суббота, 30 апреля 2016 г.

ილია ჭავჭავაძე: სააღდგომო წერილი



ქრისტე აღზდგა! აღზდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელის ქვეყნის ქრისტიანობა ჰგალობს დიდებულს საგალობელს ქრისტეს აღზდეგისას. დიდი და პატარა სიხარულით ჰღაღადებს: “ქრისტე აღზდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი”. ქრისტიანობამ იცის  –  რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღზდგა ქრისტე და აღადგინა თვისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თვისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.

რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზედ მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტი ძე კაცისა? ძველის მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატიებულს ხორცს, რომელსაც მარტო “კბილი კბილისა წილ ჰშიოდა და თვალი თვალისა წილ”, მოკვდინებული ჰყვანდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივითა ჰნათობს, ჰთბება, ჰყვავის, სცოცხლობს და სულდგმულობს. აი ეს მკვდარი სული აღზდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომითა. რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღადგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედვა მთელს მშვენიერს, დიდებულს, მართლადა ცხოვრების მომნიჭებელს მოძღვრებას ქრისტესას: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!.. ამას გარედ ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელს ფესვზედ ამოვიდა, გაიშალა, გადაჰფინა შტოები, აყვავდა მთელი იგი დიადი ხე ახალის ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა, ქრისტიანობა ჰქვიან და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი სამზღვრადა. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქედ  –  მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთის სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება!
“არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო, და არა ცილი სწამო, არა გული გითქმიდეს არარაზედ, რაიც იყოს მოყვასისა შენისა”, – ამბობდა ძველი მოძღვრება ძველის ცხოვრებისა. რა არის ეს  –  ნუ მოჰკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტსაო. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალის ცხოვრებისა და გვეუბნევა: არამც თუ ნუ იქმ ბოროტსა, ჰქმენ კეთილიო. ნუ იქმ ბოროტსა მცნებაა ძველისა, ჰქმენ კეთილი, მცნებაა ახალისა და ამით განირჩევა ძველი აღთქმა ახალისაგან. დიდი მანძილია ბოროტის არაქმნისა და კეთილის ქმნის შორის. ერთმანეთს არასფერში არა ჰგვანან. ბოროტის არაქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასსა, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო. საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოჰკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუწყავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელი, ფეხი გაშალო, ამოქმედო.
ძველი აღთქმა ხორცის უვნებლობისათვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა. ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისამ გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოავლინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერობაზედ არაფერი არა ჰხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არა ჰყვავის, არა სცხოვრობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვენიჭა ცხოვრება, იმიტომ  –  რომ მკვდარ იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.
აბა დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულისას, და საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელისა და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქო იგავია, თითქო განგებ არის ასე მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ, გონებითა ვხედავთ. როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღზდეგისა? თითქმის პირველ ხანს გაზაფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძრცვნილი, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალის ცხოვრებისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღზდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სიბერეა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობისა, აღდგომისა, სიცოცხლისა.
არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე “ქრისტე აღზდგაო”.  –  ეს საათიც კი გვაშინებს, რის მომასწავებელია აღდგომა ქრისტესი: აღზდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელსა, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თვისის სიბნელითა და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თვისის სინათლითა. ამოდის თუ არა ცაზედ ალიონი  –  ეს წინამორბედი განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვებს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღზდეგისათვის, თითქო გვეუბნებოდეს: აღზდეგით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლესა, როგორც ძველის ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალის ნათელსა.
ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო სცვლის სიცივეს, ნათელი ბნელსა და მთელს ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გაშლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა… მოძღვრება ქრისტესი იგივე განთიადი იყო, იგივე გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის!
ივერია
ტფილისი, 4 აპრილი, 1887 წელი


მატიანე


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий