ინტერნეტ საშუალებებითა და სხვა პუბლიკაციებით აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვალის გამოსახულება, რომელიც რაიმე ფიგურაში ზის (ძირითადად სამკუთხედში) არის მასონური, სატანური, ანტიქრისტიანული ორგანიზაციების ლოგო.
სამწუხაროდ როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში აქაც საკითხის მეტად ზედაპირულ, ან ხშირად ნულოვან ინფორმაციულობასთან გვაქვს საქმე.
თვალის გამოსახულება ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ სამყაროში იღებს სათავეს, ისრაელსა და მის საზღვრებს გარეთაც. მაგალითად ბერძნულ მითოლოგიაში თვალი სიმბოლო იყო აპოლონისა, როგორც ზეციური დამკვირვებლისა, ასევე მზისაც, რომელიც გახლდათ ზევსის თვალი. ძველ ეგვიპტეში მას მეტად რთული, კომპლექსური მნიშვნელობა ჰქონდა, გორას თვალი ატშეტი ყოვლისმხედველია, მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო პოლარული ვარსკვლავი, თვალი გონისა. ორი თვალი წარბებით – ეს იყო ჩრდილოეთი და სამხრეთი, ცის ორი განყოფილება, მთვარისა და მზის სამკვიდრო, მარჯვენა თვალი ეს არის მზე – რა და ოსირისი, მარცხენა თვალი კი არის მთვარე – ისიდა. ინდუისტებში შივას მესამე თვალი არის სულიერი გონი, ტრანსცენდენტური სიბრძნე. ხოლო თვალი ვარუნისა არის მზე. ირანულ მითოლოგიაში კეთილი მწყემსი იმა ფლობს მზის თვალსა და უკვდავებას. შუმერულ მითებში კი თვალის მეუფე არის ეა, ან ენქი – სადაც ის წარმოადგენს სიბრძნისა და ყოვლისმცოდნეობის სიმბოლოს. ფინიკიურ მითოლოგიაში კი კრონოსს ჰქონდა ორი დახუჭული და ორი ღია თვალი, რაც იყო სიმბოლოს მარადიული ცვალებადობისა და სიფხიზლისა.
როგორც ვხედავთ თვალის თემა, რელიგიური აზროვნების ისტორიისათვის უცხო არ გახლავთ. რაღა თქმა უნდა ქრისტიანობაშიც შეიძინა თვალმა საკუთარი მნიშვნელობა პირველ რიგში იმის გამო, რომ თავად წმინდა წერილი საუბრობს თვალზე. სახარებისეულ თხობაში თვალის თემა შემოჰყავს იესო ქრისტეს: „სხეულის სანთელი თვალია, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.“(მთ.6.22) – როგორც მათე მახარებელთან ვხედავთ აქ თვალზე საუბარია როგორც ანთროპოლოგიურ დეტალზე. ჩვენ ქრისტიანობაში კვლავაც შეგვიძლია შევხვდეთ თვალს, როგორც ქმნილების თვისობრიობის მაჩვენებელს: „ექვსექვს ფრთენი სერაფიმნი მრვალთვალნი ქერუბიმნი“ (ლოცვა სამღვდელო კონდაკიდან)
თუმცაღა ის სახესიმბოლური გამოსახულება თვალისა, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის ქმნილების თვისობრივი დეტალი, მას გაცილებით მაღალი მნიშვნელობა აქვს, რაც ასერიგად იყო გააზრებული ძველ აღთქმაშიც: „ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე“- (მეორ.რჯ.11.12) – უკვე ბიბლიის პირველ ნაწილში, მოსეს ხუთწიგნეულში ვხედავთ თვალს, როგორც საღმრთო ყოვლისმცოდნეობის, მარადიული გონიერების („წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე“) ხატოვან სახესიმბოლოს. რა თქმა უნდა ძველი აღთქმის მოწმობა უფლის ყოვლისმხედველ თვალზედ ამითი არ შემოიფარგლება, ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მთელი კასკადი ციტატებისა წმინდა წერილიდან: „აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის“ (ფს.32.18)
„უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები – მათი ლოცვისაკენ“ (ფს. 33.16)
„უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები – მათი ლოცვისაკენ“ (ფს. 33.16)
„მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა“. (სიბრძნე ზირაქისა.15.19)
„იმ დღეს, ამბობს უფალი, გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს; მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ.“ (ზაქარია.12.4)
როგორც წმინდა წერილის მოცემული ციტატები გვანახებს, ძველი აღთქმიდან მოყოლებული თვალი წარმოადგენს საღმრთო თვისებათა გამოხატულების ხატოვან საშუალებას და ის არც ახალი აღთქმის წმინდა წერილისთვის არის უცხო: „რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი – მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.“ (1პეტრე. 3.12) – ასე ვთქვათ ამ „თვალით“ აკვირდება უფალი კაცობრიობის დუღილს. ეს არის მისი ყოვლისმჭვრეტელობისა და ყოვლისმცოდნეობის ალეგორია.
იმდენად რამდენადაც წმინდა წერილისათვის თვალის ალეგორიზმი მისაღებია (მაგ.როგორც მტრედისა) საეკლესიო ცხოვრების დეტალებში დაიწყო ამ თემამ ნელნელა შეჭრა. ჯერ დასავლეთის საეკლესიო კულტურაში იწყებენ თვალის გამოსახვას ხოლო მართლმადიდებლობაში უკვე მე-18 საუკუნიდან იმკვიდრებს ფეხს, რუსული იოკონოგრაფიის გავლენით, დღეს კი ყოვლისმხედველი თვალის გამოსახულების ნახვა შესაძლებელია უამრავი მართლმადიდებლური ტაძრის ინტერიერისა თუ ექსტერიერის დეტალებში და რაღათქმა უგუნურებაა იმის მტკიცება, რომ აქ ეს ნიშანი მასონთა ან სატანისტ -ანარქისტათა მიერ იქნა დასმული, რადგანაც როგორც ასეთი, ეს სახესიმბოლო თავად წმინდა წერილიდან ღებულობს სათავეს. შესაძლებელია, როგორც უძველეს მითოლოგიაში, დღესაც რომელიმე რელიგიური დაჯგუფება იყენებს თვალს, როგორც საკუთარ ლოგოს, მაგრამ ამ დაჯგუფების გაუკუღმართებული რელიგიურობა არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ თვალი როგორც ქრისტიანული სიმბოლო მთლიანად უგულებელვყოთ და ის ყოველმხრივ ანტიქრისტიანულ ნიშნად ჩავთვალოთ.
არც არარელიგიურ ორგანიზაციათა გერბებზე გამოსახულმა თვალმა უნდა ჩაგვაგდოს საგონებელში, რადგანაც თვალი მეტად მარტივი მოხაზულობისა და ღრმა და მრავალმხირვი ალეგორიზმის მატარებელი ლოგოა, მაგალითად ის გამოსახულია ჰონდურასის გერბზე, გამოსახულია ბრასლავასა და კუშვას გერბებზე (რუსული მხარე და ქალაქი) – ვფიქრობ არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, რომ აქ საქმე არანაირ „სატანიზმ-მასონიზმთან“ არ გვაქვს.
ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვალის ფერწერული თუ ბარელიეფური გამოსახულება საერთოდ არ წარმოადგენს საშიშროებას, მორწმუნეთათვის, პირიიქით, ჭეშმარიტად სასარგებლოც კია, რადგანაც ამ გამოსახულების ნახვაზე უნდა გაგვახსენდეს უფლის ყოველისმხედველი თვალი, რომლის წინაშეც ჩვენი ვერცერთი ზრახვა და საქმე ვერ დაიმალება..
ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვალის ფერწერული თუ ბარელიეფური გამოსახულება საერთოდ არ წარმოადგენს საშიშროებას, მორწმუნეთათვის, პირიიქით, ჭეშმარიტად სასარგებლოც კია, რადგანაც ამ გამოსახულების ნახვაზე უნდა გაგვახსენდეს უფლის ყოველისმხედველი თვალი, რომლის წინაშეც ჩვენი ვერცერთი ზრახვა და საქმე ვერ დაიმალება..
Комментариев нет:
Отправить комментарий