среда, 21 августа 2013 г.

ეკლესიის სიტყვა და საქმე


გენადი აქსენოვი

რელიგია, როგორც იყო, ისევე დარჩა ცხოვრების ხელოვნურ, რიტუალურ, დამატებით მოსართავად და ვერ იქცა თავით ცხოვრებად, მის სულიერ არსად.
ახლახან, კულიკოვოს ბრძოლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ დღესასწაულზე, კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, თუ როგორ მონაწილეობს ოფიციალური ეკლესია პატრიოტულ აღზრდაში. იგი გავლენას ახდენს განათლებაზე, საზოგადოებრივ აზრზე, მას-მედიაზე, ამუშავებს სპეციალურ პროგრამებს, აწყობს სამეცნიერო სიმპოზიუმებს, სამღვდელოებასა და მრევლს ავალებს ისტორიული ტრადიციების განმტკიცებას. ვხედავთ, როგორ აკურთხებენ მღვდლები საომარ ხომალდებსა და საბრძოლო ტექნიკას, როგორ სხედან ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები პატრიოტულ პრეზიდიუმებში, როგორ მტკიცედ მკვიდრდებიან პრორუსული გამოსვლებით ტელევიზიებში. ფუნდამენტალისტი ერისკაცები კი უფრო შორს მიდიან, ფაქტიურად უფრო დაბლა ეშვებიან და მართლმადიდებელსა და ეთნიკურ რუსს ერთმანეთთან აიგივებენ.
მართლმადიდებლური პატრიოტიზმი დაფუძნებულია ფართოდ დეკლარირებულ იდეებზე:
1. მარტო მართლმადიდებლობა ფლობს ჭეშმარიტ ღვთისცოდნას და ამიტომ არის ის მთავარი გეზი ქრისტიანობისა. დასავლურმა კონფესიებმა გადაუხვიეს მისგან და ამიტომაც რომი, ჩვენი ძველისძველი კანონიკური მოწინააღმდეგე, ყოველთვის ხლართავს ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულებებს. სომხური და სირიული ეთნიკური ეკლესიები კი თავისთავად მოკავშირეები არიან და მათთან ბუნებრივად მყარდება კარგი ურთიერთობები.
2. რუსეთის სახელმწიფო იქმნებოდა და საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, როგორც ,,წმინდა რუსეთი”. ხელისუფლება და ეკლესია ყოველთვის ,,ჰარმონიულად,, ერწყმოდა ერთმანეთს, ამიტომაც ახალგაზრდობა უნდა აღიზარდოს ,,მიწების შემკრები” მოსკოველი მთავრების განდიდებაზე. ამ მიკერძოებულ მითებში მდორედ და შეუმჩნევლად ერევა ერთმანეთს ორი ცნება - ქვეყანა და სახელმწიფო. აზრი იზღუდება სამთავრობო პატრიოტიზმის ჩარჩოებით, რომლის საფუძველიც თავის მხრივ ეთნიკური, ტომობრივი ცნობიერება და ქცევებია. მაგრამ მითები მთლიანად იფანტებიან ისტორიული მეცნიერების ფონზე, რომელიც შეისწავლის ეკლესიის სოციალურ როლს დასავლეთსა და რუსეთში.
1. რა და ვინ გააქრისტიანეს?
ისტორიული მონაცემებით, გაქრისტიანება ქვეყნის გაერთიანების საფუძველი არასოდეს ყოფილა. სინამდვილეში ტერიტორიებს სახელმწიფო და დიდი მთავრები კი არა, მათგან გაქცეული რუსი ადამიანები იპყრობდნენ. საუკუნეების განმავლობაში სიტუაცია ვითარდებოდა ,,ანტილოპებისა და ლომების,, მოდელით. რუსული ტომი დროთა განმავლობაში განსახლებას ახდენდა მარშრუტით: კიევი, ნოვგოროდი, ჩერნიგოვი, კურსკი, რიაზანი, შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიჟნი-ნოვგოროდამდე. ვარიაგთა საველე მეთაურები მათ დროთა განმავლობაში კვალდაკვალ მისდევდნენ და ეწეოდნენ. ნოვგოროდელები ხუთასი წელი მშვიდობიანად მიიწევდნენ არხანგელსკისა და ვოლოგდისაკენ. მერე კი ურალისა და ციმბირისაკენ ტობოლსკამდე. ნოვგოროდის დაპყრობისთანავე ივანე III-მ შეიერთა მისი ვრცელი კოლონიები. მოსკოვმა დაამარცხა ტვერი და ფსკოვი. ასე რომ, ქედმაღლობის მიზეზი - უზარმაზარი ქვეყანა, აღმოცენდა არა სხვა ტომთა გაქრისტიანებიათ, არამედ რუსი ქრისრიანების უსასტიკესი დაპყრობითა და დამორჩილებით.
დღეს ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ სისტემატიურად გაურბოდნენ გლეხები, მარტონი, ოჯახებით, ანდა მთლიანად სოფლებით, ამ შეიარაღებულ მოძალადეებსა და ყაჩაღებს. მათგან თავის დასაღწევად გარბოდნენ ,,იქ, სადაც ადამიანები ღმერთის მცნებების მიხედვით ცხოვრობენ” ანუ ე.წ. სარეზერვო სივრცეებში?
გადმოცემებისა და ლეგენდების მიხედვით, უკვე XVII საუკუნეში მივიდნენ აპონიამდე, XVIII საუკუნეში ანაპამდე. იქიდან გასაქცევი აღარსად იყო. ისინი, ვინც საუკუნეების განმავლობაში კვალდაკვალ მისდევდა და იმონებდა თავისსავე თვისტომს, ყოველთვის ექცეოდნენ და ახლაც ექცევიან მათ, როგორც დაპყრობილებს, როგორც საკუთრებას. ოკუპაციის ვირუსი იმალება ჩვენი ძალოვანების ქვეცნობიერში, თითოეული მილიციელის ტვინში და მჟღავნდება თავად ქვეყნის სტრუქტურაშიც: ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, პირველ რიგში, გარნიზონია. ქვეყანას აქვს დამონებულის სტატუსი. ეს შეიარაღებული ადამიანები არასოდეს იცავდნენ უიარაღო ხალხს, არც ერთ ომში არ ათავისუფლებდნენ მას, არამედ ძარცვავდნენ და უმკაცრეს რეჟიმს უწესებდნენ. განიარაღება, კომენდანტის საათი, საგუშაგოები, პასპორტების შემოწმება - აი, საიდან იწყებოდა ნებისმიერი დასახლებული პუნქტის ახალი ცხოვრება. ეს იყო ტოტალური დამონება.
თვითმმართველობის, თუნდაც პრიმიტიული დემოკრატიის ყველა მცდელობა, ისეთები როგორიცაა ნოვგოროდი და ფსკოვი, ანდა ყველასათვის უცნობი, მაგრამ რეალურად არსებული ბუხტარმინის ასწლოვანი რესპუბლიკა ალტაიზე, უმოწყალოდ ისპობოდა. ოფიციალური ეკლესიისა და სახელმწიფოებრივი იდეოლოგიისაგან განდიდებული წმინდა მთავრები, მათ შორის სრულიად გაურკვეველი ალექსანდრე ნეველი, რომელიც დასავლეთის ქრსიტიანების წინააღმდეგ იბრძოდა (მისი ყველა გამარჯვება გაზვიადებულია) და მონღოლებს კი ქედს უხრიდა - სხვა არაფერია თუ არა მითი. ,,ბასურმანებთან,, ბრძოლის ეპოქაში კიდევ შეიძლებოდა მათთვის მიეწერათ რელიგიური გმირობა, მაგრამ ზუსტად ეს ფაქტები გახდნენ არაპოლიტკორექტული და ახლა თავგამეტებით, მთელი ძალით იჩქმალებიან. მათი მუდმივი ბრძოლები ერთმანეთთან და თათრებთან, გულახდილად რომ ითქვას, არა ჯვაროსნული, არამედ დამპყრობლურია. ვისაც უნდა, დაუფასოს მათ ,,მიწების შეკრება”, მაგრამ ქრისტიანებს მათი განდიდების უფლება არ აქვთ. იმის თქმა, რომ მთავრები ქრისტიანობას ავრცელებდნენ, წმინდა წყლის მითოლოგიზაციაა. ვისთან ავრცელებდნენ? ტვერელებთან თუ ფსკოველებთან?
სასკოლო სახელმძღვანელოებში, რუს, განსაკუთრებით კი მოსკოველ დიდ მთავრებზე სიმართლე საერთოდ არ წერია. ყველაფერი ხელისუფლების საამებლადაა მოგონილი და შეთხზული, რეალობა კი სხვაგვარია. არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ ამ უმოწყალო მბრძანებლებს. მათი ცხოველური ქმედებანი ფასდება არა ქრისტიანული, არამედ ტომობრივი მოსაზრებით, ითვლება მამაცობად, გმირობად და არა დანაშაულად. სინამდვილეში დიდი მთავრების და პირველი მეფეების უმრავლესობა უარეს შემთხვევაში მკვლელები, უკეთეს შემთხვევაში კი უბრალოდ ბრიყვები და სულელები არიან, რომელთაც გაუნათლებლობის გამო არ შეუძლიათ სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამიტომ სახელმწიფოც, როგორც ასეთი, არ არსებობდა. მეცნიერული პოზიციებიდან არსებობდნენ მხოლოდ უბრალო ტომობრივი გაერთიანებები. ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო დღემდე ატარებს ამ გაერთიანებებისათვის დამახასიათებელ თვისებებს: ძალადობას, როგორც მართვის ძირითად საშულებას; ქვეშევრდომობას, ევროპული მოქალაქეობისა და თვითმმართველობის მაგივრად; მკაცრ იერარქიას, პირფერობას ქვემოდან ზემოთ, ხოლო მონობას და დამცირებას ზემოდან ქვემოთ; ძალაუფლებას ადმინისტრაციის მაგივრად.
დონ რუმატის მსგავსად, განათლებული ევროპელები უსიამოვნო გაკვირვებით, მწუხარებით, ზოგიერთნი კი ნიშნისმოგებით, აკვირდებოდნენ ისტორიის წარსულ პერიოდში გაჩხერილ ქვეყანას. ივანე მრისხანეს დროს, დანიის ელჩი იაკობ ულფელდი წერდა, რომ მოსკოვიტებმა ბოლო მოუღეს ყოველგვარ სათნოებას. შეიძლება ვიფიქროდ, რომ მოსკოვში ელჩობა დამანგრეველი აღმოჩნდა ულფელდის სახელმწიფოებრივი კარიერისათვის, მაგრამ მას არ გამოუქვეყნებია თავისი ჩანაწერები. მათში არ იგრძნობა თავის მართლების სურვილი და მოწმე იმსახურებს ნდობას. ასი წლის შემდეგ სხვა ჩანაწერებიც გამოჩნდა, რომლებიც ალექსი მიხეილის ძის კარზე ჩამოსულ, ამსტერდამის ბურგომისტრის შვილს ნიკოლაას ვიტსენს ეკუთვნოდა. ის სამართლის ახალგაზრდა დოქტორი, საუკეთესო თვისებებით შემკობილი, მომავალი დიდი მეცნიერი და ამსტერდამის ბურგომისტრად მრავალჯერ არჩეული, პეტრეს დიდის ჰოლანდიელი მეგობარი იყო. ისტორიკოსები იმასაც ფიქრობენ, რომ 1717 წელს, მის გარდაცვალებას მეფეც დაესწრო.
არც ვიტსენის ჩანაწერები გამოქვეყნებულა მის სიცოცხლეში. ელჩობა კი, რომელსაც ის ეკუთვნოდა, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა კურიოზული მიზეზის გამო: მოსკოვში არავის შეეძლო იმის შეგნება, თუ რა იყო რესპუბლიკა, რომელსაც მაშინ ჰოლანდია წარმოადგენდა. ამიტომ ვერ შეძლეს და უარი თქვეს სახელმწიფოთაშორისი ახალი დოკუმენტების შექმნაზე. ეს არის ვიტსენის მიერ აღწერილი მოსკოვის ,,ელიტის,, ზოგადი პორტრეტისყველაზე საინტერესო შტრიხი. ყველაზე მაღალჩინოსანი ბოიარები გონებრივი განვითარებით ბავშვები არიან და ვერაფრით სჯობიან ჰოლანდიელ გლეხებს, - უკვირს ვიტსენს. მთელი დღეები კრემლში სავარძლებზე კოტრიალებენ და ყბედობენ, ერთმანეთს დასცინიან და გამუდმებით იგინებიან. განათლებული მათ შორის ძალიან ცოტაა. შეკრებებზე სიტყვის წარმოთქმისას ყოველთვის ქაღალდზე დაწერილით ხელმძღვანელობენ, ეშინიათ, რაიმე არ გამორჩეთ მეფის გრძელი ტიტულიდან და გამუდმებით აქებენ მას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთი გავლენა აქვთ და ერთსაც არ შეუძლია საქმეზე პასუხისმგებლობის აღება. უხეშობა, ლოთობა, დაბეზღება, - ეს ის თვისებებია, რომლებიც მათ ახასიათებთ. ამპარტავნობა, მლიქვნელობა მაღლა მდგომთა მიმართ, შავბნელი ბიუროკრატიზმი, რომელიც წარმოიშობა უაღრესი არაკომპეტენტურობით-ასეთია დონე მმართველი კლასისა. ვიტსენმა მხოლოდ ერთი ლათინურად მოლაპარაკე და ერთიც დამოუკიდებლად მოაზროვნე და ჭკვიანი კაცი-ყოფილი პატრიარქი ნიკონი იპოვა. (მან საიდუმლოდ მოინახულა ნიკონი ახალ იერუსალიმში).
ბავშვებს წაკითხულის სჯერათ და ჰგონიათ, რომ ისინი სერიოზული და ჭკვიანი მბრძანებლები, ძლევამოსილი მმართველები იყვნენ: აბა როგორ, ჩვენი სარდლები და მინისტრები! უცოდინარნი, ნახევრად მთვრალ მდგომარეობაში მყოფნი, სამემკვიდრეო მამულებისა და თანამდებობების მფლობელნი, ყოველთვის დაინტერესებულნი გამორჩენით და პირადი კარიერით. ეს მათი რეალური სახეა. შიგადაშიგ მეფეები და დიდი მთავრები ეკლესიებსა და მონასტრებს დიდ შესაწირებს უკეთებდნენს, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ეგოისტური შიშით, რომ დადგებოდა დრო და გაუგონარი ავაზაკობისა და გარყვნილებისათვის, ღმერთის წინაშე თავის მართლება მოუწევდათ. ნელ-ნელა უჩნდებათ, არა სულიერი მოღვაწეობის, არამედ უბრალოდ აზროვნების სურვილი ცრუ დიმიტრისა და ვ.ვ. გოლიცინს - უკვე პეტრე დიდამდე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მხოლოდ ნაპერწკალია. ნორმალური აზროვნება მაღალ კლასს განმანათლებელთა ეპოქაში განუვითარდა. მხოლოდ იმის მერე, რაც პეტრემ აიძულა თავადაზნაურობა ესწავლათ. ნამდვილი ელიტის ჩამოყალიბებას ექვსი თაობა დასჭირდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდნენ პირველი პატივცემული (ისეთები, რომლებსაც შოლტებით არ სცემდნენ) ადამიანები. XIX საუკუნის პირველ მეოთხედში აღმოცენდა უმაღლესი საზოგადოება და მასთან ერთად რუსული სალიტერატურო ენა, მეორე ნახევარში კი რუსული სამეცნიერო ენა. განათლება უკვე კარგ ტონად ითვლება, იწყება დადებითი პირადი და საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის გამომუშავება. სათავადაზნაურო კლასმა შეუერთა ქვეყანა ევროპულ ცივილიზაციას, დაიწყო მისი ნამდვილი ისტორია, მანამდე კი იყო ტომობრივი პრეისტორია. მაგრამ ცივილიზაცია ვითარდებოდა ეკლესიის გვერდის ავლით, რომელიც თავად განმანათლებელ პეტრეს დღემდე უარყოფითად იხსენიებს. მამათმავალ, მკვლელს და ავაზაკს ივანე მრისხანეს მრისხანეს წმინდანად შერაცხვას უპირებენ, პეტრე დიდზე კი ხმას არ იღებენ.
ასე რომ, ძველ მაგალითებზე პატრიოტული აღზრდის შენება ეკლესიას არ გამოუვა. მის ძალებს აღემატება ისტორიის შეცვლაც და ამ მმართველების პერიოდში თავისთვის დადებითი როლის მორგებაც. ხელისუფლება აუტანელი იყო, მაგრამეს ჯერ კიდევ არ იყო მთავარი უბედურება, პრობლემაა ისაა, რომ ეკლესიას არც კი უცდია ხელისუფლების შერბილება. იგი ყოველთვის, მანამდეც და ბიზანტიური საპატრიარქოსაგან გამოყოფის შემდეგაც და მანამდეც, საერო ხელისუფლებას მონა იყო.
შეიძლება საკუთარ თავს უწოდო მსოფლიო და ჭეშმარიტი ღვთისშემეცნების მფლობელი, მაგრამ არის თუ არა ეკლესია მართლაც მსოფლიო? რომელ წარსულს თვლის ეკლესია თავისად და რომელ ისტორიას გადასცემს ხალხს - ეთნიკურს, მთავარ ვლადიმირების, ალექსანდრე ნეველების და ივანე მრისხანეების, თუ იმ ისტორიას რომელიც საღვთო წერილშია? აბრაამი ჩვენი წინაპარია თუ ებრაელებისა? საიდან მოდის და სად მიდის ჩვენი ხალხი? ეს ხომ ისტორიის სხვადასხვანაირი გაგებაა და შესაბამისად პერსპექტივებითაც განსხვავებული. ისტორიას ეთნიკური თვალსაზრისით პერსპექტივა საერთოდ არ აქვს - მხოლოდ ჩიხია.
2. რომი ნახტომს აკეთებს
სამართიანობის გამო უნდა ითქვას, რომ არამარტო მართლმადიდებლობას დაუწყია თავისი ისტორია დაბალი სტარტიდან. თავისი ისტორიის პირველი ათასწლეულების მანძილზე ქრისტიანობა წამებულის მდგომარეობაში იყო. იყვნენ უდიდესი მისტიკოსები, მოწამენი, მეცნიერები და ასკეტები, მას სახელი გაუთქვეს წმინდანებმა და განდეგილებმაც, მაგრამ ხალხის ცხოვრებზე ის ჯერ კიდევ გავლენას ვერ ახდენდა, იმიტომ რომ ვრცელდებოდა არა თავისუფალ საზოგადოებაში, არამედ ხვდებოდა ტომების ბელადების, მეფეებისა და გრაფების ხელში. თავდაპირველად ყველა ევროპული თუ აზიური ეკლესია, როგორც რუსული, ეთნიკური იყო. ევროპაში მთავრები და მეფეები თავითონ ნიშნავდნენ ეპისკოპოსებს, იმპერატორი კი - რომის პაპს. თავიანთი ნება-სურვილით იწვევდნენ საეკლესიო კრებებს.
გარღვევა უნდა მომხდარიყო, ერთხელ ვინმეს უნდა გაეაზრებინა, რომ ქრისტეს მოძღვრება ერებზეც და საერო ხელისუფლებაზეც მაღლა დგას. ასეც მოხდა, მაგრამ ყველგან არა. მოხდა ერთ ადგილას და გარკვეულ პერიოდში: XI საუკუნეში, რომში. შწორედ მაშინ, დასავლეთის ეკლესიამ ეტაპობრივად, მაგრამ რევოლუციური ტემპით შეწყვიტა ეთნიკურ ეკლესიად ყოფნა, ძლიერად გარდაიქმნა და არა მარტო კანონიკურად, არამედ რეალურად გააერთიანა ევროპის ხალხები.
ქრისტეს ამოცანა პირდაპირ დაისვა უდიდესი პიროვნებების უდიდესი ძალისხმევის წყალობით. მათ შორისაა რომის პაპი გრიგოლ VII, რომელმაც თავისი მსახურება 1073 წელს მკვეთრად განსაზღვრული და გააზრებული ანტიეთნიკური ლოზუნგით დაიწყო: ,,ქრისტემ თქვა: მე ვარ ჭეშმარიტება! მას არ უთქვამს: მე ვარ ადათი!” რომის საყდარმა იმით დაიწყო, რომ დაამარცხა სიმონია და ნიკოლაიზმი ე. ი. მმართველთა მიერ ეპისკოპოსების დანიშვნა და მღვდლების ქორწინება. ერთიცა და მეორეც, სასულიერო პირს აშორებდა მსახურების მიზნებს და ადგილობრივი კავშირებსა და კორუფციაში ხლართავდა.
გრიგოლ VII-მ თავის 27 დიქტატში საჯაროდ გამოაცხადა ეკლესია რომის თაოსნობით ყველა საერო ხელისუფალზე მაღლა მდგომად და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა მეფე და იმპერატორი უმიზნოდ და ცხოველურად კი არ უნდა ცხოვრობდეს, არამედ, პაპის მეთაურობით ღვთის სასუფევლისაკენ უნდა გაუძღვეს ხალხს. ჩვენს სკოლებში სწავლობენ პაპებისა და იმპერატორების ომების ისტორიას, მაგრამ მხოლოდ მატერიალისტური პოზიციებიდან და არ უღრმავდებიან მათ მნიშვნელობას. გაიმარჯვა რა ამ ომში, უფრო ზუსტად მიაღწია რა კომპრომისს 1122 წელს, პაპმა მიიღო ეპისკოპოსების დანიშვნის უფლება და ამით ევროპის ხალხები და მწყობრ საეკლესიო ორგანიზაციაში გააერთიანა.
საერო მთავრებზე სასულიერო ხელისუფლების პრიორიტეტის გამოცხადება, საკმარისი არ არის. როგორ შეიძლება მათი დამარცხება მაშინ, როცა ეკლესიას არ შეუძლია გამოიყენოს საერო იარაღი? ამ მიზნისათვის მან შექმნა სრულიად ახალი, არასაომარი, მაგრამ უფრო ძლიერი იარაღი: განათლება, მეცნიერება და სასამართლო. ეკლესიამ შემოიტანა ევროპელი ხალხის ცხოვრებაში სამართალი. იუსტიცია ღვთაებრივ სამართლიანობად გამოცხადდა, რომელიც საწყისს საშინელი სამსჯავროს იდეიდან იღებდა, ამიტომაც ადამიანური, საერო კანონები მასთან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყვნენ. მალევე აღმოცენდა სქოლასტიკა, რომელმაც დაადგინა, რომ jus-ი, როგორც გვარი აღმატებულია lex-ე, როგორც სახეობაზე. მოხდა გაყოფა ცნებებისა - სამართალი და კანონი. ასე რომ, პირველად ისტორიაში გაჩნდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა. ადგილობრივი წარმართული ,,სამართლები,, კი თანდათანობით გაქრნენ. კლუნიელი ბერების ოცნება მარადიულ მშვიდობაზე ქრისტიანებს შორის (პაპი გრიგოლი კლუნის მონასტრის ბერი იყო), ყოველთვის სადღაც შორს რჩებოდა. ღმერთს ძალიან ბევრი დრო აქვს.
0x01 graphic
პაპის რევოლუციის აღწერისას, ისტორიკოსი და სამართლის ფილოსოფოსი ჰაროლდ ბერმანი აღნიშნავს, რომ შემოღებულმა თეოკრატიამ ყველა მორწმუნეს ორმაგი ქვეშევრდომობა უბოძა - ეკლესიისა და მთავრებისა, რამაც ერთხელ და სამუდამოდ შეასუსტა საერო მმართველობა და განამტკიცა უბრალო ხალხის სოციალური პოზიციები. ახლა ფარი და მახვილი უკვე სხვადასხვა ხელში აღმოჩნდა, მოიძებნა მთავართა მოსარჯულებელი იარაღიც - საეკლესიო სასამართლო ანათემის მუქარით.
ცხონების შესახებ რაციონალურმა სწავლებამ (წმ. ანსელმ კენტერბერიელი), ევროპული ეკლესია აღმოსავლეთის ეკლესიებთან შედარებით წინ წასწია ღვთისმსახურების პრაქტიკისა და მორწმუნის სულიერი ორიენტაციის თვალსაზრისით. ანსელმის თანახმად, მთავარი მსოფლიო მოვლენა უკვე მოხდა (მაცხოვრის განკაცება) და არა როდესღაც მოხდება (საშინელი სამსჯავრო და ახალი სამყარო). პირველი ცოდვით დაცემისაგან შეიქმნა გაუსაძლისი მდგომარეობა - ასწავლიდა ანსელმი. არანაირი ადამიანური საშუალებებისა გამოყენებით აღარ შეიძლება ჩადენილი დანაშაულის - ღმერთის განზრახვისაგან განდგომის - გამოსწორება. და აი ღმერთი გზავნის თავის ძეს და ის თავისი ჯვარცმით გვათავისუფლებს პირველი ცოდვის წყევლისაგან. ცოდვათა გამოსყიდვაში უბრალო აზრი არ არის ჩადებული: მაცხოვრის ჯვარცმა მხოლოდ მოწოდებაა და ის ელოდება პასუხს ადამიანისაგან. არავის შეუძლია იმის თქმა, რომ ყველა გადარჩენილია, რომ რეალურად მოხდა სამყაროს ტოტალური ფერისცვალება. ის როგორც იყო, ისევე არის გარემოცული ბოროტებით, მაგრამ გამოჩნდა გზა. ,,მე ვარ გზა“ - ამბობს იესო. მან გაიყვანა ეს გზა თავისი თავიდან მოკვდავ ადამიანამდე და ახლა ყველას შეუძლია წავიდეს დიად სულიერ მოგზაურობაში. უნდა გვჯეროდეს: ქრისტე მოვიდა პირადად ჩემს გადასარჩენად. არა ზოგადად კაცობრიობის, არა საერთოდ ადამიანთა მთელი მოდგმისა და მსგავსი აბსტრაქციებისა, არამედ ყოველი პიროვნებისა. ჩხონება ხდება არა ჯგუფურად, არამედ თვითოეული, უნიკალური ადამიანის. Mთუნდაც უკანასკნელი ადგილი მეკავოს სოციალურ იერარქიაში, მაგრამ ქრისტე მიცნობს და თუ ვიწამებ მას, ის გახდება ჩემი პირადი წინამძღვარი ამ აუტანელ ცხოვრებაში და შემდეგაც. ასეთია უზარმაზარი გამოწვევა და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. ამ გამოწვევის მიღება მარტოობაში, შენს სულთან ერთად უნდა გადაწყვიტო და მრევლის, მორწმუნეთა კრებულის ან მღვდლის უკან არ უნდა დაიმალო.
აღმოსავლეთის ეკლესიებში, რომელთაც რეფორმები არ განუცდიათ, არც კი იციან, რომ ასეთი გამოწვევა არსებობს. აი, რატომ აძლევს მართლმადიდებლობა ადამიანს სიკვდილის აზრს, გადარჩენა მხოლოდ საიქიოშია. ,,წარვედ, უფალი შეგინდობს!“ - ეუბნება მართლმადიდებელ მორწმუნეს მღვდელი აღსარების შემდეგ, ამით პასუხისმგებლობას იხსნის და მიტევების შესაძლებლობის განისაზღვრელ პერსპექტივას სახავს. საბოლოოდ უბიძგებს კვიეტიზმისაკენ. მაგრამ გამოხსნაზე ევროპაში მიღებული ახალი მოძღვრების წყალობით რწმენამ ადამიანს მისცა ცხოვრებს აზრი, ის დაეხმარა ადამიანს თავისი თავის, ღმერთის მასზე ჩანაფიქრის რეალიზაციაში. უდიდესი შინაარსია ჩადებული ცნებაში: ქრისტეს პირადი მიღება. Ego te absolvo - ამბობს კათოლიკე მღვდელი აღსარების შემდეგ და ეს მიტევება წმინდანის რანგში აყვანა კი არ არის, არამედ ანალიზის წინადადებაა, საკუთარი ცხოვრების ქრისტესათვის მინდობისა და მორწმუნის საკუთარ თავზე გამოდმებული მუშაობის მიზეზია.
დასავლეთის ეკლესიაშიც ყველას როდი ესმოდა ცხონების პიროვნული მნიშვნელობა, ბევრი დღემდე დარჩა კოლექტიური ცნობიერების ტყვეობაში, მაგრამ პირადი ღმერთის მიმღებნიც საკმაოდ აღმოჩნდნენ. სწორედ მათ გააკეთეს ყველაფერი. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სულიერ, მატერიალურ თუ სოციალურ სფეროში არის ვიღაცის განხორციელებული ოცნება, გამოგონება, რომლის მიღწევასაც მიეძღვნა კონკრეტული ადამიანის ცხოვრება. ეკლესიის შესახებ,არა მრავალთა, არამედ სწორედ ამ საუკეთესოთა მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. XI საუკუნის შემდეგ დაიწყო ინდივიდუალური ქრისტიანული გმირობების ათასწლეული, რომელთაც ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალეს.
სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ვერ გაიგებთ, თუ რატომ მოხდა უდიდესი გეოგრაფიული აღმოჩენები. იქ არ წერენ, რომ პორტუგალიელმა მეომარმა და მეცნიერმა პრინცმა ანრი მეზღვაურმა, მავრებთან საბრძოლველად დააარსა რელიგიური ორდენი და საზღვაო აკადემია. ის ერთმანეთის მიყოლებით გზავნიდა ხომალდებს აფრიკის გარშემო, სანამ ინდოეთს არ მიაღწიეს (უკვე მისი სიკვდილის შემდეგ). მისი ერთ-ერთი კაპიტნის ქალიშვილზე იქორწინა კოლუმბმა და ოჯახიდან გაითავისა ქრისტეს საფლავამდე მიღწევის და და ინდოეთში მყოფი ქრისტიანების განთავისუფლების იდეა, მაგრამ წასვლა დასავლეთით არჩია. კოლუმბი თვლიდა, რომ ღმერთმა იგი უბადლო ნავიგატორული ტალანტით დააჯილდოვა და სწორედ მისი მოვალეობა იყო განეხორციელებინა ესაიას წინასწარმეტყველება - ხელი შეეწყო მთელი მსოფლიოს გაქრისტიანებისათვის. სწორედ რელიგიური იდეებით შთაგონებულმა შეძლო კოლუმბმა დედოფალ იზაბელას დაინტერესება და თავისი ოთხივე მოგზაურობის დროს არაადამიანური სიძნელეების გადალახვა. ჩვენთან კი ვრცელდება მარქსისტული ცილისწამება, რომ ის (და არა ისინი, ვინც მის შემდეგ იყვნენ) მიდიოდა ოქროსა და ძვირფასი სუნელების მოსაპოვებლად. ასეთია მთელი ჩვენი ანტიქრისტიანული ისტორიოგრაფია!
პაპის რევოლუციამ და ცხონებისაკენ გულწრფელმა სწრაფვამ შემდეგი შედეგები გამოიღო:
პიროვნების ჩამოყალიბება და გააზრება. გაჩნდა პირველი ავტობიოგრაფიები, წერილები, ლიტერატურა, უდიდესი მეგობრობა და ახალი სიყვარული (ელოიზა და აბელიარი - ევროპის დიდი მასწავლებელი, ახალი სქოლასტიკისა და დიალექტიკის შემქმნელი). დაიწყო ნოტების ჩაწერა, რომელმაც შექმნა პიროვნული ავტორობა მუსიკაში, აღიმართა ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლები, გაჩნდა შედევრები ფერწერაში. ჯოტომ გამოიგონა პერსპექტივა - სამყაროს პირადი ხედვა მხატვრის მიერ. ქრისტესათვის მიბაძვა (თომა კემპიელის გამოთქმა) უპირველეს ყოვლისა არის სამყაროს საკუთარ ხედვაზე პასუხისმგებლობის აღება; ადამიანი ისტორიის ავანსცენაზე გამოვიდა.
ქალაქები, ასობით ქალაქები, რომელთაც ერთი საუკუნის განმავლობაში მთლიანად შეცვალეს სოფლებით მოფენილი ევროპა. ქალაქიც ასევე გამოგონილი იქნა: ისინი ყალიბდებოდნენ, როგორც საეკლესიო თემები, სამრევლოთა კრებულები, მუნიციპალური კომუნები და არა, სხვა ქვეყნების მსგავსად, როგორც რომელიმე თავადის კარი. ქალაქი როგორც სულიერი ორგანიზმი, გახდა მომავალი დემოკრატიის ფორპოსტი. ყველა ევროპულ ქალაქს ჰქონდა თავისუფლებისათვის, თვითმმართველობისათვის ბრძოლის ისტორია, რომელიც ახალგაზრდა თაობას გადაეცემოდა, როგორც მათი წინაპრების გმირობის ამბავი, უფლებების დამადასტურებელი შესაბამისი სიგელი, მაგალითად მაგდენბურგის სამართალის მიხედვით, მონარქების მიერ გარანტირებული ქარტიით. ჩვენთან კი, მხოლოდ დასავლეთით მდებარე ქალაებში იქმნებოდა მსგავსი საძმოები: ლუცკში, მინსკში. რატომ არის ლვოვი ასეთი განვითარებული ქალაქი? იმიტომ, რომ აქ ყოველთვის არსებობდა ძლიერი ქრისტიანული მოქალაეთა საძმო. მოსკოვის ეკლესიის ფანატიკოსების მიერ გამოძევებული ივან ფედოროვი სწორედ აქ გამოიქცა თავისი წიგნების: ბავშვებისათვის ,,ანბანისა“ და სხვ. დასაბეჭდად. საძმო პირველ რიგში სკოლების დაარსებაზე და მათ განვითარებაზე ზრუნავდა;
მეცნიერება და მისი საფუძველი - უნივერსიტეტები, დაწყებული ბოლონიის უნივერსიტეტიდან (1088), სადაც უპურველესი და უმთავრესი ფაკულტეტი იურიდიული იყო. შემდეგ მას თეოლოგიური და სამედიცინო ფაკულტეტები დაემატნენ. დღემდე, სწორედ ეს სამი ფაკულტეტი ქმნის უნივერსიტეტის ბირთვს და სამყაროს უმთავრეს რეალობაზე - ღმერთზე და ადამიანზე - იძლევა ცოდნას. ფიზიკური, ტექნიკური და სხვა ფაკულტეტები იძლევიან არა უმაღლეს, არამედ სპეციალურ განათლებას. როგორც საერო, ასევე საეკლესიო სკოლებში, ჩვენ გვიმალავენ იმას, რომ სწორედ ეკლესიამ შექმნა ორგანიზაციულად, და რაც მთავარია იდეურად თანამედროვე ევროპული მეცნიერება, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენთან არც ერთ უნივერსიტეტში არასოდეს არსებობდა საღვთისმეტყველო ფაკულტეტი, სამართლისმცოდნეობა კი საბჭოთა პერიოდში ,,უსარგებლო საგნების ფაკულტეტად,, ითვლებოდა. მხოლოდ მეცნიერების დახმარებით შეძლო კათოლიკურმა ეკლესიამ ცხოვრებაში დაენერგა სამართალი და ამით რეალურად შეეცვალა იგი. კანონიკური სამართლის გარდა ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდნენ ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, სამოაქალაქო, ფეოდალური, საზღვაო სამართლები. რომის სამართლის პროცედურების მიხედვით, იურიდიული ხელშეკრულება და სამართლიანი სასამართლო - გახდნენ ისეთი პატივცემული ინსტიტუტები, რომლებიც საოჯახოდან საერთაშორისომდე, ყველა სფეროს არეგულირებდნენ. შეიქმნა ინსტიტუტები, სადაც მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეეძლოთ მუშაობა: საქალაქო საბჭოები, ადვოკატურა, ნოტარიატი, დიპლომატია, საეპისკოპოსო საბჭოები, სასამრთლოები. იმდროინდელი ისტორიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ,,ახალი ადამიანების“ მოძალებაზე. სათანადოდ ორგანიზებულმა წარმოებამ გამოიწვია ეკონომიკის მკვეთრი განვითარება. ევროპა ძალიან სწრაფად გახდა ყველაზე ძლიერი მთელს მსოფლიოში და მას შემდეგ ლიდერობს;
მოსახლეობის გამრავლება. დაიწყო პირადი ცხოვრების გარდაქმნა, ეკლესიამ თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია საქორწინო-საოჯახო სფერო. მან ქორწინება საეკლესიო საიდუმლოდ გამოაცხადა და აღამაღლა ქალის როლი საზოგადოებაში. ეკლესიაში პირველად ეკითხებიან ქალს საჯაროდ სურს თუ არა გათხოვება. მღვდლები აიძულებენ მშობლებს მაშინვე მონათლონ ჩვილი ბავშვები და არა 2-3 წლის შემდეგ, რამაც ნელ-ნელა აღმოფხვრა იმ დროს ყოფაში გავრცელებული ბავშვების მკვლელობა. გაძლიერდა შვილების სიყვარული, ბებიები და ბაბუები თავიანთ სიციცხლეში მოესწრენენ შვილიშვილების დაბადებას. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ასი წლის განმავლობაში მოსახლეობა ორნახევარჯერ საგრძნობლად გაიზარდა, რაც ყელა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მაჩვენებელია;
ბატონყმობის გაუქმება. კლესია ცუდი თვალით უყურებდა არ წაუქეზებია ქრისტიანების მიერ მონების ფლობას. პაპის სახელმწიფომ პირველმა გააუქმა მონობა და ნელ-ნელა ფეოდალური ურთიერთობებიც მოიშალა.
ისტორიის ახალი იდეოლოგია. ყველა რეალურად ჩაერთო საღვთო ისტორიაშ და მოიპოვა ისტორიული სულიერი სამშობლო - პალესტინა. გაჩნდა ჯვაროსნული ლაშქრობების იდეა. იდეალურ ვარიანტში იგი სულიერ სათავეებთან დაბრუნებას ნიშნავდა, პრაქტიკულად კი ევროპის მიერ თავდაცვიდან შეტევაზე გადასვლას. მანამდე სარკინოზები ასწლეულობით ანადგურებდნენ მის სანაპიროებს.
მართალია, ღვთის მიუწვდომელი განგებით, XIV საუკუნეში დაიწყო შავი ჭირის არნახული ეპიდემია, ხოლო ინდულგენციებისა და ინკვიზიციის დაწყების გამო საეკლესიო იერარქია მარაზმში აღმოჩნდა. მოხდა რეფორმაცია, მაგრამ მან კი არ გააუქმა რწმენის პიროვნულობა, არამედ უფრო განავითარა.
პაპის რევოლუციამ განვითარების გენი ჩადო ადამიანთა მანამდე შავბნელ, ეთნიკურ ისტორიაში. გაჩნდა კაცობრიობა, რომლის აღმოცენებაც ეთნოსებიდან უბრალოდ შეუძლებელი იყო. და შემდეგ ვერც რენესანსმა, ვერც განმანათლებლობის პერიოდმა და ვერც სეკულარიზაციამ ვერ განაშორე დასავლეთის კულტურა მის ქრისტიანულ, საეკლესიო წყაროებს. შუა საუკუნეებში გულწრფელად ელტვოდნენ ,,სასუფეველსა ღვთისასა” და უცბად ,,სხვა ყოველი შეეძინათ მათ”. მიწიერი კეთილდღეობის მოპოვების გზა ზეციურ ჭეშმარიტებაზე გადის. სულიერების ძიებისა და მოღვაწეობის თანმდევი ფენომენი გახდა ევროპული ცივილიზაცია. სხვა ცივილიზაციები არ არსებობენ, ეს მხოლოდ არნოლდ ტოინბის სულგრძელი გამონაგონია. არსებობენ მხოლოდ ეთნიკური და სახელმწიფოებრივი კულტურები, პრიმიტიული ტაბუებიდან დაწყებული, არაჩვეულებრივად განვითარებულ და ესეთეტიკურად გაფორმებულებამდე, მაგალითად როგორიც იაპონური კულტურაა. ცივილიზაციის ელემენეტები გააჩნია ყველა კულტურას, მაგრამ ცივილიზაცია, თავისი ზუსტი მნიშვნელობით, არის მხოლოდ იქ, სადაც არსებობენ პროფესიონალური მეცნიერებები: სამართალი, თეოლოგია და მათი საზოგადოებათმცოდნეობრივი განშტოებები. მეცნიერება ამკვიდრებს განათლებას, რომელიც თავის მხრივ არბილებს არსებულ რეჟიმებს და ზნე-ჩვეულებებს. ჩვენთან რეტროგრადი მოაზროვნეები რუსული, სლავური, მართლმადიდებლური ცივილიზაციის სახელით გამოდიან. მათი მიბაძვით, სხვებიც ბოროტად იყენებენ ტერმინ ,,ცივილიზაციას” და წერენ თურქულ, კავკასიურ, ალანურ ცივილიზაციებზე. თურმე ბარბაროსებმა კი არ გაანადგურეს რომი და ბიზანტია, არამედ, მოხდა ,,ცივილიზაციების შეხვედრა“. აბა, როგორ არ უნდა განვადიდებდეთ ჩვენს ჩინგიზებს და ინგვარებს!
ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ ევროპა მახოლოდ ტექნკაშია ლიდერი. სინამდვილეში მას ამგვარად მხოლოდ გარედან აღიქვამდნენ. მისგან იღებდნენ (მაგ. როგორც რუსეთი და იაპონია XVIII საუკუნის დასაწყისში) უპირველეს ყოვლისა სიახლეებს სამხედრო მრეწველობაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, და მხოლოდ ამ საკითხებთში ხედავდნენ პროგრესის მნიშვნელობას. ევროპელების ყველა ტექნიკური მიღწევის მიზეზი სულიერი და სამოქალაქო თავისუფლებ, ცხოვრების ჰუმანიზაცია იყო. საუკეთესო ტექნიკა არის განვითარების შედეგი და არა მიზეზი. ევროპელები იტანჯნენ ჭეშმარიტებისათვის, განიცადეს იგი. ყველაზე ნაყოფიერი რევოლუციები - ჰოლანდიის და ინგლისის - სწორედ რელიგიურმა ძიებებმა განაპირობა.
ბენედიქტინურმა მონასტრებში 13 საუკუნის განმავლობაში 15 ათასი სასულიერო მწერალი მოგვცეს. ეს არის გიგანტური ჰუმანიტარული მემკვიდრეობა, აზროვნების ფუნდამენტი. მხოლოდ ევროპაში იყო ბერ-მონაზონთა ისეთი ორდენები, რომლებიც მხოლოდ სამეცნიერო მუშაობით იყვნენ დაკავებული, რომ აღარაფერი ვთქვათ საქველმოქმედო და მისიონერულ ორდენებზე. მათი სარწმუნოება საქმეებში ჩანდა. ევროპა ყოველთვის გრძნობდა თავის მისიას, ის აცნობიერებს აფრიკაზე, ინდოეთში ავადმყოფებზე ზრუნვის მოვალეობას. (დედა ტერეზამ კალკუტაში დააარსა თავისი ორდენი). არც ერთი რუსი ქალი არ წავა მიგდებულ და გაპარტახებულ ბანაკებში ტიბეტელი ბავშვების გადასარჩენად, ინგლისელები ქალები კი რატომღაც მიდიან და განურჩევლად ყველას ეხმარებიან.
სად არიან რუსული ეკლესიის ბერ-მონაზონთა ორდენები? სად არიან სწავლული ბერები? რუსული ეკლესიის რომელ საგმირო საქმეებზე შეიძლება მოვუთხროთ მოზარდ თაობას? პერესვეტი და ოსლაბია გავიხსენოთ? Gგანა ომის კურთხევა ეკლესიის საქმეა? მისი საქმე ბრძოლების დამთავრების შემდეგ იწყება. ჰასტინგსთან ბრძოლის შემდეგ ვილჰელმ დამპყრობელის ყველა გადარჩენილმა მებრძოლმა ეპისკოპოსთან აღსარება თქვა. მღვდელმთავარი სათითაოდ, დაწვრილად ეკითხებოდა მათ დასახიჩრებულებისა და მოკლულების რაოდენობას, თითოეული ცოდვის გამო ურჩევდა მონანიებას და სულიერ სასჯელს, უწესებდა. ასე იყო XI საუკუნის ინგლისში. XX საუკუნეშიში კი ჩვენს ეკლესიას ცოტა უკლია, რომ ომში მამაცობისათვის ორდენები ჩამოარიგოს. ეკლესია გმობს საყოფაცხოვრებო მკვლელობებს, მაგრამ განადიდებს მთავრობის მიერ ორგანიზებულ მკვლელობებს.
3. რატომ ცხოვრობდა ევროპა ისტორიული ცხოვრებით, ხოლო დანარჩენები უბრალოდ ცოცხლობდნენ?
როგორი ცხოვრებაა ისტორიული და როგორი არა? ჩაადაევი წერდა: ისტორიის მსვლელობისას უნდა მოხდეს ღვთის სიტყვის, უფლის მცნებათა რეალიზება. სხვაგვარად საუკუნეები ამაოდ მიედინებიან. ისტორია ჯერ არ დამთავრებულა, განაცხადა ფუკუიამამ. ევროპაშიც კი ქრისტიანული მცნებების, ერთობისა და მარადიული მშვიდობის განხორციელებამდე ჯერ კიდევ შორია. გავიხსენოთ ფაშიზმი - ეთნიკური ცნობიერების უმაღლესი გამოხატულება, თუმცა ჰიტლერმა მაინც ვერ შეძლო, რომ გერმანული ეკლესია მთლიანად ეთნიკური გაეხადა. ომების და სხვა უამრავი დანაშაულის მიუხედავად, ვერავინ უარყოფს რომ, ქრისტიანულ ქვეყნებს შორის, ებროპელები ყველაზე წინ წავიდნენ ,,ძველი” ადამიანის გარდაქმნის საკითხში.
ჩვენს საყოველთაო პლურალიზმის ეპოქაში ყველა ჭეშმარიტება გამოცხადებულია შეფარდებითად. მაგრამ რელიგიურ სფეროში ამასთან შეგუება არ შეიძლება. ყველა მოძღვრება არ არის ერთნაირად სასარგებლო და გამოსადეგი. შეფასება მაღალფარდოვანი განცხადებებით და მოხდენილი თხზულებების მიხედვით კი არ უნდა მოხდეს, არამედ რელიგიურ ღირებულებათა გათავისების დონით, იმით თუ რამდენად ცივილიზებული და ჰუმანური გახდნენ ადამიანები. ისტორია გვეუბნება, რომ მეთოდისტების რთული მოძღვრება უკეთესადაა შეთვისებული მრევლის მიერ, ვიდრე კოპტების და მართლმადიდებელი ბულგარელების იდეები, შესაბამისად მათი მრევლის მიერ. ეს ნიშნავს, რომ მეთოდისტების მოძღვრება უფრო სწორია. ცხადია, ეს სარისკო მოსაზრებაა: რელიგიების შედარებებით, ჭეშმარიტებების იერარქიიდან ცუდი დასკვნების გაკეთება შეიძლება. მაგრამ პლურალიზმიდან კიდევ უფრო უარესი დასკვნები კეთდება. რაც არ უნდა მკაცრად ჟღერდეს, ჭეშმარიტება ერთია, და გაგება იმის გაგება, თუ რა არის მასთან ახლოს და რა არის მისი დამახინჯება, საკმაოდ ძნელია.
ახლა, ამ თვალსაწიერიდან თუ შევხედავთ რუსულ ეკლესიას, რომელმაც თავის დროზე ვერ მოახდინა ასეთი რევოლუცია და ბიზანტიურ დონეზე დარჩა, დავინახავთ, რომ არც ერთი ამოცანა, რაზედაც მუშაობდა XI საუკუნიდან კათოლიკური ეკლესია, მას არ დაუყენებია და არც განუხორციელებია. რუსული ეკლესია თითქოს ცდილობდა ქვეყნის გაქრისტიანებას, საჭირო კი ადამიანის გაქრისტიანება იყო. ახლა ნათელი გახდა, რომ პირველი მიზანი უტოპიურია, მეორე სავსებით რეალური და ნაყოფიერი.
ჩვენი ეკლესია დაემორჩილა ტომების ბელადებს, რომლებიც ჩვენთან მთავრები გახდნენ და ამით თავიდანვე ფაქტობრივად თავი შეიზღუდა და გაინადგურა. დღეს ეკლესიაში არავის ესმის და არც არის ვინმე, რომ გააცნობიეროს, თუ რაშია საქმე, რატომ არაფერი გამოუვიდა ეკლესიას? შემთხვევითი არაა, რომ ეკლესია ებღაუჭება პატრიოტიზმს, ეძებს ისეთ დამსახურებას სახელმწიფოს წინაშე, რაც ღმერთის წინაშე საკადრისი დამსახურება არ არის. ეკლესიაში მსჯელობას თავისი ისტორიის შესახებ ახშობს საკუთარი თავის, მთავრობის და ერის განდიდება. მოდით დავსვათ უბრალო კითხვა: შეასრულა კი ეკლესიამ თუნდაც ერთი ჭეშმარიტი, მაცხოვრის მიერ დასმული ამოცანა?
ათასი წლის განმავლობაში ეკლესიამ:
ვერ ასწავლა მრევლს ზნეობრივი მცნებების აღსრულება,თავმდაბლობა, პატიოსნება, სიწრფელე და შრომისმოყვარეობა. ვერ გადააჩვია უხეშობას, ლოთობას და ბილწსიტყვაობას. ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევა სრულებით ფუჭი და უბრალოდ ტრაგიკული აღმოჩნდა;
ვერ ასწავლა მორწმუნეებს მოყვასის სიყვარული.არ იზრუნანა არც ცოლ-ქმრისა და არც მშობლებსა და შვილებს შორის არსებულ სიყვარულზე ზრუნავდა. ეს კი დედამიწაზე ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. დღემდე ჩვენთან ხშირად არა, მაგრამ მაინც ფიქსირდება, სხვა ქვეყნებში ოდესღაც არსებული, საყოფაცხოვრებო მიზეზებით გამოწვეული, ბავშვთა მკვლელობები. ევროპაში, კარგა ხანია უკვე არსად აღარ არსებობენ უპატრონოდ მიგდებული, მოუვლელი ბავშვები. ცხადია, ეს მარტო ეკლესიის ბრალი არ არის: ქმრების ფრონტებზე, მშენებლობებზე და ბანაკებში გაგზავნით, საბჭოთა ხელისუფლებამ ბოლო მოუღო ოჯახს. მივიღეთ ქვრივთა ქვეყანა, სრული ოჯახები მხოლოდ პარტიალ ხელმძრვანელებსა და მაღალი რანგის სამხედროებს ჰქონდათ;
ვერ გადააჩვია სამწყსო სხვა, საზიანო სიყვარულს. ვერ მოწყვიტა ადამიანი გვარს-ტომობრივ ურთიერთობებს, რასაც კატეგორიულად მოითხოვდა ქრისტე. ეს არის მისისწავლების უმთავრესი აზრი, რამდენადაც გვარ-ტომობრივი ურთიერთობები დამთრგუნველი ზნეობის წყაროა, - როგორც წერს ანრი ბერგსონი. სახარების უმნიშვნელოვანესი მცნება, შეიძლება ითქვას მწარე სიმართლე მომავალზე, ის ხალხისათვის ღიად არ არის გამოცხადებული, რადგან მას მოწაფეების გარდა მაინც ვერავინ გაიგებს: ,,ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა, და ასული დედისაგან თვისისა, და სძალი დედამთილისაგან თვისისა. და მტერ-იყუნენ კაცისა სახლეულნი თვისნი”(მათე 10:34-36). რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ვერ დასძლია გვარ-ტომობრივი კრიმინალური თანაცხოვრების წესები. სოფლებში მინახავს ადამიანები, რომლებსაც ორმოც სულიანი ოჯახებიც კი ახსოვდათ. რა არის ეს, თუ არა მაიმუნთა თანაცხოვრების წესი, სადაც მეთაურობს პატრიარქი, რომელიც საკუთარი ვაჟების ცოლებთან მრუშობს? გვარ-ტომობროვი ურთიერთობების ლიკვიდაციის გარეშე ვერანაირი თავისუფლება ვერ მიიღწევა. ჩვენი ეკლესია ვერ გაერკვა ძნელად გასაგებ მცნებებში (რატომ უნდა შეუერთდე ცოლს და რატომ უნდა დატოვო დედ-მამა?), რომლებიც ახალი, ზებუნებრივი, ე. ი. ღვთიური მორალის საფუძველს წარმოადგენენ;
აქედან პირდაპირ გამომდინარეობს, ხელს არ უწყობდა ღვთის ერთგული შვილის, ინდივიდუალური პიროვნების ჩამოყალიბებას. რუსი ადამიანი თავის თავს თვლიდა და დღესაც თვლის ,,პოლკის შვილობილად,,, ეთნიკური, სახელმწიფოებრივი ან უარესი შემთხვევაში სამხედრო კოლექტივის წევრად, ყველა თანმხვედრი ,,დადებითი” თვისებებით: კოლექტიური ცნობიერებით, უფროსობის ერთგულებით, საყოველთაო ფარისევლობით, მითომანიითა და კოლექტიური უპასუხისმგებლობით, თავდაცვითი ფსიქოლოგიით, დაპირისპირებით: ,,ჩვენ კარგები ვართ, ისინი - არა;“ (რასაც აღწერდა ლევ გუმილიოვი, როგორც ნეგატიურ უსასრულობაში ტომების მოძრაობას, რომელიც ხდება ისტორიის მიღმა. ის ეთნოგენეზისს საბუნებისმეტყველო მეცნიერებად თვლიდა!). ჩვენს ეკლესიას აზრადაც არ მოსდის, რომ საჭიროა მორწმუნე კოლექტიური პიროვნებიდან ინდივიდუალურზე გადავიდეს, არ ჩანს ამ მიმართულებით ძალისხმევები და საჯარო განცხადებები. მხოლოდ პიროვნებებს შეუძლიათ ნაციის, როგორც მოქალაქეთა ერთობის შექმნა და გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრებიდან ისტორიულ დროში გადასვლა; ეთნიკურობაზე შეუძლებელია სახელმწიფოს აშენება, ეს გამორიცხულია, ასე შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ძალადობაზე დაფიძნებული გვარ-ტომთა ერთობიანობა (მაგალითად ტეიპები);
ვერ შეიტანა ხალხში განათლება. ქრისტიანი ვერ გახდები, თუ წერა-კითხვა არ იცი, თუ პირადად ვერ აღიქვამ სწავლებას, არ გესმის ის. ქრისტიანობა ხომ მარტივი არ არის. იგი წარმოიშვა იუდეველთა ურთულესი წერილობითი მოძღვრების ბაზაზე (სინაგოგებში კითხვას მოსეს ხუთწიგნეულით ასწავლიდნენ, იქ განისწავლა იესოც), თანაც არა მარტო წარმოიშვა, არამედ გააუმჯობესა და გაართულა კიდევაც ის; როგორ შეიძლება ასეთი ამაღლებული და დიადი მოძღვრება აუხსნა და განუმარტო წერა-კითხვის უცოდინარ, გაუნათლებელ ადამიანს. ის გაუგებარია სასაუბრო ენაზეც.
ქრისტიანობა, ხომ ვიღაც ვოგულებზე მითი არ არის. კირილესა და მეთოდეს მიერ ქრისტიანული ღვთისმეტყველების სლავურად ენაზე თარგმნის შემდეგ იგი უფრო გამარტივდა და გაუბრალოვდა. ღვთისმეტყველება ბერძნულ ენაზე უნდა დარჩენილიყო, უნდა გამოყოფოდა პროფანულ ცოდნას, როგორც ეს მოხდა ლათინურ სამყაროში. მაშინ შეიძლება ჩვენი ეკლესია მოახერხებდა პლატონისა და არისტოტელესთან აღქმას, შექმნიდა წიგნიერ ფილოსოფიასა და სწავლული ადამიანების სოციალურ ფენას. მაგრამ მთელი ბერძნული ანტიკური ხანის ფილოსოფიური საგანძური დასავლეთში მოხვდა, ჩვენთან კი უმრავლესობას მასზე გაგონილიც არა აქვს. მართლმადიდებლობა დაუმოყვრდა გაუნათლებლობას, დაიწყო თავმდაბლობისა და პრიმიტიულობის ერთმანეთში აღრევა. მღვდლები ცოდნის, განათლებისაკენ სწრაფვას უბრალოდ ამპარტავნებას და უფრო მეტიც, მწვალებლობას უწოდებდნენ. როდესაც პერეისლავის რადის შემდეგ კიევო - მოგილიანსკის აკადემიის პროფესორები მოიწვიეს დედაქალაქსი უმაღლესი სასწავლებლის შესაქმნელად, მოსკოველმა ფუნდამენტალისტებმა მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახადეს და გააძევეს. მხოლოდ წლებისა და დიდი შრომის შემდეგ დაარსდა სლავურ- ბერძნულ - ლათინური აკადემია, რომლისთვისაც სტუდენტები ვერა და ვერ შეკრიბეს. შედეგად კი ჩვენი ეკლესია დამყაყდა და ცოდნის ნათელს ვეღარ უძლებს, რადგან უბრალო ლოგიკა მკაფიოდ აჩვენებს მის შინაგან წინააღმდეგობებს, უფსკრულს სიტყვასა და საქმეს შორის. ხალხის განათლების საქმე კი, პეტრე დიდიდან მოყოლებული, ეკლესიის გვერდის ავლით, საერო ხელისუფლებამ იტვირთა.
0x01 graphic
საბოლოოდ კი იმის კონსტანტირებსა გვიწევს, რომ ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას, სამწუხაროდ, მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ვუწოდოთ ქრისტიანული.. მან ვერ შეძლო ქრისტიანულ სწავლებაში ჩადებული მორალური, სულიერი და სამოღვაწეო პოტენციალის რეალიზაცია. საშინლად მწყდება გული, მაგრამ ასეთია ისტორიული რეალობა. ცხადია გონივრული არ იქნებოდა სწავლების სრულად განხორციელების მოთხოვნა, ეს აზრი მშვენიერი, მაგრამ უტოპიური და არაპრაქტიკულია. უბრალოდ სასურველია სწორი მიმართულებით ოდნავი წინსვლა მაინც. აი, დიაკონი ანდრეი კურაევი ამაყობს იმით, რომ ჩვენი ეკლესია III საუკუნიდან უცვლელია. რა არის აქ საამაყო? ის, რომ ეკლესია არ ვითარდებიდა, თუ ის რომ ქრისტეს ნების საწინააღმდეგოოდ რუსული ეწოდება?
შეუძლებელია ჩვენი მოდუნებული, უსიცოცხლო და უმოქმედო რწმენის შედარება ევროპელების მძაფრ რელიგიურ რწმენასთან. მკაცრი კალვინისტური თემების იდეური მხნეობითა და ენერგიული ქმედებებით შექმნილია თვითმმართველობაზე დამყარებული, ყველაზე თავისუფალი ქვეყნები: ჰოლანდია, შვეიცარია, შოტლანდია, აშშ. პატარა ჰოლანდიაში, უკვე VII საუკუნეში 2000-ზე მეტი მქადაგებელი მოღვაწეობდა და ისინი ასწლეულების განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს, ერთსა და იმავე დროს ადიოდნენ კათედრებზე და სიკეთეს ასწავლიდნენ, იმ ტაძრებში სადაც არ იყო არც ერთი ხატი. იყო მხოლოდ ცარიელი, თეთრი კედლები, რათა კარგად მოესმინათ და მრავალფერი ხატებისათვის არ ეცქირათ. ნახეთ მათი სინოდების გადაწყვეტილებები, თუ როგორ ცდილობენ ისინი გადააჩვიონ ხალხი ლოთობას, ნაყროვანებას და გვარ - ტომობრივ დღესასწაულებს, ხომ გადააჩვიეს კიდეც. ეს ისეთივე მიზანმიმართული და ვაჟკაცური საქმე იყო, როგორც ჰოლანდიური პოლდერები - ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამიწათმოქმედო საქმიანობაკაცობრიობის ისტორიაში. რატომ მისცა მსოფლიოს ციცქნა შოტლანდიამ უზომოდ ბევრი, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი? იმიტომ რომ იქ გაიმარჯვა უაღრესად პიროვნულმა პრესვიტერიანულმა სწავლებამ, - სხვა მიზეზს ვერ ვხედავ.
ყველა ხედავს ჩრდილოეთის ქვეყნებში პროტესტანტული შრომითი ეთიკის ნაყოფს, რომელმაც ჩამოყალიბა პატიოსნება, სიფხიზლე, მომჭირნეობა და ზომიერება. აუცილებელი, მაგრამ ფრიად საპასუხისმგებლო ეკონომიკური თავისუფლება - ასეთი ადამიანური თვისებების გარეშე შეუძლებელია. შუასაუკუნოებრივი, მხოლოდ მაშინ შეცვალა თავისუფალმა შრომამ, როცა ქრისტიანულმა რელიგიამ გამოასწორა ადამიანები. ბანკები ფულს კი არა, ნდობას ემყარებიან. კომერსანტის კეთილი სახელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება. აი, ევროპამ პირველმა რატომ მოსპო სიღარიბე. XIX საუკუნის ბოლოს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეთა 80 პროცენტი ღარიბი იყო, XX საუკუნის ბოლოს კი - მხოლოდ 20 პროცენტი. ეს, შეუპოვარი, პატიოსანი, წესიერი შრომის, მხოლოდ ინდივიდთა და თავისუფალ პიროვნებათა ინოვაციების რეალიზაციის შედეგია. სიახლის დანერგვაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი, პასუხსაც ის აგებს ღმერთის წინაშე.
4. როგორ ვუბრუნდებით ჩვენს სათავეებს?
რომელიღაც რუსი ფილოსოფოსი, მგონი ვალერიან მურავიოვი წერდა, რომ დასავლური რწმენა არის სალი კლდე, საყრდენი, მართლმადიდებლობა კი - მსუბუქი, ტალღა, რომელსაც მიაქვს ადამიანი.. რა თქმა უნდა მშვენიერი ნათქვამია. მაგრამ კლდეზე გასმაგრებლად ძალაა საჭირო, ტალღას კი პასიურად უნდა მიენდო, თავდავიწყებას მიეცე. მართალია, მართლმადიდებლობაშიც შეიძლება შეიმსუბუქო ცხოვრების სიძნელეები, იპოვო ნუგეში, გქონდეს ურთიერთობა ღმერთთან და ცხონდე. მრავალი მიდიოდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც მონასტერში. თუ ყურადღებით დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენი ეკლესია ბერ-მონაზვნების გაერთიანებაა, საერო ადამიანები კი მისთვის ზედმეტი დანამატია. ყველაფერი, რასაც მამაო ჩააგონებს მრევლს მონასტრული იდეალებიდან გამომდინარეობს: სიღარიბე, სიმდიდრისა და კაპიტალის დაგმობა, სექსისაგან თავშეკავება, მკაცრი მარხვა. არაფერი ცუდი იმაში არ არის, რომ განერიდო უგუნურ, შეშლილ ქვეყანას, ძალადობას, ცდუნებას, აერიდო ცოდვის ჩადენას, დაიწყო ასკეტური, ლოცვითი ცხოვრება. მაგრამ ლოცვა და ლიტურგია გზის ბოლო კი არა, დასაწყისია, მზადებაა საქმის კეთებისათვის. როგორ ვაშენოთ რეალურად ღმერთთან ერთად? ყველას არ შეუძლია მონასტერში წასვლა. რამ მისცა ეკლესიამ ამა სოფელს?
გახდა ჩვენი ეკლესია ადამიანის ცხოვრების წამმართველი? აიღო თავის თავზე ასეთი მისია? არა, ეკლესიამ ვერ გაიაზრა თავისი უდიდესი როლი. ჯერ კიდევ XV საუკუნეში მტავალმთავრიანობის დროს, ის ცდილობდა საკუთარი ადგილის პოვნას საზოგადოებაში.. ეს იყო საუკეთესო საუკუნე მართლმადიდებლობისათვის, მაგრამ ცენტრალიზაციის მოსვლასთან ერთად ხელისუფლებამ ეკლესია გადათელა და მიწასთან გაასწორა: მალიუტამ დაახრჩო მიტროპოლიტი ფილიპე, რომელიც მეფეს სიბილწეში ამხელდა. ეკლესიამ მიაბეს სახელმწიფო მანქანას და ისიც მორჩილად გაჰყვა ,,ამა სოფლის თავადს“. ერთადერთი პატრიარქი ნიკონი იყო, რომელმაც დაინახა უდიდესი საშიშროება. ფაქტიურად მან პაპ გრიგოლ VII გმირობის გამეორება სცადა და საჯაროდ განაცხადა: ,,საეკლესიო ხელისუფლება საეროზე ამაღლებულია!“ მაგრამ მას არ ჰქონდა ძალა, არც საშუალება, ვერც თანამოაზრეთა შემოკრება მოახერხა, შვიდი წლის მერე იგი გადააყენეს. ნიკონის თეოკრატია დაგვიანებული იყო.
ჩვენს ეკლესიას მხოლოდ გარეგნულად უყვარდა ღმერთი და თაყვანს სცემდამას. ადამიანებს კი არ ემსახურებოდა, ის მხოლოდ ,,მწყსიდა” მათ, ანუ ასრულებდა ბავშვის დაბადებასთან, ქორწინებასთან, გარდაცვალებასთან და სხვა ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირებულ რიტუალებს, რასაც ნებისმიერი შამანებიც აკეთებენ. ეკლესიას დღემდე არა აქვს მქადაგებელთა ინსტიტუტი, უცოდინარობის გამო მას არ შეუძლია ახსნა, პასუხის გაცემა ცხოვრებისეულ რთულ შეკითხვებზე, გამოსავალი კი უბრალოდ აკრძალვაა, ეს უფრო ეადვილება. მათი საუბრები კი, ვისაც ქადაგება აქვს დავალებული, საერთოდ აბსტრაქტულია, ეხება ისევ საიქიოს, იმქვეყნიურ ცხივრებას, რომელზეც თვლიან რომ ყველაფერი იციან, მაგრამ აქ რეალურად როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა არ იციან, რადგან თვითონ არ ცხოვრობენ სწავლების მიხედვით. ჩვენი ეკლესია უიმედოდ არადემოკრატიულია. მოძღვრების მიხედვით ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ეკლესიაში არიან უფრო თანასწორნიც - მოოქროვილი შესამოსელით სხვებისგან მაშინვე გამოარჩევ და მიხვდები ვინ არის აქ ,,გლავნი”.
ბერ-მონაზვნების და მღვდლების უმრავლესობა ბატონყმობას არასოდეს ეწინააღმდეგებოდა. ატომყმობა ხომ თავიდან არ ყოფილა რუსეთში, არამედ ეტაპობრივად ძლიერდებოდა. რითი უპასუხა ეკლესიამ იურევის დღის გაუქმებას (ამ დღეს გლეხს შეეძლო ბატონისაგან წასვლა)? არაფრით, იმიტომ რომ მონასტრებს თავადაც ჰყავდათ ყმა-გლეხები. ეკლესიის იერარქია სახელმწიფოს მექანიზმის ნაწილი იყო და რამდენჯერაც სახელმწიფომ მასხრად აიგდო, შეურაცხყო რუსი ადამიანი, ეკლესიას პროტესტი ერთხელაც არ გამოუთქვამს.
მივიღეთ საშინელი ისტორიული შედეგი. მიხვდა კი ჩვენმა ეკლესია, რა მოუვიდა საბჭოთა ხელისუფლების დროს? ისტორიაში ასეთი მოწამეობა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ მტრები ხომ არ მოსულან და ხომ არ დაუნგრევიათ ეკლესიები. იმ ხალხმა, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ეკლესიურად ცხოვრობდა, დალეწა და დაანგრია ჯვრები, სამრეკლოები და გუმბათები. სიხარულით დაამსხვრია კანკელები და ამბიონები, მღვდლები კი ტაძრების კარიბჭეებთან ან ჯურღმულებში დახვრიტა. რატომ? რატომ არ აიღო ტყვიამფრქვევები და არ დადგა მამა-პაპათა რწმენის დასაცავად? წინააღმდეგობის ცალკეული შემთხვევები რა თქმა უნდა არ იგულისხმება. იმიტომ, რომ ეკლესიას ხალხი ყოველთვის თვლიდა, არც თუ უმიზეზოდ, ხელისუფლების მსახურად, რომელიც მჩაგვრელების მხარეს იყო. ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდა ხალხს მორჩილებას, თვინიერებას და არ უკრძალავდა აჯანყებას. რელურმა ისტორიამ უარყო ასეთი პოზიცია. ეკლესიას თვინიერება მმართველებისათვის უნდა ესწავლებინა, რადგანაც ისინი ტირანები იყვნენ. შედეგად კი ხალხი ისე აჯანყდა, რომ თავად მასწავლებლებიც კი ვერ გადარჩნენ. უკეთესი ხომ არ არის ბოლშევიკური, სატანჯველი სასჯელად მივიჩნიოთ? ღმერთი გევრისტიკულად გვასწავლის ამბობდნენ ძველები, ის არ ღიად არგვიმჟღავნებს ჭეშმარიტებას, ამიტომ მისი გამოკვლევა გვიწევს.
გავიმეორებ, რომ ეკლესია რუსეთში ვერ გახდა ადამიანების სულიერი ლიდერი, ვერ პასუხობდა მის კითხვებს, ვერ შემოიტანა ცხოვრებაში ვერანაირი სულიერი სიმძაფრე, ვერ შეასრულა თავისი ისტორიული მისია. ეკლესიამ ვერ შეცვალა ცხოვრება, მხოლოდ ოდნავ შეეხო და აი შედეგიც. ათასი წელი ადამიანებს აიძულებდნენ ეკლესიაში სიარულს და რაღაც ათ წელიწადში, 1917-1927, ხალხის მთელი რელიგიურობა განქარდა. მთავრობამ თქვა ღმერთი არ არისო და ხალხმაც უმალვე მხარი დაუჭირა, მხოლოდ თავგამოდებული ერთეულები წავიდნენ იატაკქვეშეთში, ზუსტად ისე, როგორც III საუკუნეში. განა ეს გაკვეთილი არ არის? ვინ უნდა გაითვალისწინოს იგი?
პირველი მსოფლიო ომის წინ, ერთი ინგლისელმა მწერალმა რუსული ენის შესწავლა დაიწყო და რუსეთში ჩამოვიდა. გაიცნო პომორები და აღფრთოვანებული დარჩა მათით. აი, ქრისტიანი ხალხი! წმინდა რუსეთი! ყველას ხატები აქვს სახლებში, ყველა მშვიდი, წყნარი და ღვთისმოსავია, ეკლესიის დანახვაზე ყველა პირჯვარს იწერს. 1909 წელს მან მათთან ერთად მოილოცა პალესტინა, დაწერა წიგნები, დაჟინებით არწმუნებდა ინგლისელებს, რომ უკეთეს მოკავშირეს ისინი ვერ იპოვიდნენ. ეს ადამიანები ბრძოლაში სიხარულით დაიხოცებიან თავისი რწმენისათვის. რამდენიმე თვეში კი ყველამ მიატოვა ფრონტი, გადაწვეს თავადაზნაურთა სახლები, გაანადგურეს 50 წლის განმავლობაში შექმნილი ადგილობრივი კულტურული ინფრასტრუქტურა. ღარიბები ბოლშევიკებს შეუერთდნე, რომლებიც ამ თარეშსა და რბევას სამართლიანს უწოდებდნენ. მთავარი რევოლუცია ოქტომბერში და პეტერბურგში კი არა, არამედ 1917 წლის ზაფხულში, სოფელში მოხდა, როგორც პროტესტი საბაზრო, საერო სტოლიპინური მოდერნიზაციის, კერძო საკუთრების, პასუხისმგებლობისა და პირადი ცხოვრების წინააღმდეგ. მოიგლიჯეს ორსაუკუნოვანი კულტურული ფენა და ქვეყანა სოციალურად პეტრე დიდამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნდა.
დასასრულ, ხალხმა დაანგრია ყველა ეკლესია. აი, ესეც წმინდა რუსეთი! 1664 წელს ნიკოლაას ვიტსენმაც ვერაფრით ვერ გაიგო, როგორ ხდება ისე, რომ გარეგნულად (მასაც აკვირვებდა ხატები სახლებში) ქრისტიანი ხალხი სრულიად არაქრისტიანულად წარმართავს თავის ცხოვრებას. საყოველთაო ლოთობა და მკვლელობები საეკლესიო დღესასწაულებზე უკვე აღარავის უკვირდა მოსკოვში.
დღეს ეკლესიის აღორძინებაზე საუბრობენ. მაგრამ რამდენად არის ეს აღორძინება ქრისტიანული? ეკლესიაში არ ჩანს მონანიება და საკუთარი ისტორიის გაანალიზების მცდელობა. არც ცხოველმყოფელ სათავეებთან დაბრუნების სურვილი ჩანს. რელიგია, როგორც იყო, ისევე დარჩა ცხოვრების ხელოვნურ, რიტუალურ, დამატებით მოსართავად და ვერ იქცა თავით ცხოვრებად, მის სულიერ არსად. ასეთივე გარეგნული რელიგიურობის აღორძინება ხდება. სწორედ ძველებურად არ ხდებააღიარებს პიროვნული რწმენის აღიარებას და ეს ხელსაყრელია იერარქებისათვის, რადგან კოლექტიური რწმენის შემთხვევაში, სწორედ ისინი ხდებიან უფროსები და ზედამხედველები, რაც გაცილებით ადვილია ვიდრე მოძღვრობა. ცხადია არიან მოაზროვნე მღვდლები, მაგრამ მათ ეკუმენისტებად თვლიან და აბუჩად იგდებენ. მორწმუნეები, როგორც სომნამბულები გაუთავებლად ალამაზებენ, რთავენ ტაძრებს და მათ შიგა მოწყობაზეც ზრუნავენ. ღებავენ და ათეთრებენ როგორც საფლავებს სააღდგომოდ, მაგრამ რა ეცვლებათ მათ შინაგანად? ეს ყალბი თავგამოდებაა.
პროვინციაში უკვე შეიქმნა გარკვეული მართლმადიდებლური საყოფაცხოვრებო კულტურა: ტანისამოსი, საკვები, ჭურჭელი, საცხოვრებლის დიზაინი, წიგნები, მუსიკა-ყველაფერი ხდება რუსულ - ფოლკლორული. მართლმადიდებლური ბაზრობები აღაფრთოვანებენ მრავალფეროვნებითა და სიუხვით. მონასტრებში გულმოდგინედ მუშაობენ მორჩილები, ქარგავენ სამოსელს და გარდამოხსნებს, შექმნილია უდიდესი მართლმადიდებლური ინდუსტრია. შიტუაცია ივანე შმელიოვის ნაწარმოებეს ჰგავს, სადაც აღწერილია ,,მორწმუნე” მოსკოვი. მაგრამ ,,ეს ყველაფერი იყო საუკუნეების წინ, ჩვენამდე,, და იმას ნიშნავს, რომ ახალ ძვრებთან ერთად ასეთი რელიგია ისევ განქარდება.
ისტორიაში საეკლესიო რეფორმები ყოველთვის ერთი და იგივე სცენარით მიმდინარეობდა. არსებობდნენ გაბედული, მტკიცე მოღვაწეები, რომლებიც ცდილობდნენ საუკუნეების განმავლობაში დამყაყებული, მავნე ტრადიციებისაგან განდგომას. იმ ტრადიციებისაგან, რომლებიც სინამდვილეში ხალხურ სისულელეს, ცრუმორწმუნეობას და ყოფის ენტროპიეს წარმოადგენენ. ისინი მოუწოდებდნენ ადამიანებს დაბრუნებოდნენ დაუშრეტელ წყაროს - ქრისტეს მოძღვრებას სამყაროსა და ადამიანზე, მიენდოთ ცხოვრებას მხოლოდ ქრისტესთვის და არა ე.წ წინაპრების სიბრძნისათვის. მხოლოდ ქრისტეს მოძღვრების გამოდმებული შესწავლითაა შესაძლებელი გამო ხდებოდა რწმენის განახლება და გაღრმავება. ეს იდეალები საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ, რამდენად გადაიხარა ჩვენი ეკლესია თავისი ჭეშმარიტი დანიშნულებიდან - მთელი ძალებით განასახიეროს და განახორციელოს ცხოვრებაში ქრისტიანული მცნებები. მის წარსულში, რა თქმა უნდა, იყო ასეთი მკაფიო, ნათელი მცდელობები, მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელი ყლორტებმა ვერ გაიხარეს. ვინმეს კიდევ მოუწევს მათ გამოზრდაზე ზრუნვა.

 2005წ

საწყისი გვერდი ⇒
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий