четверг, 29 августа 2013 г.

მეცნიერებმა მასონთა ძველი ჩანაწერები გაშიფრეს


მეცნიერებმა გაშიფრეს ძველი მანუსკრიპტი Copiale Cipher, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მოსვენებას არ აძლევდა ისტორიკოსებსა და ლინგვისტებს. ხელნაწერი წიგნი აღმოჩენილი იყო ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ არქივში, საიდანაც კერძო კოლექციაში მოხვდა. ესაა 105-გვერდიანი ხელნაწერი წიგნი წყლის ნიშნებიანი მაღალი ხარისხის ქაღალდით, ოქროთი მორთულ ყდაში.

წიგნი დათარიღებულია 1760-1780 წლებით; მფლობელის ხელმოწერისა („ფილიპი 1866") და ბოლო გვერდზე გაკეთებული მითითების («Copiales 3») გარდა, ტესტის 75 ათასი ნიშანი არის უცნობი ნიშნებისა და ლათინური ასოების ნაკრები. მანუსკრიპტის სახელწოდება – Copiale Cipher – სწორედ ბოლო გვერდზე გაკეთებულ მითითების უკავშირდება.
აშშ-სა და შვედეთის მეცნიერთა ჯგუფმა კევინ ნაიტის (სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ინფორმაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი) მეთაურობით მოახერხა კრიპტოგრამის გაშიფვრა. აღმოჩნდა, რომ წიგნი ერთ-ერთ გერმანულ საიდუმლო საზოგადოებას ეკუთვნოდა. ეს საზოგადოება შოტლანდიური წეს-ჩვეულების მასონთა ჯგუფს განეუკუთვნება. წიგნში მასონთა ლოჟის რიტუალებია აღწერილი. ბევრი ისტორიკოსის აზრით, ასეთმა ლოჟებმა დიდი როლი ითამაშა არაერთ რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაში, მაგრამ არსებული დოკუმენტების უმრავლესობა დაშიფრულია და დეტალების ნათელყოფის საშუალებას არ იძლევა.
CopialeCipher
Copiale Cipher წიგნის გვერდები

წიგნის გაშიფვრისას მეცნიერები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მნიშვნელოვანია მხოლოდ ლათინური ასოები, ხოლო დანარჩენი ნიშნები მხოლოდ შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. მაგრამ ეს მიდგომა სწორი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მკვლევარებმა დაიწყეს თანამიმდევრულად მრავალი სხვა ვერსიის შემოწმება. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მკვლევარებმა არ იცოდნენ, თუ რომელ ენაზე იყო დაწერილი ტექსტი.
კევინ ნაიტი მანქანური თარგმანის ერთ-ერთი აღიარებული სპეციალისტია. მან შექმნა სტატისტიკური ანალიზის პროგრამა, რომლის მეშვეობით მეცნიერებმა სცადეს აზრიანი სიტყვების პოვნა 80 ენიდან ერთ-ერთზე. საკვანძო გახდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ლათინური ასოები სინამდვილეში მხოლოდ სიტყვებს შორის მანძილს აღნიშნავს, ხოლო თავად შეტყობინება უცნობი ნიშნებით არის დაწერილი. ამის წყალობით მოხერხდა ტექსტის გაყოფა ცალკეულ სიტყვებად და ჩატარდა მათი ანალიზი. აღმოჩნდა, რომ წიგნი დაწერილია გერმანულ ენაზე; პირველად გაიშიფრა სიტყვები „ზიარების ცერემონია" და „საიდუმლო ნაწილი".
ახლა კევინ ნაიტი იმედოვნებს, რომ მის მიერ შექმნილი პროგრამა დაეხმარება სხვა იდუმალი კრიპტოგრამების გაშიფვრაში: ესაა სერიული მკვლელის, ზოდიაქოს, გაზეთებში გაგზავნილი დაშიფრული წერილები, ვოინიჩის ხელნაწერი და ტექსტი ქანდაკებაზე, რომელიც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინაში ინახება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий