წმ. თეოფანე დაყუდებული არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ
ავტორი: Zaza Osmanov
დღეს ასტრონომიაში და განსაკუთრებით ისეთ თანამედროვე მულტიდისციპლინარულ დარგში, როგორიც ასტრობიოლოგიაა სრული სერიოზულობით მიდის მსჯელობა სიცოცხლის არსებობის შესახებ დედამიწის გარდა, სამყაროს სხვა ადგილებშიც. ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ საიტზე მსგავსი კითხვით მოგვმართეს და მეორე მხრივ, სავსებით ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კითხვები მორწმუნე საზოგადოებაშიც არსებობს, გვსურს წარმოგიდგინოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენლის წმინდა თეოფანე დაყუდებულის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ მისი თვალსაზრისი მეტწილად ძალიან მეცნიერული მიდგომით ხასიათდება, რის გამოც ინტერესი ამ წერილის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ წმ. თეოფანე პასუხობს მის სულიერ შვილს, რომელმაც სავარაუდოდ კითხვით მიმართა მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით [1].
ექსკლუზიურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა
მზად ვარ დიდი სიამოვნებით გიპასუხოთ რამდენიმე სიტყვით, თქვენი გაუგებრობის განსაქარვებლად.
თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ყველა ციური სხეული დასახლებულია გონიერი არსებებით და მსგავსად ჩვენდა ბოროტებისკენ მიდრეკილების გამო (რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ როგორც დაცემულები) საჭიროებენ ხსნას და მათთვისაც ხსნის საშუალება ერთია: ქრისტე ღმერთის სიკვდილისა და აღდგომის გასაოცარი განგებულება. ამ თქვენი აზრებიდან გამომდინარეობს აუხსნელი გაოგნება: როგორ შეეძლო უფალ იესო ქრისტეს მათი მხსნელიც ყოფილიყო? ნუთუ მას შეეძლო თითოეულ ამ სამყაროთაგანში განხორციელება, წამება და სიკვდილი? ამ საკითხის მოგვარების უუნარობა აშფოთებს და არყევს თქვენს რწმენას, ჩვენი ხსნის განგებულების ღვთაებრიობაში.
ასეთი აზრები რომ გაშფოთებენ – ეს საკუთრივ თქვენი ბრალია და არა აზრების. ეს აზრები – ოცნებათა ჯაჭვია, სადაც არაფერია უეჭველი, ხოლო განგებულება ხსნისა, უეჭველად სწორია, რომელმაც დაამტკიცა და მუდმივად ამტკიცებს საკუთარ ღვთაებრიობას. ნუთუ შეიძლება დავუშვათ, რომ ეს საყრდენი შეარყიონ მეოცნებე ვარაუდებმა?
თუმცა თქვენ თავიდანვე გჯერათ, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის და მართალია ეს პოზიცია ბოლომდე აზრს მოკლებული არაა, – ის მაინც ვარაუდის ფარგლებს არ სცილდება. ძალიან სავარაუდოა, რომ იქ არიან მაცხოვრებლები – მაგრამ ეს მაინც ვარაუდია. უფლება არ გაქვთ თქვათ „არიან“, იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით საქმით, რომ მართლაც არიან. ამის შესახებ აზრის უფრო სწორად გამოხატვისას მე ვამბობ ასე: სავარაუდოდ არის, თუმცა შეიძლება არც არის. ზღვაოსანი უახლოვდება კუნძულს: ყველაფერი მიანიშნებს, რომ იქ არიან მაცხოვრებლები, – მაგრამ გადადის კუნძულზე და ვერაფერს ხედავს. რა საჭიროა ზღვაოსნები, გონებით გადადით ადრეულ ხანაში, როდესაც ადამიანები ჯერ არ იყვნენ ასე გამრავლებულნი: თითქმის ყოველ ნაბიჯზე თქვენ წააწყდებოდით ადგილებს ადამიანთა დასახლებულობის თითქმის უტყუარი ნიშნებით, თუმცა მაცხოვრებლები არ იყვნენ არსად. ასევე ციურ სხეულთა შესახებ ძალიან ბევრია ნიშანი, თითქოს ისინი დასახლებულნი არიან. რა არის გასაკვირი იმაში, თუ ისინი ჯერ ელოდებიან თავის მაცხოვრებლებს, ან ისინი არც არასოდეს იქნებიან იქ: ვინ იცის რა სურს უფალს მათთვის! საჭიროა იქ ყოფნა, ნახვა და საქმით გადამოწმება – მაშინ, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, თუ რა „არის“, ხოლო ამის გარეშე არ შეიძლება მეტის თქმა, გარდა – „შესაძლებელია“. მაგრამ ის რაც „შესაძლებელია“ არ უნდა დავუპირისპიროთ იმას, რაც ფაქტობრივად დანამდვილებით „არის“.
დავიცვათ ჭეშმარიტება მოგონილი ვარაუდისგან, იგივეა, რაც მოჩვენებებთან ბრძოლა. სწორედ ამიტომ თქვენ ვერცერთ სოლიდურ საღვთისმეტყველო წიგნში ვერ იპოვით თქვენეული საწინააღმდეგო პოზიციის უარყოფას. ღვთისმეტყველებს გონივრულად არ მიაჩნდათ ოცნებათა უარყოფა. ახლა პოლონური აჯანყება. თქვენ მეთაურობთ რაზმს, უახლოვდებით ტყეს, გესმით ხმაური, ალაგ ალაგ ხედავთ კვამლს და ადამიანებს ნაჯახებით ხელში. აშკარაა, რომ აქ მეამბოხები არიან. თუმცა, თუ გაურკვეველი მიზეზით, თქვენ დაიწყეთ სწორი შეტევა, – ამისთვის არავინ შეგაქებთ. შესაძლოა თქვენ თავს დაესხით ხის მჭრელ მშვიდობიან მოსახლეობას. თქვენ წინასწარ უნდა დარწმუნდეთ, რომ იქ მეამბოხეები არიან, დაზვეროთ მათი რაოდენობა და ადგილსამყოფელი, – და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ მათ წინააღმდეგ. რატომ უნდა ჩაერთოთ ბრძოლაში, როცა არის არა რეალური, არამედ მოჩვენებითი თავდასხმა?
ასევეა აქაც: ჯერ ცხადი გახადეთ, რომ ციურ სხეულებზე არიან მაცხოვრებლები, და მაშინ დავიწყებთ ჩვენი წმინდა რწმენის საწინააღმდეგოდ აქედან გამომდინარე ყველა დებულების უარყოფას.
ვინაიდან პლანეტებზე მცხოვრებთა არსებობა მხოლოდ შესაძლებელია, ხოლო შესაძლებლობის არე განუსაზღვრელია, ამიტომ ოცნების მოყვარულებს მათ შესახებ ეხსნებათ დიდი არეალი. აი თქვენც, ისე, რომ ვერც კი შეამჩნიეთ ისე გადავარდით ოცნებებში, როგორც კი ვარაუდს მიეცით ფართო გზა. დაუშვით, რა, რომ სხვა პლანეტებზე არიან გონიერი არსებები, თქვენ იწყებთ მათი ყოფის აღწერას, მაშინ როცა არ გაქვთ არანაირი მონაცემი. თქვენ უნდა გაჩერებულიყავით არსებობის ვარაუდზე, რომლის შესახებაც არის მინიშნებები და უნდა გეთქვათ, რომ ამის იქით წასვლა შეუძლებელია მონაცემთა ნაკლებობის გამო; თქვენ კი წახვედით უფრო შორს. ცნობისმოყვარე სული მოსვენებას არ გაძლევდათ და გაგიტაცათ. მაგრამ თუნდაც ასე იყოს – ჯერ დიდი უბედურება არაა – იოცნებო, მაგრამ დაჰყვე ოცნების გავლენას – საშიშია. ყოველ შემთხვევაში სწორად უნდა მიგემართათ საკუთარი ოცნებები. თქვენთვის გეთქვათ მაგალითად ასე: პლანეტებზე გონიერ ქმნილებათა არსებობა ძალიან სავარაუდოა, ვინ არიან ისინი და როგორ არიან იქ?…ამის გადაწყვეტისას თქვენ უნდა მოგეფიქრებინათ სხვადასხვა მოსაზრება და არ უნდა გაჩერებულიყავით არცერთზე, არამედ ერთიც, მეორეც და მესამეც დაგეშვათ სავარაუდოდ, ვინაიდან რომელიმე ერთზე გასაჩერებლად არ არის არანაირი საფუძველი. თქვენ კი აიღეთ ერთი მოსაზრება, დაგვესესხეთ რა ჩვენ და დარჩით მასზე. ჩვენთან იყო დაცემა – ამიტომ იქაც იყო, ჩვენ ვართ ცოდვისადმი მიდრეკილნი – ამიტომ ისინიც; ჩვენ გვჭირდება ხსნის განგებულება – სჭირდებათ მათაც; ჩვენთან მხოლოდშობილმა ძე ღვთისამ კეთილინება განკაცებულიყო – ამიტომ იქაც მისაღებია ხსნის მხოლოდ ეს საშუალება.
თქვენს დაშვებებში უნდა წასულიყავით ასე: დავუშვათ, რომ არსებობენ გონიერი მაცხოვრებლები სხვა პლანეტებზე; მაშ როგორ არის, დაიცვეს მათ მცნებები, იყვნენ ღმერთისადმი მორჩილნი, თუ გადაუხვიეს მცნებებს და გახდნენ დაუმორჩილებლები? თქვენ ვერ იტყვით ვერც ერთს და ვერც მეორეს; მე კი მგონია, რომ ან შესცოდეს, ან არ შესცოდეს, ვინაიდან ჩვენი პირველი წინაპრებისთვისაც ცოდვა არ იყო აუცილებლობა არამედ მათ თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული. ისინი დაეცნენ თუმცა შეიძლებოდა რომ არც დაცემულიყვნენ. ასევე სხვა პლანეტების მაცხოვრებლებიც: შეეძლოთ მცნებების დაცვა და შეიძლება ვერც შესძლეს. თუ მათ დაიცვეს, მაშინ თავისთავად ვწყვეტთ ყოველგვარ ოცნებას მათი ხსნის საშუალებების შესახებ: ისინი იმყოფებიან ღმერთთან და ანგელოზებთან პირველქმნილ კავშირში და არიან ნეტარებაში, იმყოფებიან რა იმ მდგომარეობაში, რომლის იმედი ჩვენც გვაქვს აღდგომისას. თუმცა თქვენ მათი დაცემა აღიარეთ უტყუარად და გაჰყევით ამ ლოგიკას. კარგით, დავუშვათ, რომ იქაც იყო დაცემა; მაგრამ, როდესაც არ ვიცით მათი ცოდვის ხარისხი შეგვიძლია რაიმეს თქმა განახლების საშუალებებისა და მათი ხსნის შესახებ? შესაძლოა მათი ცოდვა იმდენად მცირეა, რომ გამოსწორების მარტივი ფორმა ეყო; ხოლო შესაძლოა იმდენად დიდია, რომ საქმის გამოსწორების ყოველგვარ საშუალებას გამორიცხავს. მაგალითს ვხედავთ ბოროტი სულების სახით. ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა მიგეღოთ მხედველობაში და მაინც არ უნდა დაყრდნობოდით არცერთს, ვინაიდან თითოეული მათგანი მხოლოდ შესაძლებლობაა.
და ბოლოს, აღდგენის საშუალება თქვენ ერთი გაქვთ: ღმერთის განკაცება, მისი ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენთანაც ხსნის განგებულება იყო ღვთიური სახიერების თავისუფალი არჩევანი და არა რაიმე იძულებითი აუცილებლობა. ჩვენთან ხსნის განსაკუთრებული ფორმა შეგუებულია გარემოებებთან: და მაინც არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აუცილებელი აქტი იყო. ღმერთთან სიბრძნის უფსკრულია. ეკლესია გალობს: მოხვედი ქალწულისგან, არა შუამავალი, არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი განხორციელებული. შესაბამისად შუამავლისთვისაც და ანგელოზისთვისაც შესაძლებელი იყო, რომ ისინი ყოფილიყვნენ მხსნელები. ჩვენთან თავად უფალმა ინება განხორციელება; იქ კი შესაძლოა ხსნა აღასრულა შუამავალმა, ანგელოზმა ან კიდევ ვინმე სხვამ. თუ შეეცდებით გაიაროთ ოცნებათა მთელი ეს ჯაჭვი, მაშინ ცხადია მიხვალთ კითხვამდე: ნუთუ იქაც შესაძლებელია ხსნა უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით? ნუთუ იქაც განხორციელდა ის? თუ ამ საკითხის გადაწყვეტა რთულია, მაშინ აღიარეთ დაცემულთა აღდგენის სხვა საშუალების მართებულობა; ხომ არ არსებობს არანაირი აუცილებლობა რომ რომელიმე ერთზე ვიდგეთ, ჩვენს ნებაში გონებრივად შევჩერდეთ ერთ ან მეორე ვარაუდზე. მაგრამ ამავე დროს გონებაში გახსოვდეთ, რომ ყველა ეს ვარაუდები – ოცნებებია, სადაც არაფერი არაა უეჭველად ჭეშმარიტი. შესაბამისად, წმინდა რწმენის საწინააღმდეგოდ ასეთი აზრებიდან გამომდინარე წინააღმდეგობა, რომელიც დაფუძნებული იყო რეალურ ფაქტებზე, შეუძლებელია განხორციელდეს. პირველ რიგში თქვენ მიდით და შემდეგ ჩვენც მიგვიყვანეთ ჭეშმარიტების და სხვა პლანეტებზე მაცხოვრებელთა მდგომარეობის შესახებ სწორ შემეცნებამდე და მაშინ თქვენთან ერთად ჩვენც შევუდგებით მათი ხსნის საკითხის გადაწყვეტას; მაშინ, თუ თქვენ გექნებათ ჩვენი საწინააღმდეგო არგუმენტი, – ეს იქნება საქმიანი არგუმენტი, რომლის უარყოფის შესახებ საუბარიც უკვე ღირს; აქამდე კი – რატომ შევიწუხოთ თავი?
თქვენ მიიღეთ და შეჩერდით აზრთა მსვლელობის ამ ერთ მიმართულებაზე; თუმცა ისინი შეიძლება უამრავია. დაუშვით რა სხვა პლანეტებზე გონიერ არსებათა არსებობა, თქვენ თვლით რომ ისინი იქაც შექმნილნი არიან; მაგრამ შესაძლოა არც არიან შექმნილნი, არამედ გადატანილნი არიან სწორედ დედამიწიდან? დედამიწა განსაზღვრულია, რომ იყოს ყველა სხვა პლანეტისთვის სიცოცხლის კერა. როგორც დედამიწაზე თავდაპირველად ერთი ადგილიდან ადამიანები გადასახლდნენ დედამიწის ყველა დასახლებულ ქვეყანაში, ასევე დედამიწიდან ყველა ციური სხეული ივსება მაცხოვრებლებით. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა (იო. 14.2). რატომ არ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სავანეები ციური სხეულებია? რატომ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ადამიანები სიცოცხლის შემდეგ ცხოვრობენ ამა თუ იმ პლანეტაზე, ამა თუ იმ მზეზე და საშინელი სამსჯავროს დროს სამუდამოდ დარჩებიან იქ საკუთარი სხეულებით? მითხარით: საიდან ასეთი დიდი პატივი პატარა დედამიწას? ღმერთისთვის ქმნილებებში არაა არც დიდი არც პატარა. მას ყველა თავისი ქმნილება უყვარს და ყველა მათთვის ერთნაირად ზრუნავს. თუ მან ინება, რომ რომელიმე პლანეტაზე იყოს სიცოცხლის კერა, მაშინ მისთვის სულ ერთია, რომელი პლანეტა აირჩიოს ამისთვის. და რომელი სხეულიც არ უნდა აიღოთ, დარჩება კითხვა: ის რატომ არის არჩეული? ვინაიდან მთელ სამყაროსთან შედარებით ნებისმიერი მათ შორის იქნება არაფერი. ასეთი ვარაუდის საწინააღმდეგოდ არაფრის თქმა არ შეგვიძლია.
შემდეგ, დაუშვით რა სხვა პლანეტებზე მცხოვრებთა არსებობა, არაფერი არ უშლის ხელს დაუშვათ, რომ ისინი დარჩნენ საღვთო ნებაში, თავი შეინახეს სიწმინდეში, არ დაურღვევიათ ღვთის მცნებები და არ აღმდგარან ღმერთის წინააღმდეგ, როგორც ეს ჩვენს პლანეტაზე მოხდა. ამბოხდა მხოლოდ დედამიწა, ხოლო დანარჩენი სამყაროები დარჩნენ სრულიად მშვიდნი. მაგრამ ღმერთმა, რომლისთვისაც ყოველი ქმნილება ძვირფასია, არ დაგვტოვა, არამედ შემოგვთავაზა ჩვენი აღორძინების ხერხი, რომლის რწმენით მოწიწებით მიღებისას ჩვენი ხსნა ხორციელდება. იგავში მწყემსი მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტ ცხვარს და მიდის ერთის მოსაძებნად… მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ვინაიდან დედამიწის მიმართ ასეთი ზრუნვაა, სხვა სამყაროები მივიწყებულია და რომ ჩვენთან აღსრულებულის შემდეგ, იქ გასაკეთებელი არაფერი იქნება. ქმნილების მიზანი ღვთის დიდებაა ან ღმრთეების უსაზღვრო სრულყოფილების გამოცხადება. ჩვენთან ესენი გაცხადებულია ხსნის განგებულებაში, ხოლო სხვა პლანეტებზე ესენი ხორციელდება სხვა მეთოდებით. თუ დავუშვებთ გონიერ ქმნილებათა ყოფიერების და ნეტარებაში მათი ზრდის სხვა ფორმებს, მაშინ უფრო პირდაპირი გზა იქნებოდა გვევარაუდა ხარისხის შენარჩუნება და ნეტართა ნათელი მდგომარეობა.
და თუნდაც დაეცნენ. არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, რომ მათ აუცილებლად სჭირდებოდათ განკაცება, რათა ის აღსრულებულიყო თითოეულ პლანეტაზე. განკაცება და გამომსყიდველი მსხვერპლი ჩვენ გვიხსნის მათი რწმენით მიღებით. რატომ არ დავუშვათ, რომ დედამიწაზე აღსრულებულმა გამომსყიდველმა მსხვერპლმა სასიკეთოდ იმოქმედა სხვა პლანეტებზეც? რატომ არ დავუშვათ, რომ იქაურმა გონიერმა არსებებმა ის მიიღეს რწმენით და ასეთი გზით გადარჩებიან? უფალს არ შეიძლება ნაკლებობა გააჩნდეს რწმენის უწყებისა და განხორციელების საშუალებებში: ანგელოზნიც კი არსებობენ, რომელნიც მსახურებად იგზავნებიან ხსნის მსურველთათვის. ყველა პლანეტა ერთმანეთთან იმყოფება ჩვენთვის უხილავ კავშირსა და ურთიერთგავლენაში. არ შეიძლება დავუშვათ, რომ მათგან რომელიმე ამოვარდნილია ამ კავშირიდან. თუ არსებობს ასეთი კავშირი ფიზიკური – რატომ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებობს ზნეობრივიც? თუ ფიზიკური თვალსაზრისით ერთი სხეული გავლენას ახდენს ყველა დანარჩენზე, ვისთანაც იმყოფება კავშირში, მაშინ რატომ არ შეგვიძლია იგივე ვივარაუდოთ ზნეობრივთან დაკავშირებით?
აი ყოველივე ის, რაც თავში მომივიდა თქვენს დასაწყნარებლად; თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სავარაუდო აზრებია, რომელთა გარეშე არათუ შეგვიძლია, არამედ უნდა მოვახერხოთ კიდეც ყოფნა. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ (შეად. 1 კორ. 13.12). ზედმეტს ნუ ეძებ, ამბობს ბრძენთა ბრძენი; „რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ; რადგან დაფარული არ გჭირდება. რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება. (შეად. ზირ. 3.21,22,23).
ბიბლიოგრაფია
- Святитель Феофан Затворник. Собрание писем. Из неопубликованного. С. 452–457
წყარო
ექსკლუზიურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა
თუმცა თქვენ თავიდანვე გჯერათ, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის და მართალია ეს პოზიცია ბოლომდე აზრს მოკლებული არაა, – ის მაინც ვარაუდის ფარგლებს არ სცილდება. ძალიან სავარაუდოა, რომ იქ არიან მაცხოვრებლები – მაგრამ ეს მაინც ვარაუდია. უფლება არ გაქვთ თქვათ „არიან“, იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით საქმით, რომ მართლაც არიან. ამის შესახებ აზრის უფრო სწორად გამოხატვისას მე ვამბობ ასე: სავარაუდოდ არის, თუმცა შეიძლება არც არის. ზღვაოსანი უახლოვდება კუნძულს: ყველაფერი მიანიშნებს, რომ იქ არიან მაცხოვრებლები, – მაგრამ გადადის კუნძულზე და ვერაფერს ხედავს. რა საჭიროა ზღვაოსნები, გონებით გადადით ადრეულ ხანაში, როდესაც ადამიანები ჯერ არ იყვნენ ასე გამრავლებულნი: თითქმის ყოველ ნაბიჯზე თქვენ წააწყდებოდით ადგილებს ადამიანთა დასახლებულობის თითქმის უტყუარი ნიშნებით, თუმცა მაცხოვრებლები არ იყვნენ არსად. ასევე ციურ სხეულთა შესახებ ძალიან ბევრია ნიშანი, თითქოს ისინი დასახლებულნი არიან. რა არის გასაკვირი იმაში, თუ ისინი ჯერ ელოდებიან თავის მაცხოვრებლებს, ან ისინი არც არასოდეს იქნებიან იქ: ვინ იცის რა სურს უფალს მათთვის! საჭიროა იქ ყოფნა, ნახვა და საქმით გადამოწმება – მაშინ, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, თუ რა „არის“, ხოლო ამის გარეშე არ შეიძლება მეტის თქმა, გარდა – „შესაძლებელია“. მაგრამ ის რაც „შესაძლებელია“ არ უნდა დავუპირისპიროთ იმას, რაც ფაქტობრივად დანამდვილებით „არის“.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий