მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა, ბენ ოლკენმა, დათვალა გლობალური დათბობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი. კვლევის პროცესში გაირკვა, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი მკვეთრად განსხვავდება.
მთლიანობაში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ რეგიონული ტემპერატურის დროებითი ზრდაც კი მნიშვნელოვნად აზარალებს განვითარებადი ქვეყნების გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
როგორც აღმოჩნდა, ღარიბ ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ტემპერატურის მომატება ერთი გრადუსით (ცელსიუსის სკალით) ამცირებს ეკონომიურ ზრდას დაახლოებით 1,3 %-ით. მაგრამ ეს მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს ეხება, ვინაიდან მდიდარი ქვეყნები ტემპერატურის მერყეობაზე დამოკიდებული თითქმის არ არის.
ერთი შეხედვით, დათბობა ეკონომიკას ავნებს გვალვით, ანუ აზარალებს სოფლის მეურნეობას და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში კლიმატის ნეგატიურ შეცვლას უფრო მასშტაბური ეკონომიკური შედეგი მოჰყვება, მათ შორის პოლიტიკური სტაბილურობის გაუარესება, ინვესტიციებისა და სამრეწველო წარმოების მოცულობის შემცირება.
კვლევის პროცესში ბენ ოლკენმა და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს მონაცემები მსოფლიოს თითოეული ქვეყნის კლიმატის შესახებ 1950-2003 წლებში და შეისწავლეს კლიმატის შეცვლისა და ეკონომიკური სიტუაციის ურთიერთკავშირი. მეცნიერებს უკვირდათ, რომ მსგავსი კვლევა აქამდე არავის ჩაუტარებია, ამიტომ ეჭვი ეპარებოდათ, რომ რაიმე სახის საინტერესო ფაქტებს აღმოაჩენდნენ.
ამის მიუხედავად, საქმიანობის სხვადასხვა სახეობების (და არა წარმოების ერთობლივი მოცულობის) მიხედვით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს სხვადასხვა „გზა", რომლითაც ამინდის ანომალია ეკონომიკას აზარალებს. იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, შრომის ნაყოფიერების, აგრეთვე კაპიტალური დაბანდების მოცულობის შემცირება.
ბენ ოლკენი ამას მარტივად ხსნის: „წარმოიდგინეთ, რომ 40-გრადუსიან პაპანაქებაში ქარხანაში მუშაობთ, სადაც კონდიციონერი არ არის. განა შეიძლება ამ პირობებში შრომის ეფექტურობაზე ლაპარაკი?" . შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს ზოგად ეკონომიკურ სურათზე: განვითარებად ქვეყნებში ცხელი ზაფხულის შემდეგ აღინიშნება ეკონომიკური ზრდის შემცირების ტენდენცია.
კლიმატის ნეგატიური ცვლილებები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზეც ზემოქმედებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტემპერატურის მომატება ერთი გრადუსით (ცელსიუსის სკალით) ზრდის სახელმწიფო გადატრიალებისა და სხვა მსგავსი არადემოკრატიული სცენარით ხელისუფლების შეცვლის ალბათობას 3,1%-ით. ამასთანავე, აღინიშნება ურთიერთკავშირი ცუდ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას შორის.
ოლკენის თქმით, ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეუძლებელია კლიმატის გრძელვადიანი შეც¬ვლით გამოწვეული ყველა შესაძლო პრობლემის ახსნა. მაგრამ პროფესორი ხაზგასმით ურ¬ჩევს ეროვნულ ლიდერებს გლობალური დათბობის პრობლემის ამ ასპექტის გათვალისწინებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий