქალ-ღვთაება მზე, იგივე მზე-ქალი ანუ დღედღესინდელი და კვირია. ადილობრივი ღვთაებებიც ორი რიგისა იყო: ჯვარი და ხატი და ღვთისშვილი (ბარდაველიძე, 1959). სალოცავები მთის მწვერვალებზე იყო. შემორჩენილია ჯვრის სახელით ცნობილი საკულტო ნაგებობები. ჯვარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ზეციურ არსებათა ამქვეყნიურ საბრძანისს წარმოადგენდა. ამავე სახელით მოიხსენიებიან ღვთაებები. ქართული მითოლოგიური გადმოცემების ძველი ფენაა ანდრეზები, რომლებიც ძირითადად ჯვარხატთა წარმოშობა-დაარსების ახსნას, საგმირო საქმეების ამსახველ და სხვა სიუჟეტებს შეიცავს. ასეთ გადმოცემებს “ჯვართ ანდრეზი” ეწოდება. ანდრეზში მოთხრობილია ღვთაების მიერ მთავარ სამკვიდრომდე მისვლამდე სხვადასხვა ადგილებში `კოჭის მოკიდების~ შესახებ, სადაც შემდეგ მისი სახელობის ნიშები არსდება (ოჩიაური, 20007). ჯვარ-ხატების უზენაეს ტრიადას წარმოადგენდნენ მორიგე ღმერთი, მზექალი და კვირია.
არსებულის გამგებელი. ღმერთი, რომელიც, მართალია, ზოგიერთ ფუნქციას ინაწილებს სხვა ღვთაებებთან, მაგრამ არსებითად ერთადერთია სამყაროში წესრიგის შემომტანი და მისი მცველი, ყოველივე არსებულის გამგებელი. იგი მეშვიდე ცაზე იმყოფება და მისი ნების გარეშე არაფერი არ წყდება მზის ქვეშაც და გარდაცვლილთა სამყაროშიც (ქრისტიანობის გავრცელების მერე ღმერთი იდენტიფიცირებულ იქნა მამაღმერთთან). მორიგე ღმერთის თანმხლები იყვნენ მწევრები, მგლები და იასაულები. ქალღვთაება მზექალი (დღედღესინდელი, ნანა, ბარბალე) მზის ფუნქციის მატარებელი სინათლის, ნაყოფიერების, ფურობის, მკურნალობის მფარველია. მისი თანმხლები არიან მზისმყოლი ანგელოზები, დობილები, ბატონები. ღვთისშვილთა შორის მთავარი ხმელეთის გამგებელი კვირია (კარვიანი, ხმელთმოურავი) სამართლიანობის, მიწიერი ცხოვრების და ოჯახის მფარველი იყო. კვირია აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით ღვთისშვილთა წინამდგომია. სალოცავებში ღმერთის შემდგომ მეორე ან მესამე ადგილას იხსენიება. მას საპატიო ადგილი ეკავა ღვთის კარზე, დანარჩენ ღვთისშვილთა შეკრებისას. კვირია ითვლება ერთადერთ ღვთაებად, რომელსაც ღმერთთან მისვლა შეეძლო და ეკისრებდა შუამავლობა დანარჩენ ღვთისშვილთა და უზენაესს შორის. კვირია უშუალოდ მართავდა ქვეყნიერებას უზენაესი ღვთაების მიერ დადგენილი წესით. მისი ეპითეტებია `ხმელთ მოურავი~, `კარავიანი~, `ღვთის კარზე მოარული~, `დიდი~, `ძალი ღვთისა~ და სხვ. სვანეთში კვირია აგრარულ ღვთაებად ითვლებოდა. განაგებდა ტაროსს, მიწის ნაყოფიერებას, ადამიანთა და ცხოველთა გამრავლებას. ხალხური გადმოცემით კვირია იხსენიება `წყლის ბერად~, `ცის მზედ~, `მიწად~, `ცისა და მიწის მონაწილედ~. მის სახელზე ადრესაგაზაფხულო დღეობათა მთელი ციკლი იმართებოდა, სადაც კვირია წარმოდგენილი იყო სქესობრივი ძალის მფარველად, ნაყოფიერების მამრობით ღვთაებად. დასავლურ ქართული მითების მიხედვით იგი ნაყოფიერების ფალიკური ღვთაებაა.
სხვა ღვთაებები _ ღვთისშვილნი (ბერი ბაადური, პირქუში, იახსარი, კოპალა) ლოკალური ღვთაებები იყვნენ. პირველი ღვთისშვილი, რომელიც მორიგემ მიწაზე გამოუშვა არის ბერი ბაადური., რომელიც თვით მორიგემ აღჭურვა მხედრულად და უბოძა თეთრი ბედის ბედაური, ბაადურს მწვანე სამოსი აცვია, თეთრი ქუდი ხურავს და მათრახი უჭირავს. იგი ადამიანების შემწე და შუამავალია. კოპალა წინაქრისტიანული სათემო ღვთაებაა აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. მისი ძირითადი სალოცავი იყო ფშავსა (სოფელი უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისსოფელი). კოპალას სალოცავები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილო ზოლში. კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რომლისთვისაც იახსართან ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება, მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსაა და სხვა ხორციელთა დაცვას ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით კოპალა, როგორც სათემო ღვთაება თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთისშვილებად მიაჩნიათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა განძს და ა. შ.
იახსარის კულტი გავრცელებული იყო ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ერწო-თიანეთში. მისი ხატი ქისტაურთა თემის მთავარ სალოცავად ითვლებოდა. საკულტო ცენტრი იყო ფშავში (სოფელი შუაფხო) ხშირად მოიხსენიება მითებსა და თქმულებებში, ლექსებსა და ბალადებში და სასულიერო ტექსტებში. სხვა ღვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციდან მოვლენად მიაჩნდათ შიბის, ჯვრის ან სვეტის სახით (`სვეტად ჩამოსული~). მას მიეწერება ფშავ-ხევსურეთში ავსულებთან (დევები, ქაჯები, ეშმაკები) შეურიგებელი ბრძოლა, საკუთარი საყმოს წევრებისა და მისი მავედრებელი უცხო მლოცველების მფარველობა. იახსარის დროშით ხევისბერები ცდილობდნენ სულით ავადმყოფისგან ბოროტი ძალების განდევნას, არაბუნებრივი სიკვდილით (ზვავში დაღუპულთა, მეხდაცემულთა, წყალში დამხრჩვალთა) `სულის გამოხსნას~ და ა.შ. პირქუში ფშავის საყმოთა მფარველი ღვთისშვილია, რომელიც ხორციელი დავიტ მგელაისშვილი ყოფილა, მჭედელი და სიკვდილის შემდეგ ღვთისშვილი გამხდარა. იგი დევებთან მებრძოლი, მჭედლების პატრონი და შთამაგონებელია. მისგან სწავლობენ სამჭედლო საქმეს. ამიტომაც მას ამგვარად იხსენიებენ: `დიდება შენთვის, პირქუშის წმინდაო გიორგიო, ახადის გორზე ბრძანებულო, რკინა-მახვილთა, ჯაჭვთა, პერანგთა მკეთებელო, ურჯულოთ დასალევადა ხმლებისა და ხანჯლების მკეთებელო~. პირქუშის ზედწოდებებია: `ლეკურთას მობურთალი~, `ცეცხლისალიანი~.
ღვთისშვილნი შუამავლის როლს ასრულებდნენ ადამიანებსა და მორიგე ღმერთს შორის. ღმერთის ნებას ღვთისშვილები მეენეებს ან ქადაგებს ამცნობდნენ, ეს უკანასკნელნი კი _ ხალხს. ღვთისშვილთა თანაშემწენი იყვნენ მექილიკენი, კეთილი ანგელოზები, მეყურადენი, ურჩნი და გველფერნი. სიზმარში გამოცხადებული ღვთის ნებით ხდებიან მკითხავებად, ქადაგებად, ხევისბერებად და ა.შ. სიზმარი, როგორც ღმერთთან, სალოცავთან ურთიერთობის საშუალება, გარკვეულ მნიშვნელობას იძენს სალოცავის მსახურთა არჩევაში. მას „მთიელთა რწმენის თანახმად ხატი აიძულებს დატოვოს ძველი ასპარეზი და ხევისბერად მოუხმობს. ჩვეულებრივ, ყოველივე სიზმრით გაცხადდებოდა“ (კანდელაკი, 1999). ეს განსაკუთრებით კარგად აისახება საქართველოს მთიანეთის ყოფაში. სალოცავი თავად ირჩევს თავის ყმებს და რათა ეს არჩევნი ნათელი გახდეს რჩეულისა და საზოგადოებისათვის ამიზეზებს მას. სალოცავის მიერ დამიზეზებულებს, დამონებულებს, შეპყრობილებს, დაჭერილებს და ა.შ. უწოდებენ. მათ თითქმის ერთნაირი გზის გავლა უხდებათ საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე. საერთოდ, დამიზეზება სხვადასხვა სახის დაავადებაში, ხილვებში, წინასწარმეტყველურ სიზმრებში, ნერვულ გამოვლინებებში, სულიერ ტანჯვაში, ზოგჯერ კი დასჯის მიზნით მატერიალურ ზარალშიც ვლინდება. ასეთი კანდიდატი „ჯერ უგუნებოდ ხდება თურმე, ხშირად ბოდავს და ძილში მას ხატები ელანდება. ბოლოს ის მკითხავთან მიდის მიზეზის გასაგებად; მას მკითხავი ეტყვის, ხატმა ხუცად გინდომაო.“ (მაკალათია, 1984), ან თავად სალოცავი გამოუცხადებს თავის ნებას ისევ სიზმრებში. თუ რომელი სალოცავის მიერაა იგი არჩეული, ამასაც ძირითადად ფთილების, სიზმრების, ჰალუცინაციების მეშვეობით გებულობს (აბაკელია 1982).
ნ. მინდაძეს დამოწმებული აქვს ფშაველი ხევისბერის პეტრე კუწაშვილის (სოფ. მუქო) მონათხრობი, თუ როგორ ამიზეზებდა ხატი და ამის სხვადასხვა გამოვლინებების გვერდით სიზმრითაც ანიშნებდა, რომ არჩეული ჰყავდა: „სიზმარში ვხედავდი, რომ ხატში როცა მივდიოდი, ხევისბერები უკან იხევდნენ და საქმეს მე მაკეთებინებდნენ“ (მინდაძე, 1981). მრავალი მსგავსი მაგალითია დამოწმებული ქართველ ეთნოგრაფთა შრომებში. სიზმარი ყველგან კვანძის გამხსნელის ფუნქციას ასრულებს. იგი ხდება ახალი ყოფის დაწყების მიზეზი და სხვა შემთხვევებში ისევ მისი მეშვეობით ხდება სალოცავის ვალისაგან განთავისუფლება, მაგალითად, სალოცავისათვის კურატად შეთქმული თავისი მსახურობის ვადის გათავებას სიზმრის (ანდა ქადაგის) მეშვეობით იგებდა. ღვთაებათა უფროს და უმცროს ჯგუფში გაბატონებული იერარქია, რომლის მიხედვითაც ისინი პანთეონში მრავალსაფეხურიან კიბედ იყვნენ ჩამოყალიბებული, და რაც მთავარია, ის, რომ ადგილობრივ ღვთაებათა სამყაროში უფროს-უმცროსობით განწესება მათი მეტ-ნაკლები ძლიერებით განისაზღვრებოდა, ხოლო თვითონ ეს ძლიერება კი შესაბამისი თემის მრავალრიცხოვნობით, ეკონომიური შესაძლებლობითა და თავისი ღვთისშვილის სამსახურისათვსი მზადყოფნით და უნარით იყო განპირობებული — ყველა ეს ამ რელიგიურ რწმენათა შემქმნელი საზოგადოების მკვეთრ ქონებრივ დიფერენციაციაზე მიგვითითებს (ბარდაველიძე, 1960).
სწამდათ, რომ ყველაფერს ჰყავდა მფარველი ანგელოზი (ადგილის დედა), თაყვანს სცემდნენ წყლის, მიწის, ღვინის მფარველ ღვთაებებს. ადგილის დედა ადგილის მფარველი ანგელოზია, რომლის რწმენაც მთელ საქართველოშია გავრცელებული. იგი ძირითადად ქალის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა ზოგან მამაკაცური სახე აქვს. ადგილის დედა პატრონობს ადგილს, ადევნებს თვალყურს მოსავლიანობას, წველადობას, რძის შედღვებას და სხვ. მასთან მიაქვთ შესაწირავად პატარა გულიანი ქადები, სანთლები და შესთხოვენ ბარაქიანობას. ხშირად ადგილის დედა გველის სახეს იღებს, როცა სურს ადამიანს ეჩვენოს. გველი, რომელიც მას განასახიერებს, სახლის საძირკველში იდებს ბინას და რძეს გამოუდგამენ ხოლმე. არათუ მის მოკვლას, მის დაფრთხობასაც ერიდებიან. მისი სიკვდილი ოჯახის ამოწყვეტას ნიშნავს. ადგილის დედას უკლავენ პირველმოგებულ ხბოს და ციკანს. სწამდათ ბოროტი სულების (დევები, ქაჯები, ჭინკები, ალები) არსებობაც. მავნე სულების მეუფეს ხევსურეთში `კარატის ხატი“ ჰქვია. მას ექვემდებარებიან ალები, ქაჯები, მაჯლაჯუნები და სხვ მავნე სულები. რომლების ადამიანს სხვადასხვა სახით გამოეცხადებიან ხოლმე: ხან ღორის, ჯოჯოს, ხვლიკის და ბევრჯერ ბავშვის სახითაც (ჯავახიშვილი, 1979). დევები, იგივე დევ-კერპნი ბოროტ ძალებს განასახიერებენ ქართულ მითოლოგიაში. ქართულ ზღაპრებში დევები ადამიანის მსგავსი ფანტასტიკური არსებაა, ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი, ბევრ ზღაპარში ისინი გონებაჩლუნგ არსებებად არიან გამოყვანილი. ალი წყლის არსებაა. იგი თმაგაშლილი მშვენიერი ქალის სახით ეჩვენება მამაკაცს, იზიდავს მას, წყალში იტყუებს და ახრჩობს. ქაჯი დიდი ტანის, ბალნიან, კლანჭებიან მამრობითი სქესის არსებად წარმოიდგინება. ჭინკებიც ასეთივე, მგარამ დაბალი არსებებია. ისინი ტყეში ცხოვრობენ. ავსულებს განეკუთვნებიან კუდიანებიც. მათ ცხოველებად ქცევა შეუძლიათ და ღამით ნავარდობენ. კუდიანების უფროსია როკაპი. კულტმსახურებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ადამიანისა და პირუტყვის გამრავლებისათვის გამიზნულ ფალიურ მოქმედებებს, წრიულ ფერხულებსა და უწყვეტ ორპირულ (ორგუნდიან) სიმღერებს. რიტუალურ ქმედებებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიწათმოქმედების პროდუქტებს, კერძოდ, სასმელს (ლუდს, ღვინოს), ასევე ხორცეულს (სამსხვერპლო ცხოველი) და რძის პროდუქტებს. არსებობდა რიტუალური პურობა, რიტუალური საჭმელი. ბუნების ძალთა გამოსაღვიძებლად და გვალვა-დელგმის საწინააღმდეგოდ მიმართავდნენ მაგიურ-რიტუალურ ქმედებებს (კოხინჯრობა, გონჯაობა, ლაზარობა). საწესო რიტუალები სრულდებოდა თესვის, ხვნის დაწყების, ცხვრისა და საქონლის გადარეკვის წინ.
საქართველოში დღემდეა შემორჩენილი საკულტო-მითოლოგიური სიმღერები და მათი შესრულების ტრადიცია (მაგალითად ოდოია _ ღვთაება ოდისადმი მიძღვნილი ჰიმნი. სრულდებოდა სამეურნეო სამუშაოებისას (თოხნისას), ითხოვდენენ მოსავლის დაბედებასა და ადამიანთა კეთილდღეობას) (ოკუჯავა, 2000).
ქართველთა პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანების პანთეონი არმაზის, ზადენის, გაცის, გასა და ქალღმერთ ნანასგან შედგებოდა. თითოეულ მათგანს თავისი დღესასწაული ეძღვნებოდა და თითოეულისთვის განსხვავებული საკულტო რიტუალი სრულდებოდა. საისტორიო ტრადიციის მიხედვით აზოს გაცისა და გაიმის კულტები შემოუღია და მათი კერპები აღუმართავს. ფარნავაზმა სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად რელიგიურ რეფორმებიც ჩაატარა და სახელმწიფო რელიგიად არმაზის კულტი გამოაცხადა. მან ამ ღვთაების კერპი არმაზის მთაზე აღმართა. სხვადასხვა თემის ქართველებმა არმაზის კულტი მიიღეს. უცხო არმაზის კულტის მიღება იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ არ მოხდა რომელიმე თემის უპირატესობის წარმოჩენა მისი ღვთაების უზენაესობის აღიარებით. მეფე საურმაგს აინინასა და დანინას კერპები აღუმართავს, ხოლო ფარანჯომს _ ზადენი. არმაზი და ზადენი ქართლის დიდი ღმერთები, ნაყოიფიერების ღვთაებები იყვნენ. გაცი და გაიმი უფრო მეტად სოციალური ფუნქციის მატარებელი იყვნენ (თოფჩიშვილი, 2000).
ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო საოჯახო, საგვარეულო კულტები, საუბნო, სასოფლო, სათემო, სახევო, რეგიონალური სალოცავები (ღვთაებები). ლეონტი მროველის მიხედვით არმაზი, ზადენი, გაცი და გაიმი იყვნენ `ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობლელნი, მზისა მომფენელნი, წვიმისა მომცემელნი და ქვეყნის ნაშობთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი არმაზ, ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამმძიებელნი, ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი, გაცი და გაიმ — იგინი იყვნენ სარწმუნებელად კაცთა მიმართ~. ფარნავაზმა არმაზის კერპი მცხეთასთან ახლოს აღმართა (შემდგომ არმაზის მთა). ეს იყო სპილენძისგან გამოქანდაკებული მებრძოლი, ოქროს პერანგითა და ჩაფხუტით, ხელში ხმლით. არმაზის კულტი ქართლში ძვ. წ. ჳვ საუკუნიდან ვრცელდება. ტრადიცია არმაზს ცეცხლთაყვანისმცემელთა ღმერთს — ითრუჯანს (ითრუშან, ატრუშან) უპირისპირებს. `ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან~ (ქც 1955: 91, 92). უარყოფილია ისტორიოგრაფიაში ერთხანს გავრცელებული შეხედულება, თითქოს არმაზის კულტი აჰურამაზდას უკავშირდებოდა. ამჟამად გავრცელებული შეხედულებით არმაზი ხეთურ-ნესიტური წარმოშობისაა და ხეთური მთვარის ღმერთის უძველესი სახელიდან (არმ — არმაშ, არმას) მომდინარეობს. არმაზის გვერდით იდგნენ გაცი და გა (გაიმ). ზადენის გორაზე აღმართეს ზადენის კერპი. არსებობს მოსაზრება, რომ ზადენი მცირეაზიურ-ხეთური წარმოშობისაა. უკავშირებენ ლუვიური ღვთაება სანთას (სანდონის) სახელს და მიაჩნიათ, რომ მისი თაყვანისცემა მცირე აზიიდან ქართლში მოსულმა მესხურმა ტომებმა მოიტანეს. აინინა და დანინა ქალღმერთ ნანას უკავშირდება. იგი ნაყოფიერების, ბუნების კვდომა-აყვავების მფარველი იყო. ის სოლარულ კულტთანაა კავშირში. მათ ეძღვნებოდათ განსხვავებული საკულტო რიტუალის მქონე დღესასწაულები. გა დედამიწის მფარველი და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო. დღემდეა შემორჩენილი სვანეთში საკულტო სიმღერა გა, რომელსაც ასრულებენ ღვთაებისათვის ნაყოფიერების სათხოვნელად და სრულდება ოჯახში რძლის შემოყვანისას, რათა გამ მას მრავალი შვილი მისცეს. მწირი ცნობები მოგვეპოვება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული წარმართული პანთეონის შესახებ.
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მოხდა ადგილობრივი ღვთაებებისა და კულტების ქრისტიანულ წმინდანებთან სინკრეტიზაცია.

სტატიის ავტორი – ქეთევან ხუციშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბილისი, 2010წ.



წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий