ისრაელის ქალაქ რეჰოვოტში მდებარე ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჟურნალ „Proceedings of the National Academy of Sciences" ბოლო ნომერში იუწყებიან, რომ მოახერხეს თეთრი ფერის, ანუ თეთრი ხმაურის თავისებური ანალოგის, ეგრეთ წოდებული „თეთრი სუნის" შექმნა. ამასთანავე, გაირკვა, რომ ის მთლიანად ნიღბავს ნებისმიერ არომატს.
ყნოსვის სისტემა ასობით სუნის რეცეპტორს შეიცავს. თეორიულად „თეთრი სუნის" მიღება შეიძლება ყველა ამ რეცეპტორის ურთოდროული ამოქმედების გზით. მაგრამ, როგორც გაირკვა, ასეთი რთული რამ საჭირო არ არის.
სუნთან სამუშაოდ მეცნიერებმა განსხვავებული ქიმიური და ფიზიკური თვისებების (მოლეკულური სტრუქტურა, წონა და სხვ.) მქონე 86 არატოქსიკური ოდორანტი შეარჩიეს. ამ ოდორანტებით ტამპონები გაჟღინთეს ისე, რომ ყველა ტამპონს ჰქონდა ერთნაირი ინტენსივობის სუნი. ამის შემდეგ მათ დაიწყეს სხვადახვა ნაერთის კომბინირება – ნაერთი შეიცავდა, დაწყებული ერთი ოდორანტიდან 43-მდე. სანამ ნაერთი ოდორანტთა მცირე რაოდენობას შეიცავდა, ცდისპირები ადვილად არჩევდნენ სუნს, მაგრამ როგორც კი ოდორანტების რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა, სუნი მსგავსი ხდებოდა. 30 კომპონენტის შემთხვევაში სუნი უკვე გაურჩეველი იყო – მაშინაც კი, როცა ის სულ სხვა კომპონენტებს შეიცავდა.
ეს სუნი არც სასიამოვნოა და არც უსიამოვნო, ეს არანაირი სუნია; მკვლევართა თქმით, ბუნებაში ის არ გვხვდება.
არსებობს უამრავი არომატი, რომელიც ასობით კომპონენტის ნაერთს წარმოადგენს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის საკმაოდ სპეციფიკური და ადვილად ცნობადია. მაგრამ, კვლევის ხელმძღვანელის, ნეირობიოლოგ ნოამი სოუბელის თქმით, ასეთ შემთხვევაში მისი კომპონენტების უმრავლესობა ქიმიურად მონათესავეა, თანაც ნარევის ერთ ან რამდენიმე კომპონენტს ყველა სხვა დანარჩენზე გაცილებით უფრო მძაფრი სუნი აქვს.
ისრაელელი ნეირობიოლოგების აღმოჩენა იძლევა პასუხს კითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებს ტვინი ყნოსვის სისტემიდან მომავალ სიგნალებს. გამოდის, რომ ბევრი ყნოსვითი არხის თანაბარი ინტენსივობით აგზნების შემთხვევაში თავის ტვინი სუნს ვეღარ არჩევს და აღიქვამს მხოლოდ ერთს – „თეთრ სუნს".
თავის ტვინის ამ თვისების გამო „თეთრ სუნს" ახასიათებს ისეთი თავისებურება, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. კერძოდ, „თეთრი სუნი", როგორც ჩანს, მთლიანად ნიღბავს ნებისმიერ სუნს, მათ შორის ყველაზე ძლიერსა და სპეციფიკურს. ახლა შესამოწმებელია სხვა ძლიერი არომატები, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ იქ, სადაც „თეთრი სუნია", სხვა სუნი არ იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий