четверг, 29 августа 2013 г.

მაიმუნთა შორის სოციალური ქსელები ძალიან პოპულარულია



დღეს სოციალური ქსელებით ყველა ასაკის ადამიანია გატაცებული. მაგრამ სოციალური ქსელი ციფრული ეპოქის გამოგონება სულაც არ არის. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სოციალური ქსელის მსგავსი რამ მაიმუნებსაც აქვთ. აღმოჩნდა, რომ პრიმატები სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული არიან და სიხარულით ბაძავენ ამ ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ტენდენციებს.

სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა მაიმუნთა სოციალური ურთიერთქმედების ანალიზის გზით აღმოაჩინეს, რომ ცხოველთა სამყაროში არსებული სოციალური ქსელის მაგვარი რამ შეიძლება გავლენას ახდენდეს ახალი კულტურული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. ჯერ-ჯერობით მკვლევარებმა მხოლოდ მაიმუნების ქცევა შეისწავლეს, მაგრამ იმედი აქვთ, რომ მსგავსი ქცევა სხვა ცხოველთა შორისაც აღინიშნება.
მეცნიერთა თქმით, ისინი დარწმუნდნენ, რომ მაიმუნთა ჯგუფში ინოვაცია ვრცელდება არა ქაოტურად, არამედ ცხოველთა სოციალური აქტიურობის შესაბამისად.
ექსპერიმენტის ჩატარებამდე მეცნიერებმა ყურადღებით დააკვირდნენ მაიმუნთა ჯგუფის ქცევას და გაარკვიეს თითოეული ინდივიდის ადგილი ჯგუფში: ვინ არის უფრო აქტიური და ნაკლებად აქტიური, ვინ იმყოფება სოციალური ცხოვრების ცენტრში და ვინ პერიფერიაზე. ამის შემდეგ საჭირო იყო მაიმუნთა ჯგუფში ინფორმაციის გავრცელება გემრიელი შიგთავსის შემცველი კოლოფის გახსნის ხერხის შესახებ.
კოლოფის გახსნა შეიძლებოდა ორი ხერხით: აშ ხუფის აწევით, ანდა გადატრიალებით. თავდაპირველად მეცნიერებმა კოლოფის გახსნა თითოეული ჯგუფის ალფა-მამრს ასწავლეს, ამასთანავე, ერთს მხოლოდ პირველი ხერხი (ხუფის აწევა) ასწავლეს, მეორეს კი – მხოლოდ მეორე (ხუფის გადატრიალება). ამის შემდეგ ალფა-მამრებმა ცოდნა თავის ჯგუფებს გაუზიარეს, მკვლევარები კი აკვირდებოდნენ, თუ როგორ გავრცელდება ეს ცოდნა ჯგუფის ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ ორივე ჯგუფში სოციალურად აქტიურმა მაიმუნებმა ლიდერის მიერ შეთავაზებული კოლოფის გახსნის ხერხი უფრო სწრაფად აითვისეს. ნაკლებად აქტიური მაიმუნები ახალ ჩვევას გაცილებით უფრო ნელი ტემპით დაეუფლნენ.
ახლა მეცნიერები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და აპირებენ მაიმუნთა სოციალური ურთიერთქმედების ხასიათის შესწავლას სხვა პირობებშიც და არა მხოლოდ ახალი ჩვევის ათვისებისას. მეცნიერებს განზრახული აქვთ დაკვირვება მაიმუნების ქცევაზე საკვების ძიების, ტერიტორიაზე გადაადგილების, დასვენების პროცესში, რათა გაირკვეს სოციალური კავშირების გავლენა ამ საქმიანობაზე. მეცნიერთა ვარაუდით, ამ სახის მაიმუნებს აქვთ ერთგვარი სუბკულტურა, როცა ქცევის ტიპი ვრცელდება მხოლოდ ჯგუფის მონაწილეთა შედარებით მცირე რაოდენობის წრეში. ამასთანავე, ერთი ჯგუფის შიგნით შეიძლება რამდენიმე ასეთი სუბკულტურა არსებობდეს.

სავარაუდოდ, მაიმუნებს შორის „სოციალური ქსელი" იქმნება ინტერესებისა და სოციალური აქტიურობის მიხედვით. გამოდის, რომ ადამიანი ნოვატორი არ არის – „დალაიქება" და მეგობრების დამატება ცხოველებსაც შეუძლიათ.





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий