вторник, 27 августа 2013 г.

მოდელები დაზუსტებულია: ნახშირბადის დონე ოკეანეში თანაბარი არ არის


როგორც ბოლო დროის კვლევამ აჩვენა, პლაქტონის მიერ შთანთქმული ნახშირბადის რაოდენობა არასწორად იყო შეფასებული. აღმოჩნდა, რომ ოკეანეს გარკვეულ რეგიონებში ეს მნიშვნელობა ორჯერ უფრო მაღალია. ამრიგად, მსოფლიო ოკეანეში ნახშირბადის ქცევის თანამედროვე მოდელი გადასინჯვას საჭიროებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვინი) მეცნიერთა მასშტაბური კვლევის თანახმად, ტრილიონობით მიკროსკოპული ორგანიზმები – ისეთი, როგორიცაა ოკეანეს თბილ წყლებში მცხოვრები Prochlorococcus, – ნახშირბადს საოცრად დიდი რაოდენობით შთანთქავენ.
მკვლევარებმა, ფაქტობრივად, უარყვეს საყოველთაოდ მიღებული მეცნიერული პრინციპი – ეგრეთ წოდებული „რედფილდის თანაფარდობა", რომლის სახელწოდება უკავშირდება სახელგანთქმულ ოკეანოლოგს, ალფრედ რედფილდს. ამ პრინციპის თანახმად, პლანქტონი და მის მიერ გამოყოფილი მასალა ნებისმიერ სიღრმეზე ნახშირბადის, აზოტისა და ფოსფორის ერთნაირ თანაფარდობას შეიცავს (106:16:1). ზოგადად ეს უცნაურად ჟღერს დამწყები მებაღისათვისაც კი, რომელმაც იცის, რომ ნიადაგის შემადგენლობა სხვადახვა სიღრმეზე განსხვავებულია. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ იგივე ითქმის მსოფლიო ოკეანეზეც.
კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ოკეანეს სხვადასხვა რეგიონში ნივთიერებათა თა¬ნაფარდობა მკვეთრად განსხვავებულია, ამასთანავე, განედი უფრო მნიშვნელო-ვანია, ვიდრე სიღრმე. კერძოდ, თბილ, საკვებით მდიდარ ოკეანეს რეგიონებში ნახშირბადის დონე გაცილებით უფრო მაღალია (195:28:1). ეკვატორის ზონისაგან განსხვავებით, პოლუსების მიმდებარე ზონაში ნახშირბადი ნაკლებია (78:13:1).
„აქამდე რედფილდის თანაფარდობა ოკეანეს ბიოლოგიისა და ქიმიის ცენტრალური პრინციპი იყო, – განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ადამ მარტინიმ. – მაგრამ ახლა ნათლად ვხედავთ, რომ პლანქტონში საკვებ ნივთიერებათა თანაფარდობა მუდმივი არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა რედფილდის თანაფარდობაზე უარის თქმა".
ამრიგად, მეცნიერებს მოუწევთ ოკეანეს ქიმიის თანამედროვე მოდელების გადასინჯვა. ეს კი სერიოზულ გავლენას მოახდენს თანამედროვე მეცნიერების სხვადასხვა სფეროზე: ცალკეული ეკოსისტემების მოდელირებიდან დაწყებული და გლობალური დათბობის პროგნოზირებით დამთავრებული.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ კვლევის მონაცემები მოგროვდა 7 ექსპედიციის შედეგად. გამოყენებულ იქნა ერთი მილიონი დოლარის ღირებულების ურთულესი მოწყობილობა, რომელიც ახარისხებდა უჯრედებს მოლეკულურ დონეზე. გარდა ამისა, მეცნიერებმა მონაცემები 18 სხვა კვლევის შედეგებს შეადარეს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий